ზურა ხუციშვილის ტრაგიკულ ისტორიაზე „ქრონიკა+“-მა რამდენიმე სტატია გამოაქვეყნა. აეროპორტში ოჯახის წევრებთან შესახვედრად წასული ზურა მტკვარში იპოვეს. გამოძიების პირველადი ვერსიით ის ავტომანქანით გადავარდა და დაიხრჩო. მოგვიანებით გაირკვა, რომ ზურა ხუციშვილს საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი მისდევდა.
შვილმოკლული დედა, მანანა ელიბაშვილი, მესამე წელია, უწყებიდან უწყებაში სამართალს უშედეგოდ ეძებს.
„ქრონიკა+“ მანანა ელიბაშვილის წერილს უცვლელად გთავაზობთ:
„მე ვარ შვილმკვდარი დედა, რომელიც უკვე სამი წელია, სამართალს ვეძებ და მკვლელების სათანადო დასჯას ვითხოვ, მაგრამ ამაოდ, რადგან სამართალდამცველ ორგანოებსა და პროკურატურაში მოკალათებული არიან ის უღირსი თანამშრომლები, რომლებიც ხელს აფარებენ პოლიციელთა მხრიდან ჩადენილ დანაშაულს და დანაშაულის დასაფარად კიდევ უფრო მეტ დანაშაულს სჩადიან, მკვლელი პოლიციელები კი მუშაობას განაგრძობენ იგივე სისტემაში და წარმოიდგინეთ, ზოგიერთ მათგანს აწინაურებენ კიდეც.
ჩემი შვილის მკვლელობა ერთ-ერთი და არა ერთადერთი მკვლელობაა, რომელიც ძალიან მძიმე დანაშაულს ეხება, რომელსაც გინდათ, წინასწარ დაგეგმილი სპეცოპერაცია, გინდათ, ტერორისტული აქტი დაარქვით. სრულიად უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე პოლიციის მაღალი თანამდებობის პირების გაუმაძღარ სურვილებს შეეწირა. ამ საქმეში მონაწილეობდნენ ქ. თბილისის პოლიციის სამმართველოს უფროსის მაშინდელი მოადგილე ალექსანდრე ბირთველიშვილი (ახლა ის საპატრულო დეპარტამენტის უფროსის მოადგილეა) და დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს უფროსი სულხან თამაზაშვილი (ახლა ის იმერეთის სამხარეო პოლიციის სამმართველოს უფროსია).
ალბათ თქვენთვის უკვე გასაგებია, რატომ ხდება ამ საქმის მიჩქმალვა და არგამოძიება. რა თქმა უნდა, ჩვენ მიერ მოთხოვნილ სამართლიან შეკითხვებზე პასუხი არ აქვთ და ამიტომ ამბობენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს. ამას გაიძახიან უკვე სამი წელიწადია.
ჩემი შვილი, ზურა ხუციშვილი-ელიბაშვილი 2016 წლის პირველ აგვისტოს ღამით აეროპორტში მიდიოდა. გზად, მარცხენა სანაპიროზე, ნიკოლოზის ეკლესიასთან, პოლიციის მაღალჩინოსნები წამოეწივნენ, რომლებმაც წინასწარ იცოდნენ მისი მარშრუტი და ისეთი პირობები შეუქმნეს (კერძოდ, ნარკოტიკის ჩადება უნდოდათ), რომ ჩემი შვილი გაექცათ, _ იგი გადავიდა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე და დიდი სიჩქარით გააგრძელა გზა დაშვებული ბორბლით, სავარაუდოდ, მას საბურავში ესროლეს. მალევე მანქანას ბორბალი გადასძვრა და ჩემი შვილი დისკით მაინც აგრძელებდა მოძრაობას. გზად მას გამოეკიდა საპატრულო პოლიცია, რადგანაც აღნიშნული მანქანის დაკავების ბრძანება გადაცემული იყო. ბელიაშვილის ქუჩაზე, „ფორდის“ მაღაზიის მიმდებარედ, ჩემი შვილი ვეღარ იმორჩილებს მანქანას, აჩერებს და მტკვრის მიმართულებით გარბის. მას ორი წამის ინტერვალით მისდევს პატრულ-ინსპექტორი გიორგი კუჭაძე და ოთხი წამის ინტერვალით მისი მეწყვილე _ მათე ხაზალია. ოთხ წუთში ადგილზე გროვდება შვიდი საპატრულო ეკიპაჟი და მათი ჩვენებებით, რაც დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამომძიებელ დავით პოპიაშვილსაც აწყობდა, მათ თითქოს ვერ დაინახეს, საით წავიდა ჩემი შვილი. ცნობისთვის: იქ 200 კვ. მ.