QronikaPlus
ფალსიფიცირებული პროდუქციის ცხელი ათეული _ რატომ ემიჯნება საქართველოს მთავრობა HACCP - ის დანერგვას?

ფალსიფიცირებული პროდუქციის ცხელი ათეული _ რატომ ემიჯნება საქართველოს მთავრობა HACCP - ის დანერგვას?

2022-12-19 17:08:22

თამარ როსტიაშვილი

რამდენი ცოცხალი ორგანიზმიც არსებობს, იმდენი დაავადებაა. შესაბამისად, ანტიბიოტიკები და სხვა ანტიმიკრობული პრეპარატები თანამედროვე მედიცინის განუყოფელი ნაწილია. ისინი გამოიყენება მცენარეთა დაცვასა და ცხოველთა კვებაში. მეორე მხრივ, ამ ტიპის მედიკამენტებზე წლების მანძილზე მიმდინარე კვლევებმა აჩვენა, რომ ანტიმიკრობული პრეპარატების სისტემატური მოხმარების შედეგად, ადამიანის ორგანიზმი მათ ეჩვევა და კრიტიკულ სიტუაციებში, როცა ისინი აუცილებელია დაავადებების სამკურნალოდ და სიცოცხლის გადასარჩენად, მათ უკვე შედეგი აღარ მოაქვს. ამ სინდრომს ანტიმიკრობული რეზისტენტულობა ჰქვია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ანტიმიკრობული რეზისტენტულობა 2021 წელს მსოფლიოში 1,63 მლნ. ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა და იგი თანამედროვე ჯანდაცვის წინაშე არსებულ ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემადაა მიჩნეული. სწორედ ამიტომ, რეკომენდებულია, ანტიმიკრობული პრეპარატები მხოლოდ იმ შემთხვევაში დაინიშნოს, როცა სხვა საშუალებებით პაციენტის განკურნება ვერ ხერხდება. გარდა ამისა, არსებობს ძლიერმოქმედი და შედარებით სუსტი ანტიმიკრობული ნივთიერებები.
ყოველივე ეს პირდაპირ კავშირშია კვებასთან და სასურსათო კალათთან. ანტიმიკრობული პრეპარატები არა მხოლოდ ადამიანების, არამედ ცხოველების სამკურნალოდ და დაავადებების პრევენციისთვისაც კი გამოიყენება. ამ ნივთიერებებით გაჯერებული ქათმის დადებული კვერცხი, ძროხის რძე თუ ხორცი ასევე შეიცავს ანტიმიკრობული პრეპარატების ნარჩენებს. ასეთი სურსათის მოხმარების შედეგად კი ამ ნივთიერებებს უკვე ადამიანიც იღებს.
შესაბამისად, ანტიმიკრობული პრეპარატების გამოყენება მესაქონლეობაში მკაცრად არის შეზღუდული… კანონით, თორემ საქმე-საქმეზე რომ დგება, მწარმოებელთა უმეტესობა სულაც არ აქცევს ყურადრებას კანონმდებლობით დადგენილ სხვადასხვა ნივთიერების მაქსიმალურ ოდენობებს, რომელსაც მათ მიერ წარმოებული პროდუქტი შეიძლება შეიცავდეს. ზოგიერთი ნივთირება, რომელსაც ისინი იყენებენ, საერთოდ აკრძალულია.
როგორც სურსათის უსაფრთხოების სააგენტოს ანგარიშებიდან ირკვევა, საქართველოს მეურნეობებში ანტიმიკრობული პრეპარატების უზომოდ გამოყენება წლების განმავლობაში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. მაგალითად, სახელმწიფო მაკონტროლებელი უწყების სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) მიერ წარმოებული კვლევებით, არც ისე დიდი ხნის წინ, აკრძალული ანტიმიკრობული საშუალებები აღმოჩნდა გამოკვლეული ცოცხალი ცხოველების (320 ცხოველი) 100%-ში!
