კვლავ უსამართლო სასამართლოზე გვიწევს წერა... ხოლო ის ამბავი, რაზედაც უნდა მოგითხროთ, თავისი არსით იმდენად გაუგონარია, რომ, სავარაუდოდ, თვითონ მოსამართლესაც კი ძალიან მოერიდა ამ განაჩენის გამოტანა ან უკვე მიეჩვია...
ნათია გუდაძე ის მოსამართლე გახლავთ, რომელმაც უკვე „სახელი გაითქვა“ თავისი ახლებური მიდგომით განაჩენის გამოტანისა და ერთობლიობის პრინციპთან მიმართებით. შთაბეჭდილება რჩება, რომ მას არასწორად ან საერთოდ არ ესმის, რომ გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად უნდა ედებოდეს მკიცებულებათა ერთობლიობა, რომლიც გამოკვლეულია სხდომაზე, არის აშკარა და დამაჯერებელი ანდაც შესაძლოა, მასზე მარტივად მოქმედებდნენ სხვა, „გავლენიანი“ პირები, რომელთაც „დამოუკიდებელ“ სასამართლოზე საკმაოდ მჭიდრო „წვდომა“ და გავლენა აქვთ...
დასკვნები თქვენთვის მოგვინდია, მორიგი უსამართლობის სცენარი კი შემდეგია:
2017 წლის 23 სექტემბერი, გამთენია, დილის 03:00-05:00 საათი.
გარდაბანში მცხოვრები გიორგი ოშაყმაშვილი, რომელიც თბილისში ტაქსაობით ირჩენს თავს და არჩენს ოჯახს, თავისსავე მანქანაში დააყაჩაღეს. ამბავზე გამოიძება იმ დღესვე დაიწყო. საკვირველია და ტაქსის მძღოლმა მის დამყაჩაღებლად ის პირი ამოიცნო, რომელიც დროის ზემოთ აღნიშნულ მონაკვეთში, უბრალოდ, სახლში იმყოფებოდა!
ამბავი იმდენად საინტერესო და გასაოგნებელია, რამდენადაც მოსამართლე ნათია გუდაძის გადაწყვეტილება!
ყველაფერი კი დეტალურად შემდეგნაირად მოხდა:
Mercedes c-class-ის ფირმის ავტომობილით გამთენიის 03:00 საათიდან 05:00 საათამდე ტოლსტოისა და წინამძღვრიშვილის ქუჩების კვეთასთან მოძრავ მძღოლს, გიორგი ოშაყმაშვილს, მანქანაში წინა სავარძელზე უჯდება მგზავრი, რომელიც ანთელავას ქუჩამდე სთხოვს გაყვანას. მგზავრისვე ინიციატივით გზად უჩერებენ ნასვამ მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეს, რომელსაც უფასოდ სთავაზობენ დანიშნულების ადგილამდე გაყვანას. ისიც მანქანის უკანა სავარძელს იკავებს. ადგილზე მისვლისთანავე მანქანიდან ჩამოდის, მადლობას უხდის ტაქსის მძღოლსა და მისთვის უცნობ მამაკაცს, რომელმაც სახლამდე დაპატიჟა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი კიბეებზე ჯდება და იქვე ეძინება.
ამის შემდეგ, როგორც დაზარალებული, გიორგი ოშაყმაშვილი (ტაქსის მძღოლი) ყვება, რომ წინა სავარძელზე მჯდომმა მგზავრმა მას დანის მუქარით გამოსძალა თანხა, 20 ლარი, დანითვე მოუჭრა ტაქსის მანათობელი ნიშანი და მანქანის უკანა საქარე მინაც დაუმსხვრია. მანამდე კი, სანამ მანქანიდან გადასული დამყაჩაღებელი ისევ მოახერხებდა მანქანაში შემოსვლას, სწრაფად დაქოქა იგი მძღოლმა და იქაურობას გაეცალა. აღელვებულმა ოშაყმაშვილმა მხოლოდ აეროპორტის გზატკეცილზე გააცნობიერა მის თავს მომხდარი ამბავი, უკან დაბრუნდა და იმავე რაიონში ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს მიმართა.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ როდესაც ტაქსის მძღოლი მანქანისთვის ტაქსის მანათობელი ნიშნის მოგლეჯასა და გადაგდებაზე საუბრობს, ამავე დროს, პოლიციელი, რომელმაც გიორგი ოშაყმაშვილი მიიღო, ამბობს, რომ მანქანას ტაქსის ნიშანი ეკეთა და ის ანათებდა!
