რით განსხვავდება „ნაციონალების“ მმართველობის ყბადაღებული 9 წელი „ოცნების“ 7-წლიანი მმართველობისგან? _ ეს არის კითხვა, რომელზედაც ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. ყოველ შემთხვევაში, ანალიტიკოსების აბსოლუტური უმრავლესობა თანხმდება, რომ იმ „ცუდების“ მართვის ცუდი მეთოდები ამ „ცუდებმაც არათუ გადმოიღეს, არამედ შეისისხლხორცეს და „ოცნებაც“ ქვეყანას, პრინციპში, იმ მეთოდებით მართავს, როგორი მეთოდებითაც „ნაციონალური მოძრაობა“ მართავდა.
რასაკვირველია, გამოჩნდებიან „ოცნების“ მიმდევრები, რომლებიც იტყვიან, რომ 2012 წლის შემდეგ ხალხს ქუჩაში აღარ ხოცავენ, მაგრამ ესეც ზერელე ნათქვამი იქნება, რადგან მას შემდეგ, რაც ქვეყნის მართვის სადავეები ივანიშვილის პოლიტიკურმა გუნდმა გადაიბარა, არაერთი გახმაურებული მკვლელობა მოხდა, რომლის კვალიც, პირდაპირ თუ ირიბად, უმაღლეს თანამდებობის პირებამდე თუ არ მიდის, ცალკეული სახელმწიფო უწყების დანაშაულის ნიშნები მაინც იკვეთება, თუმცა ამჯერად საუბარს სხვა კუთხით ვაპირებთ.
კერძოდ, „ქრონიკა+“ ყურადღებას იმაზე გამახვილებს, რომ როგორც 2012-მდე, დღესაც ბიზნესი სერიოზული წნეხის ქვეშ არის, ანუ ისევ აქტუალურია ბიზნესისთვის წილების ახევა.
ამ მხრივ, უბრალოდ, მეთოდები შეიცვალა, ანუ თუ წინა ხელისუფლების დროს ბიზნესმენი, იმის შიშით, რომ ციხეში არ მოხვედრილიყო, შუაღამისას იღებდა გადაწყვეტილებას და საკუთარ ქონებას სახელმწიფოს ჩუქნიდა, რის შემდეგაც ეს ქონება მმართველ ელიტასთან დაახლოებული სუბიექტების ხელში ხვდებოდა, ამჟამად ბიზნესმენები პირდაპირ სარდაფებში ჩაჰყავთ ან დახურულ შეხვედრებზე ოთხ თითს აჩვენებენ და წილის დათმობას აიძულებენ.
ამ მხრივ ყველაზე თვალნათელი მაგალითი „ომეგას“ გარშემო განვითარებული მოვლენებია.
სხვათა შორის, ყველაფერ იმაზე, რაც „ომეგას“ სკანდალთან დაკავშირებით ფარული ჩანაწერებიდან გახდა ცნობილი, გამოძიება კი დაიწყო, მაგრამ არც ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაუკითხავთ და არც ამ ფარული ჩანაწერების ის ფიგურანტები, რომლებიც სხვადასხვა დროს უმაღლეს სამთავრობო თანამდებობებს იკავებდნენ და რომელთა მიმართაც არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ბიზნესის ახევის სქემებში მონაწილეობდნენ და შესაძლოა, ახლაც მონაწილეობენ.
ისე, როგორც ირკვევა, „სარდაფი“ ბიზნესზე ზეწოლის არალეგალური ფორმაა, თუმცა იმისთვის, რომ მეწარმეები კუთხეში მიამწყვდიოს, „ოცნების“ ხელისუფლება სხვა, ანუ ლეგალურ მეთოდებსაც იყენებს და ამის ნათელი მაგალითია ფინანსთა მინისტრის 31 მაისის ბრძანება, რომლის თანახმადაც, საბაჟო გადასახადის გადახდის ვადა 30-დან 5 დღემდე შემცირდა.