ჩშღDG-ს მონაცემებით, ბოლო წლების მანძილზე მდგომარეობა გაუმჯობესებულია. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სურსათის ვეტერინარიული პრეპარატების ნარჩენებზე შემოწმების 2020-2021 წლების შედეგები კონტროლის წლიურ ანგარიშებში სრულად არ ყოფილა გამოქვეყნებული. ისიც გაურკვეველია, რამდენად ზუსტი იყო 2019 წლის ანგარიში. 2021-2022 წლებში სეს-მა ვეტპრეპარატების ნარჩენებზე ისეთი მასობრივად მოხმარებადი პროდუქტის, როგორიცაა კვერცხი, მხოლოდ 20 ნიმუში შეამოწმა. მათ შორის, ძალიან მცირე იყო დიდი ფერმების პროდუქცია, რომელსაც მოსახლეობა ფართოდ მოიხმარს.
ქართველმა მომხმარებელმა არაფერი იცის ანტიმიკრობული საშუალებების შემცველობის შესახებ იმ სურსათში, რომლითაც ყოველდღიურად იკვებება და, ზოგადად, პრობლემის მასშტაბების შესახებ. პროდუქციის უვნებლობა პირდაპირ ზემოქმედებს ჩვენი და განსაკუთრებით ბავშვების ჯანმრთელობაზე.
„პაციენტთა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციამ“ ჩშღDG-ს ექსპერტთა კვლევაზე დაყრდნობით ჩამოაყალიბა, რა სახის ფალსიფიცირებას შეიძლება ჰქონდეს ადგილი საქართველოს სასურსათო ბაზარზე. ზოგადად, საკვები პროდუქტების ფალსიფიკაციის დროს ხდება მისი ერთი ან რამდენიმე მახასიათებლის შეცვლა ანუ გაყალბება. ამ დროს, მთლიანად იცვლება სურსათის ხარისხი, ვინაიდან ხორციელდება მისი ჩანაცვლება სხვა დასახელების ანალოგით, რა თქმა უნდა, გარკვეული მსგავსების შენარჩუნებით.
ჩამონათვალი, თუ რა სახის ფალსიფიცირება ხდება საქართველოს ბაზარზე:
სასურსათი კალათის ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტით დავიწყებთ _ პურით და პურ-პროდუქტეულით. პირველი ხარისხის ფქვილით პურის, პურფუნთუშეულისა და მაკარონის ნაწარმის რეალიზაცია, როგორც უმაღლესი ხარისხის ფქვილით დამზადებულისთვის, ხორციელდება შემდეგნაირად: მწარმოებელი ფერის მისაცემად იყენებს კალიუმის ბრომატს (E 924ა), რომელიც არც საერთაშორისო და არც ჩვენი კანონმდებლობით სურსათში არ არის დაშვებული. მიზეზი ის გახლავთ, რომ კალიუმის ბრომატი ნაწილობრივ შლის ვიტამინებს _ B1-ს, PP-ს და წარმოქმნის არასასურველი თვისებების მქონე ნაერთებს. ეს უკანასკნელი ზიანის მომტანია ადამიანის ჯანმრთელობისთვის და, ზოგადად, ცოცხალი ორგანიზმებისთვის.
ამ სახის ფალსიფიკაციას შესაძლებელია მივაკუთვნოთ პურის წარმოებისას საფუარის დიდი რაოდენობით ან სხვადასხვა სახის გამაფხვიერებლების გამოყენება, რის შედეგადაც ტექნოლოგიური პროცესის დრო მკვეთრად მცირდება. ასეთი გზით მიღებულ პურს არ აქვს გამომცხვარი პურისთვის დამახასიათებელი არომატი და გემო.
შეიძლება იგივე კატეგორიას მივაკუთვნოთ კარტოფილის სახამებელი. მაგრამ აქაც _ მომხმარებელი შეიძლება შეცდეს, ვინაიდან ხშირად მის ნაცვლად სიმინდის, ხორბლის ან ბრინჯის სახამებელი იყიდება. ეს კი თვისობრივად განსხვავებული პროდუქტია, გემოზე რომ აღარაფერი ვთქვათ. თუმცა კარტოფილის, ბრინჯის, სიმინდისა და ა. შ. სახამებლები გარეგნულად აბსოლუტურად იდენტურია.