საქმეზე დაჭერილია ის ადამიანი, რომელიც, როგორც გითხარით, დროის აღნიშნულ მონაკვეთში სახლში იყო და ეძინა(!)...
გიორგი თევზაძე, რომელიც ყაჩაღობაშია დადანაშაულებული (თუმცა ყველა მოწმე, ექპერტიზის ყველა შედეგი და თავად ტაქსის მეორე (ნასვამ მდგომარეობაში მყოფი) მგზავრიც გამორიცხავს მის ყოფნას იმ ტაქსიში), შემდეგ ჩვენებას იძლევა:
თევზაძის თქმით, გამცემლიძის ქუჩაზე ოჯახთან ერთად ცხოვრობს. 2017 წლის 22 სექტემბერს მთელი დღის მანძილზე საკუთარ საქმეებს აგვარებდა, უკვე 23:00 საათზე ის და მისი მეგობარი ვახტანგ ოქროპირიძე საბურთალოზე მდებარე ბარ „კოპალაში“ მივიდნენ, სადაც დახვდათ მისი მეგობარი ლაშა ჭუმბურიძე. მათ დაახლოებით ერთ საათს დაჰყვეს იქ, ალკოჰოლური სასმელი დალიეს, რის შემდეგაც გიორგი თევზაძე, ლაშა ჭუმბურიძე და ვახტანგ ოქროპირიძე კიდევ სამ მამაკაცთან ერთად ზაარბრიუკენის მოედანზე მდებარე რესტორან „ტიფლისში“ მიდიან, სადაც ალკოჰოლის სმას აგრძელებენ. ცოტა ხანში 15-20 წუთით გიორგი თევზაძე და ლაშა ჭუმბურიძე ტაქსით გადიან ხეთაგუროვის ქუჩაზე მდებარე წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიასთან, სადაც მეგობარ ხატია კევლიშვილს ხვდებიან და იმავე ტაქსით უკან, რესტორანში ბრუნდებიან, სადაც დაახლოებით 02:00 საათამდე რჩებიან, იხდიან ანგარიშს, ემშვიდობებიან ერთმანეთს და გიორგი თევზაძე მის მეგობარ ლაშა ჭუმბურიძეს, რომელიც ფხიზელ მდგომარეობაში იყო, მოჰყავს სახლში. ამ დროს 02:30 საათი იქნებოდა. გიორგი სახლში ასვლისას ჯერ დედას ესაუბრება, რომელსაც არ ეძინა, და შემდეგ გიორგი იძინებს.
ის კატეგორიულად გამორიცხავს ფაქტს, რომ 03:00-05:00 საათამდე შუალედში ის და ვახტანგ ოქროპირიძე ტოლსტოისა და წინამძღვრიშვილის ქუჩების კვეთაზე „მერსედესის“ მარკის ტაქსიში ჩასხდნენ და ასე იმგზავრეს ანთელავას ქუჩამდე. ტაქსის მძღოლისთვის ფულიც არ გამოუძალავს, რადგან მითითებულ დროის მონაკვეთში მსჯავრდადებული უკვე სახლში იმყოფებოდა და ეძინა!
რაც შეეხება ვახტანგ ოქროპირიძეს, გიორგი თევზაძე ამბობს, რომ იგი იმყოფებოდა მათთან ერთად ბარ „კოპალასა“ და რესტორან „ტიფლისში“, თუმცა როდესაც ლაშამ ჭუმბურიძემ გიორგი სახლში წაიყვანა, ვახტანგი მათთან ერთად არ ყოფილა!
