QronikaPlus
გამკაცრებული სანქციები ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ

გამკაცრებული სანქციები ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ

2018-06-11 08:56:19

საქართველოს მთავრობამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოჯახური დანაშაულის, ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ მომზადებული კანონპროექტი დაამტკიცა. კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს ოჯახური დანაშაულის, ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდა. ის ითვალისწინებს გამკაცრებულ სანქციებს, რომლის საფუძველზეც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შესაბამისი ცვლილებები განხორციელდება. ოჯახური ძალადობის შესახებ მომზადებული ახალი კანონპროექტი გულისხმობს ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც შემაკავებელი და დამცავი ორდერის პირობების დარღვევის პირველივე შემთხვევაში პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება. კანონის დღეს მოქმედი რედაქციის მიხედვით პირობების დარღვევის პირველ შემთხვევაზე ადმინისტრაციული, ხოლო მეორეზე _ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული. გარდა ამისა, მკაცრდება სანქციები ოჯახური დანაშაულის ჯგუფში გაერთიანებული ნებისმიერი ძალადობრივი დანაშაულის განმეორებით ჩამდენი პირების მიმართ. გენდერული ნიშნით მკვლელობა, თვითმკვლელობამდე მიყვანა, ჯანმრთელობის მძიმე და ნაკლებად მძიმე დაზიანება გათვალისწინებულია, როგორც დამამძიმებელი გარემოება და ამგვარი დისკრიმინაციული მოტივით დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ სანქციები მკაცრდება. ასევე მკაცრდება სანქცია ოჯახში ძალადობისთვის (126-ე მუხლი). ნაცვლად დღეს არსებული სასჯელისა _ 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, დანაშაულის ჩამდენი პირი დაისჯება 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით. ოჯახის წევრის მკვლელობა დამამძიმებელი გარემოება ხდება. რამ განაპირობა ეს საკანონმდებლო ცვლილებები და რატომ შეიქმნა არსებული სანქციების გამკაცრების საჭიროება? საქართველოში ოჯახური ძალადობის სტატისტიკა საკმაოდ საგანგაშოა და ამ პრობლემის მასშტაბურობასა და კომპლექსურობაზე მიანიშნებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს გასული წლის მონაცემების თანახმად, ოჯახში ძალადობის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა 1986 პირს შეეხო. ასევე ამ ინფორმაციის მიხედვით, გასულ წელს ოჯახში ფსიქოლოგიური ძალადობის 4176 შემთხვევა დაფიქსირდა, ფიზიკური ძალადობის _ 990, ეკონომიკური ძალადობის _ 143, იძულების _ 97, ხოლო უგულებელყოფის 24 შემთხვევა დაფიქსირდა. სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ოჯახური ძალადობა, რომელიც სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოვლინდეს, საქართველოში საკმაოდ გავრცელებული დანაშაულია, რომელიც ყოველწლიურად უფრო მეტ ადამიანს აზარალებს ან ფატალური შედეგებითაც სრულდება. ახალი კანონპროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობაზე. ფემიციდი ოჯახური ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც გულისხმობს ქალებზე ძალადობის უკიდურეს გამოვლინებას. ეს ტერმინი აღნიშნავს ქალებისა და გოგონების მკვლელობას. ყველაზე გავრცელებული განმარტების მიხედვით, ფემიციდი არის მამაკაცების მიერ ქალების მკვლელობა იმიტომ, რომ ისინი ქალები არიან. ფემიციდის შემთხვევების დიდი ნაწილი ქალების ყოფილი ან ამჟამინდელი პარტნიორების მიერ არის ჩადენილი და ხანგრძლივი ძალადობისა და ზეწოლის შედეგია. ფემიციდის სხვადასხვა ფორმა არსებობს, მათ შორის, ინტიმური ფემიციდი, „ღირსების“ მკვლელობა, რომელიც ოჯახის რეპუტაციის შენარჩუნების მიზნით ხდება, ასევე არაინტიმური ფემიციდი, როცა მკვლელი არ არის მსხვერპლის ახლობელი, ნათესავი ან ნაცნობი. 