QronikaPlus
ლევან ბერძენიშვილი: „ბიძინა ივანიშვილი პირადად გამოჩნდა და თქვა, რომ ეს კანონი მისაღებია“

ლევან ბერძენიშვილი: „ბიძინა ივანიშვილი პირადად გამოჩნდა და თქვა, რომ ეს კანონი მისაღებია“

2024-04-22 04:05:52

ირინა მაკარიძე

35 წელი გავიდა 1989 წლის აპრილის მოვლენებიდან, როდესაც საქართველო მარტო აღმოჩნდა პირისპირ საბჭოთა იმპერიასთან. 35 წლის შემდეგ ქვეყანას, რომელიც ევროკავშირის კანდიდატის წევრობის სტატუსი აქვს, უწევს ბრძოლა მოპოვებულის შესანარჩუნებლად.

„რუსულ კანონზე“, მომავალ არჩევნებსა და კოალიციური მმართველობის გამოცდილებაზე, ასევე იმაზე, თუ რამ გააღიზიანა ბიძინა ივანიშვილი და რამ გამოიწვია „ოცნების“ კოალიციის დაშლა, „ქრონიკა+“-ს ესაუბრება პოლიტიკოსი, რესპუბლიკური პარტიის ყოფილი წევრი, ექსპარლამენტარი, ფილოლოგიის პროფესორი, მწერალი და მთარგმნელი ლევან ბერძენიშვილი:

_ ცოტა უცნაურია, ამდენი წლის შემდეგ ისევ გვიწევს ლაპარაკი, თუ რა არის რუსეთი და „რუსული კანონი“. მართალია, ჩვენი ხელისუფლება კი ამტკიცებს, რომ ის კანონი, რომელსაც ისინი იღებენ, რუსული არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ ეს კანონი მიმართულია ამერიკისა და ევროპის წინააღმდეგ. მაშინ, როდესაც საქართველომ მიაღწია წარმოუდგენელ წინსვლას, _ 35 წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა, საქართველო ასე ახლოს იქნებოდა ევროკავშირის წევრობასთან, კანდიდატი იქნებოდა და, საერთოდ, დამოუკიდებელი ქვეყანა იქნებოდა, ბევრს გაუკვირდებოდა. საქართველოს დამოუკიდებლობის იდეამ გაიმარჯვა სწორედ 10 აპრილს, 9 აპრილის მეორე დღეს, ჩვენ ვნახეთ წარმოუდგენელი ურთიერთსიყვარული ქართველებს შორის, რომელიც დათესა იმ საშინელებამ, რაც წინა დღეს მოხდა. კარგად მახსოვს, ამ მოვლენების მონაწილე ვარ. მეორე დღეს უნივერსიტეტის კარში ვიდექი, რომ სტუდენტები გარეთ არ გაგვეშვა, რადგან კომენდანტის საათი იყო და ყოველი ფეხის ნაბიჯზე კონფლიქტი ხდებოდა. წარმომიდგენია, დღეს რომ სტუდენტი ვიყო და ვინმემ კარი დამიკეტოს და არ გამიშვას, რას ვეტყოდი. ვერ წარმოიდგენთ, რა სითბოთი და სიყვარულით ვიყავით ერთმანეთის მიმართ, კამათიც კი მიმდინარეობდა სულ სხვა დონეზე. იმ დღეს დაიბადა ახალი საქართველო და ასეთი დღეები იშვიათია. 26 მარტს გვქონდა ასეთი დღე ურთიერთსიყვარულის. როგორც ჩანს, ხელისუფლება შეაშინა სწორედ ამ დღემ _ ფეხბურთში ჩვენი წარმატების დღემ, როდესაც დაინახა, რომ მისი პოლიტიკა აღარავის აინტერესებს და მგონი, მაგიტომაც შემოიტანეს ეს კანონი ან, უბრალოდ, მათ დაავალეს ეს. ისინი, როგორც ჩანს, ასრულებენ რუსეთიდან ასეთი ტიპის დავალებებს. ეს არის კანონი, რომელიც რუსეთის გარდა არავის მოეწონა. თან გვეუბნებიან, რომ ეს რუსული კანონისგან ამითა და ამით განსხვავდება, ვითომ ჩვენ ვერ ვხვდებით, რომ ამ კანონის მიღებას სხვა კანონები მოჰყვება, ორგანიზაციებიდან შემდეგ ინდივიდებზე გადავლენ, ბოლოს პოლიტიკაში მონაწილეობას აუკრძალავენ ყველას, ბიძინასა და მისი მეგობრების გარდა.

