QronikaPlus
მთაწმინდის გამგებელი მარტოხელა დედის წინააღმდეგ?!

მთაწმინდის გამგებელი მარტოხელა დედის წინააღმდეგ?!

2015-10-17 08:57:55

მთაწმინდის გამგეობის სოციალური განყოფილების ყოფილი თანამშრომელი, მარტოხელა დედა, მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს და აცხადებს, რომ სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს. ინგა დოლუაშვილი „ქრონიკა+“-თან ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გამგეობა არაკვალიფიციური კადრებით გაივსო, რომელთაც საქმის ელემენტარული ცოდნა არ გააჩნიათ. მისივე თქმით, გამგებელი სოციალურ თუ სხვა სახის დახმარებას ნაცნობ-მეგობრებს აძლევს და არა იმათ, ვისაც ეს რეალურად სჭირდება. რა ხდება მთაწმინდის გამგეობაში? ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც წამლების ფულით ფინანსდებიან მაშინ, როცა ამის საჭიროება არ არსებობს? ვინ არიან „ოფისის“ წევრები და რისთვის უხდის მათ ხარკს მთაწმინდის გამგებელი? ამ და სხვა საკითხებზე „ქრონიკა+“-ს ინგა დოლუაშვილი ესაუბრა: _ 8 წელიწადი ვმუშაობდი მთაწმინდის გამგეობაში, ბოლოს სოციალურ განყოფილებაში ვიყავი, სადაც ყველაზე მეტი ფუნქცია მქონდა და საკუთარ თავს ყველაზე მეტად რეალიზაცია აქ გავუკეთე. რაღაცნაირად გულთან ახლოს მოვიდა ადამიანების გაჭირვება და დახმარება. მევალებოდა მოქალაქის მიღება, გასაუბრება, განცხადების მიღება-გატარება, მასზე რეაგირება, კომპეტენტურ პირამდე მიტანა და ბოლომდე თვალყურის დევნება, სანამ იმ მოქალაქეს დამაკმაყოფილებელი პასუხი არ გაეცემოდა ფინანსური თუ სხვა დახმარების შესახებ. პრობლემები დაიწყო მაშინ, რაც ხელისუფლებაში მოვიდა „ქართული ოცნება“ და შესაბამისად, რაც თამარ შაველაშვილი დაინიშნა ჩვენთან სამსახურში აპარატის უფროსად. ეს იყო, დაახლოებით, 2012 წლის ნოემბერს. სხვადასხვა პიროვნებამ ჩემგან პირდაპირ მოითხოვა, რომ სამსახურიდან წავსულიყავი. შაველაშვილს პირდაპირ არ მოუთხოვია, მაგრამ ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ჩუმად მებრძოდა. _ ვინ გთხოვდათ სამსახურიდან წასვლას, კონკრეტულ პიროვნებებს დაასახელებთ? _ ჯერ ჩემს ყოფილ უფროსს, თემურ ღუდუმიძეს დაავალეს, რომ უნდა დამეწერა განცხადება, მერე ჩვენი იურისტი იყო ლაშა რიჟამაძე, სავარაუდოდ, მას უნდა გაეცნო ჩემთვის, რა პროირიტეტებით ვსარგებლობდი. მე არ მქონდა განცხადების დაწერის უფლება განთავისუფლების თაობაზე, რადგან აბსოლუტურად ვაკმაყოფილებდი იმ კრიტერიუმს, რომ სამსახურში დავრჩენილიყავი, თუნდაც ჩემი შვილის 3 წლამდე ასაკის ზღვარს მიღწევამდე. იურისტმა დაგვაწერინა მთელ სამსახურს განცხადება გადადგომაზე. რა თქმა უნდა, მასაც მოსთხოვეს,  კონკურსი გამოცხადდა და მე დავიბლოკე. ამ ხალხში ყველას მოუვიდა პასუხი, რომ აკმაყოფილებდნენ კონკურსის პირველი ეტაპის მოთხოვნებს და მე მომივიდა უარყოფითი პასუხი. ნაშრომი ოფიციალურად არ გამომითხოვია, ვერ მოვასწარი სამსახურის გამო, ღამის 2 საათამდე მიწევდა იქ ყოფნა. შრომითი კოდექსის ყველანაირი მოთხოვნა ირღვეოდა ჩემთან მიმართებით, მაგრამ პრეტენზია არ გამაჩნდა, საქმეს კეთილსინდისიერად ვასრულებდი. შევავსე ჩემი მონაცემები, დავრეგისტრირდი და მომივიდა უარი, რომ პირველი ეტაპი ვერ გადავლახე. როცა მიზეზი ვიკითხე, აპარატის უფროსმა, თამარ შაველაშვილმა მიპასუხა, რომ ეს იყო ჩემი უდიპლომობის მიზეზი. ამ დროს იესემში დამთავრებული მაქვს  მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კურსები, საპილოტე