- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2024-11-28 04:46:20
შორენა მარსაგიშვილი
ნოემბერი რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული აფხაზეთისთვის პოლიტიკურად ძალიან ცხელი გამოდგა. ე. წ. პარლამენტს 15 ნოემბერს რატიფიცირება უნდა მოეხდინა რუსეთთან შეთანხმებაზე, რაც რუსეთის მოქალაქეებს საშუალებას მისცემდა, აფხაზეთში უძრავი ქონება შეეძინათ.
ამ შეთანხმების რატიფიცირებას მოსახლეობის დიდი ნაწილი და ოპოზიცია ეწინააღმდეგებოდა, ამიტომ რატიფიცირება რამდენჯერმე გადაიდო. 15 ნოემბრისთვის კი ყველაფერი უნდა დასრულებულიყო.
იცოდა რა მოსალოდნელი პროტესტის შესახებ, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ წინასწარ იზრუნა უსაფრთხოებაზე და პარლამეტისა და მთავრობის შენობებს რკინის ღობეები შემოავლო. თუმცა ამან ვერ უშველა. 15 ნოემბერს, იმ დღეს, როცა რატიფიცირება უნდა მომხდარიყო, აქციის მონაწილეები შეიჭრნენ პარლამენტსა და მთავრობის სახლში. პოლიციისა და ჯარის დიდი ნაწილი ხალხის მხარეს გადავიდა. საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები და პრეზიდენტი თავის ამალიანად გაიქცნენ. ოპოზიცია 4 დღე აკონტროლებდა ოკუპირებულ აფხაზეთში სამთავრობო შენობებს. მეოთხე დღეს ე. წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა, ოღონდ რამდენიმე პირობა წამოაყენა. ერთ-ერთი პირობა იყო ის, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ისევ იყრიდა კენჭს. მორიგი არჩევნები აფხაზეთში 2025 წლის 19 თებერვალს ჩატარდება.
ასლან ბჟანია, რომელიც ახლახან ჩამოაგდეს, ხელისუფლებაში მისი წინამორბედის ჩამოგდების შედეგად მოვიდა. აფხაზებმა ბჟანია რაულ ხაჯიმბას ჩამოგდების შემდეგ დანიშნულ ვადამდელ არჩევნებზე აირჩიეს. ხაჯიმბამ და მისმა მომხრეებმა, თავის მხრივ, 2014 წელს ალექსანდრე ანქვაბი ჩამოაგდეს. ბოლო ათ წელიწადში აფხაზებმა სამი პრეზიდენტი ჩამოაგდეს
და ახლა აფხაზი პოლიტიკოსები იმაზე ფიქრობენ, თუ როგორ უნდა აიცილონ თავიდან შემდეგი ჩამოგდება.
საპრეზიდენტო კანდიდატები იქნებიან: 1. ასლან ბჟანია; 2. ადგურ არძინბა _ აფხაზური ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, აფხაზეთის სახალხო მოძრაობის ხელმძღვანელი, აფხაზეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი (2015-2020 წწ.), 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატი; 3. ოლეგ ბარციცი _ აფხაზეთის ყოფილი სავაჭრო წარმომადგენელი რუსეთში (2010-2024 წწ.).
ბჟანიამ და ბარციცმა უკვე გამოაცხადეს მომავალ საპრეზიდენტო რბოლაში მონაწილეობის გეგმების თაობაზე, არძინბას ჯერ არ გაუხმოვანებია თავისი გეგმები, მაგრამ ექსპერტები მის კანდიდატურას მოსალოდნელად მიიჩნევენ.
ისინი უკვე იმას ფიქრობენ, როგორ აიცილონ თავიდან მეოთხე პრეზიდენტის ჩამოგდება.