ხელისუფლებას მთლიანად წაშლილი აქვს სახე, ამიტომ ჩვენი მთავარი იმედი ახლა არის ახალგაზრდობა. სხვა ქვეყნებში ასეთ დროს არის მთავარი იმედი ოპოზიციაზე, პოლიტიკოსებზე ხოლმე, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოში გამოიკვეთა, რომ ამ ქვეყანაში ძლიერი არის მარტო ხელისუფლება, ოპოზიცია ვერ არის ჯერ ძლიერი. ამიტომ არჩევნების ბედს გადაწყვეტს ახალგაზრდობა.

_ რას იტყვით 2024 წლის არჩევნების მნიშვნელობაზე?

_ ვფიქრობ, ასეთი მნიშვნელოვანი, როგორიც წლევანდელი არჩევნებია, აქამდე არცერთი არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ არის ასეთი წარმოდგენა, თითქოს არჩევნებით არაფერი შეიცვლება, მე ასე არ ვფიქრობ. ჩემი აზრით, თუ გამოვავლენთ სათანადო კულტურას და მოსახლეობა მივა არჩევნებზე და რაც მთავარია, ახალგაზრდა თაობა მივა არჩევნებზე, ყველაფერი გადაწყდება სწორედ არჩევნების გზით. ნელ-ნელა ეს კულტურა უნდა დამკვიდრდეს, რომ შევცვალოთ ხელისუფლება არჩევნებით. ჩვენ ვერ გავაკეთებთ საკანონმდებლო ჩანაწერს, რომ ხელისუფლება ორი ვადის შემდეგ უნდა გამოიცვალოს, ასეთი რამ არ ხდება ხოლმე დემოკრატიაში, მაგრამ ასეთი ტრადიცია კი უნდა ჩამოვაყალიბოთ, რომ ვცვალოთ ხოლმე ხელისუფლება. „ქართული ოცნება“ უკვე დაიღალა და თავის ტყუილებში გაიბნა, ერთსა და იმავე კანონს შემოიტანენ, გაიტანენ, მერე დაიფიცებენ, რომ „მეტს არ ვიზამთ“ და მერე აუცილებლად ისევ შემოიტანენ. დაიღალნენ, იმიტომ რომ ეს ხალხი პოლიტიკისთვის არ არის გაჩენილი. მამუკა მდინარაძის პოლიტიკოსობა არ შედგება, ეს ვერ მოხდება, რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მისგან პოლიტიკური აზროვნების ერთი ნაბიჯიც კი ვერ დავინახეთ ვერასდროს. რაც მთავარია, ეს არის პოლიტიკოსი, რომელიც არასდროს არსად ჩანს, აქედან გამომდინარე, არანაირი პოლიტიკოსი ის არ არის, თავისი ფულის მოვლის გარდა სხვა ინტერესი მას არ გააჩნია. დანარჩენზე რა გითხრათ? _ გია ვოლსკი თუ პოლიტიკოსია, მაშინ ისიც შეიძლება ვთქვათ, რომ საქართველო იარაღს აჟღარუნებს და მსოფლიოს აზანზარებს. არ შეიძლება, თაგვისგან გააკეთო ვეფხვი. იმიტომ, რომ ადამიანი ლაჩარია თავისი ბუნებით, ის დაიბადა ასეთად, ის ვერ გაიზრდება. ამიტომ მათ აშინებთ ყველაფერი, მათ შორის, თავისუფალი სიტყვა, არასამთავრობო ორგანიზაციები. არასამთავრობო ორგანიზაცია რომ შეგაშინებს, ამისთვის სპეციალურ კანონებს რომ იღებ, რომ იმან ხმა არ ამოიღოს, ვიღაცამ მოღალატე არ გიწოდოს, ვიღაცამ ისტორია არ შეაფასოს, ვიღაცამ მხატვრული ნაწარმოები არ წაიკითხოს, იმიტომ რომ იქ შეიძლება ინცესტი ან რამე ასეთი იყოს... ამ გაუნათლებლებს როგორ უნდა აუხსნა, რომ მხატვრული ლიტერატურა ძირითადად უარყოფით სახეებზე იქმნება? მათ გამოავლინეს ჩვენ წინაშე თავისი სრული უსუსურობა. ირაკლი ღარიბაშვილმა რომ შარლ პეროს ზღაპრები გაარჩია, იმის მერე არანაირი ინტერესი აღარ მაქვს მაგათი გამონათქვამების. შესაძლოა, ისეთი კანონპროექტიც შემოიტანონ, რომლის მიხედვითაც „ვეფხისტყაოსანიც“ აიკრძალოს, „ოიდიპოს მეფე“ რომ ნამდვილად აიკრძალება, ეს ცხადია. ამათთან, აბა, ძველი ბერძნული მითოლოგიის ხსენება როგორ შეიძლება?..