ჯგუფი იყო. თუ ეს გახლდათ მიზეზი, მანამდე კონტროლის პალატა ბევრჯერ შემოსულა, აუდიტის სამსახური, ყველას შეუმოწმებია საკადრო საქმეები და არასდროს ეს საკითხი არ დამდგარა. როგორც შემდეგ გაირკვა, პირადი ანტიპათიის გამო ხდებოდა ეს ყველაფერი. _ რის საფუძველზე ამბობთ ამას? _ როდესაც ამ ადამიანთან ვურთიერთობდი, ყოველთვის განვიცდიდი პირად შეურაცხყოფას, მიყვიროდა. ყველამ ვიცით ზრდილობა, ეთიკა და მისი ფარგლები. აბსოლუტურად სცდებოდა ამ ყველაფერს, ჩემთან პირდაპირ კონფლიქტში შემოვიდოდა, რომ ავყოლოდი, პასუხი გამეცა და იგივე რეაგირება მომეხდინა, რა დამოკიდებულებაც თვითონ ჰქონდა. ვეძებდი მექანიზმებს, რომ დაფიქრებულიყო ეს ადამიანი, აღარ მოეყენებინა შეურაცხყოფა და როგორც ადამიანისთვის, ისე მოემართა. ის აბსოლუტურად ყველას ასე ექცევა, გარდა მაღალი რგოლების წარმომადგენლებისა, რომელიც გახლავთ გამგებელი და მისი მოადგილე. _ ვინ დგას ამ ადმაინის უკან? _ როგორც ვიცი, მისი ბიძაა პაატა გიორგიძე, რომელიც უშიშროებაში მუშაობდა, ახლა „ქართული ოცნების“ ცენტრალური შტაბის მოქმედი თანამშრომელია, ის არის მისი ზურგი. აპარატის უფროსს ჩვენთან სტრუქტურაში მნეს ფუნქცია აქვს, ის კი აბსოლუტურად ყველაფერში ერევა. _ ვინ არიან მისი კადრები? _ მე შემცვალა მზია ბედიამ, ნამდვილად არ ვიცი, ეს გოგო ვინ მოიყვანა, არანაირი სამუშაო გამოცდილება არ გააჩნია. გამგეობაში დღესაც ის ხალხი მუშაობს, რომლებიც აბსოლუტურად ვერაფერს აკეთებს. მირეკავდნენ და მეკითხებოდნენ, ეს როგორ გავაკეთოთ, ის როგორ გავაკეთოთო? ელემენტარულად, შემოსული განცხადების რეგისტრაციის ნომერს ვერ ხვდებიან. საძიებო ველში ათიათასჯერ ვაჩვენე, რომ უნდა ჩაიწეროს სარეგისტრაციო განცხადების ნომერი და მოიძებნოს განცხადება პროგრამულად, შემდეგ უკვე თვალნათლივ ჩანს ამ პიროვნებასთან თუ განცხადებასთან წარსულიც, ახლანდელიც და მომავალში რა შეიძლება გაუკეთდეს. ეს ვერ დაიმახსოვრეს! ამის იქით უკვე რთული რაღაცები მოდის, ბრძანების გამოცემა, პოექტის დაწერა, ადამიანის დაფინანსება, თანხის გადარიცხვა კლინიკებზე, აფთიაქებთან ურთიერთობა, ათასი ნიუანსია, რომელიც ძალიან საპასუხისმგებლოა. ძალიან ხშირად იყო ასეთი ზარები და ახლაც გრძელდება. მოქალაქეები, ასე ვთქვათ, შოკში არიან, პატრონი აღარ დარჩათ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ბოლო ტესტირება რომ გამოცხადდა, შეგვეცვალა განყოფილების უფროსი, 2 დღის მოსული იყო რევაზ ცხოვრებაშვილი, რომელიც საერთოდ გონებაზე არ იყო, რა უნდა ეკეთებინა, სად მოვიდა, _ სტაჟიორად მეგონა მოვდიოდიო, _ ისეთი სისულელეები თქვა,  გავგიჟდით! ყველანაირად ვცდილობდი, რომ ამ ადამიანისთვის მესწავლებინა. ჩემთვისაც არ იყო მარტივი, მარტო მეკეთებინა გამგებლის მოადგილიდან დაწყებული, განყოფილების უფროსისა და ჩემი საქმე, განყოფილებაში კიდევ  7 კაცია, იმათი საქმეც. ჩემი შვილისთვის ყურადღების მიქცევა აღარ შემეძლო, ბოლო პერიოდში ძალიან გადაღლილი ვიყავი და მინდოდა, მართლაც ვიღაცას ესწავლა და ჩემი შრომა შემსუბუქებულიყო. ტესტირების მეორე ეტაპი რომ იწყებოდა, მოვნახე ვიღაცები, ჩაერივნენ და გამოცდაზე დამიშვეს. გამომდინარე იქიდან, რომ სამსახურიდან მართლა ღამის 2 საათზე გამოვდიოდი, ელემენტარულად, წიგნის აღების საშუალება არ გამაჩნდა, ამას ყველა ხედავდა, თანამშრომლები  მეჩხუბებოდნენ, წაიკითხეო. ყველანი ოთახებში იყვნენ შეკეტილები, მეცადინეობდნენ. მე რომ დავმჯდარიყავი და