საინტერესოა, რომ გიორგი თევზაძე აბსოლუტურად იდენტურ ჩვენებას იძლევა მოწმედ მიყვანის დღეს, 23 სექტემბერს დღის 17:00 -18:00 საათამდე მონაკვეთში და სასამართლოზეც, განსხვავებით ტაქსის მძღოლისგან, რომელმაც რამდენჯერმე შეცვალა დროის მონაკვეთები და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები, რათა უფრო ახლოს ყოფილიყო გიორგის მონაყოლთან!
გიორგი თევზაძის იმ დაყაჩაღებულ ტაქსიში ჯდომას გამორიცხავს
ვახტანგ ოქროპირიძე (ნასვამი ადამიანი, რომელსაც 23 სექტემბერს გამთენიისას სახლში გაყვანა შესთავაზეს ტაქსის მძღოლმა და უცნობმა მგზავრმა).
მისი თქმით, 2017 წლის 23 სექტემბრის ღამის საათებში მეგობრებთან ერთად ალკოჰოლური სასმელები დალია (მათ შორის იყო გიორგი თევზაძე) და ნასვამ მდგომარეობაში იყო. იგი რესტორან „ტიფლისიდან“ ამ მდგომარეობაში ტაქსით წამოვიდა ტოლსტოის ქუჩის მიმართულებით, სადაც ჩამოვიდა და ფეხით გაუყვა გზას. გამთენიის, დაახლოებით, 04:00-05:00 საათი იქნებოდა, როცა აღნიშნულ ქუჩაზე ტაქსიმ გამოიარა, რომელმაც დამგზავრება და სახლში გაყვანა შესთავაზა, წინ მგზავრი იჯდა, ახალგაზრდა ბიჭი. ოქროპირიძე ამბობს, რომ არც ამ მგზავრს და არც ტაქსის მძოლს არ იცნობდა. მისივე თქმით, როდესაც ანთელავას ქუჩაზე მოვიდნენ, მან ავტომობილი დატოვა, ხსენებული პირი და ტაქსის მძღოლი კი მანქანაში დარჩნენ და რაღაცაზე დაობდნენ, თუმცა ვახტანგი საუბარში არ ჩარეულა. შემდეგ დაინახა, რომ ტაქსი წავიდა და ხმაურიც შემოესმა, თუმცა ვერ გაარკვია, რისი ხმა იყო. მას შემდეგ ტაქსიში მჯდომი ბიჭი აღარ დაუნახავს. ოროპირიძე იქიდან არსად წასულა, კიბეებზე იჯდა და ნასვამობისა და დაღლილობის გამო იქვე ჩაეძინა, რამენიმე ხანში პოლიციელებმა ამ ადგილზე მოაკითხეს.
ის ადასტურებს, რომ მგზავრობისას მას თანხა არ გადაუხდია და წინ მჯდომმა მგზავრმა უთხრა, მე გადაგიხდიო. ასევე თავად ვახტანგი არ ჩარეულა ტაქსის მძღოლისა და მგზავრის საქმეში. არ დამუქრებია და მით უფრო, თანხა არ მოუთხოვია ტაქსის მძღოლისთვის. ოქროპირიძე გამორიცხავს, რომ მგზავრი გიორგი თევზაძე იყო!
მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, ამოცნობის პროცედურაზე ჯერ კიდევ მოწმის სახით მიყვანილ გიორგი თევზაძეს ხელს ადებს დაზარალებული და ამბობს, რომ ის იყო მისი დამყაჩაღებელი. პოლიციელები კი მას აკავებენ!
