QronikaPlus
რატომ ადანაშაულებს „თელასის“ ცოცხლად დამწვარი თანამშრომლის ოჯახი პროკურატურას რუსულ კომპანიასთან გარიგებაში?

რატომ ადანაშაულებს „თელასის“ ცოცხლად დამწვარი თანამშრომლის ოჯახი პროკურატურას რუსულ კომპანიასთან გარიგებაში?

2022-10-05 18:01:05

თამარ როსტიაშვილი

ორი წლის წინათ დაიღუპა „თელასის“ უმაღლესი კვალიფიკაციის, მე-5 თანრიგის თანამშრომელი, ზურაბ მახარაშვილი. იგი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ჯიხურში გაჩენილი ცეცხლის დროს დაიწვა.

„ქრონიკა+“-მა, თავის დროზე, დაწვრილებით გააშუქა მახარაშვილის დაღუპვის დეტალები და ექსპერტიზის პასუხები. კერძოდ, ჯიხურს როგორც კი ჩაუტარდა ექსპერტიზა, დასკვნაში ჩაიწერა, რომ „თელასის“ მხრიდან უსაფრთხოების ნორმები იყო დარღვეული, ეს კი იმას ნიშნავს, რომ თანამშრომლის დაწვა კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხია.
მიუხედავად ამისა, მახარაშვილების მარჩენალის გარეშე დარჩენილი ოჯახი დღემდე დაზარალებულად არ არის ცნობილი. ზურაბ მახარაშვილი კომპანიამ მარტო გაუშვა დავალებაზე, რაც შინაგანაწესის უხეში დარღვევა იყო. ცეცხლის გაჩენის დროს „თელასის“ ჯიხურში ცეცხლსაქრობი არ აღმოჩნდა და ა. შ. არავის ეპრებოდა ეჭვი, რომ პროკურატურა ერთადერთ მარჩენალ დაკარგულ ოჯახს დაზარალებულად გამოაცხადებდა, მაგრამ გამოძიება სულ სხვა მიმართულებით წავიდა.
ერთი წელი იძიებდა გამოძიება ხანძრის გაჩენისა და ადამიანის დაწვის დეტალებს. ამ ხნის განმავლობაში დაღუპულის მეუღლე ქეთევან მახარაშვილმა არაერთხელ მიმართა პროკურატურას, რომ ადვოკატებისა და ექსპერტიზების დევნაში იპოთეკით დატვირთული სახლის გადასახადს ვეღარ იხდიდნენ.