_ ცოტა ხნის წინ „ფსევდოლიბერალურ ღირებულებებსაც“ გამოუცხადეს ბრძოლა...

_ ლგბტქ თემის წინააღმდეგ კანონზე დაიწყეს მუშაობა, თან ყველამ იცის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს ვერ გაიტანენ, მაგრამ მთავარი მათთვის ის ხომ არ არის, რომ საქმე გაკეთდეს? მათთვის მთავარია, რომ თავის ამომრჩეველს აჩვენონ, ისინიც მათსავით ბნელები არიან. მათ სჯერათ, რომ მოსახლეობა ბნელია და ამტკიცებენ, რომ ჩვენც თქვენსავით ბნელები ვართო. მთელი ცხოვრება არასამთავრობო სექტორში აქვს გატარებული „ოცნების“ ლიდერების დიდ უმრავლესობას, მთელი ცხოვრება სხვა ღირებულებებს ამტკიცებდნენ. შალვა პაპუაშვილი 20 წელი იყო მაგ სისტემაში.  ფუნქციონერი იყო და მშვენივრად იცის, რა როგორ არის, თუმცა, როგორც ჩანს, წიგნის კითხვისთვის არ ეცალათ, იმდენი ფული იყო ასაღები, დასათვლელი და ჯიბეში ჩასადები. ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ეს არაგულწრფელი შემადგენლობაა და გასაყვანია ხელისუფლებიდან. მოქალაქეებმაც იციან ეს, მაგრამ ეზარებათ არჩევნებზე მისვლა. ოპოზიციაც ძალიან სუსტია და მთელი იმედი ახლა არის ახალგაზრდობაზე.

_ რატომ ფიქრობთ, რომ ოპოზიცია სუსტია, რას უნდა აკეთებდეს და არ აკეთებს ის?