-ის მინდორია და იმის იქით მტკვარია. ფიზიკურად ვერ შეძლებდა ვერსად წასვლას, მხოლოდ ერთი ვარიანტი რჩებოდა, კლდიდან გადავარდნა, რაშიც პატრულ-ინსპექტორები დაეხმარნენ. თავდაპირველად გამოძიებას დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველო აწარმოებდა. გამომძიებელი დავით პოპიაშვილი (მსგავსი უტიფარი და უსინდისო ადამიანი დღემდე არ შემხვედრია) ყველანაირად ეცადა, ჩემთვის თვითმკვლელობის ვერსია დაეჯერებინა, რაც, რა თქმა უნდა, ვერ შეძლო. მე არ ვიცი, ამას რამდენად აკეთებდა თავისი ნებით ან რამდენად აიძულებდნენ, რადგანაც იმ მანქანაში, რომელიც ჩემს შვილს წამოეწია, ვინც ამ დაგეგმილ სპეცოპერაციაში მონაწილეობდა და ვინც ნარკოტიკის ჩადება სცადა, თავად ამავე რაიონის პოლიციის სამმართველოს მაშინდელი უფროსი, ჩემი შვილის მკვლელი _ სულხან თამაზაშვილი იჯდა _ ის, ვინც ჩემს შვილს გაქცევა არ აპატია, რაციით გადასცა, რომ დაეკავებინათ და რომელმაც ჩემი შვილის ლიკვიდაციის ბრძანება გასცა. ეს ყველაფერი მას შეთანხმებული და დაგეგმილი ჰქონდა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მაშინდელ მოადგილე ალექსანდრე ბირთველიშვილთან ერთად.
დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოში ყველა მტკიცებულება გააქრეს და შეგნებულად არ გამოითხოვეს ყველა იმ კამერის ჩანაწერი, სადაც კარგად გამოჩნდებოდა, რა მოხდა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რამ აიძულა ჩემი შვილი, რომ მიმართულება შეეცვალა!
დიდი და ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ მივაღწიეთ, რომ საქმე გამოსაძიებლად გადასცემოდა ქ. თბილისის პროკურატურას. გაგვიჩნდა იმედი, რომ სამართლიანობა იზეიმებდა.
ქალაქის პროკურატურა უკვე თითქმის წელიწად-ნახევარია, ამ საქმეს იძიებს (გამომძიებელი ირაკლი ჟვანია, ზედამხედველი პროკურორი ლაშა ფანჩულიძე); მოწმეები გამოიკითხნენ, დაიკითხნენ პატრულ-ინსპექტორები. დაკითხვის დროს გიორგი კუჭაძემ აღნიშნა, რომ სამი მეტრის დაცილებით მისდევდა ჩემს შვილს, საით გაიქცა, ვერ დაინახა, რადგან ერთ თვალში მინუს 3,5 და მეორე თვალში მინუს 2,75 აქვს მხედველობა. ე. ი. ჩემი შვილის გადავარდნისა და დაცემის ხმაც ვერ გაიგო, ეტყობა, ყურშიც არ ესმის. მტკვარი რომ იყო იმ ადგილას, ისიც არ სცოდნიათ არც გიორგი კუჭაძეს და არც მათე ხაზალიას. საინტერესოა, ასეთებს რა უნდათ საპატრულო პოლიციაში?
ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, თუ რამდენად შეეძლოთ პატრულებს გიორგი კუჭაძესა და მათე ხაზალიას გაქცეული ჩემი შვილის დანახვა, რომელსაც უკან მისდევდნენ 3-5 მეტრის დაცილებით, მაშინ როდესაც ეს მინდორი განათებული იყო. ექსპერიმენტის დროს კუჭაძემ აღნიშნა, რომ სილუეტებს მაშინაც და ახლაც ხედავდა. ექსპერიმენტისას აშკარად გამოჩნდა, რომ ისინი იტყუებოდნენ, თითქოს ვერ დაინახეს, საით წავიდა ჩემი შვილი.
