„სჯულისა და ერისათვის სიკვდილი მწყურია“.
კათალიკოსი ამბროსი ხელაია
ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!
რამდენიმე დღეც და ჩვენს სულებს მაცხოვრის აღდგომით მონიჭებული უდიდესი სიმშვიდე მოეფინება, მანამ კი უნდა გავყიდოთ, გავასამართლოთ, ვიფარისევლოთ, ხელი დავიბანოთ, სამჯერ უარვყოთ, გოლგოთას გავუყოლოთ, ჯვარზე გავაკრათ, იმისათვის რომ დავრწმუნდეთ, შუბიც ვაძგეროთ... მთვარია, მაცხოვარში ვერ შევიცნოთ ვერც ძე, ვერც მამა და ვერც სულიწმინდა... მთავარია, ჯვარს ვაცვათ, რათა მერე ჯვარცმა ამულეტად ვაქციოთ, მკერდზე დავიკიდოთ _ ვიღაცამ მოღეღილზე, ვიღაცამ ღრმა დეკოლტის ზედა ნაპრალის სწორებაზე, რათა ჩვენს რწმენაში ეჭვი ვერავინ შეიტანოს... ჰო, შემდგომ მორწმუნეებმა დევნაც არაერთი განვიცადოთ და როდესაც უფალი ისევ მოგვცემს შანსს, რომ მის წიაღში დავბრუნდეთ, იმდენიც კი ვერ გავიაზროთ, რომ მისი აღდგომა ვიზეიმოთ და ეს დიდებული სასწაული მასკარადად არ ვაქციოთ სასაფლაოებზე ღრეობით.
***
ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!
„აქვს თუ არა ეკლესიის თავს უფლება, ეკლესიის თავისუფლებასთან ერთად თქვას რამე ეროვნული თავისუფლების შესახებაც და თუ არ აქვს, იქნება თუ არა ეს პოლიტიკურ სფეროში შეჭრა? ჩემი რწმენით, ამის უფლებას ჩვენ გვაძლევს ქრისტიანული სწავლა-მოძღვრება. ის გვეუბნება, რომ კაცი ღვთისაგან თავის სახედ და მსგავსად შექმნილია. ღვთის სახეობა და მსგავსება აღბეჭდილია მის სულიერ თვისებებში, რომელთა შორის უმთავრესი თვისებაა თავისუფლება. პავლე მოციქული გვეუბნება, რომ ჩვენ წოდებულ ვართ თავისუფლებისათვის. ქრისტემ მოგვანიჭა ეს თავისუფლება და მტკიცედ უნდა შევინახოთ იგი. ერთხელ განთავისუფლებულმა არ უნდა დავიდგათ ისევ მონობის უღელი (გალ. 5,1); გვეტყვიან, რომ მოციქული ამბობს ინდივიდუალურ და სარწმუნოებრივ თავისუფლებაზე და ხალხის თავისუფლებას არ ეხებაო, მაგრამ ვინც ჩაუკვირდება მოციქულის სიტყვებს, დარწმუნდება, რომ ის გულისხმობს კოლექტიურ ინდივიდუმებს – ერებსა და მათ ამქვეყნიურ ურთიერთობას. ამას მოციქული ცხადად გვიმარტავს, როდესაც გვეუბნება, რომ თავისუფლება უნდა გვქონდეს არა „საფარველად უკეთურებისა“ (1 პეტ. 2,16), არა „მიზეზად ხორცთა“, არამედ ძმათა სიყვარულისათვის, ხოლო უკეთუ „ურთიერთას იკბინებოდით და შეიჭამებოდით, იხილეთ ნუუკუე ურთიერთას განილინეთ“, _ ამბობს იგი (გალ. 5, 13-15). ე. ი. თუ ერთმანეთში უთანხმოება და ბრძოლა გექნებათ, ვაითუ ამოწყდეთო. ცხადია, აქ ნათქვამია ადამიანების კრებულთა და ხალხთა შორის ურთიერთობებზე“... _ ეს სიტყვები 94 წლის წინათ, 16 მარტს, წმინდა ამბროსი აღმსარებელმა (ხელაია) წარმოთქვა სასამართლო პროცესზე და ისტორიულ პრიზმაში თავად გაასამართლა რეჟიმი, რომლის ნარჩენებსაც დღემდე ვებრძვით ის ადამიანები, რომელთათვისაც საქართველო და მისი მოქალაქე თავისუფლების გარეშე არაფერს ღირებულს არ წარმოადგენს. ვებრძვით მათ, ვინც ჯერაც ცხოვრობს Хозяин-ისთვის და Хозяин-ის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. ჩვენდა სავალალოდ ასეთი ადამიანები ყველგან გვყავს _ ერშიც და ბერშიც, მთაშიც და ბარშიც, ზემდგომადაც და ქვემდგომადაც, რჩეულთა შორისაც და ამრჩევთა შორისაც.
