ტრეფიკინგი, იგივე ადამიანებით ვაჭრობა, უმძიმესი დანაშაულია, რომელიც არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, დაწყებული სიცოცხლის უფლებით, დამთავრებული განათლების მიღებისა და ჯანდაცვის უფლებებით.
ტრეფიკინგი თანამედროვეობის ერთ-ერთი უმძიმესი დანაშაულია, რომელიც თავისი მასშტაბურობით უდიდესია მსოფლიოში. ეს გასაკვირი არცაა, რადგან ტრეფიკინგი ყოველდღიურად ვლინდება ისეთ ქვეყნებში, სადაც განსაკუთრებით მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონია და სადაც მიგრაცია აქტიურ ფაზაშია.
ადამიანით ვაჭრობის ეს უმძიმესი ფორმა საკმაოდ დიდ ქსელს მოიცავს, რომელიც აერთიანებს დაზარალებულს, ასევე დამნაშავესა და სატრანზიტო ქვეყანას ან ადგილს, სადაც ტრეფიკინგის მსხვერპლი გადაჰყავთ და მისი ფუნდამენტური უფლებები ირღვევა.
ტრეფიკინგი სხვადასხვა ფორმით ვლინდება, ამისდა მიხედვით მისი სხვადასხვა სახეობა არსებობს. მათ შორის ყველაზე მეტად გავრცელებულია სექსუალური ტრეფიკინგი, რომელიც გულისხმობს ქალებისა და მცირეწლოვანი გოგონების სექსუალური ხასიათის დაშანტაჟებას და მათი ნების საწინააღმდეგოდ ამ საქმიანობაში ჩართვას. გარდა ამისა არსებობს შრომითი ტრეფიკინგი, რომელიც შრომითი რესურსების ნების საწინააღმდეგოდ ექსპლუატაციას მოიაზრებს.
ტრეფიკინგი თანამედროვე მსოფლიოს უმძიმესი პრობლემაა, რომელიც კომპლექსურია და სხვადასხვა ფაქტორითაა განპირობებული. მათ შორის უმთავრესი მაინც ეკონომიკური სიდუხჭირე, მძიმე სოციალური ფონი და ინფორმაციულობის დაბალი დონეა, რაც უმეტეს შემთხვევაში სამუშაოს მაძიებელი ადამიანების ტრეფიკინგში ჩართვას იწვევს.
ერთ-ერთი ასეთი გახლავთ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი“, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიული პირია. მის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
ფონდი დაარსდა 2006 წელს „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე. ფონდი უზრუნველყოფს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების მიზნით სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციის ხელშეწყობას და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) მსხვერპლთა და დაზარალებულთა დაცვას, დახმარებასა და რეაბილიტაციას.
- რა ძირითადი სირთულეები არსებობს ტრეფიკინგის მსხვერპლი ადამიანების რეაბილიტაციის დროს?
- რა სერვისებით შეიძლება ამ პროცესის ეფექტიანობის ზრდა?
„ქრონიკა+“-ს პასუხობს ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის იურისტი, მთავარი სპეციალისტი _ ირაკლი ჭყონია:
_ ტრეფიკინგის ორი სახე არსებობს _ შიდა და საზღვრებს გარეთ. რა მდგომარეობაა ამ კუთხით საქართველოში _ რომელი ტიპის ტრეფიკინგია უფრო გავრცელებული და რატომ?
_ ტრეფიკინგის საქმეებზე ინტეგრირებულ მონაცემთა ბაზის (სტატისტიკური მონაცემები) წარმოებას ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სამდივნო უზრუნველყოფს. ფონდი აწარმოებს თავისი მომსახურების მიმღები პირების (ბენეფიციარები) სტატისტიკას, რომლის მიხედვითაც ბოლო წლებში (2014-2018 წწ.) ფონდის მომსახურებებით მოსარგებლე პირები არიან საზღვარგარეთის ქვეყნების (ძირითადად შუა აზიის ქვეყნები) მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში განხორციელებული ტრეფიკინგის (ძირითადად სექსუალური ექსპლუატაციის ფორმით) მსხვერპლები გახდნენ და საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საზღვარგარეთ გახდნენ ტრეფიკინგის (ძირითადად შრომითი ექსპლუატაციის ფორმით) მსხვერპლები.
