კვირას გვიან ღამით „ქრონიკა+“-ს სახელისუფლებო წყარო დაუკავშირდა და აცნობა, რომ სამართალდამცველები, სავარაუდოდ, ჩეჩენი ეროვნების ორ პირს ეძებენ. მანვე გადმოგვცა ორი ფოტო, რომელიც, წყაროს მტკიცებით, პოლიციის ქვედანაყოფებმა, საპატრულო ეკიპაჟებმა, სასაზღვრო გამშვებმა პუნქტებმა, აეროპორტის თანამშრომლებმა მიიღეს საგანგებო დავალებასთან ერთად, რომ თუკი მსგავს პირებს შეამჩნევენ, კანონის შესაბამისად იმოქმედონ.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ფოტოსურათები გარე მეთვალყურეობის დროს იმავე კორპუსის ეზოშია გადაღებული, სადაც ანტიტერორისტული ოპერაცია ჩატარდა და მასზე ახმედ ჩატაევის დაჯგუფების კიდევ ორი წევრია, რომელიც ორი თვის წინ საქართველოში მასთან ერთად ქართული პასპორტებით შემოვიდა. „ქრონიკა+“-ის წყარო ვერ აკონკრეტებს, იმყოფებოდნენ თუ არა 22 ნოემბერს სპეცოპერაციის დროს აღნიშნული პირები ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე და უშუალოდ მონაწილეობდნენ თუ არა შეტაკებებში?
„ქრონიკა+“ საკუთარი კავშირებით შეეცადა გაერკვია, ვინ შეიძლება იყვნენ ფოტოზე აღბეჭდილი მამაკაცები.
ფოტოზე გამოსახული ახალგაზრდა მამაკაცი მწვანე ქუდით, შავი ფერის ქურთუკით დაფიქსირებულია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე კონსპირაციული ბინის ეზოში. ამას მოწმობს ფოტოს უკანა ფასადი, რომელიც არაერთგზის მოხვდა სპეცოპერაციის კადრებში.
ჩვენი წყარო ამბობს, რომ აღნიშნული მამაკაცი, მაღალი ალბათობით, არის ჩრდილო კავკასიაში ცნობილი საერთაშორისო ტერორისტული ჯგუფის ლიდერის, აბდულა ქურთის, იგივე დოგერ სევდეტის მარჯვენახელი და დაჯგუფების აქტიური წევრი.
აბდულა ქურთი იყო თურქეთის მოქალაქე, დაბადებულია 1977 წელს, იგი მოქმედებდა როგორც „ალქაიდას“ ემისარი ჩრდილოეთ კავკასიაში. 2001 წელს იგი ქართული ვიზით შემოსულია საქართველოს ტერიტორიაზე სარფის საბაჟოთი, გადავიდა პანკისის ხეობაში და ამის შემდეგ მისი კვალიც დაიკარგა. უცნობია, როდის და რა გზით წავიდა ჩრდილოეთ კავკასიაში. აბდულა ქურთი „ფეესბეშნიკებმა“ მოკლეს 2011 წლის 3 მაისს ჩეჩნეთის ვედენოს რაიონში. „ქრონიკა+“-ს ასევე მიაწოდეს ფოტო, სადაც ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე გადაღებული ამ დროისთვის უცნობი მამაკაცი ფიქსირდება, აბდულა ქურთის შეიარაღებულ დაჯგუფებასთან ერთად, ისლამური სახელმწიფოს ტერიტორიაზე.
მეორე ფოტო, რომელიც პოლიციის დანაყოფებს მიაწოდეს, ასევე გარე თვალთვალის დროს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ფარული კამერითაა გადაღებული. კამერის ობიექტივში ამჯერად თინა გაორგაშვილის საცხოვრებელი ბინის გისოსებიანი ფანჯარა ჩანს, რომლის მიღმაც ფიქსირდება ამ მომენტისთვის ასევე უცნობი მამაკაცის გამოსახულება.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, აღნიშნული მამაკაციც ახმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრია, რომელიც ასევე მასთან ერთად შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე. აღნიშნული პირი სხვადასხვა დროს ფიქსირდება რამდენიმე ფოტოზე ახმედ ჩატაევთან და აბუ ჯიჰადი ალ შიშანისთან ერთად. ფოტოები, რომელიც ჩვენმა წყარომ მოგვაწოდა, სირიაშია გადაღებული ისლამური სახელმწიფოს ტერიტორიაზე.
