QronikaPlus
ვინ დგას სასიკვდილო ნარკოტიკის უკან?

ვინ დგას სასიკვდილო ნარკოტიკის უკან?

2018-05-11 08:14:46

ათი გარდაცვლილი და ოთხი კომაში! _ ასეთია ბოლო რამდენიმე დღის საზარელი სტატისტიკა. ექსპერტიზის ოფიციალური შედეგები ჯერ არ ვიცით, ამიტომ სპეციალისტები და არასპეციალისტები მხოლოდ ვარაუდებს გამოთქვამენ, რა ტიპის ახალ ნარკოტიკთან გვაქვს საქმე. გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკის პარალელურად, ახალი შავი პიარი აგორდა კლუბების წინააღმდეგ. მთავარი სამიზნე ისევ „ბასიანი“ გახდა, რომელიც დღევანდელი მონაცემებით მსოფლიოში კლუბების ათეულში შედის. „ბასიანის“ წინააღმდეგ დაწყებული ბრძოლა პოლიტიკური სპეკულაციების საგნად გადაიქცა. „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ბერა ივანიშვილისკენ იშვერდნენ ხელს, „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა კი კლუბის მფარველად, ლამის, მიხეილ სააკაშვილი დაასახელეს. - რა ჰქვია ახალი თაობის ნარკოტიკს? - საიდან შემოდის იგი საქართველოში? - ვინ შეიძლება მფარველობდეს ინტერნეტით ნარკოტიკის გაყიდვის სქემას? „ქრონიკა+“ შეეცადა, სკანდალური დეტალები გაერკვია: არაოფიციალური ინფორმაციით, რამდენიმე შემთხვევაში გარდაცვალების მიზეზად ე. წ. მეფედრონი დასახელდა. საქმეში ჩახედული ადამიანები ამბობენ, რომ ეს სინთეტიკური ვინტია, აქვს კოკაინის ეფექტი და ზედოზირების შემთხვევაში ლეტალურ შედეგს იწვევს. სპეციალისტები ამბობენ, რომ ჰეროინს, ოპიუმს აქვს ანტიდოტი, მეფედრონს _ არა. ნარკოტიკი, ძირითადად, ინტერნეტის მეშვეობით იყიდება, ანგარიშსწორება ხდება ბიტკოინებში. კრიპტოვალუტის გამოყენების შემთხვევაში პირის იდენტიფიცირება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. სქემა ასე იწყება: კონკრეტული ადამიანები ტელეფონზე ვაიბერის მეშვეობით იღებენ მესიჯს, სადაც მითითებულია ნარკოტიკებისა და ბოლო დროს, იარაღის სრული ასორტიმენტი. ამის შემდეგ დინტერესებული პირი რეგისტრაციის დასრულებისას გადადის იმ გვერდზე, საიდანაც ხდება ნარკოტიკის გამოწერა. გამოწერისა და ანგარიშსწორების შემდეგ შემკვეთს ისევ ტელეფონზე მოსდის მესიჯი ადგილის მითითებით, თუ სად უნდა აიღოს შეკვეთილი ნარკოტიკი. შეტყობინებას თან ადგილის ფოტოც ახლავს. ერთი შეხედვით მარტივი სქემა, სინამდვილეში, კარგად ორგანიზებულია. ძირითადად, შერჩეულია ადგილები, სადაც ვიდეოკამერები დამონტაჟებული არ არის. თბილისი და საქართველოს რეგიონები სექტორებადაა დაყოფილი და, როგორც ჩანს, ბაზრის კარგად შესწავლის შემდეგ რამდენიმე ასეულ ადგილას წინასწარ დალაგებულია მოთხოვნადი ნარკოტიკი. სპეციალისტების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ საქმე გვაქვს ასევე მეორე ტიპის სინთეტიკურ ნარკოტიკთან, რომლის სახელია „თეთრი ჩინელი“. იგი მეფედრონისგან განსხვავებით, ჰეროინის სინთეზური ფორმაა და ზედოზირება აქაც ლეტალურ შედეგს იწვევს. „თეთრი ჩინელი“ რუსეთში, იატაკქვეშა ლაბორატორიებში იწარმოება. 