დიახ, გვყავს პუციკოვიჩის გეოგრაფიაზე აღზრდილი ადამიანები, რომელთაც ამ გეოგრაფიის შესახებ არაფერი სმენიათ, მაგრამ მისი სწავლება შესისხლხორცებული აქვთ გამლიქვნელებულ გონებაში. ისე, იმავე სიტყვაში კათალიკოსი ამბროსი ასეთ რამეს ამბობს: „მახსოვს პუციკოვიჩის გეოგრაფია, რომელშიც თითოეული კუთხის აღწერა დასურათებული იყო ადგილობრივ მკვიდრთა ტიპებით. ველიკორუსი გამოყვანილი იყო: დიდი, ახოვანი, კმაყოფილი სახით და ამაყი გამომეტყველებით და ქვეშ მიწერილი ჰქონდა: „Хозяин земли русской“. სხვა ეროვნებათა წარმომადგენელი იყო მონის და დაჩაგრულის გამომეტყველებით. თვით სკოლა აწვდიდა ხალხს ამ დიდმპყრობელობით იდეას და რა გასაკვირია, რომ მის მისწრაფებათ იქცა ყველასათვის ეცქირათ, როგორც მონებისათვის, მათ ქვეშევრდომთათვის. ოცდაათიოდე წლის წინათ მოწმე გავხდი შემდეგი სანახაობისა: ქ. სოხუმის ბულვარი, ზღვის პირად მრავალი მოსეირნე. აქვე დგას ორი რუსი ძალზე შეზარხოშებული. ერთი მათგანი უჩვენებს თოვლიან მთებზე და ეუბნება მეორეს: „Эти горы наши... Все народы там живушне наши подданные и все здесь гуляющие нам подчинены“. და დააბოლოვა იმნაირი სიტყვებით, რომლების მოყვანა აქ არ შეიძლება“.
ჰო _ „...и все здесь гуляющие...“ ანუ შეგიძლია ისეირნო კიდეც, ე. ი. იყო კმაყოფილი, მშვიდი, დაცული, კეთილდღეობაში მყოფი, მაგრამ აუცილებლად... „нам подчинены...“
ისე, პირველ ციტატას, თუნდაც ზემოთ მოყვანილსაც, მოსაყდრეს თუ წაუკითხავს ვინმე, ცუდი არ იქნება. ცხადია, რომ ის სუსტი ღვთისმეტყველი გახლავთ და ისიც ცხადია, რომ თეოლოგიურ სწავლებაშიც მოიკოჭლებს. ერთი, რასაც მას ნამდვილად ვერ უსაყვედურებ _ თავისუფლების რაობა არ ესმის. არც კათალიკოსებს კირიონსა და ამბროსის სწყალობს დიდად, არც ალექსი ბერს, რომლის საქმიანობისა და სწავლების დიდად მოტრფიალე უნდა ყოფილიყო თუნდაც იმის გამო, რომ დღემდე იმ ეპარქიას თავკაცობს, სადაც ალექსი ბერის სავანეა.
ბარემ ერთი ციტატაც ამბროსი ხელაიას იმ ცნობილი სიტყვიდან, რომელიც, სავარაუდოდ, არც სხალთის ეპისკოპოსისთვის არის ცნობილი და არც ეკლესიაში მოკალათებული სხვა რუსეთუმეებისთვის: „ჩემი 37 წლის სამსახური მე მოვანდომე გარუსების პოლიტიკასთან ბრძოლას. ვიბრძოდი როგორც მოქმედებით, ისე პრესის საშუალებით, რამაც შემძინა აუწერელი დევნულობა და ჩემს ცხოვრებაში არ მინახავს ტკბილი და მყუდრო დღეები. ორჯერ განვიცადე სამშობლოდან ექსორიობა. ორჯერ ვიყავი გადასახლებული რუსეთში და ორჯერვე სამშობლოში დამაბრუნა რევოლუციამ (1905-1907 წწ.). განსაკუთრებით სასტიკი იყო ჩემთვის მეორე გადასახლება, რომელიც მოხდა 1907 წლის იანვარში: წართმეული მქონდა ზოგიერთი უფლებები – არ მქონდა ნება წირვა-ლოცვისა და მღვდელმსახურებისა ისევე, როგორც ახლა – ამ ერთი წლის განმავლობაში, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მაშინ ეს უფლება წამართვა სათანადო მთავრობამ, ხოლო ახლა საერო მთავრობამ, რომელსაც ამის უფლება არ უნდა ჰქონოდა. ჩემი ცხოვრების უკანასკნელი თხუთმეტი წლის განმავლობაში მე აღვნიშნავ სამ მომენტს, რომელიც დამახასიათებელია ახლანდელი ჩემი მდგომარეობისა. მეორე ექსორიობის დროს, მთელი 1909 წლის განმავლობაში, ჩემი საქმე ჰქონდა ხელში გენერალ-პროკურორს, ყოფილ იუსტიციის მინისტრს, ცნობილ შეგლოვიტოვს, მაგრამ მანაც ვერ სცნო შესაძლებლად ის გადაეცა სასამართლოსათვის. შესაძლებელია, ამ არარუსების მოძულესაც ეკლესიური თავისუფლების საკითხი მიაჩნდა იმდენად ნაზ და პატივსაცემ საკითხად, რომ მისი სასამართლოსათვის გადაცემა შეუფერებლად მიაჩნდა. ამის გამო საქმე მოსპო და მე დამიბრუნეს უფლებები, გარდა სამშობლოში დაბრუნებისა.