აბუ ჯიჰადი ალ შიშანი არის ცნობილი საველე მეთაურის, თარხან ბათირაშვილის ძმა. ის იყო IშIშ-ის ძირითადი დაჯგუფება „მუჰაჯირი ანსარის“ ლიდერი. ეს დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოში გამოირჩეოდა საკუთარი ამბიციური პოზიციით და მონაწილეობდა ყველა გარდამავალი გადაწყვეტილების მიღებაში. თარხან ბათირაშვილის ძმის შესახებ ინფორმაცია თითქმის არ არსებობს. ისლამური წყაროები წერენ, რომ აბუ ჯიჰადი ალ შიშანმა სირიაში ბევრი ადამიანის გული მოიგო და არაერთ წარმატებას მიაღწია. მისი იდეა იყო შეექმნა კავკასიის ემირატი. ბოლოს მისი ვიდეომიმართვა BBჩ-ზე 2014 წელს გავრცელდა. ამ დრომდე არ იძებნება კონკრეტული ინფორმაცია, არის თუ არა ცოცხალი აბუ ჯიჰადი ალ შიშანი. თუმცა ჩვენი წყარო არ გამორიცხავს, რომ ბათირაშვილი რაქას დაცემის მერე შესაძლოა, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას ცდილობდა.
რაც შეეხება ახმედ ჩატაევს, ჩეჩნეთის მეორე ომის დროს, 2000 წელს, ჩატაევი რუსეთის ურან მარტინის საავადმყოფოდან გაიტაცეს, სასტიკად აწამეს და ხელი მოკვეთეს. 2003 წელს ჩატაევი ავსტრიაში ოფიციალურად იღებს ლტოლვილის სტატუსს და ოჯახთან ერთად ვენაში სახლდება. 2007 წელს ჩეჩნეთის არაღიარებული რესპუბლიკა იჩქერიის პრემიერის განკარგულებით, ჩატაევი ავსტრიაში იჩქერიის წარმომადგენლად ინიშნება.
2007 წელს ახმედ ჩატაევს შვედეთში იარაღის უკანონო ტარებისთვის იჭერენ და მხოლოდ 2009 წლის იანვარში ათავისუფლებენ. 2010 წელს ჩეჩენ „ბოევიკს“ უკვე უკრაინაში, ასევე იარაღის უკანონო ტარებისთვის იჭერენ. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაკავებულის მობილურ ტელეფონში დივერსიული სქემები იპოვეს. რუსეთი უკრაინას ჩატაევის გადაცემას სთხოვს, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ოფიციალურ კიევს რუსეთში მისი ექსტრადიცია იმ მოტივით აუკრძალა, რომ ავსტრიაში ლტოლვილის სტატუსით ოფიციალურად სარგებლობდა. სწორედ ამ პერიოდში საქმეში ჩაერთო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი. მის უკრაინელ კოლეგას, იური ლუცენკოს, წერილს უგზავნის, რომ ჩატაევს საქართველოც ეძებს და მის საქართველოში ექსტრადიციას ითხოვს. კიევის სასამართლო შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს და ჩატაევი საქართველოში ჩამოჰყავთ. „ცალხელა აჰმედი“ ციხის ნაცვლად პანკისის ხეობაში დასახლდა და მეორე ცოლი შეირთო. მას ხშირად ხედავდნენ დუისის მეჩეთში უცხო პირებთან ერთად. ჩატაევი პერიოდულად საქართველოდან მიდიოდა. ერთ-ერთი ასეთი მორიგი ვიზიტის დროს მას თურქეთ-ბულგარეთის საზღვარზე აკავებენ. რუსეთის მხარე ისევ ითხოვს მის ექსტრადირებას, მაგრამ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების ჩარევის მერე ჩატაევი ისევ საქართველოში ბრუნდება.
„ქრონიკა+“-ის ინფორმაციით, ახმედ ჩატაევმა დერეფნის საკითხის გარკვევას დიდი დრო მოანდომა. 2008 წლის მერე კავშირები დაკარგული იყო. ამ ხნის განმავლობაში მან საზღვარზე მხოლოდ ერთი ჯგუფის გაყვანა მოახერხა. რუსებმა, როგორც ჩანს, ამ ჯგუფის შესახებ ინფორმაცია წინასწარ მიიღეს, საზღვარზე გაატარეს, ერთი თვე რუსეთის ტერიტორიაზე გადაადგილებას დააკვირდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდა „ბოევიკების“ ლიკვიდაცია. აღნიშნული ფაქტის მერე ჩატაევმა ახალი კავშირების მოძებნას რამდენიმე თვე მოანდომა. ეს დრო იმდენად გაიწელა, „კავკასიის ემირატში“ ეჭვობდნენ კიდეც, რომ ჩატაევი სპეციალურად იქცეოდა ასე. 2012 წლის მარტში ჩატაევი გია ლორთქიფანიძისგან ინფორმაციას იღებს, რომ ჩეჩნეთში ჯიჰადში მონაწილე პირებისთვის დერეფანი გაიხსნა. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ამას წინ უძღოდა თათბირი „მოდულის“ შენობაში, სადაც გადაწყდა, რომ არჩევნების წინ „ბოევიკების“ ჯგუფის შემოყვანა იყო საჭირო, რომელიც ყოველი შემთხვევისთვის ქვეყნის საზღვართან იქნებოდა. სწორედ ამ თათბირის შემდეგ სანდრო ამირიძე ახმეტ ჩატაევს უკავშირდება და მას დერეფნის თაობაზე ინფორმაციას გადასცემს. ჩატაევი თავისი მოკავშირის, ვინმე „გუსლიკის“ მეშვეობით, რომელიც, იმავდროულად, ქართული სპეცსამსახურის აგენტიც იყო, ევროპაში ინფორმაციას აგზავნის. „ქრონიკა+“-მა ექსკლუზიურად ინფორმაცია მოიპოვა იმის თაობაზე, რომ „გუსლიკი“ აგენტ-მოკავშირეა და მისი ნამდვილი სახელი და გვარი მუსლიმ ისრაილოვია.
