მესამე კვირაა, თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „სავანე ღვინის #1 ქარხნის“ სარჩელის განხილვა დაიწყო. მოპასუხეა შპს „ღვინის ქარხანა #1“. მოსარჩელეც და მოპასუხეც ერთი და იგივე მისამართზეა რეგისტრირებული, თბილისში, პეტრიაშვილის ქ. #1-ში. მოსარჩელე მხარეს ყოფილი მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი წარმოადგენს, თუმცა ის სასამართლო პროცესზე არც ერთხელ არ გამოჩენილა.
სასამართლო განცხადებით, მოსარჩელე მხარე პეტრიაშვილის #1-ში ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე საკუთრების უფლების აღდგენას ითხოვს. მიწის ნაკვეთი (საერთო ჯამური ფართი 9777 კვ.მ.) და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები (ფართით 4759 კვ.მ.), რომელიც ამჟამად დაყოფილია 4 დამოუკიდებელ მიწის ნაკვეთად, მოპასუხე შპს „ღვინის ქარხანა #1-ის“ (ყოფილ შპს „კატრი კაპიტალის“) საკუთრებად ირიცხება.
მოკლე ისტორია ასეთია:
2006 წლის 5 აპრილს საქართველოს გენერალური პროკურორის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაზე სისხლის სამართლებრივი დევნის სპეციალური სპეცამსახურის მიერ ს/ს „სავანე _ ღვინის #1 ქარხნის“ ხელმძღვანელ და სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირთა მიმართ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. შეისწავლეს ს/ს „სავანე-ღვინის #1 ქარხნის“ ქონების გასხვისების ფაქტი. ყადაღა დაედო ს/ს „სავანე-ღვინის #1 ქარხნის“ ყოფილ ქონებას, მისი შემდგომი გასხვისებისაგან დაცვის მიზნით. ამასთან, გამოძიების ფარგლებში გენერალურმა პროკურატურამ პასუხისგებაში მისცა ფაქტობრივად ყველა ის პირი, რომელიც დაკავშირებული იყო უძრავი ქონების გასხვისების პროცესთან. ნაწილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, ცალკეული პირების მიმართ კი გამამტყუნებელი განაჩენი დადგინდა.
გამოძიების მიმდინარეობის პროცესში, 18.11.2006 წელს, „კაპიტალ მენეჯმენტ ინვესტმენტის“ წარმომადგენელმა უარი თქვა ნასყიდობის ხელშეკრულებაზე და შეძენილი ქონებები დაუბრუნა ფიზიკურ პირებს: მენთეშაშვილს, ნიკოლაიშვილსა და ბერიშვილს. გამოძიების პროცესში ფიზიკურმა პირებმა მენთეშაშვილმა, ნიკოლაიშვილმა და ბერიშვილმა ქონება გაასხვისეს ფიზიკურ პირზე _ ვლადიმერ ცომაიაზე, ამ უკანასკნელმა ქონება მიჰყიდა შპს `ტრასეკა გრუპ ჰოლდინგს,” რომელმაც მოგვიანებით ქონება გაასხვისა შპს „კატრიზე“, ხოლო შპს `კატრიმ” შეძენილი უძრავი ქონება შეიტანა მის მიერ დაარსებული შპს „კატრი კაპიტალის“ საწესდებო კაპიტალში.