„მეოთხე კრიზისის პრევენციის დადასტურებული რეცეპტი ჯერ კიდევ მზადდება. იმისთვის, რომ ისინი არ განმეორდეს, აუცილებელია, ხალხი იყოს დაკავებული, ჰქონდეს სამუშაო, გარკვეული შემოსავალი. ანუ ეკონომიკური განვითარება პირველია. მეორეც, შესაძლებელია კონსტიტუციის ზოგიერთი არსებითი მუხლის გადახედვა გარკვეული გადანაწილების კუთხით, რაც, ჩემი აზრით, უმნიშვნელოა. ზოგადად, ასეთი პროცესები დამახასიათებელია ახალგაზრდა სახელმწიფოებისთვის. ჩვენი სახელმწიფოებრიობა ჯერ კიდევ ყალიბდება, ამიტომ ამას, გარკვეულწილად, მზარდ ტკივილს დავარქმევ და ამას ჩვენი მოსახლეობის ემოციებთან დავაკავშირებ“, _ ამბობს ბჟანია.
ადგურ არძინბა გამოსავალს ხედავს ძალაუფლების გაყოფაში:
„ჩვენ უნდა ვიფიქროთ ძალაუფლების გაუწონასწორებლობაზე _ მისი ძალიან დიდი ნაწილი კონცენტრირებულია პრეზიდენტის ხელში. ეს მოხდა 1992-1993 წლების აფხაზეთ-საქართველოს ომის შემდეგ, როდესაც პრეზიდენტს დინამიკური გადაწყვეტილებები უნდა მიეღო. მაგრამ ომის დასრულების შემდეგ, განსაკუთრებით მას მერე, რაც 2008 წელს რუსეთმა ჩვენი დამოუკიდებლობა აღიარა, ზედაპირზე გაჩნდა კითხვები არა თავდაცვაზე, არამედ ეკონომიკურ განვითარებაზე. მაშინაც კი შეიძლება საუბარი იყო ძალთა დისბალანსზე.
ბოლო ოთხწელიწად-ნახევრის განმავლობაში მთავრობა მთლიანად იზოლირებული იყო ხალხისგან და აღსანიშნავია, რომ ექსპრეზიდენტ ასლან ბჟანიას ინიციატივებსა და ქმედებებს ეწინააღმდეგებოდნენ ის ადამიანები, რომლებიც მას აქტიურად უჭერდნენ მხარს, როდესაც ის არჩევნებში მონაწილეობდა 2020 წელს. აფხაზური საზოგადოება გამოირჩევა თავისუფლებისადმი ძლიერი სიყვარულით. ჩვენ გვაქვს დემოკრატიული ღირებულებები არა სიტყვით, არამედ საქმით. და საერთოდ, ეს არის ჩვენი ხალხის არსი და სული. ყოფილმა პრეზიდენტმა, როგორც ჩანს, რატომღაც, არ შეაფასა ხალხის ეს თავისუფლების ნება. ჩვენ ყოველთვის გვყავს და გვექნება ოპოზიცია და ჩვენ გვჭირდება დიალოგი არა კრიზისიდან კრიზისამდე, არამედ მუდმივად. მაშინ გვექნება შესაძლებლობა, მომავალში მსგავსი მოვლენები გამოვრიცხოთ, _ განაცხადა არძინბამ.
ოლეგ ბარციცი გამოსავალს ეძებს. მისი თქმით, როცა სიტუაცია სცილდება კონსტიტუციურ ჩარჩოებს, აფხაზეთი აწყდება ძალიან სახიფათო ხაზს:
„სამწუხაროდ, მესამედ გავდივართ პოლიტიკური კრიზისის მწვავე ფაზაში და ამაში კარგი არაფერია. ყოველ ჯერზე, როცა სიტუაცია სცილდება კონსტიტუციურ ჩარჩოებს, ჩვენ ვაწყდებით ძალიან სახიფათო ხაზს. აფხაზეთის ხალხი, ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ჩვენი პოლიტიკური სისტემა სერიოზულ გამოცდას გადის. მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა ჩვენს ხალხს ჰქონდა ისტორიული სიბრძნე, დაბრუნებულიყო კონსტიტუციურ სამართლებრივ სივრცეში, კრიზისს მოჰყვა საპრეზიდენტო არჩევნები.
