QronikaPlus
გაუხმაურებელი სტატისტიკა და „მორბენალი მშობიარეები“

გაუხმაურებელი სტატისტიკა და „მორბენალი მშობიარეები“

2019-04-14 08:17:11

მე-15 საუკუნემდე საკეისრო კვეთას უწოდებდნენ „სასოწარკვეთის ოპერაციას“, ვინაიდან ყველა ასეთი ჩარევა ქალის სიკვდილით მთავრდებოდა. იმ დროს საკეისრო კვეთა ტარდებოდა მხოლოდ ერთი ჩვენებით და იგი ნაყოფის გადარჩენას ემსახურებოდა _ ოპერაცია უკეთდებოდა მომაკვდავ დედას. უკვე მე-19-20 საუკუნეებში საკეისრო კვეთის ჩვენებები გაფართოვდა და იგი იქცა ბუნებრივი გზით მშობიარობის ალტერნატივად. არადა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, საკეისრო კვეთის ოპერაცია უნდა ჩატარდეს იმ შემთხვევაში, როდესაც ბუნებრივი გზით მშობიარობა საფრთხის შემცველია დედის ან ნაყოფის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის. საკეისრო კვეთით ჩატარებული ოპერაციების რაოდენობის მატება მაღალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში შეინიშნება. აშშ-ში 2010-2012 წწ.-ებში საკეისრო კვეთების მაჩვენებელი შეადგენდა 32,8%-ს (2007), საფრანგეთში _ 20,2%-ს (2003), იტალიაში _ 38%-ს (2010), გერმანიაში 34%-ს (2017), ავსტრიაში _ 31,3%-ს, ჩინეთში _ 36%-დან 58%-მდე, პორტუგალიაში _ 36,3%-ს, რუმინეთში _ 36,9%-ს, შვეიცარიაში _ 33%-ს, დიდ ბრიტანეთში _ 25%-ს (8), თურქეთში _ 50%-ს (2013). საკეისრო კვეთის დაბალი მაჩვენებლები ფიქსირდება ისლანდიაში (14,8%), ნიდერლანდებში (17%), ნორვეგიასა (17,1%) და შვედეთში (17,5%) (8). 1985 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მიღებული რეკომენდაციით, საკეისრო კვეთების რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით მშობიარობათა საერთო რიცხვის 10-15%-ს არ უნდა აღემატებოდეს. ეს ნორმატივი დღესაც მოქმედებს _ 2019 წელს! საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალს განეკუთვნება, სადაც საკეისრო კვეთის სიხშირე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ 15%-იან ზღვარს, საკმაოდ მაღალი ციფრებით სცილდება და სტაბილურად განაგრძობს ზრდას. მაგალითად, საქართველოში საკეისრო კვეთის საშუალო მაჩვენებელმა 2013 წელს 37.3% შეადგინა. და აი, 2016 წელს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ინიცირებულ იქნა კანონი, რომლის მიხედვითაც კლინიკებს დაეწესათ ფიქსირებული პროცენტი. მეორე დონის კლინიკებში საკეისრო კვეთა არ უნდა გასცდენოდა 40%-ს, მესამე დონის კლინიკებში _ 60%-ს. ეს იმას ნიშნავს, რომ ქალს საკეისრო რომც სჭირდებოდეს, ექიმი მას ვერ გაუკეთებს, ვინაიდან 40%-იანი ზღვარის გადაბიჯების შემთხვევაში კლინიკა ჯარიმდება. ასე გაჩნდა ქართულ რეალობაში ტერმინი _ „მორბენალი მშობიარეები“. ქალი ეძებს კლინიკას, სადაც მას საკეისროს გაუკეთებენ! საკითხი მეტად სენსიტიური