საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია თავის Via Dolorosa-ს ადგას და ყოველივეს ისე ვიყურებთ, როგორც მაშინ, ორი ათასი წლის წინათ შესცქეროდნენ გოლგოთის გზისკენ მიმავალ მაცხოვარს იერუსალიმის მკვიდრნი. ადამიანების ფსიქიკაში თითქოს არც არაფერი შეცვლილა _ სანახაობა, სეირი გვჭირდება, რაც შეიძლება მძაფრი და ჩახლართული. აბა, მარტივისა და ხელის გულზე რომ დევს, ისეთი ფაქტების გაშიფვრა რა ჩვენი საკადრისია?..
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო ორი ინსტანციის მიერ „განხილული“ დეკანოზ გიორგი მამალაძის, ანუ „ციანიდის საქმე“. ამით დეკანოზს უმთავრესი მოუსპო _ საკუთარი სიმართლის უმაღლეს ინსტანციაში დამტკიცების უფლება და საზოგადოებას თავზე გადაახია მისი ლეგიტიმური მოთხოვნა, იცოდეს ყველაფერი _ დიახ, ყველაფერი ამ საქმესთან დაკავშირებით. მავანი იკითხავს, _ რატომ ლეგიტიმური? და აქაც დიდი მსჯელობის გარეშე უმჯობესია, პასუხი მარტივად ჩამოვაყალიბო, _ იმიტომ, რომ საქმე ეხება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და რამდენიც არ უნდა ეცადონ მისი „მმართველი“ მღვდელმთავრები თუ ცალკეული საერო ან სასულიერო პირები, იგი ქართული სახელმწიფოს ისტორიული და კულტურული იდენტობის განმსაზღვრელი გახლდათ საუკუნეების განმავლობაში და ახლაც უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს სახელმწიფოს შემდგომი განვითარების კონტექსტში.
და მაინც, უმთავრესი წინააღმდეგობა გნებავთ, საზოგადოებასთან და გნებავთ, თითოეული მოქალაქისთვის გახლავთ შემდეგი: დეკანოზ მამალაძისთვის განაჩენი გამოტანილია საქართველოს სახელმწიფოს სახელით. დანაშაულს მას „უმტკიცებდა“ სახელმწიფო ბრალდება. ანუ ჩვენი _ საქართველოს მოქალაქეების სახელით დასდეს ბრალიც და განაჩენიც ჩვენი სახელით გამოუტანეს. ერთი მხრივ, უზენაესმა სასამართლომ დეკანოზ მამალაძეს მისი უდანაშაულობის დამტკიცების ბოლო შანსი წაართვა საქართველოში და მეორე მხრივ, ამ ვითარებაში ერთი მეუფე _ იაკობი _ არღვევს ყოველგვარ სამართლებრივ და ქრისტიანულ მორალს და კვეთს წითელ ხაზებს. ემუქრება, გვემუქრება ყველას, ვინც მივიჩნევთ, რომ ვერც პროკურატურამ და ვერც სასამართლომ ვერ დაადასტურა დეკანოზის ბრალეულობა შორენა თეთრუაშვილის წინააღმდეგ შურისძიების მოტივით გამოწვეული მკვლელობის მცდელობაში. დატოვეს უამრავი კითხვა.
საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მართვა-გამგეობის დებულების საფუძველზე აქვს უფლება, შექმნას კომისია ამ საკითხთან დაკავშირებით, რასაც, რა თქმა უნდა, არ დაეთანხმება სატრაპეზოში გამორჩეული ქორეპისკოპოსი იაკობი და რუსეთის საპატრიარქოსა და დუგინ-ვასაძის ზეწოლით მოსაყდრედ გამორჩეული ქორეპისკოპოსი შიო, არ დაეთანხმებიან სინოდის წევრი ფარისეველი ეპისკოპოსები.
ამის მიუხედავად, არა იმიტომ, რომ ვინმემ ამტკიცოს დეკანოზ მამალაძის უდანაშაულობა, არამედ იმიტომ, რომ ქართული სახელმწიფოს სახელით გამოტანილი განაჩენი დაუსაბუთებელია და უამრავ კითხვის ნიშანს შეიცავს, სწორედ ჩვენი _ საქართველოს მოქალაქეების ვალდებულება გახლავთ, ბრმად კი არ დავუჯეროთ სასამართლოს ან საპატრიარქოს ჩინოსნებს, რომლებიც ამტკიცებენ, სიმართლისთვის ბრძოლა არ წარმოადგენს ეკლესიის საქმესო, არამედ ამ სიმართლისთვის ვიბრძოლოთ.
