- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2020-08-13 09:10:46
„იმისთვის, რომ გამოძიებამ მათთვის სასურველი ვერსია დააჯეროს საზოგადოებას, გარდაცვლილის პირადი და პერსონალური ინფორმაცია გაასაჯაროვა კიდეც“, _ განაცხადა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმის შესახებ „ქრონიკა+“-სთან.
გასულ კვირას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თამარ „ბაჩალიაშვილის საქმეზე“ შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა და სუიციდზე მიგვანიშნა.
უწყებაში ამბობენ, რომ გაუჩინარებამდე ერთი თვით ადრე ბაჩალიაშვილმა „გუგლის“ საძიებო სისტემაში ჩაწერა სიტყვები „საუკეთესო გზები თვითმკვლელობისთვის“ და ამ თემაზე ინფორმაციას გაეცნო.
შსს-ს შუალედური ანგარიშის მიუხედავად, ოჯახსა და საზოგადოების გარკვეულ ნაწილს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა.
რატომ ცდილობს გამოძიება საქმის თვითმკვლელობის ვერსიის გამყარებას? რა პარალელები შეიძლება გავავლოთ „ციანიდის საქმესთან“? რა როლი აქვს „ბაჩალიაშვილის საქმეში“ საზოგადოების ჩართულობას?
ამ და სხვა საინტერესო დეტალებზე „ქრონიკა+“-ის კითხვებს ადვოკატი გიორგი ფანცულაია პასუხობს:
_ ბატონო გიორგი, კრიმინალური ქრონიკის მიმართ საზოგადოების დაინტერესება ყოველთვის მაღალია, რისი დასტურიც არის შაქარაშვილისა და ბაჩალიაშვილის საქმეები _ ორ თვეში ორი საეჭვო, ბუნდოვანი გარდაცვალების შემთხვევა… შაქარაშვილის შემთხვევაში გამოძიება დადასტურებით ამბობს, რომ მკვლელობა მოხდა, ბაჩალიაშვილზე თვითმკვლელობის ვერსიას განიხილავს. თქვენთვის, როგორც იურისტისთვის, საჯაროდ გაჟღერებული ჩვენებები, საქმის მასალების დეტალები თუ პროკურატურის განმარტებები დამაჯერებელია? თუ არა, მაშინ კონკრეტულად რა იწვევს თქვენში კითხვებს, გნებავთ, ეჭვებსაც?
_ პირველ რიგში, ორივე გარდაცვლილის ოჯახს მინდა, მივუსამძიმრო. რაც შეეხება უშუალოდ სამართლებრივ ნაწილს, ის, რომ საზოგადოების ნდობის ხარისხი არც ისე მაღალია გამოძიების მიმართ, ეს ყველაზე მარტივად მე მესმის, რადგან პროფესიიდან გამომდინარე მიწევს ყოველდღიური შეხება საგამოძიებო სისტემებთან. რამდენიმე მაგალითს მოვიყვან, რომელიც უფრო ნათლად დაგვანახვებს ბოლოს მომხდარ ამ ორ ფაქტს:
2014 წელს „ზურაბ ჟვანიას საქმეზე“ ვმუშაობდი, სადაც დაკავებული იყო მთავარი ექსპერტი ლევან ჩაჩუა. იგი სამივე ინსტანციაში გავამართლეთ. პროკურატურა ბრიფინგებს მართავდა და საზოგადოებას მხოლოდ მისთვის სასურველ მტკიცებულებას აცნობდა, ანუ მხოლოდ ერთი მხრიდან დანახულს. შემდეგ ვიყავი „ციანიდის საქმის“ ადვოკატი. ამ შემთხვევაშიც ზუსტად იგივე ხდებოდა. დეკანოზის მიმართ მხოლოდ ფრაგმენტულად ამოჭრილ მტკიცებულებებს ასაჯაროებდნენ, რომ ამ საქმეშიც საზოგადოების აზრი ჩამოყალიბებულიყო იმ ვერსიით, რომელიც მათ სურდათ. ამის შემდგომ მქონდა „ბასიანის სპეცოპერაციის საქმე“, „ომეგა ჯგუფისა“ და სხვა ბევრი გახმაურებული საქმე, რომლის ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს. ყველა საქმეზე პროკურატურა იმ მტკიცებულებებს ასაჯაროებდა, რომელიც მათ სასურველ ვერსიას გაამყარებდა და ამ დროს საქმეში იდო სხვა მტკიცებულებაც, რომელიც არ გასაჯაროვდა.
