- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2024-05-30 05:21:40
გიგა გელხვიიძე
რა იმალება აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებში? რამდენად არის ის მხოლოდ პიროვნული და რა ზეგავლენა შეიძლება იქონიოს ზოგადად ქვეყანაზე?
სანქციებში მკაცრად არის განსაზღვრული ის ნაწილი, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება მოიქცევა შესაბამისად და ის შეწყვეტს ანტიევროპული და ანტიდასავლური გზით სვლას, საქართველოს სამხედრო თვალსაზრისით დაეხმარებიან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, რომლის 20%-ზე მეტი უკვე ოკუპირებულია და მცოცავი ოკუპაცია ჯერ კიდევ გრძელდება.
მას შემდეგ, რაც აშშ-ის სანქციების შესახებ გახდა ცნობილი, ძირითადი აქცენტი კეთდება კონკრეტული პოლიტიკური პირებისა და მათი ოჯახების დასანქცირებაზე, ვიზების შეჩერებასა და საბანკო აქტივების შესაძლო გაყინვაზე, თუმცა არსებობს სხვა ტიპის საფრთხეებიც, რომელიც განიხილებოდა ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს პარტნიორობის ნაწილში.
აღნიშნულში შესაძლოა მოიაზრებოდეს სამხედრო დახმარება და ნატო-საქართველოს ურთიერთობა.
საკითხში უკეთ გასარკვევად „ქრონიკა+“ ესაუბრება თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თეონა აქუბარდიას:
_ ქალბატონო თეონა, სანამ დეტალურ განხილვაზე გადავალთ იმ სანქციების, რომლის შესახებაც ჩვენთვის რამდენიმე დღეა გახდა ცნობილი, ზოგადად რომ შევაფასოთ ის.
_ სანქციები არის ქართველი ხალხის მხარდაჭერის გამოხატულება და ეს არის მათ შორის იმის გამოხატულება, რომ მმართველი პარტია უნდა დაუბრუნდეს კონსტიტუციით და ხალხის მიერ განსაზღვრულ საშინაო და საგარეო პოლიტიკურ ვექტორს. ორი საკანონმდებლო პაკეტი არის ინიცირებული, როგორც ცნობილია. ერთი არის წარმომადგენელთა პალატაში „მეგობარი აქტის“ სახით, რომელიც ერთი მხრივ იმ სიკეთეებს სთავაზობს ქვეყანას, რაზედაც, სხვათა შორის, პარლამენტის საგარეო პრიორიტეტების რეზოლუციაში არის აღნიშნული და რისკენაც მიილტვოდა საქართველოს საგარეო კურსი ამერიკასთან ურთიერთობების ფარგლებში, რაც გულისხმობს თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებას, უვიზო რეჟიმს და თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებას. მეორე მხრივ, იმ შემთხვევაში, თუ კონსტიტუციური ჩარჩოდან გადის „ქართული ოცნება“, რაც ნიშნავს იმას, რომ ვეტოს დაძლევენ, სანქციები გათვალისწინებულია ერთი მხრივ „ოცნების“ უმრავლესობისა და პოლიტიკური აქტორების მიმართ, მათ შორის ადამიანის უფლებების დარღვევის, კორუფციისა და რუსული გავლენების გაზრდის; და მეორე: სენატის მიერ ინიცირებულ „საქართველოს აქტში“ ღიად არის საუბარი, რომ ორმოცდაათი მილიონის მობილიზება მოხდება იმისთვის, რომ მხარი დაუჭირონ სამოქალაქო ორგანიზაციებს დემოკრატიის დასაცავად და, იმავდროულად, რუსული გავლენების წინააღმდეგ ბრძოლაში. ყველაზე მძიმე მოცემულ სანქციებში არის ის, რომ დასრულდება დახმარება, შეჩერდება სტრატეგიული პარტნიორობა და ყველაზე მტკივნეული, სიმართლე გითხრათ, ჩემთვის არის ის, რომ მოხდება ჯარის მხარდაჭერის გაუქმება.
_ ჯარის ნაწილზე რომ ვისაუბროთ უფრო ვრცლად, რადგანაც უმეტესწილად საუბარია ინდივიდუალურ სანქციებზე, სავიზო ნაწილზე და ნაკლებად გვესმის მსჯელობა ის მნიშვნელოვან თემაზე, რომელიც უკავშირდება ჯარს.