მემეცადინა, ვიღაცის სიცოცხლე გვერდით უნდა გადამედო, ისეთი სიტუაციაა სოციალურ განყოფილებაში, ამას ვერ გავაკეთებდი. ბოლოს, ერთი საათით ადრე, სანამ გამოცდაზე გავიდოდი, გადავშალე წიგნი და რასაც თვალი გადავავლე, ის იყო, 40 ქულა მივიღე, გამსვლელი იყო _ 45. მესამე ეტაპისთვის, რომელიც 21 სექტემბერს ჩატარდა, ტესტირებაზე რომ უნდა გავსულიყავი, მანამდე შელაპარაკება მოხდა, მეც ვეღარ შევიკავე თავი და აპარატის უფროსს რაღაცებზე პასუხი გავეცი. ისევ დამბლოკა! ვიდრე ამ ეტაპებს გავდიოდი, თან ვმუშაობდი. 11 აგვისტოს მოვიდა ბრძანება ჩემი განთავისუფლების შესახებ და 24 აგვისტოს გამათავისუფლეს, ამის შესახებ შემატყობინეს 2 სექტემებერს, მე განცხადება არ დამიწერია და არც ხელი მომიწერია. ეს არის პროგრამულად დაწერილი. დაწერა თამარ შაველაშვილმა და გვერდით ეჯდა სამხედრო განყოფილების მთავარი სპეციალისტი ნინო ფეიქრიშვილი, რომელიც მოწმეა იმისა, რომ მან დამიძახა 2 სექტემბერს და არა 24 აგვისტოს. მან მაცნობა, რომ სამსახურიდან განთავისუფლებული ვიყავი. დავსვი კითხვა განცხადების თაობაზე. მიხრა, _ მე დავწერე და ყველაფერი შენ მაგივრად გავაკეთეო. _ აბა, რაღა საჭირო ვარ-მეთქი? და ირონიული სახით მიპასუხა, _ უბრალოდ, საქმის კურსში ჩაგაყენეო. წამოვედი ჩვეულებრივად, სამივე ეტაპის განმავლობაში მოთაფვლას ჰქონდა ადგილი, რომ მემუშავა თავაუღებლად, ოღონდ საქმე არ გაფუჭებულიყო, კონტროლის პალატა უნდა შემოსულიყო, ხარვეზები გასწორებულიყო და ეს, მხოლოდ და მხოლოდ, მე შემეძლო იმ მომენტისთვის. ეჭვი რომ არ შემპარვოდა, ჩემი სამსახურში დატოვების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ რომ იდგა და რაიმე მოქმედება არ მომეყოლებინა, მთაფლავდნენ, გამგებლიდან, გელა არჩვაძიდან დაწყებული. ყველა მეუბნებოდა, _ შენ არავითარი საშიშროება არ გემუქრება, რაც არ უნდა იყოს, შეუცვლელი ხარ, საქმე იცი და შენი გაშვება გამორიცხულიაო. მზია ბედია რომ მოვიდა, რაღაცები ვასწავლე, თურმე, ჩემს ადგილზე იყო დანიშნული და ესეც არ ვიცოდი. ეს ყველაფერი გვიან გავიგე, მერე 2 დღეში დაბლოკვის პასუხიც მომივიდა და გავათვითცნობიერე, რომ შანსები ნული მქონდა. წამოვედი და აღარც მივლია, თორემ ბოლო დღემდე ისევ სამსახურში დავდიოდი და ვმუშაობდი. დავწერე განცხადება, _ რის საფუძველზე ვარ განთავისუფლებული, პასუხი მომეცით-მეთქი. მომწერეს ძალიან მშრალი შინაარსის წერილი, რომელიც არც მწვადს წვავს და არც შამფურს, რომ პირადი განცხადების საფუძველზე ვარ განთავისუფლებული, მეტი არაფერი. განცხადება მე არ დამიწერია, დაწერა თამარ შაველაშვილმა, რომელსაც გვერდით ეჯდა ნინო ფეიქრიშვილი. _ ზემოთ კონფლიქტი ახსენეთ... _ ბოლოს შელაპარაკება რაზეც მოგვივიდა, რაც გახდა მიზეზი, რომ დავებლოკე, საბოლოო გადაწყვეტილება მიეღო, რომ ყველანაირი შანსი მოესპო, იყო ასეთი რაღაც: პარასკევ დღეს სექტემბრის 4 თუ 5 რიცხვი იყო, ვასრულებდი დავალებებს, განყოფილების უფროსმა შემომიტანა განცხადებების დასტა. უცოდინარი ადამიანია, მისთვის მთავარია, რა რაოდენობის საგარანტიო განცხადება მომზადდებოდა და უარი რამდენზე ითქმებოდა, რაოდენობა იყო მისთვის მთავარი, თორემ არც ერთ განცხადებას არ კითხულობდა, არც ერთს არ ეცნობოდა. მაგალითად, ფორმა N100-ის მდგომარეობას არ ამოწმებდა, არაფერი რეაგირება არ ხდებოდა. მხოლოდ და მხოლოდ ის იყო, მას რომ ეწერა განცხადებები, ის გამწვანებულიყო და წითელი მომსპარიყო პროგრამაში. შემომიტანა ივლისის