2017-2025 წლების ჩათვლით მთავრობა იოდიზებული მარილის კამპანიაშია ჩართული (გაეროს სასურსათო პროგრამის ეგიდით). თუმცა ქვეყანაში არავინ ამოწმებს, სინამდვილეში მართლა იოდიზირებულ პროდუქტს მივირთმევთ თუ არა. საქმე ის არის, რომ 6 თვის გასვლის შემდეგ იოდიზირებული მარილი მთლიანად კარგავს მისთვის დამახასიათებელ სამკურნალო და პროფილაქტიკურ თვისებებს. 1 ტონა მარილის ნედლეულის იოდიზებისთვის რამდენიმე ათასი ლარი იხარჯება. სურსათის უვნებლობის სააგენტოს კი ჯერჯერობით ეს სეგმენტი არ შეუმოწმებია.
ახალი წელი ახლოვდება და კარგი იქნება, თუკი სეს-ი (სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტო) საქართველოს ქსელში რეალიზაციაში გასული თაფლით დაინტერესდება. უკვე ექსპერტებიც არ მალავენ იმ ფაქტს, რომ მონოფლორული თაფლის ნაცვლად, პოლიფლორული თაფლის მაღალ ფასად გაყიდვა ჩვეულ მოვლენად იქცა. პოლიფლორულის ნაცვლად კი იყიდება ცვარტკბილის თაფლი. ეს უკანასკნელი თაფლი არ არის, უფრო ნარევია, რომელიც თავისი ბიოლოგიური ღირებულებით მკვეთრად ჩამოუვარდება ნატურალურ თაფლს.
რაც შეეხება ჩაის _ ყველაზე ხშირად მაღალი ხარისხის ჩაის ჩანაცვლება ხდება დაბალი ხარისხის პროდუქციით. ფოთლოვანი ჩაი იცვლება ნამტვრევით და ზოგჯერ ჩაის მტვერითაც.
უკეთესი მდგომარეობა არც ყავის კუთხით გვაქვს. ყველაზე კარგი ვარიანტია, როდესაც ერთი (შედარებით მაღალი) კატეგორიის ყავა იცვლება დაბალხარისხიანით. ამ დროს, ჩათვალეთ, რომ გაგიმართლათ! ქართული ბაზარი დღეს უხვად არის გაჯერებული ყავის შემცვლელებით _ სხვადასხვა მცენარის ძირებით, თესლით, ნაყოფით, რომლებიც მოხალვის დროს იძლევა ყავისთვის დამახასიათებელ არომატს. მაგალითად, ყავის მარცვალი ჩანაცვლებულია ვარდკაჭაჭით (ციკორი) და რიგ შემთხვევებში ეს ინგრედიენტი მითითებულიც არის შეფუთვაზე. ასეთი ყავა, ცხადია, არ შეიცავს კოფეინს და ხასიათდება დაბალი ფიზიოლოგიური აქტივობით.
ვაშლის ძმარი ღვინის ძმარზე 2,8-ჯერ ძვირი ღირს დამზადების ტექნოლოგიიდან გამომდინარე. ფალსიფიცირების ერთ-ერთი ფორმაა ვაშლის ძმრის ნაცვლად ჩვეულებრივი ღვინის ძმრის გაყიდვა. ამ შემთხვევაში, ღვინის ძმარს შეიძლება დამატებული ჰქონდეს ვაშლის წვენის მცირე რაოდენობა. ეს საშიაშია, ვინაიდან, ენდოკრინული დაავადების მქონე ადამიანებისთვის, მაგალითად, დიაბეტიანებისთვის, მარტო ვაშლის ძმარია რეკომენდებული. მისი ფალსიფიკატის მიღებამ შესაძლებელია კუჭის მჟავიანობის მკვეთრად მომატება გამოიწვიოს, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება გლიკემიურ ინდექსზე.
