QronikaPlus
სამხედრო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი სამსახურში აღდგენისთვის ბრძოლას აგრძელებს

სამხედრო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი სამსახურში აღდგენისთვის ბრძოლას აგრძელებს

2018-02-02 08:55:50

სამხედრო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი სამსახურში აღდგენას მოითხოვს. ოპტიმიზაციის პერიოდში განთავისუფლებული შოთა მათითაიშვილი ამბობს, რომ 2016 წელს, თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, სამხედრო პოლიციიდან 125 თანამშრომელი გამოუშვეს. მისივე განცხადებით, მან საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა და საქმე მოიგო. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც. მათითაიშვილის თქმით, ის სამინისტროდან არგუმენტების გარეშე უსაფუძვლოდ გაათავისუფლეს. სამხედრო პოლიციის ყოფილი თანამშრომლის განცხადებას უწყებაში უპასუხეს. თავდაცვის სამინისტროს იურისტის განმარტებით, სამხედრო პოლიციაში რეორგანიზაცია ჩატარდა და თანამშრომლები სწორედ ამიტომ გაათავისუფლეს. უწყება საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილების გასაჩივრებას უზენაეს სასამართლოში გეგმავს. „ქრონიკა+“ შოთა მათითაიშვილს ესაუბრება: _ 2016 წლის 21 დეკემბერს სამხედრო პოლიციიდან სრულიად უკანონოდ გამოგვიშვეს. ეს ისე გააკეთეს, წინასწარ არც გაგვაფრთხილეს, რომ რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებას აპირებდნენ. 21 დეკემბერს ბატალიონის მეთაურმა, მამუკა ამაშუკელმა, მოგვაწყო და ბრძანება წაგვიკითხა. ვინც სამსახურში რჩებოდა, გვერდზე გაიყვანეს, ხოლო დანარჩენს ცალკე გვითხრეს, რომ თქვენი შტატები გაუქმდა და კარგად ბრძანდებოდეთო. ამის შემდეგ შევხვდით ირაკლი სესიაშვილს და სიტუაცია ავუხსენით, რომ ყველაფერი ასე მოხდა და მოსალოდნელზე ინფორმირებულიც კი არ ვიყავით. მან ჩვენი მონაცემები ჩაიწერა და დაგვპირდა, რომ ერთი კვირის განმავლობაში დამირეკავდა, მაგრამ მოგვატყუა და ბოლოს სატელეფონო ზარსაც აღარ პასუხობდა. 22 ივლისს საქალაქო სასამართლომ გააუქმა მინისტრ იზორიას ბრძანება, რითაც ჩვენ განთავისუფლებულნი ვიყავით. შემდეგ თავდაცვის სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა და 18 იანვარს უკვე სააპელაციო სასამართლომაც გააუქმა იზორიას ზემოაღნიშნული ბრძანება. ახლა უზენაეს სასამართლოში ჩივილს აპირებენ, მაგრამ ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ უზენაესი პირველი და მეორე ინსტანციის გადაწყვეტილებას ძალაში დატოვებს და ლევან იზორიას ბრძანებას გააუქმებს. ჩვენ ზარალის ანაზღაურებას და სამსახურში დაბრუნებას მოვითხოვთ. ეს ე. წ. ოპტიმიზაცია იმაზე ჰქონდათ გათვლილი, რომ თვითონ რაც შეიძლება მეტი პრემია-დანამატი ჩაედოთ ჯიბეში. თან ჩვენი, სამოქალაქო და სპეცწოდებიანი შტატები მხოლოდ დასავლეთ და აღმოსავლეთ ბატალიონებში გააუქმეს, ხოლო თვითონ დეპარტამენტში დატოვეს აღნიშნული სამოქალაქო და სპეცწოდებიანი შტატები, სადაც თავისუფლად შეეძლოთ და ახლაც შეუძლიათ, რომ დაგვნიშნონ. _ რატომ ასაჩივრებენ სააპელაციოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში, რეალური მოტივი რა არის? _ მიხვდნენ, რომ უკანონობა ჩაიდინეს, უბრალოდ, დროს წელავენ. ეს ყველაფერი საკითხის გადავადების მიზნითაა, რადგან ჩვენი გაშვებით ძალიან დიდი დარღვევა დაუშვეს. ამ ფონზე, დროის გაწელვის გარდა, მეტი გზა არ დარჩენიათ. _ გაწელვა რისთვის სჭირდებათ? _ ფაქტი ისაა, რომ ჩვენი სიმართლე დავამტკიცეთ. ალბათ, ჰგონიათ, რომ უზენაესი სასამართლო მათ საკეთილდღეო გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ მოვლენები ამ გზით განვითარდება. ჩემი აზრით, უზენაესი სასამართლო ორ ქვედა ინსტანციას დაეყრდნობა და ისევ ჩვენ სასარგებლოდ მიიღებს გადაწყვეტილებას. როგორც წესი, უზენაესი სასამართლო პირველი და სააპელაციო