- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2022-11-13 16:38:44
თამარ როსტიაშვილი
თუ საკითხს სიღრმისეულად ჩავხედავთ, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი წარმოადგენს განათლების სამინისტროს სსიპ-ს, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემის განვითარებას.
ფონდის სტრატეგიული ხედვაა საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული პროგრამა: „2021-2024 წლებში ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“. ფონდის მისიაა, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ხელი შეუწყოს საქართველოს დამკვიდრებას მსოფლიოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემაში. ფონდს ჰყავს საერთაშორისო საკონსულტაციო საბჭო, რომლის წევრები არიან წამყვანი ქართველი და უცხოელი მეცნიერები და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები. ფონდი ახორციელებს სახელმწიფო საგრანტო კონკურსებს, მიზნობრივ პროგრამებსა და პროექტებს, ჩართულია საერთაშორისო სამეცნიერო ქსელებსა და ერთობლივ ინიციატივებში.
ეს მოკლე ინფორმაცია იმიტომ მოვიყვანეთ, რომ „ქრონიკა+“-ის რესპონდენტი, ცნობილი მეცნიერი იამზე ბეშქენაძე, ღიად საუბრობს იმ უსამართლობასა და შერჩევით დაფინანსებაზე, რაც რუსთაველის ფონდში წლების განმავლობაში ფუნქციონირებს.
იამზე ბეშქენაძე _ ივ. ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი:
_ 2006 წლიდან მონაწილეობა მაქვს მიღებული „რუსთაველის ფონდის“ მიერ გამოცხადებულ თითქმის ყველა საგრანტო კონკურსში. ჩემი პროექტი ერთადერთხელ დაფინანსდა _ 2013 წელს. კვლევის საგანი გახლდათ ხელატური ტიპის ნაერთები. უფრო ზუსტად _ ხელატები შინაური ფრინველის კვებაში. მანამდე ხელატების თემა მქონდა ასევე წარდგენილი (რომელიც, სხვათა შორის, რუსთაველის ფონდმა დაიწუნა) ევროკავშირის გრანტზე _ ONთჩ-ზე და პირველივე წარდგენაზე დაფინანსდა. ევროკავშირის საბჭოს დაფინანსებამ საშუალება მოგვცა მე და ჩემს თანამშრომლებს, სამი წლის განმავლობაში შეგვეძინა ძვირადღირებული რეაქტივები და აპარატურა და კვლევები გაგვეგრძელებინა შედარებით ნორმალურ პირობებში.
_ ქალბატონო იამზე, მკითხველისთვის უფრო გასაგები რომ იყოს, რას ნიშნავს ხელატები?
_ ადამიანების მაგალითზე მოგახსენებთ: აშშ-ის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია „სოლგარი“, რომელიც კვებით დანამატებს აწარმოებს ფარმაციის სფეროში, უშვებს „რკინას“ აბების სახით ანემიით დაავადებული პაციენტებისთვის. პროდუქტი საქართველოს აფთიაქებშიც იყიდება და იმით არის გამორჩეული, რომ მასში რკინა ხელატური სახით არის წარმოდგენილი. ანუ თუ სხვა რკინის პრეპარატების მიღების დროს ადამიანის ორგანიზმი მის მხოლოდ 20%-ს ითვისებს, ხელატური რკინის მიღების დროს შეითვისება _ 70-80%. პლუს ის ბევრად უვნებელია ორგანიზმისთვის. მოკლედ, ეს მთელი ბიოქიმიური პროცესია. 1983 წელს დავიცავი დისერტაცია ბიოკოორდინაციულ ნაერთებზე, ხელატური ნაერთებიც მისი შემადგენელი ნაწილია და ამის შემდეგ დავინტერესდით ამ თემით. ვფიქრობ, ხმამაღალი ნათქვამი არ გამომივა, თუ გეტყვით, რომ მიკროელემენტები ხელატურ ფორმაში ფრინველთა კვებაში (პრემიქსების შემადგენლობაში) უნიკალურია და 1995 წელს დავაპატენტე კიდეც. დასავლეთის ქვეყნები დამოუკიდებლად მივიდნენ აქამდე მხოლოდ 1997 წელს.
