„ქრონიკა+“-ის რედაქციამ ბათუმის #3 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან წერილი მიიღო. პატიმრები გვთხოვენ გავასაჯაროოთ ყველა ის ფაქტი, რაც იქ ხდება. დასაწყისშივე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამ საპყრობილეში არსებულ პრობლემებზე „ქრონიკა+“-მა მასალა რამდენჯერმე მოამზადა. ამჯერად მიღებული წერილის შინაარსი სხვებისგან მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ პატიმრები კონკრეტულ პირებს ასახელებენ, რომლებიც, მათი თქმით, დანაშაულს სჩადიან.
„მოგმართავთ ბათუმის #3 დაწესებულების მსჯავრდადებულები: გიორგი მარსაგიშვილი, მიხეილ წითაძე, კახა მეცხვარიაშვილი და ალექსანდრე ჩერქეზიშვილი. მოგახსენებთ ამ დაწესებულებაში არსებულ დანაშაულებრივ ქმედებებზე, რომელსაც ახორციელებენ ჩვენ მიმართ დაწესებულების თანამშრომლები: დაწესებულების დირექტორი, კახაბერ გველესიანი; მისი პირველი მოადგილე, ირაკლი; უსაფრთხოების უფროსი, სპარტაკი; რეჟიმის უფროსი, ელიზბარი, რომლებსაც შექმნილი აქვთ ამგვარი ვითარება, _ განზრახ გვისპობენ ჯანმრთელობას, დაწესებულებაში აქვთ სამარტოო საკნები, ასევე ვანდალური საკანი, სადაც გვათავსებენ სრულიად უკანონოდ და უსაფუძვლოდ, არ გვაწვდიან ელემენტარულ სასუნთქ ჰაერსაც კი, რასაც სრულად და საფუძვლიანად აღწერს თავის პირად ანგარიშში სახალხო დამცველი. გთხოვთ, გაეცნოთ ამ დასკვნას და გაგვიწიოთ დახმარება, ამცნოთ საზოგადოებას, თუ როგორ გვისპობენ სიცოცხლეს ზემოთ აღნიშნული პირები და რა გაუსაძლის პირობებში გვამყოფებენ პატიმრებს, ასევე შეთანხმებით მოქმედებენ სამედიცინო პერსონალთან, ერთობლივად სჩადიან სისხლის სამართლის დანაშაულებრივ ქმედებებს, გვექცევიან არაადამიანურად. ჩვენს წამებაში უშუალოდ მონაწილეობენ: ქეთევან მელიქაძე, თამილა ვარშალომიძე, ნატო კოპალიანი, ნინო კორტავა, ნანული ფუტკარაძე, რომლებიც არიან მწამებელი რეჟიმის დროს ნამუშევრები და აგრძელებენ იგივე მეთოდით მუშაობას“.
ანალოგიური შინაარსის წერილები ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციამაც მიიღო.
ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გიორგი თევზაძე, „ქრონიკა+“სთან აცხადებს, რომ ბათუმის საპყრობილიდან პატიმართა წერილებს ხშირად იღებს, რომლებიც იქ არსებულ გაუსაძლის ვითარებაზე საუბრობენ. უფლებადამცველი ამ წერილებს რეაგირებისთვის სასჯელაღსრულების სამინისტროს უგზავნის და იქიდანაც იღებს შესაბამის პასუხებს, თუმცა, აცხადებს, რომ პრობლემა სახელმწიფოსგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას საჭიროებს.