გიორგი თევზაძის ადვოკატი კახა კვაშილავა ამბობს, რომ გამოძიებას არ დაუკითხავს ლაშა ჭუმბურიძე, რომელმაც თევზაძე სახლამდე მიიყვანა, იგი თავად დაცვის მხარემ იპოვა და დაკითხა, თუმცა აშკარაა, რომ ჭუმბურიძის დაკითხვის, ვიდეომასალების ამოღებისა და სრული ძალიხსმევის ჩართვისას გამოძიების მხარეს მაშინვე მოუწევდა გიორგი თევზაძის განთავისუფლება!
ლაშა ჭუმბურიძე თევზაძის მსგავს, აბსოლუტურად იდენტურ ჩვენებას აძლევს და ამბობს, რომ ღამის საათებში ბარ „კოპალადან“ რესტორან „ტიფლისში“ გადავიდნენ. ამბობს იმასაც, რომ ამ რესტორნიდან 15-20 წუთით გავიდნენ მეგობარი გოგონას სანახავად და უკან (რესტორანში) იმავე ტაქსით დაბრუნდნენ. ამის შემდეგ იხდიან ანგარიშს და დაახლოებით 02:00-ზე ლაშას თავისი ახლობლის მანქანით „ბმვ-თი“ მიჰყავს გიორგი თევზძე თავის სახლში, გამცემლიძის შესახვევში, სადაც ეს უკანასკნელი ცხოვრობს. როგორც ლაშა იხსენებს, ამ დროს 02:30-03:00 საათი იქნებოდა.
გიორგის სახლში მისვლისას ეღვიძა დედას, მაია ადეიშვილსაც, რომელიც ამბობს, რომ როცა გიორგი სახლში მოვიდა, მან ჰკითხა, თუ ვინ მოიყვანა სახლში და რატომ შეაგვიანდა ასე? გიორგიმ კი უპასუხა, რომ დიდი ხნის უნახავი მეგობრები ნახა, ცოტა დალიეს, ხოლო ის პიროვნება, რომელმაც თევზაძე სახლში მოიყვანა, მისი მეგობარი ლაშა ჭუმბურიძე იყო. მაია ადეიშვილი დამოწმებით ამბობს, რომ გიორგი იმ საღამოს ტაქსით არ მოსულა სახლში და მოსვლისთანავე დაიძინა. მას შემდეგ მთელი ღამის განმავლობაში სახლიდან არ გასულა!
კიდევ ერთი მოწმე...
ჯერ კიდევ მოწმის სახით მიყვანილ გიორგი თევზაძეს პოლიციაში აკითხავს მისი მეგობარი შალვა შოთაშვილი, რომელსაც გიორგი ეუბნება შემდეგ ფრაზას: „მგონი, ყაჩაღობას მტენიან!“ შემდეგ ჯიბიდან იღებს 250 ლარს, რომლის მეუღლისთვის გადაცემასაც სთხოვს შალვას (საკითხავია, თუ რატომ უნდა გამოეძალა გიორგი თევზაძეს ტაქსის მძღოლისთვის ჯერ 5-ლარიანი ქაღალდის ფულად, შემდეგ კი 15 ლარი ხურდებით, მით უფრო კი როგორ უნდა ჩაედინა ეს დანაშაული თავისსავე უბანში, სახლთან ახლოს?!).
ის, რაც გამოძიებას „გამორჩა“:
საგულისხმო ფაქტია, რომ იმ მონაკვეთზე, სადაც ძირითადად გიორგი თევზაძე მოძრაობდა და რითაც მისი უდანაშაულობა მტკიცდება, ანუ ზაარბრიუკენის მოედანზე წმ. ნიკოლოზის ეკლესიისკენ რომ წახვიდეთ, გასავლელია ორი შუქნიშანი, ორი-სამი აფთიაქი, რამდენიმე ლომბარდი, სავაჭრო ობიექტები _ ბუნებრივია, არის საკმაოდ ბევრი სათვალთვალო კამერა, რომელზედაც აღბეჭდილი უნდა იყოს მისი მოძრაობები, თუმცა, როგორღაც, კამერიდან ყველა ჩანაწერი ქრება! ქრება დროის მოცემული მომენტის, ღამის საათების ჩანაწერები!
