QronikaPlus
„როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, შიშისგან გონებას ვკარგავდი“

„როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, შიშისგან გონებას ვკარგავდი“

2022-07-15 08:08:58

გიორგი საკარული

უდარდელი, ფერადი და ლაღი ბავშვობა 12 წლის ასაკში ოკუპანტმა რუსეთმა წაართვა, სწორედ მაშინ, როდესაც აფხაზეთში საომარი მოქმედებები დაიწყო. ოკუპანტმა ქვეყანამ წაართვა და მოუკლა ყველაზე საყვარელი ადამიანი _ მამა. ოლია ნარსია 300 ათასი დევნილიდან ერთ-ერთია, რომელმაც იძულებით დატოვა საკუთარი სამშობლო და უკრაინას შეაფარა თავი, სადაც მას ბებია და ბაბუა ელოდა. მისთვის რთულია იმ პერიოდის გახსნება, რაც 12 წლის გოგონას მეხსიერებაში დარჩა, შესაბამისად, ძალიან გაუჭირდა იმ სასტიკი კადრების აღწერა, რაც მის ირგვლივ ტრიალებდა, ინტერვიუს არც ცრემლების გარეშე ჩაუვლია.

გავიდა დიდი დრო, 12 წლის ოლია გაიზარდა, დაამთავრა სკოლა, უნივერსიტეტი, შეიძინა მეგობრები და დაოჯახდა. ის ვითარდებოდა, ჰქონდა ოცნებები, ისევე როგორც ყველას, უამრავი გეგმა, თუმცა მას ბედნიერი ცხოვრება ამჯერადაც არ დასცალდა. სასტიკი და დაუნდობელი ისტორია განმეორდა, ოკუპანტმა რუსეთმა ომი ამჯერად უკრაინას გამოუცხადა და ჩვენი დღევანდელი ნომრის გმირს უკვე მეორედ მოუწია დევნილობაში ყოფნა.

ბავშვობის ჭრილობები გაეხსნა, შიშმა შეიპყრო, იმალებოდნენ სარდაფებში, ბოლო წუთამდე უჭირდათ ქალაქის დატოვება, რადგან იმედი ჰქონდათ, რომ რუსული დროშა მათ ქუჩებში არასდროს იფრიალებდა, მაგრამ... მილიონობით ადამიანს საკუთარი საცხოვრებელი სახლების დატოვება იძულებით მოუწია. რუსულმა ჯარებმა ხერსონზე შტურმი პირველ მარტს დაიწყეს. მას შემდეგ ქალაქი ალყაშია. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, პრობლემები იყო მედიცინასთან, საწვავთან და ფქვილთან დაკავშირებით. მას შემდეგ სიტუაცია არ გაუმჯობესებულა.

ოლია ნარსია და მისი მეუღლე, ალექსანდრე კარავანი, საქართველოში თავს კარგად გრძნობენ. ამბობენ, რომ ქართველები განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობით გამოირჩევიან და ცდილობენ, შვილი ქართულ ტრადიციულ ღირებულებებზე აღზარდონ. რამდენიმეთვიანი უმუშევრობის შემდეგ ცოლ-ქმარი თბილისში იმიჯცენტრ „კესანეში“ დასაქმდა და თავიანთ გამოცდილებას ქართველ მომხმარებლებს უზიარებს.

როგორია ორგზის დევნილის ცხოვრების გზა ომიდან ომამდე? „ქრონიკა+“-ს ოლია ნარსია და ალექსანდრე კარავანი ესაუბრებიან:

_ მე ვარ ოლია ნარსია, დავიბადე ქალაქ სოხუმში, ყველაზე ლამაზ ქალაქში მთელ დედამიწაზე. 12 წლის ვიყავი, როდესაც დაიწყო აფხაზეთის ომი და ჩვენ მოგვიწია წამოვსულიყავით იქიდან. წავედით უკრაინაში, რადგანაც რამდენიმე წლით ადრე დედის მშობლები უკრაინაში გადავიდნენ საცხოვრებლად.

_ რა გახსოვთ?

_ ყველაფერი მახსოვს...

