QronikaPlus
ვალერი გელბახიანი: „ეს ისეთი ტიპის ხელისუფლებაა, შეუძლებელია, სუფთა არჩევნები ჩაგიტაროს“

ვალერი გელბახიანი: „ეს ისეთი ტიპის ხელისუფლებაა, შეუძლებელია, სუფთა არჩევნები ჩაგიტაროს“

2024-10-30 07:47:59

გიგა გელხვიიძე

„ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები, რომელიც უფრო რეფერენდუმი იყო, ვიდრე რიგითი საპარლამენტო არჩევნები, მიტაცა.

ამ დროის მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილის პარტიამ 54% დაიწერა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ახერხებენ საპარლამენტო უმრავლესობის შენარჩუნებას და, შესაბამისად, ერთპიროვნულად მთავრობის დაკომპლექტებას.

ახლა მთავარი და, ჯერჯერობით, უპასუხოდ დარჩენილი კითხვა ასეთია: როგორ მოახერხა „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო უმრავლესობის აღება მაშინ, როდესაც მას თითქმის აღარ ჰქონდა მხარდაჭერა და საქართველოში მათ მიმართ პროტესტი უფრო დიდი იყო, ვიდრე ოდესმე? პასუხის გაცემა დეტალურად რთულია, თუმცა ამ სტატიაში მკითხველს ვუყვებით იმ მნიშვნელოვან და ძირეულ დარღვევებზე, რომლებიც განვითარდა საპარლამენტო არჩევნების მსვლელობის დროს, შესაბამისად, პასუხების ძიებაც მკითხველს სწორედ აქ შეეძლება.

***

26 ოქტომბერს, არჩევნების მიმდინარეობისას, დილიდან ძალიან ბევრი დარღვევა დაფიქსირდა, თუმცა სანამ უშუალოდ იმაზე მოგიყვებით, თუ რა ხდებოდა საარჩევნო უბნების შიდა ტერიტორიაზე, გეტყვით, რა ხდებოდა გარეთ.

„ქართული ოცნების“ პერიოდში ჩატარებული ყველა სხვა არჩევნებისგან განსხვავებით, საარჩევნო უბნებთან უპრეცედენტო რაოდენობის ე. წ. ძველი ბიჭები, „მეტადონშიკები“ და საჯარო მოხელეები იყვნენ მობილიზებული, რომლებიც აქტიურად მუშაობდნენ იმაზე, რომ გავლენა მოეხდინათ ამომრჩევლის ნებაზე ან სულაც არ მიეცათ უბანზე მისული ადამიანისთვის საკუთარი ნების გამოხატვის საშუალება.

„ქართული ოცნების“ ე. წ. კოორდინატორებს არათუ უბრალოდ თავიანთი ამომრჩევლის სიები, არამედ ამჯერად უკვე მოქალაქეების პირადი მონაცემების შემცველი სიებიც ჰქონდათ წარმოდგენილი უბნებზე, რაც უხეში კანონდარღვევაა და ამას, ფაქტობრივად, არც კი მალავდნენ.

ყველას, განსაკუთრებით კი მედიის წარმომადგენლებს, ვინც აღნიშნული სიებით ინტერესდებოდა, უსწორდებოდნენ ფიზიკურად და აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, რაც ამ დრომდე ასე მძაფრად არცერთ არჩევნებზე არ იგრძნობოდა.

რამდენიმეგან იყო დაფიქსირებული სავარაუდო ფულის დარიგების ფაქტებიც ამომრჩეველზე.

რაც შეეხება საარჩევნო უბნების შიდა ტერიტორიას, აქ მდგომარეობა კიდევ უფრო რთული იყო.

რამდენიმე უბანზე კენჭისყრის პროცესის დაწყებიდან მალევე დაფიქსირდა ელექტრონულ საარჩევნო ყუთში ორი ბიულეტენის ერთდროულად მოთავსების მცდელობაც, რაც გაასაჩივრეს იქ მყოფმა დამკვირვებლებმა, თუმცა მიუხედავად ამისა, იგივე მცდელობა კვლავ განმეორდა, მნიშვნელოვანი კი ის იყო, რომ საარჩევნო ყუთი არ იღებდა ორ ბიულეტენს ერთდროულად და „ქართული ოცნების“ კომისიის წევრები მათთვის ნაცნობ ამომრჩეველს მაინც აწვდიდნენ ორ-ორ ბიულეტენს, რომ როგორღაც ეს ბიულეტენები ყუთში აღმოჩენილიყო.

