ღვინის ქარხნის სკანდალი გრძელდება.
ოთხი წლის წინ „ქრონიკა+“-მა პეტრიაშვილის ქ. #1-ში მდებარე ღვინის ქარხნის სკანდალზე ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა, თუ როგორ გახდა საქართველოში მოქმედი ორი ყველაზე მსხვილი კომერციული ბანკისგან (TBC და „საქართველოს ბანკი“) 2014 წელს გამოსყიდული ობიექტი სასამართლო დავის საგანი საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის მიერ ჩატარებული საეჭვო იურიდიული მანიპულაციების შედეგად.
ღვინის ქარხანამ სასამართლო დავა ორი ინსტანციის სასამართლოში მოიგო. ამ ფონზე საქართველოს უზანაესი სასამართლოს კოლეგიამ (ბესარიონ ალავიძე _ მომხსენებელი მოსამართლე, ზურაბ ძლიერაშვილი და პაატა ქათამაძე) 2018 წლის 28 თებერვალს უპრეცედენტო და ძალზე საეჭვო შინაარსობრივი დატვირთვის გადაწყვეტილება მიიღო და თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმე ხელახლა განსახილველად უკან დააბრუნა. სხვათა შორის, კოლეგიის სამივე წევრი იმ შემადგენლობაში შედიოდა, რომელმაც „რუსთავი 2-ის“ საქმეზე უკანონო გადაწყვეტილება მიიღო. ეს გადაწყვეტილება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ შეაჩერა.
„ქრონიკა+“-ს კონფიდენციალურმა წყარომ უზენაესი სასამართლოს 28.02.2018 წლის გადაწყვეტილება მიაწოდა. ამავე წყაროს ინფორმაციით, ხსენებული გადაწყვეტილება ზეწოლის შედეგად მიიღეს. ფაქტობრივად, წარმოუდგენელია, ის მიზეზები აიხსნას, რის გამოც ფორმალურად საქმე განსახილველად უკან დაბრუნდა. დამწყები იურისტისთვისაც კარგად ცნობილია, რომ სააპელაციო სასამართლოში ახალი ფაქტების დამატება არ ხდება, ხოლო საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასება უზენაეს სასამართლოს თავადაც შეუძლია.
ობიექტი 2015 წლის იანვრიდან სასამართლო ყადაღის ქვეშ იმყოფება, რაც მის მესაკუთრეებს ობიექტში ინვესტიციების მოზიდვისა და სრულფასოვანი ბიზნესსაქმიანობის შესაძლებლობას უზღუდავს. ასეთ პირობებში დავის მე-4 წელს საქმის უკან განსახილველად დაბრუნება უსამართლობა იყო.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, კონკრეტული პირები უზენაეს სასამართლოზე გარკვეული მიზნით ზემოქმედებენ, რომ ობიექტს ხელოვნურად შეუნარჩუნდეს დავის სტატუსი. ფაქტია, რომ მათ უზენაესი სასამართლო საკუთრების უფლების წართმევის აშკარა პრეცედენტის დაკანონებაზე ბოლომდე ვერ დაიყოლიეს!
სხვაგვარად შეუძლებელია, ახსნა მოეძებნოს იმ უპრეცედენტო დასკვნებს, რომელსაც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება შეიცავს და რომელიც იურიდიული მანიპულაციების გამოყენების კლასიკური ნიმუშია, თუ როგორ შეიძლება, ბიზნესსუბიექტი პინ-პონგის რეჟიმში ამყოფო სასამართლო დავის დაუსრულებელ ლაბირინთში.
