QronikaPlus
მარკეტა გრეგოროვა: „გავლენების კანონის“ ინიცირება ამ ხელისუფლებისთვის არის საზარელი პოზიცია“

მარკეტა გრეგოროვა: „გავლენების კანონის“ ინიცირება ამ ხელისუფლებისთვის არის საზარელი პოზიცია“

2024-04-22 04:49:38

მიხეილ ხაჩიძე

საქართველოს ხელისუფლება მიზანმიმართულად ამძაფრებს ურთიერთობებს დასავლეთთან. ბოლო კვირებში საქართველოს პარლამენტში ორი ინიციატივა დარეგისტრირდა, რომელთაგან ორივეს აქვს დიდი შანსი, გახდეს პრობლემა ევროკავშირის წევრობის გზაზე.

კერძოდ, პარლამენტს ოფიციალურად წარედგინა წინადადებები კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლებიც მიზნად ისახავს „ლგბტ პროპაგანდის დაპირისპირებას“. რამდენიმე დღით ადრე კი მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვაზე დაბრუნება, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას დაარეგულირებს. „უცხო აგენტების შესახებ“ რუსული კანონის პირველი რედაქციის მსგავსი კანონპროექტის გატანა საქართველოს ხელისუფლებამ ერთი წლის წინათ სცადა, მაგრამ დასავლეთის ზეწოლისა და ქვეყნის შიგნით ფართომასშტაბიანი პროტესტის გამო იძულებული გახდა, უკან გაეწვია.

რა ფასი ექნება ამ კანონის ინიცირებას დასავლეთთან ურთიერთობაში? რატომ უნდა დააყენოს ოფიციალურმა თბილისმა თავისი ევროპული მომავალი საფრთხის ქვეშ?

არჩევნების მოლოდინში

გასული წლის ბოლოს საქართველომ მიიღო ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი. ამის მიუხედავად, ბრიუსელსა და თბილისს შორის ურთიერთობას ძნელად თუ შეიძლება ვუწოდოთ კარგი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური რიტორიკა კანდიდატის სტატუსის მინიჭებას თბილისის დამსახურების აღიარებას უწოდებს (ისინი ამტკიცებენ, რომ საქართველო ამჟამად უფრო ახლოს არის ევროკავშირის სტანდარტებთან, ვიდრე ყველა სხვა კანდიდატი ქვეყანა), ევროკავშირისთვის ეს არის პოლიტიკური ნაბიჯი, უპირველეს ყოვლისა, თავიდან აიცილოს საქართველოს კიდევ უფრო დაახლოება რუსეთის ფედერაციისკენ. მეტიც: ბრიუსელში არაერთხელ განმარტეს, რომ კანდიდატის სტატუსი არა იმდენად საქართველოს ხელისუფლების, არამედ საზოგადოების მიღწევაა. ამ კონტექსტში გავიხსენოთ ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები, რომელიც გაიმართა გასული წლის მარტში რუსეთის „უცხოური აგენტების შესახებ კანონის“ ანალოგის მიღების მცდელობის წინააღმდეგ.

ამასთან, საქართველომ ბევრი „საშინაო დავალება“ მიიღო. მისი განხორციელების გარეშე არ მოხდება გადასვლა შემდეგ ეტაპზე _ თავად გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნაზე. და ამ ამოცანის უმთავრესი ნაწილია სამართლიანი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან წინა არჩევნებმა, რომელიც 2020 წლის შემოდგომაზე გაიმართა, მწვავე კრიტიკა გამოიწვია როგორც ოპოზიციის, ისე საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან, დაიწყო ღრმა პოლიტიკური კრიზისი, საიდანაც საქართველო ჯერ კიდევ არ გამოსულა. არჩევნების კონტექსტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ევროკავშირის მიერ „საშინაო დავალების“ შესრულებამ შეიძლება მნიშვნელოვნად გაართულოს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და, შესაბამისად, შეასუსტოს „ქართული ოცნების“ პოზიციები ამ არჩევნებზე.