და რადგან, ჩემი სამშობლოსა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საავდროდ, დღემდე შენარჩუნებულია რუსული გავლენა ჩვენს ეკლესიაში, ყველანი _ ვინც სხვაგვარად ვფიქრობთ საქართველოს, ქართველი ერისა და ქართველი ინდივიდის თავისუფლებაზე, ვეცდებით ამ ცოდნით მოვაქციოთ ძეშეცდომილნი სწორ გზაზე და მოვაბრუნოთ სახლში _ ეკლესიის წიაღში ან ვაიძულოთ გავიდნენ ღვთის სახლიდან“.
ამაზე მეტს, ამჯერად, პრორუს მღვდელმსახურნზე, მათი იერარქიის მიუხედავად, ვერაფერს ვიტყვი...
***
ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!
ჰოი, საკვირველებავ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში, თურმე, პროდასავლური ფრთა გაჩნდა. ანუ გაჩნდნენ ეკლესიის მაღალი იერარქები, რომლებიც დასავლურ ღირებულებებს იზიარებენ. მათ მიერ უცხოეთში განხორციელებული ვიზიტების შედეგად დადგინდა, რომ დასავლეთი არ რყვნის, ლგბტ ცხოვრების წესს არ უწევს პროპაგანდას და ა. შ., არამედ დასავლეთი სხვა ღირებულებები ყოფილა. ეს „სხვა“ ასევე სხვადასხვა ცნობილი და აღიარებული პოსტულატია, რომლის განვრცობა ახლა საჭიროა არ არის. საზოგადოების ცალკეულ ფენებში გაჩნდა მოსაზრება, _ აი, შეხედეთ _ წავიდნენ, ნახეს და აღიარეს. რა არის აქ ცუდი? თითქოს არც არაფერი, რომ არ ვსაუბრობდეთ საქართველოს ეკლესიაზე და მის სულიერ ლიდერებზე. ზოგადად, ეკლესია თავისი პერსონალური შემადგენლობით საკმაოდ რთული და, ამავდროულად, მარტივი მოცემულობაა. იქაც, როგორც საერო სფეროში, არიან განათლებულნიც და ნაკლებად განსწავლულნიც, სხვადასხვა ღირებულებისა და შეხედულების მატარებელნი, ამიტომ ამ ინსტიტუტზე, როგორც ერთსახოვანზე, პერსონალურ დონეზე საუბარი შეუძლებელია. ისევ ამ ტერმინს თუ მოცემულობას დავუბრუნდეთ _ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის „პროდასავლური ფრთა“. მივიჩნიოთ ეს „პროდასავლური ფრთა“ ჟურნალისტების, ექსპერტების, ანალიტიკოსების შეცდომად, მაგრამ უბედურება ის არის, რომ ამ ტახტისთვის მებრძოლმა მღვდელმთავრებმა ეს პოზა შეიფერეს და ნარცისის ხიბლში ჩავარდნილნი გადმოჰყურებენ საკუთარ სამწყსოს.
