QronikaPlus
საქართველოში შემდგარი და არშემდგარი ტერაქტების ქრონოლოგია: რა? სად? როდის?

საქართველოში შემდგარი და არშემდგარი ტერაქტების ქრონოლოგია: რა? სად? როდის?

2017-12-01 12:00:52

ქართული რომ ყველაფერი განსაკუთრებული გამოდის, მგონი, ცოტა თუ დაობს: სუფრა, სადღეგრძელოები, მმართველობა, შეცხადება, გლოვა, მწერლობა, პოეზია და... ტერორიზმიც. ცხადია, ბოლო მოვლენების გათვალისწინებით, ამ შემთხვევაში ჩვენი ყურადღება ტერორისტულ აქტებსა და მათ მცდელობებზე შეჩერდება: რამდენჯერ იყო ჩვენი ქვეყანა, მისი ცალკეული რეგიონების ჩათვლით, სამიზნე, რამდენჯერ და რამდენად დავზარალდით და რამდენჯერ და როგორ გადავრჩით, ასევე რამ/ვინ გადაგვარჩინა?.. ალბათ, იმითაც ვერ გაგაკვირვებთ, თუ გეტყვით, რომ საქართველოში მომხდარი ტერაქტების უკან, უმეტესწილად, რუსული კვალი იკვეთება და ზოგ შემთხვევაში არა მარტო იკვეთება, პირდაპირაც ჩანს. ზოგადად, დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დღემდე საქართველოში 30-ზე მეტი ტერორისტული აქტი მოხდა. მათი უმრავლესობის შემთხვევაში სამიზნეები კონკრეტული პირები იყვნენ, თუმცა, რასაკვირველია, გამონაკლისებიც არსებობდა. ცალკე აღნიშვნის ღირსია ტერაქტი, რომელიც საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მიმართ განხორციელდა და რომელიც ამ დრომდე გამოუძიებელია. არათუ გამოუძიებელია, მკვლელობად არც არის კვალიფიცირებული და შევარდნაძის ეპოქისგან განსხვავებით, მხოლოდ „საეჭვო სიტუაციაში გარდაცვალებად“ გარდაიქმნა... ორჯერ განხორციელდა ტერორისტული აქტი ედუარდ შევარდნაძეზე: 1995 წლის 29 აგვისტოს და 1998 წლის 9 თებერვალს, ორივეჯერ თბილისში, თუმცა ის ორივეჯერ გადარჩა. 1994 წლის 3 დეკემბერს მანქანაში ჩაცხრილეს გიორგი ჭანტურია და მისი დაცვის წევრი. ეს ტერაქტი მაშინ ზოგმა შევარდნაძის შურისძიებად აღიქვა. ბევრს, შესაძლოა, არ ახსოვს, მაგრამ პირველი სერიოზული და რეზონანსული ტერაქტი საქართველოში რუსეთის სამშვიდობო ძალების შემოსვლის შემდეგ მოხდა და მას აფხაზეთის ტერიტორიიდან შემოსულ ტერორისტებს უკავშირებდნენ, თუმცა მაშინ რუსეთის დასადანაშაულებლად ხელისუფლებას არც ნება ჰქონდა და არც თავს იწუხებდა. ამიტომაც ყველაზე „პოპულარული“ ვერსია მაშინ, 1990-იანი წლების ბოლოს, სწორედ აფხაზეთის მხრიდან შემოსული დივერსანტების დადანაშაულება იყო. ტერორისტების სამიზნე, რასაკვირველია, ყველაზე ახლოს მდებარე და ყველაზე ნაკლებად დაცული ზუგდიდი გახდა. აფეთქებათა ნაწილი, ძირითადად, გამაფრთხილებელი ხასიათის იყო, თუმცა, ზოგჯერ, ყველაფერი ისე იგეგმებოდა, რომ აფეთქებას აუცილებლად მსხვერპლი მოჰყოლოდა და ასეც ხდებოდა. 90-იანი წლების ბოლოს ზუგდიდში ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო მატარებელი ააფეთქეს. ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც, სავარაუდოდ, ერთ-ერთი ვაგონის ქვემოთ იყო დამონტაჟებული, მატარებლის გასვლამდე ერთი საათით ადრე აფეთქდა. წესით და რიგით, იმ დროს ვაგონში არავინ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ასე არ მოხდა: ზუგდიდიდან ოდნავ მოშორებით მდებარე სოფლიდან თბილისში მიმავალმა 21 წლის მარიამ ჯგუშიამ თადარიგი წინასწარ დაიჭირა და იგი მშობლებმა მატარებლის გასვლამდე ბევრად ადრე მიიყვანეს რკინიგზის სადგურში. მარიამმა ბილეთი იყიდა, ვაგონში ავიდა, ბარგი ჩაალაგა და იქვე ჩამოჯდა, აფეთქებაც სწორედ მაშინ მოხდა. საბედნიეროდ, გოგონა გადარჩა, თუმცა ქვედა კიდურის ამპუტაცია დასჭირდა, ტერაქტი კი ამ დრომდე გამოუძიებელია. ამ აფეთქებიდან ცოტა ხანში კიდევ ერთი ტერაქტი, ამჯერად, ზუგდიდის ცენტრში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში მოხდა. დაუდგენელმა პირებმა თავისუფლად შეაღწიეს სამხარეო ადმინისტრაციის შენობის მარჯვენა ფლიგელში, სადაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა იყო განთავსებული და კიბის ქვეშ ასაფეთქებელი ნივთიერება დადეს, რომელიც, სავარაუდოდ, დისტანციური პულტით ააფეთქეს. ტერაქტს რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, ბავშვი ემსხვერპლა. ტერაქტის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი ამ დრომდე დგას ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის გვერდით, მაგრამ თავად ტერაქტი კი გამოუძიებელია... 1998 წლის 19 თებერვალს ზუგდიდში, გაეროს სექტორის რამდენიმე წარმომადგენელი მძევლებად აიყვანეს. ეს ქმედება მაშინვე შეფასდა, როგორც ტერაქტი, თუმცა, მოგვიანებით, არა მარტო იმდროინდელი ქართული, მსოფლიო მედიაც ვერ მალავდა გაკვირვებას ქართველი ტერორისტების ჰუმანურობის გამო _ ზვიად გამსახურდიას ერთგული გვარდიის წარმომადგენლებმა, რომელთაც სათავეში გოჩა ესებუა ედგა, გაეროელ მძევალთა განთავისუფლების პირობად გამსახურდიასა და შევარდნაძის ხელისუფლებებს შორის მოლაპარაკებების დაწყება დაასახელეს. თავად მძევლები მშვენივრად გრძნობდნენ თავს, ქართული სამზარეულოს კერძებს აგემოვნებდნენ და არც ღვინოსა და ორნახად არაყზე ამბობდნენ უარს. საბოლოოდ, ეს „ტერაქტი“ ოთხივე მძევლის განთავისუფლებით დასრულდა. მეამბოხეთა ნაწილი ხელისუფლებას შეურიგდა, ნაწილმა კი, გოჩა ესებუას მეთაურობით, ისევ ტყეს მისცა თავი. მოგვიანებით, სულ რაღაც თვენახევარში, გოჩა ესებუა მოკლეს _ ესეც მორიგი ტერაქტი იყო, რადგან სპეცრაზმს ძალიან ადვილად შეეძლო მისი ცოცხლად აყვანა... ხელისუფლების შეცვლას ყველაზე მასშტაბური ტერაქტი დაემთხვა, რომელიც გორის ცენტრში მოხდა და სადაც პირველად გამოიკვეთა აშკარა რუსული კვალი: 2005 წლის პირველ თებერვალს ქალაქ გორში, სამხარეო პოლიციის შენობასთან, დისტანციური მართვის ბომბი აფეთქდა, აფეთქებას სამი პოლიციელის: გიორგი მთვარელიძის, სოსო მინდიაშვილისა და იოსებ იაკობიძის სიცოცხლე და ათზე მეტი ადამიანის ჯანმრთელობა შეეწირა. შს სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ტერაქტი რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პოლკოვნიკის, ანატოლი სისოევის მიერ შექმნილი დივერსანტთა ჯგუფის მიერ იყო ორგანიზებული. დივერსანტები რუსეთის ტერიტორიაზე იწვრთნებოდნენ. ტერაქტის უშუალო შემსრულებლები _ გია ვალიევი და