არ ჩატარებულა არც გიორგი თევზაძის პირადი და არც მისი სახლის ჩხრეკა. არ არის ამოღებული ის დანა, რომლითაც ტაქსის მძღოლს ემუქრებოდნენ. არ არის ამოღებული ტაქსის ნიშანი, რომელიც, მძღოლის თქმით, მოჭრილი და გადაგდებულია.
მტკიცებულებები:
საქმეზე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარდა ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზა, რომლითაც უნდა განსაზღვრულიყო გიორგი თევზაძის ნერწყვის ნიმუშის გენეტიკური პროფილი. უნდა განსაზღვრულიყო ასევე გ. ოშაყმაშვილის ავტომობილიდან ამოღებულ ანაწმენდის ნიმუშებზე აღინიშნება თუ არა ადამიანის ბიოლოგიური მასალის კვალი და თუ კი, მაშინ როგორია მისი გენეტიკური პროფილი და ბოლოს, ექსპერტიზის წინაშე დასმული იყო შეკითხვა, _ გ. ოშაყმაშვილის ავტომობილიდან ამოღებული ანაწმენდის ნიმუშებზე აღმოჩენილი ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი იდენტური იყო თუ არა თევზაძის გენეტიკური პროფილის?
ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს და ის განსხვავდება გიორგი თევზაძის გენეტიკური პროფილისგან. მეტიც: გენეტიკურ პრფილებში არ ვლინდება თევზაძის გენეტიკური პროფილის ალელები!
ჩატარდა დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა, რომელსაც თევზაძის მანქანასთან შემხებლობა უნდა დაედგინა. ამ ექპერტიზამაც აბსოლუტურად გამორიცხა გიორგი თევზაძის არათუ მანქანაში ყოფნა, არამედ მისი შემხებლობაც კი ავტომობილთან. ტაქსიში არსებული ანაბეჭდები მხოლოდ თავად გიორგი ოშაყმაშვილსა (ტაქსის მძღოლს) და ვახტანგ ოქროპირიძეს ეკუთვნოდა.
საქმის რეალური მოცემულობა:
• დაცვის მხარეს არის მოწმე, ლაშა ჭუმბურიძე, რომელიც ამბობს, რომ გიორგი თევზაძე ღამის 02:30-03:00 საათამდე მიიყვანა სახლში;
• მეორე მოწმე, ადამიანი, რომელიც ტაქსის ნამსვამი მგზავრი იყო, ვახტანგ ოქროპირიძეა და ის ამბობს, რომ ტაქსის მძღოლს კონფლიქტი ჰქონდა სხვა ადამიანთან, ის არ იყო გიორგი თევზაძე!
• მესამე მოწმე, მაია ადეიშვილი, რომლიც ამბობს, რომ გიორგი თევზაძე 02:30-03:00 დროის შუალედში მივიდა სახლში, დაიძინა და მერე სახლიდან არ გასულა;
• ჩატარებულია გენეტიკური და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზები, რომელიც სრულად გამორიცხავს გიორგი თევზაძის კავშირს მანქანასთან და ტაქსის მძღოლთან!
მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარეს არის მტკიცებულებათა დასტა, მოსამართლე ნათია გუდაძისთვის საკმარისი მხოლოდ და მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება აღმოჩნდა, რომ გიორგი თევზაძისთვის მიმდინარე წლის 19 ივნისს სასამართლო სხდომაზე 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა!
დღეს გიორგი თევზაძე არის გლდანის დაწესებულებაში.