ერთი მცირე გადახვევა _ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ბოლო დროს ზედაპირზე ამოტივტივებულ შლამს ორი მაპროვოცირებელი ფაქტი უძღვის წინ: „17 მაისი“ და „ციანიდის საქმე“. ეკლესიაში რომ ყველაფერი რიგზე არ იყო, ამას სიღრმეებში წვდომა არ სჭირდებოდა _ არც ცალკეული მღვდელმსახურების სიხარბეს, არც მათ მომხვეჭელობას, არც მათ უღმერთობას, არც დაუნდობლობას. თუმცა როდესაც ადამიანები, მრევლი ცალკეულ ფაქტებზე აპელირებდა და ამ ფაქტებიდან გამომდინარე ამბობდა, _ მწამს უფალი, მაგრამ არ ვაღიარებ მღვდელს, ეს ეკლესიის მმართველი ორგანოს _ საპატრიარქოს მიერ მეტწილად აღიქმებოდა, როგორც ეკლესიის დისკრედიტების მცდელობა. ამ და სხვა მრავალი სუბიექტური გარემოების გათვალისწინებით _ რწმენის უპირატესობის აღიარებით _ უამრავი ადამიანი თავს არიდებდა სიღრმეებში ჩასვლას და მხილებას. მხილების უფლება, რატომღაც, მხოლოდ და მხოლოდ, ეკლესიამ დაიპრივატიზირა. წლების განმავლობაში ჩაკეტილი სისტემის ფორმირება, როდესაც გარედან რაიმე კრიტიკულის თქმა მიუღებელი იყო, ხოლო შიგნით მყოფთ ლამის იმის უფლება ჰქონდათ, შეეწყალებინათ, დაენიშნათ და დაეწინაურებინათ, გაეკიცხათ, ეცემათ, ედევნათ და ა. შ., ეკლესია ავტორიტარულ ორგანოდ აქცია, თუმცა მართვის ამ სტილის შედეგებს ახლა იმკის არა მხოლოდ ეს ინსტიტუტი, არამედ მრევლიც და სახელმწიფოც.
ცხადია, რომ ქართველი მღვდელმთავრები და ღვთისმსახურნი დიდი სტრატეგები არ გახლავან და ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა „პროდასავლელი“ ნარცისების მაგალითზე.
თავი დავანებოთ იმას, რომ ჩვენ, თურმე, უნდა ვირწმუნოთ მეუფე იაკობის _ „17 მაისის“ ერთ-ერთი შემოქმედის პროდასავლურობა და სხვა მეუფეების გონების გახსნა, ანუ მათი პავლედ ქცევა. ამავდროულად, თურმე, უნდა გვიხაროდეს, რომ მათ თვალი აეხილათ, ე. ი. ამ პერსონებისა თუ დაჯგუფების ფარისევლობას, ლამის, ოსანას ყიჟინით უნდა შევხვდეთ. შედეგად კი რომელიმე მათგანი, დროთა განმავლობაში, პატრიარქის ტახტზე უნდა აღმოჩნდეს.
და იქნებ, მავანმა იკითხოს, _ არ ჯობს, რომ თუნდაც იფარისევლონ და აღიარონ სწორი და მართებული ღირებულებები?
იმთავითვე, მეც ასე შევაფასე არაერთ ჩემს პუბლიკაციაში, რომ დიახაც, ნამდვილად კარგია, იმის მიუხედავად, გულწრფელად სწამთ თუ არა ის, რასაც ამბობენ, ისაუბრონ პროგრესსა და მართებულ ღირებულებებზე. სიღრმისეული ანალიზის შემდეგ მივხვდი, რომ ეს არის იმაზე დიდი მავნებლობა, ვიდრე ქართული ეკლესიის წიაღში პრორუსი პერსონების არსებობა, რომელთაც გულწრფელად სწამთ „მეოთხე რომი“ და, შესაბამისად, ის, რასაც ამბობენ და ქადაგებენ.
და, აი, რატომ:
I. „პროდასავლურ ფრთაში“ გაერთიანებული მღვდელმთავრებიდან არც ერთი არ გახლავთ ნორჩი, არც ერთ მათგანს არ ჰქონია თვალი დაბინდული და ყველა მათგანს აქვს პრეტენზია განსწავლულობაზე. ახლა დაინახეს დასავლური ღირებულებები და ის, რომ აშშ მტერი არ არის ან ევროპა?
II. რით გამოიხატება ამ მღვდელმთავრების ჯგუფის პროდასავლურობა, რომელმაც კონტურები, ჯერ კიდევ, 2016 წელს ნატოში ვიზიტისას გამოსახა? იმით, რომ ევროპა და ნატო კარგია. შემდგომ ითქვა, რომ აშშ არ ყოფილა გარყვნილი და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის დედაქალაქიდან, უფრო სწორად, თეთრი სახლისა და კაპიტოლიუმის მიდამოებიდან ბევრი რამ სხვაგვარად ჩანს, _ თურმე, დასავლეთი არ რყვნის და ა. შ. მაგრამ ამ ადამიანებს, თუნდაც, ერთხელაც არ ჰქონიათ მონასმენი „ამერიკის ხმა“ ან „რადიო თავისუფლება“, ვიდრე ტაძარში შევიდოდნენ და კაბას ჩაიცვამდნენ? რას ემყარებოდა მათი რწმენა კომუნისტურ ეპოქაში? რა, ბავშვობიდან ასწავლეს სჯულის კანონი, თუ მაცხოვრის იგავებმა ჩააფიქრათ და უბიძგათ, ტაძრისკენ მიმავალ გზას დასდგომოდნენ, რომელთაც ძილის წინ უყვებოდნენ ოჯახის წევრები?