აღნიშნული ცხადყოფს, რომ ტრეფიკინგის შემთხვევები, რომლებიც ფონდისთვის გახდა ცნობილი, უმეტესწილად, მოიცავს მსხვერპლების (ხშირ შემთხვევაში მოტყუებით) მიერ სახელმწიფო საზღვრების კვეთას და სახეზეა ტრანსნაციონალური ხასიათის ტრეფიკინგი. მაგალითად, 2015-16 წლებში ფონდის მომსახურებებით ისარგებლა 14-მა პირმა. ისინი საზღვრის კვეთის შემდგომ გახდნენ ტრეფიკინგის მსხვერპლები, ხოლო 2 პირი შიდა (ქვეყნის შიგნით) ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა. აღნიშნული ტენდენციის მიზეზები უნდა ვეძებოთ (უცხოელების შემთხვევაში) საქართველოში გასართობი ინდუსტრიის გააქტიურებით ზღვისპირა კურორტებზე (განსაკუთრებით აჭარაში), ხოლო საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ ტრეფიკინგის შემთხვევები კი უმეტესწილად უკავშირდება ინტენსიური შრომითი მიგრაციის პრობლემას (უმეტესწილად თურქეთში, საბერძნეთში, ერაყში).
_ როგორია ადამიანით ვაჭრობის ბოლო წლების სტატისტიკა და დინამიკა? როგორ შეიცვალა ეს რიცხვები წლების მიხედვით?
_ ფონდის მომსახურებებით მოსარგებლე ტრეფიკინგის მსხვერპლების (ბენეფიციარები) სტატისტიკა წლების მიხედვით ასე გამოიყურება: 2014 წ. – 12 ბენეფიციარი, 2015 წ. – 13 ბენეფიციარი, 2016 წ. – 3 ბენეფიციარი, 2017 – 10 ბენეფიციარი, 2018 წ. პირველი კვარტალი – 2 ბენეფიციარი. აღნიშნული სტატისტიკიდან გამომდინარე რადიკალური ცვლილება ან ზრდის, ან კლების კუთხით არ გვაქვს, თუმცა ადამიანით ვაჭრობის, როგორც დანაშაულის დინამიკის გასაგებად აუცილებელია, სამართალდამცველმა ორგანოებმა კომპლექსურად შეაფასონ წარმოებული სტატისტიკა, რომელიც ეხება გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნას, სასამართლოს მიერ გამოტანილ გამამართლებელ თუ გამამტყუნებელ განაჩენებს.
_ ტრეფიკინგთან საბრძოლველი სამი დონე არსებობს: კანონი, სადამსჯელო ღონისძიებები, დაცვისა და დახმარების ღონისძიებები, პრევინციული ღონისძიებები. ჩვენს ქვეყანაში რომელი დონეები გვაქვს და რამდენადაა განვითარებული თითოეული მათგანი?
_ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად რჩება, ვინაიდან ის წარმოადგენს გლობალურ პრობლემას და მისი მასშტაბები დღესაც ძალიან დიდია. სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც ტრეფიკინგის წინააღმდეგ ხორციელდება, ეყრდნობა 4 პრინციპს, ესენია: გამოძიება/სისხლისსამართლებრივი დევნა, მსხვერპლთა დაცვა, დახმარება და რეაბილიტაცია, დანაშაულის პრევენცია და თანამშრომლობა/კოორდინაცია.
საქართველოში ტრეფიკინგი 2003 წლიდან დანაშაულებრივ ქმედებად გამოცხადდა და სისხლის სამართლის კანონმდებლობით მისი ჩადენისთვის მკაცრი სანქციებია დაწესებული. 2006 წლის 28 აპრილს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, რომელიც განსაზღვრავს საქართველოში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) თავიდან აცილებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებში სახელმწიფო ორგანოთა, თანამდებობის პირთა და იურიდიულ პირთა უფლებამოსილებებს, ვალდებულებებსა და მათი საქმიანობის კოორდინაციის წესს, აგრეთვე ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) მსხვერპლთა სამართლებრივ მდგომარეობას, მათი სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს. აღსანიშნავია, რომ 2012 წლის 10 აპრილის ცვლილებების საფუძველზე კანონს დაემატა ახალი თავი IV 1 _ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) მსხვერპლ, დაზარალებულ არასრულწლოვანთა სოციალური და სამართლებრივი დაცვა, დახმარება და რეაბილიტაცია, რომლის მიზანია სპეციალური სამართლებრივი რეჟიმის შემოღება ადამიანით ვაჭრობის არასრულწლოვანი მსხვერპლისა და დაზარალებულის დასაცავად.
ასევე საქართველოს რატიფიცირებული აქვს ორი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ხელშეკრულება: გაეროს ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშულთან ბრძოლის კონვენცია მის დამატებით ოქმთან ერთად (პალერმოს პროტოკოლი) და ევროპის საბჭოს კონვენცია ტრეფიკინგთან ბრძოლის შესახებ.