_ სავიზო არაფერ შუაში არ არის და არ არის იმდენად მტკივნეული, საერთოდ არ მაინტერესებს, ალუდა ღუდუშაური ყაზბეგში გადაიღებს სელფებს თუ _ შეერთებულ შტატებში. მთავარი არის ჯარის ნაწილი, ქვეყანა, რომლის 20% არის ოკუპირებული და ჩვენი თავდაცვის პოლიტიკის ორი მიზანი არსებობს, შეკავება და თავდაცვა. შეკავება გულისხმობს: ისეთი ძლიერი ჯარი გვყავს, რომ მტერი არც კი ფიქრობს ჩვენზე თავდასხმას. 33 000 000-ზე იყო საუბარი ყოველწლიურ დაფინანსებაზე ჩვენი თავდაცვის ძალების, ისევე როგორც მათ შორის ჯაველინები ანტისატანკო, ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები, რომლებიც შეერთებულმა შტატებმა ჩვენს სახელმწიფოს გადმოსცა, ის პროგრამა თავდაცვასთან დაკავშირებით, რაც შეერთებულ შტატებს აქვს მედეგობის გაძლიერების კუთხით და ტერიტორიული თავდაცვის მოსამზადებლად და გასაძლიერებლად, ყველაფერი მორჩება. სამხედრო სწავლებები, რომლებიც ამერიკელებთან ერთად იმართებოდა საქართველოში, ესეც დასრულდება და ეს ბუნებრივია გავრცელდება ნატოზეც. არა მხოლოდ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის იქნება სამხედრო სწავლებები დასრულებული, არამედ ნატოს წევრებთანაც, სადაც ამერიკას მთავარი განმსაზღვრელი ადგილი უჭირავს და ეს არის ინდიკაცია იმის, რომ საქართველო უშუალოდ გავლენაში შევა. შესაბამისად, კალაძე, რომელიც ლაპარაკობს, რომ ის მზად არის დარჩეს საქართველოში და ამ თავდაცვის ნაწილს არაფრად აგდებს, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ მთელი მათი პოლიტიკა არის რუსეთის გავლენის ქვეშ ქვეყნის შეთრევა, ამიტომ არის მთელი ეს პროცესი ღალატი, რომ კონსტიტუციაში გვიწერია: საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა და იღვწის დემოკრატიული განვითარებისთვის და კონსტიტუციაში გვიწერია ნატო და ევროკავშირი, ამ კანონით (რუსული კანონი) კი ორივეს უპირისპირდებიან ისინი საბოლოო ჯამში.
_ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებების მიხედვით, ისინი არ აპირებენ უკან დახევას. თუ დაძლევენ პრეზიდენტის ვეტოს და ქვეყანას დაუწესდება სანქციები, არა მხოლოდ ამერიკის მხრიდან, არამედ ევროკავშირიდანაც, როგორც ეს არის დაანონსებული, რამდენი წლით მოუხდება ქვეყანას უკან დახევა?
_ 30 წლით დავიხევთ უკან, აი 90-იანი წლების პერიოდში, რაც მე პირადად მაქვს გამოვლილი, დაგვაბრუნებს იქ, ან კიდევ უარესში. თუ რამემ გადაგვარჩინა 90-იანებში, ეს იყო დასავლური მიმართულება ყველა მხრივ, არა მხოლოდ ჯარის აშენების, რაც აბსოლუტურად დასავლეთის მხარდაჭერაზე იდგა. ეკონომიკა, განათლება, თავდაცვა, ინფრასტრუქტურა. უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდებოდა აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით. აზიის განვითარების ბანკში ამერიკას აქვს ძალიან დიდი როლი და ის შეღავათიანი სესხები, რომლებსაც საქართველო იღებდა, მათ შორის, გზების აშენების, სოფლებში ინფრასტრუქტურისთვის ეს ყველაფერი დამთავრდება. საბოლოოდ ივანიშვილი გვთავაზობს, რომ საქართველო უნდა გახდეს ქვეყანა, სადაც რუსული შავი ფული გაირეცხება. სადაც ავტორიტარული წყობა იქნება, საიდანაც ხალხი კვლავ გაიქცევა და, რა თქმა უნდა, აისახება ფინანსურ ნაწილში. ფაქტობრივად, ეს არის რუსეთის მხრიდან შუა დერეფნისთვის ბრძოლა, იმ შუა დერეფნისთვის, სადაც ევროკავშირს ჰქონდა განსაკუთრებული პროექტები და სადაც საქართველოს უნდა ეხეირა, როგორც გეოპოლიტიკური და ფინანსური კუთხით.
_ ჩვენ ბოლო დღეებში განსაკუთრებით ვხედავთ მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებებს, რომლებიც პირდაპირ ამბობენ, რომ არ დათმობენ პოზიციებს და ამავდროულად ვისმენთ განცხადებებს რუსეთის მხრიდან, რომელიც ერთი ერთში ემთხვევა „ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებებს. ამ ფონზე, რამდენად გაქვთ იმის მოლოდინი, რომ წინამორბედების მსგავსად ბიძინა ივანიშვილი დათმობს პოზიციებს არჩევნების გზით?
