- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2024-09-12 07:15:58
გიგა გელხვიიძე
საქართველოს მოსახლეობამ სამი მოსამზადებელი სასამართლო სხდომა იხილა, სადაც მოსარჩელე და მოპასუხე მხარეებმა თავიანთი არგუმენტები წარმოადგინეს, თუ რატომ უნდა შეჩერდეს რუსული კანონი საქმის საბოლოო განხილვამდე, თუ ის წარმოებაში მიიღება და რატომ არ უნდა მიიღონ ის წარმოებაში საერთოდ?
აღნიშნულთან და ზოგადად საქართველოში არსებულ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით „ქრონიკა+“ ესაუბრა საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარესა და პარტია „გახარია საქართველოს“ წარმომადგენელ ზაზა თავაძეს:
_ ბატონო ზაზა, როგორ შეაფასებთ მოსამზადებელ სასამართლო სხდომას რუსული კანონის საქმეზე?
_ სასამართლო პროცესში, რომელიც მიმდინარეობდა სამი დღის განმავლობაში, რამდენიმე ნიუანსი იყო ისეთი, რომელიც გვიჩენს კითხვებს სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იმ ექვს მოწყვლად მოსამართლეს ვგულისხმობ, რომლებიც შემჩნეულები არიან ხელისუფლებასთან აფილაციაში. ამის მტკიცებულება ჩვენ არ გვაქვს, თუ არა მათი გადაწყვეტილებები და ერთ-ერთია პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით მიღებული, სადაც ხმები გაიყო 6/3-ზე. ეს ნათლად ადასტურებს იმას, რომ ეს ექვსი მოსამართლე ნამდვილად დაჰყვა ხელისუფლების ნებას. მათ შეასრულეს „ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის დაკვეთა. როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, საერთო სასამართლოს დამორჩილების შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოც უნდა ყოფილიყო დამორჩილებული. ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა სხვადასხვა ნაბიჯი და ფაქტი სახეზეა, რომ ივანიშვილმა მოახერხა საკონსტიტუციო სასამართლოს დამორჩილება და იგი მასზე დამოკიდებული გახადა. შამწუხაროდ, ასე ჩანს საკონსტიტუციოს ბოლო გადაწყვეტილებით. მთავარი ნიუანსი არის ის, რომ იკვეთება რაღაც ილუზიური გადაწყვეტილება. როდესაც პლენუმის შემადგენლობა, ნაცვლად 9 მოსამართლისა, განსაზღვრულია 8 მოსამართლით, ამ შემთხვევაში შესაძლოა ტრიუკების დიდოსტატმა დაუკვეთოს წარმოუდგენელი რაღაც, რადგანაც ივანიშვილმა კონსტიტუციური სამართალი არ იცის, მაგრამ ვინც ამაში ერკვევა, შეიძლება უთხრას, რომ ხომ არ ჯობია, სასამართლოს თითქოს სახე შევუნარჩუნოთ? არადა, სახეს ასე ვერ შეუნარჩუნებენ. ვინც ვართ კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტები, ძალიან კარგად ვიცით, რომ შესაძლოა ახლა ვინც განხილვისას (მოსამზადებელ სხდომაზე) იყო რუსულ კანონთან დაკავშირებით, იმ ორ მოსამართლეს კიდევ ორი დაემატოს, ანუ ექვსი მართული მოსამართლიდან ორი გამოეყოს, მათი აზრი გაიზიაროს, სადაც იტყვიან, რომ სარჩელი, სადავოდ გამხდარი ნორმები საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე ან გარკვეული ვადით შეჩერდეს, როგორც ორგანული კანონით არის განსაზღვრული. შეიძლება იმ ორმა მოწყვლადმა დაწეროს ორ დამოუკიდებელ მოსამართლესთან ერთად ეს