პირველ რიგში საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენოს თავისი ლეგიტიმური და ამ დრომდე „შერჩენილი“ უფლება და შეიწყალოს დეკანოზი მამალაძე. ამ ვითარებაში პრეზიდენტი ნუ ელოდება და არც უნდა დაელოდოს დეკანოზის მიმართვას, რაც მის მიერ ბრალის აღიარებით უნდა გამყარდეს და ნუ აიძულებს მას ამ ნაბიჯის გადადგმას. საქართველოს მთავრმა პროკურორმა „ახლად“ აღმოჩენილი გარემოების (საქმეში არსებული უამრავი დარღვევის საფუძველზე ამ გარემოებების მოძებნა რთული არ იქნება) დაიწყოს საქმის ხელახალი გამოძიება. საქმეში ჩაერთოს საზოგადოებრივი პროკურორი, რომელიც შერჩეული იქნება მაღალი ნდობისა და კვალიფიკაციის საფუძველზე.
სხვადასხვა მედიაგამოცემის წარმომადგენლებისგან შეიქმნას საგამოძიებო ჯგუფი.
ჩვენ უნდა ვაჩვენოთ პროკურატურას, რომ ჩვენი სახელმწიფოს სახელით წარდგენილი ბრალი არ შეიძლება იყოს რომელიმე პერსონის ნების აღსრულება და ასევე ჩვენ უნდა დავანახვოთ სასამართლოს, რომ არ შეიძლება, ჩვენი სახელმწიფოს სახელით გამოტანილი განაჩენი ტოვებდეს რაიმე სახის კითხვის ნიშანს.
ახლა ბურთი ჩვენს მოედანზეა, საკითხი კი სცდება დეკანოზ მამალაძის, ერთი კონკრეტული პერსონის ინტერესს, მის დანაშაულს თუ უდანაშაულობას. ეს უკვე ჩვენი, საქართველოს სახელმწიფოს მოაქალაქეების ღირსების საკითხია.
***
უზენაესი სასამართლოს მიერ დეკანოზის საქმის წარმოებაში მიუღებლობამ კიდევ ერთხელ მოახდინა საპატრიარქოს ლუსტრირება! კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, რომ დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე დგას უმთავრესი ამოცანა _ ღირსეულად გაუძლოს იმ განსაცდელს, რომლის წინაშეც აღმოჩნდა. შემეძლო მეთქვა, _ დაიყენა საკუთარი თავი... მაგრამ „აღმოჩნდა“ ამასაც გულისხმობს ბევრ სხვა ქმედებასთან ერთად.
დიახ, რაოდენ ძნელი მოსასმენიც არ უნდა იყოს ეს და მით უფრო რთული იყოს ამის აღიარება, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ჰყავს საჭეთმპყრობელი, მის წიაღში ბრძოლა მიმდინარეობს პატრიარქის ტახტისთვის. ასევე ნათელია, რომ „ციანიდის საქმე“ და შემდგომ განვითარებული პერიპეტიები სწორედ რომ პატრიარქის ტახტისთვის ბრძოლის, საპატრიარქოში პოლიტიკური და ქონებრივი გავლენების შესანარჩუნებელი აქტი იყო, რა თქმა უნდა, კეთილსინდისიერი სასულიერო იერარქებისა და გაითვალისწინეთ, თითოეული მართლმადიდებელი ქრისტიანი გახლავთ იერარქი _ უმთავრესი ამოცანა უნდა იყოს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სათავეში არ მოვიდეს რუსეთის ინტერესების გამტარებელი პატრიარქი და რუსული გავლენის მინიმალიზება მოხდეს საქართველოს ეკლესიაში.