2012 წელს ესტონეთში იყო ეპიდემია და ამ ნარკოტიკის გამოყენების შემდეგ რამდენიმე ასეული ადამიანი დაიღუპა. საქართველოში ეს სინთეზური ნარკოტიკი ორი წლის წინ გამოჩნდა. სპეციალისტების განმარტებით ეს არის თეთრი ფხვნილი, რომელსაც იყნოსავენ, ეწევიან და ინტრავენურადაც მოიხმარენ. მისი ზუსტი შემცველობა ცნობილი არ არის. ეს ნარკოტიკი ტოქსიკურობით გამოირჩევა. მასზე მომხმარებელი სწრაფად ხდება დამოკიდებული: აქვს შფოთვა, ჰალუცინაციები, არ სძინავს, ზედოზირებისას ემართება კრუნჩხვა, მომენტალურად იწყება ტვინის შეშუპება, გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა, ითიშება თირკმლები და ლეტალური შედეგიც ძალიან მალე დგება. სისტემატური მოხმარების შემთხვევაში ვითარდება ბოდვები, ჰალუცინაციები და მომხმარებელი მიდრეკილია სუიციდისკენ. რადგან ლაბორატორიები, სადაც მსგავსი ტიპის ნარკოტიკები იწარმოება, ძირითადად, არალეგალურად მოქმედებს, ამიტომ ნარკოტიკის ზუსტი შემადგენლობა მხოლოდ დამამზადებლისთვისაა ცნობილი. არაოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში 100-150 000 ნარკომომხმარებელია და ყოველწლიურად ფიქსირდება ამ ციფრის, დაახლოებით, 11%-ით ზრდა. საზოგადოების ეს პრობლემური ნაწილი მუდმივად ეძებს ნარკოტიკულ საშუალებას, მუდმივად ჩალიჩობს ფულს და მუდმივად ცხოვრობს პოლიციის შიშით. ბოლო წლების განმავლობაში ნარკოტიკების რეალიზაციასთან ბრძოლა თითქმის არ მიმდინარეობდა, მეტიც, ე. წ. ბარიგების მფარველად სწორედ პოლიციის მაღალჩინოსნები, შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სუსის უფროსის მოადგილე სოსო გოგაშვილი სახელდებოდნენ, არნახულად გაიზარდა ნარკორეალიზატორების რაოდენობაც და მათი საქმიანობა გასცდა ფონიჭალის ფარგლებს. თბილისში ყოველ მეორე ქუჩაზე იყო შესაძლებელი ნარკოტიკების ყიდვა. საქართველოში ვარდების რევოლუციამდე კარგად აწყობილი ნარკოტრასა მოქმედებდა, მათ შორის, პანკისის ხეობის გავლით და ამ ტრასას კახა თარგამაძის მარჯვენა ხელი, თამაზ თამაზაშვილი კურირებდა. მას ამ საქმეში, თავის მხრივ, კიდევ ერთი მარჯვენა ხელი ჰყავდა, ლევან შონია, რომელიც მაშინ სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელი იყო, დღეს კი სამეგრელოს გუბერნატორია. სამეგრელოში, გიორგი მღებრიშვილის მინისტრობის დროს, ნარკობიზნესი ყვაოდა, იქამდე, რომ ზუგდიდში ყველამ იცოდა _ ნარკოტიკების შეძენა გუბერნიის შენობის გვერდით შეიძლებოდა. სამეგრელოს გუბერნატორი ე. წ. პარტიზანების _ „ტყის ძმების“ მეთაურთან ერთად, ოკუპირებული აფხაზეთიდან და პირიქით, კონტრაბანდას, იარაღის, ჯართის, ნარკოტიკების ბიზნესს მფარველობს. საზღვრისპირა სოფლები და გადასასვლელები, თითქმის, არ კონტროლდება, რუსებთან ეს სქემა დალაგებულია, მათ კონტრაბანდიდან საკუთარი წილი მისდით. ქართული მხარე კი სიტუაციას თითქმის ვერ აკონტროლებს. ინტერნეტით გამოწერილი ნარკოტიკები საქართველოში სწორედ უკონტროლო ოკუპირებული ტერიტორიიდან შემოდის. ერთი მხრივ, აფხაზეთის მიმართულება, მეორე მხრივ კი „სამხრეთ ოსეთის“ მიმართულება სახელდება. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, სწორედ ექსპრემიერ ღარიბაშვილის სიმამრი „კრიშავს“ ნარკოტიკების მოძრაობას, ხოლო ცხინვალის მიმართულებით ე. წ. კურიერებად ყოფილი მხედრიონელები და ვეტერანთა დეპარტამენტის მოქმედი რამდენიმე თანამშრომელი სახელდება. აფხაზეთის მხრიდან ნარკოტიკების რეალიზაციის მცდელობა პერიოდულად სულ იყო. 2009 წელს აფხაზური ბანდფორმირების მეთაურ ვალმერ ბუთბას კოორდინაციით ზუგდიდსა და საზღვრისპირა რაიონებში სინთეზური ნარკოტიკი გამოჩნდა. მაშინ საკმაოდ დიდი ძალისხმევა დასჭირდა პოლიციას და სოდს, რომ ნარკოდილერები დაეკავებინა. სწორედ 2005 წლიდან დაიწყო ე. წ. ბარიგების შესახლება. ჩატარდა რამდენიმე ათეული სპეცოპერაცია და ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ სასჯელი უკიდურესად გამძაფრდა. ბევრ მათგანს 20, 30 წელი ან სამუდამო პატიმრობა მიესაჯა, მაგრამ ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ ამ პირების ეტაპობრივი განთავისუფლების კამპანია დაიწყო, _ ზოგი შეიწყალეს, ზოგიც ვადაზე ადრე გამოუშვეს, ზოგიც კი საერთოდ პოლიტპატიმრის სტატუსით ამაყობს და რამდენიმე მათგანი სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერთა რიგებში იწონებდა თავს. მათ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა და კრიტიკულად განწყობილი ადამიანების წინააღმდეგ იყენებდნენ. სწორედ ამ უკონტროლო პროცესმა მოიტანა დღეს ის შედეგი, როცა ნარკობაზარი ხელმისაწვდომი გახდა ნებისმიერი მსურველისთვის. ნარკოდამოკიდებული ადამიანები ბოლო დროს სწორედ სინთეზურ ნარკოტიკს მოიხმარენ, რადგან მათი მოხმარების გამოვლენა ნარკოტესტირებისას თითქმის შეუძლებელია. გიორგი გახარიას შს მინისტრად დანიშვნის შემდეგ ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ ბრძოლა აშკარად გააქტიურდა, სტატისტიკაც საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება. ბოლო ოთხი თვის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა ადგილზე ჩატარებული სპეცოპერაციების შემდეგ უკანონო ბრუნვიდან ამოიღო: 8 კილოგრამი ჰერონი, ერთ კგ-ზე მეტი კოკანი, 318 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, მათ შორის, ბუპრენორფინის შემცველი 3456 აბი, ასევე ხუთი კგ სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალება MDMA, 650 გრ სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული ნივთიერება; ორშაბათს ერთდროულად ჩატარდა სპეცოპერაცია ფონიჭალასა და მარნეულში, ოპერატიულ სამძებრო ღონისძიების შედეგად დაკავებულია შვიდი ნარკორეალიზატორი, ასევე სამთვიანი თვალთვალის შემდეგ დააკავეს თურქეთის მოქალაქე, რომელსაც სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალება „მდმას“ შემცველი „ექსტაზის“ 393 აბი ნივთმტკიცებად ამოუღეს. რაც შეეხება ინტერნეტით ნარკოტიკების გამოწერასა და შემდგომ საქართველოს მასშტაბით შემკვეთებისთვის მის მიწოდებას, აქ საქმე ბევრად უფრო რთულადაა. გადარიცხვები, როგორც გითხარით, ანონიმურია და კრიპტოვალუტის გამოყენებით ხდება, საიტების სერვერები სხვა ქვეყანაშია განთავსებული და მათი დაბლოკვა, პრაქტიკულად, შეუძლებელია, კლუბებთან ბრძოლა კი სრულიად უშედეგოა, რადგან კლუბებში ნარკოტიკების რეალიზაცია არ ხდება. გავრცელებული ინფორმაციით, კლუბის ივენთისთვის მზადება წინასწარ, რამდენიმე დღით ადრე იწყება, მათ შორის, კლუბური ნარკოტიკის შეძენით და ეს, როგორც წესი, კლუბის გარეთ ხდება. რა შეიძლება იყოს შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი? ალბათ, ისევ მსოფლიო პრაქტიკა, რომელიც ევროპის ქვეყნებმა შემოიღეს. 