ეს კონკრეტული პირი დაუფარავად არის საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, არჩილ კბილაშვილი, რომელიც წარმოადგენს მოდავე კომპანიას, სააქციო საზოგადოება „სავანე ღვინის #1 ქარხნის“ ადვოკატს და სასამართლოსგან ითხოვს, რომ პეტრიაშვილის ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონება (ღვინის ქარხნის ტერიტორია მასზე არსებული შენობებით) სრულად ჩამოერთვას მის ამჟამინდელ მესაკუთრეებს და ის გადაეცეს სს „სავანე – ღვინის #1 ქარხანას“, რომელსაც, თურმე, 2004-2006 წლებში აღნიშნული ქონება იძულებით, პროკურატურის ზეწოლით დანაშაულებრივად გააყიდინეს სხვა პირზე, თუმცა თავად არ უარყოფს და პირიქით, აღიარებს კიდეც, რომ 10 წლის წინათ გაყიდული ობიექტის ამჟამინდელ მესაკუთრეებს არავითარი შემხებლობა ამ „ქონების წართმევის“ ფაქტთან არ ჰქონიათ!
„ქრონიკა+“-ის მკითხველს ჩვენი ჟურნალისტური გამოძიებიდან მოკლე პრეისტორიას შევახსენებთ, ობიექტი ქონების დღევანდელმა მესაკუთრეებმა გამოისყიდეს შემდეგნაირად: 2013 წლის 1-ლ მარტს შპს „არტ ღვინომ“ ფიზიკურ პირ ვლადიმერ კვარაცხელიასგან 4 000 000 (ოთხი მილიონი) აშშ დოლარად იყიდა მის საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი კომპანია შპს „კატრი კაპიტალში“ (ს/კ: 404401544). აღნიშნული კომპანია იმ დროისთვის წარმოადგენდა ღვინის ქარხნის ტერიტორიის მხოლოდ ნაწილის მესაკუთრეს, მაგრამ მთელი ქონება ჩადებული ჰქონდა „თიბისი ბანკში“ და იმის გამო, რომ ხსენებულ კრედიტს ვერ ფარავდა, აღნიშნული ქონება იმ დროისთვის, პრაქტიკულად, „თიბისი ბანკის“ სრული განკარგულების ქვეშ იყო გადასული. ქონების მეორე ნახევრის გამოსყიდვა მოხდა უშუალოდ „საქართველოს ბანკისაგან“ 2013 წლის 28 ნოემბერს 5,550,000.00 (ხუთი მილიონ ხუთას ორმოცდაათი ათასი) ლარად.
იმის მიუხედავად, რომ ობიექტის შესყიდვის პროცესს უშუალო ზედამხედველობას უწევდა საქართველოში ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე ორი უმსხვილესი ბანკი, ქონების შეძენამდე ინვესტორებმა ყველა ის საბუთი შეამოწმეს, რომელთა შემოწმებაც საჭიროა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების შესაძენად. კერძოდ, გაეცნენ საჯარო რეესტრის ამონაწერებს და ვინაიდან მასში არავითარი შეზღუდვა არ ფიქსირდებოდა, პლუს ამ პროცესს უშუალოდ წარმართავდა ორი უმსხვილესი ბანკი, ისინი ენდნენ სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემულ დოკუმენტებს და ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ მათი საკუთრების უფლება სრულიად მართლზომიერად შესყიდულ ქონებაზე საფრთხის ქვეშ დადგებოდა, ხოლო ქართული სასამართლო სისტემა დაყადაღებულ სტატუსში ამყოფებდა თითქმის 5 წლის განმავლობაში და ისიც იმგვარად, რომ შეუძლებელი იქნებოდა დავის დასრულების მოსალოდნელი თარიღის ყოველგვარი პროგნოზირება. საქმე იმდენად რეზონანსულია, რომ უზანაესი სასამართლოს განჩინებამ შესაძლებელია, ბევრი პრობლემა შექმნას ქვეყანაში უძრავი ქონების (და არა მარტო) სამოქალაქო ბრუნვის მოწესრიგების სამართლებრივი შეფასების კუთხით.
„ქრონიკა+“-ის ჟურნალისტური გამოძიების დროს (ამ თემაზე 30-ზე მეტი საგაზეთო სტატია გამოქვეყნდა) გამოიკვეთა შემდეგი ფაქტებით დადასტურებული გარემოებები:
ღვინის ქარხნის ამჟამინდელი მესაკუთრე, რომელიც მოპასუხეა აღნიშნულ საქმეში, გახლავთ ქონების კეთილსინდისიერი მყიდველი.