კერძოდ, მინისტრის გადაწყვეტილებით, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის #290 ბრძანებაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვით, იმპორტის გადასახდელების გადახდის 5-დღიანი ვადა გავრცელდება „ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილ საქონელზეც (ნაცვლად მანამდე მოქმედი 30-დღიანი ვადისა) და წინასწარ (საქონლის შემოტანამდე) დეკლარირებულ საქონელზეც (ნაცვლად მანამდე მოქმედი 15-დღიანი ვადისა). ცვლილება შეეხება ე. წ. ოქროს სიის წევრ 217 კომპანიას.
ეკონომიკის ექსპერტები, ასევე თავად ბიზნესმენებიც ამბობენ, რომ ეს ბრძანება ივანე მაჭავარიანმა ფარულად მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიზნესსექტორთან წინასწარი კონსულტაციები არ ჰქონია და მწარმოებლები, ძირითადად, იმპორტიორები, ფაქტის წინაშე დააყენა.
ამასთან, ეკონომიკაში ჩახედული ადამიანები იმასაც ამბობენ, რომ ფინანსთა მინისტრის აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ეწინააღმდეგება.
საქმე რომ ძალიან ცუდად არის, თუნდაც იქიდანაც გამოჩნდა, რომ საბაჟო გადასახადის ვადის შემცირება თავად ბიზნესომბუდსმენის აპარატმაც გააპროტესტა. არადა, ბოლოდროინდელ ბიზნესდავებში ეს უწყება, როგორც წესი, „ოცნების“ ინტერესებს იცავს ხოლმე.
„ბიზნესმენებისა და ფინანსთა მინისტრის შეხვედრის შემდეგ ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, რომ მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. მისი თქმით, ივანე მაჭავარიანი პრინციპულ პოზიციაზეა და საბაჟო გადასახადის ძველი ვადის დატოვებას არ აპირებს. მისივე თქმით, მოლაპარაკებებს მთავრობასთან გააგრძელებენ.
ლექვინაძე განმარტავს, რომ მინისტრის ბრძანებაში ეს ცვლილება ბიზნესისთვის სიურპრიზი იყო. მისივე თქმით, „მტკივნეული საკითხი“ ისაა, რომ ინფორმაცია პოსტფაქტუმ მიიღეს, ფინანსური მოდელის გადაწყობა კი რთულია“, _ ეს ინფორმაცია ქართულმა ბიზნესგამოცემებმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელეს.
მედიამ საზოგადოებას ისიც ამცნო, რომ საბაჟო გადასახადის ვადის შემცირება ე. წ. ოქროს სიის კომპანიებსაც შეეხება. აი, ყველაზე მნიშვნელოვანი კი სწორედ ეს დეტალია, რადგან „ოქროს სიაში“, როგორც ირკვევა, თითქმის ყველა წარმატებული ბიზნესია შესული. საუბარია 217 იმ მსხვილ კომპანიაზე, რომელზედაც ჩამოშლილი ქართული ეკონომიკა დგას.
საბაჟო გადასახადის ვადის შემცირება შეეხება აბსოლუტურად ყველა სახის ბიზნესს, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი რეგულაცია აქციზური საქონლის მიმართ 12 ივნისიდან უკვე ამოქმედდა. სხვა შემთხვევაში კი მაჭავარიანის ბრძანება მომავალი თვიდან, ანუ 2 ივლისიდან ამოქმედდება.
ერთადერთი სფერო, რომელსაც ვადების შემცირება, ჯერჯერობით, არ შეხებია, ხორბლის იმპორტია, ანუ გადასახადის გადახდის ძველი ვადა დარჩა ე. წ. ოქროს სიის მონაწილის კუთვნილ, „სეს ესნის“ 1001 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებულ ხორბალზე.
ბიზნესმენთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის მაჭავარიანის გადაწყვეტილება შოკი აღმოჩნდა.
„ამ რეგულაციის შედეგად არსებობს ალბათობა, რომ კონკრეტულმა კომპანიებმა საკუთარი საქმიანობის გაგრძელება ვეღარ შეძლონ“, _ უთხრა „ქრონიკა+“-ს საშუალო ბიზნესის ერთ-ერთმა წამომადგენელმა, რომელმაც ვინაობის გამხელისგან თავი იმიტომ შეიკავა, რომ არ უნდა, ზედმეტი პრობლემები შეექმნას.