_ არსებულ ვითარებაში ოპოზიციის სისუსტე არის გარანტირებული. საქმე ის არის, რომ საქართველოში, სამწუხაროდ, არის სურვილი, ჩამოყალიბდეს ბევრი პარტია, ისევე როგორც არის ტენდენცია, ჩამოყალიბდეს ბევრი უნივერსიტეტი, მაგრამ არ არის ამის არანაირი შესაძლებლობა, ამიტომ საქართველოში არ უნდა ყალიბდებოდეს ბევრი პარტია, ადამიანი უნდა მიდიოდეს იმ ოპოზიციურ პარტიაში, რომელიც უკვე არსებობს, მაგრამ ასე როგორ იქნება, ყველას ხომ უფროსობა უნდა? პრობლემა არის ის, რომ ჩვენთან არ ჩამოყალიბდა ორი ტრადიციული პარტია. ასეთის არსებობის შემთხვევაში პარტიაში მიდიხარ და მერე გადიხარ კარიერულ ზრდას. ჩვენთან კარიერული ზრდა არ არის საჭირო _ ჩამოაყალიბებ პარტიას და დღესვე იქნები ლიდერი. იმის ნაცვლად, რომ 20 წელი იარო ამ გზაზე და გახდე ლიდერი, ჩვენ გვყავს დაბადებით ლიდერები. ეს სწორი იყო ჩვენი სახელმწიფოებრიობის აღდგენის გარიჟრაჟზე, ირაკლი წერეთლისა და გია ჭანტურიას დროს, მაგრამ ახლა არ არის მართებული. ახლა არსებულ რომელიმე ზვიად გამსახურდიას უნდა ამოუდგეს გვერდით ხალხი და ისწავლოს, 10 და 20 წელი იმუშაონ პარტიებში, რომ წაიწიონ წინ. ჩვენთან ასეთი პარტია ერთი მაინც არსებობს, ყოფილი სახელისუფლებო პარტია, მაგრამ ვინაიდან მის წინააღმდეგ საყოველთაო ზიზღია დათესილი, იქ მისვლა არ შეიძლება _ ყველა ამბობს, „მე იქ არ ვყოფილვარ“. ახლა იმ პარტიის სერიოზული მსხვილი მოღვაწეები ამბობენ, რომ მე იქ არ ვყოფილვარ. ვიღაცას უნდა, რომ არც „ნაცი“ იყოს, არც „ქოცი“ იყოს და თან უნდა, რომ იყოს ლიდერი. ლიდერი რომ გახდე, ამისთვის საქართველოში ხელისუფლებაში ნამყოფობაა საჭირო. ხელისუფლებაში ნამყოფი პარტია ჩვენ გვაქვს ერთი-ორი მხოლოდ, ისიც ზოგიერთი ძალიან სუსტია, ამიტომ არის დღეს პრობლემები. ეს პრობლემები ჩვენი ბრალი არ არის, ეს იმის ბრალია, რომ ჩვენ ახალი დემოკრატიის ქვეყანა ვართ და ჯერჯერობით პარტიული მშენებლობა ვერ ვისწავლეთ.

_ რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროცესში შიდაპარტიული დემოკრატიის არსებობა?

_ შიდაპარტიული დემოკრატია რომ არ არის, ამიტომ გვყავს ახალგამოჩეკილი ლიდერები. შიდაპარტიულ დემოკრატიას სჭირდება ხანგრძლივი შრომა. მაგალითად, ამბობენ, რომ რეიგანი იყო მსახიობი და გახდა აშშ-ის პრეზიდენტი, ოღონდ ავიწყდებათ, რომ იქამდე მან დიდი, 40-წლიანი გზა იარა, ვიდრე პრეზიდენტი გახდებოდა. ზოგიერთს ჰგონია, რომ კინოგადაღებიდან ცხენიდან ჩამოხტა და გახდა პრეზიდენტი. ასე არ ხდება ხოლმე. საქართველოში, მაგალითად, „ლელო“ რომ გახდეს პარტია, ამას დასჭირდება 20 წელი, ამიტომ წელს არ ველოდებით რაიმე განსაკუთრებულ წარმატებას. გახარიას პარტია რომ გახდეს პარტია, საჭიროა ამისთვის მე მაინც ვიცოდე გახარიას პარტიის მეორე, მესამე და მეხუთე კაცის არსებობის შესახებ, მათი სახელები და გვარები უნდა ვიცოდე და არ ვიცი. რაღაც უნდა ქნან, რომ დავიმახსოვროთ. მარტო იმით, რომ გამოვა და იტყვის, რომ გახარია კარგია, ხმას არავინ მისცემს. პრობლემა ისაა, რომ ამ პარტიებს დრო სჭირდებათ, რომ ხალხმა ხმა მისცეს. ეს დრო ჩვენ არ გვაქვს ხოლმე, იმიტომ რომ პარტიას ვაყალიბებთ არჩევნების წინ 5 დღით ადრე და გვინდა, რომ მოვიგოთ და ასე არ ხდება. ამიტომ ახლანდელი ფორმულა მარტივია _ ოპოზიციური პარტიები უნდა დასხდნენ მაგიდასთან და მოილაპარაკონ საერთო ფრონტის შესახებ. ასე ხდება ხოლმე, სუსტები რომ გაერთიანდებიან, მაშინ ხდებიან ძლიერები. „ქართული ოცნების“ დამარცხებას ეყოფა ეს გაერთიანება.

