QronikaPlus
„ის, რომ მოსწავლე სკოლიდან ვერ გადიოდეს სასწავლო პროცესის დროს, მიღწევადია.“

„ის, რომ მოსწავლე სკოლიდან ვერ გადიოდეს სასწავლო პროცესის დროს, მიღწევადია.“

2017-12-08 12:37:18

გასულ კვირას #51-ე სკოლაში მომხდარი კრიმინალური შემთხვევის შემდეგ საზოგადოებაში უამრავი კითხვა გაჩნდა, რომელიც განათლების სისტემის სისუსტესა და „ქუჩის ცხოვრების“ დღის წესრიგში დაბრუნებაზე გადის. გარდა მომხდარის დეტალებისა, საზოგადოებას კითხვები უჩნდება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ, რა ღონისძიებებით შეიძლება საგანმანათლებლო სისტემაში (ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი სკოლაში) ბოლო დროს გახშირებული „ქუჩური გარჩევები“ მოვაგვაროთ? რა უნდა ვქნათ მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, მისი პრევენციისთვის? რა სისტემური ცვლილებებია ამ მიმართულებით გასატარებელი და რა ეტაპზე ვართ ახლა? „ქრონიკა+“ თბილისის #51-ე სკოლის ყოფილ დირექტორს, დავით ლაგვილავას დაუკავშირდა, რომელმაც მის სკოლაში არსებულ მდგომარეობასა და იმ კომპლექსურ მიდგომაზე ისაუბრა, რისი აუცილებლობის წინაშეც დღეს განათლების სისტემა დგას: _ მსგავსი შემთხვევების მიზეზი კომპლექსურია: პირველი: ზოგადად სახელმწიფოს მხრიდან დამოკიდებულება არ არის სათანადო, ვგულისხმობ, იმას, რომ როდესაც 2009 წელს მანდატურის სამსახური შეიქმნა, იგი ძალიან დიდ ფუნქციას ასრულებდა, შემდეგ, რატომღაც, შეიძლება ითქვას, რომ წინა ხელისუფლების ჯინაზე, მანდატურის სამსახურს, პრაქტიკულად, ყველა ინსტიტუცია მოუხსნეს, არადა, რეალურად, რისთვისაც ეს სამსახური შეიქმნა, მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე ზრუნვა იყო. ამ კუთხით, პრაქტიკულად, 100%-იან შედეგს მივაღწიეთ. მეორე: ზოგადად, ქურდული მენტალიტეტის მქონე ადამიანებისადმი დამოკიდებულება როგორც სახელმწიფოს, ისე პატრულის თანამშრომლების მხრიდან და სამწუხაროდ, ხშირად სკოლის მხრიდანაც, მოისუსტებს. ახლა, როცა პატრული სკოლებთან შემოვლებს აკეთებს, როცა ხედავს, რომ ბავშვები ჩხუბობენ, ცივი იარაღი აქვთ, არ ხდება სათანადო რეაგირება. აქვე, სამწუხაროდ, სასწავლო პროცესი მოშლილია და ამ შემთხვევაში პასუხისმგებელია განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ძირითადად, სკოლებში გაკვეთილები არ ტარდება, თუ ტარდება, პრაქტიკულად, ფორმალურად. მიმდინარეობს გარჩევები, ერთმანეთისთვის მობილურების წართმევა და მათი ლომბარდში ჩადება. სამწუხაროდ, დაახლოებით, ისევ 2005 წლამდე პერიოდს დავუბრუნდით, როდესაც საჭირო იყო, ამ მიმართულებით სერიოზული ნაბიჯები გადაგვედგა. ბუნებრივია, ჩემს დროს, როდესაც მე დირექტორი ვიყავი, იყო შემთხვევები, მაგრამ შემდგომში ამ მიმართულებით სახელმწიფომ კომპლექსური მიდგომა დაიწყო. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და პოლიციამ ამ პრობლემის მოსაგვარებლად ერთობლივად კომპლექსური ღონისძიებები განახორციელა და ბუნებრივია, შედეგიც იყო. ამ შემთხვევაში, მაქსიმალურად ვცდილობ, კონკრეტულად არავის შევეხო, მით უფრო წვრილმანებში არ ვარ გარკვეული, მაგრამ ზოგადად რომ სისტემა მოშლილია და, მათ შორის, სამწუხაროდ, #51-ე სკოლაშიც ისეთ დონეზე არ არის სასწავლო პროცესი, როგორზეც უნდა იყოს, ეს ცხადია. ბავშვების ამ გარჩევების პროცესი არ დაწყებულა იმ კონკრეტულ დროს, ეს კონფლიქტი დაიწყო ბევრად უფრო ადრე. ალბათ, სკოლის ადმინისტრაციას, მანდატურს, კლასის ხელმძღვანელს უნდა შეემჩნიათ და შესაძლოა, შეამჩნიეს კიდეც, უბრალოდ, ყურადღება არ მიაქციეს მანამ, სანამ ეს ტრაგედია არ მოხდა, არადა, მანამდე უნდა მომხდარიყო რეაგირება ადმინისტრაციის მხრიდან და მშობლები უნდა ჩაეყენებინათ საქმის კურსში. თუ მანდატურის სამსახური თავის ფუნქციას ოდნავ მაინც ასრულებს, მინიმუმ, უნდა შეემჩნია სკოლის წინ თუ უკან მსგავსი თავშეყრა და ზომები უნდა მიეღო, პატრული გამოეძახებინა... ამ შემთხვევაში არც თავის მართლებაზე, ან დადანაშაულებაზე არ უნდა გადავიდეთ, კომპლექსურად უნდა ვიფიქროთ ჩვენი პრობლემების მოგვარებაზე. მართალია, ცალსახად ვერავინ იტყვის, რომ მანდატურის იქ ყოფნის დროს ეს შემთხვევა არ მოხდებოდა, თუმცა ალბათობა იმისა, რომ დანაშაული არ მომხდარიყო, ძალიან მაღალია. 5-6 ლარად მოზარდს რომ დანის ყიდვა შეუძლია, რომ თავისუფლად შეუძლია მობილურის ან რაიმე ნივთის ლომბარდში ჩადება (თუნდაც თავად მას არ ეკუთვნოდეს იგი), სახელმწიფო თვალს ხუჭავს ამაზე, გარდა ამისა, სასწავლო პროცესი უნდა იყოს მაქსიმალურად ორგანიზებული და ბავშვი არ უნდა ეცადოს ქუჩაში ასეთი რაღაცის გარჩევას. ვფიქრობ, სკოლა და მშობლებიც მჭიდრო კავშირში უნდა იყვნენ ერთმანეთთან. ჩემს დროსაც მომხდარა ცივი იარაღით დაჭრა, მსგავს მოვლენას ვერ გამორიცხავ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ დეტალები, წვრილმანები. საბედნიეროდ, ჩემი დირექტორობის პერიოდში არ მომხდარა სიცოცხლის გამოსალმება, მაგრამ, რა თქმა უნდა, არავინ იყო დაზღვეული ამისგან. საბოლოოდ რომ ვთქვათ, პრობლემის აღმოსაფხვრელად სახელმწიფო კომპლექსურად უნდა მიუდგეს პრობლემას. მსგავსი შემთხვევების განხილვისას საზოგადოების ზოგად განწყობასა და განათლების სისტემის განვითარებაზე საუბრობს ფილოსოფოსი და პოლიტოლოგი _ გია ნოდია: _ ასეთ შემთხვევებს, სამწუხაროდ, 100%-ით თავიდან ვერ აიცილებ, მაგრამ, რა თქმა უნდა, მათი შემცირება შეიძლება. აქ, საკუთრივ, განათლების სისტემას და ასევე, საზოგადოებაში დანაშაულთან ბრძოლის ზოგად განწყობას, დონეს აქვს დიდი მნიშვნელობა. ანუ ერთია, რომ სკოლებში უნდა გაიზარდოს მოქალაქის აღზრდის კომპონენტი, თუ შეიძლება ასე ითქვას და ყურადღება მიექცეს იმას, რომ არა მხოლოდ ზოგადი იდეები ასწალონ, თუ რა არის კარგი და რა ცუდი _ ამ მხარეების დანახვების სპეციალური მეთოდები არსებობს _ ბავშვების ჩაბმა მმართველობაში, სკოლის მიმართ პატრიოტიზმის, წესების მიმართ პატივისცემის განცდა და ა. შ. ზოგიერთი ინფორმაციით, უფრო მეტად კერძო სკოლები ცდილობენ ამას, საჯარო სკოლებში ასეთი მუშაობა ძალიან მწირია, რადგან