_ ანუ თქვენ შემდეგ ორ წელიწადში?
_ პირველად ჩემი პროექტი დაფინანსდა 2013 წელს. აქვე აღვნიშნავ, რომ 2012 წელს ჩემს ოჯახთან ერთად აქტიურად ვიყავი ჩართული 2012 წლის არჩევნებში, გახლდით „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი. ღრმად ვიყავი დარწმუნებული, თუკი „ქართული ოცნება“' გაიმარჯვებდა, ქვეყანაში ყველაფერი ხალხის სასიკეთოდ დალაგდებოდა. ცხადია, პროექტის დასრულების შემდეგ გავაგრძელე რუსთაველის ფონდში პროექტების წარდგენა. პარალელურად უცხოეთიდან ჩემს ნაშრომებზე მომდიოდა ძალიან მაღალი დონის შეფასებები, რომ თემა ძალიან აქტუალურია, ძალიან საჭირო და თანამედროვე.
_ რა მოხდა 2019 წელს?
_ 2019 წელსაც პროექტის დაფინანსებაზე მომივიდა უარი და მინდა გითხრათ, დიდად არ გამკვირვებია. მაგრამ რამაც შოკში ჩამაგდო, ეს იყო რეცენზია, რომელიც ჩემს ნაშრომს დაურთეს. კერძოდ, რეცენზენტი წერდა, რომ თემა სადავო ჰიპოთეზააო, როგორ შეგყავთ ხელატები ფრინველებში, მით უფრო, რომ იქიდან ის ადამიანის ორგანიზმში შეიძლება მოხვდესო! ამას ე. წ. რეცენზენტი წერს 2019 წელს, მაშინ როცა, ჯერ კიდევ, 1995 წელს ჩაბნელებულ და გაყინულ საქართველოში გაიმართა კონფერენცია (რომელიც თითქოს პირველი გამონათება იყო, მახსოვს წითელი ნავთქურებით თბებოდა კონფერენციის დარბაზი), სადაც ჩემ მიერ გაკეთებულ მოხსენებაში გამოვთქვი საფუძვლიანი, არგუმენტირებული ჰიპოთეზა და არა სადავო (როგორც ამას რეცენზენტი ამტკიცებს), ფრინველთა კვებაში მიკროელემენტების ხელატურ ფორმაში გამოყენების მიზანშეწონილობის შესახებ. ეს იყო პირველი შოკი, რადგანც აღმოჩნდა, რომ ჩემ მიერ ამ მიმართულებით დაწყებული კვლევებიდან დაახლოებით ოცი წლის შემდეგ (თუ ხმამაღალი ნათქვამი არ გამომივა) დღეისთვის მთელი მსოფლიო გადასულია ამ ტიპის ნაერთების გამოყენებაზე ფრინველთა კვებაში. ამჟამად შექმნილია და იქმნება უზარმაზარი კომპანიები, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ და რომლებზედაც მილიარდობით დოლარი იხარჯება. 2013 წელს შემოღებულ იქნა საკანონმდებლო აქტი ევროკავშირის ქვეყნებისთვის ფრინველთა კვებაში არახელატური ფორმით გამოყენების აკრძალვის შესახებ. მეორე შოკი მივიღე იმით, რომ რეცენზენტი მიუთითებდა 2019 წელს გამომცემლობა Aცადემიკ Lამბერტ'-ის მიერ მისივე დაფინანსებით გამოცემულ ჩემს წიგნზე „ხელატები ფრინველთა კვებაში“, რომ თითქოს ის უდევს საფუძვლად ჩვენს პროექტს. ეს იყო სრული სიცრუე, რადგანაც ჩემი წიგნი ჯერ ჩემამდე არ იყო მოსული, ინტერნეტში იდო და 50 ევრო უნდა გადაგეხადა, რომ წაკითხვის უფლება მოგეპოვებინა. იმ დროისთვის მეც არ მქონდა წიგნი ხელში. ამ მოსაზრებებიდან გამომდინარე, ჩემი ღრმა რწმენით, გამიჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ რეცენზია დაწერილია სრულიად არაკომპეტენტური პიროვნების მიერ და თანაც არა უცხოელის, არამედ ადგილობრივის, რომელმაც, უბრალოდ, იცოდა ჩემი წიგნის დაბეჭვდის ამბავი.