და გაიზიაროს მათი დამოუკიდებელი აზრი და თქვას, რომ აი, ჩვენ იმ მოსამართლეების აზრზე ვართ. ეს გამოიწვევს ხმების გაყოფას 4/4-ზე, ეს კი უკვე ნიშნავს კონსტიტუციურ სამართალში ნორმის კონსტიტუციურობის პრეზუმპციის ჩართვას, რაც იმას უდრის, რომ როდესაც ხმები იყოფა, გადაწყვეტილება მიღებული არ არის. აქედან გამომდინარე, ჩვენ რაც ყველაზე ძალიან გვაინტერესებს, რომ რუსული კანონის ეს გაერთიანებული სარჩელები წარმოებაში მიიღოს საკონსტიტუციო სასამართლომ და მეტიც, შეაჩეროს საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე ან გარკვეული ვადით, ეს შედეგი ვეღარ დადგება ავტომატურად _ შედეგი, რომელიც სასურველია ქვეყნისთვის და ევროინტეგრაციისთვის. ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო იტყვის, რომ ხმები გაიყო და ჩვენ რა უნდა ვქნათ? ისინი მე კარგად მიცნობენ და იციან ჩემი ბეგრაუნდი, ვინაიდან ეს უკვე რამდენჯერმე აღვნიშნე მედიასთან საუბარში, მოვუწოდებ, არ გადადგან ეს ნაბიჯი და ვისურვებდი, ეს ტრიუკი არ გაუვიდეთ. იმ შემთხვევაში თუ ეს პროგნოზი გამართლდა, იქნება ძალიან სამწუხარო, რადგანაც ეს ყველაფერი ვერანაირად ვერ აღუდგენს იმ ე. წ. ხელისუფლებასთან აფილირებულ მოწყვლად მოსამართლეებს შელახულ რეპუტაციას. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანას არ მისცემს ევროინტეგრაციის სამართლებრივად გაფორმების საშუალებას.
_ ამ სამი დღის მანძილზე უსმენდით მოპასუხე მხარესაც. ისინი წარმოდგენილები იყვნენ სასამართლოზე უმრავლესობის იმ დეპუტატების ნაცვლად, რომლებსაც უნდა დაეცვათ მმართველი პარტიის ინტერესები საკონსტიტუციო სასამართლოში. რამდენად შეიძლება მივიღოთ მათი არგუმენტები მყარად, რომლის მიხედვითაც, შეიძლება ვთქვათ, რომ თუ საკონსტიტუციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს მოსარჩელეების მოთხოვნას, აი სწორედ ამ ძლიერი და მყარი არგუმენტაციების დამსახურებით მოხდა ეს ყველაფერი?
_ ალბათ ხვდებით, რომ ათი წლის განმავლობაში, პირველ ეტაპზე, როდესაც თავმჯდომარის მოადგილე ვიყავი და ერთ-ერთი კოლეგიის თავმჯდომარე და შემდგომ უკვე სასამართლოს თავმჯდომარე, უამრავი პროცესი არის ჩემი მონაწილეობით გამართული საკონსტიტუციო სასამართლოში. მინახავს ძალიან კარგი გამომსვლელი მხარეები, როგორც მოსარჩელე ასევე მოპასუხე და მინახავს სუსტებიც, მაგრამ ეს გამოსვლა, რომელიც ახლა ჰქონდათ საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებს, იყო ძალიან სუსტი, დაუსაბუთებელი და ეს ბუნებრივიც არის, რადგან მოსარჩელეების მხარეს, განსაკუთრებით 78-ე მუხლით, რომლის წარმდგენიც არის სპეცსუბიექტი, ამას ვერ წარადგენდნენ, რადგანაც 78-ე მუხლი კონსტიტუციის მეორე თავის მიღმა არის ჩვენი საკონსტიტუციო სასამართლოს იურისდიქციის მიხედვით. არ შეუძლია ყველას მისი გასაჩივრება. მაგალითად, არასამთავრობოები ამას ვერ გაასაჩივრებდნენ. ამის სუბიექტი იყო პრეზიდენტი, რომელმაც გამოიყენა ეს უფლება და შეიტანა კიდევაც. ეს პირველი პრეცედენტია, როდესაც პრეზიდენტი სარჩელით მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს და მით უფრო იმ საკითხზე, როდესაც ევროინტეგრაციის საკითხი იხილება. ჩვენ ნაწილობრივ ვნახეთ ის, რომ როდესაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი იხილებოდა 78-ე მუხლთან დაკავშირებით, იყო გარკვეული მსჯელობები. მაგრამ ახლა როგორც დადებით ასევე უარყოფით შემთხვევაში, სარჩელის არსებით განხილვაში მიღებას ან არმიღებას ვგულისხმობ, ორივე შემთხვევაში სასამართლოს მოუწევს 78-ე მუხლთან დაკავშირებით მსჯელობა. თუ მიიღებს წარმოებაში, რატომ მიიღო და რა გაიზიარა 78-ე მუხლთან მიმართებით და სხვა მუხლებთან მიმართებით და თუ არ მიიღებს, რატომ არ მიიღო? ვფიქრობ, გავეცანი თითქმის ყველა სარჩელს, განსაკუთრებით პრეზიდენტის და პარლამენტარების სარჩელში ჩვენი პოლიტიკური გუნდი მონაწილეობდა, ჩემი ჩართულობით რაღაც კონსულტაციების დონეზე. იმდენად დასაბუთებულია ეს სარჩელი 78-ე მუხლთან და სხვა მუხლებთან დაკავშირებით, ძალიან რთულია ამ სარჩელის წარმოებაში არმიღება. ისევ რომ დავუბრუნდეთ პარლამენტის წარმომადგენლებს, ისინი ზუსტად იმის გამო, რომ სარჩელი არის ძალიან მაღალ დონეზე დასაბუთებული, მათ ეს ყველაფერი ართმევთ არგუმენტს იმისა, რომ საწინააღმდეგო ამტკიცონ და ამიტომ ჩანდნენ ისინი ძალიან სუსტად საკონსტიტუციოში მოსამზადებელ სხდომებზე. მათ არ ჰქონდათ სხვა არგუმენტი, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ის წარმომადგენლები, რომლებიც ამ რუსულ კანონთან დაკავშირებით პარლამენტიდან იღებდნენ მონაწილეობას, მე მინახავს სხვა პროცესებზეც, სადაც საკმაოდ ნორმალურად გამოსულან. ის, რომ არგუმენტები არ ჰქონდა მოპასუხე მხარეს და იქ უნდა ყოფილიყვნენ წარმოდგენილი პარლამენტარები და რომ არ მოვიდნენ, ეს კიდევ ერთი ტესტია იმისა, რომ ისინი ძალიან სუსტად არიან და არჩევნების წინ ძალიან დაზიანებულად გამოჩნდებოდნენ, ამიტომ ეს ჯოხი გადატეხეს ახალგაზრდებზე და პარლამენტარები არ გაილანძღნენ. ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა.
_ მმართველმა პარტიამ გარდა რუსული კანონისა სხვა ბევრი საკანონმდებლო აქტი შეიმუშავა და დააინიცირა პარლამენტში. თუმცა ამ შემთხვევაში რუსული კანონის გარდა მინდა, ყურადღება გავამახვილო „ლგბტქ+ პროპაგანდის წინააღმდეგ“ კანონზე, რომლის განხილვის პროცესში „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო გუნდიც იყო ჩართული. იქ არის სხვადასხვა ნიუანსი, რომლებიც საინტერესოა, თანხვედრაშია თუ არა „ოცნების“ მიერ შემუშავებულ ანტიდისკრიმინაციულ კანონთან და ადამიანის უფლებებთან? ხომ არ უნდა ველოდეთ კიდევ ერთ საკონსტიტუციო დავას სასამართლოში?
_ ეს „ოცნების“ ერთ-ერთი წინასაარჩევნო ფანდია. ისინი, როგორც პოლიტიკური თაღლითები, მატყუარებად და გადამგდებებად ჩამოყალიბდნენ და მათი წინასაარჩევნო ფანდია თითქოს ოჯახის სიწმინდეზე ზრუნავენ და თითქოს ბავშვები აინტერესებთ ან ასეთი დაცული სიკეთეები. არა, მათ ეს არ აინტერესებთ, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, მათ ერთადერთი აინტერესებთ, რომ როგორმე გაიხანგრძლივონ ხელისუფლებაში