განცხადებები მოსამზადებლად, რადგან თანხის გაცემა შეჩერებული იყო. რაც ესენი მოვიდნენ, ქრონიკულად თანხები არ არის და სად მიდის ეს ფული, არ ვიცი, მილიონ 700 000 იყო გამოყოფილი წელს და ჩვეულებრივ შეიძლებოდა  მიზანმიმართულად დახარჯულიყო გაჭირვებულ ადამიანზე, 10-დან 9-ისთვის გადაგვეწყვიტა ის პრობლემა, ვინც მოგვმართავდა, რაღაც დონეზე შეგვემსუბუქებინა მათი გასაჭირი. მერიის ერთ-ერთ დებულებაში წერია, როდესაც გამგეობას მიმართავს განმცხადებელი გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით, გამგეობა უფლებამოსილია, ერთჯერადად დაუფინანსოს 1500 ლარის ოდენობით, მაგრამ ეს არის მხოლოდ ერთჯერადად მომართვის დროს. მას შეუძლია  მეორედაც მიმართოს, მესამედაც და ა. შ. ამას არ კრძალავს არც შიდა, არც გარე კანონი და ხელები გაქვს გახსნილი, რომ ადამიანს გაუწიო დახმარება, თუ მას სჭირდება. ეს ხდება გადამოწმების საფუძველზე, ფორმა N100 მოწმდება, რამდენად რეალურია იმ ადამიანის მდგომარეობა, ზეპირად არავინ არაფერს იგონებს. მოსახლეობის 99%-ს ვიცნობ, რომელიც ჩვენ მოგვმართავდა და ვიცი მათი პრობლემები, ვისი გაუმჯობესდა, ვისი გაუარესდა, ვინ რა დონეზეა, ამას ხმამაღლა ვაცხადებ, ვიცნობ თითქმის ყველა ოჯახს და ვიცი მათი სოციალური მდგომარეობა. ამ დასტაში შემხვდა ერთი განცხადება, 1500 ლარით იყო დასაფინანსებელი ბავშვი, რამაზ გორგიშვილის შვილი. არ ვიცნობ ამ პიროვნებას, უბრალოდ, სახელი და გვარი დამამახსოვრდა. 6 წლის ბავშვი სასწრაფო მკურნალობას საჭიროებდა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო მისთვის ეს დახმარება. წელს ამ ადამიანს ერთხელ უკვე მომართული ჰქონდა და 1500 ლარით იყო დაფინანსებული. ეს განცხადებასაც ეწერა, შიდა რეზოლუციებს ადებენ, რომ წელს დაფინანსებულია და ისინი წყვეტენ, უარი ეთქვას ამ ადამიანს, მაგრამ მე ამაზე ყოველთვის მქონდა პროტესტის გრძნობა. ასეთ შემთხვევებში არ უნდა ეთქვას უარი, თან კანონიც გაძლევს იმის საშუალებას, რომ დაეხმარო. მეორე განცხადება რომ გვერდით გიდევს, იმათ სახლშიც ვართ შესულები და ვიცით, რომ ძალიან კარგი ბინა აქვთ ევრორემონტით, შემოსავალი არ აკლიათ, მინუმუმ 1500 ლარი მაინც აქვს ოჯახს თვეში, რომ ელემენტარულად თავი ირჩინოს, მედიკამენტიც იყიდოს და ა. შ. იმასაც უნდა დაეხმარო, მაგრამ პრიორიტეტი არის სოციალურად დაუცველი, გაჭირვებული ადამიანი და აუცილებლად _ ბავშვი! დემოგრაფიულ საკითხზე უნდა გაკეთდეს კიდევ აქცენტი. ეს 4 საკითხი რაც ჩამოვთვალე, ჩვენთან აბსოლუტურად გაჩერებულია. რატომ, ვერ ვხვდები?! გული არ აქვთ, გასაგებია, მაგრამ შენი პირდაპირი მოვალეობაა, რომ მოხვედი და გამგებლის სკამზე დაჯექი, უნდა გაეცნო შენს უფლება-მოვალეობებს, რას გაკისრებს პირდაპირ ეს სამსახური და ის პროგრამა, რისთვისაც გერიცხება ბიუჯეტიდან და რისი განხორციელებაც გევალება. მოხდა ისე, რომ ეს განცხადება აღარ გავაპროტესტე, წავიკითხე, ფორმა N100-საც გავეცანი, დავაფინანსე და გავაკეთე პროგრამულად საგარანტიო, მაგრამ არის პროცედურა, რომ იუზერში, რომელშიც მუშაობ, შემდეგ დასამტკიცებლია ჯერ ერთი, მერე მეორე ადამიანისგან, ბოლოს გამგებელი ამტკიცებს და შემდეგ ამოდის პროგრამულად საგარანტიო. ეს პროცედურები ჩატარდა, გამგებლისგან იყო დასამტკიცებელი და შუა პროცესში ერთ-ერთმა ახლად მოსულმა თანამშრომელმა უთხრა განყოფილების ახალ უფროსს, _ ეს ადამიანი ამ განცხადებას აფინანსებს, მე კი მიმაჩნია, რომ არ უნდა გაკეთდესო, ანუ ყველა