QronikaPlus
ქართული ისტორიული სამართლიანობა და უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია

ქართული ისტორიული სამართლიანობა და უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია

2018-10-19 08:12:27

„ქრისტიანულ ეკლესიაში“ ყველა ერი თანასწორია და ამიტომაც არც ერთი მათგანი არ უნდა აცხადებდეს პრეტენზიას განსაკუთრებულ პრივილეგიებზე“, _ ეს სიტყვები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ს ეკუთვნის. ამ ფრაზის მოხმობა იმიტომ დამჭირდა ქვემოთ მოყვანილ, მისი უწმინდესობის არაერთ ფრაზასთან ერთად, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, მისი საჭეთმპყრობელი და მთლიანად იერარქები დღეს მნიშვნელოვანი ისტორიული გადაწყვეტილების წინაშე დგანან. გადაწყვეტილების, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს ისტორიულ სამართლიანობას და ამ გადაწყვეტილებას სწორედ ზემოთქმული სიტყვების ფუნდამენტური გააზრება უნდა უძღოდეს წინ. სხვა ყველაფერი კონიუნქტურა, ბელეტრისტიკა და სიფლიდეა. „ჩვენ ასე გვაწყობს“, _ იმარჯვებს მხოლოდ ლოკალურ მოცემულობაში და უნდა გავიაზროთ, რომ ის რაც ახლა გვაწყობს, ხშირად შესაძლოა, სულაც არ იყოს სამართლიანი და სასარგებლო გრძელვადიან პერსპექტივაში. არამაც და არამც არ ვაიძულებ და არც მოვითხოვ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისგან უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ფლაგმანობას, მაგრამ არც ის იქნება სწორი, რომ დაუსრულებლად ვწელოთ საკითხი, იმიტომ, რომ „ჩვენ ასე გვაწყობს“. კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის სიტყვების ისტორიულ კონტექსტს ადვილად უნდა ხვდებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქები და იმასაც უნდა იაზრებდნენ, რომ რაც სამართლიანი იყო და არის ჩვენთვის, ასევე სამართლიანია უკრაინისთვისაც. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პრეტენზია განსაკუთრებულ პრივილეგიებზე არის ამ სახელმწიფოს იმპერიალისტური სულისკვეთება და საქართველო, მისი ყოველი მოქალაქე, განურჩევლად აღმსარებლობისა, ეროვნებისა, კანის ფერისა თუ სოციალური კუთვნილებისა, ვალდებულიც არის, წინ აღუდგეს ამ იმპერიალისტურ ზრახვებს არა მხოლოდ ჩვენთან მიმართებით, არამედ ნებისმიერი უსამართლო გამოვლინებისას. მით უფრო, რომ ერს, რომელსაც აქვს დამოუკიდებელი სახელმწოფო, აქვს საკუთარი რელიგიური დამოუკიდებლობის მოთხოვნის უფლება და აქ მსაჯული კი არ არის საჭირო, არამედ თანამდგომი და თანამებრძოლი. აქაც კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ს დავიმოწმებ: „ხალხსა და ეკლესიას შორის ერთობა თანასწორობის პრინციპით უნდა მოხდეს და არა შთანთქმით (რომელიმეს მიერ მეორის). ქრისტიანული სამყაროს ყველა ერს აქვს საეკლესიო ემანსიპაციის უფლება და ამიტომ თანასწორობის პრინციპს არანაირად არ ეწინააღმდეგება ერების ერთმანეთისგან განცალკევება (გამოყოფა), რაც ქრისტიანული ერების რელიგიური ხასიათის სხვადასხვაგვარობით არის განპირობებული“. თუნდაც ამ სიტყვების გათვალისწინებით, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენის აუცილებლობის განსასაზღვრ არგუმენტებს შორის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ვალდებულიც კი არის, მხარი დაუჭიროს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას და აღიაროს კონსტანტინოპოლისა და მსოფლიო პატრიარქის გადაწყვეტილება. ეს ერთგვარად შეამსუბუქებს კიდეც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ გადადგმულ ნაბიჯს, რომელმაც კონსტანტინოპოლის მოსაზრების წინააღმდეგ აღიარა ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია და ამით კოჭი გაუგორა _ უფრო სწორად, აღასრულა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის არამართებული მოთხოვნა. მართებულობის გასამყარებლად ნამდვილად ვერ გამოდგება ის გარემოება, ალასკაზე რომ რუსებმა პირველებმა იქადაგეს. კარგად მესმის, რომ დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე უკრაინის ეკლესიის კონტექსტში დგას უმთავრესი ამოცანა _ ღირსეულად გაართვას თავი ამ საკითხს. თუმცა, ვიმეორებ, დროში უსასრულოდ გაწელვა და პოზიციის დაუფიქსირებლობა ნამდვილად არ იქნება სასარგებლო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის და პირიქით, შესაძლოა, უფრო დაგვაზიანოს კიდეც. მესმის, რომ ცალკეული სასულიერო და საერო პირები ამ საკითხს სრულიად არამართებულად აბამენ ოკუპირებული ტერიტორიების თემას. ჩვენ ვალდებულები ვართ, რეალობას ჩავხედოთ თვალებში და თავი არ მოვიტყუოთ. უნდა გავაცნობიეროთ _ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ისედაც არ აღიარებს