2013 წლის პირველ მარტს ფიზიკურმა პირმა ვლადიმერ კვარაცხელიამ 4.000.000 აშშ დოლარად სრულიად მიჰყიდა მისი კუთვნილი წილი (100%) შპს „კატრი კაპიტალში“ შპს „არტ ღვინოს“, რომელმაც გარიგების დადებამდე გადაამოწმა საჯარო რეესტრში დაცული ინფორმაცია, რომ ვლადიმერ კვარაცხელიას სახელზე ნამდვილად ირიცხებოდა საკუთრების უფლება 100%-იან წილზე შპს „კატრი კაპიტალში“. ეს კომპანია კი, თავის მხრივ, რეესტრში დაცული მონაცემებით წარმოადგენდა უძრავი ქონების მესაკუთრეს. წილის შესყიდვის შემდეგ ახალმა პარტნიორებმა ობიექტის რეაბილიტაციის გეგმა დაიწყეს, რომლის განხორციელებაც შეუძლებელი გახდებოდა, თუკი ობიექტის ნაწილი ბანკის საკუთრებაში იქნებოდა. მოცემული პერიოდისთვის პეტრიაშვილის ქ. #1-ში მდებარე მიწის ნაკვეთის მნიშვნელოვანი ნაწილი „საქართველოს ბანკის“ საკუთრება იყო. ბანკთან მიმდინარე ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკების შედეგად, 2013 წლის 28 ნოემბერს, შპს „კატრი კაპიტალმა“ შეიძინა უძრავი ქონება 5.550.000 ლარად, გადაწყვეტილება მიიღეს კომპანია „კატრი კაპიტალის“ პარტნიორებმა იმ საფუძვლით, რომ ასევე ენდნენ სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს _ საჯარო რეესტრის მიერ გაცემულ დოკუმენტს. ამასთან, ნასყიდობის მხარეს _ გამყიდველს _ წარმოადგენდა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საფინანსო ინსტიტუტი საქართველოში _ სს „საქართველოს ბანკი“, რომელსაც გააჩნია მომეტებული სანდოობის ხარისხი, ვიდრე სხვა კომერციულ სუბიექტს.
იმისთვის, რომ ობიექტს ჰქონოდა საკუთარი შემოსავალი, 2014 წლის 24 დეკემბერს შპს „ღვინის ქარხანა #1“ გრძელვადიანი იჯარის ხელშეკრულებას აფორმებს ს/ს სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფ „მ/გრუპთან“, რომელმაც იკისრა ვალდებულება, რომ განახორციელებდა 3.600.000 ლარის დამატებით ინვესტიციას, ხოლო ხელშეკრულების თანახმად, 12-წლიანი იჯარის ჯამური შემოსავალი შპს „ღვინის ქარხანა #1-ისთვის“ იქნებოდა 11645000 ლარი (დღგ-ს გარეშე).
„მ/გრუპთან“ გრძელვადიანი იჯარის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, 2014 წლის 25 დეკემბერს, ს/ს „საქართველოს ბანკთან“ ხელი მოაწერა საკრედიტო ხელშეკრულებას და ბანკმა კომპანიას 2 მილიონ აშშ დოლარის კრედიტი გამოუყო. გარდა ამ კრედიტისა, კომპანიამ თბილისის მერიის თანადგომით მოიპოვა ორი მიზნობრივი კრედიტი: 2014 წლის თებერვალში „თიბისი ბანკმა“ გასცა 150000 ლარის მიზნობრივი კრედიტი ისტორიული შენობის რეაბილიტაციისთვის, ამავე წლის დეკემბერში კი ს/ს საქართველოს ბანკმა 430000 ლარის ასევე მიზნობრივი კრედიტი შენობის სახურავის რეაბილიტაციის მიზნით. უშუალოდ დამფუძნებლების მიერ კომპანიაში პირდაპირ ინვესტირებულ იქნა 2.750.017 ლარი.
ყველასთვის მოულოდნელად, 2015 წლის 6 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ქოჩიაშვილმა, მორიგი უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო _ ყადაღა დაადო ღვინის ქარხნის მთელ ტერიტორიას. კომპანიას აუკრძალა მისი კერძო საკუთრების იჯარით, თუ სარგებლობის ნებისმიერი სხვა ფორმით გაცემა და ქარხნის მთელ ტერიტორიაზე ნებისმიერი სამშენებლო და სარესტავრაციო სამუშაოების წარმოება. ანუ მოსამართლე ქოჩიაშვილმა, პრაქტიკულად, ხელი მოაწერა კომპანიის სრული პარალიზების გადაწყვეტილებას.