_ დავუბრუნდები ე. წ. რუსულ კანონს: თქვენ როგორ გგონიათ, ამის მიზანი იყო, რომ რეაქცია გამოეწვიათ ხალხში მას შემდეგ, რაც ე. წ. ფსევდოლიბერალური პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტის ინიცირებას არ მოყვა ის რეაქცია, რაც ხელისუფლებას ჰქონდა გათვლილი და ეს მათი სვლაა ხელისუფლების შენარჩუნების გზაზე, თუ მართლაც დავალებებს იღებენ კრემლიდან?

_ ბოლო შემთხვევაში, როდესაც მათ დაფიცებული ჰქონდათ, რომ ამ კანონს არ მოუბრუნდებოდნენ არასდროს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი პირადად გამოჩნდა, თქვა, რომ ეს კანონი მისაღებია, ვიღაცებმა წინააღმდეგობაც კი გაუწიეს, მაგრამ სწორედ იმ ვიღაცებს, ვინც წინააღმდეგობა გასწია, დაევალათ ამ კანონპროექტის სპიკერობა, მაგალითად, მამუკა მდინარაძეს, რომელიც ისეთი სუსტი აღმოჩნდა, რომ კი წამოუკნავლია რაღაცა, რომ მე როგორო, ხომ ვთქვი, რომ არ ვიზამო, მაგრამ ბოლომდე ვერ დაიცვა თავისი პოზიცია.

_ ანუ მართლაც დასჯილია მდინარაძე?

_ დასჯილია, კი. და მას დაევალა, რომ იყოს პირველი ვიოლინო. ეს არის ერთი მომენტი, მაგრამ მათ ეჩვენებათ, რომ ეს მათთვის სასარგებლო იქნება. ფიქრობენ, რომ ამით შეიძლება ხმა ჩააწყვეტინონ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მათ არ ემხრობიან. მათ ძალიან აშფოთებთ არასამთავრობო ორგანიზაციები. წარმოიდგინეთ, რა პარტიაა „ქართული ოცნება“, რომელსაც აშფოთებს არასამთავრობო სექტორი? პოლიტიკური პარტია, რომლის ხელში არის ქვეყნის სადავეები, არმია, პოლიცია, ციხე... ყველაფერი მათ ხელშია და უფრთხიან არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელსაც შეიძლება 5 თანამშრომელი ჰყავს და 10 ათასი ლარი აქვს ბიუჯეტი. აი, ასეთი შიში პირდაპირ აჩვენებს, რომ ეს პოლიტიკური ძალა ნამდვილი არ არის.

_ მათ აშფოთებთ ის ფული, რომელიც შემოდის დასავლეთიდან და ეჭვობენ, რომ იგი ხვდება ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან მათთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციების გზით, ამაზე რას იტყვით?