გარდა ამისა, საარჩევნო უბნის შიდა პერიმეტრზე (ქუთაისის #7 საარჩევნო უბანზე) დაფიქსირდა შემთხვევა, რა დროსაც მოქალაქეს მისცეს საშუალება, დახეული პასპორტით მიეცა ხმა არჩევნებზე, რაც არსებითად კანონდარღვევას წარმოადგენდა. მიუხედავად ადგილზე მყოფი დამკვირვებლების მცდელობისა, მას კომისიის თავმჯდომარის მიერ მაინც მიეცა საშუალება, დაეფიქსირებინა საკუთარი ხმა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ.

საარჩევნო უბნების შიდა ტერიტორიაზე ასევე აქტიურად ერეოდნენ საარჩევნო კომისიის საქმიანობაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, რომლებსაც კომისიის თავმჯდომარეების მხრიდან, ფაქტობრივად, იგივე უფლებები ჰქონდათ მიცემული, რაც კომისიის წევრებს.

უბნებზე იმყოფებოდნენ „ქართული ოცნების“ დამკვირვებლები და წარმომადგენლები, რომლებიც ერთი და იმავე პიროვნების ბეიჯით სარგებლობდნენ.

მოგეხსენებათ, საქართველოში საარჩევნო უბნების 70%-ზე არჩევნები ელექტრონულად მიმდინარეობდა, ხოლო 30%-ზე ძველი წესით, რაც გულისხმობს ხმის მიცემას და ბიულეტენის შესაბამის კონვერტში მოთავსებას, შემდგომ კი საარჩევნო ყუთში ჩაგდებას. ასეთ უბნებზე არჩევნები ტოტალურად გაყალბდა კამერების წინ, თუმცა, საბოლოო ჯამში, გაირკვა, რომ ცესკომ ეს უბნებიც დათვალა და შესაბამისად, დიდი წვლილი მმართველი პარტიის მაღალ პროცენტში სწორედ ამ უბნების დამსახურებაა.

მარნეულის ტერიტორიაზე განთავსებულ უბნებში არსებულ ძირითად დარღვევებზე აქტიურად წერენ სოციალურ ქსელებშიც ის პირები, რომლებიც იმყოფებოდნენ უბნებზე დამკვირვებლის ფორმატით, თუმცა დარღვევების აღმოჩენის შემდგომ კომისიის თავმჯდომარეებმა მათ არ მისცეს საშუალება, თავისი უფლებამოსილება განეხორციელებინათ და მათ უბნები დაატოვებინეს.

დამკვირვებლებს, რომლებიც ორზე მეტ საჩივარს წერდნენ, საარჩევნო უბნებს ატოვებინებდნენ ქუთაისშიც, კონკრეტულად კი #7 საარჩევნო უბნიდან ორი ბიულეტენის ჩაგდების მცდელობის დროს დაწერილი საჩივრის გამო „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელი კომისიის თავმჯდომარემ უბნიდან გამოაძევა.

დღის ბოლოს, როდესაც კენჭისყრა დასრულდა და უკვე უბნების გადათვლა დაიწყო, ორი გავლენიანი ამერიკული ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ეგზიტპოლების მიხედვით, მმართველი პარტია ოპოზიციასთან მიმართებით დამარცხდა, თუმცა მმართველი პარტიის დაკვეთით „გორბის“ მიერ ჩატარებული მონაცემების მიხედვით, სწორედ „ქართული ოცნება“ აღმოჩნდა ის ძალა, რომელმაც არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა.

ამის შემდგომ ეტაპობრივად იტვირთებოდა ცესკოს გვერდზე არჩევნების შედეგები, რომლებიც სხვადასხვა საარჩევნო უბნიდან მოდიოდა და, საბოლოო ჯამში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა მმართველ პარტიას „მოგება“ გაუფორმა.