სწორედ ეს ორი კომპონენტი, რუსეთი და ქონება, განსაზღვრავს დღეს ეკლესიის მტრების მოქმედების არეალს, სურვილს, მისწრაფებებს და სწორედ ამით არის განპირობებული საპატრიარქო ტახტის ხელში ჩაგდების მცდელობა. ახლა არ შევალ იმის სიღრმისეულ განხილვაში, თუ რა ვარაუდები მაქვს „ციანიდის საქმესთან“ დაკავშირებით, რეალურად ვის სურდა პატრიარქის მოკვდინება, როგორ გამოიყენეს ამ სქემაში დეკანოზი მამალაძე ბრმა სამიზნედ. ადრეც დავწერე, _ ადვილი იყო ამ ყველაფრის სწორად გაშიფვრა, თუკი იმასაც გავიხსენებთ, რომ პატრიარქის გერმანიაში ყოფნისას საპატრიარქოს ბეჭედი საქართველოში არ დატოვეს. მარტივად ვივარაუდებ: მხოლოდ იმიტომ, რომ თუ მისი უწმინდესობა აღესრულებოდა, ანდერძი „იქ“ დაეწერათ და გაეხსნათ.
„ნუ დაიდუმებთ ერისთვისაო“, _ გვეუბნება ჩვენი მოძღვრება და სწორედ რომ ჩვენი, ქართული საზოგადოების, საქართველოს მოაქალაქეების ვალდებულებაა, არ დავდუმდეთ.
აქვე არ შემიძლია არ გავიმეორო არაერთგზის თქმული და დაწერილი, _ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ადმინისტრაციული ორგანო _ საპატრიარქო _ ჩამოყალიბდა ავტორიტარულ ორგანოდ, რომელიც აბსოლუტურად გაცდენილია საქართველოს ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების ჩარჩოებს. საპატრიარქოს მიერ იგნორირებულია ეკლესიის მართვის დადგენილი ნორმები, როგორც ინსტიტუციურად, ასევე მორალური და ზნეობრივი მიმართულებით.
კორუფცია, გავლენების მოპოვება, პირადი კეთილდღეობა, მრევლისგან დისტანცირება, მედიდურობა საპატრიარქოსა და ცალკეული მღვდელმთავრების ცხოვრების წესად იქცა. საპატრიარქო ამჟამად წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ ინსტიტუტს საქართველოში („ციანიდის საქმის“ ერთ-ერთი მიზეზი).
ეკლესია, რომელიც თითოეული ადამიანის განცდასა და მოცემულობაში უნდა იყოს სამართლიანობისა და სიმართლის დემონსტრატორი და განმახორციელებელი ინსტიტუტი, ხშირად თავად არღვევს საქართველოს ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებას.
ქართული სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხარდაჭერის მსურველმა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტმა, თითოეულმა მოქალაქემ უნდა გაითავისოს, რომ, ამ ეტაპზე, საკითხი დგას არა დეკანოზ მამალაძის მხარდასაჭერად, არამედ სიმართლის, სამართლიანობისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღირსების მხარდასაჭერად.
„ციანიდის საქმე“ დიდხანს დარჩება არათუ ლაქად, არამედ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცალკეული იერარქებისა და, რა თქმა უნდა, საერო ხელისუფლების დანაშაულად. რაც დრო გადის, უფრო ნათელი და გასაგები ხდება, რომ „ციანიდის საქმე“ და არა დეკანოზ მამალაძის, რომელიც ინსპირატორთა ხელში ბრმა იარაღი აღმოჩნდა, მართლაც ისახავდა მიზნად საეკლესიო გადატრიალებას, _ გადატრიალებას შორსმიმავალი გეგმებითა და ზრახვებით. რა თქმა უნდა, გადატრიალება გავლენას მოახდენდა საერო ცხოვრებაზეც.
დიახ, გეგმა იყო ნათელი და მარტივი _ ახალი პატრიარქი!
გაგახსენებთ ერთ მეტად მნიშვნელოვან ფაქტს: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გერმანიაში გამგზავრების წინ საპატრიარქოს დატოვება მოსთხოვა დეკანოზ მამალაძეს, დაცვის უფროს სოსო ოხანაშვილსა და მდივან-რეფერატ შორენა თეთრუაშვილს.
ამ ფაქტიდან მეორე დღეს პატრიარქს ეახლნენ მეუფე გერასიმე და ქორეპისკოპოსი თეოდორე. მათი ორსაათიანი ბჭობის შედეგად შორენა თეთრუაშვილმა ჩალაგებული ბარგი ამოალაგა, ასევე ადგილებზე დარჩნენ დეკანოზი გიორგი მამალაძე და დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი.