და სერიოზულია! საკეისრო კვეთების შემცირება საქართველოში აუციელებელია და ის თუ არ გაუთანაბრდება, უნდა მიუახლოვდეს ყველა შემთხვევაში „ჯანმოს“ მიერ დაწესებულ ზღვარს _ 12-15%-ს! მაგრამ არა ამ კანონით. აღნიშნულმა კანონმა კატასტროფული შედეგები გამოიწვია _ საკეისრო კვეთების პროცენტმა კი არ დაიწია, არამედ კლინიკებს შორის გადანაწილდა. სამაგიეროდ, მოიმატა ჩვილთა და დედათა სიკვდილიანობამ და ჰისტერექტომიამ (საშვილოსნოს ამოკვეთა). „ქრონიკა+“-მა სტატისტიკა მოიპოვა და თითქმის ყველა სამშობიარო სახლის ხელმძღვანელს ესაუბრა. საკითხს დღესდღეობით სწავლობს ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაცია „დაიცავი ექიმი“, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვას აპირებს ორგანიზაციის თავმჯდომარე _ სალომე ლოლუა: _ 2013 წლიდან, საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში, ფიზიოლოგიური მშობიარობა ფინანსდება 500 ლარით, ხოლო საკეისრო კვეთა _ 800 ლარის ოდენობით. ანუ სამედიცინო ჩვენების გარეშე, დედის მოთხოვნით, საკეისრო კვეთა ფინანსდება ისევე, როგორც ფიზიოლოგიური მშობიარობა. ამით სახელმწიფო საკეისრო კვეთის ზრდის შესაჩერებლად ერთგვარ ბარიერს ქმნის. რატომღაც, სახელმწიფომ მიიჩნია, რომ მის მიერ დაფინანსებულ ფიზიოლოგიურ მშობიარობასა და საკეისრო კვეთის ოპერაციის ფასებს შორის 60%-იანმა სხვაობამ განაპირობა ის, რომ სამედიცინო დაწესებულებები, უფრო მეტად, საკეისრო კვეთის ოპერაციის ჩატარებით არიან დაინტერესებულნი. ანუ შეუძლიათ ფიზიოლოგიურად ამშობიარონ ქალი, მაგრამ ამას არ აკეთებენ, იმიტომ, რომ საკეისროზე სამინისტრო უფრო მეტს ურიცხავს. შედეგად, გამოვიდა კანონი და სამშობიაროებს 40%-იანი ზღვარი დაუწესეს საშუალოდ, რომ ამაზე მეტი საკეისრო კვეთის ოპერაცია არ უნდა ჩაატარონ. თუ ასცდებიან, ჯარიმდებიან. _ რა ექნა სახელმწიფოს, რა ბერკეტები უნდა მოენახა საკეისროების რიცხვის შესამცირებლად? _ სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოს რეგიონებს შორის საკეისრო კვეთების მხრივ გამოირჩევიან: სამეგრელო-ზემო სვანეთი (51%), აჭარა (40.6%), იმერეთი (41.8%), შიდა ქართლი (38.4%), კახეთი (38.5%), თბილისი (36.9%), მცხეთა-მთიანეთი (30.3%), გურია (32%), ქვემო ქართლი (27.4%). წინა წლებში გაკეთებულ ამდენ საკეისრო კვეთას რა უნდა უქნან კლინიკებმა?! დღეს ყველა კლინიკას დაავალეს, რომ ამდენი და ამდენი პროცენტით შეამცირეო. ელემენტარულად, ერთ რაღაცას დააკვირდით: სახელმწიფო გეუბნება, რომ საკეისრო კვეთა პროტოკოლით უნდა გაკეთდეს და არსებობს ჩამონათვალი, რომ აი, ამ დიაგნოზებით უნდა გაკეთდეს საკეისრო კვეთა. აქედან გამომდინარე, ყველა კლინიკა აკეთებს საკეისრო კვეთას არსებული პროტოკოლით, რაც იმას ნიშნავს, რომ კლინიკა დიაგნოზებს ჯანდაცვის სამინისტროში