„ქართული ოცნების“ მოგება ცესკოს მონაცემების მიხედვით დაფიქსირდა იქაც, სადაც ყველა მონაცემით და ყველა სხვა წელს ჩატარებული არჩევნების მიხედვით, სწორედ ოპოზიციას ჰქონდა მოგებული, არჩევნების დაწერილი თუ დაუწერელი კანონით კი მმართველი პარტიის რეიტინგის ზრდა, მით უფრო 12-წლიანი მმართველობის თავზე, როდესაც მთავრობას ძალიან ბევრი ნეგატივი დაუგროვდა, უბრალოდ არ ხდება.

იმის დასამტკიცებლად, რომ მმართველმა პარტიამ ადმინისტრაციული რესურსი, ასევე ამომრჩევლის მოსყიდვა-დაშინება აქტიურად გამოიყენა, ამაზე მეტყველებს ის შედეგები, რომლებიც ჩამოვიდა უცხოეთიდან. უცხოეთის ყველა საარჩევნო უბანი „ქართულმა ოცნებამ“ პირწმინდად წააგო. ემიგრაციამ, რომლის უმეტესი ნაწილიც სწორედ „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს გავიდა ქვეყნიდან და დღეს სხვა ქვეყანაში ოჯახის სარჩენად ფულს მძიმე შრომით გამოიმუშავებს, ბიძინა ივანიშვილს და მის პარტიას უარი უთხრა.

მიუხედავად მრავალმხრივი ბიუროკრატიული სირთულისა, ადამიანები სხვადასხვა ქალაქში ჩავიდნენ, საათობით იდგნენ რიგში და ელოდნენ წუთს, როდესაც შეძლებდნენ თავიანთი ხმის დაფიქსირებას.

ყველაფერი ზემოთ ხსენებული დარღვევის გარდა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ბათილ ბიულეტენებზე მსჯელობა დღის წესრიგიდან მოხსნილი იყო, რაც ნიშნავს იმას, რომ საარჩევნო ყუთმა რომელი ბიულეტენებიც არ მიიჩნია ნამდვილად და გააბათილა, კომისიასაც გადათვლის დროს უნდა მიეჩნია ბათილად, თუმცა ეს ასე არ მოხდა და ისეთი ბიულეტენებიც კი, რომლებზედაც მკაფიოდ იყო გამოხატული მოქალაქის ნება, რომ არ აძლევდა არცერთ პოლიტიკურ სუბიექტს ხმას, „ქართულ ოცნებას“ ჩაუთვალეს.

„კანონში არის ზუსტი ჩანაწერი, თუ როდის არის ბიულეტენი ბათილი. თუ წრეში ერთი წერტილიც კი არის მოხვედრილი, ნიშნავს იმას, რომ ამ სუბიექტს უნდა ჩაეთვალოს ხმა, რასაც აპარატი ისედაც იღებს. აპარატი მიიღებს წრეში მოხვედრილ ნებისმიერ წერტილს, რადგანაც ფლომასტერის დიამეტრი ისეთი არის, რომ იმ რადიუსისა და დიამედრის არის ეს ფლომასტერი, რომ აპარატი ამას აღიქვამს ნამდვილად. წრეში უნდა იყოს მონიშნული ან გაფერადებული, _ ასეთი ჩანაწერია კანონში და წესით საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრებს ინსტრუქცია ასეთი აქვთ, რომ გადათვლის დროს ჩათვლიან წრეში მონიშნულს ან გაფერადებულს, თუმცა თუ არის ერთი გაფერადებული და ქვემოთ რაღაც მინაწერი აქვს, რომელიც მეორე წრეზე გადადის, ასეთს აპარატიც აბათილებს და კომისიამაც უნდა გააბათილოს. ეს არ მგონია სამართლიანი, მაგრამ ამ ეტაპზე რადგან ტექნოლოგიები გამოიყენება, პირველად უნდათ, რომ იყოს ზუსტად იგივე, რასაც აპარატი დათვლის, ასევე ხელით გადათვლის დროსაც. როცა ადრე მსჯელობა ხდებოდა ასეთ საკითხებზე, ანუ ჩაეთვალათ თუ არ ჩაეთვალათ ბათილად, ასეთი მსჯელობა აღარ გაიმართება. პირდაპირ ან გაბათილდება ან ჩაითვლება ბიულეტენი. თუ ბიულეტენში ერთი გაფერადებულია, ხოლო მეორე გადახაზული, რადგანაც გადახაზულიც და გაფერადებულიც აღმოჩნდება წრეში, ამ შემთხვევაშიც ბიულეტენი ბათილია, აპარატიც აბათილებს და კომისიაც აბათილებს“, _ ეს ცესკოს ოპოზიციონერი წევრის, ანა კობახიძის კომენტარია, რომელიც არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე სწორედ „მედიაჰოლდინგ ქრონიკა+“-თან გააკეთა და სადაც ნათლად ჩანს, რომ ბათილ ბიულეტენებზე მსჯელობა დღის წესრიგიდან მოხსნილი იყო.