მოსარჩელე სს „სავანე ღვინის ქარხანას“ არასოდეს გაუხდია სადავოდ მისი ქონების გასხვისება 2004 წელს _ არასოდეს წარუდგენია პრეტენზია, სარჩელი დავით მენთეშაშვილის, ჯეფრი კოკიჯის, მიხეილ მგალობლიშვილისა და ნუგზარ ბერიშვილის წინააღმდეგ და არ გაუხდია სადავოდ ნასყიდობის ხელშეკრულებები.
არასდროს გაუხდია სადავოდ შპს „იმპერიალ ვაინს ჯორჯიას“ მიმართ დავალიანების არსებობა! პირიქით, არსებობს სს „სავანე _ ღვინის ქარხნის“ საერთო კრების ოქმები, რომლითაც თანხმობას იძლევა ვალის აღებაზეც და ქონების გასხვისებაზეც! არასდროს გაუხდია სადავოდ და არ წარუდგენია პრეტენზია და სარჩელი აღნიშნული კრების ოქმების მიმართ (სააქციო საზოგადოების საერთო კრების ოქმის გასაჩივრება შესაძლებელია მხოლოდ 2 თვის განმავლობაში მისი შედგენიდან!)! შპს „იმპერიალ ვაინს ჯორჯია“ წარმოადგენს მოსარჩელის, ანუ სს „სავანე _ ღვინის ქარხანა #1-ის“ 50%-იანი (ანუ საკონტროლო პაკეტის) წილის მესაკუთრეს 2001 წლიდან! ასევე „იმპერიალ ვაინს ჯორჯიას“ წინაშე არსებული ვალის (რომელიც წარმოიშვა ძალიან საეჭვო გარემოებებში!) გასტუმრების მიზნით 2004 წელს სააქციო საზოგადოების ქონებები გასხვისდა! აღნიშნული გასხვისებების ხელშეკრულებების ბათილობა არავის მოუთხოვია (ხანდაზმულობის ვადა 2014 წელს გავიდა, რომ შესაბამისი სარჩელი წარდგენილი ყოფილიყო შემძენი ფიზიკური პირების მიმართ!)!
რატომ არის სახიფათო უზანაესი სასამართლოს გადაწყვეტილება?
1. ეჭვის ქვეშ აყენებს დღევანდელი მესაკუთრის, ანუ შპს „ღვინის ქარხანა #1-ის“ კეთილსინდისიერებას ქონების შეძენისას!
2. არ მსჯელობს იმ ზემოთ აღნიშნულ ფაქტებზე და სამართლებრივად არ აფასებს მოსარჩელის მოქმედებებს 2004-2006 წლებში!
3. მსჯელობს და ხელმძღვანელობს მხოლოდ იმ ფაქტებზე, რომელიც საერთოდ არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა დღევანდელ მესაკუთრეს!
შედეგად მივიღეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება, რაც შესაძლებელია იქცეს ერთგვარი პრეცედენტული ძალის მქონედ და რეკომენდაციად, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერ დროს შეძენილი ქონების შეძენის კანონიერება და კეთილსინდისიერება შეიძლება დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ, მიუხედავად სამოქალაქო რეესტრის ჩანაწერების სანდოობისა და საიმედოობისა! ამ გადაწყვეტილებით ასევე საფუძველი ეცლება თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტს _ საკუთრებას, რომელიც აღიარებული და დაცულია კონსტიტუციით და რომლის შეზღუდვა შესაძლებელია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში და ისიც სახელმწიფო ინტერესების გამო შესაბამისი ანაზაღაურებით! თუ აღნიშნულ საქმეზე ქალაქ თბილისის სააპელაციო სასამართლო უზენაესი სასამართლოს პოზიციას გაიზიარებს, გააუქმებს თავის მიერ მიღებულ სრულიად კანონიერ, სამართლიან და მოტივირებულ გადაწყვეტილებას, მივიღებთ სიტუაციას, რომელსაც სახელად დაერქმევა: სახელმწიფო, როგორც მექანიზმი საკუთრების წინააღმდეგ კონკრეტული ჯგუფის ინტერესების სასარგებლოდ!
ელისო კილაძე