ყოფნა, შეინარჩუნონ ძალაუფლება იმდენად, რამდენადაც საზოგადოების უმრავლესობისთვის ცნობილია და თანხმდება იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ შემჩნეულია აპოლიტიკურ კორუფციაში, შემჩნეულია 25 ოჯახის უზომოდ გამდიდრებაში ჩვენი ბიუჯეტით და ქართველი ხალხის ხარჯზე. მათ უნდათ, რომ ამ დაგროვილი შავი ფულით და კორუფციით მიღებული ფულით, დამოუკიდებელი, თავისუფალი არჩევნები კი არ ჩაატარონ, ნაყიდი ჰყავთ როგორც ცესკო (ასე ჩანს), ასევე სახალხო დამცველი, რომლებიც გამოდიან და ერთობლივ განცხადებებს აკეთებენ. ზუსტად ასეთი არადამოუკიდებელი, ხელისუფლებასთან აფილირებული და მოწყვლადი სახალხო დამცველი და ცესკოს თავმჯდომარე სჭირდებოდა „ქართულ ოცნებას“, რომ ის შედეგები დაეწერათ, რაც მათთვის სასურველი იქნებოდა, რათა შეენარჩუნებინათ ხალხისგან ნაძარცვი ფული, მაგრამ ეს არ იქნება. 26 ოქტომბერს, უბრალოდ, ივანიშვილის „ოცნების“ ოპოზიციაში გადასვლა გაფორმდება. ქართველ ხალხს უკვე გადაწყვეტილი აქვს, რომ „ოცნება“ ცალსახად უნდა წავიდეს ოპოზიციაში იმიტომ, რომ ისინი დგანან კორუფციაზე, ტყუილზე, პოლიტიკურ თაღლითობასა და შავ ფულზე. ასე რომ, ის კანონპროექტები, რომლებიც წარდგენილია, დიდი ალბათობით, ჩემი განვლილი გზა და შეხება კონსტიტუციურ სამართალთან მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ისინი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ასევე შეგახსენებთ, რომ მათ კონსტიტუციური კანონპროექტი აქვთ ინიცირებული, რაც აძლევს იმის საშუალებას, რომ მოგვისპონ გზა, წავიდეთ საკონსტიტუციო სასამართლოში და გავასაჩივროთ, რადგან კონსტიტუციის კონსტიტუციურობასთან შემოწმების იურისდიქცია საკონსტიტუციო სასამართლოს დღეს არ გააჩნია. ამაზე 26 ოქტომბრის მერე, როდესაც კოალიციური მთავრობა მოვა, იქნება საკითხავი, რადგან თქვენს კითხვაზე უცებ რომ გცემთ პასუხს, უკვე მეფიქრება, რომ თუ რაიმეს ჩაწერას მოასწრებს კონსტიტუციაში ისეთი არადემოკრატიული და ავტორიტარული ძალა, როგორიც ივანიშვილის „ოცნებაა“, ამის კონსტიტუციურობის შემოწმებისა და რევიზიის არანაირი საშუალება ჩვენ აღარ გვრჩება. ანუ თუ კონსტიტუციაში რაღაც ჩაწერეს, როგორც, მაგალითად: დედა-დედაა და მამა-მამაა, იმის რევიზიას ჩვენ ვერ მოვახდენთ. საკონსტიტუციო სასამართლო ხომ კონსტიტუციასთან მოქმედი კანონმდებლობის შემოწმებასა და ამის ტესტს აკეთებს და არა კონსტიტუციის კონსტიტუციასთან, ამ ნომრებს ვერ ადარებს. დღევანდელი საკანონმდებლო იურისდიქციით, კონსტიტუციას უნდა შეესაბამებოდეს ქვემდგომი საკანონმდებლო აქტები, რაც კი არის კანონქვემდებარე და საკანონმდებლო. თუ კონსტიტუციაში ჩაწერა ვინმე ავტოკრატმა არადემოკრატიული და ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო, ამის რევიზია, ფაქტობრივად, ვერ ხდება. ამაზეც საფიქრალია.
_ და საუბრის ბოლოს, მოკლედ რომ შევაფასოთ ის მოლოდინები, რაც იყო 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების მერე, სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით და ის რეალობა, რაც გვაქვს 12 წლის შემდგომ.