მობილიზებულია იმაზე, რომ არ დააფინანსო, არ დაეხმარო! რატომ, ვერ ვხვდები, ეს რა ინტერესია?! ატყდა ამაზე ერთი ამბავი, რომ 1500-ლარიან საგარანტიოს მე ჩემი ინიციატივით ვაკეთებდი. ამ დროს ჩემი ინიციატივით განცხადება არ ამიღია და მაგიდაზე არ დამიდევს, შემომიტანა განყოფილების უფროსმა დიდი დასტა, რომელშიც ეს განცხადებაც იყო. რომ ატყდა ერთი ამბავი, სასამართლო მომიწყვეს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, სხდომასაც ასე დაარქვეს: მობრძანდით პროკურორო, მოსამართლევ, მოდით ,მოუსმინეთ და გადაწყვეტილება ჩვენ თვითონ მივიღოთ მხოლოდ სამსახურიდან განთავისუფლებით შემოვიფარგლოთ, თუ სისხლის სამართლის საქმე აღვუძრათ ამ ადამიანსო? _ სასამართლოზე ვინ ჰყავდათ მოწვეული? _ გამგებელი, აპარატის უფროსი, 2 თანაშემწე, გამგებლის დისქმარი (ოჯახის წევრი, რომელიც ჩვენთან არ მუშაობდა), გამგებლის ერთ-ერთი მოადგილე, რომელსაც ჩვენი განყოფილება არ ეკუთვნის, ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსის მოადგილე იყო და კიდევ ასეთი პიროვნება _ ზაზა მარიტაშვილი, რომელიც არ ვიცი, რას წარმოადგენს. როგორც გავიგე, საკრებულოში მუშაობს, მაგრამ რა პოზიცია უჭირავს, არ ვიცი. _ გამგებლის დისქმარი რა სტატუსით მოდის ხოლმე? _ არ ვიცი, ვერ გეტყვით. _ ხშირად იყო გამგეობაში? _ საკმაოდ. დავითი ჰქვია, გვარი არ ვიცი. ოჯახის წევრები ძალიან ბევრმა დაასაქმა, თუნდაც თამარ შაველაშვილმა თავისი დეიდაშვილი ლელა მოიყვანა. ნათესავი მეტი არ ვიცი, მაგრამ 1-2 პიროვნებას ლობირებს. გამგებლის ერთ-ერთმა მოადგილემ, ირაკლი ქუთათელაძემ, ტესტირება  ვერ ჩააბარა ვერც ერთი, ვერც მეორე, ახლა მესამეზე ძლივს გავიდა და საკითხავია, ჩააბარა თუ არა? თამარ შაველაშვილს არ აქვს ჩაბარებული პირველი ტესტირება და ბიძამ „გაუპრავა“, დაუწერეს, რომ 47 ქულა მიიღო. ძალიან ვნანობ, რომ ნაეც.გე-დან არ ამოვბეჭდე მაშინ ის საბუთი და არ შევინახე, რომ შემდეგ გამომეყენებინა, მაგრამ ნამდვილად არ ვფიქრობდი, რომ ასეთი რაღაცები მოხდებოდა, თორემ ყველაფერს დავაგროვებდი, იმ პერიოდის განმავლობაში მასალა ძალიან ბევრი და ხელმოსაკიდი იყო, ახლა ძალიან გამომადგებოდა. ირაკლი ქუთათელაძეს ბოლოს რომ ვერაფერი მოუხერხეს, მოხსნეს ერთ-ერთი პიროვნება ხელშეკრულებიდან და გადაიყვანეს მის ადგილზე, ის კი ხელშეკრულებით დანიშნეს, სანამ ტესტირებას ჩააბარებდა. სასამართლო რომ მოაწყვეს, ვაპირებდი, მოვუსმენ ამ ადამიანებს, გავცემ ჩვეულებრივ პასუხს-მეთქი, მაგრამ არ მეგონა, ამხელა გართულება თუ მოჰყვებოდა. ძალიან იმოქმედეს ჩემზე,  ავფეთქდი და ამას ვნანობ, თავი უნდა შემეკავებინა. თუმცა არ ვნანობ იმ თვალსაზრისით, რომ, ბოლოს და ბოლოს, ვუთხარი, რასაც ვფიქრობდი, _ ერთ კითხვაზე გამეცით-მეთქი პასუხი, ბატონო გელა, ეს ქმედება დანაშაულია თუ არა, რაც მე ჩავიდინე ამ განცხადების გარშემო-მეთქი? არ გამცა პასუხი, რამდენჯერმე გავუმეორე ეს შეკითხვა და ბოლოს მითხრა, _ არ არის დანაშაული, მაგრამ გააჩნია, რა კუთხით განვიხილავთ, ჩვენ უარი გვეწერა მაგაზე, რატომ გადაწყვიტე, ჩვენი უარი გაგეუქმებინა და დაგეფინანსებინაო? ამ შემთხვევაში დანაშაულიაო. ვუთხარი, _ ძალიან ბევრ ფაქტს დაგისახელებთ, ერთი დიდი კარადა ბაინდერებით არის გავსებული, სადაც განცხადებებს უარი ეწერა და თქვენი ახლობლების, ნაცნობების, ნათესავებისა თუ დაინტერესებული პირების გამო, იმ უარებიდან გვაღებინებდით და გვაფინანსებინებდით, რაც არ ხდებოდა ნამდვილად გაჭირვებული