გია გასიევი, შს სამინისტრომ ცხინვალში დააკავა. ასევე დააკავეს იოსებ კოჩიევი, რომელმაც ავტომანქანა, სადაც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო ჩამონტაჟებული, პოლიციის შენობასთან მიიყვანა. შემდეგ იყო 2005 წლის მაისი და ცნობილი ტერაქტის მცდელობა მაშინ, როცა საქართველოში აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში იყო ჩამოსული. მოგვიანებით, ვოვა არუთინოვი, რომელიც პრეზიდენტების შეხვედრის ადგილზე ხელყუმბარის აფეთქებას ცდილობდა, სამართალდამცველებმა აიყვანეს, თუმცა მანამდე მან მოასწრო და ერთი პოლიციელი მოკლა, თავად კი დაიჭრა და სამართალდამცველებს ჩაუვარდა ხელში. ვოვა არუთინოვს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ამას ტერაქტების მთელი სერია მოჰყვა: 2009 წლის 2 ივნისს ხობი-ინგირის მონაკვეთზე, სამგზავრო მატარებლის გავლამდე სულ ცოტა ხნით ადრე, ძლიერი აფეთქება მოხდა. გამოიყენეს საათის მექანიზმიანი მოწყობილობა და ტროტილი. 2009 წლის 11 ივნისს ზუგდიდის რკინიგზის სადგურში სამი აფეთქება მოხდა. პირველად აფეთქდა სადგურში მდგარი სატვირთო შემადგენლობის ერთი ვაგონი, 15 წუთის შემდეგ ნაგვის ურნაში მოთავსებული მოწყობილობა, მოგვიანებით კი პოლიციის შენობასთან „მაზის“ მარკის დანაღმული ავტომობილი. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ ყოფილა. ზუგდიდის რაიონში რკინიგზაზე აფეთქება 2009 წლის 7 და 15 სექტემბერსაც მოხდა. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ ყოფილა. 2010 წლის 22 სექტემბერს თბილისში, აშშ-ის საელჩოდან 100 მეტრში ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. აფეთქება ძლიერი იყო, არავინ დაზიანებულა. იმავე ადგილზე აღმოჩენილი მეორე ასაფეთქებელი მოწყობილობა სამართალდამცველებმა გააუვნებელყვეს. მომხდართან დაკავშირებით ამერიკული დაზვერვის გამოძიების დასკვნა საქართველოს ხელისუფლების გამოძიების შედეგებს დაემთხვა. ტერაქტის უკან რუსული სპეცსამსახურები იდგა. 2010 წლის 2 ოქტომბერს იყო ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდთან სარკინიგზო ხიდის აფეთქების მცდელობა. ასაფეთქებელი ნივთიერება ადგილობრივმა მიხეილ გიგაშვილმა შენიშნა და სამართალდამცველებს შეატყობინა. სპეციალისტებმა ხიდის განაღმვა მოახერხეს. 2010 წლის 21 ოქტომბერს მოხდა ორი აფეთქება თბილისის რკინიგზის სადგურთან. ბორჯომის ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქების შედეგად რამდენიმე მაღაზია დაზიანდა. 2010 წელი, 28 ნოემბერი, აფეთქება თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე. ამ ტერაქტს შუა ხნის ქალბატონი, ნინო გორდეზიანი ემსხვერპლა. 2010 წელი, 28 ნოემბერსვე მოხდა აფეთქება თბილისში, მუხიანის პირველ მიკრორაიონში, ნონეშვილის ქუჩის 13 ნომერში მდებარე სუპერმარკეტთან. აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია. 2011 წლის 25 თებერვალს გადაკეტილი იყო ლუბლიანას ქუჩა. ტელეკომპანია „იმედთან“ ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩინეს. 2011 წლის 31 მარტს ქუთაისში მერიის შენობისა და იუსტიციის სახლის აფეთქების მცდელობა აღკვეთეს. 