განსაკუთრებით საშიშია უალკოჰოლო სასმელების _ ლიმონათების, წვენებისა და ა. შ. ფალსიფიკაცია, როდესაც გაყალბებისთვის იყენებენ შაქრის შემცველებსა და ხელოვნურ საღებავებს. როგორც ცნობილია, შაქრის შემცველების გამოყენება, ძირითადად, რეკომენდებულია დიაბეტით დაავადებულთათვის. ბავშვებში მათმა ხშირმა მოხმარებამ კი შესაძლებელია, ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევა გამოიწვიოს.
ალკოჰოლურ სასმელებში _ არაყი, ღვინო, კონიაკი _ წარმოებისას არაკეთილსინდისიერი მწარმოებელი სინთეზური ეთილის სპირტს იყენებს, რამაც სხვადასხვა ხარისხის მოწამვლა შეიძლება გამოიწვიოს.
რაც შეეხება ხორცპროდუქტების ფალსიფიცირებას: ამ შემთხვევაში საუბარია არა ხორცზე, არამედ მისგან დამზადებული ნახევარფაბრიკატების ტოტალურ გაყალბებაზე. ხორცის ნაცვლად იყენებენ სხვა ნედლეულს _ სოიას ცილას, სოიას იზოლატებს, ღორის ტყავის ემულსიას, ძვლის ჰიდროლიზატებს, სუბპროდუქტებსა და სხვ. ასევე ისეთ შემავსებლებს, როგორიცაა სახამებელი, კრისტალური ცელულოზა, კარაგინანები და მისი მარილები და სხვა სასურსათო პროდუქტების დანამატები. ხორცი ორგანიზმისთვის აუცილებელია, როგორც ცილების, ცხიმების, ნახშირწყლებისა და ვიტამინების წყარო. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცილები, რომლებიც ახდენენ ზრდის, სქესობრივი მომწიფებისა და შობადობის სტიმულირებას. მისი შეცვლა დაბალი ფიზიოლოგიური თვისებების ან მით უმეტეს, სხვა შემცვლელებით და მათი ხშირი მოხმარება ძალიან ცუდად აისახება დამიანის ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით მოზარდებზე.
სოსისები, ძეხვები, ფერმენტირებული შაშხი _ ხარისხობრივი ფალსიფიკაცია ხდება პროდუქტის რეცეპტურის დარღვევით ან მასში სხვადასხვა საკვები და არასაკვები დანამატის შეტანით, რომლებიც აუმჯობესებენ პროდუქტის გარეგან სახეს, მაგრამ ამცირებენ ხარისხს. გაყალბების კატეგორიას განეკუთვნება ძეხვის შებოლილი ნაწარმი მომწიფების პროცესის გარეშე. საქმე ის არის, რომ შებოლილი ძეხვების წარმოების დროს პროდუქცია გადის დაყოვნება-შრობის ხანგრძლივ სტადიას _ დაახლოებით, 20-30 დღე. სწორედ ამ პროცესში წარმოიქმნება ამ ასორტიმენტისთვის დამახასიათებელი არომატი და გემო, რაც მთავარია, ხდება შრობა. ტექნოლოგიური პროცესის შეკვეცის შედეგად კი მეწარმე არა მარტო პროდუქციის წარმოებისთვის საჭირო დროსა და აქედან გამომდინარე, თვითღირებულებას ამცირებს, არამედ მაღალი ტენიანობის ხარჯზე წონაში იგებს. ეს კი ძალიან საშიშია, იმიტომ რომ ასეთ პროდუქციაში ძალიან ადვილად ვითარდება მიკრობიოლოგიური დასენიანება, რომელიც შეიძლება ადამიანის მოწამვლის მიზეზი გახდეს.
