- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2023-02-27 09:09:37
მიხეილ ხაჩიძე
დამანგრეველი მიწისძვრიდან 7 დღის შემდეგ თურქეთსა და სირიაში ვითარება კრიტიკულია. მსხვერპლთა რიცხვი მატულობს _ ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ცოცხლად პოვნის შანსი ყოველ წუთს მცირდება.
თურქეთ-სირიის საზღვარზე მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა თითქმის 26 000-მდე გაიზარდა. ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს მეზოებელ თურქეთში 22 327 ადამიანი დაიღუპა, სირიაში კი დაღუპულთა რიცხვი 4553-მდე განისზღვრა.
გასული კვირის ორშაბათ დილით 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიცხვი ათეულობით ათასია. გაეროს შეფასებით, მხოლოდ სირიაში 5,3 მილიონამდე ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჭHO) მონაცემებით, საზღვრის ორივე მხარეს მიწისძვრით 23 მილიონამდე ადამიანი დაზარალდა.
ჩამონგრეული შენობების ნანგრევებიდან თავდაპირველად უამრავი ადამიანი იხსნეს, ახლა მაშველები გვამების გარდა თითქმის ვეღარაფერს პოულობენ.
მიუხედავად იმისა, რომ სამძებრო-სამაშველო ჯგუფების რაოდენობა თურქეთში დღითი დღე იზრდება, ბევრი მცხოვრები მაინც დანგრეული შენობების ქვეშ რჩება. პრიორიტეტი ენიჭება სახლებს, საიდანაც ხმაური და დახმარების შეძახილები ისმის.
თუმცა შენობებშიც კი, საიდანაც არანაირი ხმაური არ ისმის, უამრავი ადამიანია მოყოლილი, ეს სჯერათ ადგილობრივებს. ზოგიერთი გადარჩენილი აგრძელებს სამძებრო-სამაშველო ჯგუფების მიყვანას დანგრეულ სახლებში და სთხოვს მათ, მოძებნონ საყვარელი ადამიანები.
ექსპერტები ამბობენ, რომ შესაძლოა არსებობდეს ღრუები, სადაც ჯერ კიდევ იყვნენ ადამიანები. თუმცა ვინაიდან კრიტიკული 96 საათი გავიდა და ნანგრევების ქვეშ ხმაური არ ისმის, ზოგიერთ ქალაქში უკვე მძიმე სამშენებლო ტექნიკა მუშაობს.
როდესაც ამწეები ბეტონს დაძრავენ, ნანგრევებში საშინელი სურათი ჩანს: ხალხი ნანგრევების ქვეშ არის გაჭყლეტილი, ხოლო გახრწნის სუნი მთელ პერიმეტრზე ვრცელდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პირველი დახმარების ტვირთი სირიაში ჩავიდა
საქართველოს მეზობელი თურქეთის პარალელურად, აპოკალიფსური ვითარებაა სირიაშიც. ქვეყნის მმართველი ბაშარ ალ-ასადი დიდწილად საერთაშორისო იზოლაციაშია 2011 წლიდან მიმდინარე სამოქალაქო ომის გამო. ამჟამინდელ საგანგებო ვითარებაში სირია ამ დრომდე დახმარებას იღებს არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან (UAE), ირანიდან, ინდოეთიდან და ჩინეთიდან. სირიაში ასევე ჩავიდა დაახლოებით 37 ტონა სამედიცინო მარაგის პირველი დახმარება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან (WHO).
ორგანიზაცია გააგრძელებს გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისა და პირველადი მკურნალობისთვის საჭირო მარაგების მიწოდებას.
მძიმე მდგომარეობაა ასევე ალეპოს ჩრდილო-დასავლეთით აჯანყებულთა მიერ ოკუპირებულ რაიონშიც. გაეროს მონაცემებით, იქ მცხოვრები 4,5 მილიონი ადამიანის 90% მიწისძვრამდეც უკვე იყო დამოკიდებული ჰუმანიტარულ დახმარებაზე.
რეგიონში წვდომა მხოლოდ თურქეთიდან ერთი სასაზღვრო პუნქტით არის შესაძლებელი. ცნობილია, რომ სამაშველო ორგანიზაცია „თეთრჩაფხუტიანები“, რომელიც იქ აქტიურობს, ჯერჯერობით მხოლოდ კერძოდ ორგანიზებულ დახმარებას იღებს ეგვიპტიდან.
საუდის არაბეთის სახელმწიფო ტელევიზიამ შაბათს აჩვენა კადრები, თუ როგორ მიდიოდნენ სატვირთო მანქანები, რომლებსაც დაახლოებით 100 ტონა დახმარება მიჰქონდათ თურქეთიდან ჩრდილოეთ სირიაში.
აქტივისტების თქმით, დახმარება წავიდა პატარა ქალაქ ჯინდირისში, რომელიც განსაკუთრებით დაზარალდა. მას მებრძოლი ისლამისტი პოლიცია აკონტროლებს. სირიის ადამიანის უფლებათა ცენტრის ცნობით, ტრანსპორტთან ერთად რეგიონში საუდის არაბეთიდან ჩავიდა დაზარალებულთა ძებნაში სპეციალიზებული გუნდიც.
7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა თურქეთსა და სირიას შორის გასული კვირის ორშაბათს დილით ადრე მოხდა, რასაც მოჰყვა მეორე, 7,6 მაგნიტუდის ბიძგები შუადღისას. მას შემდეგ თურქეთის სამოქალაქო დაცვის ორგანო Aფადბის-ის ცნობით, რეგიონში 1891 განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა. უკვე ითქვა, რომ პირველი ორი ბიძგი 1900 წლის შემდეგ მსოფლიოში 20 ყველაზე მომაკვდინებელ მიწისძვრას შორის მოხვდა.