აგზავნის, იქ ამოწმებენ, უდასტურებენ საკეისრო კვეთას და ანაზღაურებენ. ანუ სამინისტრო რომ ხარ და ანაზღაურებას აძლევ, ე. ი. მას ამ დიაგნოზში ეთანხმები. ამის შემდეგ უბრუნდები კლინიკებს და ეუბნები, რომ კი ბატონო, დიაგნოზიც სწორი დაგისვამს და ჩემი ნებართვითაც გაგიკეთებია, მაგრამ ბევრი გაგიკეთებია, ამიტომ გაჯარიმებო. ჯარიმები კოლოსალურია _ 40 ათასიდან დაწყებული 360 ათასი ლარით დამთავრებული. _ ეს პარადოქსი არ არის? _ უბრალოდ ალოგიკურია, როდესაც ექიმს სამუშაოს უნაზღაურებ და შემდეგ აჯარიმებ. რის საფუძველზე? მაშინ ადექი და მთელი იმ დიაგნოზების სისწორე შეამოწმე, რომელიც მანამდე დაუდასტურე. ჩვენი არასამთავრობოების ერთ-ერთი ინიციატივა იქნება ის, რომ როდესაც საკეისრო კვეთა პაციენტის მოთხოვნით კეთდება, მაშინ ადგეს პაციენტი და თავად გადაიხადოს მთლიანი ღირებულება. ამ კუთხით კანონი უნდა შეცვალოს, თორემ დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ჯერ რომ უნაზღაურებ და შემდეგ აჯარიმებ, ეს რომელ ლოგიკაში ჯდება? _ პროცენტებით დავიწყოთ: ჯანდაცვის სამინისტრომ ყველა კლინიკას თავისი პროცენტი დაუწესა? _ პროცენტების დაწესებით საკეისროების რიცხვი არ შემცირებულა. სამაგიეროდ, მშობიარეებმა კლინიკებიდან კლინიკებში დაიწყეს სირბილი. თუ არჩეულ კლინიკაში ქალს ექიმი საკეისროს არ უკეთებს, იმიტომ რომ სახელმწიფომ ამ კლინიკას 41%-იანი ზღვარი დაუწესა და ამ 41%-ში ქალი ვერ ხვდება, სხვა კლინიკაში მირბის. ე. ი. პროცენტი კი არ შეიცვალა ან დაბლა დაიწია, არამედ გადანაწილდა. ანუ სხვა კლინიკაში რომ არ გააკეთებინეს საკეისრო, მოვა შენთან და გეუბნება, რომ ცოტა მაღალი გაქვს პროცენტი და გამაკეთებინეო. _ და თუ საკეისროების პროცენტმა არ დაიწია, არამედ მხოლოდ კლინიკებში გადანაწილდა, არც მათი რიცხვი შემცირდა? _ არა, რა თქმა უნდა. სამაგიეროდ, ბავშვებისა და დედის მხრივ გართულებებმა მოიმატა. მეტიც: ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, გაიზარდა ბავშვთა სიკვდილიანობა. მიზეზი ის არის, რომ ექიმს, რომელსაც დროულად უნდა დაესახა ოპერაცია და გაეკეთებინა, თავის დროზე არ გააკეთებინეს, იმიტომ რომ კლინიკა პროცენტებს აჭარბებდა და დაჯარიმდებოდა. მეორე _ ადრე თუ ექიმი თამამად წავიდოდა საკეისრო ოპერაციაზე, დღეს ფიქსირებული პროცენტების გამო ქალს მშობიარობაზე უშვებს. ეს კი, ხშირ შემთხვევაში, ჩვილთა და დედის ტრავმატიზმს ზრდის, იმიტომ რომ ჩვენება საკეისრო იყო! ბევრმა ქალმა დაკარგა ამის გამო საშვილოსნო. _ მაშინ საკეისრო კვეთების შემცირების რა მეთოდი არსებობს? _ ეს უნდა გახდეს სახელმწიფოს დიდი პროგრამა. პირველ რიგში, ჯანდაცვის პოლიტიკა უნდა შეიცვალოს, რაც იმას ნიშნავს, რომ მიზეზები უნდა გამოიკვლიონ, რატომ მოიმატა საკეისრო კვეთების რიცხვმა ბოლო წლებში. ასევე მხედველობაში უნდა მიიღონ ის გარემოება, რომ არ არსებობს ექიმების შესაბამისი კვალიფიკაცია. დღეს ასეა: დააგროვა 30 ქულა და შეუძლია ესა თუ ის მანიპულაცია განახორციელოს. ამაში ექიმებს ფულს ახდევინებენ და აქეთ კეთდება ფული. პირველ რიგში, ეს სისტემა ძირეულად უნდა შეიცვალოს და ექიმების გადამზადება დაიწყოს. ამას გარდა, არ გვაქვს პირველადი რგოლი. ისეთ სტუდენტს უშვებ და ისეთ რეზიდენტს ამთავრებინებ, რომელსაც საკმარისი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება მოცემულ სფეროში არ მიუღია. აქედან გამომდინარე, საწყისი ბაზის _ სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლების გააძლიერება არის საჭირო. პარალელურად, როგორც უკვე აღვნიშნე, ექიმების გადამზადება უნდა დაიწყოს. რადგანაც ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს ოჯახის დაგეგმარების ინსტიტუტი, ქალთა კონსულტაციაში ორსულის აქტიური ინფორმირება უნდა მოხდეს ფიზიოლოგიური მშობიარობის უპირატესობაზე. სწორედ აქ უნდა ჩატარდეს ძირითადი სამუშაო. _ კი მაგრამ, ხომ არსებობს მიზეზები, რომლის გამოც ასე მოიმატა საქართველოში საკეისრო კვეთებმა? _ მაშინ ისიც ვთქვათ, რატომ მიდის ექიმი საკეისრო კვეთებზე? იმიტომ, რომ დაუცველია და ეშინია, მშობიარობა რომ გაურთულდეს, ყველა ჯოხი მასზე გადატყდება. პაციენტმა საკეისრო კვეთა მოითხოვა და ექიმმა უთხრა, რომ არ გაგიკეთებ, იმიტომ რომ ჩვენება არ გაქვს. მოხდა ისე, რომ ექიმს გაურთულდა (ყველაფერი ხდება მშობიარობისას) და ექიმს მაშინვე ანათემაზე გადასცემენ. ანუ ის, რომ ექიმმა ზუსტად განსაზღვროს, აქვს თუ არა ქალს საკეისრო ჩვენება, იგი მაღალი კვალიფიკაციის უნდა იყოს და აბსოლუტურად დარწმუნებული საკუთარ თავში, რათა გართულების შემთხვევაშიც არ შეეშინდეს და თავისი სიმართლე დაამტკიცოს. ვაკუუმი ან „მაშა“ რომ დაადოს, ასეთი ექიმი საქართველოში ძალიან ცოტაა. ამ დროს ვაკუუმი და „მაშა“ ვინც არ იცის (და უმეტესობამ არ იცის), მშობიარობის დროს ურჩევნია, რომ ქალს მშობირაობა შეაწყვეტინოს და საკეისრო გააკეთოს _ ისწავლა საკეისრო კვეთების ოპერაცია და მას აკეთებს. თან ისე დაგიწერს დიაგნოზს, რომ ვერაფერში შეედავები. ასე და ამრიგად, ყოველივე ეს გადაჯაჭვულია _ ექიმის კვალიფიკაცია, დაბალი დონე და ჯანდაცვის პოლიტიკის არქონა. _ რეალურად, მასობრივი გაუნათლებლობისკენ მივდივართ. გაიდლაინები და პროტოკოლები ხომ არსებობს? _ არსებობს, მაგრამ აქ ის პრობლემა გვაქვს, რომ გაიდლაინების უმეტესობა საქართველოში კი არ არის შექმნილი და ქართულ სინამდვილეს მორგებული, არამედ ნათარგმნია. შენ რომ სახელმწიფო ხარ და საკეისრო კვეთასთან ბრძოლას იწყებ, ჯერ განმანათლებელი უნდა იყო. ყველაფერი უნდა ჩართო: მასმედია, საინფორმაციო ფონი, კონფერენციები და ა. შ. ჯერ ხალხამდე უნდა მიიტანო ინფორმაცია, რომ საკეისრო კვეთა არ არის