ეს მიდგომა მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის არსებული ურთიერთობის და, ზოგადად, სასწავლო პროცესის აგების საკმაოდ სერიოზულ ცვლილებას მოითხოვს. უნდა იყოს ძალადობისადმი უარყოფითი დამოკიდებულება საზოგადოებაში, მაგრამ ასეთი დამოკიდებულება სამწუხაროდ არ გვაქვს, ამას პოლიტიკური სარჩულიც აქვს _ ფაქტობრივად, დღევანდელმა ხელისუფლებამ გამოიყენა ასეთი კრიმინალიური, ან ნახევრად კრიმინალური წარმომადგენლები, როგორც ერთგვარი პოლიტიკური მოკავშირეები და ამანაც გარკვეულად მოახდინა ასეთი მენტალიტეტის რეაბილიტაცია საზოგადოებაში. ამით ცალკეულ, ერთეულ შემთხვევას ვერ ახსნი, თუმცა ფაქტია, რომ ფონი ამ მიმართულებით ბოლო წლებში შეიცვალა. მგონია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მანდატური გადამწყვეტი ფიგურა ვერ იქნებოდა. საგანმანათლებლო პროცესის გარდაქმნაა საჭირო ამ მიმართულებით, რომ მოქალაქის აღზრდის კომპონენტი გაძლიერდეს, ეს თვითონ საგანმანათლებლო პროცესს ეხება და არა მანდატურის ინსტიტუტს, ამ უკანასკნელს თავისი ფუნქცია აქვს. მე ნამდვილად ვერ განვსჯი, ისინი როგორ ასრულებენ ამას, მაგრამ ძალიან კარგადაც რომ ასრულებდნენ, მაინც მთავარია ბავშვების იმ ღირებულებებით აღზრდა, რომლებიც მსგავს შემთხვევებს სრულად შეამცირებს. წინა ხელისუფლების დროს ასეთი შემთხვევა, მაინცდამაინც, არ მახსენდება, თუმცა მახსოვს, რომ და სამინისტროში ძალადობის საკითხი იდგა და ეს არა პოსტ ფაქტუმ, როცა ერთმა მოსწავლემ მეორე დაჭრა, არამედ მანამდე. ბოლოს მომხდარ შემთხვევაში ძალადობასა და კრიმინალზეა საუბარი, მერე რა, რომ არასრულწლოვნებმა ჩაიდინეს იგი, მაინც კრიმინალია. საბოლოოდ, სახელმწიფოს მხრიდან უნდა ჩანდეს თანმიმდევრული პოლიტიკა, ყოველგვარი დანაშაულისა და კრიმინალის მიმართ შეურიგებლობა, როგროც კონკრეტული ფაქტისა და მოვლენის, ისე მსოფლმხედველობისა და ღირებულებების თვალსაზრისით. სამწუხაროდ, მე დღეს ამას ვერ ვხედავ. შალვა ტაბატაძე _ განათლების ექსპერტი: _ ძალიან რთული თემაა, ამ მიმართულებით კომპლექსური სამუშაოა ჩასატარებელი. ღირებულებითი სისტემის თვალსაზრისით, გარკვეული საკითხები უნდა შეიცვალოს საზოგადოებაში, რასაც, ერთი მხრივ, დრო და, მეორე მხრივ, არა მარტო სასკოლო, არამედ ზრდასრულთა განათლება სჭირდება. მედია კი ამ პროცესის პროპაგანდისთვისაა საჭირო. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი დრო გავიდა იგივე საბჭოთა კავშირის დანგრევისა და 1990-იანი წლების მერე, მენტალობა მაინც არ შეცვლილა. საჭიროა განათლების დონის ამაღლება ჰუმანიმზის, კეთილშობილების, მოწყალების, ტოლერანტობის კუთხით და, მეორე მხრივ, უსაფრთხოების ნორმების დაცვა. მოსწავლე სასკოლო საათებში არ უნდა გადიოდეს საგანმანათლებლო დაწესებულებიდან. ის უნდა მოწმდებოდეს დეტექტორების მეშვეობით, რათა სკოლაში დანით არ მიდიოდეს, ყურადღება უნდა გავამახვილოთ უსაფრთხოების სხვა ნაწილებზე, რომელიც პროცედურულად მოგვარებადია, თუკი შესაბამის დონეზე დგას სკოლა. ეს