_ გაგახსენებთ, რომ 12 წლის წინათ, როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, მათ ერთ-ერთი მთავარი დაპირება ქართველი ამომრჩევლებისა და ქართული საზოგადოების მიმართ ჰქონდათ სასამართლოს დამოუკიდებლობის მიღწევა და ისინი მაშინ აპელირებდნენ, რომ სააკაშვილის ხელისუფლებას მიტაცებული აქვს სასამართლ, ზოგადად მართლმსაჯულება და ის უნდა განთავისუფლდეს და გახდეს დამოუკიდებელი. რეალურად რა მივიღეთ? ჩვენ მივიღეთ სასამართლო რეფორმის რამდენიმე ტალღა, რომელიც მოარგეს აშშ-ის მიერ კორუფციისთვის დასანქცირებული ჩინჩალაძე-მურუსიძისთვის ამ დანაშაულებრივ-კორუფციულ სინდიკატს, რომელიც თავს გრძნობს ახლა ძალიან დაცულად, ვინაიდან მათ „ოცნების“ მიერ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, ფაქტობრივად, ინდულგენციები მიიღეს. შეგახსენებთ, რომ როგორც ვენეციის კომისიამ, ასევე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ასევე ევროკავშირმა არაერთი კრიტიკული შეფასება მისცეს მათ მიერ სასამართლო სისტემაში განხორციელებულ ბოლო ცვლილებებს და დამატებებს. ვინაიდან ისინი ამბობენ, რომ ეს გავლენის ჯგუფი, რომელიც არის სასამართლოში და რომელსაც ასევე ეძახიან კლანს (მე ვუწოდებ, მაგალითად, დანაშაულებრივ-კორუფციულ სინდიკატს), ესენი მხოლოდ ამათ გაძლიერებას ემსახურებოდა და არა სასამართლოს დამოუკიდებლობას. შესაბამისადვე, ჩვენ რა მივიღეთ? _ მივიღეთ ჩინჩალაძე-მურუსიძის კორუფციული სინდიკატი, რომელსაც ივანიშვილი უკვეთავს როგორც პოლიტიკურ ქეისებს, ასევე იმ პოლიტიკური კორუფციის მაღალი დოზის შემცველ საქმეებს. როდესაც გადავხედავთ, რამდენი შემოვიდა პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ან ზოგადად ინვესტიცია, ვნახავთ, რომ ეს ყველაფერი არის კატასტროფულად შემცირებული და რატომ? პირველ რიგში, როდესაც ინვესტორი შემოდის ქვეყანაში და აპირებს ფულის დაბანდებას, ის რას კითხულობს? _ ეკონომიკურ მდგომარეობას და სასამართლოს დამოუკიდებლობას, რადგანაც ხვალ-ზეგ მას რომ მოუწიოს დავა ამ ქვეყანაში და სასამართლო არ არის დამოუკიდებელი _ ერთ შემთხვევაში „ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეც, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეც, პარლამენტის თავმჯდომარეც, პრემიერიც და პატრიარქიც, ამის ფონზე ნორმალური ბიზნესმენი ფულს არ ჩადებს. როდესაც არ გვაქვს დამოუკიდებელი სასამართლო, მართლმსაჯულება, ეს პირდაპირ აისახება როგორც ინვესტიციების შემოდინებაზე, ისე ქვეყნის დემოკრატიაზე. დამოუკიდებელი სასამართლო არ გვაქვს, კონსტიტუცია, შეიძლება ითქვას, რომ გვაქვს მარტო ქაღალდზე, გვაქვს ერთ-ერთი ნორმალური კონსტიტუცია, რომელიც არ მოქმედებს, რადგანაც იქ, სადაც წერია, რომ არსებობს კონსტიტუციური ორგანოები, არსებობს ხელისუფლების სამი შტო, ეს ხელისუფლების სამივე შტო რეალურად თავმოყრილია ერთ ადამიანში, „ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეში. ასევე გაგახსენებთ იმ ნონსენსსა და აბსურდს, როდესაც ივანიშვილი მესამეჯერ დაბრუნდა პოლიტიკაში, მას ახლა „ოცნების“ წესდების დონეზე შეუძლია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის წარდგენა პირობითად 26-ში. „ოცნებამ“ რომ მოიპოვოს 76 მანდატი და რეალურად ივანიშვილი კი არ წარდგება, კანონმდებლობით არის გათვალისწინებული ის, რომ ის წარადგინოს გამარჯვებული პარტიის თავმჯდომარემ და არა საპატიო თავმჯდომარემ. მათ ეს „ოცნების“ წესდებაში ჩაწერეს („ოცნების“ წესდების მიხედვით, პრემიერ-მინისტრის კანდიდატს პარტიის საპატიო თავმჯდომარე ასახელებს), რაც სასაცილოა, ნორმატიული აქტი ეს არ არის, არც საკანონმდებლო, არც კანონქვემდებარე, ეს არის პარტიის წესდება. პარტიის წესდება აქციეს კონსტიტუციად. აი, ეს მდგომარეობა გვაქვს სასამართლოშიც და ზოგადად ქვეყანაში.