გერასიმესა და თეოდორეს ქცევამ ცალკეული მღვდელმთავრები გაანაწყენა. როგორც ინფორმირებული წყარო აცხადებს, განსაკუთრებით გაგულისდნენ მეუფე აბრამი, მეუფე გრიგოლი, მეუფე პეტრე. ალავერდელს ვიწრო წრეში თეოდორე ჭუაძისთვის მოღალატე უწოდებია.
ახლა მოვლენების სხვა ქრონოლოგიაც გავიხსენოთ: პატრიარქი ცუდად ხდება; კონსილიუმი გადაწყვეტილებას იღებს გერმანიაში მის გამგზავრებასთან დაკავშირებით; პარალელურად, მეუფეთა ერთი ჯგუფის მიერ მომზადებულია წინადადება სინოდის უფლებების გაზრდისა და საპატრიარქოს ადმინისტრაციაში ცალკეული პირების უფლებების შეკვეცის, ზოგიერთის საერთოდ გაშვების შესახებ, მაგრამ შორენა აცხადებს, რომ საქმეებზე საუბრისა და მსჯელობის „დრო ახლა არ არის“.
„ამ პროცესში მონაწილობას თავი აარიდა მეუფე დიმიტრიმ, რაც დღევანდელი გადასახედიდან და შემდგომ განვითარებული მოვლენებიდან ცოტა გაუგებარიც იყო, რადგან მისი ჩართვა პროცესში პატრიარქისთვის იმის მანიშნებელი იქნებოდა, რომ საუბარი იყო სასიკეთო ძვრებზე“, _ აცხადებს „ქრონიკა+“-თან მაღალი სასულიერო იერარქი.
შემდეგ პატრიარქი გერმანიაში მიჰყავთ; მეუფეებსა და მღვდელმსახურებს შორის, ჯერ კიდევ, თბილისში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პატრიარქის გადარჩენის შანსი არის 70/30-ზე. ეს მოლოდინი გერმანიაში კიდევ უფრო მყარდება.
სინოდი, ლამის, მთელი შემადგენლობით იმყოფება გერმანიაში, მაგრამ, ამის მიუხედავად, ცალკეული მეუფეები საქართველოში დარჩენილი ზოგიერთი ღვთისმსახურის გერმანიაში ჩასვლას მოითხოვენ.
და, აი, აქ არის „ციანიდის საქმის“ კვანძის გახსნა _ დავიჯეროთ ორივე ვერსიის: ა) პატრიარქის მოწამვლას ცდილობდა მამალაძე _ „პატრიარქი შორენა“ რომ „ბალვანკაა“ ამ საქმეში, ეს ყველასთვის ცხადია; ბ) მამალაძე გამოიყენეს და საქმე შეთითხნილია.
მაგრამ რეალობა ხომ ის არის, რომ ორივე შემთხვევაში „საქმეს“ ჰყავდა დამგეგმავი _ ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც „ციანიდის საქმისგან“ სარგებელი უნდა ენახა?
იმის მიუხედავად, რომ პატრიარქი და სინოდის წევრების უმეტესობა გერმანიაში იმყოფება, საპატრიარქო, ანუ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველი ორგანო, არსად წასულა. შენობა და ადმინისტრაციის თანამშრომლების უმეტესობა ადგილზეა და საპატრიარქო საქმიანობას განაგრძობს;
საპატრიარქო განაგრძობს საქმიანობას ქორესპისკოპოს მეუფე შიოს ხელმძღვანელობით, ხოლო ორი ქორეპისკოპოსი _ მეუფე იაკობი და მეუფე თეოდორე _ გერმანიაში იმყოფება;
საპატრიარქოს თბილისში არ აქვს ცალკეული საქმეების იურიდიულად და სამართლებრივად წარმართვის საშუალება, რადგან საპატრიარქოს მთავარი მრგვალი ბეჭედი მეუფე შიოსთან, ანუ საპატრიარქოში კი არ არის, არამედ გერმანიაშია.
ახლა მოვლენებს მართებულად შევხედოთ და დავსვათ კითხვა, _ რატომ? რატომ წაიღეს ბეჭედი გერმანიაში და ვინ წაიღო იგი? ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება?