_ დღესდღეობით, საქართველოში, როგორც ვიცი, ფრინველებსა და ცხოველებს პრემიქსს აძლევენ?
_ დიახ, იმიტომ რომ ეს აუცილებელია.
_ ყველას ჰგონია, რომ რადგანაც ქიმიაა, ე. ი. საწამლავია?
_ მანდ მივალთ სწორედ, რომ ეს პრემიქსი გარდა მიკროელემენტებისა, შეიცავს ვიტამინებს, ამინომჟაებს, უამრავ აუცილებელ ნივთიერებას, მაგრამ აქ ხარისხზეა საუბარი.
_ ე. ი., თქვენ ინოვაციური მეთოდი დააანონსეთ, რაზედაც 2000 წლიდან, ფაქტობრივად, გადასულია მსოფლიო?
_ ასე გამოვიდა და როგორი რეაქცია მექნებოდა იმაზე, რომ როცა 2019 წელს რუსთაველის ფონდში წარდგენილ ჩემს კვლევაზე რეცენზია დამიწერეს, რომ ეგ თქვენი ჰიპოთეზა ვის აინტერესებს, ხელატების თემა სადავო არისო.
_ ანუ არც კომპანია „სოლგარი“ იციან, არც დასავლთში ხელატური საკვების მწარმოებელი კონცერნები?
_ ხელატები არ იციან, თვითონ რა არის! რუსთაველის ფონდის მიერ დაქირავებულ ექსპერტს, რომელსაც უზარმაზარ თანხას უხდიან, წარმოდგენა არ აქვს, რა არის ხელატი! მეტიც, სადავოდ მიაჩნია, მე რომ მეცნიერი ვარ და ამაზე მთელი ცხოვრება ვმუშაობ…
_ სასამართლოში გადაწყვიტეთ ჩივილი?
_ ჩემი ერთადერთი მოთხოვნა იყო, რეცენზიის ავტორს მოეხადა ბოდიში. იცით, აქ აღარ იყო საუბარი რამის დასაბუთებაზე. ეს იყო ჩემი პირადი შეურაცხყოფა, ჩემი 40-წლიანი კვლევის საგნის ნიველირების მცდელობა, რასაც, ცხადია, არ დავუშვებდი. უკვე მოგახსენეთ, რომ იგივე კვლევაზე უცხოელები გამომეხმაურნენ, რასაც ჰქვია, ამიკლეს და კვლევის გამოქვეყნება მთხოვეს, რაც თავად დააფინანსეს.
_ წეღან ახსენეთ, რომ თქვენს კვლევაზე რეცენზია ინგლისურად გამოგიგზავნეს.
_ მითხრეს, რომ რეცენზენტი უცხოელიაო.
_ მერე, ქართულად ვერ თარგმნიან? ასე უგზავნიან კანდიდატებს დოკუმენტებს?
_ საქმე ის არის, რომ ამ რეცენზიის შემდეგ მივხვდი იმას, რასაც ადრე არ ვუკვირდებოდი. გაგიმხლეთ ყველაზე მთავარს: ვფიქრობ, რუსთაველის ფონდში წარდგენილ პროექტებს არც კითხულობენ. ამაში დარწმუნებული ვარ. ხელისუფლება რომ ვიყო, ამ საკითხს შევისწავლიდი და აუდიტის სამსახურის ადგილზე დავინტერესდებოდი _ რა ფინანსდება და რა მნიშვნელოვან პროექტებს ეძლევათ უარი.