ოჯახი:
როგორც გიორგი თევზაძის ოჯახი ამბობს, მას წარსულში კონფლიქტი ჰქონდა ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს მეორე განყოფილების ყოფილ უფროსთან (ამჟამად შეიცვალა და ახალი დაინიშნა). მათ შორის დაპირისპირება მოხდა კონკრეტულ საკითხზე, რის შემდეგაც რაიონის პოლიციის უფროსმა გიორგის უთხრა, რომ მას აუცილებლად აზღვევინებდა და „რამე საქმეზე“ ციხეში გაუშვებდა! ეს კონკრეტული დანაშაული კი გიორგის უბანში მოხდა, თან იმ საღამოს, როდესაც თავად გიორგი თევზაძე მეგობრებთან ერთად იყო გასული და თანაც, ტაქსიში მჯდომი ერთ-ერთი მგზავრი მისი ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მეგობარი იყო! _ ახლა საუკეთესო შანსი გაჩნდა თევზაძისთვის ხელის ჩასავლებად და მისთვის მიცემული დანაპირების (ციხეში გამომწყვდევის შესახებ) ასასრულებლად!
ისიც ვიცით, რომ გიორგისა და პოლიციის უფროსის ინციდენტის შემდეგ, თუ საერთოდ რამე სახის კანონდარღვევა მოხდებოდა იმ უბანში, მუდმივად თევზაძეების ოჯახი იჩხრიკებოდა. ბოლო თემა კი შესაბამისად გამოიყენეს...
მალხაზ თევზაძე _ გიორგის მამა:
„თავიდანვე მივხვდი, რომ ეს საქმე კარგად არ დამთავრდებოდა. სხვა რომ არაფერი, დეტალები ერთმანეთს არ ემთხვევა, ტაქსის მძღოლიც არეულად საუბრობს. დაზარალებული ჩვენებას რომ აძლევს, ამბობს, მოძალადე დანით დამემუქრა და იმავე დანით გადამიჭრა ტაქსის ნიშანი, შემდეგ გადააგდოო. არც ეს დანა და არც ეს ტაქსის ნიშანი ამოღებული არაა, არადა, ვინც ეს საქმე 23 სექტემბრის გამთენიისას მიიღო, ის პოლიციელი ამბობს, ტაქსის ნიშანი ზედ ჰქონდა მანქანას და ანათებდაო.
ჩვენი სახლიც კი არ გაუჩხრეკიათ, არც ის 20 ლარია ამოღებული, დაზარალებული რომ ამბობს, წამართვესო. არადა, ამ დროს გიორგიმ 250 ლარი ამოიღო ჯიბიდან და თავის მეგობარს უთხრა, ჩემს ოჯახს მიეციო. ამდენი ფული ედო და ადამიანს 20 ლარის გამო როგორ დააყაჩაღებდა?!
ვიცი, რომ არც პირადი, არც დანის ჩხრეკა არ ჩაუტარეს შეგნებულად! არც ვიდეოკამერების ჩანაწერი ამოიღეს (მეტიც: არათუ ამოიღეს, წაშალეს კიდეც! არ არსებობს, გაანადგურეს!) არ სჭირდებოდათ! როგორც ექსპერტიზის დროს არ აღმოჩნდა ანაბეჭდები, ისე არ იქნებოდა მაგ ტაქსის ნიშანზეც არაფერი. გამოძიების მხარე კიდევ პირიქით, ამით დაცვის მხარეს დაეხმარებოდა, ამიტომ არაფერი გააკეთა და ერთადერთი, დაზარალებულის ჩვენება დატოვა და დანარჩენი სასამართლოს მიანდეს“.
კახა კვაშილავა _ გიორგი თევზაძის ადვოკატი:
„ერთობლიობის პრინციპი ყველანაირად უარყოფილია.
გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად უნდა ედებოდეს მკიცებულებათა ერთობლიობა, რომლიც გამოკვლეულია სხდომაზე, აშკარაა და დამაჯერებელი. ზემოთ აღნიშნული კი მოსამართლემ აბსოლუტურად უარყო! იმისთვის, რომ გამამტყუნებელი განაჩენი დამდგარიყო, სასამართლოს ერთადერთი ხელჩასაჭიდი დაზარალებულის ჩვენება ჰქონდა, სხვა ყველაფერი, ოთხი მოწმე და ორი ექსპერტიზის დასკვნა კი გიორგი თევზაძეს ამართლებდა!