გიორგი თევზაძე:
_ ბათუმის #3 დაწესებულებიდან შემოსული პატიმრების განცხადებები, რომლებიც ყვებიან დაწესებულებაში არსებულ პირობებზე, მაშინვე გადავუგზავნეთ სასჯელაღსრულების სამინისტროს და მოვითხოვეთ დროული რეაგირება. სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან მივიღეთ პასუხები, რომ ამ საკითხს იკვლევენ. ფაქტია, #3 დაწესებულებაში რაღაც ხდება, ამდენი წერილი სხვადასხვა პატიმრებისგან გარკვეულ საფუძვლიან ეჭვს ბადებს, რასთან გვაქვს საქმე! იმედს ვიტოვებ, ამას სისტემური ხასიათი არ აქვს, რადგან სხვა დაწესებულებებში არ არის ასეთი მიდგომები. თუმცა, იქიდანაც შემოდის ინფორმაციები, გარკვეული შენიშვნები აქვთ ოჯახის წევრებსა თუ პატიმრებს. საპატიმროებში ისეთი მძიმე სიტუაცია აღარ არის, როგორიც ადრე იყო, მაგრამ განსაკუთრებული მდგომარეობაა ბათუმის დაწესებულებაში. რამდენიმე დღეა, #3 დაწესებულებიდან მივიღე პატიმარ ნუგზარ თაბაგარის წერილი, რომელიც გაუსაძლის მდგომარეობას აღწერს. განცხადებაში მოყვანილი ფაქტები შესაბამის რეაგირებას საჭიროებს, მარტო წერილების მოწერა და გამოხმაურებები არაფერს ნიშნავს! ნახეთ, რას მწერს: „ვიმყოფები გაუსაძლის პირობებში, არანაირ სამედიცინო დახმარებას არ მიწევენ, დაავადებული ვარ მძიმე ქრონიკული სენით. 2014 წლის 17 თებერვალს სრულიად უსაფუძვლო ბრალდებით დამაკავეს. მაწამებენ იმის გამო, რომ მოვითხოვ ყველა იმ ჯალათის კანონით დასჯას, რომელიც წლების განმავლობაში მცემდა, მაწამებდა, მამყოფებდა არაადამიანურ პირობებში და თავისუფლების აღკვეთა 42 წლით მომისაჯა. დამაინვალიდეს, წამების ფაქტებთან დაკავშირებით, დაზარალებულად ვარ ცნობილი, მაგრამ მათ დღემდე ხელს აფარებენ და ისევ მე მაწამებენ. მემუქრებიან, რომ ვაღიარო ის დანაშაული, რაც არ ჩამიდენია. სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს ჩემი საქმის განხილვა. ჩემი მძიმე ჯანმრთელობის მიუხედავად, ბათუმიდან დავყავარ საბადრაგოს მანქანით პროცესებზე, რაც ჩემთვის წამებაა, რადგან ხერხემლის მრავალი ტრავმა მაქვს. მინდა განგიმარტოთ, რატომაც უნდათ, რომ დანაშაული ვაღიარო: პირველი _ იქ ისევ ჯალათების ხელში ვარ, ანუ ბაჩო ახალაიას, მეგის ქარდავას, კახა ბუცხრიკიძის, გაგა მკურნალიძის, დავით ჭაკუას, შოთა ტორაძის, კახა გველესიანისა და ა. შ. ჯალათების;
მეორე _ უნდათ თქვან, რომ კრიმინალია, გამოუსწორებელია და ა. შ. ამათ ასამართლებინებთ ბაჩო ახალაიასო. ერთი მხრივ კარგია, რომ სამინისტრო და შესაბამისი სტრუქტურები იჩენენ ყურადღებას და სწავლობენ გარედან შესულ განცხადებებს. იმედია, მალე განხორციელდება და მოგვეცემა საშუალება, არა წერილობითი ურთიერთობა გვქონდეს სამინისტროსთან, არამედ სხვა რეჟიმში გადავიდეთ. ერთ დაწესებულებაში თუ არის პრობლემა, ეს შეიძლება მეტასტაზივით სხვასაც გადაედოს, სასჯელაღსრულების სისტემა ძალიან მგრძნობიარე ორგანიზმია და აქ მეტი ყურადღებაა საჭირო, რადგან ადამიანის ბედთან გვაქვს საქმე. ეს ადამიანები იქ ცხოვრობენ, ფაქტობრივად, არსებობენ, მაგრამ ისინიც ჩვენი საზოგადოების ნაწილია და იქიდან გაბოროტებულები არ უნდა გამოვიდნენ! აქ მთავარი როლი სახელმწიფომ უნდა ითამაშოს!
ბათუმის ციხეში არსებულ ვითარებას ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი, ნანა კაკაბაძე საგანგაშოს უწოდებს და აღნიშნავს, რომ მსგავსი შინაარსის წერილებს თვითონაც ხშირად იღებს. ნანა კაკაბაძე ამბობს, რომ ბათუმის ციხეში თითქმის არ არსებობს პატიმარი, რომელიც არ იწერება, რომ იქ რთული, გაუსაძლისი პირობები და არაადამიანური მოპყრობაა. ფაქტობრივად, ეს არის სადამსჯელო დაწესებულება. ვინც კი ადმინისტრაციისთვის არის მიუღებელი, ყველას უშვებენ ბათუმის ციხეში, იმის მიუხედავად, თუ სად არის მათი საცხოვრებელი. უკანონოდ დასჯის, „კარცერის“ გამოყენებისა და ამანათების აკრძალვის შემთხვევების გარდა, ფიზიკური შეხების შემთხვევებიც არის და ციხის ადმინისტრაცია განუკითხავად იქცევა.