_ ღია ლუსტრაცია არის, როდესაც პუტინი გამოდის და ექომაგება კობახიძეს, როგორც რუსეთის დუმის წევრები და მხოლოდ რუსეთი იწონებს ამ კანონს. ხოლო სრულიად ჩვენი მეგობრები გვეუბნებიან, რომ ეს დაღუპავს ქვეყანას, ყველაფერი არის კრემლის დაკვეთა და „ქართული ოცნება“ ცეკვავს კრემლის დაკრულზე, საკუთარი ხალხის, საკუთარი კონსტიტუციისა და ჩვენი მეგობრების წინააღმდეგობის მიუხედავად. თუმცა ჩვენ აქ გვაქვს ოქტომბერი, არჩევნების თვე და მიუხედავად იმისა, რომ ეს არჩევნები არც თავისუფალი იქნება და არც სამართლიანი, აქ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ გავუშვათ არა მხოლოდ რუსული კანონის ავტორები და არამედ რუსული მთავრობაც.
_ სწორედ ამ თემას მინდა, რომ კიდევ უფრო ჩავუღრმავდეთ. რუსული კანონის მიხედვით, შეიძლება საქართველოში ვეღარ შემოვიდნენ უცხოელი დამკვირვებლები და შესაძლებელია, არ გადააბაროს სულაც ივანიშვილმა ხელისუფლება არჩევნების გზით, როგორც ეს ზემოთ აღვნიშნე შეკითხვაში. როგორი მოლოდინი გაქვთ?
_ ვფიქრობ, რომ წავა, მაგრამ შემდგომ უკვე დგება ლეგიტიმაციის საკითხი. დასავლეთმა უნდა აღიაროს ლეგიტიმაცია, ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში და თუ არ მოხდება ლეგიტიმაცია, რა თქმა უნდა, სრულ იზოლაციაში იქნება ივანიშვილი და მერე უკვე ხალხსაც აქვს სათქმელი ამ ყველაფერზე. შესაბამისად, დაველოდოთ ოქტომბერს. ნიშნები არის იმისა, რომ ძალიან სწრაფად წავა შეუქცევადად ცუდი პროცესები, მაგრამ მაინც მინდა იმედი ვიქონიო, სადღაც რაღაც დროში მიხვდებიან, რომ ეს სიგიჟე უნდა დაასრულონ. შემდეგ ერთი ნაბიჯი რჩება ქვეყანაში რუსეთის ჯარის შემოყვანამდე, თუ გავითვალისწინებთ იმ ტემპს, რა ტემპითაც ისინი მიდიან ქვეყნის წინააღმდეგ და ღმერთმა დაიფაროს საქართველო, ეს რომ მოხდეს.
_ რა როლი ითამაშა სალომე ზურაბიშვილმა იმ ყველაფერში, რაც ახლა ხდება?
_ სალომე ზურაბიშვილი, როგორც ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუციის წარმომადგენელი, როგორც პრეზიდენტი, ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვაში და რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ, ეს არის ქვეყნის სუვერენიტეტის მიტაცების მცდელობა. შესაბამისად, პრეზიდენტის სიტყვა, ისევე როგორც მისი ქმედებები, არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა რუსული რეჟიმის მიმართ წინააღმდეგობის გასაწევად. მათ შორის მისი განცხადებები და მოწოდებები, ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტს ხელშესახებ შედეგში ითარგმნება და უკვე პოლიტიკურ პროცესებზე არის ყველაფერი დამოკიდებული, რომელიც უნდა აიღონ პოლიტიკოსებმა ხელში. გარკვეულწილად უნდა შედგეს გაერთიანება არა მხოლოდ პარტიული ინტერესების, არამედ სუვერენიტეტის დაცვის საქმეში. ვფიქრობ, რომ 28 მაისის შემდეგ, როდესაც ვეტო იქნება დაძლეული, ეს გამოჩნდება.
_ რამდენად მნიშვნელოვანია აქციების მუხტის შენარჩუნება და გაქვთ თუ არა იმის მოლოდინი, რომ 28 მაისიდან კიდევ უფრო გაიზრდება საპროტესტო მუხტი?
_ ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია წინააღმდეგობა, რომელსაც ხალხი აჩვენებს და ამ წინააღმდეგობას მოჰყვება ადამიანების ერთობა, როგორც სხვა დანარჩენი იმ პატრიოტი ქართველების, რომლებსაც სჯერათ, რომ საქართველოს ადგილი არის ევროპაში და არა რუსეთში. შესაბამისად, ამ წინააღმდეგობამ უნდა გადატეხოს ის ძალა, რაზედაც დგას დღეს „ქართული ოცნება“ და ამ წინააღმდეგობამ უნდა შეგვაძლებინოს ოქტომბრამდე მისვლა იმგვარად, რომ ყველა გამოვიდეს არჩევნებზე და ყველამ უთხრას „რუსულ ოცნებას“ არა.