ქეთევან მახარაშვილი, გარდაცვლილ ზურაბ მახარაშვილის მეუღლე:
_ როგორც საქმის მასალებში ჩაიწერა, ჩემი მეუღლე მუშაობდა საბურთალოს რაიონის დიდი დიღმის პასუხისმგებელ ელგამმართველად და 2020 წლის 27 აგვისტოს ახორციელებდა 0131-ე ქვესადგურში შემოვლა-დათვალიერებას. ყოველ შემთხვევაში, ასე წერია „თელასის“ განცხდებაში. ამ დროს მოხდა აფეთქება, რომლის შედეგადაც ჩემმა მეუღლემ მიიღო სიცოცხლისათვის შეუთავსებელი დაზიანებები. ძლიერი დამწვრობით გადაიყვანეს ჰოსპიტალში და 21 დღის შემდეგ დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა.
_ რა მიზეზით არ ხართ დღემდე დაზარალებულად ცნობილი?
_ დღემდე მიმდინარეობს გამოძიება და წინ, ფაქტობრივად, არ წავწეულვართ. ყველაფერი ჩვენ წინააღმდეგ და კომპანიის სასარგებლოდ არის წარმართული. ჩვენი დაჟინებული მოთხოვნით, გამოძიება რამდენჯერმე მიუბრუნდა ამ საქმეს. ჩავრთეთ კერძო ექსპერტიც, მაგრამ „თელასი“ სრულად არ გვაწვდის იმ დოკუმენტაციას, რომელიც იქნება ე. წ. სველი ბეჭდით დამოწმებული. ნაცვლად ამისა, გვაწვდის მხოლოდ ფარატინა ფურცლებს, რომელსაც არავითარი ოფიციალური ძალა არ გააჩნია. რამდენჯერმე მივმართეთ თელასს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ამაოდ. გვეუბნებიან, რომ მხოლოდ 10 დღე ინახავენ დოკუმენტაციას და არქივი არ გააჩნიათ, რაც ყოვლად დაუჯერებლად ჟღერს.
_ 10 დღის შემდეგ რას უშვრებიან დოკუმენტებს?
_ ცენტრალურ არქივში ვაგზავნითო. იგივე მოთხოვნით მივმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, რომელიც ასევე სათანადოდ არ რეაგირებს. 26 აგვისტოს ჩვენმა ადვოკატმა, ალექსანდრე ზუბიაშვილმა, მიმართა პროკურატურას და ამ პროცესის დროს ახორციელებდა ცოცხალ გადაღებას სოციალურ ქსელში. ის დაჟინებით ითხოვდა პასუხს ჩვენს განცხადებაზე. რამდენიმე საათის შემდეგ მას დაურეკა მაღალჩინოსანმა და უთხრა, რომ მუშაობდა ამ საკითხზე და მალე კვლავ დაუკავშირდებოდა, მაგრამ უკვე ერთი თვე გავიდა და პასუხი ისევ არ გვაქვს. ამიტომ უკვე საფუძვლიანი ეჭვი გვიჩნდება.
_ რისი საფუძვლიანი ეჭვი?
_ რომ პროკურატურა გარიგებულია „თელასთან“, საქმე თაროზე აქვს შემოდებული, არ გვაძლევენ ნახსენებ დოკუმენტაციას და დაზარალებულის სტატუსს, რათა ვერ მივმართოთ სასამართლოს, ვინაიდან იქ გამოაშკარავდება „თელასის“ კანონსაწინააღმდეგო დარღვევები, თანამშრომლების ექსპლუატაცია, მათი სისტემის გაუმართაობა და ყველაფერ ამაზე მათ მოუწევთ პასუხისმგებლობის აღება. იცით, რა არის საწყენი? ჩემი მეუღლე, ზურაბ მახარაშვილი, 30 წლის განმავლობაში ემსახურა კომპანიას თავისი ცოდნითა და გამოცდილებით. სიცოცხლეც მას შესწირა და დღეს ამ რეალობის წინაშე ვდგავართ.
_ კონკრეტულად რა პასუხი მიიღეთ პროკურატურისგან, დაზარალებულად რატომ არ გცნობთო?
_ პროკურატურისგან პასუხი მივიღეთ, რომ დაზარალებულად ვერ გვცნობდა. მიზეზი არ გვითხრეს, მაგრამ როდესაც ოფიციალური ახსნა-განმარტება გამოვითხოვეთ, აღმოჩნდა, რომ სამხარაულის ექსპერტმა პროკურატურის მიერ გადაგზავნილ საქმეში ჩაწერა, რომ მთელი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ჯიხურის მეთვალყურესო. ამის შემდეგ პროკურორმა შეკითხვა გადააგზავნა „თელასში“, თუ ვინ იყო ჯიხურის მეთვალყურე და იქიდან პასუხი მოსწერეს, _ დაღუპული ზურაბ მახარაშვილიო.