აღნიშნული კონვენციებით საქართველომ აიღო მთელი რიგი ვალდებულებები, რომელიც უკავშირდება ორგანიზებულ დანაშაულებს, მათ შორის ტრეფიკინგთან ბრძოლას, გამოძიების საკითხებს, მსხვერპლთა დაცვას და ა. შ. 2006 წლიდან საქართველოში შექმნილია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო, რომელშიც შედიან აღმასრულებელი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. საბჭოს საქმიანობა მოიცავს წინადადებების შემუშავებას ტრეფიკინგის თავიდან აცილების მიზნით, სახელისუფლებო ორგანოების საქმიანობის კოორდინაციას, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობას, ტრეფიკინგთან ბრძოლის მონიტორინგსა და ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და იმპლემენტაციას. საბჭოს ფარგლებში ეროვნული სამოქმედო გეგმ(ებ)ისა და ერთიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში დანაშაულის პრევენციისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით ხორციელდება საბჭოს წევრი ორგანოების (შსს, პროკურატურა, ფონდი და სხვა წევრები) მიერ საინფორმაციო შეხვედრების გამართვა, საინფორმაციო მასალის დამზადება და გავრცელება სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან (მოსწავლეები; სტუდენტები; სოფლად მცხოვრები მოსახლეობა; იძულებით გადაადგილებული პირები და კონფლიქტით დაზარალებული პირები; თავშესაფრის მაძიებლები; ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები; კერძო სექტორში მომუშავე დამსაქმებლები და დასაქმებულები და სხვ.). სამიზნე არეალს წარმოადგენს როგორც დედაქალაქი, ასევე რეგიონები.
ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვა ტრეფიკინგთან ბრძოლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რგოლია. ამასთან დაკავშირებით შექმნილია სახელმწიფო ორგანიზაცია „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი“, რომელიც თავშესაფრებისა და კრიზისული ცენტრების ბაზაზე სხვადასხვა სერვისს აწვდის მსხვერპლებს მათი დაცვისა და დახმარების მიზნით.
_ როგორ ენიჭება დაზარალებულს სტატუსი და რა კონკრეტული დახმარება ეძლევათ ამ ადამიანებს საკუთარი პრობლემის მოსაგვარებლად?
_ საქართველოს კანონმდებლობით პირს, რომელსაც ტრეფიკინგის შედეგად მიადგა ფიზიკური ან/და მორალური ან/და მატერიალური ზიანი, შეიძლება განესაზღვროს ორი სტატუსი: მსხვერპლის ან დაზარალებულის. ადამიანით ვაჭრობით (ტრეფიკინგი) დაზარალებული არის პირი, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით ცნობილია დაზარალებულად, ხოლო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) მსხვერპლი არის პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელ საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოსთან შექმნილი მუდმივმოქმედი ჯგუფის გადაწყვეტილებით მიჩნეულია ტრეფიკინგის მსხვერპლად.
მსხვერპლის სტატუსის მიღების პროცედურა ასეთია: ფონდის ბაზაზე არსებობს სამი სპეციალური მობილური ჯგუფი (1 დასავლეთ საქართველოში და 2 აღმოსავლეთ საქართველოში); თითოეული სპეციალური მობილური ჯგუფი შედგება 2 წევრისგან: ერთი იურისტი და ერთი ფსიქოლოგი. სპეციალური მობილური ჯგუფი ატარებს გასაუბრებას სავარაუდო მსხვერპლთან, ივსება სპეციალური კონფიდენციალური საიდენტიფიკაციო კითხვარი, რომელიც წარედგინება მუდმივმოქმედ ჯგუფს. მუდმივმოქმედი ჯგუფი განიხილავს სავარაუდო მსხვერპლისათვის მსხვერპლის სტატუსის მინიჭების საკითხს მიმართვიდან 48 საათის განმავლობაში. მსხვერპლის სტატუსის მინიჭება ხდება სავარაუდო მსხვერპლის მოთხოვნით, იმ შემთხვევში თუ მას არ სურს თანამშრომლობა იმ მომენტისათვის სამართალდამცველ ორგანოებთან ან/და სარგებლობს კანონით განსაზღვრული მოსაფიქრებელი ვადით (30 დღე), ითანამშრომლებს თუ არა სამართალმცველ ორგანოებთან. ორივე სტატუსი პირს აძლევს უფლებას, მიიღოს ფონდის მომსახურებები.
ფონდი ტრეფიკინგის მსხვერპლს/დაზარალებულს მათი რეაბილიტაციისა და საზოგადოებასა და ოჯახში რეინტეგრაციის მიზნით სთავაზობს შემდეგი სახის მომსახურებებს:
1) ფსიქოლოგიური დახმარება;
2) სამედიცინო მომსახურება;
3) იურიდიული (სასამართლოში წარმომადგენლობის ჩათვლით) დახმარება;
4) დახმარება სოციალურ რეინტეგრაციაში;
5) თავშესაფრით მომსახურება;
6) კრიზისული ცენტრის მომსახურება.
ფონდის დაქვემდებარებაშია ორი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი): ბათუმის (გაიხსნა 2006 წელს) და თბილისის (გაიხსნა 2007 წელს) თავშესაფრები.