მარტის დასაწყისში საქართველოში ხუთი კაცი ჩამოდის. მოგვიანებით, ევროპიდან თბილისში ნელ-ნელა დაიწყეს შემოსვლა ჩეჩნებმა. ისინი თბილისში კონსპირაციულ ბინებში ცხოვრობენ. ამასობაში, დგება ზაფხული და სიტუაცია რადიკალურად იცვლება. თანამდებობას ტოვებს ვანო მერაბიშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაია ხდება. „ბოევიკების“ ჯგუფის ნაწილი თბილისიდან პანკისში გადაჰყავთ, იმიტომ რომ ინფორმაციამ არ გაჟონოს. მათ ადგილობრივი ქისტებიც უერთდებიან. დაახლოებით, 17 პირი თავისუფლად გადაადგილდება პანკისის ხეობაში. სიტუაცია ჯგუფის წევრებს შორის იძაბება და მათი ნაწილი დერეფანს ითხოვს. სავარაუდოდ, ამ ჯგუფის შემადგენლობაშია რუსული ფსბ-ს აგენტი მაგომედოვი, რუსლან პაპასკირის, მეტსახელად „ზოონის“ მოკავშირე. ჯგუფი ლოპოტის ხეობისკენ იწყებს გადაადგილებას და ლაფანყურში იყრის თავს. მესაზღვრეები ინფორმაციას ამირიძეს აწვდიან. ის ხვდება, რომ სიტუაცია საგანგაშოა და ჯგუფის შეჩერებას ცდილობს, მაგრამ ჩეჩნებისგან სასტიკ წინააღმდეგობას აწყდება. ამ მომენტში ამირიძე აჰმედ ჩატაევს ტელეფონით უკავშირდება, რომელიც თბილისშია და პანკისის ხეობაში ჩასვლას სთხოვს. ბაჩო ახალაიამ უკვე იცის, რომ უმართავი სიტუაციაა, ამიტომ კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელის, ზურაბ მაისურაძის მეშვეობით, „ბოევიკების“ ჯგუფთან მოლაპარაკებას ცდილობს. რა მოხდა შემდეგ ლაფანყურში?
კახეთიდან იქ ტაქსით ჩასული აჰმედ ჩატაევი მოლაპარაკებას იწყებს.
„ქრონიკა+“ ორი წლის წინათ პანკისის ხეობაში ჯოყოლოს მაშინდელ იმამს, აიუფ ბორჩაშვილს შეხვდა. სწორედ მან გვიამბო, რა გადახდა თავს ლოპოტაზე აჰმედ ჩატაევს.
აიუფ ბორჩაშვილი:
_ ჩატაევი მოსალაპარაკებლად ლაფანყურში აიყვანეს. მგონი, მასთან ერთად ხანგოშვილიც იყო. ბიჭებმა ყველამ თანხმობა განაცხადა, რომ რუსეთის საზღვრისკენ არ წავიდოდნენ. ჩატაევს მათთვის არ უთქვამს, რომ ან იარაღი უნდა დაყაროთ, ან უნდა ჩაბარდეთო. უბრალოდ, უთხრა, რომ ინციდენტი მოლაპარაკებით უნდა დასრულდესო.