_ საკმაოდ თამამი განცხადებაა, რომ რუსთველის ფონდში დაფინანსებაზე შესულ პროექტებს არ კითხულობენ.
_ დიახ, არ კითხულობენ!
_ რა მოიმოქმედეთ ამის შემდეგ?
_ ეს იყო მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრებისა და საქმიანობის მიწასთან გასწორება. ამიტომაც რეცენზიის მიღების დღიდანვე დავიწყე მოქმედება. იმ პერიოდში რუსთაველის ფონდის ხელმძღვანელი იყო ბ-ნი ზვიად გაბისონია. ამ უკანასკნელთან ისე ხომ ვერ მოხვდებოდი _ როგორ შეიძლება, მის უმაღლესობას ასე ეახლო. ვის არ მივმართე, ვინ არ შევაწუხე და ბოლოს პარლამენტიდან რომ დაურეკეს, გადაირია, მოდი ჩემთანო. მიმიღო, მომისმინა, ძალიან შეწუხდა და მითხრა, რომ ვინმე კომპეტენტური უცხოელი ექსპერტის დასკვნა მიმეტანა. ეს იყო კარანტინის პერიოდი და 24 საათის განმავლობაში ვიჯექი კომპიუტერთან და ვინც კი ცნობილი იყო ამ სფეროში, ყველას ვუგზავნიდი მეილებს. ჩემდა საბედნიეროდ, რეცენზიის დაწერაზე დამთანხმდა ამ სფეროს მამა _ აკადემიკოსი მიხაილ ეგოროვი. როცა აკადემოკოსს ეგოროვს გაწეულ შრომასა და რეცენზიაზე ტელეფონით მადლობა გადავუხადე, მან დამამშვიდა, _ რას იზამ, ეგეთებიც ხდება საწუხაროდო და ბოდიში მომიხადა, უფრო მკაცრიც უნდა ვყოფილიყავიო, მაგრამ კოლეგაა და მაინც დავინდეო
_ რას აპირებთ ახლა?
_ ამის გადაყლაპვას ნამდვილად არ ვაპირებდი. ზვიად გაბისონიას ყველაფერი წარმოვუდგინე: ეგოროვის რეცენზიაც და სტატიებიც. იგი ისე წავიდა თანამდებობიდან, პასუხი არ გაუცია. გაბისონია მალევე ჩაანაცვლა ჯაბა სამუშიამ. არ გავჩერებულვარ _ დავიწყე ყველგან სიარული, რომ ამჯერად სამუშიას მივეღე. ცოცხალი თავით არ უნდოდა ჩემთან შეხვედრა.
_ რისი მიღწევა გსურდათ? რა იყო თქვენი მოთხოვნა?
_ მოვითოვდი უცხოელი ექსპერტის მიერ ნაშრომზე დაწერილი რეცენზიის გამო ბოდიშის მოხდას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მივდიოდი სასამართლოში, სადაც ამ უკანასკნელს მოუწევდა თავისი სისულელეების დამტკიცება, რომ თურმე ხელატების პრაქტიკა არ არსებობს მსოფლიოში და სადავოა. რამდენიმე თვის შემდეგ მივაღწიე შეხვედრას. ნეტა, არ მივეღე ჯაბა სამუშიას!
_ რატომ?
_ სამუშიამ ძალიან ტექნიკურად გამაცურა. მე ჯგუფთან ერთად მიღებული მქონდა გადაწყვეტილება, აღარ შეგვეტანა რუსთაველის ფონდში პროექტი. ჯაბა სამუშიამ, მთელი შეხვედრის განმავლობაში, რასაც ჰქვია, დამარწმუნა და მაიძულა თავისი ახსნა-განმარტებებით, თავიდან შემოიტანე პროექტი რუსთაველის ფონდშიო. ჩვენ მაშინ ფული არ გვქონდა, დაბალი ხარისხის ექსპერტები დავიქირავეთ, ახლა დაფინანსება მოვიძიეთ და ერთად გავაკეთოთ საქვეყნო საქმეო.