III. მანახეთ ერთი მღვდელმთავარი ამ „პროდასავლური ფრთიდან“, რომელმაც, მაცხოვარს თავი დავანებოთ და, თუნდაც, იგივე ამბროსი ხელაიას Via Dolorosa გაიარა? რას ვგულისხმობ? თუნდაც ამ სიტყვებს: „ჩემი 37 წლის სამსახური მე მოვანდომე გარუსების პოლიტიკასთან ბრძოლას. ვიბრძოდი როგორც მოქმედებით, ისე პრესის საშუალებით...“ რა ეტყობა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ამ ბრძოლის იმ პირობებში, როდესაც რუსეთი ხვალ შიოს სახით ეგზარქოსის დასმას გვიპირებს, ხოლო სხალთის ეპისკოპოსი ღიად წყევლის „პროდასავლურ ფრთას“. იყოს ამჯერად ეს ფრიად ზერელე _ არა სიღრმისეული კითხვები, რომლებზედაც პასუხები არ გვაქვს და არ ვაპირებ უფრო მძიმე კითხვების დასმას რიგი გარემოებების გათვალისწინებით.
ვიცი, დარწმუნებული ვარ, რომ ამ სიტყვების გამოც არ დამადგება კარგი დღე, მაგრამ რა ვქნა? _ აქა ვდგავარ და... შესაბამისად, არც ამ „პროდასავლური ფრთის“ მჯერა და არც მათი ფარისევლური შემობრუნების. და, აი, რატომ: ჯერ კიდევ წინაქრისტიანულ ხანაში, კავკასიის ძირში, შავი და კასპიის ზღვებს შორის, ქართული მოდგმის ტომებმა შექმნეს პატარა სივრცით, მაგრამ ძლიერი ნებისყოფით და აქტუალური ნიჭით მდიდარი სახელმწიფო, რომელიც ისტორიაში ცნობილია საქართველოს სახელით და რომელიც საუკუნეების განმავლობაში ერთადერთი მატარებელი იყო წინა აზიაში ქრისტიანული კულტურისა და ევროპული ჰუმანიზმისა. ესეც ამბროსი ხელაიას სიტყვებია, რომლითაც მან გენუის კონფერენციას მიმართა. და ამის შემდეგ რა იხილეს ამ პერსონებმა სტრასბურგსა თუ ვაშინგტონში? ევროპული ჰუმანიზმი სად იღებს სათავეს, ესეც მე უნდა ავხსნა? რას ეფუძნება, ესეც მე უნდა განვავრცო? და ამ ევროპულ ჰუმანიზმში რომ უპირველესი და უმთავრესი ის ღირებულებებია, რომელიც შორეული საბერძნეთიდან მოდის და კაცობრიობამ ამაზე უკეთესი ვერ მოიფიქრა, ესეც მე უნდა განვმარტო (თუმცა ბერძნული საეკლესიო სკოლა რომ რუსულზე ძლიერია, ამ აქსიომატურ ფაქტს ნამდვილად ძნელად შევიყვან მრავალთა შეგნებაში)? და ამ პირობებში, როდესაც დედაეკლესიის ისტორია, ქართველი მღვდელმთავრების გამონათქვამები და ქმედებები გაძლევს ყველა საფუძველს იმისას, რომ სწორად იფიქრო და იღვაწო, რატომ ქმნიდი მაშინ წლების განმავლობაში იარლიყებს, თან ისეთს, რომლისგანაც განდგომას, თუნდაც გულწრფელსა და სინანულით აღსავსეს, მე _ რიგითი მართლმადიდებელი, ქრისტიანი, ეჭვის თვალით ვუყურებ? და მაინც, უმთავრესი, რამაც შემძრა, როდესაც ცალკეული „პროდასავლელი ფრთის“ წარმომადგენლის განმარტებებს ვისმენდი დასავლეთის პრივილეგირებულობასთან დაკავშირებით, იყო შეფასებების ზედაპირულობა. ვერავისგან მოვისმინე მთავარი პოსტულატი დასავლეთის უპირატესობისა _ თავისუფლება და კანონი (დემოკრატია).