აქ არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ისეთი დანამატი, რომელიც თითქმის ყველა ფალსიფიკაციის დროს გამოიყენება _ წყალი! გაგიკვირდებათ და წყალი ხარისხობრივ ფალსიფიკაციაში გამოყენებული ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანამატია. განსაკუთრებით ხშირად გამოიყენება იგი თხევადი პროდუქტების განსაზავებლად. შეფერილი სასმელების განზავებისას ამ უკანასკნელს ხშირად უმატებენ ხელოვნურ საღებავებს და გემოვან დანამატებს ნატურალური ფერისა და გემოს მისაღებად. ბევრ პროდუქტში წყლის დამატებას თან სდევს პროდუქტში ისეთი კომპონენტების შეტანა, რომლებიც ხელს შეუწყობენ ჭარბი ტენის შთანთქმას. ასე მაგალითად, ძეხვეულში წყლის დამატებისას მასში შეჰყავთ სახამებელი, ჟელატინი, პექტინი და სხვა, ხოლო შოკოლადის ნაწარმის ან მინანქრის ტენიანობის გაზრდის დასაფარავად პროდუქტებს ამატებენ ლეციტინს, ფოსფატიდებს ან მათ კონცენტრატებს.
თუ სიას შევადგენთ და რეიტინგის მიხედვით დავალაგებთ პროდუქტებს, ალკოჰოლური სასმელები განეკუთვნებიან იმ პროდუქტების რიცხვს, რომლებსაც ყველაზე ხშირად აყალბებენ. ექსპერტების აზრით, არც ერთი ალკოჰოლური სასმელი არ ფალსიფიცირდება ისე ხშირად, როგორც ღვინო. და კიდევ უფრო ხშირად ფალსიფიცირდება განსაკუთრებით მაღალი ხარისხის სამარკო და ადგილკონტროლირებადი ღვინო, რაც განპირობებულია მასზე არსებული დიდი მოთხოვნით.
ღვინოს შემდეგ მეორე ადგილზე დგას კარაქის ფალსიფიკაციის ხვედრითი წილიც, რაც მასზე ასევე მაღალი მოთხოვნით არის განპირობებული. ამ ორი პროდუქტის ფალსიფიცირება სტაბილურად მომგებიანია არაკეთილსინდისიერი მწარმოებლისათვის. კარაქის ფალსიფიკაციის გავრცელებულ მეთოდს წარმოადგენს რძის ცხიმის მყარი მცენარეული ცხიმით შეცვლა, რისთვისაც ძირითადად გამოიყენება ქოქოსის, პალმის ან ჰიდროგენიზირებული ზეთები. ჰიდროგენიზაციის გზით კარაქის წარმოების დროს მიმდინარე გარდაქმნებისას შესაძლებელია წარმოიქმნან ე. წ. ტრანსცხიმები, რომელებიც უცხოა ადამიანის ორგანიზმისთვის და ამიტომ იგი ვერ იყენებს მათ ენერგიის წყაროდ ან პლასტიკურ მასალად. ტრანსცხიმები არ შეითვისებიან ორგანიზმის მიერ, ისინი ბლოკირებას უკეთებენ საჭმლის მომნელებელ ფერმენტებს და ორგანიზმი საჭირო ნივთიერებებს ვეღარ იღებს. ხდება ტოქსინების დაგროვება და უჯრედის პათოლოგიების წარმოქმნა.
ზოგჯერ, მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის მიზნით, ეტიკეტზე მითითებულია, რომ ცხოველური წარმოშობის პროდუქტი, კერძოდ, კარაქი, არ შეიცავს ქოლესტერინს. ეს არ შეიძლება შეესაბამებოდეს სიმართლეს, რადგან კარაქიდან ქოლესტერინის მოშორებისთვის საჭიროა პროდუქტის ქიმიური რეაგენტებით დამუშავება. ამ პროცესის შემდეგ კარაქი საკვებად უვარგისი ხდება.
შედარებით „მსუბუქი“ პრობლემის წინაშე დგას მცენარეული ცხიმების, კერძოდ, ზეთების სეგმენტი. ზეთების ეტიკეტზე რიგ შემთხვევებში მითითებულია, რომ პროდუქტი „არ შეიცავს ქოლესტერინს“. თუმცა მცენარეული წარმოშობის ზეთები ისედაც არ შეიცავენ ქოლესტერინს. ანუ ტყუილი აქ ერთგვარად რეკლამის იარაღად არის გამოყენებული _ მხოლოდ მომხმარებლის მისაზიდად გამოიყენება.