„თქვენს გაზეთს მთელი საქართველო კითხულობს. ზუსტად ვიცი, რომ სამთავრობო უწყებები სამშაბათის გათენებას შიშით ელოდებიან, „ქრონიკა+“-ში ჩვენზე ხომ არაფერი წერიაო. ჰოდა, ამ წერილსაც წაიკითხავენ და ჩემს გვარს რომ ნახავენ, ზუსტად ვიცი, ან ფინანსურში დამიბარებენ, ან ვინმეს გამომიგზავნიან და თითს დამიქნევენ. ამიტომ, მირჩევნია, ინკოგნიტოდ დავრჩე“, _ გვითხრა მეწარმემ, რომელიც არ გამორიცხავს, რომ იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ ავტონომიურ რეჟიმში, ანუ ბიზნესმენებთან კონსულტაცების გარეშე მიიღო, ყველა სახის პროდუქცია გაძვირდეს. გაძვირებული პროდუქცია კი ისედაც გაღატაკებულ მოსახლეობას ახალ თავის ტკივილს გაუჩენს, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა ეროვნული ვალუტა სულს ღაფავს და ამის გამო პირველადი მოხმარების ბაზარს ცეცხლი უკიდია.
რატომ მიიღო ხელისუფლებამ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ბიზნესს, შესაბამისად, ეკონომიკას აზარალებს და, ამავდროულად, ასოცირების ხელშეკრულებასთანაც მოდის წინააღმდეგობაში?
ეს კითხვა „ქრონიკა+“-მა რამდენიმე ბიზნესმენს დაუსვა, თუმცა მათ პასუხის გაცემა გაუჭირდათ.
„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიის“ პრეზიდენტმა, თემურ ჭყონიამ კი ერთ-ერთ საჯარო კომენტარში პირდაპირ განაცხადა, რომ ივანე მაჭავარიანის ზემოხსენებულ ბრძანებას ბიზნესი არაკომფორტულ ზონაში გადაჰყავს:
„ეს იყო ჩემთვის შოკი იმიტომ, რომ არასდროს, ათეული წლების განმავლობაში, ჩვენი სამსახური ისე მუშაობს, რომ ასეთი შემთხვევა არ ჰქონია. ეს არის პირველი, ე. ი., გაუფრთხილებლობა და არაინფორმირება იყო სახელმწიფოს მხრიდან, რაც ცუდია. სულ ნახევარსაათიანი პრეზენტაციის გაკეთება უნდა, თუ რატომ ცვლის სახელმწიფო რეგულაციებს. ნაადრევი გადახდის გამო ბევრ ბიზნესმენს ბევრი რამე ექნება გადასაწყობი. შეიძლება, ზოგიერთმა ბრუნვიდან ფული ამოიღოს და ამის გამო ფულის დეფიციტი გაუჩნდეს. უფრო კომფორტულიდან გადავდივართ არაკომფორტულ სიტუაციაზე“.
საბაჟო გადასახადის ვადის 5-დღემდე შემცირება ასევე ღიად გააპროტესტა British American Tobacco-ს კორპორაციულმა დირექტორმა ზვიად სხვიტარიძემ, რომელმაც ახალ რეგულაციებს მედიასთან საუბრისას მავნებლობა უწოდა და „ოცნებას“ ბიზნესმენებთან კომუნიკაციაც დაუწუნა:
„არანაირი კომუნიკაცია, ანუ პოსტფაქტუმ ვიგებთ ამ რეგულაციის შესახებ. ამით ხდება ბიზნესის კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩაგდება, რადგან გვეუბნებიან, რომ გადასახადი 5 დღეში გადაიხადეთო. ეს შეუძლებელია. ამას გარდა, ამით პირდაპირ საქართველოს საინვესტიციო იმიჯი ზიანდება. არ ვიცი, ამას ვინ აკეთებს, მაგრამ ეს მავნებლობაა!“
მეწარმეებთან ერთად ივანე მაჭავარიანის ბრძანება კრიტიკის ქარცეცხლში ბიზნესის დამცველებმაც გაატარეს. ასე, მაგალითად, „გადასახადის გადამხდელთა კავშირში“ პირდაპირ აცხადებენ, რომ ახალი რეგულაციები არა მარტო გაუგებარია, არამედ ბიზნესზე ნეგატიურადაც აისახება.