ელექტრონული არჩევნების შესაძლო გაყალბებაზე არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე საუბრობდა ადვოკატი ვალერი გელბახიანიც. „ქრონიკა+“ ამ საკითხის შესახებ ესაუბრა ბატონ გელბახიანს და შეაფასებინა 2024 წლის 26 ოქტომბრის საარჩევნო პროცესი და მისი შედეგები:

_ ბატონო ვალერი, თქვენ ძალიან ნათლად საუბრობდით იმ მოსალოდნელ შედეგზე, რომელიც შეიძლებოდა დამდგარიყო ამ არჩევნებზე. გამართლდა თუ არა ეს პროგნოზები?

_ ცხადია, მე რასაც ვამბობდი, არავინ მომისმინა. სამწუხაროა, რომ არ მომისმინა ოპოზიციამ, არ მომისმინა არცერთმა სადამკვირვებლო და არასამთავრობო ორგანიზაციამ. ისინი გამოდიოდნენ და ეწოდნენ პროპაგანდას, არწმუნებდნენ მოსახლეობას და ამომრჩევლებს, რომ შანსი არ იყო ტექნოლოგიების გაყალბების, მანიპულირების და ფონს ქმნიდნენ, თითქოს ჩვენ საუკეთესო გარემოში ვიყავით თავისუფალი არჩვების ჩასატარებლად. ეს რეალობა თუ არის, კარგია ამის პროპაგანდირება და მოსახლეობის დარწმუნება, მაგრამ არსებული ხელისუფლების პირობებში ამის პროპაგანდირება რომ შეცდომა იყო, ხომ გამოჩნდა? ეჭვი არ შევიტანეთ იმაში, რომ ესენი არჩევნებს გაგვიყალბებდნენ, პირიქით, ყველამ იმის დარწმუნება დაიწყო, რომ ვინც საეჭვოს გახდიდა წინასწარ ამ პროცესს, ის ეწეოდა მტრულ სამსახურს. ამიტომ მე დავრჩი მარტო, არავინ მხარი არ დამიჭირა. მაგრამ ეს კი არ არის პრობლემა, უბრალოდ, გამოვიდა ისე, რომ ერთმანეთს და ხალხს ატყუებდა ყველა, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციებიც.

_ რა იყო ამის მიზეზი?

_ ამას ორი მიზეზი ჰქონდა: ან თვითონ არ იცოდნენ, რა ხდებოდა და ეს რწმენა ჰქონდათ და უნებლიეთ გამოუვიდათ, ან კიდევ კითხვის ნიშნებია, რამდენად უმართავები ან მართულები იყვნენ და ა. შ.

_ ამ ყველაფრის შემდგომ, როდესაც გაირკვა, რომ არჩევნები გაყალბებულია და ოპოზიციაც და არასამთავრობო სექტორიც ერთდროულად ამტკიცებენ იმის საპირისპიროს, რასაც გუშინწინ უმტკიცებდნენ თავიანთ ამომრჩეველს, რამდენად დაიჯერებენ ეს ადამიანები?