თამაში ფსონების ასამაღლებლად

სკანდალური ინიციატივების გამოჩენას წინ უძღოდა საქართველოს ხელისუფლებასა და დასავლეთს შორის ურთიერთობების კიდევ ერთი გაუარესება. კერძოდ, ევროკავშირის მხრიდან გაძლიერდა სასამართლო რეფორმის მიმდინარეობის კრიტიკა, ასევე საარჩევნო რეფორმის უკანდახევა. „საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებული სისტემური პრობლემების გადასაჭრელად, აუცილებელია შეიქმნას კანდიდატებისა და იმ პირების სრულყოფილების საგანგებო შემოწმების სისტემა, რომლებიც ამჟამად სასამართლო სისტემაში ყველა წამყვან პოზიციას იკავებენ“, _ ნათქვამია ევროკომისიის პრესსპიკერ პიტერ სტანოს განცხადებაში, რომელიც მარტში გამოქვეყნდა ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურების ვებგვერდზე.

ევროკავშირი ასევე შეშფოთებულია საარჩევნო ცენტრის ხელმძღვანელის საარჩევნო პროცედურებში ცვლილებებით _ საკითხი, რომელიც ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია მომავალი არჩევნების კონტექსტში. აქამდე ცენტრალური კომიტეტის ხელმძღვანელის ასარჩევად ხმების საკონსტიტუციო უმრავლესობა იყო საჭირო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ხელისუფლებას სჭირდებოდა კომპრომისის მოძიება ოპოზიციასთან. თუმცა ამ ნორმამ, ფაქტობრივად, არ იმუშავა _ მმართველმა პარტიამ გამოიყენა ხარვეზი, რომლის მიხედვითაც ცესკოს დროებითი თავმჯდომარის ასარჩევად საკმარისია უბრალო უმრავლესობა, შემდეგ კი ისევ და ისევ ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ხელახლა აირჩიეს. თუმცა გადაწყდა ამ პრაქტიკის მიტოვება და უბრალო უმრავლესობით ცესკოს თავმჯდომარის არჩევას დაუბრუნდა. ეს ნაბიჯი აძლიერებს ხელისუფლების კონტროლს არჩევნების მსვლელობაზე, რაც მკვეთრად გააკრიტიკეს ევროკავშირშიც. შეერთებული შტატები კიდევ უფრო შორს წავიდა. გაფრთხილების მიზნით მან დაიწყო ვიზებზე უარის თქმა ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის. „ამჟამინდელ ხელისუფლებასთან დაახლოებული ოთხი მოსამართლე უკვე დაექვემდებარა სანქციას“, – ამ ნაბიჯის მიზეზად ვაშინგტონში მათი „კორუფციულ საქმიანობაში ჩართვა“ დაასახელეს.

ამ ფონზე საქართველოს ხელისუფლებამ, წესით, უნდა ეძებოს დასავლეთთან ურთიერთგაგების გზები, მაგრამ ამას ის შეგნებულად არ აკეთებს. პირიქით, „ოცნების“ მთავრობა, როგორც ჩანს, მუქარის ენით საუბარს ამჯობინებს.

ის, რომ საქართველოს ხელისუფლება დასავლეთთან ურთიერთობის შემდგომი გაუარესებისთვის ემზადება, ამას მოწმობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელ ილია დარჩიაშვილის ბოლო ვიზიტი ბრაზილიაში. ქართული მასმედიის ცნობით, ვიზიტის მთავარი მიზანი იყო მოლაპარაკებები ბიძინა ივანიშვილის აქტივების ბრაზილიაში განთავსების თაობაზე. თუ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, ეს ნიშნავს, რომ თბილისი ემზადება დასავლეთთან ურთიერთობების მკვეთრი ესკალაციისთვის, რომლის ერთ-ერთი შედეგი უნდა იყოს ივანიშვილის სანქციების სიაში შეყვანა.

მწვავე კრიტიკა დასავლელი პარტნიორებისგან

ის, რომ ე. წ. რუსული კანონი საქართველოსთვის შეუფერებელი და მიუღებელია, ეს პირდაპირ უთხრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, პარასკევს ბერლინში ოფიციალური ვიზიტისას. გერმანიის კანცლერმა კანონი გააკრიტიკა და თქვა, რომ საქართველოში მისი ადგილი არ არის. შოლცმა ერთობლივ კონფერენციაზე საქართველოს პრემიერს პირდაპირ უთხრა, რომ უკმაყოფილოა რუსული კანონის უკან შემობრუნებით და იქვე აღნიშნა, რომ კანონპროექტი ზუსტად შარშანდელის ანალოგია.