_ როგორი იყო ომამდე აფხაზეთში ცხოვრება? გაიხსენეთ ის ბედნიერი წლები...

_ ყველა ქუჩა მახსოვს, ახლაც რომ გამიშვა, იქ გზას ადვილად გავიგნებ, მივაგნებ იმ ადგილს, სადაც ჩემი სკოლა იყო, სადაც ჩემი მეგობრები ცხოვრობდნენ. შეიძლება ვერ გავიხსენო, რა ხდებოდა ორი-სამი წლის წინათ, მაგრამ დეტალურად მახსოვს, რა ხდებოდა მაშინ.

_ თქვენი ოჯახის წევრი ვინმე ცხოვრობს დღეს აფხაზეთში?

_ არა, არავინ ცხოვრობს...

_ 12 წლის იყავით, როცა აფხაზეთის ომი დაიწყო, რისი გახსენება შეგიძლიათ?

_ სროლა, ბომბები... ჩვენ ოქტომბერში დავტოვეთ აფხაზეთი, ნოემბერში კი შეგვატყობინეს, რომ მამა დაიღუპა, ის რუსებმა მოკლეს...

_ ანუ თქვენი წასვლის შემდეგ მამა აფხაზეთში დარჩა?

_ დიახ, საყოველთაო მობილიზაცია იყო, ის ომობდა.

_ ალბათ, ძალიან გაგიჭირდათ ამ ყველაფრის გადატანა...

_ დღემდე ძალიან მიჭირს. როდესაც ვიხსენებ იმ პერიოდს, ჭრილობები მეხსნება, ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი. 30 წელი გავიდა და ამის დავიწყება შეუძლებელია, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, შიშისგან გონებას ვკარგავდი. ხერსონი ოკუპაციის პირველივე საათებიდან დაიბომბა. რვა საათზე დაიწყეს დაბომბვა და 11 საათზე უკვე რუსული დროშა ფრიალებდა.

_ უკრაინის თემას და სასტიკ ომს აუცილებლად დავუბრუნდებით, თუმცა იქამდე მაინტერესებს ის პერიოდი, როდესაც თქვენ და თქვენმა ოჯახმა იძულებით დატოვეს აფხაზეთი. რამდენად რთული იყო 12 წლის ბავშვისთვის, დაეტოვებინა საკუთარი სამშობლო და წასულიყო სრულიად ახალ გარემოში, უცხო ქვეყანაში. გაგიჭირდათ შეგუება?

_ სანამ უკრაინაში გადავსახლდებოდით, ბაბუასთან და ბებიასთან ჩავდიოდი პერიოდულად, შესაბამისად, ჩემთვის ეს არ ყოფილა უცხო გარემო. იქ ცხოვრობდა ბიძა, ბიცოლა, ჩვენ ზაფხულში ჩავდიოდით იქ, უკრაინა არ ყოფილა ჩემთვის სიახლე, ის ჩემი მეორე სამშობლო იყო. მაშინვე შემიყვანეს სკოლაში, ადაპტაცია არ გამჭირვებია. სკოლის დასრულების შემდეგ ჩავაბარე უნივერსიტეტში, იქ 30 წელი ვიცხოვრე, ვმუშაობდი, ვვითარდებოდი, ლაზერული ესთეტიკის ცენტრი და სპაკომპლექსი გვქონდა გახსნილი.

_ სად გაიცანით თქვენი მომავალი მეუღლე?

_ ჩემი მეუღლე ალექსანდრე უკრაინაში გავიცანი. ძალიან საინტერესოდ მოხდა ეს ყველაფერი, ადრე იყო ტელეფონების მაღაზიები, საქართველოშიც იყო მსგავსი. სწორედ ამ მაღაზიაში მივედი სტაჟიორად და ისიც იქ დამხვდა. თავდაპირველად ერთმანეთი არ მოგვწონებია, შემდეგ ის კიევში წავიდა, ოთხი თვის მერე კი მე გავხდი მაღაზიის დირექტორი. ამის შემდგომ მე ვიყავი ურთიერთობის გაგრძელების ინიციატორი, პირველმა მე დავურეკე, მიუხედავად იმისა, რომ ეს გაუაზრებელი იყო. არ მახსოვს, პირველად რომელი გამოვუტყდით სიყვარულში.