_ ჩაგეკითხებით, „შაქარაშვილის საქმეზეც“ იგივე ხდება?
_ ანალოგიურ მოცემულობას ვხედავ „შაქარაშვილის საქმეზეც“. აქ არის დაზარალებულის მხარე, რაც, ჯერჯერობით, „ბაჩალიაშვილის საქმეზე“ არ იკვეთება. „შაქარაშვილის საქმეზე“ ბრალდებულის ადვოკატებს გადაეცემოდათ მტკიცებულებები, რომელსაც საზოგადოება ხედავდა და, შესაბამისად, დასკვნების გამოტანის საშუალებაც გვქონდა. ვხედავთ, რომ პროკურატურა და პოლიცია მხოლოდ ერთი მხარის მტკიცებულებებს ასაჯაროებს და რომ არა ადვოკატების მიერ გამოტანილი მტკიცებულებები, „შაქარაშვილის საქმეშიც“ კი სასურველ ვერსიას გაგვაცნობდნენ. არ შემიძლია არ აღვნიშნო, ადვოკატების, ჟურნალისტებისა და კერძოდ თქვენი გაზეთის უდიდესი როლი ამ საქმესთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც ადვოკატებმა და ჟურნალისტებმა წამოწიეს „შაქარაშვილის საქმე“, პოლიციამ მხოლოდ მერე დაიწყო საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. რიგი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს სამი კვირისა და ერთი თვის შემდეგ. რომ არა ჟურნალისტური, ადვოკატური საგამოძიებო ჩატარებული მოქმედებები, ეს მხოლოდ ცალი მხრიდან დანახული ვერსია იქნებოდა. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მაგალითი საზოგადოებაში იწვევს უნდობლობას, თუნდაც „ბაჩალიაშვილის საქმეშიც“.
_ გამოძიება ცდილობს, თვითმკვლელობის ვერსია გაამყაროს, თუმცა ოჯახსა და საზოგადოების გარკვეულ ნაწილს კატეგორიულად არ სჯერა იმის, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა. იმ ინფორმაციების გათვალისწინებით, რაც დღეს არის ცნობილი, თქვენ გამორიცხავთ თუ არა თვითმკვლელობის ვერსიას?
_ ყველაფრის მიუხედავად, იმის ალბათობას მაინც ვიტოვებ, რომ თამარ ბაჩალიაშვილს შესაძლოა, თავი მოეკლა, მაგრამ როცა საგამოძიებო ორგანოები მხოლოდ ამ ვერსიის გასაღებაზე მუშაობს, საზოგადოებას დაჯერება გაუჭირდება. ეს ვერსია რეალურიც რომ იყოს, საზოგადოებას ნდობა აქვს დაკარგული საგამოძიებო სისტემის მიმართ. იმისთვის, რომ საზოგადოებას დაეჯერებინა თამარ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსია, პროკურატურამ ისეთი მტკიცებულებებიც კი გაასაჯაროვა, რომელიც პირად და პერსონალურ ინფორმაციას შეიცავს. პირადი და პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროება უშუალოდ იმ ადამიანის ნების თანხმობის გარეშე დანაშაულია. შეიძლება, მკითხველს აზრი გაუჩნდეს, რომ გარდაცვლილი ადამიანი როგორ მისცემდა ნებართვასო? მაგრამ ამ ადამიანის ოჯახის წევრებიდან დედა ან მამა აუცილებლად არის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობილი. შესაბამისად, გარდაცვლილი ადამიანის უფლებები გადადის მისი მშობლიდან ერთ-ერთზე, დედაზე ან მამაზე, რომელსაც ასევე ჰყავს ადვოკატი მიხეილ რამიშვილი. აქედან გამომდინარე, საინტერესოა, გარდაცვლილი დაზარალებული უფლებამონაცვლისგან ვინმემ აიღო ამის ნებართვა? მეეჭვება რომ ამის ნებართვა გაცემული იყოს და იმისთვის, რომ გამოძიებამ მათთვის სასურველი ვერსია დააჯეროს საზოგადოებას, გარდაცვლილის პირად და პერსონალურ ინფორმაციას ასაჯაროებს. სხვა დროს, როცა ადვოკატებს, ჟურნალისტებს გვინდა რაღაცა ინფორმაცია გავიგოთ, პასუხად ვღებულობთ, რომ პირად და პერსონალურ ინფორმაციას ვერ გასცემენ და გაასაჯაროებენ მტკიცებულებებს და ამ შემთხვევაში ასაჯაროებენ აბსოლუტურად ყველაფერს!
_ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი საუბრობს, რომ მათი მისამართით მუქარის შემცველი სატელეფონო ზარები განხორციელდა. ეს გარემოება რა ტიპის ეჭვებს ბადებს?
_ თუ გამოძიება პირად და პერსონალურ ინფორმაციასაც კი ასაჯაროებს, პროკურატურამ რატომ არ გაასაჯაროვა ის ადამიანები, რომლებიც მუქარის შემცველ ზარებს ახორციელებდნენ მშობლების მიმართ?! სწორედ ესაა ორმაგი სტანდარტი და ამიტომაც გვაქვს ნდობის დაბალი ხარისხი გამოძიების მიმართ. მე, როგორც ადვოკატს, მიჭირს მტკიცებულებების გარეშე საუბარი და იქიდან გამომდინარე, რომ ამ საქმეს არ ვიცნობ, თეორიულ ალბათობას ვიტოვებ, რომ შესაძლოა, ამ ადამიანმა მართლა მოიკლა თავი… მაგრამ თვითონ საგამოძიებო სისტემა იწვევს ეჭვებს, რომ ეს ვერსია, ნაკლებად რეალურია. დავუშვათ, თვითმკვლელობაა. სისხლის სამართლის კანონმდებლობაში არის ასეთი მუხლი: ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანა. თუ პროკურატურა ამბობს, რომ ადამიანმა თავი მოიკლა, მაშინ რატომ არ იძიებენ იმას, თუ ვისი მოქმედებების შედეგად გადაწყვიტა ამ ადამიანმა თავის მოკვლა? აქედან გამომდინარე, ამ შემთხვევაშიც კი, დანაშაულამდე გავდივართ. მაგალითად, შესაძლოა, რამე შანტაჟი, მუქარა იყოს ამ ადამიანის მიმართ, რის გამოც მან თავი მოიკლა. ნიშნის მოგებით საუბრობენ იმაზე, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ანაბარზე გარკვეული რაოდენობის თანხა იდოო, თან მანქანაში წერილია ნაპოვნი „ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ“. ამ სურათის დანახვა საპირისპიროდაც შეიძლება.
_ კონკრეტულად?
_ შეიძლება, გოგონამ რაღაც ინფორმაცია გაიგო, რის გამოც მას თეორიულად თანხა გადაუხადეს და ბაჩალიაშვილი განიცდიდა შევიწროებას ან მუქარას იმ ადამინისგან, ვინც ეს თანხა გადაუხადა. თუ არ იცი, ადამიანს თანხა საიდან გაუჩნდა და მერე თავი მოიკლა, მაშინ ხომ არ გვაქვს შანტაჟთან და მუქარასთან საქმე ან თვითმკვლელობამდე მიყვანის მდგომარეობამდე? ერთი მხრივ, არ უნდა გამოვრიცხოთ მკვლელობა, მაგრამ მკვლელობის ალტერნატივად უნდა განვიხილოთ თვითმკვლელობაც და თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობაც, რომელიც დანაშაულია.
_ კიდევ რა აჩენს კითხვის ნიშნებს გამოძიების მიმართ?