ამ კითხვებზე მართალი პასუხი გახსნის „ციანდის საქმის“ პანდორას ყუთს და სამზეოზე გამოიტანს იმ პროცესებს, რაც დაიგეგმა _ გნებავთ, სახელისუფლებო ვერსიით და გნებავთ, მამალაძის პროვოცირებით. ჩემი ვერსიით, რომელიც ზემოთაც აღვნიშნე და ახლაც გავიმეორებ, სწორედ გერმანიაში დაიწერებოდა ანდერძი მოსაყდრესთან დაკავშირებით, დაესმებოდა ბეჭედი და ეს პერსონა სრულიად „მოულოდნელად“ აღმოჩნდებოდა თბილისში დარჩენილი მიტროპოლიტი შიო.
დიახაც, ბეჭდის გერმანიაში წამღები პირები ვარაუდობდნენ პატრიარქის საოპერაციო მაგიდაზე დარჩენას.
იმაზე აპელირება, რომ პატრიარქს მუდამ თან დაჰქოდა ბეჭედი, ცოტაზე მეტად უხერხულია და, მინიმუმ, ტყუილიც გახლავთ.
ერთი კითხვაც, _ რატომ არ გამოიკითხნენ საფუძვლიანად გერმანიაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლები, რომლებსაც ბევრი რამის თქმა შეუძლიათ „ციანიდის საქმის“ კონტექსტში?
ახლა არც ღირს იმაზე საუბარი, თუკი ამდენად ამორალურად მოიქცა მეუფე თეოდორე (ბოდიშს ვიხდი, თუ მეშლება) ან სხვა პერსონა, რომელმაც ოპერაციაზე შესვლამდე პატრიარქს მოახსენა, რომ დეკანოზი მამალაძე დაკავებული იყო და დაკავების მიზეზად მისი მოკვდინების მცდელობა დაუსახელა. მის უწმინდესობას ასევე ღიად უთხრეს, რომ პროცესებში ჩართული იყო სოსო ოხანაშვილი, რაც იმთავითვე ნიშნავდა, რომ პატრიარქის სიკვდილი მეუფე დიმიტრისაც უნდოდა.
რატომ არ წავიდა გამოძიება ამ მიმართულებით და რატომ ჩაითვალა ბეჭდის გერმანიაში წაღება უნიშვნელო დეტალად ამ სკანდალურ საქმეში?! _ აბსოლუტურად გაუგებარია. ახლა ორ ბეჭედზე ნუ დაიწყებს ნურავინ საუბარს, _ ერთი აქ იყო და მეორე _ იქო. რა უფლებით იყო იქ? პრეზიდენტის სასახლე ან მთავრობის ადმინისტრაცია ასე დააქვთ ვიზიტებისას უცხოეთში? შენობებს არ ვგულისხმობ, რა თქმა უნდა. ნურც იმას იტყვის ვინმე, რომ ბეჭედი თბილისში იყო. თუ რატომ ნუ იტყვის ამას, ტვინი დაატანოს და მიხვდება.
ცხადია, რომ პროკურატურა და, ზოგადად, ხელისუფლება ამ თამაშში სწორედ რომ ეკლესიამ ჩაითრია და ამით იგი დანაშაულის თანამონაწილედ აქცია.
შესაბამისად, ვერსიას იმის შესახებ, რომ სწორედ ბეჭდის წამღები ჯგუფის მიერ იყო პროვოცირებული „ციანდის საქმე“, არსებობის უფლება აქვს და პროკურატურა, ახალი მთავარი პროკურორი, ვალდებულია, თუნდაც, ამ ფაქტთან დაკავშირებით ხელახლა დაიწყოს გამოძიება, რადგან ჰიპოთეტურად თუ დავუშვებთ, სწორედ ამ ადამიანებმა მოკლეს(!) საქართველოს კათოლკოს-პატრიარქი და ის, რომ მისი უწმინდესობა ცოცხალია და მხნედ არის, სრულებითაც არ ცვლის მოქმედი პირების მიზანს და ბეჭდის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანის არსს.
მაშ, ასე! სწორედ „ციანიდის საქმემ“ დააყენა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გოლგოთის გზაზე და ახლა ჩვენი გადასაწყვეტია, გულდამშვიდებით შევხვდებით თუ არა მის ჯვარცმას.
თუმცა ამ
Via Dolorosa-ს ნებისმიერ შემთხვევაში ექნება შედეგი და ეს შედეგი იქნება ეკლესიისა და საქართველოს სასიკეთო.
გოჩა მირცხულავა