2011 წლის 6 ივნისს სამართალდამცველებმა გამოავლინეს თბილისში, ნატოს სამოკავშირეო ოფისთან ტერაქტის განხორციელების გეგმა. 2011 წლის ივნისში ტერაქტი აღკვეთეს ზუგდიდში. 2012 წლის 4 მაისს სამართალდამცველებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს ზუგდიდის საოლქო პროკურატურის შენობასთან. დადასტურებულია, რომ მთელი ეს შემდგარი და აღკვეთილი ტერორისტული აქტები დაგეგმილი იყო რუსეთის სპეცსამსახურების მიერ, გრუ-ს ოფიცრების უშუალო მონაწილეობით. რაც შეეხება უფრო მეტ დეტალს, ანუ გამოძიების იმ მასალებს, რითაც რუსეთის კვალი ამ და სხვა ტერორისტულ თუ დივერსიულ აქტებში აშკარად იკვეთება: 2011 წლის 31 მარტს შსს-მ გალის რაიონში მცხოვრები სამი პიროვნება დააკავა და ასაფეთქებელი ნივთიერება ჰექსოგენი ამოიღო. მათ ტერორისტული აქტები რუსი ოფიცრის დავალებით ქუთაისში უნდა მოეწყოთ. შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ეწერა: ,,შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციისა და კოსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად, 2011 წლის 31 მარტს ქ. ზუგდიდში დააკავეს ქ. გალში მცხოვრები მანუჩარ ძაძუა და მისი ბიძაშვილი ავთანდილ ძაძუა. მანუჩარ ძაძუას დაკავებისას ამოღებულია ასაფეთქებელი ნივთიერება ჰექსოგენი, რომელშიც დამონტაჟებული იყო დროის შემაყოვნებელი ამფეთქი მექანიზმი მოდერნიზებული დეტონატორით. ბრალდებულების აღიარებითი ჩვენებებიდან ირკვევა, რომ აღნიშნული ასაფეთქებელი ნივთიერება მათ ქ. ოჩამჩირეში რუსეთის ფედერაციის ოფიცერმა, ვინმე ვალოდიამ გადასცა. დაკავებულების თქმით, მათ დავალებული ჰქონდათ, აეფეთქებინათ ბომბი ქ. ქუთაისში, იმერეთის რეგიონის ადმინისტრაციულ სამხარეო შენობასთან, იუსტიციის სახლთან, რომელშიც განთავსებულია საადვოკატურო ბიურო და ლეიბორისტული პარტიის ოფისთან. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია საქართველოს სსკ-ის 18-323 მუხლით (ტერორისტული აქტის მომზადება). ამავე ბრალდებით დაკავებულია სოფელ ორსანტიაში მცხოვრები კალისტრატე მალანია, რომელმაც ხელი შეუწყო და დაეხმარა მანუჩარ ძაძუას, ასაფეთქებელი ნივთიერების გადმოტანაში რუსეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან. ბრალდებულებმა ფოტოსურათზე ამოიცნეს რუსი ოფიცერი, რომლის დავალებითაც ისინი მოქმედებდნენ. შსს-მ მისი ნამდვილი ვინაობა დაადგინა, იგი არის რუსეთის უშიშროების ფედარალური სამსახურის უფროსი ლეიტენანტი, 1985 წლის 29 იანვარს ჩელიაბინსკის ოლქში, ქ. კორეკინოსში დაბადებული ალექსეი სერგეის ძე უშაკოვი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე მუშაობს მესაზღვრეთა ნაბაკევის განყოფილებაში ოპერრწმუნებულის თანამდებობაზე. სამხედრო ნაწილი 2141“. 