ეს ყველაფერი დაემთხვა პერიოდს, როდესაც ყველგან კრიზისი იყო 2009 წელს, მაშინ დოლარი მკვეთრად დაეცა და გამუდმებით გვიწევდა მუშაობა, რათა თავი გვერჩინა. რაღაც პერიოდის შემდეგ გადავწყვიტეთ ყირიმში დასასვენებლად წასვლა. ჩვენ გარკვეული რიტუალი გვქონდა: როდესაც ზღვაზე მივდიოდით, აუცილებლად მე უნდა ვმჯდარიყავი საჭესთან, ის ჩემ გვერდით მგზავრობისას ყოველთვის მიირთმევდა კრევეტებს და სვამდა ლუდს.

ალექსანდრე კარავანი:

_ ჩვენთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავდა. ჩვენ გვყავს საერთო შვილი, ბიჭი, თუმცა იქამდე დიდი ტრაგედია დაგვატყდა თავს, დაგვეღუპა გოგონა, რომელიც ახლა 10 წლის უნდა ყოფილიყო, მან დაბადებიდან მხოლოდ 19 დღე იცოცხლა. ჩვენ ამ ტკივილის გადატანა სამსახურმა შეგვაძლებინა, უფრო მეტად გავაქტიურდით და გავძლიერდით.

_ თქვენი მეუღლე საქართველოდანაა, რას ნიშნავს ეს თქვენთვის?

_ ბევრ რამეს. მისდამი მქონდა ძალიან თბილი დამოკიდებულება, იყო ძალიან კარგი დიასახლისი, უგემრიელესად ამზადებდა საჭმელს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის (იცინის), გამაცნო თავისი ახლობლები, რომლებიც ზედმიწევნით იცავდნენ ქართულ ტრადიციებს და ამან ძალიან მომხიბლა. მას შემდეგ, რაც ოლიას მამა მოუკლეს, ბაბუა მისთვის იყო როგორც მამა და სწორედ მან მოახერხა ის, რომ ეს ქართული ტრადიციები შეენარჩუნებინათ და შემოენახათ დღემდე. მე მსგავსი ტრადიციები უკრაინაში ნაკლებად შემხვედრია.

_ შვილებს ქართული ტრადიციების მიხედვით ზრდით?

_ რაც საუკეთესოდ მიგვაჩნია ამ ტრადიციებიდან, ჩვენ ყველაფერი ავიღეთ და სწორედ ასე ვზრდით ჩვენს შვილებს (წინა ქორწინებიდან ალექსანდრეს ჰყავს ერთი შვილი, _ ავტ.), რათა მათ ჰქონდეთ სტუმარ-მასპინძლობისა და ადამიანობის აღქმა, შეეძლოთ ყველას გულისხმიერად დახვდნენ, ერთმანეთს მოეხმარონ. სუფრის ტრადიციები, უფროსების პატივისცემა, _ უკრაინაში კი ეს, ფაქტობრივად, არ გვაქვს, რასაც ვერ იტყვი ქართველებზე. ამიტომ ვცდილობთ ქართული ღირებულებებით და ტრადიციებით ვიცხოვროთ. 

_ ოლია, თქვენთვის და ძალიან ბევრისთვის მძიმე თემას დავუბრუნდეთ. 12 წლის გოგონამ დაკარგა საყვარელი ადამიანი (მამა), საკუთარი სამშობლო, სახლი, შემდეგ ჩავიდა უკრაინაში ბებიასთან და ბაბუასთან, დაამთავრა სკოლა, შემდეგ ინსტიტუტი, დაიწყო მუშაობა, შექმნა თავისი სამყარო და ერთ ავბედით დღეს, წლების შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთმა დაიწყო უკრაინასთან ომი. აქ მნიშვნელოვანი არის ის, რომ თქვენ მეორედ გახდით დევნილი. იფიქრებდით, რომ 21-ე საუკუნეში კვლავ დევნილობაში მოგიწევდათ ცხოვრება და ისევ რუსული აგრესიის მსხვერპლი გახდებოდით?

