- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2023-12-28 07:20:51
შორენა მარსაგიშვილი
უკრაინა დროებით ოკუპირებულ ყირიმში ნამდვილ ჯოჯოხეთს უწყობს რუს დამპყრობლებს. უკრაინელთა იერიშების შედეგად არაერთი რუსული სამხედრო გემი და კატარღა დაზიანდა. ოკუპანტებმა გადაწყვიტეს ფლოტის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა. ეს უსაფრთხო ადგილი მათთვის ოკუპირებული აფხაზეთია. რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ მოსკოვი ყირიმიდან გემებს აფხაზეთში, კერძოდ, ოჩამჩირეში გადაიყვანდა. რუსებმა ამ გეგმის განხორციელება უკვე დაიწყეს და დეკემბერში აფხაზეთში რამდენიმე სამხედრო ხომალდი გადაიყვანეს.
რუსული გემების ოჩამჩირეში განთავსებას აფხაზები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან, თუმცა მათი აზრის გათვალისწინებას მოსკოვი არ აპირებს. მოსკოვს აფხაზების აზრი არც ბიჭვინთის საკითხის შესახებ აინტერესებს. თუმცა აქ აფხაზები უფრო სერიოზულ წინააღმდეგობას უწევენ რუსებს. მათ არ სურთ, რომ ბიჭვინთის სანაპირო ზოლი რუსებს ჩაუვარდეთ.
რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. პარლამენტი 28 დეკემბერს განიხილავს რუსეთისათვის ბიჭვინთის სამთავრობო აგარაკის გადაცემის შესახებ შეთანხმებას და ამჯერად შესაძლოა, მისი რატიფიცირება მოახდინოს. აქამდე აფხაზი კანონმდებლები რატიფიცირებაზე უარს აცხადებდნენ. ერთი შეხედვით, სკანდალური დოკუმენტი იჯარასთან დაკავშირებით გაფორმებული შთანხმებაა, თუმცა მისი შინაარსიდან გამომდინარე აშკარაა, რომ 180 ჰა-ზე მეტი მიწის ფართობი და მისი შესაბამისის საზღვაო აკვატორია რუსეთის საკუთრება გახდება.
სკანდალურ შეთანხმებას მოსკოვმა და სოხუმმა გასული წლის იანვარში მოაწერეს ხელი, რასაც აფხაზური საზოგადოების მხრიდან მწვავე პროტესტი მოჰყვა. ამ პროტესტის გამო შთანხმების რატიფიცირება დღემდე ვერ მოხერხდა. აფხაზმა კანონმდებლებმა რატიფიცირებაზე უარი იმ მიზეზით თქვეს, რომ დოკუმენტში კოორდინატები არასწორად იყო მითითებული. გადაიდო საკითხის განხილვა. ახლა დოკუმენტი პარლამენტში ჩასწორებული კოორდინატებით შევიდა.
რუს ოკუპანტებსა და აფხაზ სეპარატისტებს შორის უკვე გაფორმებული შეთანხმების თანახმად, რუსეთს 49 წლის ვადით იჯარით გადაეცემა ბიჭვინთაში, ზღვის სანაპიროზე მდებარე 184 ჰა ფართობის ტერიტორია მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობებით. რუსებისვე საკუთრება გახდება ამ მონაკვეთის შესაბამისი საზღვაო აკვატორია. იჯარის გადასახადი წელიწადში 1 რუბლია. დოკუმენტში წერია, რომ შეთანხმების ვადის ამოწურვის შემდეგ ის ავტომატურად გაგრძელდება კიდევ 15 წლით და პერიოდულად, 15 წელიწადში ერთხელ იგივე განმეორდება. რუს ოკუპანტებს მონაკვეთზე კაპიტალური მშენებლობის უფლება აქვთ, თანაც ისე, რომ მის მიერ აქ არსებულ შენობებზე საკუთრების უფლება მასვე რჩება. შეთანხმების მოქმედების შეჩერება არ იწვევს ამ უძრავ ქონებაზე საკუთრების ულების შეწყვეტას.