_ მათ ეჩვენებათ, რომ დასავლური ფული მათ სასარგებლოდ არ მუშაობს... როგორ იმუშავებს მათ სასარგებლოდ, როდესაც ისინი აცხადებენ, რომ ევროკავშირში უნდათ და ყველაფერს აკეთებენ, რომ იქ არ მოხვდნენ, კონსტიტუციას არღვევენ. კონსტიტუციაში წერია, რომ ყველაფერი, რაც ევროკავშირისკენ სვლას ეწინააღმდეგება, არაკონსტიტუციურია. „რუსულ კანონს“ იღებენ და ამტკიცებენ, რომ ევროპულიაო. მე რატომ დამხატეს პირველ რიგებში? ხომ თქვეს, რომ ინდივიდუმებს არ ეხებაო? მე არასამთავრობო ორგანიზაციაში არ ვარ, მასწავლებელი ვარ, ოთხ უნივერსიტეტში ვასწავლი. მშვენივრად იციან, რომ ჩემ წინააღმდეგაც იქნება ეს კანონი, ინდივიდების წინააღმდეგაც იქნება, მერე მასწავლებლობას აგვიკრძალავენ. რუსეთში, მაგალითად, „ინოაგენტებს“ აკრძალული აქვთ პედაგოგიური მოღვაწეობა. როცა ყველაფერს აგვიკრაძალავენ, იძულებული ვიქნებით, ჩვენივე მიღებული კანონით ვისარგებლოთ, ბილეთი ვიშოვოთ და წავიდეთ ევროპაში, მოვშორდეთ აქაურობას. ეს არის მათი ოცნება. „ქართული ოცნების“ ოცნებაა, რომ მისი მოწინააღმდეგე ელიტა და არაელიტა ჩაჯდეს თვითმფრინავში და გაფრინდეს. დარჩნენ აქ მარტო ისინი, ვინც უმღერიან ოსანას ბიძინას, ვინც ფიქრობს, რომ ბიძინაზე დიდი ქართველი არ დაბადებულა.

_ როგორ ფიქრობთ, ამ ოცნების ასრულება უწერია „ოცნებას“? შეძლებენ, რომ ისინი იყვნენ და იყვნენ მუდამ?

_ არარსებულია, ეს ვერ მოხდება. საქართველოს ხელისუფლებაში იყო ასეთი პარტია, რომელიც ახლა არავის ახსოვს, „მოქალაქეთა კავშირი“. მათაც ეგონათ, რომ 100 წლით იყვნენ მოსულები. ასე ეგონა „აღორძინებასაც“, მაგრამ მერე ასლანი გაიქცა. „ნაცმოძრაობა“ კი წავიდა, მაგრამ მას შემდეგ ლაპარაკია მხოლოდ „სისხლიან 9 წელზე“. ამ პოლიტიკამ დაღუპა „ქართული ოცნება“. „ოცნებას“ რომ რამე გაეკეთებინა და მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ არ ელაპარაკა, „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა არ იქნებოდა, მაგრამ მათ უნდოდათ, რომ ყოფილიყო. ოპოზიცია ახლა იძულებული გახდება, რომ გავიდეს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, რომელსაც ერთადერთს აქვს გარანტირებული პარლამენტში შესვლა. ის ამბავი, _ „არც „ნაცები“, არც „ქოცები“, არამედ რაღაც სხვა“, _ ყოველთვის სისულელე იყო და იქნება. მე კი ძალიან მომეწონებოდა, აგერ, ლიბერალურ პარტია „რესპუბლიკურ პარტიას“ მიეცით ხმა, მაგრამ საქართველო „რესპუბლიკურ პარტიას“ არ მისცემს ხმას, იმიტომ რომ არ არის ასეთი ლიბერალური ქვეყანა და არც იქნება არასდროს, ალბათ. ამ თვალსაზრისით ახლა განსაკუთრებული მომენტია, დაქსაქსვას სჯობია გაერთიანება.