და კიდევ ერთი, ფრიად დამაფიქრებელი გარემოება, რაც მარწმუნებს, რომ ეს ეკლესიაში მიმდინარე პროცესების _ ტახტისთვის ბრძოლის არასწორი მიმართულებით წარმოჩენაა, ანუ თვალის ახვევაა და სხვა რელიგიებისადმი დამოკიდებულებაში მდგომარეობს. გაგახსენოთ რომის პაპის ვიზიტი საქართველოში?
გაგაგხსენოთ, პროდასავლელების სულიერი ძმების მიერ მოწყობილი აქციები? და ამათი პოზიცია მაშინ სად გამოჩნდა? თუ ამ თემაზე ძმებთან დაპირისპირება და მათი მხილება არასწორია? იქნებ, აჭარაში მიმდინარე პროცესები გაგახსენოთ და ქართველი მუსლიმების მიმართ დამოკიდებულება? მაშინ რა ვუყოთ ამ სიტყვებს? „ქრისტიანულ ეკლესიაში“ ყველა ერი თანასწორია და ამიტომაც არც ერთი მათგანი არ უნდა აცხადებდეს პრეტენზიას განსაკუთრებულ პრივილეგიებზე. ხალხსა და ეკლესიას შორის ერთობა თანასწორობის პრინციპით უნდა მოხდეს და არა შთანთქმით (რომელიმეს მიერ მეორის). ქრისტიანული სამყაროს ყველა ერს აქვს საეკლესიო ემანსიპაციის უფლება და ამიტომ თანასწორობის პრინციპს არანაირად არ ეწინააღმდეგება ერების ერთმანეთისგან განცალკევება (გამოყოფა), რაც ქრისტიანული ერების რელიგიური ხასიათის სხვადასხვაგვარობით არის განპირობებული“. ან ამ შემეცნებას: „ეკლესიისათვის ყველა ჭეშმარიტი მორწმუნე ერთნაირად ძვირფასია, განურჩევლად იმისა, თუ რომელ ტომსა და ეროვნებას განეკუთვნება იგი. სწორედ ამ აზრით არის ნათქვამი უფლის სიტყვაში, რომ ეკლესიისათვის არ არსებობს არც იუდეველი, არც ელინი, არც ბარბაროსი, არც მონა და არც თავისუფალი ადამიანი (საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი კირიონ II.)“.
„პროდასავლური ფრთის“ წარმომადგენელთა საზიანოდ თუ დასაფიქრებლად იმის ხაზგასმა, რომ სინოდში ან საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში სხვადასხვა შეხედულების ადამიანები არიან და ეს აბსოლუტურად გასაგები და მისაღებია, თვალში ნაცრის შეყრა გახლავთ _ ე. წ. მოქონილი „უკლონისტობა“ საკითხისგან, რათა პოტენციური „კოლეგა-ამომრჩეველი“ არ განაწყენდეს.
დავუშვათ, რომ მე ვცდები, ყველაფერი კარგად არის და ეს ადამიანები ღირებულებებით არიან თავისუფლები და კანონმორჩილნი, ანუ პროდასავლელნი, არ სჯერათ მითის გარყვნილ დასავლეთზე, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ გარყვნილი შინაც ბევრი გვყავს და პოლიტიკურ პრიზმაში შევხედოთ საკითხს.