„ჩვენ, მთელი ევროკავშირი, ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ ე. წ. აგენტების შესახებ კანონს. ახალი კანონპროექტი, ფაქტობრივად, არ შეცვლილა და ის თითქმის იგივეა, რაც შარშან. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენი და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას. ამიტომ ჩვენს საუბარში კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობას, ოპოზიციისა და მთავრობის თანამშრომლობას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი განვითარებისთვის“, _ განაცხადა შოლცმა. ამასთან, გერმანიის კანცლერმა „ოცნების“ ხელისუფლებას რეფორმები კიდევ ერთხელ შეახსენა და პირდაპირ უთხრა, რომ ევროკავშირში გასაწევრიანებლად აუცილებელია მისი შესრულება. ოლაფ შოლცმა კობახიძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრემიერს უთხრა, რომ 2024 წლის არჩევნები ქვეყნის ევროკავშირში გასაწევრიანებლად მთავარი ტესტი იქნება და აუცილებელია, რომ ის სამართლიანად ჩატარდეს.

„უნდა გაგრძელდეს სასამართლო რეფორმა, ასევე საპარლამენტო დარგში რეფორმა, ასევე დეოლიგარქიზაციის შესახებ რეფორმა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს მომავალ არჩევნებს და აუცილებელია, რომ ის სამართლიანად ჩატარდეს. ეს გახლავთ საფუძველი კანდიდატის სტატუსის განვითარების შემდეგი პროცესისთვის. გერმანია საქართველოსთვის სანდო პარტნიორად რჩება. ჩვენ საქართველოს გზას ევროკავშირის მიმართულებით მომავალშიც დავუჭერთ მხარს“, _ თქვა შოლცმა.

რაც შეეხება „იმედის“ ჟურნალისტის შეკითხვას გერმანიის კანცლერისადმი, რომ მსგავსი კანონი ევროპის ქვეყნებშიც არსებობს და რატომ გამოხატავენ შეშფოთებას საქართველოზე, შოლცი პირდაპირ ამბობს, რომ ასეთი კანონი ევროპაში არ არსებობს: 

„ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა. არსებობს დისკუსია იმის შესახებ, რომ ტრანსფარენტულობა დამყარდეს სხვადასხვა სფეროში, მაგრამ ეს სრულიად სხვა კონცეფცია გახლავთ და, დიდი ალბათობით, არც იქნება გადაწყვეტილი“, _ აცხადებს შოლცი. მანამდე კი კანონი არაერთგზის გააკრიტიკეს ევროდეპუტატებმა და შეერთებულმა შტატებმაც.  ევროპარლამენტარები ერთობლივ განცხადებაში „გარე გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ რუსულ კანონს აკრიტიკებენ და აღნიშნავენ, რომ ის საფრთხეს შეუქმნის საქართველოს პროევროპულ გზას.

ხელმომწერი ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკომისიას, დააკვირდეს, შეესაბამება თუ არა საქართველოს ხელისუფლების ასეთი გადაწყვეტილებები კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.

წერილში საუბარია, რომ ევროკავშირი წელიწადში, საშუალოდ, 100 მილიონ ევროზე მეტ ტექნიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას უწევს საქართველოს – ევროპელი დეპუტატები მიუთითებენ, რომ ეს თანხები მიმართულია საქართველოს დასახმარებლად ძირითადი პროევროპული რეფორმების განხორციელებაში, მათ შორის, ქართველი ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებაზე, ბიზნესის მხარდაჭერაზე, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაზე, ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და ხარისხიანი საჯარო მომსახურებების უზრუნველყოფაზე. „კანონი „უცხოური აგენტების“ ან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს „უცხოეთის აგენტებისა“ და „სახელმწიფოს მტრების“ იარლიყს მიაკრავს, თუ ისინი მიიღებენ ევროკავშირისგან დაფინანსებას ისე, როგორც საქართველოს მთავრობა იღებს მსგავსი საქმიანობისთვის. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვან თავიანთი გასულ წელს დადებული პირობა, გაიტანონ კანონი და სანაცვლოდ იმუშაონ ინკლუზიურ ურთიერთობაზე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან, რომელმაც დაამტკიცა, რომ აკვირდებოდა და მხარს უჭერდა იმ რეფორმების განხორციელებას, რომელმაც საქართველო ევროკავშირის წევრობამდე უნდა მიიყვანოს. „მოვუწოდებთ ევროკომისიას, დააკვირდეს, შეესაბამება თუ არა საქართველოს ხელისუფლების ასეთი გადაწყვეტილებები კანდიდატი ქვეყნის სტატუსს და დროულად უზრუნველყოს საკუთარი შეფასების გამოქვეყნება.