ადამიანის პირობებში-მეთქი. _ შეგიძლიათ ასეთი ადამიანების ვინაობა დაასახელოთ? _ მაგალითად, მარინა გლუნჩაძე, რომელიც მოდიოდა და 2 თვეში ერთხელ შემოჰქონდა განცხადება 1200-ლარიან დაფინანსებაზე წამლების შესახებ, მასზე, თავის შვილზე, ხან ორივეზე ერთად. პროგრამულად ჩანს, რომ რამდენჯერმეა დაფინანსებული და ბევრად აჭარბებს 1500 ლარს. მარინა გლუნჩაძეს ვკითხე, _ რა სჭირს ასეთი თქვენს შვილს ან თქვენ, რომ წელიწადში ამდენი წამალი გჭირდებათ-მეთქი? მიპასუხა, _ არაფერი, გელა არჩვაძე, უბრალოდ, ჩემი ახლობელია, ოფისის თანამშრომელი ვარო. ოფისს ეძახიან პარტია „ქართული ოცნების“ შტაბს. ზუსტად ამ სიტყვებით მითხრა, _ დედიმისის შვილია გელა არჩვაძე, არ დამიფინანსებს და მაგას ვაჩვენებ სეირსო! მივხვდი, იქ რაც ხდებოდა, ზედმეტი შეკითხვა აღარ დამისვამს. ეს დავიმახსოვრე და როცა მარინა გლუნჩაძის განცხადება მხვდებოდა, ყოველთვის პროტესტის გრძნობა მიჩნდებოდა, ხმამაღლა ვამბობდი: მოდით, ეს გვერდით გადავდოთ, თუ ახლობელია, მით უმეტეს, უნდა შევიდეს მდგომარეობაში და გაგვიგოს, სხვისი სიცოცხლეა ჯერ გადასარჩენი-მეთქი. მართლა კონკრეტულ სიცოცხლეზე იყო ხოლმე ლაპარაკი 90%-ში! ნებისმიერს შეუძლია შეამოწმოს ეს განცხადებები თანდართული დამადასტურებელი დოკუმენტებით, რა საშინელი პირობები აქვს ხალხს, ვის ეუბნებიან უარს, ან ვის აძლევენ დაფინანსებას, რომელთათვისაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. _ რა გიპასუხათ? _ არაფერი. ნოშნარი ხარძიანი, რომელიც მართლა გაჭირვებულია, 4 შვილის დედაა და, ჩემი აზრით, 10 000 ლარითაც უნდა დაეხმარონ, მაგრამ გადააჭარბა 1500 ლარზე მეტ დაფინანსებას; თეიმურაზ გაბისონია, რომელიც ოქროთი ვაჭრობს ბირჟაზე და 1500 ლარზე გაცილებით მეტი აქვს დაფინანსებული. _ ისიც ოფისის წევრია? _ არა, არ არის ოფისის წევრი, მაგრამ არ ვიცი, რა დავარქვა, გარიგება თუ რა, ყიდის, თურმე. სადგურის ქუჩაზე მეორადი წამლების აფთიაქია, იქ აბარებს, იქვე, ტოტალიზატორში შედის და აგებს ამ ფულს. მიმაჩნია, რომ ზუსტად ეს არის ნაგავში გადაყრილი ფული და იმ ადამიანებს, რომლებსაც რეალურად სჭირდებათ დახმარება, უარს ეუბნებიან; მარიამ ზაალიშვილი, რომელიც მარტოხელა დედაა, ბავშვთა სახლში გაზრდილი, დედამიწის ზურგზე პატრონი არავინ ჰყავს, არც სახლი აქვს, არც კარი, არანაირი დახმარება და ესენი ქირაზე უარს ეუბნებიან. ქირის საკითხი მე არ მეხებოდა, მაგრამ ყოველთვის ვიხედებოდი და ძალიან ბევრ უსამართლობას ვაწყდებოდი, ამას უარს ეუბნებიან იმიტომ, რომ ნუკრი მეტრეველია თანამშრომელი, ვინც ამ საკითხს კურირებს, აი, მას არ უნდა და არ გაუკეთებს _ ეს სიტყვები პირდაპირ დაუფიქსირებია. რატომ? _ როცა ვეუბნები, შევსულვარ პოლემიკაში, _ აი, მე არ მინდა, მორჩა და თავი დამანებეთ, გამგებელი თუ მეტყვის, გავუკეთებო. რას ნიშნავს, „გამგებელი თუ გეტყვის“? შენ თუ „ლევად“ გაქვს ვიღაცებზე გაკეთებული, ის შეიძლება და ეს არ შეიძლება? ამბობს, წლიური თანხა არ მაქვსო, არადა, ჩვეულებრივ, მთავრობის სხდომაზე შეუძლია მოითხოვოს. მთავრობის სხდომა არსებობს იმისთვის, რომ ასეთი საკითხები გაიტანო, რაც გამგეობის ბიუჯეტს აღემატება და დასამატებელი გაქვს თანხა. იქ აუცილებლად უნდა მოითხოვო და გადამოწმების საფუძველზე უნდა დააკმაყოფილონ, პრობლემა არ არის, რეზერვები, აბა, რისთვის არის?! ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც „ქართულ ოცნებასთან“ და არჩვაძესთან არის დაახლოებული და დახმარებებს იღებს. ისეთ ფაქტებს ვარ შესწრებული, რომ ამოდიოდნენ ადამიანები და კაბინეტს თავზე ამხობდნენ, _ დროშით ვიდექი, შენ ჩემი მოყვანილი ხარ, ამას გამიკეთებ, იმას გამიკეთებ, ჩემს შვილს მიიღებ სამსახურშიო!.. ის კი ამას აკეთებდა ჩვეულებრივად, თავდახრილი. სადაც საჭირო იყო, იქ არასოდეს გაიხედავდა. მისთვის მთავარი იყო, ის მედროშეები, პარტიის აქტივისტები თუ მოჩხუბრები დაეკმაყოფილებინა და რამენაირად გაეჩუმებინა. ეს ქირა იქნებოდა, წამლების დახმარება თუ სხვა, გაყიდდნენ ამ წამლებს თუ რას იზამდნენ, სულ არ აინტერესებდა. ზუსტად მარინა გლუნჩაძემ თქვა, _ ამ წამლებს ვყიდი, სულ არ მაინტერესებს თქვენი აზრიო! ამ დროს იქ მოქალაქეები ისხდნენ. უფასო სასადილოს საკითხიც ჩვენს განყოფილებას ეკუთვნის და პიროვნება, რომელიც ამ საკითხს კურირებს, ჩვენს ოთახში ზის, მოქალაქე ჰყავდა, რომელიც ამ სიტყვებს ისმენდა, შეძრული იყო. თქვა: როგორ, ხალხნო, ადამიანს არ სჭირდება, ყიდის და მე, რომელსაც სიცოცხლის საკითხს მიწყვეტს, უარს მეუბნებითო?! ელოდებიან ასე წლობით, რომ ერთი „ანალგინი“, „დიმედროლი“ და „ციტრამონი“ გამოუწერონ. საშინელება ხდება! _ რას აპირებთ? _ ვეძებ გზებს, რომ სადმე დავსაქმდე. ძალიან მინდა სასამართლოს მივმართო, მაგრამ ამის ფინანსური საშუალება არ გამაჩნია. მარტოხელა დედა ვარ, ჩემს კისერზე გადადიოდა ყველაფერი, წლისა და 8 თვის შვილი მყავს, ქირით ვცხოვრობ, საკუთრებაში არანაირი ქონება არ გამაჩნია. საშინელ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. _ სამსახურიდან გაშვებულებს შორის სხვაც თუ არის მარტოხელა დედა? _ ნათია ფირანიშვილი, მისი შვილი თვეების იყო, როდესაც გაუშვეს. მეუღლე კი ჰყავს, მაგრამ მასაც პირდაპირ იცავდა კანონი, ტესტირება ჩააბარა, მაგრამ კონკურსზე დაბლოკეს. თავის საქმეში ძალიან მცოდნე და კომპეტენტური ადამიანია. _ ახლა რას ითხოვთ? _ ახლა ვითხოვ, მხოლოდ და მხოლოდ, იმას, რომ ბავშვი ქუჩაში არ დამრჩეს მშიერი. არ მინდოდა ამ ყველაფრისთვის პოლიტიკური სარჩული დამედო, არასოდეს ვყოფილვარ „ნაციონალი“, მათი მხარდამჭერი, არც აქტივისტი ვყოფილვარ, ყოველთვის ვიჯექი და ჩემთვის ვმუშაობდი. არც ერთ პარტიაში არ ვყოფილვარ, უბრალოდ, ტყუილ-მართალს ყოველთვის ვარჩევდი, მქონდა ჩემი პროტესტი და დადებითი დამოკიდებულება ამათთანაც და იმათთანაც, მაგრამ, როგორც ასეთი, პარტიული ნიშნით განთავისუფლებას რეალურად ვერ დავარქმევ. შეიძლება მათ ასე მიაჩნიათ, რომ „ნაციონალების“ გადმონაშთი ვარ და პარტიული ინტერესი მაერთიანებდა, მაგრამ ასე არ არის.   „ქრონიკა+“ კომენტარისთვის რამაზ გოგიშვილს დაუკავშირდა: _ კოჯორში ვცხოვრობ, განცხადება მქონდა შეტანილი დაფინანსებაზე, ჩემი შვილი უნარშეზღუდულია, ფაქტობრივად, ვერ მეტყველებს, კონკრეტული უნარები არ აქვს, განვითარება სჭირდება და ეს იმდენად ძვირი მომსახურებაა, არანაირი სახსრები არ გაგვაჩნდა, ამიტომ გამგეობას მივმართეთ. ადრე დაგვაფინანსეს, მაგრამ არ ეყო ის თანხა, მით უმეტეს, ახლა ბავშვი სკოლაში მივიდა და ვაი იმ სიარულს. დაფინანსება რომ ვერ მივიღეთ, ამის გამო დაგვრჩა ისე. მითხრეს, უკვე დაგაფინანსეთ და ვეღარ დაგეხმარებითო, არადა, ბავშვს აუცილებლად სჭირდება მკურნალობა. ინგას არ ვიცნობ, არც მისი ამბავი ვიცოდი, ახლა რომ მითხარით, ძალიან შევწუხდი. როგორ დავეხმარო, აღარ ვიცი უკვე. დღესაც რომ მოვიპოვო ეს დაფინანსება, ბავშვს ნამდვილად წაადგება _ წამლები, ლოგოპედთან, ფსიქოლოგთან, სენსორულ კაბინეტში სიარული სჭირდება და უამრავი რამ... მით უმეტეს, მრავალშვილიანი ოჯახი მაქვს, 7 შვილი მყავს, სოციალურად დაუცველი არ ვარ, ვმუშაობ, მაგრამ მაინც ვერ ავუდივარ. მოგეხსენებათ დღევანდელი მდგომარეობა. როგორ დავეხმარო ამ ადამიანს, ჩემგან რა არის საჭირო? მითხარით და მზად ვარ ყველაფრისთვის.   