_ ანუ ადრე ცუდი ექსპერტები გვყავდაო?
_ რას წარმოვიდგენდი, რა ჰქონდა ჩაფიქრებული. შევცდი და რუსთაველის ფონდში ხელმეორედ შევიტანე პროექტი. მერე რა მოხდა? ეს კიდევ ცალკე გამოძიების საგანია და სამუშიას სინდისზეა. ამის შემდეგ პროცესი გაიწელა _ აი, დღეს-ხვალ და ახლა უკვე სადაც არ მივმართე, პასუხი ყველგან ერთია, _ საქმე ხანდაზმულიაო.
_ სასამართლოში შეტანის ვადა ამოიწურა? ამჯერად რას აპირებთ?
_ სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს, მე ჩემს სიმართლეს დავამტკიცებ და რუსთაველის ფონდსა და მის მესვეურებს არ ვაპატიებ ჩემი 40-წლიანი მეცნიერული ღვაწლის გადაქელვას.
როგორც „ქრონიკა+“-მა მოიძია, 2019 წლიდან რუსთაველის ფონდმა განაახლა ხელშეკრულება გამომცემლობა ELშEVIEღ BV-თან, რის შედეგადაც, სახელმწიფოს სრული დაფინანსებით, საქართველოში ავტორიზებულ როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სამეცნიერო კვლევით ცენტრებს შესაძლებლობა მიეცათ, ჩაერთონ Eლსევიერ-ის სისტემაში და უფასოდ ჰქონდეთ წვდომა ბაზებზე: შცოპუს, შციენცე Dირეცტ, ფუნდინგ ინსტიტუტიონალ (შცივალ ფუნდინგ), რაც აძლევთ შესაძლებლობას, უსასყიდლოდ ისარგებლონ მსოფლიოში გამოქვეყნებული უახლესი სამეცნიერო ლიტერატურით კვლევითი და საგანმანათლებლო საქმიანობისთვის; თავდაპირველად, რუსთაველის ფონდსა და გამომცემლობა ELშEVIEღ BV-ს შორის 2014 წელს გაფორმდა შეთანხმება. ამ პერიოდში ELშEVIEღ-ით სარგებლობა შეეძლო 21 ორგანიზაციისგან შემდგარ კონსორციუმს, ამჟამად კი მათი რიცხვი 55-მდე გაიზარდა.
აქ ის არის საინტერესო, რომ თუ კონსორციუმის წევრი ორგანიზაციებისთვის ელექტრონულად ხელმისაწვდომი გახდა მთელ მსოფლიოში გამოქვეყნებული სამეცნიერო ლიტერატურა, არა მხოლოდ მოკლე ანოტაციების, არამედ შრომების სრული ვერსიების დონეზეც, რატომ არ უნდა იცოდეს და არ ჰქონდეს ინფორმაცია ფონდის მიერ დაქირავებულ ექსპერტს ხელატების შესახებ? სწორედ საქართველოს ბიუჯეტის ფული იდება ტრენინგებისა და სემინარების სერიის ჩატარებაზე ქართველი მკვლევრებისთვის. რატომ არ უტარდებათ ეს ტრენინგები და სემინარები ექსპერტებს? საერთაშორისო ჟურნალებში გამოცემების მომზადებისა და ნაშრომის გამოქვეყნების ხელშეწყობისთვის ჩვენი ფული რომ იდება, რა ნაშრომები ხვდება იქ _ გამოუძიება ვინმეს?
რუსთაველის ფონდს ჰქონდა სასამართლო პროცესები და „ქრონიკა+“ აუცილებლად შეეხება მათ შემდეგ პუბლიკაციებში, რა პრინციპებით ტარდება საგრანტო კონკურსები და როგორ ვლინდებიან გამარჯვებულები?
„ქრონიკა+“ აგრძელებს თემაზე მუშაობას. კარგი იქნება, თუ სხვა კვლევების ავტორებიც დაგვიკავშირდებიან, რომლებსაც ანალოგიური პრობლემა ჰქონდათ.