სამი წლის ძიების შემდეგ, როგორც იქნა, დანაშაულის უტყუარი მტკიცებულებები გამოიკვეთა პატრულ-ინსპექტორების გიორგი კუჭაძისა და მათე ხაზალიას წინააღმდეგ, რის შემდგომაც მათთვის ბრალი უნდა წაეყენებინათ. ბრალის ფორმირების მონახაზიც კი ჰქონდათ მზად გამომძიებელსა და პროკურორს, რის შესახებაც ჩემი ადვოკატებისთვის ცნობილი იყო. მაგრამ, ჩვენდა გასაოცრად, ეს არ მოხდა. გაირკვა, რომ პატრულ-ინსპექტორებზე ბრალის წაყენება ქალაქის პროკურორის სურვილს ეწინააღმდეგებოდა, რომელმაც, თავის მხრივ, საქართველოს გენერალურ პროკურორს უმოქმედობა გადააბრალა.
რა თქმა უნდა, დავინტერესდით, რატომ დაიბლოკა საქმე მაშინ, როცა დამნაშავეების, ჯერჯერობით, მხოლოდ პატრულების ბრალის წაყენება უნდა მომხდარიყო? ამიტომ ორი თვის წინ წერილი მივწერეთ ქალაქის პროკურორ მალხაზ კაპანაძეს და წერილობითი პასუხის გაცემა ვთხოვეთ, თუ რატომ დაბლოკა საქმე. სამწუხაროდ, დღემდე პასუხი არ მიგვიღია. აგრეთვე მოვითხოვეთ, რომ შეგვხვედროდა და აეხსნა, რატომ იცავს მკვლელებს და რატომ არ უყენებენ ბრალს? სამწუხაროდ, შეპირების მიუხედავად, კაპანაძე დაიმალა და არ შეგვხვდა.
თუკი ქალაქის პროკურორი წერილებზე პასუხებს არ გვცემს, არ გვხვდება, თითქმის ბრალის წაყენებამდე მისულ გამოძიებას ბლოკავს, მაშინ რაღას აკეთებს მთავარი პროკურორი? თავის თანამდებობაზე მარტო იმიტომ არის, რომ სრულიად უდანაშაულო ადამიანის მკვლელები დაიცვას და ხელი დააფაროს, თუნდაც, ისინი მისი მეგობრები, მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ?
რა თქმა უნდა, ამ საქმეს დაბლოკავდა, რადგანაც არსებობს იმის საშიშროება, რომ ეს პატრულ-ინსპექტორები ალაპარაკდებიან და მაღალი ჩინის ვაისამართალდამცველებს ალექსანდრე ბირთველიშვილსა და სულხან თამაზაშვილს ჩაუშვებენ.
დამნაშავეებს ყველა ნორმალურ ქვეყანაში სჯიან, რა რანგის მოხელეებიც არ უნდა იყვნენ ისინი. სამართალდამცველების მუნდირს ამოფარებულები, ისინი უფრო საშიშნი არიან და ისე, უბრალოდ, ფულის გაკეთების გამო გეგმავენ სპეცოპერაციებს, იმეტებენ სრულიად უდანაშაულო ადამიანს სასიკვდილოდ ისე, რომ სინდისიც კი არ აწუხებთ. შემდგომ ამისა სარგებლობენ თავიანთი თანამდებობით და ზემოქმედებას ახორციელებენ მოწმეებსა და გამოძიებაზე. მათ დაუსჯელობასა და თავისუფლად პარპაშს ხელს უწყობენ პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირები. ზურას მკვლელობის საქმეში დამნაშავეების მფარველად ქალაქის პროკურორი მალხაზ კაპანაძე მოგვევლინა, რომელმაც არ იცის, რომ მისი მოვალეობა დამნაშავეების დასჯაა და არა დაცვა.
ვიტოვებ იმედს, რომ ქალაქის პროკურორი შეწყვეტს იმ ბინძურ თამაშში მონაწილეობას, რომელიც მისმა უღირსმა მეგობრებმა წამოიწყეს ჩემი ოჯახის წინააღმდეგ და გამოძიებას საშუალებას მისცემს, რომ დამნაშავეებს დროულად წაუყენონ ბრალი.
შორს არაა ის დრო, როდესაც დამნაშავეები და მათი ხელის დამფარებლები აუცილებლად დაისჯებიან.