ოლია:

_ სიმართლე გითხრათ, გარკვეული წინათგრძნობა მქონდა. ჩემს მეუღლეს ვეუბნებოდი, რომ დაიწყებოდა ომი, მაგრამ არ მიჯერებდა. მე მას ვემუდარებოდი, რომ მანქანის ავზი გაევსო საწვავით, მოგვემარაგებინა კონსერვები.

ალექსანდრე:

_ ოლია ძალიან ხშირად უყურებდა საინფორმაციო გამოშვებებს. მე ვცდილობ აპოლიტიკური ვიყო და ნაკლებად მივიღო მსგავსი სახის ინფორმაციები.

ოლია:

_ მეც აპოლიტიკური ვარ, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მინდა გავიგო, თუ რა ხდება მსოფლიოში, ყოველთვის თვალს ვადევნებდი ტელევიზორს. 

_ როგორც ზემოთ აღვნიშნე, 24 თებერვალს რუსეთმა დაიწყო უკრაინაში ომი. როგორ გაიხსენებთ ამ დღეს?

ოლია:

_ ძალიან რთულია ამის გახსენება, როდესაც პირველი ბომბები ჩამოვარდა, ჩვენ ამ დროს გვეძინა.

ალექსანდრე:

_ ომის დაწყებიდან ერთი დღით ადრე მანქანის ავზი საწვავით გავავსეთ, მოვიმარაგეთ საკვები პროდუქტები, ამას ვაკეთებდი, თუმცა იმ აზრით, რომ ეს არ მოხდებოდა, რადგანაც ამის თავიდან ასაცილებლად ყველაფერს გააკეთებდნენ. როდესაც დილის 5 საათზე დაიწყო დაბომბვა, ჩვენ გავედით გარეთ, ჩავსხედით მანქანაში და იქ გავჩერდით. დავიწყე რეკვა უკრაინის სხვადასხვა ქალაქში, სადაც ჩვენი ნათესავები ცხოვრობდნენ და აღმოჩნდა, რომ სიტუაცია ყველგან ერთი და იგივე იყო. ჩვენ მივხვდით, რომ წასასვლელი არსად გვქონდა, შემდეგ მეგობრებმა დაგვირეკეს დასავლეთ უკრაინიდან და გვითხრეს, იქით წავსულიყავით, რადგან გასვლისა და ჩეხეთში გადასვლის შესაძლებლობა იყო ქვეყნიდან, მაგრამ მაინც ვერ გადავწყვიტეთ იქით წასვლა, თუმცა როდესაც 11:00 საათზე დავინახეთ რუსი სამხედროები, რუსული დროშები, მივხვდით, რომ წასასვლელი საერთოდ აღარ გვქონდა.

ოლია:

_ ისეთ სიტუაციაში აღმოვჩნდით, ვერ ვხვდებოდით, რა გაგვეკეთებინა, ასევე გიჭირს იმის გააზრებაც, რომ ეს ისევ ხდება შენს თავს. პირველი ხუთი დღე სარდაფებში გავატარეთ, შემდგომში მონიტორინგს ვუწევდი ყველა ჩატს, რომელიც არსებობდა ომთან დაკავშირებით და გავიგე, ვინ საიდან გადიოდა ქალაქიდან. 18 მარტს შევიტყვეთ, რომ რუსეთმა ყირიმთან საზღვარი გახსნა. 23 მარტს ყველაზე აუცილებელი ნივთები შევაგროვეთ, ჩავტვირთეთ მანქანაში, ავიღეთ აპარატები და გადავწყვიტეთ, რომ წავსულიყავით. მანამდე სატელეფონო საუბრები მქონდა ბევრ ადამიანთან, რომლებიც ამბობდნენ, რომ ომი მალე დამთავრდებოდა, მათ შორის, საქართველოდან ძმამ დამირეკა და მითხრა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, თუმცა ერთი თვის თავზე მივხვდით, რომ იქ გაჩერება შეუძლებელი იყო.

_ საქართველოში როდის ჩამოხვედით?

