QronikaPlus
არჩილ კბილაშვილი ახალ სკანდალში ეხვევა?

არჩილ კბილაშვილი ახალ სკანდალში ეხვევა?

2019-09-20 07:02:57

მეხუთე წელია, „ქრონიკა+“ თბილისში, პეტრიაშვილის ქ. #1-ში მდებარე ღვინის ქარხნის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აშუქებს, რომელიც, ჯერ კიდევ, 2014 წლის დეკემბერში დაიწყო და დღემდე გრძელდება. დაუსრულებელი სასამართლო პროცესები, ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილისა და მისი ბიზნესპარტნიორ გიორგი მგალობლიშვილის სარჩელი კეთილსინდისიერი მყიდველების წინააღმდეგ, უზენაესი სასამართლოს სრულიად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების თაობაზე, რამდენჯერმე გადადებული სააპელაციო კოლეგიის სხდომა, _ ცხადად მეტყველებს იმ უსამართლობაზე, რაც კონკრეტულ საქმესთან მიმართებით ხდება. „ქრონიკა+“ აგრძელებს ჟურნალისტურ გამოძიებას თბილისში, პეტრიაშვილის პირველში მდებარე ყოფილი ღვინის ქარხნის საკუთრების უფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. „ქრონიკა+“-მა ამჯერად მნიშვნელოვანი დოკუმენტები მოიპოვა, _ ყოფილი მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი, რომელიც ამჟამად მოდავე კომპანიის (სს „სავანე ღვინის #1 ქარხნის“) ადვოკატია, შესაძლოა, სერიოზულ სკანდალში გაეხვიოს. გაზეთის მკითხველისთვის კარგად არის ცნობილი, რომ თბილისში, პეტრიაშვილის ქ. #1-ში მდებარე ღვინის ქარხანა წარმოადგენს კერძო პირების საკუთრებას, რომელიც 2013-2014 წლებში იქნა გამოსყიდული საქართველოში მოქმედი ორი ყველაზე მსხვილი კომერციული ბანკისგან („თBჩ ბანკი“ და „საქართველოს ბანკი“). ობიექტის შესყიდვა მოხდა სრულიად გამჭვირვალედ და მას უშუალოდ ზედამხედველობდა საქართველოში ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე ორი უმსხვილესი ბანკი. ამის მიუხედავად, 2014 წლის დეკემბერს სასამართლოში დაიწყო სამოქალაქო დავა, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელე სს „სავანე ღვინის #1 ქარხანა“ ითხოვს, რომ ობიექტი, რომელიც რამდენიმე მილიონ აშშ დოლარად შეიძინეს ინვესტორებმა, მათ ჩამოერთვას და საკუთრებაში გადაეცეს მოსარჩელეს. სარჩელში სს „სავანე ღვინის #1 ქარხანა“ აცხადებს, რომ 2004 წელს იყო აღნიშნული ქონების მესაკუთრე, მაგრამ საკუთრება იმის გამო დაკარგა, რომ პირთა დანაშაულებრივმა ჯგუფმა, გიორგი მგალობლიშვილის ორგანიზატორობით, მათგან უკანონოდ მოტყუებით მიიტაცა ღვინის ქარხნის მთელი ტერიტორია. ანუ, მართალია, ქონება 2004 წელს გაიყიდა, მაგრამ აღნიშნული ნასყიდობა იყო თვალთმაქცური და რეალურად ქონების მისაკუთრება იმ პერიოდისთვის დანაშაულებრივად განახორციელა პირთა ჯგუფმა გიორგი მგალობლიშვილის ორგანიზატორობით. გაზეთის მკითხველისთვის ასევე ცნობილია, რომ თემაში მეტი სიცხადის შესატანად „ქრონიკა+“ დაინტერესდა იმ საკითხების გარკვევით, თუ რეალურად რა პროცესები განვითარდა ღვინის ქარხნის ირგვლივ 2004-2006 წლებში და მართლაც გამოარკვია შემდეგი: 2006 წელს საქართველოს პროკურატურაში დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება სს „სავანე ღვინის #1 ქარხნის“ ხელმძღვანელების მიმართ, რომელთაც ბრალი ედებოდათ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებაში. ბრალდება შეეხებოდა სწორედ ღვინის ქარხნის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებას და ამ დანაშაულში მაშინ ბრალი წაყენებული ჰქონდა ათამდე პირს, მათ შორის, მთავარ ბრალდებულად მიჩნეული იყო სწორედ ზემოთ ნახსენები გიორგი მგალობლიშვილი. გიორგი მგალობლიშვილს ღვინის ქარხნის უკანონოდ დაუფლებისთვის 2008 წლის 10 დეკებერს თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, მაგრამ, სხვა „რიგითი“ ბრალდებულებისგან განსხვავებით, მას რეალურად მსჯავრი არ შეხებია. „ქრონიკა+“-ს კონფიდენციალურმა წყარომ სკანდალური დოკუმენტი მიაწოდა, რომლითაც ცხადი ხდება, თუ როგორ შეძლო სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებაში მხილებულმა დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორმა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან თავის არიდება და რა პირდაპირი გავლენა აქვს აღნიშნულს ამჟამად მიმდინარე სამოქალაქო დავასთან. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, გიორგი მგალობლიშვილი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან განთავისუფლდა 2013 წლის 24 ივლისს. იგი გაათავისუფლეს იმის გამო, რომ დაზარალებულმა სს „სავანე ღვინის #1-მა ქარხნამ“ სისხლის სამართლის სასამართლოში წერილობით დაადასტურა მისი განცხადება იმის თაობაზე, რომ გიორგი მგალობლიშვილს კომპანიისთვის ზიანი არ მიუყენებია. ამის დასტურად კონფიდენციალურმა წყარომ „ქრონიკა+“-ს მიაწოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 24.07.2013 წლის განჩინება, ასევე სს „სავანე ღვინის #1 ქარხნის“ აქციონერთა გადაწყვეტილებები, რომლითაც ირკვევა, რომ სს „სავანე ღვინის #1 ქარხანა“ არ მიიჩნევს თავს დაზარალებულად გიორგი მგალობლიშვილის ქმედებების შედეგად. კონკრეტულად, 2010 წლის 14 ოქტომბერს გაფორმებულ სს „სავანე ღვინის ქარხნის“ აქციონერთა კრების ოქმში, რომელსაც კრების თავმჯდომარე ჯორჯ უილიამს კურტისი აწერს ხელს, ნათქვამია, რომ აქციონერთა კრების გადაწყვეტილების მოხედვით, გიორგი მგალობლიშვილის ქმედებებს სააქციო საზოგადოება „სავანე _ ღვინის #1 ქარხნისთვის“ არავითრი ზიანი არ მოუტანია და, შესაბამისად, სააქციო საზოგადოება „სავანე _ ღვინის #1 ქარხანა“ გიორგი მგალობლიშვილის ქმედებების შედეგად თავს დაზარალებულად არ მიიჩნევს“. 2014 წლის დეკემბერში სამოქალაქო სასამართლოში აღძრულ სარჩელში მოსარჩელე მხარე სრულიად საპირისპიროს ამტკიცებს, თავს განიხილავს დაზარალებულად და ითხოვს გიორგი მგალობლიშვილის დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ გასხვისებული საკუთრების უკან, მის სახელზე აღრიცხვას. ერთი და იგივე მოვლენის სხვადასხვა სასამართლოში განსხვავებულად წარმოჩენა ცხადია, სერიოზულ კითხვებს ბადებს, _ ხომ არ ხდება ისევ ქონების მიტაცების მცდელობა? და ეს კითხვები განსაკუთრებით მძაფრდება იმ ფონზე, როდესაც გიორგი მგალობლიშვილის უკან დგას საკმაოდ გავლენიანი ადვოკატი, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, არჩილ კბილაშვილი. როგორც ზემოთ აღინიშნა, 2004-2006 წლებში ღვინის ქარხნის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებაში ბრალი წარედგინა ათამდე პიროვნებას, ამასთან, მათ შორის, მთავარ ბრალდებულად მიჩნეული იყო სწორედ გიორგი მგალობლიშვილი, რომელსაც აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, მაგრამ მას რეალურად სასჯელი არ მოუხდია. აღნიშნული პიროვნების ადვოკატი იმ დროს გახლდათ არჩილ კბილაშვილი. 2012 წელს ადვოკატი არჩილ კბილაშვილი საქართველოს მთავარი პროკურორი გახდა, _ ამ ცვლილების სიკეთემ არ დააყოვნა სწორედ ყოფილი კლიენტის, გიორგი მგალობლიშვილის მიმართ _ საქართველოს პროკურატურის შესაშური ოპერატიულობით ძებნილი გიორგი მგალობლიშვილი 2013 წლის 24 ივლისს საერთოდ განთავისუფლდა მისთვის შეფარდებული სასჯელის მოხდისგან! ამის მიუხედავად, ის საქართველოში არ დაბრუნებულა არც დამატებითი დივიდენდის მიღების შემდეგ, როცა ეკა ბესელიამ მგალობლიშვილი პოლიტპატიმრების დამატებით სიაში შეიყვანა. თუმცა პროცესები ამით არ დასრულებულა _ როგორც კი გიორგი მგალობლიშვილმა შეფარდებული სასჯელისგან თავი გაითავისუფლა, 2014 წლის დეკემბერში ისევ თავის ადვოკატ არჩილ კბილაშვილის იურიდიული მეცადინეობით წამოიწყო დავა ღვინის ქარხნის მოქმედი მესაკუთრეების მიმართ სამოქალაქო სასამართლოში სს „სავანე ღვინის #1 ქარხნის“ სახელით, ანუ იმ კომპანიის სახელით, რომლის ქონების მიტაცებისთვის ერთხელ უკვე ჰქონდა მისჯილი 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და რომელმაც 2013 წელს პროკურატურასა და სისხლის სამართლის სასამართლოს განუცხადა, რომ გიორგი მგალობლიშვილს, თურმე, კომპანიისთვის არავითარი ზიანი არ მიუყენებია! ამ პროცესში კი განსაკუთრებით ტრაგიკულად გამოიყურება ყველა იმ აქციონერის „სამომავლო პერსპექტივა“, რომელთაც გულწრფელად სჯერათ, რომ თუკი მოდავე კომპანია სს „სავანე ღვინის #1 ქარხანა“ დავას მოიგებს, მათ ღვინის ქარხნის ტერიტორია დაუბრუნდებათ. რეალურად კი ვითარება სრულიად სხვაგვარია. როგორც „ქრონიკა+“-ის კონფიდენციალური წყარო ირწმუნება, მოდავე კომპანია „სავანე ღვინის #1 ქარხნის“ რეალურ აქციონერს წარმოადგენს სწორედ გიორგი მგალობლიშვილი მასთან უშუალოდ დაკავშირებული პირების მეშვეობით, რომელიც ფაქტია, ძალიან კარგად და ეფექტიანად ერგება მისი ადვოკატის სტატუსის ყველა ცვლილებას! საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები „ქრონიკა+“-ის მიერ ამ დოკუმენტების მოპოვებისა და გამოქვეყნების შემდეგ? თბილისის სააპელაციო სასამართლოში პროცესი გადადებულია.

ელისო კილაძე

 

გაზიარება