2018 წელს გამოქვეყნდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ახალი ეროვნული კვლევა, რომლის მიხედვითაც, საქართველოში 7-დან 1 ქალს ოჯახში ძალადობა გამოუცდია, ქალების 9% სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვობაში გამხდარა, 5-დან 1 ქალი კი ამბობს, რომ სექსუალური შევიწროება გამოუცდია. კვლევამ ასევე გამოავლინა არა მხოლოდ კონკრეტული რიცხვები, რაც პრობლემის მასშტაბურობაზე მეტყველებს, ასევე ის ძირეული პრობლემები, რაც ადამიანებისა და საზოგადოების დამოკიდებულებაში არსებობს. გამოკითხული ქალების თითქმის ერთ მეოთხედს (22%) და კაცების ერთ მესამედს (31%) მიაჩნია, რომ ცოლის ცემა გარკვეულ გარემოებებში გამართლებულია. გარდა ამისა, ქალების თითქმის ერთი მეოთხედი (23%) და კაცების თითქმის ნახევარი (42%) მიიჩნევს, რომ ცოლი ქმარს მაშინაც კი უნდა დაემორჩილოს, თუ ის მას არ ეთანხმება. კვლევა გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად ჩაატარა საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა და ევროკავშირმა. ფემიციდი საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა, რომელიც კომპლექსურია და საკმაოდ ბევრი ფაქტორის ერთიანობითაა განპირობებული. მთავარი მაინც საგანგაშო სტატისტიკაა, რომელიც მიანიშნებს, რომ ამ დანაშაულის მძიმე ფორმას საკმაოდ დინამიკური ხასიათი აქვს და ჩვენს ქვეყანაში ყოველწლიურად იზრდება. ფემიციდის შემთხვევები ზოგჯერ ფატალური შედეგებითაც მთავრდება. საკმაოდ ხშირია ძალადობის მსხვერპლი ქალების სიკვდილიანობა. ოჯახში ძალადობის შედეგად მარტო 2016 წელს ათამდე ქალი მოკლეს. 2015 წელს ქალთა მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე გამოძიება 28 სისხლის სამართალის საქმეზე დაიწყო, 2014 წელს კი ქალთა მკვლელობების საგანგაშო მაჩვენებელი დაფიქსირდა _ 34 მოკლული ქალი. ქალთა მიმართ ძალადობას უაღრესად სერიოზული შედეგი მოსდევს არა მხოლოდ მსხვერპლი ქალების ფიზიკურ თუ ემოციურ ჯანმრთელობაზე, არამედ იგი უშუალო კავშირშია და გავლენას ახდენს ბავშვებზე, ოჯახსა და მთლიანად საზოგადოებაზე. სახალხო დამცველის აპარატი პერიოდულად ატარებს ადამიანის უფლებათა, მათ შორის, ქალების უფლებების მონიტორინგს, რომელიც აღწერს საქართველოში არსებულ ზოგად მდგომარეობას. გარდა ამისა აპარატში არსებობს გენდერული თანასწორობის დეპარტამენტი, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად განიხილავს ოჯახურ ძალადობას ქალების მიმართ. - როგორია ფემიციდის გამოვლენის სიხშირეები საქართველოში და რა არის მიზეზი? - რამდენად ეფექტიანი შეიძლება იყოს ახალი საკანონმდებლო ინიციატივები ამ პრობლემის მოსაგვარებლად? „ქრონიკა+“-ის კითხვებს პასუხობს სახალხო დამცველის მოადგილე, გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის ზედამეხველი _ ეკატერინე სხილაძე: _ ახალი კანონპროექტი ითვალისწინებს გამკაცრებულ სანქციებს ოჯახში ძალადობისთვის. _ რა გარემოებებმა განაპირობა ეს გამკაცრება? ფემიციდის ან სხვა ოჯახური დანაშაულის სტატისტიკა ხომ არ გაიზარდა? _ ოჯახში ძალადობის სტატისტიკა ყოველწლიურად მატულობს, თუმცა რიცხვების ზრდა დაკავშირებულია არა ძალადობის შემთხვევების გაზრდასთან, არამედ ოჯახში ძალადობის შემთხვევათა გამოვლენისა და დამცავი ღონისძიებების გამოყენების მაჩვენებელია გაზრდილი. ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შემთხვევათა გამოვლენის მაჩვენებლის ზრდის ფონზე კი მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ ეფექტიან ზომებს მიმართოს ძალადობისგან დაცვის კუთხით. არსებული სანქციების გამკაცრება ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით განხორციელდა. _ რამდენად შედეგიანი იქნება ახალი საკანონმდებლო ნორმები ოჯახური ძალადობის პრობლემის მოსაგვარებლად? _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული ცვლილებები ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრობლემის მოსაგვარებლად მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა არსებული პრობლემის მოსაგვარებლად მხოლოდ განხორციელებული ცვლილებები ვერ იქნება საკმარისი. სამწუხაროდ, ამ დრომდე უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს ძალადობის პრევენცია და შემთხვევის მართვა. კვლავ პრობლემად რჩება შემთხვევაზე რეაგირებისას რისკის შეფასება და განმეორებითი ძალადობის თავიდან ასაცილებლად ეფექტიანი მონიტორინგის განხორციელება. ბუნებრივია, ძალადობასთან საბრძოლველად მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობა ვერ იქნება საკმარისი, აუცილებელია პრაქტიკაში დაინერგოს მოძალადისთვის ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლება; გაძლიერდეს მსხვერპლის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროგრამები და უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდეს; ასევე მნიშვნელოვანია სოციალური სამსახურის უფრო მეტად გააქტიურება და ჩართვა ძალადობის შემთხვევის შესწავლის პროცესში. _ მთავრობამ ახალი კანონპროექტი დაამტკიცა, ახლა პარლამენტის ჯერია. რა ეტაპზეა ეს საკანონმდებლო ცვლილებები და რამდენადაა მოსალოდნელი ახალი სანქციების ამოქმედება? _ როგორც ჩვენთვის ცნობილია, კანონპროექტი განსახილველად საქართველოს პარლამენტში უნდა გადაგზავნილიყო, თუმცა რა ეტაპზეა ეს პროცესი, ინფორმაცია არ გვაქვს. რაც შეეხება სანქციების ამოქმედებას, მოლოდინი იმისა, რომ პარლამენტი კანონპროექტით გათვალისწინებულ საკითხებს გაიზიარებს, არსებობს. ბოლო პერიოდში რამდენიმე გახმაურებული მკვლელობა მოხდა, როდესაც მოძალადეებმა სიცოცხლეს გამოასალმეს ქალები და ეს განსაკუთრებული სისასტიკით ჩაიდინეს. ეს შემთხვევები განსხვავებულია, მოტივიც, შედეგი კი ერთი და სავალალოა _ ჩვენს ქვეყანაში იზრდება მსხვერპლ ქალთა რაოდენობა, რომელთათვისაც სქესი ხშირად სიკვდილის მიზეზიც კი ხდება. ქალთა მიმართ ძალადობა საზოგადოებრივი პრობლემაა და მოიცავს საზოგადოებრივი ურთიერთობის პრაქტიკულად ყველა ასპექტს. მისი შედეგები აისახება სოციალური ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე და კავშირშია როგორც საზოგადოების ჯანდაცვასთან, ასევე სოციალურ და ეკონომიკურ კეთილდღეობასთან. ჩატარებული კვლევები ადასტურებს პრობლემის კომპლექსურობასა და მისი გამომწვევი მიზეზების არაერთგვაროვნებას, მის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლისთვის საკმაოდ ბევრი და გააზრებული ნაბიჯის გადადგმაა აუცილებელი. მათ შორის უმთავრესია ინტერსექტორული თანამშრომლობა, ასევე პრობლემისადმი ფართო და ყოვლისმომცველი მიდგომა. ქართული ტრადიციული კულტურის მიხედვით ოჯახი ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთ უსაფრთხო ადგილადაა მიჩნეული, რომლის ღირსება და ერთიანობა იცავს მის თითოეულ წევრს, თუმცა საგანგაშო სტატისტიკა, რომელიც ყოველწლიურად ოჯახური ძალადობის შემთხვევათა გაზრდილ რაოდენობაზე მიანიშნებს, ამ შეხედულებას ეწინააღმდეგება. სხვადასხვა კვლევა ასევე ცხადყოფს არა მხოლოდ გამოვლენილი ძალადობის პრობლემას, ასევე ზოგადად დამოკიდებულებებსაც, რომელიც არაერთგვაროვანია, თუმცა ხშირ შემთხვევაში ოჯახში ქალების მიმართ ძალადობას ნორმალურ ქმედებად მიიჩნევს. შესაბამისად, სამუშაო არა მხოლოდ საკანონმდებლო კუთხითაა, რათა კანონმა მეტად დაიცვას ქვეყნის ყველა მოქალაქე განურჩევლად სქესისა, არამედ დიდი სამუშაოებია ჩასატარებელი საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კუთხითაც, რათა გენდერული თანასწორობის იდეა ცარიელ სიტყვებად და შეუსრულებელ საქმედ არ დარჩეს.

ანა ურუშაძე

 

გაზიარება