_ 27 მარტს.

_ მარტივად გადმოკვეთეთ საზღვარი?

_ კი, ძალიან მარტივად, გავაირეთ ბევრი საგუშაგო, თუმცა ცუდი არავის უკადრებია, უბრალოდ, მორალურად იყო ძალიან რთული ეს ყველაფერი. ხედავდნენ, რომ მოდიოდა ოჯახი ბავშვებით, გააკეთეს შემოწმება და გამოგვიშვეს. უნდა აღვნიშნო, რომ ყველაზე მეტად რამაც გამაკვირვა, ეს იყო მომენტი, როდესაც საკვები პროდუქტები მოგვცეს საზღვარზე და გვითხრეს, რომ ეს დაგვჭირდებოდა, რადგანაც ბავშვები გვყავდა.

_ რისი წამოღება მოახერხეთ უკრაინიდან?

ოლია:

_ პატარა მანქანა გვყავს, პირველადი საჭიროების ნივთები და ორი აპარატი. ეს აპარატები წამოვიღეთ იმიტომ, რომ ამით რამეს გამოვიმუშავებდით აქ, იქაც ეს იყო ჩვენი შემოსავალი. ჩვენ გვქონდა იმედი, რომ ამ აპარატების დახმარებით პურის ფულს ვიშოვიდით.

_ საქართველოში ვისთან ჩამოხვედით?

_ საქართველოში ბევრი ახლობელი მყავს, როგორც თბილისში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. დედისა და მამის მხრიდან ბიძები, მამიდები... აფხაზეთის ომის შემდგომ ისინი სხვადასხვა მხარეში გადანაწილდნენ.

_ უკრაინაში ვინ დარჩა?

_ დედა, და, ბიძა _ ყველა უკრაინაში დარჩა.

_ რატომ, მათაც ხომ შეეძლოთ თქვენთან ერთად წამოსვლა?

_ ბებია 97 წლის არის, ის არსად წავიდოდა, მისთვის ეს მესამე ომია, დეიდა არ დატოვებდა ბებიას, ბიძაშვილებიც იქ არიან. გარდა ამისა, ძალიან ეშინიათ და განიცდიან ყველაფრის მიტოვებას, დღეს ისინი უვლიან ჩვენს ბინას. ახლა ის ტერიტორია, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით, ოკუპირებულია, მაგრამ ყოველ დილით ხუთ საათზე არის შეტაკებები და უკრაინა ცდილობს, დაიბრუნოს კუთვნილი ტერიტორიები. ძალიან დიდი ფასი ადევს იქ ყველაფერს, უკვე შემოვიდა რუბლი და რუსულ პასპორტებსაც არიგებენ.

_ ვიმედოვნებ, რომ რუსული დროშა იქ დროებით იფრიალებს.

_ დიახ, მეც ეს იმედი მაქვს.

_ საკვების მხრივ რას შვრებიან?

_ ეს ხომ აგრარული ოლქია, ფერმერები აქტიურად მუშაობენ და მოჰყავთ მოსავალი, პრინციპში, ხერსონის ოლქი ამარაგებდა მთელ უკრაინას კიტრით და პომიდვრით. ეს ყველაფერი არის, მაგრამ ქიმია, რომელიც აუცილებელია, ძალიან ძვირი გახდა, ვგულისხმობ საყოფაცხოვრებო ქიმიას.

_ ალექსანდრე პირველად არის საქართველოში?

_ არა, ჩვენ ომის დაწყებამდე ორი თვით ადრე ვიმყოფებოდით ბაკურიანში, თხილამურებით ვსრიალებდით. ომამდე სამჯერ ვიყავით.

_ ალბათ, განსაკუთრებით რთული იქნება თქვენთვის ისევ დევნილობაში ყოფნა და ცხოვრების ნულიდან დაწყება.