თავშესაფარი ბენეფიციარებსა და მათზე დამოკიდებულ პირ(ებ)ს უზრუნველყოფს შემდეგი სახის უფასო 24-საათიანი, სადღეღამისო, მომსახურებით:
1) ნორმალური არსებობისათვის შესაფერისი, უსაფრთხო საცხოვრებელი ადგილით;
2) საკვებით, ტანსაცმლით, სამედიცინო მომსახურებით და საბაზისო მედიკამენტებით უზრუნველყოფით;
3) ფსიქოლოგის დახმარებით;
4) არასრულწლოვან ბენეფიციართათვის ფორმალური და არაფორმალური განათლების მიღების ხელშეწყობით;
თავშესაფრებში მომსახურებები მორგებულია, ასევე, არასრულწლოვანთა მოთხოვნებს და სერვისების მიწოდება ხორციელდება მათი საჭიროებების გათვალისწინებით (ბავშვებისათვის შესაბამისი საკვების მომზადება, საბავშვო კუთხე, საბავშვო ლიტერატურა).
ფონდში ფუნქციონირებს კრიზისული ცენტრები, რომლებიც ტრეფიკინგის მსხვერპლებს/დაზარალებულებსა და სავარაუდო მსხვერპლებს უწევს ყველა ზემოთ ჩამოთვლილ სერვისს იმ განსხვავებით, რომ სერვისები არ მოიცავს სადღეღამისო მომსახურებას (გარდა თბილისის კრიზისული ცენტრისა).
_ საქართველოს ოცამდე ქვეყანასთან აქვს გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც ტრეფიკინგის წინააღმდეგ ერთიან ბრძოლის პრინციპებს ითვალისწინებს. რამდენად მნიშვნელოვანი და ეფექტიანია ეს ხელშეკრულება?
_ გარდა ზემოთ აღნიშნული კონვენციებისა, საქართველოს გაფორმებული აქვს სხვადასხვა ქვეყანასთან, მათ შორის, მეზობელ სახელმწიფოებთან (მაგ.: თურქეთთან, საბერძნეთთან, ბულგარეთთან, აზერბაიჯანთან) ხელშეკრულებები სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ, რომელიც მოიცავს ექსტრადიციის საკითხებს, სამართლებრივი ურთიერთდახმარების სფეროში შუამდგომლობებით მიმართვის საკითხებსა და საპოლიციო თანამშრომლობას. აღნიშნული ხელშეკრულებების ფარგლებში მხარეები გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის, დამნაშავეთა ექსტრადირების დროს ცვლიან ინფორმაციებს, გამოითხოვება დოკუმენტები სისხლის სამართლის საქმეებზე, ტარდება ერთობლივად საგამოძიებო მოქმედებები, რაც ხელს უწყობს სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებების სწრაფად და ეფექტიანად დასრულებას და დამნაშავეთა დასჯას.
_ ბავშვთა ტრეფიკინგის კუთხით რა მდგომარეობაა ჩვენს ქვეყანაში და რა კონკრეტული პრევენციული ღონისძიებები ტარდება ამის საწინააღმდეგოდ?
_ სისხლის სამართლის კოდექსი (1432-ე მუხლი) ითვალისწინებს მკაცრ სანქციებს (მათ შორის, უვადო თავისუფლების აღკვეთა) არასრულწლოვანზე განხორციელებული ტრეფიკინგის ჩამდენი პირის მიმართ. ფონდი ახორციელებს მსხვერპლი, დაზარალებული არასრულწლოვნის სოციალურ დაცვას, დახმარებასა და რეაბილიტაციას არასრულწლოვანზე მორგებული რეაბილიტაცია-რეინტეგრაციის გეგმების მიხედვით. თავშესაფარში შეიძლება მოთავსდეს არასრულწლოვანი, რომლის ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) მსხვერპლია ან დაზარალებულია. საჭიროების შემთხვევაში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) მსხვერპლ, დაზარალებულ არასრულწლოვანს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ენიშნება მეურვე/მზრუნველი. რაც შეეხება ფონდის სტატისტიკას არასრულწლოვან ტრეფიკინგის მსხვერპლ ბენეფიციარებთან მიმართებით, 2013 წლიდან დღემდე ფონდის მომსახურებით ისარგებლა 2-მა არასრულწლოვანმა ტრეფიკინგის მსხვერპლმა.
მთავრობის დადგენილებით დამტკიცებულია ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირება) პროცედურები, რომლის მიხედვით ყველა ორგანიზაციას, რომელსაც შეიძლება პირველადი შეხება ჰქონდეს ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვანთან, ვალდებულია აღნიშნულის შესახებ აცნობოს სამართალდამცველ ორგანოსა და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ბავშვის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანას და კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი პროცედურების განხორციელებას.
ანა ურუშაძე