ჩვენ გვესმის და მხარს ვუჭერთ იმ ფაქტს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების რეგრესული პროცესის შემთხვევაში, ევროკომისიას შესაძლოა მოუწიოს გაფართოების პროცესის საწყის პოზიციებზე დაბრუნება“, – ნათქვამია განცხადებაში. თავის მხრივ, კრიტიკა ისმის შტატებიდანაც. სენატორები, ბენ კარდინი და ჯინ შაჰინი „ქართული ოცნების“ მიერ ხელახლა ინიცირებულ კანონპროექტს აკრიტიკებენ და შეშფოთებას გამოთქვამენ. სენატში გამართულ მოსმენაზე, UშAID-ის ხელმძღვანელმა, სამანტა პაუერმა, თქვა, რომ „უცხოეთის აგენტის მსგავსი კანონის ადგილი ევროპაში არ არის“.

„საქართველოს მთავრობა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების დივერსიას აწყობს“.

„ბრიუსელი შიშობს, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების დივერსიას აწყობს“, _ ამ სათაურით კი სტატიას ავრცელებს POLIთIჩO.

„ქართული ოცნების“ ადმინისტრაცია გასული წლის მარტში იძულებული გახდა, გაეწვია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ქუჩის საპროტესტო აქციების შემდეგ. ახლა, წინადადებების „უპირობოდ“ გატანის დაპირებიდან ერთი წლის შემდეგ, მთავრობამ კვლავ აღადგინა ის“, _ ნათქვამია მასალაში. გამოცემა წერს, რომ ამ ნაბიჯებს ბრიუსელში მკაცრი შეფასებები მოჰყვა.

„შარშან გააფრთხილეს რა, რომ საქართველოს მთავრობის წინადადებები „შეუსაბამო იყო ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან“, ოფიციალურ პირებს ახლა ყველა მიზეზი აქვთ, რომ „უცხოური აგენტების“ კანონპროექტი ურთიერთობებში განხეთქილების შეტანის მიზანმიმართულ მცდელობად აღიქვან“, _ აღნიშნულია სტატიაში.

POLIთIჩO ციტირებს ევროკომისიის პრესსპიკერის სიტყვებს, რომელმაც გამოცემასთან ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრა: „საქართველოში მმართველი პარტიის განცხადება კანონპროექტის ხელახლა შეტანის შესახებ სერიოზულად შემაშფოთებელი მოვლენაა და მოვუწოდებთ საქართველოს, გაიწვიოს ეს კანონპროექტი, მთავრობისა და მმართველი პარტიის საჯარო ვალდებულებების შესაბამისად. ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი იმ პირობით, რომ გადაიდგას მთელი რიგი ნაბიჯები, მათ შორის, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა და სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციებისა და ჩართულობის უზრუნველყოფა“. მისივე თქმით, კომისია გაფართოების მომავალ ანგარიშში, რომლის წარდგენაც შემოდგომაზე იგეგმება, შეაფასებს წარდგენილი კანონპროექტის გავლენას და საქართველოში არსებულ მდგომარეობას.

ამ ფონზე „ქრონიკა+“-მა ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა ევროდეპუტატ მარკეტა გრეგოროვასთან:

ჩეხი ევროპარლამენტარი საქართველოს მჭიდრო მეგობარი და, შეიძლება ითქვას, ლობისტია ევროპაში. ის საქართველოს ევროპულ გზას აქტიურად უჭერს მხარს. თუმცა დღეს ჩვენს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ფონით შეშფოთებულია და მწვავე განცხადებებსაც აკეთებს:

_ ქალბატონო მარკეტა, მოგეხსენებათ, „ოცნების“ მთავრობა საქართველოში ე. წ. რუსული კანონის ხელახალ ინიცირებასა და დამტკიცებას ცდილობს. პირველ რიგში, რას ნიშნავს ეს?