დავუშვათ, რომ ამ „პროდასავლური ფრთის“ წარმომადგენელმა, რომელიც მეეჭვება (რიგი მორალური, ფაქტობრივი და, თუნდაც, ზოგადსაკაცობრიო ფაქტორების გათვალისწინებით), რომ მეუფე გრიგოლ ბერბიჭაშვილი იყოს, გაიმარჯვა პატრიარქის ტახტისთვის ბრძოლაში, რას ვიღებთ? რა იცვლება? _ არც არაფერი! იმიტომ, რომ ამ ფრთის წარმომადგენლებისგან არავის მოუსმენია, რა რეფორმატორული ნაბიჯები უნდა გადაიდგას ქართულ ეკლესიაში, რამდენად დაექვემდებარება ეკლესია სეკულარიზმის პრინციპებს და რაც მთავარია, როგორია მათი ხედვა ეკლესიის სამომავლო როლის შესახებ? რჩება ეს ინსტიტუტი სახელმწიფოდ სახელმწიფოში თუ გარდაიქმნება განვითარების, განათლებისა და პროგრესის ცენტრად, რადგან „ქრისტიანობის ხანას, როდესაც მან (მეცნიერება, _ ავტ.) მიიღო სარწმუნოებრივი უფლება, თავშესაფრად ჰქონდა ქრისტიანული მონასტრები, რომლებშიც გაჩაღებული იყო სწავლა-განათლება. ნამდვილ სამეცნიერო კერებს წარმოადგენდნენ ჩვენი ლავრები და მონასტრები: დავით გარეჯის, იოანე ნათლისმცემლის უდაბნო, იყალთო, გელათი და სხვ. საშუალო საუკუნეებში, როდესაც მეცნიერებას მეტად ბნელი ხანა დაუდგა, როდესაც მისი არსება ბეწვზე ეკიდა და ყველას ეგონა, რომ მისი შუქი სამუდამოდ ჩაქრებოდა, მხოლოდ ბერების მოღვაწეობით არ ჩაქრა იგი: ფილოსოფიის ქვის ძებნის გამო ბერებმა კაცობრიობისთვის სასარგებლო ბევრი რამ აღმოაჩინეს, გამოიგონეს და მათ მეცნიერება დაიფარეს“. არის კი ეს გზა „პროდასავლელების“ მიზანი? აქ მეუფე იაკობის განცხადებას ნუ მომიტანთ საპირწონედ აშშ-სთან კონკრეტული მიმართულებით თანამშრომლობაზე. ეგეც ბლეფი მგონია, ვიდრე თუნდაც ანდრიას უნივერსიტეტში იღვწიან ქართული საბჭოთა იდეოლოგიის ქურუმები _ საბჭოთა ნომენკლატურისა და განათლების სისტემის „ღირსეული შვილები“. ან ნურც იმ პირობებში, როდესაც სხალთელი ეპისკოპოსის კურთხევითა და მის მიერ გაცემული თუ მიცემული განათლებით ქვეყანაში ბაკალავრებისა და მაგისტრანტების არმია გვყავს.
და მეორეც, ასევე პოლიტიკურ-ფსიქოლოგიური ასპექტი (გახსოვდეთ, რომ დაშვებული მაქვს „პროდასავლური ფრთის“ გულწრფელობა): ვთქვათ და დამარცხდნენ ისინი „ტახტისთვის ბრძოლაში“ და შიო ან სხვა ეგზარქოსი „გაგვიბრწყინდა“. ნაფიქრი აქვს „პროდასავლურ ფრთას“ ამ დამარცხების მორალურ, ფსიქოლოგიურ და პოლიტიკურ ასპექტებზე?
თუნდაც ეს ორი არგუმენტი საკმარისია იმის დასტურად, რომ „პროდასავლურ ფრთას“ ცუდი სტრატეგია აქვს არჩეული, რადგანაც ისინი იმთავითვე არ გაემიჯნენ ამ, დავუშვათ და, მათთვის „მიწებებულ იარლიყს“, რომელმაც, სინამდვილეში, ხიბლში ჩააგდო ეს პერსონები სხვადასხვა გარემოების გათვალისწინებით, უმთავრესი მიზნისკენ _ პატრიარქობისკენ მიმავალ გზაზე.
***
ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!
„კეისარს კეისრისა და ღვთისა ღმერთსა“, _ აი, ამის გამო არ ვერევი არანაირად ეკლესიის დოგმატიკისა თუ ღვთისმეტყველების საკითხების განხილვაში. ჩვენი სულიერი მამები ამ უკანასკნელში რომ მოიკოჭლებენ, ეს არაერთხელ გვინახავს და შემდგომაც ვნახათ, რაც არასაკმარისი განათლების მიზეზია. ეს ვითარება დროთა განმავლობაში, თაობათა ცვლასთან ერთად, გამოსწორდება, მაგრამ, ისევ და ისევ, ამბროსი ხელაიას მოვიშველიებ და ვიტყვი: „ეს იმას არ ნიშნავს, რომ პირში წყალი ჩავიყენოთ და არა ვსთქვათ რა...“
დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე დგას უმთავრესი ამოცანა _ ღირსეულად გაუძლოს იმ განსაცდელს, რომლის წინაშეც აღმოჩნდა. შემეძლო მეთქვა, _ დაიყენა საკუთარი თავი... მაგრამ „აღმოჩნდა“ ამასაც გულისხმობს ბევრ სხვა ქმედებასთან ერთად.
დიახ, რაოდენ ძნელი მოსასმენი არ უნდა იყოს ეს და მით უფრო რთული იყოს ამის აღიარება, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ჰყავს საჭეთმპყრობელი, მის წიაღში ბრძოლა მიმდინარეობს პატრიარქის ტახტისთვის.
და ეს გზაც ღირსეულად უნდა გაიაროს ეკლესიამ და გაიარონ მისმა იერარქებმა.