გელა არჩვაძე _ მთაწმინდის რაიონის გამგებელი: _ ბატონო გელა, თქვენთან სოციალურ სამსახურში ინგა დოლუაშვილი მუშაობდა, რომელიც გაათავისუფლეთ. მისი აზრით, უკანონოდ მოექეცით, მის მიმართ ზეწოლასაც ჰქონდა ადგილი. თქვენ რას იტყვით, რა გახდა მისი განთავისუფლების მიზეზი? _ როგორ გითხრათ ახლა ასე ზეპირად? ინგა დოლუაშვილი სოციალურ სამსახურში იყო. მოსთხოვეთ, აბა, პასუხი, რის საფუძველზე გაათავისუფლეს? _ ოფიციალურად თქვენ გიწერიათ, რომ ეს მოხდა პირადი განცხადების საფუძველზე. დოლუაშვილი ამბობს, რომ არც განცახდება დაუწერია და არც ხელი მოუწერია. _ თავისი სურვილი არ იყო ეგრე? ვერ გეტყვით ახლა, პასუხს ვერ გაგცემთ! ზეწოლა რომ ჰქონოდა მაგას, ასეთი თანამშრომელი არ უნდა იყოს ჩემთან სამსახურში და მე პირადად არ მქონია ისეთი დამოკიდებულება, რომ ასეთი რამე გითხრათ, დანარჩენს ვერ გეტყვით. _ მაშინ იმაზე მიპასუხეთ ე. წ. სასამართლო რომ მოუწყვეთ ინგა დოლუაშვილს... _ რა სასამართლო მოვუწყვეთ, სასამართლოები ტარდება გამგეობაში? ვერ ჩამოგყვებით ახლა ლაპარაკში. _ თქვენი დისქმარი რა სტატუსით იყო იმ განხილვაზე, გაგეშვათ თუ არა დოლუაშვილი სამსახურიდან? _ რეებს ლაპარაკობთ?! რა განხილვაზე, რის განხილვაზე?! არასწორი ინფორმაცია გაქვთ, ბოდიშს გიხდით, კარგით. ჩემთან არავითარი კომუნიკაციის პრობლემა არ არის, მოვიდეს და თვითონ დამელაპარაკოს. _ ამ ლაპარაკს შედეგი მოჰყვება? _ რა არის ახლა, დაკითხვაზე ვარ თუ რა ხდება?! რეებს მეკითხებით, იმას რა უნდოდა, რა უნდოდა?.. ¬_ დაკითხვაზე არ ხართ, ინფორმაციას ვამოწმებ... _ თქვენ რანაირად ადასტურებთ იმას და რატომ მეუბნებით, რომ ის (გამგებლის დისქმარი, _ ავტ.) იქ იყო? _ სწორედ ამიტომ გირეკავთ, ადასტურებთ თუ არა? _ მე რომ მეთქვა თავიდანვე, ჩემს პრესსამსახურს გაესაუბრეთ-მეთქი, მაშინ დაგაკმაყოფილებდათ? არ არის სწორი ეგ ინფორმაცია. ვერც წარმოვიდგენდი, თუ ინგა ვინმესთან იტყოდა იმას, რაც თქვენ ბრძანეთ. _ ბატონო გელა, მარტოხელა დედა ქუჩაში დარჩა, ამბობს, რომ კეთილსინდისიერად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას, თქვენს გამგეობაში დასაქმებული სხვა ადამიანებისგან განსხვავებით და ჟურნალისტებთანაც აღარ ისაუბროს? _ თქვენ ვინ ბრძანდებით, მითხარით, რატომ მელაპარაკებით ასე? _ ხომ გითხარით, „ქრონიკა+“-დან გირეკავთ, ჟურნალისტი თამარ ბატიაშვილი. _ ქალბატონო თამარ, მომისმინეთ: თქვენ და მთელი თქვენი სამსახური არ შეწუხებულა ისე, როგორც მე მაგ გოგოზე ვწუხდები. აქ დავამთავრე ლაპარაკი, ჩემზე მაგრად თქვენ ეგ გოგო არც გიყვართ და არც შეწუხებულხართ ასე ცხოვრებაში. _ თუ ასე განიცდით, დააბრუნეთ სამსახურში, რა დააშავა ასეთი? _ ეგ პირადად ძალიან კარგად იცის ინგამ. თქვენ ვერასდროს გამოდგებით მაგის დამცველად, იმიტომ, რომ ყველაზე მეტი დამცველი მაგას ვყავარ მე! კარგით, მე მოვრჩი საუბარს, თქვენ ლაპარაკი არასწორად მიგყავთ.   „ქრონიკა+“ აპარატის უფროსს, თამარ შაველაშვილსაც დაუკავშირდა. მან გვითხრა, რომ მოგვიანებით დაგვერეკა, მაგრამ ჩვენს სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხა.  

თამარ ბატიაშვილი

გაზიარება