„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაშიც“ იზიარებენ მოსაზრებას, რომ საბაჟო გადასახადების გადახდის ვადის 5 დღემდე შემცირება ბიზნესს სერიოზულ დარტყმას მიაყენებს.
მეტიც, ასოციაციაში ამბობენ, რომ მაჭავარიანის ე. წ. ნოვაცია ჩვეულებრივი უკანგადადგმული ნაბიჯია.
კიდევ ერთი ბიზნესმენი, რომელიც მაჭავარიანის გადაწყვეტილებასა და ახალ რეგულაციებს ეწინააღმდეგება, „რედიქს“ ჯგუფის დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილია, რომელიც მიიჩნევს, რომ მსგავსი სახის გადაწყვეტილებები ბიზნესისთვის ზიანის მომტანია.
პაპაშვილი განსაკუთრებით ე. წ. ოქროს სიის გაუქმებას აპროტესტებს და ამბობს, რომ ეს სია კი არ უნდა შეიზღუდოს, არამედ, გაფართოვდეს:
„დაგროვილი გამოცდილება აჩვენებს, რომ ეს სისტემა კარგად მუშაობდა და გაუქმებაზე კი არა, გაფართოებაზე უნდა ვიზრუნოთ. მგონი, ვერ გრძნობენ, რამდენად აზიანებს ეს ბიზნესს და რამდენად მნიშვნელოვანია ყოველი წუთი ბიზნესმენისთვის მზარდი ეკონომიკის პირობებში. თუ „ოქროს სიაში“ 200 კომპანია იყო, ახლა 1000 კომპანია უნდა შევიდეს“.
ზოგადად, ივანე მაჭავარიანის ფარულად მიღებული გადაწყვეტილება, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, გამანადგურებელ დარტყმას „ოქროს სიაში“ მყოფ კომპანიებს მიაყენებს.
რა არის „ოქროს სია“?
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს კომპანია „ოქროს სიაში“ იმ შემთხვევაში შეჰყავს, თუ მას საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე იმპორტში ან ექსპორტში დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულების მაღალი მაჩვენებელი უფიქსირდება. ეს მაღალი მაჩვენებელი კი არანაკლებ 5 მილიონი ლარი უნდა იყოს. „ოქროს სიის“ წევრობა კომპანიისთვის ერთგვარი პრივილეგიაა, ანუ თუ ბიზნესმენი „ოქროს სიაშია“, ის გამარტივებული საბაჟო პროცედურებით და იმპორტის გადასახდელების გადახდის განსხვავებული ვადით სარგებლობს.
ხელისუფლების მტკიცებით, ახალი რეგულაციები „ოქროს სიის“ წევრ კომპანიებს იმიტომ შეეხო, რომ ყველა მწარმოებლისთვის თანაბარი პირობები არსებობდეს და შესაბამისად, ბიზნესის კეთებაც კონკურენტუნაირანი გახდეს.
ეს არგუმენტი, ერთი შეხედვით, მისაღებია, მაგრამ როგორც აღვნიშნეთ, ბიზნესისა და საქმიანი წრეების წარმომადგენლები ასე არ ფიქრობენ და ერთმნიშვნელოვნად ამბობენ, რომ მაჭავარიანის ბრძანება ბიზნესს „სულს ამოხდის“.
„პროდუქციას ჯერ იმ 30 დღეშიც ვერ ვყიდდით და ახლა ამხელა თანხის გადახდა 5 დღეში როგორ უნდა მოვახერხოთ? ჩემს შემთხვევაში საუბარია 10 მილიონ ან შეიძლება, ცოტა მეტზე და ამდენი ფული საიდან უნდა მოვიტანო?“ _ რიტორიკულად იკითხა „ქრონიკა+“-თან საუბრისას ერთ-ერთმა იმპორტიორმა, რომელმაც აქვე მოსაზრება გამოთქვა, თუ რას უკავშირდება მაჭავარიანის ფარულად მიღებული გადაწყვეტილება, ანუ მეწარმეთა უმრავლესობის გონივრული ეჭვით, ხელისუფლება ბიუჯეტის შევსებას ვერ ახერხებს და სწორედ ამიტომაც გადაწყვიტა ბიზნესის დახრჩობა.