15 ნოემბრის მოვლენებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ხელისუფლებამ უნდა გაიგოს ხალხის ხმა. ეს არის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი პირობა ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც აფხაზეთია, თავისი ტრადიციებითა და დემოკრატიით.
ჩვენ უნდა შევიმუშაოთ მექანიზმები, რომ თავიდან ავიცილოთ მსგავსი მოვლენები. ძალიან ვისურვებდი, რომ ეს იყოს ბოლო შემთხვევა, რომელიც ამ გზით ჩვენს ძალას გამოსცდის. აქ საკონსტიტუციო რეფორმის საკითხიც კი არ არის, რაზედაც ყველა პოლიტიკური აქტორი საუბრობს. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, აფხაზეთის რესპუბლიკაში ხელისუფლება საპრეზიდენტო უნდა იყოს _ ძლიერი, თუნდაც მკაცრი, მაგრამ, ამავე დროს, განათლებული და კომპეტენტური. მეჩვენება, რომ ეს კრიტერიუმები საკმარისი იქნება ხელისუფლების ფუნქციების ეფექტიანად განსახორციელებლად. ჩვენ ამისთვის შევიმუშავეთ პოლიტიკური ინსტიტუტები და ვაცნობიერებთ, რისკენ მივდივართ“, _ აღნიშბა ბარციცმა.
რაც შეხება ყბადაღებულ რატფიცირებას, ეს საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. ადრე თუ გვიან, მოსკოვი ამ საკითხს ისევ დააყენებს და არაა გამორიცხული, რომ შემდეგი პრეზიდენტიც ჩამოაგდონ აფხაზებმა. ამასთანავე, აფხაზური საზოგადოება ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ისინი არ უპირისპირდებიან რუსეთს. საპროტესტო აქციებზე რუსეთის დროშები ფრიალებდა. ასლან ბჟანიას დასამხობად უკრაინის ოკუპირებული ნაწილიდან ჩამოვიდა ცნობილი აფხაზი მებრძოლი, ახრა ავიძბა, რომელიც დონბასში იმყოფება. მისი და ასლან ბჟანიას დაპირისპირება წლებია, გრძელდება. როგორც აფხაზები წერენ, თავის დროზე ავიძბას ბჟანიამ პორტი არ მისცა და ამით მებრძოლი გადაიმტერა.
წინ საინტერესო მოვლენები გველოდება. აფხაზეთის ე. წ. არჩევნებში ის კანდიდატი გაიმარჯვებს, რომელსაც რუსეთი დაუჭერს მხარს. პრინციპში, შეიძლება ითქვას, რომ ნებისმირი კანდიდატი მაინც რუსეთის კაცი გახდება. და იმაზე იმედის დამყარება, რომ ვიღაცას ანტირუსული განწყობა აქვს, არ შეიძლება. აქციების დროს ჩვენი პოლიტიკოსების ნაწილი აცხადებდა, რომ სოხუმში ანტირუსული გამოსვლები იყო, მაგრამ როცა აფხაზებმა რუსული დროშები ააფრიალეს, ყველა გაჩუმდა.
აფხაზებს ახლა ეს პროტესტი ასე იოლად არ გაუვიდოდათ, მაგრამ რუსეთი უკრაინის ფრონტზე მძიმე დღეშია და სოხუმისთვის ვეღარ მოიცალა. თან მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ოჩამჩირეში სამხედრო ბაზა განთავსდეს, სადაც ანექსირებული ყირიმიდან გამოყვანილ გემებს განათავსებენ. ამის გამო რუსეთმა თავი შეიკავა, თუმცა წინ აფხაზებს ბევრი სიურპრიზი ელოდებათ. რუსები თავის მონაპოვარს ასე იოოლად არ თმობენ და აფხაზებს კიდევ ერთხელ გააგებინებენ, რომ ისინი არიან მათი ქვეშევრდომები და არა დამოუკიდებლები.