_ ზუსტად ამას ვამბობ, რომ კონტრასტები ძნელი დასაჯერებელია. გუშინ ამბობდი, არ ყალბდებაო და დღეს ამბობ, გამიყალბესო. მაშინ პასუხი აგე, იკისრე პასუხისმგებლობა, რომ მე არ მცოდნია ეს ამბავი და დავხურე ჩემი კანტორაო. აბა, როგორ შეიძლება, თან ფინანსდებოდე, სხვებს ატყუებდე, საკუთარ მოსახლეობას ატყუებდე და მერე გამოდიოდე და გამიყალბაო, იძახო. წინასწარ რატომ არ გქონდა ეს ინფორმაცია და თუ არ გქონდა, ვის აბრალებ ამას?

თანმიმდევრულად გავყვეთ: მე ორი თვის განმავლობაში, ყოველ ორშაბათს ვსაუბრობდი ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში და არასოდეს დამიტოვებია ეს საკითხი უყურადღებოდ, რომ იტყვიან, ძაღლის ყბა მქონდა გამობმული. მოვუწოდებდი ყველას, ასე ვსვამდი საკითხს:

პირველი: აუდიტური შემოწმება ჩატარებულიყო ხმის დამთვლელ ცალკე და ვერიფიკაციის ცალკე აპარატებზე, რადგანაც ჩვენ ინფორმაცია გვქონდა, რომ ესენი არ იყვნენ მიერთებული ინტერნეტზე და რომელიმე საიტზე და ჰაკერული მართვა იყო შეუძლებელი. ეს ჯერ უნდა შემოწმებულიყო და განცხადება მერე გაკეთებულიყო. ვითხოვდით, აუდიტი ჩატარებულიყო საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ოპოზიციის მონაწილეობით ან არასამთავრობო სექტორის მონაწილეობით, ან შექმნილიყო ნდობის ჯგუფი ცესკოში, რომელიც ჩაატარებდა ამ აუდიტურ შემოწმებას. არცერთი არ გაკეთდა, არავინ დაგვეხმარა ამაში, ე. ი. ამას კანონი ითვალისწინებდა და ესეც კი არ იქნა შეგონებული, არავის სურდა ამის მოსმენა.

მეორე: ვამბობდით თეორიულ შესაძლებლობას, რომ თუ არ ვამოწმებთ სისწორეს კი არა სისუფთავეს ამ ჩიპებისას, რომელიც ამ ორ აპარატში იყო ჩაყენებული, მაშინ ეს ეჭვი ვერ გამოირიცხება, რადგანაც შესაძლოა, ჩაიტვირთოს პროგრამა, რომ ყოველი მეხუთე, ყოველი მესამე, ყოველი მეშვიდე ბიულეტენი გადანაწილდეს სხვა პარტიაზე, ამ შემთხვევაში, „ქართულ ოცნებაზე“. იდენტიფიკაცია რომ მოხდებოდა ვერიფიკაციის შედეგებისა დამთვლელ მანქანასთან, ვერანაირ სხვაობას ვერ აღმოაჩენდა ვერავინ. ესეც არ გადამოწმდა.