იქ შეხვედრის შემდეგ ჯგუფის ორი წინამძღოლი ჩატაევს ქვემოთ წამოჰყვა, როგორც თავად ამბობდა, სტრუქტურის სამი წარმომადგენელიც თან ახლდა. მინისტრის ბანაკს რომ ვუახლოვდებოდით, მინდორივით ადგილზე გაგვაჩერეს, ჩატაევი დაეჭვდა, _ მოდი, ცოტა მოვეფაროთ, ღალატს ხომ არ აქვს ადგილიო?.. სწორედ ამ მომენტში უიარაღო ჩატაევს სნაიპერის ტყვია ფეხში ხვდება, ტყვიების წვიმაში ქვებში მეორე მებრძოლი იჭედება, ჩატაევი მას ეხმარება, ეუბნება, რომ სასწრაფოდ ზემოთ დაბრუნდეს და ბიჭები გააფრთხილოს, რომ ღალატია, თავად დაჭრილი კი ხევში ხტება. ცალი ხელი არ აქვს, ფეხში დაჭრილია. ათი დღე მოუწია ერთი „სნიკერსის“ ამარა გაძლება. ერთი დღე სჭირდებოდა იმისთვის, რომ წყლამდე მისულიყო. ათი დღის მერე, როცა ჭრილობაზე მატლები დაესია, ის უახლოეს პოსტს ჩაბარდა. მესაზღვრეებმა ჭრილობა დაუმუშავეს, მიხედეს და ცენტრს გადასცეს, _ აჰმედ ჩატაევი ჩაგვბარდაო. მოგვიანებით, ის ყვებოდა, რომ თბილისში სასტიკად აწამეს.
აიუფ ბორჩაშვილი „ქრონიკა+“-თან ამბობდა, რომ ეს ინფორმაცია პირადად აჰმედ ჩატაევისგან იცის.
დაკავების მომენტში ჩატაევს ბრალად ედებოდა ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, რაც სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. მესაზღვრეები, რომლებსაც ცალხელა აჰმედი ჩაბარდა, „კუდში“ წამოიყვანეს, ჩვენებებიც მიაცემინეს, მოგვიანებით კი ერთ-ერთმა მათგანმა აღიარა, რომ ჩვენება ზეწოლის შედეგად მისცა და ჩატაევს რეალურად იარაღი არ ჰქონია. მას არც ეგონა, თუ ესროდნენ, ამიტომაც თანმხლებ პირებს უთხრა, _ თქვენ თავს უშველეთ, მე მაინც ამათი კაცი ვარ, არ გამწირავენო.
2012 წლის დეკემბერში თბილისის საქალაქო სასამართლომ ცალხელა აჰმედი 5000-ლარიანი გირაოს ნაცვლად გაათავისუფლა. მას, როგორც ლაფანყურის სპეცოპერაციის ერთ-ერთ გადარჩენილ მოწმეს, ქვეყნის დატოვება აეკრძალა. სისხლის სამართლის საქმე თელავიდან თბილისში, კონტრდაზვერვის დეპარტამენტში გადმოიტანეს. ჩატაევი დაკითხვებზე დადიოდა, მაგრამ, ცხადია, არც ჩვენება მიუცია, არც დეტალებზე უსაუბრია. გავრცელებული ინფორმაციით, მან მკურნალობა უცხოეთში მოითხოვა.
მოგვიანებით, დუისიდან მისი მეუღლეც გაემგზავრა.
2015 წლიდან ახმედ ჩატაევი თურქეთში სახლდება, მის სახელს უკავშირდება ტერაქტი სტამბულის ათათურქის აეროპორტში. ტერაქტის დროს სამი თვითმკვლელი ტერორისტი და 40 მგზავრი დაიღუპა, 230-ზე მეტი მგზავრი კი მძიმედ დაშავდა. 2016 წლის 1-ლ ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო არ მიიღებს სპეკულაციებს ჩატაევის თემასთან დაკავშირებით, რადგან ინფორმაცია ჩატაევის თავდასხმაზე თურქეთის ოფიციალურმა პირებმა არ დაადასტურეს.
ეს იყო იმ ინფორმაციის ნაწილი, რომლის გასაჯაროებაც დღეს გადავწყვიტეთ. ცხადია, წყაროს სანდოობაში ეჭვი არ გვეპარება, მაგრამ მტკიცებით არაფერს ვამტკიცებთ. ფაქტი ერთია: ფოტოებზე გამოსახულ პირთა წრეს კავშირები აქვს ერთმანეთთან და საქართველოსთან.
„ქრონიკა+“-ის წყარო ამბობს, რომ სიტუაცია იმაზე უფრო დაძაბულია, ვიდრე გარედან ჩანს. დერეფნით და გარანტიით შემოყვანილი პირების ლიკვიდაცია მარტივი საქმე სულაც არ არის, ისევე როგორც ძნელი მოსაძებნია პირი, რომელიც ამ ოპერაციის შემდეგ ჩეჩნებს დაელაპარაკება.
გამოძიებაში უკვე ჩაერთო ამერიკული მხარე.
ელისო კილაძე