სასარგებლო და რომ ის მხოლოდ ჩვენებით უნდა გაკეთდეს. ხალხის დონეს ვერ ავწევთ, მაგრამ წინა თაობა სკოლას რომ ამთავრებდა, ანატომიის სახელმძღვანელოში ეწერა, თუ რა იყო სასიცოცხლო ჩვენება, რა იყო სისხლდენა და ა. შ. ეს უნდა სცოდნოდა ყველას! ამიტომ სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ის, რაც ევალება _ ფული უნდა დაიხარჯოს, რომ საზოგადოებას ამაზე ინფორმაცია ჰქონდეს. _ ისე, განათლებული ექიმებიც სცოდავენ, ვიცი ასეთები... _ რატომ, თუ იცით? იმიტომ, რომ მათ არ აქვთ ის შემოსავალი, რაც უნდა ჰქონდეთ. დღეს აღარავის უნდა მძიმე პაციენტი. საყოველთაო დაზღვევა სახელმწიფოსთვის დიდი ფუფუნებაა. ასეთი რამ კანადასა და აშშ-საც არ შეუძლია. ელემენტარულად, დღეს ჩვენს სახელმწიფოს ის ვერ დაურეგულირებია, რა ხელფასი უნდა ჰქონდეს ექიმს. დააწესოს რეგულაციები, რომლის მიხედვითაც ექიმს ამაზე ნაკლები ხელფასი არ ექნება. საქართველოში კი რა მოხდა? _ სახელმწიფომ რეგულირება შემოიტანა, რომ საკეისრო მეტი თუ გაქვს და პროცენტს გადააჭარბებ, ჯარიმაზე გაგიშვებ. თქვენ რა გგონიათ, კლინიკები საიდან იხდიან ამ ჯარიმებს _ ექიმების ხელფასებიდან. ზოგ კლინიკას 250 ათასი ლარის გადახდა მოუწია, ზოგს _ 40 ათასის, ყოფილა შემთხვევა 360 ათასი ლარისაც. _ ფაქტობრივად, არც ერთ კლინიკას არ აწყობს ასეთი ვითარება _ ვერ ვიტყოდი. არსებობს დიდი კლინიკები (თუმცა მათი რიცხვი მცირეა), რომელთაც ურჩევნიათ, რომ ამ რეგულაციებით სხვები დაძირონ და მონოპოლისტები გახდნენ. ამ ყველაფრის მიზეზი არის არასწორი ჯანდაცვის პოლიტიკა, უფრო სწორად, ჯანდაცვის პოლიტიკის არარსებობა. ფაქტობრივად კლინიკებს მიუგდეს კანონი და თითიც დაუქნიეს, _ შეასრულეთ, თორემ დაგაჯარიმებთო. ექიმმა რომ კლინიკის ჯარიმა თავისი ჯიბიდან გადაიხადა, როგორ ფიქრობთ, საიდან უნდა ამოიღოს? _ პაციენტიდან. ისე თავის ხელფასს როგორ შექმნის _ ბევრი ოპერაცია უნდა გააკეთოს, ბევრი მანიპულაცია უნდა ჩაატაროს, ბევრი მედიკამენტი უნდა დანიშნოს, რაც დასანიშნი არ არის (პოლიფარმაციის პრობლემა კიდევ ცალკე დგას). ფაქტობრივად, მანკიერი წრე იქმნება. მეტიც: ჩვენი არასამთავრობოს ხელთ არსებული ინფორმაციით, რაც მარტის მეორე ნახევარი დაიწყო, არაერთი ბავშვის სიკვდილია დაფიქსირებული. _ არ ხმაურდება? _ უმეტესობა არ ხმაურდება, რა თქმა უნდა. ბევრი ჰისტერექტომია (საშვილოსნოს სრული ამოკვეთა) და გართულება წარმოშვა ამ კანონმა. _ არადა, ჯანდაცვის სამინისტრო ითხოვს, 30-25%-მდე უნდა ჩამოვიდეს საკეისრო კვეთების რაოდენობაო. _ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, მისაღები პროცენტული მაჩვენებლი 12-15%-ია. და ეს სრულიად სწორი მიდგომაა, რაზედაც საქართველოს სწორება უნდა ჰქონდეს, მაგრამ არა ამ კანონით. საქართველოში ვერ დარეგულირდება და ვერ დაიწევს საკეისროების რიცხვი