_ მაგალითად, „ტვ პირველზე“ იყო გადაცემა, სადაც თქვეს, რომ მიაგნეს იმ კამერებს, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის გადაადგილებას ასახავდა. ამის შემდგომ წავიდნენ და ამოიღეს ეს კამერები. ჩანაწერებით ირკვევა, რომ ბაჩალიაშვილი პირდაპირ თეთრი წყაროს მიმართულებით არ წასულა. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ თქვენი გაზეთის რედაქტორმა გარკვეული ინფორმაციები მოიძია, მათ შორის, იმ ადამიანთან დაკავშირებით, რომელიც აცხადებს, რომ ბაჩალიაშვილის შეყვარებულია, ამის შემდგომ ამ მიმართულებით საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. აქედან გამომდინარე, ვიღებთ მოცემულობას, რომ გამოძიებას სჭირდება, ტელევიზიებისგან გაიგოს ინფორმაცია კამერების ჩანაწერების შესახებ და ამის შემდეგ დაიწყოს ჩანაწერების ამოღება და ადამიანის გადაადგილების მარშრუტის შესწავლა, _ ნუთუ, გამოძიება ტელევიზიას უნდა ელოდებოდეს?! ე. ი. გამოძიება, ნებსით თუ უნებლიეთ, აცდენილია რეალურ სიმწვავეს. გამიხარდა, რომ მთავარი პროკურორი შეხვდა ოჯახს, თუმცა ამ შეხვედრისთვის აუცილებელი იყო, რომ ოჯახს აქცია გაემართა ან შიმშილობა გამოეცხადებინა. სანამ ოჯახმა ყველა კრიტიკული ზომა არ მიიღო, მანამდე რატომ არ მიმართა საგამოძიებო უწყებამ წერილობით FBI-ის (ამერიკის ძიების ფედერალური ბიურო)? თუ გამოძიება დარწმუნებულია საკუთარ ობიექტურობაში და FBI იტყვის, რომ დიახ, ნამდვილად ის ვერსიაა, რასაც აქაური გამოძიება ამბობსო, ასეთ შემთხვევაში გამოიძიება ხომ შემოუბრუნდება საზოგადოებას და ეტყვის, რომ მართალი ხარ და ტყუილად მცხებდი ჩირქსო. გამოძიების ინტერესში ხომ უნდა შედიოდეს სიმართლის დამტკიცება? აი, ასეთი მოქმედებები ბადებს კითხვის ნიშნებს, რომელიც ხშირად მართლდება. მაგალითად, ზაზა სარალიძის შემთხვევაში სისტემამ აღიარა შეცდომა და რეალური დამნაშავე დაიჭირა, მაგრამ საზოგადოება რომ არ გამოსულიყო რუსთაველის გამზირზე და ათასობით ადამიანი არ დამდგარიყო სარალიძის გვერდით, რეალური დამნაშავე დღეს თავისუფლად ივლიდა. იმას კი არ ვამბობ, რომ ყველა საქმე აპრიორი გაყალბებულია, მაგრამ ასეთი მოცემულობები ძალიან ბევრ კითხვას ბადებს, მით უმეტეს, როცა ჟურნალისტი ასწრებს გამოძიებას.
_ ეს გამოძიების არაკვალიფიციურობაა თუ მიზანმიმართული ქმედება?
_ საუბარი დავიწყე იმით, რომ საგამოძიებო უწყებებთან ყოველდღიური კომუნიკაცია მაქვს, პროფესიით იურისტი ვარ და საადვოკატო საქმიანობას ვეწევი. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ყველა გამომძიებელი სისტემიდან გასაშვები არ არის. ძალიან ბევრი გამომძიებელია, ვისაც ნამდვილად უყვარს თავისი პროფესია და ისეთ მინიმალურ ხელფასზე ათენებს ღამეებს, რომ ყველას ერთ ქვაბში ნამდვილად ვერ მოვხარშავთ. ვფიქრობ, ამ კარგი გამომძიებლების ცუდ პოლიციელებთან ერთდ მოხსენიება არასწორია. ბევრი შემთხვევა მქონია, როცა მართლა ობიექტურად გამოუძიებიათ საქმეები, მაგრამ ვინაიდან, ზოგადად, სისტემა ძალიან მოწყვლადია, იქ მესამე პირები ერევიან. როცა ასეთი მნიშვნელოვანი საქმეა, სისტემამ შეიძლება ისეთ გამომძიებელს ჩააბაროს საქმე, რომელიც მათთვის სასურველ ვერსიას დადებს ან შეიძლება ისეთმა გამომძიებელმა აიღოს საქმე, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აღმოაჩნდეს ან ისეთი გამომძიებელი დაინიშნოს, რომლის შემოსავალიც მხოლოდ სამსახურზეა დამოკიდებული და დაემუქრონ მისი დაკარგვით. ასეთ რეზონანსულ საქმეებზე ყოველთვის არჩევენ სუსტ რგოლებს. რამდენჯერ გვინახავს, რომ გამოძიება დაუწყია კონკრეტულ გამომძიებელს და შემდეგ იგივე საქმე სხვისთვის გადაუციათ. „ბაჩალიაშვილის საქმეც“ სხვა საგამოძიებო სტრუქტურამ დაიწყო და სხვას გადაეცა იმის გამო, რომ საზოგადოებისგან დიდი რეზონანსი მოჰყვა, რადგან არანაირი საგამოძიებო მოქმედებები არ ტარდებოდა. როდესაც კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია, მხოლოდ ამის შემდეგ საგამოძიებო უწყებები იძულებული არიან, ქმედითი ნაბიჯები გადადგან.
პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ერთი შეკითხვა: ვინ ემუქრებოდა სატელეფონო ზარებით ამ ოჯახს, რომ გაჩერებულიყვნენ? როდესაც გვინდა, რომ გავარკვიოთ ამ საქმეში არის თუ არა მესამე პირის დაინტერესება, მნიშვნელოვანია გავიგოთ, თუ ვინ ახორციელებდა ზეწოლას ოჯახის მიმართ? სწორედ ასეთი მოქმედებები იწვევს დაბალი ნდობის ხარისხს და ამიტომაც არის ბევრი კითხვის ნიშანი.
_ პირდაპირ გკითხავთ, სისტემა უნდა დაინგრეს?
_ სისტემის შეცვლა არ ნიშნავს, რომ ყველა პოლიციელი თუ გამომძიებელი სახლში გასაშვებია. პირველ რიგში, დამოუკიდებლობის ხარისხია ასამაღლებელი, ანუ კანონმდებლობის დონეზე გამომძიებლისა და პოლიციის, რომ მესამე პირების ჩარევა სამართლებრივად უფრო გართულდეს. მეორე: უნდა გავმიჯნოთ ადამიანის უფლებების დამრღვევი პოლიციელები და ისინი უნდა დავითხოვოთ. უნდა წავახალისოთ ის პოლიციელები, რომლებიც უანგაროდ ემსახურებიან სისტემას. ეს რეფორმა უნდა იყოს ფაქიზი და ფრთხილი, რადგან უკიდურესობაში არ გადავვარდეთ.
_ არსებული ვითარება გაძლევთ თუ არა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ შესაძლოა, ორივე საქმე თაროზე შემოდონ და სიმართლე ბოლომდე მაინც ვერ გაირკვეს, პასუხგაუცემელი დარჩეს კითხვებიც და დაუსჯელი _ კონკრეტული დამნაშავეები?
_ მე ვიცავდი „ომეგა ჯგუფს“, სადაც დაზარალებული მხარე ვიყავით. უამრავი მტკიცებულება შევიტანეთ პროკურატურაში. შესაბამისად, პროკურატურის ნება რომ ყოფილიყო, ძალიან ბევრ მაღალჩინოსანს მისცემდნენ პასუხისგებაში, მაგრამ ეგ საქმეც თაროზე შემოდეს და მანამ, სანამ პოლიტიკური ნება არ იქნება, აღნიშნულ საქმეზე არავის წაუყუნებენ ბრალს. რაღაც დონეზე შეიძლება პარალელი გავავლოთ ამ საქმესა და „ბაჩალიაშვილის საქმესთან“ მიმართებით, მაგრამ „ბაჩალიაშვილის საქმეში“ ყველაფერი უფრო დამოკიდებულია საზოგადოების აქტიურობაზე. რაც შეეხება „შაქარაშვილის საქმეს“, ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში რამდენიმე ადამიანს ბრალს წაუყენებენ, მაგრამ ბრალის წაყენება ხომ არ ნიშნავს, რომ აპრიორი გამამტყუნებელი განაჩენი გამოდის. გამამტყუნებელი განაჩენი რომ გამოვიდეს, აუცილებელია იყოს უტყუარი მტკიცებულებები და მოწმეებმა კი ოთხჯერ-ხუთჯერ შეცვალეს ჩვენებები. შეიძლება ბრალი წაუყენოს პროკურატურამ, მაგრამ როცა მოწმეებს 4-5-ჯერ აქვთ შეცვლილი ჩვენები, ასეთი მტკიცებულებები სასამართლოს არ ეყოფა. ბრალიც თუ წაუყენეს, ესეც საზოგადოების გამარჯვება იქნება, რადგან დღეს რა საგამოძიებო მოქმედებებიც ჩატარდა, ამან შეიძლება რეალური დამნაშავე პირები გამოკვეთოს. გამოძიების ნახევარზე მეტი ჩატარდა მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა, მათ შორის, ქალბატონმა ელისო კილაძემ და ადვოკატებმა ასეთი რეზონანსი მივეცით ამ საქმეს და კონკრეტული მოქმედებები გამოვკვეთეთ, მაგრამ ბევრად გაჭირდება იგივეს გაკეთება „ბაჩალიაშვილის საქმის“ შესახებ.