_ ეს კანონი არის იმედგაცრუება საქართველოს პროგრესის მიმართ ევროკავშირისკენ. კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს Bლანკ ცჰექუე (გადატანითი მნიშვნელობით ეს ტერმინი გამოიყენება სიტუაციის აღსაწერად, როდესაც შეთანხმება დაიდო, რომელიც არის ღია ან ბუნდოვანი და, შესაბამისად, ექვემდებარება ბოროტად გამოყენებას; ან როდესაც მხარე მზად არის, განიხილოს ნებისმიერი ხარჯი თავისი მიზნების მისაღწევად, _ რედ.), ევროპული ღირებულებებიდან ორი ნაბიჯით უკან დახევისკენ.

_ რა საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზაზე რუსული კანონის ხელახალი შემოღება?

_ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოება და არასამთავრობო სექტორი გადამწყვეტია მოქმედი დემოკრატიისთვის და ის ევროპული ღირებულებების ერთ-ერთი საყრდენია. ასე რომ, დიახ, კანონმდებლობა, რომელსაც შეუძლია ზიანი მიაყენოს სამოქალაქო საზოგადოებას, ეწინააღმდეგება ევროპულ გზას და მხოლოდ იმედი მაქვს, რომ ის არ წავა რუსეთის გზაზე.

_ რატომ თამაშობს „ოცნება“ ევროპისა და რუსეთის ორბიტაზე, თქვენი აზრით, რას ემსახურება მისი ეს ქცევა, ერთგვარი არასტაბილურობის განცდა, _ შარშან გააუქმეს კანონი, წელს ისევ შემოიღეს?

_ მე არ ვიცი, რა მიზანს ემსახურება ამ მეტად კრიტიკული კანონმდებლობის ხელახალი შემოღება. საბოლოოდ მაინტერესებს არა მიზეზები, არამედ შედეგი. შედეგი კი ის არის, რომ ეს შეიძლება დაეხმაროს რუსეთის ინტერესებს საქართველოში და ვფიქრობ, რომ ეს არის ამ ხელისუფლებისთვის საზარელი პოზიცია.

_ შარშან, საპროტესტო აქციების შემდეგ, კანონი უკან გაიწვიეს და თქვეს, რომ აღარასოდეს დააბრუნებდნენ მას, მაგრამ ეს დაპირებები, ისევე როგორც ბევრი სხვა, დაარღვეს, ხალხი მოატყუეს და რუსეთის კანონს დაუბრუნდნენ. რას გვეუბნება მათი ქცევა, უფრო ცალსახად რომ შევაფასოთ?

_ რომ ისინი გრძნობენ საფრთხეს სამოქალაქო და არასამთავრობო სექტორის მხრიდან, ალბათ, და უნდათ გააკეთონ ყველაფერი,  მიუხედავად გამოხმაურებისა. მით უმეტეს საარჩევნო წელს.

_ როგორ ფიქრობთ, რა უნდა გააკეთონ ადამიანებმა, საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებსაც მთელი სულით ევროპაში უნდათ, რომლებიც თავს ევროპული ოჯახის წევრებად მიიჩნევენ?

_ ის, რაც გააკეთეს ბოლო პერიოდში: მიაწოდონ თავიანთი ხმა  მთავრობას სხვადასხვა საშუალებებით _ პროტესტით, ელექტრონული ფოსტით, ლობირებით _ რა უნდათ მათგან. საბოლოო ჯამში, ყველა პოლიტიკურ პარტიას სურს იყოს არჩევითი.

_ რას მოიმოქმედებს ევროპა, იქნება თუ არა ძლიერი რეაქციები, მკაცრი სანქციები და ა. შ.? უნდა ველოდოთ რამე მძრაფრს?

_ ვიმედოვნებთ, რომ სტრასბურგის პლენარულ სხდომაზე გვექნება დებატები საქართველოში არსებულ ვითარებაზე. რაც შეეხება საბჭოსა და კომისიას, მათი მითითებები კანდიდატის სტატუსის მიღწევის შესახებ საუბრისას მოვა.

_ რას უნდა ველოდოთ უახლოეს პერიოდში, რა პროგნოზს გააკეთებდით?

_ ვფიქრობ, ჩვენ უნდა დაველოდოთ ევროპის არჩევნების შედეგს, რომ რეალური პროგნოზი გავაკეთოთ.

გაზიარება