QronikaPlus
რატომ სურთ ქართველ პოლიტიკოსებს ჯეკ შეპარდის ექსტრადირება?

რატომ სურთ ქართველ პოლიტიკოსებს ჯეკ შეპარდის ექსტრადირება?

2019-02-11 05:43:28

2019 წლის 12 იანვარს დიდი ბრიტანეთის მოქალაქის _ ჯეკ შეპარდის მიმართ საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა. ძებნის გამოცხადებიდან 10 დღეში ჯეკ შეპარდი, რომელიც იმ დროისთვის საქართველოში იმყოფებოდა, პოლიციაში გამოცხადდა და აქედან იწყება ყველაზე საინტერესო... „ქრონიკა+“ ჯეკ შეპარდის ქართველ ადვოკატს _ ტარიელ კაკაბაძეს ესაუბრება: _ როდესაც ჯეკ შეპარდი საქართველოში წამოვიდა, გირაოს ქვეშ იყო. _ ანუ უკანონოდ ჩამოვიდა? _ არა, მას არ ჰქონდა საბრალდებო აღკვეთის ღონისძიება შეფარდებული და, აქედან გამომდინარე, მისი ჩამოსვლა კანონიერად მიიჩნევა. თუმცა როდესაც დიდ ბრიტანეთში სასამართლო სხდომები წარიმართა, იგი პროცესებს არ დაესწრო. შესაბამისად, ვინაიდან, ფაქტობრივად, თავი აარიდა და სასამართლო პროცესებში არ მიიღო მონაწილეობა, ამან გარკვეული უარყოფითი როლი ითამაშა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს. _ მის დაუსწრებლად? _ კი ბატონო! ასევე ვინაიდან ეს ბატონი იმყოფებოდა სხვა ქვეყანაში და რეალურად არ ესწრებოდა საქმის განხილვას და ა. შ., მის სამშობლოში, დიდ ბრიტანეთში, ძალიან უარყოფითი საზოგადოებრივი განწყობა შეიქმნა. იმასაც დავძენ, რომ ბრიტანულმა პრესამაც ამას დიდად შეუწყო ხელი. შესაბამისად, როდესაც მე ეს ადამიანი დამიკავშირდა და მთხოვა, მისი ინტერესები დამეცვა, მას ვურჩიე და მისი სურვილიც იყო, რომ ქართველ სამართალდამცველებს ჩაბარებოდა და ისე ებრძოლა თავისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად. _ რატომ არჩია კანონიერი გზა საქართველოში და არა დიდ ბრიტანეთში? _ მოგეხსენებათ, არსებობს გარკვეული ვალდებულება, რომ როდესაც ბრალდებული ბრძანდები, ჩვენება მისცე. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ არსებობს გარკვეული ბერკეტები, რათა ჯეკ შეპარდი დიდი ბრიტანეთის სააპელაციო სასამართლოში სრულიად კანონიერი გზებით დაიკითხოს. _ რა ბერკეტები? _ რა და დიდი ბრიტანეთის სააპელაციო სასამართლომ დაცვის მხარის საჩივარი მიიღო. აქვე განგიმარტავთ, რომ იმ ქვეყანაში, როდესაც პირველი ინსტანცია განაჩენს გამოიტანს, მეორე ინსტანციაში, ანუ აპელაციის მიერ საქმის წარმოებაში მიღება უიშვიათესად ხდება. იქ ნაფიცი მსაჯულები იღებენ გადაწყვეტილებას და ეს მთელ რიგ ურთულეს პროცესებთან არის დაკავშირებული. ჩემი მხრივ, ყველანაირად შევუწყობ ხელს, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ჩვენება მისცეს. მის ბრიტანელ ადვოკატებთან ვთანამშრომლობ და ერთად ვაწყობთ დაცვის სტრატეგიას. _ შეპარდის ექსტრადირების საკითხი როგორ გადაწყდება? _ რაც შეეხება ექსტრადიციას, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გარკვეული მუქარის წერილებს იღებს. მარტო ის კი არა, შეპარდის ბრიტანელი ადვოკატებიც იღებენ მსგავს უსტარებს. ასევე გარკვეული მუქარის შემცველ სატელეფონო ზარებს იღებდა თავად შეპარდიც, როდესაც თავისუფლებაში იმყოფებოდა. შესაბამისად, ჩვენ დასაბუთებული ეჭვი გვაქვს, რომ თუ შეპარდს დიდი ბრიტანეთის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ, შესაძლოა, მას საფრთხე დაემუქროს, ვინაიდან ამ მუქარებში პირდაპირ იყო პედალირებული, რომ ციხეში მას ძალიან ცუდი დღე ელოდა. _ მუქარა დაღუპული ქალის ოჯახის წევრებისგან მოდის? _ როგორც თავად განმარტავს, რა თქმა უნდა, ეს არის გარდაცვლილის ახლობლებისგან, თუმცა ამის თაობაზე ჩვენ ცალკე ვმუშაობთ და ვარკვევთ, კონკრეტულად მამა იყო თუ სხვა პიროვნება... როცა დავადგენთ, საზოგადოებას მაშინ მივაწვდით ამ ინფორმაციას. აქვე ცნობილია, რომ დიდ ბრიტანეთში გარდაცვლილის ოჯახს გარკვეული გავლენები აქვს და შეპარდს სამშობლოში საფრთხეების ეშინია. _ რა საფრთხეებზეა საუბარი, იქნებ, დავაკონკრეტოთ: მოკლავენ, იძალადებენ და ა. შ. ანუ რისი ეშინია? _ ეს ჩვენთვის უცნობია. აქედან გამომდინარე, ადვოკატები შევეწინააღმდეგეთ დაჩქარებული, გამარტივებული წესით მის ექსტრადირებას. ეს ვერც ხერხდება და მიგვაჩნია, რომ სწორია, ვინაიდან ყველა პროცედურა უნდა გაიაროს, რასაც ქართული და საერთაშორისო კანონმდებლობა ითვალისწინებს. ჩემი პოზიციაა: კონკრეტულ პოლიტიკოსებს სურთ, რომ ეს ადამიანი სასწრაფოდ გადაიგზავნოს დიდ ბრიტანეთში, მაგრამ ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის პროცედურა, რომელსაც კანონმდებლობა ითვალისწინებს, პატივი ვცეთ და ზედმიწევნით, ზუსტად და იდეალურად შესრულდეს. თუ მტკიცებულებებით არ დადასტურდება, რომ მისი დიდ ბრიტანეთში გამგზავრება საფრთხეს არ წარმოადგენს, მაშინ, რა თქმა უნდა, იგი დიდ ბრიტანეთში უნდა ექსტრადირდეს. _ კი მაგრამ, პოლიტიკოსებს ვინ ეკითხება მართლმსაჯულების საკითხები? რას ნიშნავს, უნდათ მისი ექსტრადირება? და კიდევ, რომელ პოლიტიკოსებს?! _ მოდით, ამ ჭრილში საკითხს არ გადავიყვან. _ თავად ჯეკ შეპარდი რას ჰყვება, რა მოხდა სინამდვილეში? _ თვითონ რასაც ჰყვება, ეს არის დადგენილი და საქმეში არსებული გარემოებები. ჯეკ შეპარდს ჰქონდა კატერი, რომელზეც მეგობარი ქალი დაპატიჟა და ამ უკანასკნელმა სთხოვა, რომ ის დაეჯინა საჭესთან. მან დააჯინა საჭესთან, კატერი კი რაღაცას შეეჯახა და ქალი გარდაიცვალა. დღეს ჯეკ შეპარდს ედავებიან, რატომ მისცა მან კატერი სამართავად სხვა ადამიანს? არადა, ნებისმიერს შეუძლია, დაჯდეს საჭესთან. იქ არ არსებობს არანაირი მართვის მოწმობა, რეგულაციები ბრიტანული კანონმდებლობით და ა. შ. აქედან გამომდინარე, კატერის სამართავად ქალი რომ დააჯინა, ამ ფაქტზე არანაირი დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება. ასევე არანაირი დანაშაულებრივი ქმედებები არ იკვეთება მის შემდგომ განხორციელებულ ქმედებაში, ვინაიდან ყველა მოწმე ადასტურებს, რომ ის ყვიროდა: დაეხმარეთ! უშველეთ! _ თვითონ არ იჯდა კატერში? _ არა. ბრალდების მხარე აცხადებს, რომ კატერით ძალიან სწრაფად მიდიოდა. არადა, წარმოდგენილია ვიდეოჩანაწერი, რომელიც ამ ფაქტებს არ ასახავს. გაუგებარია, რით ადასტურებს ბრალდება, რომ ზედმეტად ჩქარა მიდიოდა, მით უმეტეს, იმ კონკრეტულ ადგილას სიჩქარის შეზღუდვა არ არსებობდა. დარწმუნებული ვარ, დიდი ბრიტანეთის სააპელაციო სასამართლო მას აუცილებლად გაამართლებს. დღესდღეობით კი ჯეკ შეპარდი გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. „ქრონიკა+“ თვალს გაადევნებს ამ ხმაურიან, უკვე საერთაშორისო მედიის ყურადღების ქვეშ მოქცეულ პროცესს და გზადაგზა ექსკლუზიურ დეტალებს შემოგთავაზებთ.

თამარ როსტიაშვილი

 

გაზიარება