_ რატომ?
_ იმიტომ, რომ საზოგადოებას, ჟურნალისტებსა და ადვოკატებს არ აქვთ საშუალება, მტკიცებულებები შეისწავლონ, რისი საშუალებაც იყო „შაქარაშვილის საქმეზე“. „ბაჩალიაშვილის საქმეზე“ მხარე არ არის ჯერჯერობით გამოკვეთილი, შესაბამისად, საქმის მასალები არავის გადაეცემა და ძალიან გაჭირდება საზოგადოების ჩარევა.
_ „ბაჩალიაშვილის საქმესთან“ დაკავშირებით შსს-მ ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომ გაუჩინარების წინა დღეს ის „გუგლში“ თვითმკვლელობის გზებს ეძებდა. ამ ნაწილში მინდა გავიხსენო „ციანიდის საქმე“, სადაც თქვენ დეკანოზ მამალაძის ადვოკატი ხართ. მამალაძის _ საქმეშიც ასევე მსგავსი გარემოება იკვეთება. გამოძიების თანახმად, ისიც „გუგლში“ ეძებდა ციანიდს. რას ცდილობს გამოძიება?
_ დეკანოზი მამალაძე ამბობს, შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა, ციანიდი ეშოვა. დამაინტერესა, რა მიზნით სჭირდებოდაო, რადგან შორენას უთქვამს, ხატებზე ოქროს გამოსაკვეთად მინდაო. ამიტომ დაგუგლა დეკანოზ მამალაძემ, მართლა შესაძლებელი იყო თუ არა ციანიდის ამ მიზნით გამოყენება. დაგუგვლის შედეგად კი აღმოჩნდა, რომ ციანიდის გამოყენება შეიძლება როგორც მოწამვლის მიზნით, ასევე _ ოქროს გამოსაკვეთად. ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება ინფორმაციის მიღების მიზნით დაგუგლოს ციანიდიც და თვითმკვლელობის გზებიც. ეს არ შეიძლება გახდეს იმის მტკიცებულება, რომ თამარ ბაჩალიაშვილი თავს იკლავდა, ასევე არ შეიძლება ეს იყოს იმის მტკიცებულება, რომ დეკანოზს ვინმეს მოსაწამლად სჭირდებოდა ციანიდი. ეს არ არის ის მტკიცებულება, რომ სასამართლოში გამოსადეგარი იყოს. უბრალოდ, გამოძიება ცდილობს, მათთვის სასურველი ვერსია საზოგადოებას თავს მოახვიოს.
_ როგორია ამჯერად მამა გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობა?
_ მამა გიორგისთან რამდენიმე დღის წინ ვიყავი. რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომრეობას, საკაცეზე წევს, ხელი და ფეხი გაჩერებული აქვს და უკვე კუნთის განლევა ეწყება იმის გამო, რომ მკურნალობა ვერ ტარდება. სასამართლომ სასჯელის გადავადებაზე უარი იმ მოტივით თქვა, რომ ციხეში მკურნალობის საშუალება არსებობსო. პირიქით აღმოჩნდა.
_ რამდენი ხანია, რაც ასეთ მდგომრეობაშია?
_ წელიწადი და 7 თვეა, რაც საკაცეზე წევს, ანუ ეტლითაც ვერ გადაადგილდება.
_ რა გითხრათ, რაზე ისაუბრეთ, რაიმე თუ დაგაბარათ?
_ მხოლოდ ოჯახის წევრების ამბები აინტერესებდა. შევდივარ ხოლმე იმის გამო, რამე ისეთი პრობლემა ხომ არ აქვს, რომ დავეხმარო.
_ სასულიერო პირებიდან ვინმე ნახულობს?
_ სასულიერო პირებიდან ვინც მიდიოდა, მეუფე პეტრესა და მამა ანდრიას მღვდელმსახურება შეუჩერეს და სხვები დიდად არც მანამდე იკლავდნენ თავს შესვლით და ახლა ხომ _ საერთოდ.
_ გასაგებია, რომ რთული ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს, მაგრამ როგორია მისი განწყობა?
_ ოთხი წელი ხდება, რაც დაკავებულია, აქედან წელიწად-ნახევარია, ხელ-ფეხი გაჩერებული აქვს და საკაცეზე წევს. მიუხედავად ამისა, საკმაოდ ოპტიმისტურად არის განწყობილი.
გიორგი საკარული