_ ყველასთვის ძალიან რთულია ეს. ორი თვე გორში ვიცხოვრეთ, იქ არც სამუშაო იყო და არც არაფერი. ახლა ვცხოვრობთ რუსთავში, სადაც შედარებით იაფია ბინები. სხვათა შორის, დაახლოებით ერთ წელიწადში ან წელიწად-ნახევარში ვგეგმავდით საქართველოში გადმოსვლას, თუმცა არა ამ მდგომარეობაში. ბევრი კარგი გეგმა გვქონდა, მილიონერებს გვინდოდა ჩამოვსულიყავით და გაგვეკეთებინა აქ ბიზნესი, მაგრამ იქ დავტოვეთ ყველლაფერი და უბრალოდ გამოვიქეცით.

_ რას საქმიანობთ?

ალექსანდრე:

_ სამი უმაღლესი განალება მაქვს მიღებული, ვარ ექიმი რეანიმატოლოგი, ფიზიოთერაპევტი. მე ავირჩიე მკურნალობის ალტერნატიული მხარე, ნაკლები ქიმია და ნემსების გარეშე. ვირჩევთ გარკვეულ მეთოდიკას, რომელიც არის დაფუძნებული იმაზე, რომ ნაკლები ქიმია შევიდეს ორგანიზმში.

_ სამსახურის შოვნა გაგიჭირდათ?

_ რაღაც პერიოდი უმუშევრები ვიყავით. მივხვდი, რომ უსამსახუროდ ყოფნა აღარ შემეძლო, ამიტომ „ფეისბუქში“ გამოვაქვეყნე პოსტი, სადაც მეწერა: „მე ვარ ოლია, კოსმეტოლოგი უკრაინიდან, მაქვს ექსკლუზიური აპარატურა და ამის შემდეგ დაიწყეს რეკვები. ერთ-ერთი იყო მაკა. წავედი, ვნახე სალონი, ძალიან მომეწონა და დავრჩი. მჯერა საკუთარი ინტუიციის და ამ შემთხვევაშიც სწორი არჩვევანი გავაკეთე.

„კესანე“ არის ოჯახი, რომელმაც კარი გაგვიღო და დიდი ოჯახური სითბო დაგვახვედრა. ძალიან კარგად ავეწყვე, ახლა ძირითადად მომხმარებლების მოძიებაში ვართ, რადგან ჩემს ნამუშევრებს როცა ხედავენ, ჰგონიათ, რომ ეს არ შეიძლება იყოს რეალობა. ჩვენი აპარატურა აქ ინოვაციაა, ისევე როგორც უკრაინაში. დამტკიცება მიწევს ახლა, რომ ყოველგვარი ქიმიის გარეშე შეიძლება იყო ლამაზი.

_ რა გეგმები გაქვთ?

_ „დავიპყროთ“ საქართველო და კმაყოფილი იყოს ყველა მომხმარებელი.

_ ადვილად მოერგეთ თბილისურ რიტმს?

_ აქ ცოტა სხვაგვარად არის ყველაფერი, მიჭირს იმისთან შეჩვევა, რომ აქ არავის არსად ეჩქარება. იქ სხვა გრაფიკით ვცხოვრობდი, დილის 7-ის ნახევარზე ვდგებოდი, შემდეგ 8-ზე ბავშვი სკოლაში მიმყავდა და უკვე სალონში მისულს ადამიანები მელოდებოდნენ, რომ პროცედურები ჩაეტარებინათ. აქ ასე არ ხდება (იცინის). ყველაფერი კარგად არის, უბრალოდ, ძალიან რთულია შეეგუო რეალობას და გაიაზრო ის, თუ როგორ მოგიწია ყველაფრის დატოვება. თავიდან გაგვიჭირდა, ახლა ნელ-ნელა ყველაფერს ვეჩვევით. უკვე ნავიგაციის გარეშე მოვდივარ სამსახურში.

ალექსანდრე:

_ მინდა აღვნიშნო ერთი რამ: საოცრად გამგები, მეგობრული და სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს საქართველოში. როდესაც 3 წლის წინ ჩამოვედით აქ, როგორც ტურისტები, გავიცანით გიდი, რომელიც დიდი ყურადღებით გამოირჩეოდა და დღემდე ასეა. რაც შეეხება ქვეყანას, ეს, უბრალოდ, საოცრებაა, ულამაზესია მთელი საქართველო.

გაზიარება