ეს ვერსია მთლად ულოგიკო არ უნდა იყოს, რადგან რეგულაციებით და ჯარიმებით სახელმწიფო ხაზინის შევსება აპრობირებული მეთოდია, მით უმეტეს, მაშინ, როცა არსებობს ინფორმაცია, რომ „ოცნების“ მაღალჩინოსნები ხაზინის ფულს პირადი კეთილდღეობისა და ინტერესებისთვის „უპრაგონოდ“ ხარჯავენ.
ამასთან, ისიც არ არის დასამალი, რომ თითქმის ყველა სახელმწიფო უწყებაში კორუფცია მძლავრობს და შესაბამისად, ბიუჯეტი სერიოზული დარტყმის ქვეშ არის.
ცარიელი ბიუჯეტი კი პირდაპირ ხელისუფლების დისკომფორტის პროპორციულია, ანუ ვერ გასცემს სახელმწიფო ორგანიზაციებში დასაქმებულთა ხელფასებს, დროულად ვერ დარიგდება პენსია, პრობლემები შეიქმნება სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის დაფინანსებაში, მაგალითად, ე. წ. უფასო ჯანდაცვა ჰაერში დარჩება. ყველაფერი ეს კი ხალხში ისედაც არსებულ უკმაყოფილებას კიდევ უფრო გაზრდის და ქვეყანაში შესაძლოა, სოციალურმა ბუნტმაც იფეთქოს.
აქედან გამომდინარე, „ოცნება“, როგორც ჩანს, ვა-ბანკზე მიდის და ბიზნესმენების გაპარსვას იწყებს.
სხვათა შორის, კულუარულად ის ინფორმაციაც არსებობს, რომ უკვე დაიწყეს მეწერამეების დაბარება „სადაც ჯერ არს“ და ურჩევენ, რომ მმართველ პარტიას შემოწირულობა გაუკეთონ.
ის, რომ ბიზნესიდან წილი „ოცნების“ პარტიულ ყულაბაში მიდის, ახალი ამბავი ნამდვილად არ არის _ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის წინ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებში, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიაში „ომეგას სკანდალის“ სახელით შევა, ზუსტად იმაზე იყო საუბარი, რომ სიგარეტის თითო გაყიდული კოლოფიდან სოლიდური თანხა „ოცნების“ სალაროში უნდა წასულიყო.
მართალია, ეს ინფორმაცია „მეოცნებეებმა“ უარყვეს, მაგრამ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამ ფარულ ჩანაწერებზე დაწყებული გამოძიების შედეგები არ გვინახავს, ანუ საგამოძიებო უწყებებს ოფიციალურად არ უარუყვიათ, რომ ყველაფერი ის, რაზედაც ჩანაწერებშია საუბარი, ბლეფია.
საბაჟო გადასახადის გადახდის ვადის შემცირება ბიზნესის სფეროს გასცდა და, როგორც მოსალოდნელი იყო, პოლიტიკური სახე მიიღო, ანუ რამდენიმე დღის წინ პარლამენტში მისულ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძეს ამ თემაზე მწვავე კითხვები დაუსვეს.
„სინამდვილეში, მთავრობამ დისკუსია აბსოლუტურად სხვა მიმართულებით გადაიყვანა, თითქოს შეღავათი 200 კომპანიას გაუუქმდა, რაც ტყუილია და მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, რომ სინამდვილეში, ყველა წვრილი და საშუალო კომპანია სარგებლობდა შეღავათით, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ 15-დღიანი გადახდის პერიოდი ეკუთვნოდა.