_ კი მაგრამ, თქვენი მეუღლე ხომ არ ყოფილა ჯიხურის მეთვალყურე?
_ არ ყოფილა და ეს იყო ტყუილი! ჩვენმა ადვოკატმა სასწრაფოდ მიმართა „თელასს“ და მოსთხოვა დამადასტურებელი საბუთი. კერძოდ, დამსაქმებელს მოვთხოვეთ წარმოედგინა დოკუმენტი, სადაც დაფიქსირებული იქნებოდა, რომ ჩემი მეუღლე იყო ჯიხურის მეთვალყურე.
_ წესით, ხელშეკრულება უნდა წარმოედგინათ, სადაც თანამდებობა იქნებოდა მითითებული?
_ არც ხელშეკრულება და არც დოკუმენტი „თელასს“ ჩვენთვის არ გადმოუგზავნია.
_ მაშინ, რით იხელმძღვანელა ანდა ხელმძღვანელობს პროკურატურა, როდესაც დაზარალებულის სტატუსს არ გაძლევთ?
_ კომპანია აცხადებს, ჩვენს ეს დოკუმენტები გადავაგზავნეთ საქართველოს არქივში და იქ მოძებნეთო. არქივში მოვიძიეთ და მსგავსი არაფერი აღმოჩნდა. ამის შემდეგ პროკურატურას მოვთხოვეთ პასუხი, თუ რა დოკუმენტს ეყრდნობოდნენ, როდესაც ეს დოკუმენტი, უბრალოდ, არ არსებობდა და იქ გამოგვიცხადეს, ექსპერტის დასკვნის მიხედვით ვხელმძღვანელობთო.
_ მაინც არ მაქვს პასუხი კითხვაზე, _ ექსპერტიზამ ჩაწერა, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება ჯიხურის მეთვალყურეს. „თელასმა“ თქვენი მეუღლე გაამწესა ჯიხურის მეთვალყურედ სიკვდილის შემდეგ, თუმცა დოკუმენტი ვერ წარმოადგინა იმიტომ, რომ გარდაცვლილებს არ ნიშნავენ ახალ თანამდებობაზე. არ არის დოკუმენტი, არ არის დასკვნა! ანუ ექსპერტიზის დასკვნა ვერ ამოქმედდება დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე და რას ეყრდნობა მაშინ პროკურატურა?
_ ჩემმა ადვოკატმა და პროკურორმა კითხვები ერთად შეადგინეს.
_ რა კითხვები?
_ რომელიც უნდა დაესვათ ექსპერტისთვის. პროკურორს არ დაუმალავს ის ფაქტი, რომ ეს საქმე შეიძლება დიდხანს გაგრძელებულიყო და უმჯობესი იყო, სარჩელი შეგვეტანა სამოქალაქო კუთხით, რომ სახლი არ დაგვეკარგა.
_ დოკუმენტი, რომელიც მეთვალყურის სტატუსს დაადასტურებდა ანდა უარყოფდა, დღემდე ვერ მონახეთ? ორი წელი გავიდა უკვე…
_ ჩემი მეუღლის თავდაპირველი დანიშვნის ბრძანება, შრომითი ხელშეკრულება და სადაზღვევო კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების ასლები, „თელასის“ განცხადებით, მათ არქივში გადააგზავნეს. არქივისგან მივიღეთ ოფიციალური პასუხი, რომ ზურაბ მახარაშვილის შესახებ არანაირი ინფორმაცია, არც დოკუმენტები მათ ბაზებში არ არსებობს.
_ ანუ არსად არაფერი არ გადაუგზავნიათ?
_ მთელი უბედურება ის არის, რომ დოკუმენტების არარსებობის გამო სამოქალაქო საქმეზე ვერ შევიტანეთ სარჩელი სასამართლოში.
_ სისხლის სამართლის კუთხით რატომ არ შეიტანეთ?
_ ჩვენი ადვოკატის განცხადებით, თუ პროკურატურამ არ მოგვანიჭა დაზარალებულის სტატუსი, მოგების შანსი თითქმის არ გვაქვს. შეიძლება სასამართლომ უკან მოგვიყაროს საბუთებიო.
_ რას აპირებთ?
_ ისღა დაგვრჩენია, მივიდეთ პროკურატურასთან და აღარ დავიშალოთ. ჩემს ოჯახსა და ჩემს შვილებს არ აძლევენ სიმართლის დამტკიცების საშუალებას. გვიმალავენ დოკუმენტებს, საბუთებს და სასამართლოში ჩვენი უფლებების დაცვის ბოლო შანსს გვართმევენ.

გაზიარება