2011 წლის ზაფხულში შს სამინისტრომ აღკვეთა ტერორისტული აქტის განხორციელების კიდევ ერთი მცდელობა. სამართალდამცველებმა მცხეთის რაიონში ბადრი გოგიაშვილი დააკავეს, რომელსაც თან ჰქონდა ასაფეთქებელი ნივთიერება. დაკავებულის ჩვენებით ირკვევა, რომ მას ახალგორში დისლოცირებული რუსეთის სასაზღვრო ჯარების უფროსის მოადგილე ალექსეი სოკოლოვის, ახალგორის სამმართველოს მილიციის უფროს ვლადიმერ ფუხაევისა და ახალგორის სამმართველოს მილიციის თანამშრომელ ვოვა კიბილოვის მიერ მიცემული ჰქონდა დავალება, მოეძებნა თბილისში ისეთი შენობა, რომელზედაც განთავსებული იქნებოდა რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის, ევროკავშირის ან ამერიკის შეერთებული შტატების დროშა. ბადრი გოგიაშვილის მიერ დაფიქსირებული შენობებიდან, ზემოთ აღნიშნულმა პირებმა, შეარჩიეს თბილისში ნატოს სამოკავშირეო ოფისი და ბადრი გოგიაშვილს მოსთხოვეს ამ ოფისთან მისთვის ახალგორში გადაცემული ბომბის აფეთქება. დაკავებულის ჩვენებით ირკვევა, რომ აღნიშნული ტერორისტული აქტის განხორციელებისთვის მას გადაუხდიდნენ 2000 აშშ დოლარს. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ სამეგრელოს რეგიონში დაკავებულმა აბესალომ ჩხეტიამ და თამილა ბენიამ განმარტეს, რომ მათ ტერორისტული აქტის განხორციელება აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფმა რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლებმა _ იგორ ვლასოვმა და სერგეი კუზმინმა დაუკვეთეს. 2010 წლის ნოემბერ-დეკემბერში მომხდარ აფეთქებებთან დაკავშირებით შსს-მ ბრალდებული პირები დააკავა. ბრალდებულ გოგიტა არქანიას ჩვენებიდან ირკვევა, რომ საქართველოში ტერაქტები ევგენი ბორისოვისა და მურმან ცხადაიას მითითებით იგეგმებოდა. არქანიას ჩვენების საფუძველზე გამნაღმველებმა „დექსოგენის“ შემცველ ორ ასაფეთქებელ მოწყობილობას მიაგნეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა გოგიტა არქანიამ და ძებნილმა მერაბ ყოლბაიამ განახორციელეს: 2010 წლის 28 ნოემბერს აფეთქება ქ. თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე ლეიბორისტული პარტიის ცენტრალურ ოფისთან, რის შედეგადაც დაიღუპა ადგილობრივი მცხოვრები ნინო გორდეზიანი. 2010 წლის 28 ნოემბერს აფეთქება ქ. თბილისში, მუხიანის პირველ მიკრორაიონში, ნონეშვილის ქუჩის 13-ში მდებარე სუპერმარკეტთან, 2010 წლის 22 სექტემბერს აფეთქება ქ. თბილისში, აშშ-ის საელჩოს სიახლოვეს, 2010 წლის 21 ოქტომბერს ორი აფეთქება ქ. თბილისის რკინიგზის სადგურთან, 2010 წლის 2 ოქტომბერს ხობის რაიონის სოფ. ჭალადიდთან სარკინიგზო ხიდის აფეთქების მცდელობა. შსს-მ არქანიასა და ყოლბაიას თანამზრახველის _ ჯონი აბულაძის სახლში აღმოაჩინა: 13 ერთეული ასაფეთქებელი მოწყობილობა, მათ შორის: ჰექსოგენით სავსე 9 ქილა, რომელთაგანაც 4 ქილაში ლურსმნები იყო გარეული, ხოლო 1 ქილაში _ ტყვიისგულები. სულ ამოიღეს 10 კგ. ასაფეთქებელი ნივთიერება ჰექსოგენი. ამის შემდეგ, სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლამ ტერაქტების სერია თითქოსდა ჩააცხრო. თუმცა ივანიშვილის ხელისუფლება 2016 წლის ზაფხულში ტერაქტის მცდელობაზე ალაპარაკდა. კერძოდ, შარშან, 22 აგვისტოს, დილით ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოში ტერორისტული აქტი აღკვეთა. ამის შესახებ განცხადება საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა, სადაც თქვვეს, რომ დაკავებული იყო 7 პირი, მათ შორის, საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელი. აქედან 5-ს უშუალოდ ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადებას ედავებიან, დანარჩენი 2-დან ერთ-ერთს _ დანაშაულის დაფარვაში, ხოლო მეორეს, პატრულის მოქმედ თანამშრომელს, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, დაკავებულები საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთის აფეთქებას გეგმავდნენ. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულებმა სამალავიდან ამოიღეს 4 ცალი 200 გრამი ტროტილის კოჭა, 2 სახის ცეცხლგამტარი ზონარი, 5 ცალი კაფსულა დეტონატორი, ერთი ცალი ე. წ. უმკზ მუხტი, ერთი ცალი რუსული წარმოების ე. წ. ვეზედეს მუხტი თავისივე ამფეთქით, რუსული წარმოების ერთი ცალი ამფეთქი და მოათავსეს ავტომანქანაში, რა დროსაც დააკავეს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა. ბრიფინგზე აღნიშნეს, რომ გამომძიებლის მიერ სამალავის დათვალიერების შედეგად, დამატებით, 3 ერთეული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდებითა და საბრძოლო მასალაა ამოღებული. ასევე, ერთ-ერთი დაკავებულის ბინაში პერსონალური კომპიუტერიდან ამოღებულია რუკა, სადაც ის ადგილებია დატანილი, რომლის აფეთქებასაც დაკავებული პირები გეგმავდნენ. აღსანიშნავია, რომ ამ სპეცოპერაციას, რომელსაც პირების აყვანა მოჰყვა, ექსპერტთა ნაწილმა საეჭვო უწოდა, რადგან ერთ-ერთი ბრალდებული, რომელმაც ბრალი აღიარა, სასტიკად იყო ნაცემი და სასწრაფო ოპერაციაც კი დასჭირდა... ბოლოსწინა მასშტაბური ტერაქტი 2016 წლის ოქტომბერში იყო, როდესაც ორბელიანის მოედანზე მაშინ ჯერაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გივი თარგამაძის მანქანა აფეთქდა და თავად თარგამაძე, ასევე, რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ტერაქტის შემსრულებლის ვინაობა ამ დრომდე არაა დადგენილი, იმის მიუხედავად, რომ არსებობს სათვალთავლო კამერით გადაღებული ჩანაწერი, სადაც ჩანს პირი, ვინც მანქანასთან ახლოს გადის და დისტანციურ პულტს იყენებს. რა თქმა უნდა, ცალკე აღნიშვნის ღირსია ტერაქტი, რომელიც პირდაპირ სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ იყო მიმართული და რომელმაც ჩვენი, ყველას თავმოყვარეობა შელახა და, შესაბამისად, ყველასთვის აწნული სილა იყო: ტერაქტი ხურჩასთან, როცა აფხაზმა ბოევიკებმა საქართველოს გიგა ოთხოზორიას ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიამდე სდიეს და მანამდე დაჭრილს, თავში საკონტროლო ტყვია დაახალეს. ეს 2016 წლის 19 მაისს მოხდა. დაბოლოს (იმედია, უკანასკნელია), 2017 წლის 22 ნოემბერს ბერ გაბრიელ სალოსის გამზირზე, ოფიციალური ინფორმაციით, ანტიტერორისტული სპეცოპერაცია ჩატარდა, რა დროსაც ერთი პირი დააკავეს, სამი ლიკვიდირებული კი ტერორიზმშია ეჭვმიტანილი, თუმცა ამ სპეცოპერაციასთან დაკავშირებულ უამრავ შეკითხვაზე პასუხი ამ დრომდე არ გვაქვს.

ლაშა ბერულავა

გაზიარება