კომპანიის მესაკუთრეებისთვის ეს ინფორმაცია შოკი აღმოჩნდა, თუმცა ყველაზე დიდი სიურპრიზი მაშინ გაცხადდა, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების ინიციატორი გახლდათ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, არჩილ კბილაშვილი, რომელიც მოცემულ დავაში მოგვევლინა როგორც მოდავე კომპანიის, ს/ს „სავანე ღვინის #1 ქარხნის“ ადვოკატი.
საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი და ამჟამდ ადვოკატი, ბატონი კბილაშვილი, სასამართლოსგან ითხოვს, რომ პეტრიაშვილის #1-ში მდებარე ქონება სრულიად ჩამოერთვას მის ამჟამინდელ მესაკუთრეებს და იგი გადაეცეს სააქციო საზოგადოება „სავანე-ღვინის #1 ქარხანას“, რომელსაც, თურმე, 2004-2006 წლებში იძულებით თუ პროკურატურის ზეწოლით დანაშაულებრივად გააყიდინეს ქონება სხვა პირზე, თუმცა მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი ბ-ნი კბილაშვილი თავად არ უარყოფს და პირიქით, აღიარებს კიდეც, რომ 10 წლის წინათ გაყიდული ობიექტის ამჟამინდელ მესაკუთრეებს არავითარი შემხებლობა არ აქვთ ამ ფაქტთან!!!
„ქრონიკა+“-ის მიერ წარმოებულმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ ეს ფაქტი კიდევ ერთხელ დაადასტურა. ყოფილი მთავარი პროკურორი, არჩილ კბილაშვილი, გიორგი მგალობლიშვილის ადვოკატი იყო, კარგად იცნობდა მისი სისხლის სამართლის საქმის დეტალებს. არავინ დაობს იმაზე, რომ შესაძლოა, ნამდვილად სახეზე იყო გენერალური პროკურატურის მხრიდან პროცესებში უხეში ჩარევა, მაგრამ სწორედ მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის ამოცანა გახლდათ, გამოეძიებინა აღნიშნული საქმე და დაესაჯა დამნაშავეები, მათ შორის, ის პროკურორებიც, რომლებიც შესაძლოა, ამ ზეწოლებში მონაწილეობდნენ. მან კი ეს არ გააკეთა, მეტიც, მოსარჩელე მხარის წარმომადგენლები პირად საუბრებში ამბობენ იმასაც, რომ როცა გიორგი მგალობლიშვილს ამნისტია შეეხო და ეკა ბესელიას ინიციატივით იგი პოლიტდევნილთა სიაში შეიყვანეს, არჩილ კბილაშვილი მგალობლიშვილის ამნისტირების კატეგორიული წინააღმდეგი წავიდა და სასამართლოს სპეციალური წერილითაც კი მიმართა.
სასამართლო პროცესი მოსარჩელე მხარის შუამდგომლობით დაიწყო, რომლის ადრესატი, რატომღაც, „ქრონიკა+“ აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ გაზეთმა სრულიად სხვა მისამართზე გაგზავნილი მოსარჩელე მხარის პოზიცია მკითხველს უცვლელად შესთავაზა. მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა მოსარჩელე მხარის ის შუამდგომლობები, რომელიც სარჩელს არ ეხებოდა, არ დააკმაყოფილა.
პროცესზე ყველა მოწმე დაიკითხა, მათ შორის, დისტანციურად, გიორგი მგალობლიშვილიც, რომელიც ლონდონში იმყოფება. დაიკითხა, ასევე, ვლადიმერ ცომაიაც, რომელმაც დაადასტურა, რომ მან უძრავი ქონება შეიძინა არა ფორმალურად, არამედ შესაბამისი თანხის გადახდის შემდეგ.
16 ოქტომბერს მხარეები პაექრობას გამართავენ. იმავე დღეს გახდება ცნობილი, როდის გამოაცხადებს მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი თავის გადაწყვეტილებას.
ელისო კილაძე