ნანა კაკაბაძე:
_ ბათუმის ციხიდან მივიღე გიორგი მარსაგიშვილის 16-ფურცლიანი წერილი. პატიმარი დეტალურად ყვება, თუ როგორ აწამებდნენ წინა ხელისუფლების დროს და იმათ ვინაობასაც ასახელებს, ვინც მას სასტიკად უსწორდებოდა. პატიმარი აცხადებს, რომ ის სასჯელს იხდიდა ქსნის მე-15 დაწესებულებაში, რომლის დირექტორი რობერტ არაქელოვი იყო. იგი მას პირადად უსწორდებოდა. პატიმარი სხვა პირთა სახელებსა და ზედმეტ სახელებსაც ასახელებს, რომლებიც მის წამებაში მონაწილეობდნენ. მისი წერილიდან ირკვევა, რომ პატიმრის მიმართ დიდი აგრესიით გამოირჩეოდა ვინმე დავით ჯავახიშვილი. 2013 წელს მარსაგიშვილი კვლავ დააპატიმრეს და რუსთავის #16 დაწესებულებაში შეასახლეს, მის წამებაში მონაწილე გია ჭუმბურიძე ისევ იქ დახვდა და გააფრთხილა, რომ საჩივრების წერა არ დაეწყო, რადგან აზრი არ ჰქონდა. მომხდარის შესახებ პატიმარმა სახალხო დამცველს და გენერალურ ინსპექციას მიმართა. დაჰკითხეს კიდეც. 2014 წელს პატიმარი ქსნის კოლონიაში გადაიყვანეს, იქ დახვდა მწვალებელი და სისასტიკით გამორჩეული დავით ჯავახიშვილი. ამ ფაქტის შესახებ პატიმარმა მაშინვე მიმართა სახალხო დამცველს და ამხილა, რომ მწვალებლები ისევ სისტემაში რჩებოდნენ. ამის შემდეგ, ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე, პატიმარი ჩასვეს მანქანაში და გადაიყვანეს ბათუმის #3 დაწესებულებაში. პატიმარი წერს, რომ აქ მას ამყოფებენ გაუსაძლის პირობებში, მუდმივად „კარცერში“ ზის და ტალახში აცხოვრებენ.
ბათუმის #3 საპყრობილეში არსებულ გაუსაძლის სიტუაციაზე საქართველოს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილიც საუბრობს. პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში მომზადებულ ანგარიშში, რომელშიც სასჯელაღსრულების #3 დაწესებულებაში 2014 წლის 23-24 ოქტომბრის ვიზიტის შესახებ არის საუბარი, აღნიშნულია, რომ მონიტორინგის ჯგუფის მიერ არასათანადო მოპყრობად შეფასდა დაწესებულებაში არსებულ სამარტოო საკნებში მოთავსებულ პატიმართა მდგომარეობა. არასათანადოდაა შეფასებული პატიმრობის პირობები, ფიზიკური გარემო და სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა, კვებისა და სასმელი წყლის ხარისხი. კრიტიკულადაა შეფასებული სამედიცინო პერსონალის მუშაობა და სხვა. პრევენციის ეროვნული მექანიზმის აზრით, სხვა რისკფაქტორებთან ერთად, არასათანადო მოპყრობას შემდეგი ფაქტორები განაპირობებს: დაუსჯელობის განცდა; სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლების არცოდნა; სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ციხის არასწორი გაგება; უსაფრთხოების ღონისძიების გამოყენების დროს ღინისძიებების პროპორციულობის შეფასების სათანადო უნარის არქონა; სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა ქმედებების მკაცრი კონტროლის არარსებობა, რაც შესაძლებელია განხორციელდეს, მაგალითად, სათვალთვალო კამერების ჩანაწერების გონივრული ვადით შენახვა-შემოწმებით, სასჯელაღსრულების სისტემის შიდა, ობიექტური მონიტორინგის განხორციელებით. ამ მონიტორინგის შედეგების ქვემდებარეობის შესაბამისად, პროკურატურისთვის, ასევე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციისთვის წარდგენით და ამ უკანასკნელის მხრიდან დროული, სათანადო რეაგირებით; სამედიცინო პერსონალის მიერ არასათანადო მოპყრობის შემთხვევათა სათანადო, სრულყოფილი დოკუმენტირებისა და შეტყობინების პრაქტიკის არარსებობა; არასათანადო მოპყრობის სავარუდო მსხვერპლთა და მოწმეთა დაცვის მექანიზმის არარსებობა; არაკეთილგანწყობილი ურთიერთობა პატიმრებსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის. მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, უჩა ნანუაშვილის მიერ, სასჯელაღსრულების სამინისტროსა და დეპარტამენტის მიმართ, გაცემულია რეკომენდაციები.
თამარ ბატიაშვილი