ახლა ეს ვადა წაერთვათ. მსხვილი კომპანიები რთულად, მაგრამ ამ საბანკო რეგულაციების პირობებში მაინც მოახერხებენ სესხებზე ხელმისაწვდომობას, მაგრამ წვრილებს რა ეშველებათ?“ _ ჰკითხა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ფინანსთან მინისტრის მოადგილეს, რომელიც ტრიბუნაზე დასჯილი ბავშვივით იდგა და თავის მართლებას ამაოდ ცდილობდა.
აქვე ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომ ახალი რეგულაციით ხელისუფლებამ წვრილი და საშუალო მეწარმე გაკოტრების პირას მიიყვანა.
ერთი სიტყვით, ყველა _ ბიზნესიც და ოპოზიციაც _ ხელისუფლებას უმძიმეს ბრალდებებს უყენებს და ღიად ეუბნება, რომ ის ბიზნესის მესაფლავეა, მაგრამ ამის მიუხედავად, „ოცნება“ თავისას არ იშლის და სულ არ ანაღვლებს, რომ ისტორიაში შესაძლოა, „ბიზნესის მესაფლავის“ სახელით შევიდეს, ანუ როგორც იტყვიან, ძაღლი ყეფს, ქარავანი კი მიდის, ე. ი., ფინანსთა სამინისტრო საკუთარი გადაწყვეტილების გადახედვას არ აპირებს და ამტკიცებს, რომ ბიზნესს კი არ კლავს, არამედ ქართული წარმოების აყვავებაზე ზრუნავს.
„ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ყველა ბიზნესსუბიექტისთვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფა.
დღემდე არსებული რეგულაციით, საბაჟო გადასახდელების გადახდის ნაწილში 217 მსხვილი კომპანია პრეფერენციული პირობით სარგებლობდა, ახლა კი ისინი საშუალო და მცირე ბიზნესთან თანაბარ პირობებში ჩადგებიან.
მეორე მხრივ, ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ ჩვენი საბაჟო პროცედურები და საბაჟო რეგულაციები ჰარმონიზებული იყოს ევროკავშირის საბაჟო კანონმდებლობასთან და ეს გადაწყვეტილება ამ მიმართულებით კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია.
ამ ბიზნესსუბიექტებს გონივრული ვადა მიეცათ ახალ რეგულაციებთან ადაპტაციისთვის. არააქციზური საქონლის იმპორტიორებს ეს ვადა 30 დღის ვადით განესაზღვრათ, ხოლო აქციზური საქონლის იმპორტიორებს _ 10 დღის ვადით“, _
ამბობს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ცოტნე ყავლაშვილი.
მაჭავარიანის კიდევ ერთი მოადგილე, გიორგი კაკაურიძე კი ირწმუნება, რომ გადასახდელების გადახდის ვადის 5 დღემდე შემცირების გამო პროდუქცია არ გაძვირდება, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა ამბობენ ხოლმე, ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო, ანუ ჯერ ერთი, პროდუქცია უკვე გაძვირებულია.
მეორეც, არსებობს ინფორმაცია, რომ საბაჟო გადასახადის გადახდის ვადის შემცირების გამო არაერთი მაღაზია დაიხურება, შესაბამისად, კონკურენცია აღარ იარსებებს და ბაზარზე დარჩენილები მონოპოლისტები გახდებიან. ეს კი ავტომატურად ფასების გაზრდას გამოიწვევს.
ზოგადად, არაკონკურენტული გარემო საქართველოს ეკონომიკისთვის უცხო ნამდვილად არ არის და ეს ყველაზე ნათლად სააფთიქო, ასევე ნავთობიზნესში ჩანს, სადაც დომინანტი სულ ორი-სამი კომპანიაა და ისინი კარტერული გარიგებებით ოპერირებენ.
როგორც ექსპერტები ამბობენ, ზუსტად ამის შედეგია, რომ საქართველოში მედიკამენტებისა და საწვავის ფასი მუდმივად იზრდება.
ამასთან, საგულისხმოა, რომ ფინანსთა სამინისტროს ახალმა რეგულაციებმა შესაძლოა, ინვესტიციებზეც იმოქმედოს და ამით ისედაც სავალალო მდგომარეობაში მყოფი საინვესტიციო გარემო კიდევ უფრო გაუარესდეს, თუმცა ყველაფერ ამას შესაძლოა, დადებითი მხარეც ჰქონდეს.