თუნდაც ფორმალურად ამ ტერიტორიებს საქართველოს ეკლესიის ნაწილად. ნებიმისმიერი საპირისპირო არგუმენტის მომხმობს ვეტყვი, რომ ის თავს იტყუებს, რადგან დღეს, ახლა, ამ წუთას ჩვენ გვაქვს მოცემულობა, როდესაც რუსეთის ეკლესიის, მისი პატრიარქის მიერ საეკლესიო კანონებისა და წესების სრული უგულელებყოფით საქართველოს კათოლისკოს-პატრიარქი არც კი მოიხსენიება სრული ტიტულით და მას რუსეთის პოლიტიკური ხელისუფლების საამებლად და ოკუპაციის გასამართლებლადაც კი „ჩამორთმეული“ აქვს ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტის ტიტული. ამაზე მეტი აღიარება ოკუპირებული ტერიტორიებისა არც არსებობს. და ყველა სხვა არგუმენტი თავის მოტყუებაა. ამავდროულად, ყველასთვის ცნობილია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებს, საეკლესიო თვალსაზრისით, მაიკოპის ეპოსკოპოსი მართავს. რაოდენ ძნელი მოსასმენიც არ უნდა იყოს ეს და მით უფრო რთული იყოს ამის აღიარება, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ჰყავს საჭეთმპყრობელი, მის წიაღში პატრიარქის ტახტისთვის ბრძოლა მიმდინარეობს. ვშიშობ, რომ მოცემულ საკითხთან მიმართებით პრორუსული ფრთის მოქმედებები არაპროგნოზირებადია და შესაბამისად, მნიშვნელოვანი სიფრთხილის გამოჩენა აუცილებელიც კი გახლავთ, რადგან რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ნამდვილად სჭირდება ახლა ისეთი მძლავრი მოკავშირე, როგორიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაა და ის ყველაფერზე წავა ამ მხარდაჭერის მისაღებად. განსაკუთრებით საფრთხილოდ მიმაჩნია საქართველოში რუსეთის პოლიტიკური დასაყრდენი პერსონები, რომელთაც გარკვეული გავლენები აქვთ საპატრიარქოში. ვფიქრობ, მათი მხრიდან ზეწოლა ცალკეულ მღვდელმთავრებზე გაძლიერდება, რაც შედეგის მიხედვით დიდ ზიანს მიაყენებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „ოქრო-ვერცხლის“ გარდა არანაირი პოლიტიკური, ხელშეკრულებითი, თუ სიტყვიერი დაპირებები სამომავლო თემებზე რუსეთის, გნებავთ, პოლიტიკური, გნებავთ, სასულიერო პირების მხრიდან გასათვალისწინებელი ვერ იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ მოსკოვი ისევე გადაგვახევს თავზე საკუთარ პირობასა და სიტყვას, როგორც ეს არაერთხელ გაუკეთებია არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ უამრავ სხვა სახელმწიფოსთან მიმართებით. ეს ასპექტიც სწორად უნდა გაიაზრონ საპატრიარქოშიც და სინოდმაც. ზოგადად კი უმთავრესი ამოცანა უნდა იყოს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სათავეში არც ერთ ისტორიულ ეტაპზე არ მოვიდეს რუსეთის ინტერესების გამტარებელი პატრიარქი და მოხდეს რუსული გავლენის მინიმალიზება საქართველოს ეკლესიაში. ისიც უნდა გვესმოდეს, რომ უკრაინის ეკლესიის საკითხი არ არის მხოლოდ მესამე ეკლესიების ურთიერთდაპირისპირების თემა და პრობლემა, ეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობის, მისი პირინციპების გამოხატულების ტესტია და ამ კონტექსტში ეს ქართველი ერის თავისუფალი ნების გამოხატულების ტესტიცაა. ამიტომაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებმა აუცილებლად უნდა დაინდონ საკუთარი ერი თუნდაც იმიტომ, რომ „ქრისტეს ებრალებოდა ერი, მას ემსახურებოდა და მასზე ზრუნავდა, ამბობდა ხშირად: „მეწყალის ერი ესეო“ (მარკ. 8,2). შესაბამისად, „ნუ დაიდუმებთ ერისთვისაო“, _ გვეუბნება ჩვენი მოძღვრება და ამის აღსრულებას შეძლებისდაგვარად უნდა მივსდიოთ ერმაც და ბერმაც. მით უფრო, რომ ამ შემთხვევაში ეს ქართული სამღვდელოების ვალდებულება და მოვალეობაა. უკრაინის ეკლესიის საკითხზე გადაწყვეტილების მიღება, ისეთი გადაწყვეტილების, რომელიც პატრიარქ კირიონის მოძღვრებას ესადაგება, ქართველი ერის ისტორიული და პრაგმატული მისიაც კი გახლავთ. ეს არის იმის დემონსტრირება, რომ რუსეთი კი არ არის უფროსი და ძვირფასი ძმა, არამედ ყველა ძმა ძვირფასია მისი სიდიდისა თუ ასაკის მიუხედავად, ისევე როგორც ყველა ადამიანი და ყველა ერი, როგორც ამას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II გვასწავლის: „ეკლესიისათვის ყველა ჭეშმარიტი მორწმუნე ერთნაირად ძვირფასია, განურჩევლად იმისა, თუ რომელ ტომსა და ეროვნებას განეკუთვნება იგი“. რადგან ქართული სამართლიანობა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კონტექსტში, პირველ რიგში, ქრისტეს სიყვარულსა და ქართულ ისტორიულ სამართლიანობასაც გულისხმობს, სურვილების გარდა, რაც შემიძლია ისაა, რომ სულიერი სიძლიერე, სიმხნევე და გონიერება ვუსურვო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და წმინდა სინოდს არსებული გამომწვევების გასამკლავებლად.

გოჩა მირცხულავა

 

გაზიარება