საქართველოს ხელისუფლებამ ქართული მიწის ანექსიის მცდელობაზე ტრადიციულად მოკრძალებული პროტესტი გამოთქვა. „ქართული ოცნება“ რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკის ერთგული რჩება. დასახმარებლად ისინი არც საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავენ. სამაგიეროდ, აფხაზური ოპოზიცია აპროტესტებს ამ საკითხს მწვავედ. ამ დრომდე მათმა პროტესტმა შედეგი გამოიღო და თითქმის ერთი წელია, შეთანხმების რატიფიცირება ვერ ხერხდება. ყველაფერი 28 დეკემბერს გაირკვევა. აფხაზი ოპოზიციონერები მოსახლეობას ხვდებიან და არწმუნებენ, რომ ამ შეთანხმების რატიფიცირება არ შეიძლება. საწინააღმდეგოში არწმუნებს მოსახლეობას ხელისუფლება. მისი მტკიცებით, თუ შეთანხმების რატიფიცირება არ მოხდება, რუსები შეიძლება განაწყენდნენ და აფხაზები ქართველების პირისპირ დატოვონ. არადა, საქართველოს არანაირი პოლიტიკა არ აქვს აფხაზეთის მიმართ და მით უფრო ძალით მის დაბრუნებას არავინ აპირებს.
პარადოქსია, მაგრამ აფხაზებიც ახლა უკრაინის იმედზეღა არიან. იმედი აქვთ, რუსებს უკრაინასთან ომი იმდენად დაასუსტებს, რომ მოსკოვს აფხაზეთის მიწების დაპატრონებისთვის აღარ ეცლება. მანამდე კი როგორმე თავად უნდა გაუძლონ ზეწოლასა და 28 დეკემბერს ჩანიშნული რატიფიცირება ჩაშალონ.
მისწვდება თუ არა უკრაინა ოჩამჩირეში განთავსებულ რუსულ ხომალდებს? რატომ არ უთმობენ ადგილობრივები რუსებს ბიჭვინთას? გამოიღებს თუ არა აფხაზური ოპოზიციისა და ხალხის პროტესტი შედეგს? არის თუ არა ოკუპირებულ რეგიონში პროქართული განწყობები? რატომ აშინებენ რუსები აფხაზებს ქართველი დივერსანტებით? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი, პაატა დავითაია:
_ ბატონო პაატა, ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა ანექსირებული ყირიმიდან დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში რამდენიმე სამხედრო ხომალდი გადაიყვანა. რუსები აფხაზეთში გემების გადაყვანას რომ გეგმავდნენ, ეს რამდენიმე თვის წინ ითქვა. ასე სწრაფად მოაწყვეს რუსებმა ოჩამჩირეში სამხედრო-საზღვაო ბაზა?
_ ოჩამჩირეში სამხედრო-საზღვაო ბაზის მშენებლობა ჯერ არ არის დასრულებული. მიმდინარეობს გარკვეული სამუშოები. ამ ბაზაზე, დაახლოებით, 10 წყალქვეშა ნავი და რამდენიმე სამხედრო ხომალდი განთავსდება. ანექსირებულ ყირიმში რუსული სამხედრო-საზღვაო ფლოტის დარჩენა უკვე საშიშია, ოჩამჩირეში რუსული გემები უსაფრთხოდ იქნებიან. რაც შეეხება ოჩამჩირეში სამხედრო პორტის მშენებლობას, ეს რამდენიმე წლის წინათ დაიწყო.
_ ოჩამჩირეში რუსებმა ბაზის მშენებლობა იმ დროს დაიწყეს, როცა ჩვენთან ანაკლიის პორტის აშენებაზე დაიწყო საუბარი. პირველმა თქვენ გაახმაურეთ ეს ინფორმაცია და თქვით, რომ რუსები ოჩამჩირეში პორტს აშენებენ და ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ ანაკლიის პორტი არ აშენდესო.