კერძოდ, წნეხის ქვეშ მოქცეულმა ბიზნესმენებმა ხმა აიმაღლონ და თუ აქამდე რაღაცებს ჩუმად აპროტესტებდნენ, ახლა პროტესტი საჯაროდ გამოთქვან.
ბუნებრივია, ერთი-ორი ისეთი ბიზნესმენი მოიძებნება, რომელიც ხელისუფლებას შეაქებს, მაგრამ ეს საერთო სურათს ვერ შეცვლის, რადგან თუ უკმაყოფილების ტალღა აზვირთდა, მისი გაჩერება გაძნელდება და „ოცნებაც“ იძულებული გახდება, უკან დაიხიოს.
სხვათა შორის, თუ უახლოეს წარსულს გავიხსენებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელისუფლებას მასობრივი პროტესტის ეშინია.
ასე იყო, მაგალითად, ჭიათურის შემთხვევაში, როცა მეშახტეების გაფიცვას მთელი ქალაქი შეუერთდა და მთავრობა იძულებული გახდა, უკან დაეხია.
გასულ წელს კი გადამზიდავების მასობრივ პროტესტს გაუწია მთავრობამ ანგარიში, თუმცა ეს მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა გადამზიდავმა ბენზინი გადაისხა და თავის დაწვით დაიმუქრა.
ყველა ეს მაგალითი ნათელყოფს, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და თუ ბიზნესმენები არ გაჩუმდებიან და ბოლომდე იბრძოლებენ, ამ შემთხვევაშიც ხელისუფლება წაგებულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, თან ბიზნესი ის სფეროა, რომელიც ყველა ხელისუფლებას ყველაზე მეტად სჭირდება და შესაბამისად, მძლავრი პროტესტის ფონზე მას, ალბათ, ანგარიშს გაუწევს!
ისე, ზემოთქმულის მიუხედავად, „ქართული ოცნება“ თავს იწონებს, რომ საქართველოში ბიზნესის კეთება გაადვილებულია. ამას გარდა, თავის დროზე, ივანე მაჭავარიანმა ისიც თქვა, რომ „ბიზნესზე ზეწოლა ამ ხელისუფლების ბუნება არ არის“. აი, უცხოელი დიპლომატები კი სხვანაირად ფიქრობენ.
მაგალითად, ავსტრიის ელჩმა საქართველოში, არად ბენკომ, ერთ-ერთ ინტერვიუში იმ ფაქტორებზე ისაუბრა, რაც ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას ხელს უშლის:
„ვფიქრობ, საქართველოში თაობათა კონფლიქტია, რადგან აქ არის ერთი ჯგუფი, რომელსაც სურს, რომ დასავლეთის ნაწილი იყოს და არსებობს მეორე ჯგუფი, რომელიც დინოზავრებს ჰგავს და სულ სხვა ღირებულებები აქვს, რითაც, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აფერხებენ სწორედ პირველი ჯგუფის წინსვლასა და განვითარებას.
პირადად ავსტრიის მაგალითზე თუ ვისაუბრებთ, ჩვენ მუდმივად გვიწევს საქართველოში იმ პრობლემასთან შეჭიდება და გამკლავება, რასაც გადაწყვეტილების მიუღებლობა და გადაწყვეტილების მიმღები ადამიანების ნაკლებობა ჰქვია. სწორედ ეს წარმოადგენს ყველაზე დიდ დამაბრკოლებელ ფაქტორს, როცა საქართველოში ბიზნესის კეთებაზე მიდგება საქმე. პრობლემაა ისიც, რომ აქ სიმართლეს იშვიათად გეუბნებიან. გარდა ყოველივე ზემოთქმულისა, გამოვყოფდი პრობლემას სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით, რადგან აქ ჩვენ ხშირად ვაწყდებით გადაწყვეტილებების მიღებისას გამჭვირვალობის არარსებობას“.
გიორგი აბაშიძე