1985 წელს ჰოლანდიამ კონსტიტუციაში ჩაწერა და ნარკოტიკის ლეგალიზება მოახდინა. ჰოლანდიელები ფიქრობდნენ, რომ ნარკოტიკის აკრძალვით არ მოისპობოდა მოხმარება, ამიტომ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებზე ეზრუნათ და სახელმწიფოს მიეწოდებინა სუფთა და შემოწმებული ნარკოტიკი. შემდეგ ჰოლანდიას მიბაძეს ინგლისმა, კანადამ, ავსტრალიამ და სხვა ევროპულმა ქვეყნებმაც. 1971 წელს საქართველო მსოფლიო ანტინარკოტიკულ კამპანიას შეუერთდა. დოკუმენტს თხუთმეტივე რესპუბლიკამ მოაწერა ხელი, მაგრამ ყველაზე არაჰუმანური ნარკოპოლიტიკა საქართველოში იყო. 1971 წლამდე, სანამ ნარკოტიკი აიკრძალებოდა, იმდენი ოპიუმი იყო ბაზარზე, მომხმარებელს აზრადაც არ მოსვლია, მისი ინტრავენური მოხმარება რომ შეიძლებოდა. როგორც კი ნარკოტიკი დეფიციტი გახდა, მისი მოხმარება დაიწყეს. პარალელურად დაიწყო ცე ჰეპატიტის, შიდსისა და სხვა ინფექციური დაავადებების მასობრივი გავრცელება. დღეის მდგომარეობით საქართველო ნარკომომხმარებლების რაოდენობით ლიდერობს და ასევე ლიდერია ცე ჰეპატიტის გავრცელების კუთხითაც. თუ ნარკოტიკების მოხმარების პრობლემა არ დარეგულირდა, ელიმინაციის პროგრამა, რომელიც საქართველოს მთავრობის ინიციატივით უფასოდ მიმდინარეობს, ფაქტობრივად, წყალში გადაყრილი ფულია. საქართველოს პარლამენტმა ნარკოტიკების ლეგალიზაციის შესახებ კანონი, მიუხედავად დაპირებებისა, გაურკვეველი ვადით თაროზე შემოდო, არადა, პრობლემის მოგვარების გასაღები მხოლოდ კომპლექსური მიდგომაა, ერთი მხრივ, მსუბუქი ნარკოტიკის ლეგალიზაცია, ხარისხის კონტროლი, ნარკომომხმარებლებისთვის შესაბამისი სამკურნალო სერვისების შეთავაზება და რაც მთავარია, შეძლებისდაგვარად მათი აღრიცხვა. „ცალსახად მინდა ვთქვა და მოვუწოდო ყველას, რომ ცნება კლუბური და რეკრეაციული ნარკოტიკი რეალურად არ არსებობს, არანაირი მკაფიო მეცნიერული ზღვარი არ არის კლუბურ და არაკლუბურ ნარკოტიკს შორის. მიდგომა არის ორივესადმი ერთნაირი _ მაქსიმალურად ზიანის შემცირება, მაქსიმალურად სწრაფი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა“, _ განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ. მისი აზრით, ნებისმიერი ნაბიჯი მიწოდებისა და მოხმარების შემცირებისკენ უნდა იყოს მიმართული. ბოლო დღეებში ახალგაზრდების გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე. მისი განმარტებით, ახალი ნარკოტიკული საშუალება, რომელსაც ახალგაზრდების სიცოცხლე ემსხვერპლა, მსუბუქი ნარკოტიკების საფარქვეშ ვრცელდება. ზოიძე მიიჩნევს, რომ დეკრიმინალიზაცია გამოსავალია, უნდა შემცირდეს ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობა, რაც შესაძლებელია პრევენციაში შესაბამისი თანხების ჩადებით. იმედია, პარლამენტი რამდენიმე დღეში დისკუსიას დაასრულებს და ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციისკენ რეალური ნაბიჯები გადაიდგმება, მით უფრო, რომ ეს დაპირება „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნოდ, ჯერ კიდევ, 2012 წელს გასცა.

ელისო კილაძე

 

გაზიარება