როგორ ებრძვის ფალსიფიკაციას სახელმწიფო? შევთანხმდეთ, რომ არ ებრძვის. მაგრამ მთავრობის მხრიდან უმოქმედობა კიდევ კარგი ვარიანტია. საქმე ის არის, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახალი წლის მიჯნაზე გამოვიდა ინიციატივით, ხარისხის შემოწმება გადავადდეს კიდევ რამდენიმე წლით. ის, რომ გადავადების შემთხვევაში დიდი ზიანი მიადგება საქართველოში სურსათის უვნებლობის სფეროში მიმდინარე რეფორმას და ამ მიმართულებით ევროკავშირთან დაახლოების პროცესს, ეს, რა თქმა უნდა, არავის ადარდებს.
აი, ასე! ევროკავშირის მიერ რეკომენდებული HAჩჩP-ის სისტემა (მისი მიღებისა და რატიფიცირების გარეშე საქართველოს კანდიდატის წოდებასაც არავინ მისცემს) პარლამენტშია წარდგენილი. საინიციატივო განცხადებაში ვკითხულობთ: სურსათის ეროვნული სააგენტო (სეს) გამოდის ინიციატივით, გადავადდეს საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HAჩჩP) სისტემის დანერგვა.
არადა, HAჩჩP-ის დანერგვის მოთხოვნა საქართველოს კანონმდებლობაში 2006 წელს შევიდა. ეს ვალდებულება, ასევე გათვალისწინებულია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, როგორც ერთ-ერთი პირველი, საბაზისო ნაბიჯი სურსათის უვნებლობის სისტემის რეფორმირებისთვის. ევროკავშირის შესაბამის ნორმატიულ აქტებთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება, ჯერ კიდევ, 2015 წელს იყო დაგეგმილი. გეგმა არ შესრულებულა და მოთხოვნის დარღვევისთვის სანქციები არ დაწესებულა. ამჟამად HAჩჩP-ის დანერგვის ვალდებულება მეწარმეთა შემდეგ ჯგუფებზე ვრცელდება: კომპანიები, რომლებიც ახორციელებენ ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებას, რომლებიც საცალო ვაჭრობის პუნქტში ახორციელებენ სურსათის წარმოებას და ისინი, რომლებიც ახორციელებენ ექსპორტისთვის განკუთვნილი თხილის გულისა და გადამუშავებული თხილის გულის დამზადებას. ყველა სხვა ბიზნესოპერატორისთვის HAჩჩP 2023 წლის პირველი ივნისიდან უნდა გამხდარიყო სავალდებულო, ესენი არიან, მაგალითად, შემდეგი პროდუქციის მწარმოებლები: პურ-ფუნთუშეულისა და საკონდიტრო ნაწარმის, ნატურალური და მინერალური წყლის, უალკოჰოლო სასმელების, მცენარეული პროდუქტებისგან დამზადებული კონსერვების, მცენარეული ნედლეულიდან მზა სურსათის წარმოების და სხვა.
HAჩჩP-ის სავალდებულობის გადავადება 16 წლის მანძილზე სწორედ იმიტომ ხდებოდა, რომ მეწარმეებს საკმარისი დრო ჰქონოდათ მისი მოთხოვნების შესრულების მოსამზადებლად. ასეთი ხანგრძლივი დროის მიუხედავად, შემდგომი გადავადების ერთადერთ არგუმენტად სეს-ი კვლავ იმას ასახელებს, რომ HAჩჩP-ის დანერგვა დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული და, შესაბამისად, მიზანშეწონილია, ბიზნესოპერატორებს კიდევ მიეცეთ ვადა სისტემის დასანერგად.
არადა, HAჩჩP-ის საყოველთაო დანერგვის გარეშე შეუძლებელია, ქვეყანაში სურსათის უვნებლობის სისტემა შეიქმნას.

გაზიარება