ასეთი მიდგომით. თორემ ფაქტი სახეზეა _ კანონი 2016 წელს მიიღეს და საკეისროების რიცხვმა კი არ დაიწია, _ გადანაწილდა. _ წეღან ასეთი ვარიანტი ახსენეთ, რომ თუ პაციენტს მოთხოვნა აქვს და ჩვენება _ არა, მაშინ სახელმწიფომ აღარ გადაუხადოს, თვითონ გადაიხადოსო... _ ერთ-ერთ ვარიანტად შეიძლება, ესეც განვიხილოთ. კონსტიტუციით პაციენტს უფლება აქვს, საკეისრო კვეთის ოპერაცია მოითხოვოს, სახელმწიფო კი ვალდებული არ არის, სურვილები დააფინანსოს. ფინანსები უნდა იხარჯებოდეს საჭიროებისამებრ. აქ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამით საკეისრო კვეთების პროცენტი დაბლა არ დაიწევს. _ რას აპირებს თქვენი არასამთავრობო? _ ამ ეტაპზე იურისტებთან ერთად გავდივართ კონსულტაციებს და ვაპირებთ, სარჩელით შევიდეთ საკონსტიტუციო სასამართლოში ჯარიმების პროცენტების შესაჩერებლად, პროცენტის ზღვრის ასე კატეგორიულად დაწესების გამო. ასევე უნდა დავამტკიცოთ, რა მოგვიტანა ამ რეგულაციამ კარგი და ცუდი. იმდენი საკეისროა წინა წლებში გაკეთებული, რომ იმას რას უზამ _ ამშობიარებ? ნაკეისრალი საშვილოსნო ჭინთვების დროს რომ გასკდეს, მერე? რეგულაცია, რაც შეიძლება სახელმწიფოს შესთავაზო, არის ის, რომ აჩვენო კონცეფცია, რომ პირველად მშობიარე ქალებში საკეისროს რაოდენობამ დაიკლოს! _ მისაღები პროცენტი რამდენი უნდა იყოს დღევანდელ რეალობაში? _ იდეალური იქნებოდა 12-15%-მდე, როგორიცაა ჯანმოს რეკომენდაციები, თუმცა ჩვენს რეალობაში ბევრი ფაქტია გასათვალისწინებელი. ამის თქმა საკმაოდ ძნელია. უნდა გავითვალისწინოთ: გადატანილი საკეისრო კვეთების ოპერაციების რაოდენობა, ის ფაქტი, რომ საკმაოდ დიდია ხელოვნური განაყოფიერების პროცენტობა, დაბალია თავად ორსულის ინფორმირებულობა ფიზიოლოგიურ მშობიარობასთან დაკავშირებით, კონსტიტუციურად ორსულს უფლება აქვს, მოითხოვოს საკეისრო კვეთის ოპერაცია, ექიმი კი ამ დროს შეშინებული და დაუცველია. _ საკონსტიტუციო სასამართლო ახსენეთ და სოლიდური ჯარიმები, რომელიც სამშობიაროებს კაბალურ პირობებში აყენებს. კონკრეტულად რა სანქციებზეა საუბარი? _ როგორც უკვე აღვნიშნეთ, კლინიკებს 40%-იანი ზღვარი დაუნიშნეს. მაგალითად: წლის განმავლობაში კლინიკამ 300 საკეისროზე მეტი არ უნდა გააკეთოს, ამ ციფრს თუ გადასცდა და გააკეთა 301 საკეისრო კვეთა, მაშინვე ჯარიმას ადებენ. თითო შემთხვევა 300 ლარია და ეს გადაამრავლეთ კიდევ 301-ზე. _ კი მაგრამ, ის 300 ხომ კანონის ფარგლებში გაკეთდა? _ მაგას აღარ აქვს მნიშვნელობა, თუ დაწესებულ რიცხვს გადასცდნენ. ამაზე ვამბობ სწორედ კაბალურ პირობებს, სადაც, პირველ რიგში, ექიმები დგებიან _ ჯარიმები მათი ჯიბიდან გადის. სახელმწიფოს უნდა შევთავაზოთ: 1. არ დააფინანსოს მოთხოვნა; 2. ამ სტატისტიკის საფუძველზე პრობლემა უნდა გახდეს განსჯის საგანი.

თამარ როსტიაშვილი

 

გაზიარება