_ თქვენ ბრძანეთ, რომ მხოლოდ ამ ორ პარტიას, „ოცნებასა“ და ენმ-ს აქვს გარანტირებული ბარიერის გადალახვა. რას იტყვით გახარიას პარტიასა და „ლელოს“ შესახებ?

_ მათ ადგილას მე ვიყავი ჩემს პარტიასთან ერთად და გამოცდილება მაქვს, მათ არ აქვთ გამოცდილება, ილუზიაში არიან. თუ ისინი იღებენ ორნიშნა პროცენტს, ეს სასწაული იქნება, მაგრამ ქართველ ხალხს შეუძლია სასწაულის მოხდენა, თუმცა, როგორც წესი, ასე არ ხდება.

_ „ახალზე“ რას იტყვით, ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას ერთობაზე?

_ „ახალს“ აქვს თავისი შანსები, რა თქმა უნდა, მაგრამ ადამიანური ფაქტორია, რომ სიახლეს სჭირდება გაჯერება. არ მეწყინება, თუ „ახალი“ ყველაფერს წაიღებს, კოალიციას შევაშველებთ, მაგრამ, სამწუხაროდ, არჩევნები სულ სხვა შედეგებს გვაჩვენებს. ამიტომ არ შეიძლება არსებულის, რომელიც ნამდვილად გადამლახავია, იგნორირება. „არავითარ შემთხვევაში, არავისთან არ ვიქნები“ _ ასე კოალიციები არ იქმნება. გერმანიაში ერთხელ რთიერთდაპირისპირებულ პარტიებს მოუხდათ კოალიციის შექმნა. „ქოცებმა“ და „ნაცებმა“ რომ კოალიცია შექმნან საქართველოში, ეს რამოდენა კულტურის ნიშანი იქნებოდა? ხალხს ერთმანეთზე დღეს გული ერევა. ამის შეცვლას დრო უნდა. მარგარეტ ტეტჩერი იყო საქართველოში კომუნისტების დროს და მე მოვახერხე კითხვის დასმა, როდის გვეშველება-მეთქი? მან თქვა, _ 40 წელიწადშიო. მაშინ ვიფიქრე, ეს რა ბოროტი ქალი ყოფილა-მეთქი, გავიდა ეს 40 წელი და მივხვდი, რომ კარგი ქალი ყოფილა, კარგი უნდოდა ჩვენთვის, 400 წელიო, რომ ეთქვა, სიმართლე იქნებოდა... ეს 40 წელი გასულია უკვე...

_ არის მოლოდინი, რომ კოალიციური მთავრობა უნდა მოვიდეს 2024 წელს. არა მხოლოდ ოპოზიციური პარტიები, ქვეყნის პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც საუბრობს ამის შესახებ. თქვენ რამდენად წარმოგიდგენიათ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში შემავალი პარტიებისგან კოალიციური მთავრობის შექმნა? რამდენად არის პოლიტიკური კულტურა ამისთვის ქვეყანაში, რომ შეძლონ კოალიციურად მართვა ისე, რომ ერთმანეთი არ დაჭამონ?

_ რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენს ისტორიაში არსებობდა კოალიციური ხელისუფლებები. „ნაციონალური მოძრაობა“ ეროვნულ ძალებთან და „რესპუბლიკელებთან“ ერთად მოვიდა ხელისუფლებაში. მაშინ ცოტა ხნით ვიყავი განათლების კომიტეტის თავმჯდომარე.  ჩემი არჩევის საიკითხი რომ დაისვა, მაშინვე ითქვა, რომ ჩვენ ხომ გვყავს ჩვენი კადრებიო. მაშინ მიხეილ სააკაშვილმა შესთავაზა მეორე კანდიდატურა. 90 ხმა მივიღე მე და 2 ხმა მიიღო ჩემმა კონკურენტმა. ისეთი პატივისცემა გვქონდა ერთმანეთის, რომ არ ვიყავი „ნაცი“, მაგრამ მომცეს ხმა. დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა ეს, გასაგებია, ჩვენ მალევე წავედით ოპოზიციაში, დავტოვე თანამდებობა, ბუნებრივია. მეორედ „ოცნების“ დროს მთელი 4 წელიწადი ვიყავით კოალიციურ ხელისუფლებაში 2012-2016 წლებში, თუმცა 2014 წლიდან უკვე ნათელი იყო, რომ არაფერი აქედან არ გამოვიდოდა. ჩვენ, პატარა პარტიას, 3 მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე გვყავდა, ამდენად, გამოცდილება გვაქვს. ბიძინას ძალიან გაუჭირდა კოალიციასთან მუშაობა და მგონი, დაიფიცა, რომ მეტს აღარ იზამდა. იმის მერე ეს აღარ ყოფილა, მაგრამ ქვეყანამ ეს გამოცდილება შეიძინა.

_ რატომ წავიდა მაშინ ბიძინა ივანიშვილი კოალიციურობის წინააღმდეგ და დააბრუნა ქვეყანაში ისევ ერთპარტიულობა?

_ იმიტომ, რომ საქართველოში ყველა ხელისუფლება იწყებს დემოკრატიაზე ლაპარაკით და აშენებს საბჭოთა კავშირის კომუნისტურ პარტიას, ანუ ერთპარტიულ სისტემას. მრავალპარტიულ სისტემაში ცხოვრება ძნელია და ბიძინა ივანიშვილს არ მოეწონა, რომ ვიღაცა ბერძენიშვილმა, დავითმა, მაგალითად, გააკრიტიკა და ვიღაცამ თქვა, რომ ეგ არ არის ყველაზე ჭკვიანი ადამიანიო. მე ვთქვი, მაგალითად _ ჩვენი კოალიციის ხელმძღვანელს „უჭკუოც“ კი ვუწოდე. ძნელი ასატანია, ძნელია ჰოლანდიელობა საქართველოში, როდესაც ხედავ, რომ რესურსები მეტი გაქვს. ბიძინამ ერთხელ ასე მითხრა, _ ბოლოს და ბოლოს, ვინ ხარ შენ, ერთი, წიგნები გაქვს წაკითხულიო. ანუ ის ღირებულება, რომელიც მე მგონია, რომ ყველაფერია, გამომიცხადა არაფრად იმასთან შედარებით, რაც მე არ მქონია, მაგრამ მას აქვს, 7 მილიარდი. ერთხელ ჟურნალისტს უთხრა, რომელიც კითხვას უსვამდა, _ რა იშოვე ასეთი, მიკროფონი გიჭირავს მარტო ხელშიო. ანუ როგორ ბედავ კითხვების დასმას ადამიანთან, რომელიც იზომება 7 მილიარდით და შენ არ გაქვს 7 თეთრიც კი და გიჭირავს მხოლოდ მიკროფონი, რომელიც შეიძლება რომელიმე მინისტრმა წაგართვას. ერთი სიტყვით, იმის თქმა მინდა, რომ გაუჭირდა ძალიან ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ არ უნდა გაუჭირდეთ პოლიტიკურ პარტიებს. ბიძინა ივანიშვილს გაუჭირდა იმიტომ, რომ პოლიტიკაში ნამყოფი არაა და საერთოდ აზრზე არ არის, რაა პარტია. რომელი ოპოზიციური პარტიებიც გადალახავენ ბარიერს, უნდა აღმოაჩნდეთ იმის შეგნება, რომ ითანამშრომლონ ერთმანეთთან. ეს რესურსი ჩვენ გვაქვს, ერთმანეთთან ლაპარაკი შეგვიძლია, ამას სჭირდება პოლიტიკური გადაწყვეტილება. თუმცა საქართველოში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, რადგან ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ერთ ადამიანს აქვს მეტი ფული, ვიდრე მთელ ქვეყანას.

გაზიარება