ნორმები განსაკუთრებით ქალაქში მდებარე სკოლებზე უნდა გავაძლიეროთ, სადაც უფრო რთულია გაკონტროლება, განსხვავებით სოფლის სკოლისგან. იგივე, როცა ვსაუბრობთ წესების შემუშავებაზე, მასში უნდა მონაწილეობდნენ მოსწავლეები და მათი დარღვევა ძალიან ცუდ ტონად უნდა მიიჩნეოდეს, განსხვავებით დღევანდელისგან. სამწუხაროდ, რაც აქამდე იყო, მათ შორის, წინა ხელისუფლების ხელში, ძირითადი აქცენტი კეთდებოდა გამკაცრებასა და რეაგირებაზე, მანდატურის ინსტიტუტზე, ნაკლები აქცენტი კეთდებოდა პროცედურული კუთხით, თუმცა სწორედ განათლებული, ჰუმანიზმისკენ მიდრეკილი ადამიანები სჩადიან ნაკლებად მსგავსი ტიპის დანაშაულებს და, ზოგადად, საზოგადოებრივი ღირებულების კუთხით უფრო მეტი სამუშაოა ოჯახებშიც, მშობლებში. ვერ გეტყვით, რომ პრობლემის მოსაგვარებლად მხოლოდ მანდატურის ინსტიტუტზე უნდა ვიფიქროთ. თავიდან მანდატური ხშირად არ მიიჩნეოდა სკოლის „ნაწილად“ და ადმინისტრაციის მხრიდან აღიქმებოდა, როგორც უცხო ელემენტი სისტემაში. გარკვეული ცვლილებები ამ კუთხით გაკეთდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, მანდატურის ფუნქციონირების ბოლომდე გაერთიანება მთლიან სასკოლო სტრუქტურასთან ვერ მოხერხდა. როცა მანდატურის ინსტიტუტი იყო უფრო „ძლიერი“, ბავშვები სკოლას ეცლებოდნენ, მაგრამ უკვე მოფარებულში ხდებოდა გარჩევები, ჩხუბები, დაჭრები და ა. შ. საზოგადოებას ამაზე რეაგირება არ ჰქონია. მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიების მიღება, რომ მოსწავლეებმა იცოდნენ, რა არის კარგი და რომ დაჩაგვრა არ მიიჩნევა კარგ ტონად და ამას ბავშვობიდანვე ეჩვეოდეს, დამკვიდრებული და შეთანხმების წესების დაცვა არის მნიშვნელოვანი _ ეს უნდა იყოს ღირებულება ყველა მოსწავლისთვის და არა პირიქით. ის, რომ მოსწავლე სკოლიდან ვერ გადიოდეს სასწავლო პროცესის დროს, ეს მიღწევადია, ის, რომ მოსწავლეს არ ედოს დანა ჯიბეში და არც ჩანთაში, _ ესეც (ამ პროცედურას შესაძლოა, დილით გაკვეთილების დაწყებამდე მეტი დრო დასჭირდეს და ასევე დამატებითი ფინანსური რესურსები, მაგრამ ამის გაკეთებით შედეგები მიღწევადია). ის, რაც ამ შემთხვევაში მოხდა, რომ ბავშვები ერთი სკოლიდან მეორე სკოლაში გადავიდნენ, ამის გაკონტროლება, რეალურად, შესაძლებელია, მით უფრო, თუ კერძო სკოლები ამას ახერხებენ (გასაგებია, რომ მათ სხვა რესურსები აქვთ), მაგრამ, მინიმუმ, სკოლის პერიოდში ამ ბავშვების გაკონტროლება, რომ მათ წესრიგი დაიცვან და იარაღით არ იარონ, სკოლა თვითნებურად ვერავინ დატოვოს, ამის კონტროლი შეიძლება და სიტუაციას ყოველგვარი რადიკალური ზომების გარეშე მოაგვარებს. განათლების სექტორი ყველაზე დიდი იმედი და მომავალია ჩვენი ქვეყნისთვის. სკოლის მოსწავლეები „ქუჩური ცხოვრების“ მსხვერპლები არ უნდა ხდებოდნენ. ფაქტია, რომ განათლების სისტემა ადმინისტრაციული თუ უსაფრთხოების კუთხით საგრძნობლად მოიკოჭლებს. და მაინც, სანამ ამ სტატიას კითხულობთ, შესაძლოა, კიდევ ერთი არასრულწლოვნის ბედი „ქუჩური გარჩევით“ წყდებოდეს.

ნინო ტაბაღუა

გაზიარება