უმთავრესი ამოცანა უნდა იყოს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სათავეში არ მოვიდეს რუსეთის ინტერესების გამტარებელი პატრიარქი და მოხდეს რუსული გავლენის მინიმალიზება საქართველოს ეკლესიაში, რაც არანაირად არ გულისხმობს კავშირების გაწყვეტას ეკლესიებს შორის.
პარალელურად, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს აპელირება რაიმე სახის „პროდასავლურ ფრთასა“ და ორიენტაციაზე ეკლესიაში. წინა პლანზე უნდა გამოვიდეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ინტერესები, რომელიც სწორედ რომ ეფუძნება ორ უმთავრეს პრინციპს _ თავისუფლებასა და კანონიერებას, რადგან „სამღვდელოება ყოველთვის იყო დამცველი საქართველოს თავისუფლების იდეისა“, თავისუფლება კი ნიშნავს პროგრესს, განსწავლულობასა და ქვეყნისთვის რუდუნებას.
საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ უნდა შეწყვიტოს არსებობა როგორც სახელმწიფომ სახელმწიფოში და იგი ქვეყნის, სახელმწიფოს აღმშენებლობის, განვითარებისა და პროგრესის გზაზე უნდა იქცეს სახელმწიფოს უმთავრეს და უღალატო პარტნიორად. დღეს ეს არის ქათველი ერის დაკვეთა და არა პროდასავლურ და პრორუსულ ფრონტებზე ჭიდილი. მეტიც: იმათ, ვისაც ქართული სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ბედი აღელვებთ, კარგად უნდა ესმოდეთ, რომ „პროდასავლური ფრთა“ ვერანაირად გახდება საპირწონე პრორუსული ფრთის. ყველა სახის ძალის საპირწონე მხოლოდ პროგრესული და რეფორმატორული ძალაა. ყველა სხვა სახის დაყოფა დააუძლურებს ეკლესიას და ჩვენ შესაძლოა, იმ რეალობის წინაშე აღმოვჩნდეთ, როდესაც პირველი: საქართველოს ეკლესია დარჩება კათალიკოს-პატრიარქის გარეშე და ამის მომხრეები მეუფეებს შორის რომ არიან, ეს დასამალი არ არის; მეორე: ჩვენ მივიღებთ სინოდალურ მმართველობას _ ამის მომხრეებიც უხვად გვყავს; მესამე: ჩვენ აღმოვჩნდებით სქიზმის წინაშე, რომელსაც ასევე არ გამორიცხავს ცალკეული მღვდელმთავარი მისთვის მისაღებ ალტერნატივად.
ამ ყველაფრის თავიდან აცილება შესაძლებელია და ეს, პირველ რიგში, უნდა გააკეთონ იმ მღვდელმთავრებმა და ეკლესიის მსახურებმა, რომელთათვისაც ქართული ეკლესიის მომავალი სულერთი არ არის. და აქვე გაფრთხილება ნგრევა-დაყოფის მონაწილეებს, _ მრევლს არაფერს გვეკითხებით? ისე არ მოხდეს, რომ ზოგიერთის მოუთოკავ ამბიციებზე სამომავლოდ ვინმემ თქვას, _ ველად მიჰქონდა ნიავსა. სხვა თუ არაფერი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებმა აუცილებლად უნდა დაინდონ საკუთარი ერი თუნდაც იმიტომ, რომ „ქრისტეს ებრალებოდა ერი, მას ემსახურებოდა და მასზე ზრუნავდა, ამბობდა ხშირად: „მეწყალის ერი ესეო“ (მარკ. 8,2).
შესაბამისად, „ნუ დაიდუმებთ ერისთვისაო“, _ გვეუბნება ჩვენი მოძღვრება და ამის აღსრულებას შეძლებისდაგვარად უნდა მივსდიოთ ერმაც და ბერმაც. მით უფრო, რომ ამ შემთხვევაში ეს ქართული სამღვდელოების ვალდებულება და მოვალეობაა.
***
ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!
დაბოლოს, ამჯერადაც შგახსენებთ დიდი მეფე ვახტანგ გორგასლის სიტყვებს: ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილს! თუმცა დღეს, ჩვენს ეპოქაში, იმ ვითარებაში, როდესაც ვიცით და გვჯერა, რისთვის და როგორ ეწამა მაცხოვარი და ისიც ვიცით, რატომ აღდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა შემმუსვრელი, სხვას ვერაფერს ვისურვებ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გარდა იმისა, რომ ვთქვა, _ ეძიებდეთ ქრისტესთვის და საქართველოსთვის გამარჯვებას!
გოჩა მირცხულავა