ინსტანციების გადაწყვეტილებას ეყრდნობა. ვიმეორებ, რა მუხლებითაც სამსახურიდან გამოგვიშვეს, ამით თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობამ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, ვინც ეს რეორგანიზაცია განახორციელა და მას ე. წ. ოპტიმიზაცია დაარქვა. სწორედ ამაში გამოიჭირეს ჩვენმა იურისტებმა და საქმე ამ გზით მოვიგეთ ინსტანციებში. ამიტომ ვიმედოვნებ, რომ უზენაესიც მხარს დაგვჭიერს, რადგან საქმეში ყველაფერი ფაქტებზე დაყრდნობითაა. _ თავის დროზე აღნიშნული შეცდომა რატომ დაუშვეს? _ ოპტიმიზაცია დაარქვეს და ვითომ ხარჯების შემცირება რომ უნდოდათ, ამ დროს თვითონ პრემია-დანამატების გაზრდა, უფრო კარგ ადგილებზე მუშაობის გაგრძელება სურდათ. მოკლედ, ჩვენი ხელფასების ხარჯზე მოინდომეს თავიანთი ცხოვრების აწყობა, მაგრამ ის მომენტი გამოეპარათ, რომ ზოგი ბიულეტენზე იყო გასული, ზოგს სამხედრო წოდება ჰქონდა და მისი თანამდებობაზე დანიშვნა თავისუფლად შეეძლოთ. ეს ყველაფერი ვერ გაითვალისწინეს და შეცდომა სწორედ აქ დაუშვეს, ამით კი ბევრი უკანონობა და უსამართლობა ჩაიდინეს ჩვენ მიმართ. როდესაც ადამიანი ბიულეტენზე სამედიცინო განყოფილებაშია, არავის აქვს უფლება, რომ სამსახურიდან გაუშვას. ასევე, როდესაც ადამიანს სამხედრო წოდება აქვს, არც იმის უფლება ჰქონდათ, რომ სხვაგან არ გადაენიშნათ; რამე ალტერნატივა მაინც ხომ უნდა შემოეთავაზებინათ? ამათ კი თქვეს, რომ მთელ სამხედრო პოლიციაში სამოქალაქო შტატები გავაუქმეთო, რეალურად, ასე არ მომხდარა. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში, საგამოძიებოში, ოპერატიულში და მთავარ სამმართველოში ყველგან არის სამოქალაქო შტატები. _ პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელთან კავშირი აღარ გქონიათ? _ არანაირი, არც დაურეკავს და არც არაფერი. _ თუ უზენაესმა სასამართლომ საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღო, რა გზა გრჩებათ? _ იურისტებს დაველაპარაკებით, თუ საშუალება მოგვეცემა, საქმეს ისევ გავასაჩივრებთ, თუ არადა, უკვე ბიჭები შევიკრიბებით და საპროტესტო აქციას დავიწყებთ. ჩვენი მიზანი ზარალის ანაზღაურება და სამსახურში აღდგენაა, რადგან ჩვენ ზურგს უკან ოჯახები გვყავს. გვიყვარდა და, რასაკვირველია, დღესაც გვიყვარს ჩვენი მუნდირი. უბრალოდ, პროტესტის გრძნობა იმაზე გვაქვს, რომ ვიღაცებმა არაპროფესიონალი ხალხი გვიწოდეს. როგორ ვიქნებოდით არაპროფესიონალები, როცა უკვე წლებია, ამ სამსახურში ვმუშაობდით, შესაბამისი სამ-სამი კურსი გვაქვს გავლილი და ჩვენზე ძალიან დიდი ფული არის დახარჯული? ასევე უცხო ენების კურსები გაგვატარეს. ამდენი თანხა დახარჯეს! გამოდის მინისტრი იზორია და აცხადებს, რომ ესენი არაპროფესიონალები იყვნენო. სირცხვილია ასეთი დამოკიდებულება! ე. ი. ეს თანხები ჩვენში ტყუილად გადაიხადეს? _ სხვა განთავისუფლებულებიც თუ იბრძვიან აღდგენისთვის? _ რა თქმა უნდა. პირველმა ჯგუფმა სარჩელი ცალკე შევიტანეთ, კიდევ მეორე ჯგუფს აქვს შეტანილი და მათ სამოქალაქო სასამართლო უკვე მოიგეს. თავდაცვის სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება მათაც სააპელაციოში გაუსაჩივრა. მოკლედ, ვიბრძვით, ვისაც კი ეს უკანონობა შეგვეხო. სულ სამსახურიდან 125 კაცი გამოგვიშვეს, ალბათ, ამის ნახევარი სამართლიანობის აღდგენისთვის იბრძვის. რეალურად, უსამართლობას ვებრძვით. არ მინდა, რომ ეს პროცესი თავდაცვის სამინისტროში კიდევ გაგრძელდეს. ჩვენი ბრძოლით იმის პრევენციას ვაკეთებთ, რომ მსგავსი უკანონობები ჩვენს ქვეყანაში აღარ ხდებოდეს! სამსახურიდან ასე დათხოვნა, მსგავსი მარაზმი რომ აღარ განმეორდეს. ამისთვის, თუ საჭირო გახდება, პოლიტიკურ პარტიებსაც მივმართავთ, რომ ეს აღიკვეთოს. ყველანაირად ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ თავდაცვის სამინისტრომ მსგავსი სისულელე აღარ ჩაიდინოს.

გელა მამულაშვილი

გაზიარება