მესამე: ვაყენებდით საკითხს, შესაძლებელი იყო თუ არა ორმაგი ხმის მიცემა, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც კი გაჩნდა ინფორმაცია, რომ პირადობის მოწმობებს ართმევდნენ ადამიანებს, გამიჩნდა ეჭვი, რომ რაში სჭირდებოდათ ეს პირადობის მოწმობები? სჭირდებოდათ იმისთვის, რომ სხვას მიეცა ხმა სხვის მაგივრად, ხომ ასეა? ამაზე ყველამ ოფიციალურად გვიპასუხა, როგორ გეკადრებათ, ეს არის გამორიცხული თეორიულად, რადგანაც ვერიფიკაციის აპარატები დაკავშირებულია სერვერთან, სერვერში ჩატვირთული არის მთლიანი, ერთიანი ბაზა ამომრჩევლების და როგორც კი სერვერი სიგნალს მიიღებს, რომ ერთმა პირადობამ გაიარა რეგისტრაცია, ის პირადობა სხვაგან რეგისტრაციას ვერ გაივლის, რადგანაც სერვერი ბლოკავს. აღმოჩნდა, რომ ეს ტყუილი იყო, შესაბამისად, შესაძლებელი იყო, ერთ პირადობას თუ გინდა ოც უბანში მიეცა ხმა. თეორიულად რომ ავიღოთ, ეს რაოდენობა, რომელიც დაწერა „ქართულმა ოცნებამ“, შეუძლებელი იყო, ეს რაოდენობა ყოფილიყო მათი მხარდამჭერი, შეუძლებელი იყო! ასეთი მხარდაჭერა მათ არ ჰქონიათ 2012 წელშიც კი, ამიტომ სასწაული მოხდა იმის ფონზე, რომ ერთმა ამომრჩეველმა, მინიმუმ, ოთხჯერ მისცა ხმა და თუ ასეთი ამომრჩეველთა რაოდენობა ასი ათასი მაინც ეყოლებოდა და ჰყავდა „ქართულ ოცნებას“, ორჯერაც რომ მიეცა ხმა, 200 000 ხმით მიდიოდა აბსოლუტურ კონტრასტულ სხვაობაში. ჩვენ ეს ვთქვით, ვთქვით აგრეთვე პასპორტებზე, რომ ვისაც არ აქვს პირადობა და აქვს პასპორტი, ის ხომ არ რეგისტრირდება, ამას ვერიფიკაციის აპარატი ვერ არეგისტრირებს, ასეთ შემთხვევაში გამოყენებული იქნებოდა ყალბი პასპორტები და ბოლოს რასაც ვამბობდით, ერთი და იგივე ადამიანები იქნებოდნენ საარჩევნო უბნის საარჩევნო სიებში შეყვანილი. მაგალითად, მე, ვალერი გელბახიანი, ვიქნებოდი ოთხი სხვადასხვა კომისიის სიაში შეყვანილი, როგორც ამომრჩეველი, ოთხივეზე მივიდოდი და მივცემდი ხმას. ამაზე მიპასუხეს, რომ ვერიფიკაციის ერთიანი ბაზა ასეთ მოსაზრებებსა და შესაძლებლობებს გამორიცხავს. ანუ რასაც ვამბობდი კი არ გამოირიცხა, ყველაფერი დადასტურდა. მე კი არ მიხარია ეს, მწყინს, რომ ჩვენ არ მოვისმინეთ და ის შედეგი დადგა, რაზედაც ვნერვიულობდით და ვამბობდით, რომ ეს ისეთი ტიპის ხელისუფლებაა, მან შეუძლებელია, სუფთა არჩევნები ჩაგიტაროს, შეუძლებელია. ამიტომ ის შესაძლებლობები ჩამოვაყალიბეთ და მივეცით საზოგადოებას, რომელიც თუ ფხიზლად იქნებოდნენ მონაწილე სუბიექტები და დამკვირვებლები, მაშინ მართლაც გამიხარდებოდა, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ, არაფერი მომხდარა, პირიქით დაგვადანაშაულეს. მე მომნათლეს სულელად, რაღაცებს იგონებს და პროვოცირების ელემენტები შემოაქვს მშვიდ გარემოშიო. რა ვქნა ახლა, თავი ხომ არ მოვიკლა, რა უნდა გამეკეთებინა მეტი იმისთვის, რომ გამომეფხიზლებინა ეს ხალხი. ახლა იმ ხალხმა აგოს პასუხი, ვინც საკუთარ თავზე აიღო ეს ყველაფერი და მე მეუბნებოდა, რომ არასწორად ვაკეთებდი კომენტარებს, რაღაც არასწორ ინფორმაციას ვაწვდიდი საზოგადოებას. ამოიღონ ჩემი ბოლო ორი თვის ეთერები და შეადარონ, რას ვამბობდი. ბოლო გამოსვლაში ხალხს ვუთხარი, რახან არ ყალბდება, ასე მეუბნებიან და ვთქვი, რომ მე მაინც არ ვიყავი დარწმუნებული ამაში, მაგრამ რახან ამბობთ, რომ ვერიფიკაციის აპარატები მიერთებულია სერვერთან და გამოირიცხება ორმაგი ხმა, ასე მარწმუნებენ, მაგრამ მაინც დავტოვე კითხვის ნიშანი, აღმოჩნდა, რომ რაზეც ეჭვი მქონდა, ეს ყველაფერი იყო სიმართლე.

გაზიარება