ე. ი., რეალურად, ბრალდების მხარე რისკზე წავიდა. ხელჩასაჭიდი არაფერი ჰქონდათ, კამერებიც კი დაცვის მხარის სასარგებლოდ იქნებოდა გამოყენებული, ამიტომ მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება გამოიყენეს. სამწუხაროდ, მოსამართლემ აბსოლუტურად გაუგონარი რამ გააკეთა!“
როგორც დაცვის მხარე „ქრონიკა+“-ს უყვება, სასამართლოს სხდომის დასრულებამდე, პროკურატურაც კი შეგუებული იყო თევზაძის უდანაშაულობის ამბავს, პირად საუბრებში აღნიშნავდნენ, რომ დღეს ერთი პატიმრით ნაკლებს წაიყვანდნენ ციხეში. ხოლო მას შემდეგ, რაც მოსამართლემ განაჩენი გამოიტანა და სხდომა დასრულდა, თავად პროკურორებიც კი გაოგნებულები იყვნენ, კარგა ხანს არ დაუტოვებიათ დარბაზი, შერცხვათ დაცვის მხარესთან ერთად დარბაზის დატოვება!
გიორგის კი უთქვამს, რასაც შემპირდნენ, ის გააკეთესო!
კითხვა:
საინტერესოა, თუ რა მოხდა და როგორ მიიღო მსგავსი გადაწყვეტილება მოსამართლემ, როცა ყველა გზას თევზაძის გასამართლებამდე მიჰყავდა იგი?! რამ ან ვინ იმოქმედა მასზე?! ხომ არ იყო ვინმესთან გარიგება ან ზეწოლა?!
რა უნდა დავარქვათ გადაწყვეტილებას, რომელიც ამდენად გამაოგნებელია _ არაკომპეტენტურობა, მოსყიდვა, ზეწოლა თუ ვინმეს გავლენა?
ფაქტი უახლოესი წარსულიდან
მოსამართლე ნათია გუდაძე ის ადამიანია, რომელმაც 2005 წელს დაამთავრა თბილისის ბიზნესის სახელმწიფო ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით. მას არაერთხელ დაუმსახურებია საზოგადოების კრიტიკა და უკმაყოფილება, მისი არაკომპეტენტური გადაწყვეტილების მიღების გამო. ბოლო შემთხვევა კი დავით როსტომაშვილზე თავდასხმის საქმეზე ერთ-ერთი მსჯავრდადებულის, ზურაბ ქუთელიას ოჯახის წევრებისა და ახლობლების პროტესტი გახლდათ. როგორც მაშინ ქუთელიას ცოლი, ნათია ქარდავა ამბობდა, ნათია გუდაძე, სავარაუდოდ, როსტომაშვილებისგან მოსყიდული მოსამართლე გახლდათ, რადგან საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა. მეტიც: ექსპერტიზის შედეგებით ზურაბ ქუთელიას შემთხვევის ადგილზე ყოფნა არ დასტურდება. მხოლოდ და მხოლოდ, მამა-შვილ როსტომაშვილების ჩვენებით მიუსაჯეს მას 7-წლიანი პატიმრობა!
ჩვენს შემთხვევაშიც მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებით მიუსაჯეს გიორგი თევზაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და ეს მაშინ, როცა ორი ექსპერტიზა და ოთხი მოწმე მის ამ კონკრეტულ ტაქსისთან მიახლოებასაც კი გამორიცხავს!
ოჯახი სამართალს ითხოვს და გაჩერებას არ აპირებს! ისინი მხოლოდ სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ და, რა თქმა უნდა, სარეზოლუციო ნაწილის მიღების შემდეგ სხვადასხვა ინსტანციაში გეგმავენ განაჩენის გასაჩივრებას.
ბრძოლა სამართლიანობისთვის დღეს, 26 ივნისს საქალაქო სასამართლოსთან დაიწყება!
ნინო ტაბაღუა