_ მართლაც, ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა ჩაშლილიყო. ანაკლიის პორტის აშენება საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი გახლდათ. ეს პროექტი დროებითაა შეჩრებულია, როგორც ამბობენ, მისი მშენებლობა მაინც დაიწყება. იმის გამო, რომ რუსები ოჩამჩირესთან სამხედრო პორტს აშენებენ, ანაკლიაში შესაძლოა, ინვესტორებმა თანხის ჩადება არ მოისურვონ. ძალიან საშიშია ოჩამჩირეში რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზა, ის ანაკლიასაც საფრთხეს უქმნის, ფოთის პორტსაც და ბათუმსაც.
საინტერესო ის არის, რომ რუსებმა ამ ბაზის მშენებლობა უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე დაიწყეს. იმ პერიოდში ყირიმი უკვე ოკუპირებული იყო, მაგრამ იქიდან გემების გამოყვანა დღის წესრიგში არ მდგარა. ეს მშენებლობა საქართველოზე ზეწოლის მოსახდენადაც დაიწყო. ჩაიშალა ანაკლიის პორტის პროექტი. ახლა ეს ბაზა ყირიმიდან გამოყვანილი გემების თავშესაფარი ხდება. აქ რუსული გემები ბევრად უფრო უსაფრთხოდ იქნებიან.
_ აფახაზური მედიით გავრცელებული ინფორმაციით თუ ვიმსჯელებთ, ოჩამჩირეში რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზის მშენებლობას აფხაზების პროტესტი მოჰყვა. ბევრ ადგილზე გააკრეს პლაკატები, რომ აფხაზეთში რუსული გემების ადგილი არ არის. ეს რამე გავლენას იქონიებს რუსების გადაწყვეტილებაზე?
_ რა გავლენა უნდა იქონიოს? რუსებს აფხაზების აზრი საერთდ არ აინტერესებთ _ რუსებს გადაწყვეტილი აქვთ ბაზის აშენება ოჩამჩირეში და ამას შეასრულებენ. აფხაზეთში ბევრი რუსული სამხედრო ბაზა არსებობს. აფხაზების პროტესტს არანაირი შედეგი არ მოჰყვება.
_ რამდენად იქნება რუსული სამხედრო ხომალდების უსაფრთხოება დაცული დროებით ოკუპირებულ ოჩამჩირეში? უკრაინელებმა თქვეს, რომ რუსულ გემებს აფხაზეთის ტერიტორიაზეც მისწვდებიან.
_ ამ ეტაპზე ოჩამჩირის ბაზა სამხედრო მოქმედებებში ჩართული არ არის. როგორც კი ეს ბაზა ჩაერთვება სამხედრო მოქმედებებში, უკრაინელები მას დაარტყამენ. ამას კარგად აცნობიერებენ აფახაზები და ამიტომ ეწინააღმდეგებიან ბაზის მშენებლობას. უკრაინელები ბაზას დაარტყამენ და ბაზას თუ ასცდა, რაკეტები მოხვდება ოჩამჩირეს. ვის აწყობს ეს? ვნახოთ, რა იქნება. ადგილობრივ მოსახლეობას ვინ ჰკითხვას რამეს?! ოკუპირებულ აფხაზეთში სერიოზული მუშაობა მიდის ხალხთან, რუსული პროპაგანდა თავის სიმაღლეზე დგას.
_ ამ პროპაგანდის მიუხედავად, აფხაზები რუსებს ბევრ რაღაცაში ეწინააღმდეგებიან. ასეთი ხმები გავრცელდა, რომ მათთვის ჭკუის სასწავლებლად მოსკოვი კადიროველების შეყვანას აპირებს აფხაზეთში. თქვენ გაქვთ რამე ინფორმაცია ამის შესახებ?
_ რაღაც წინააღმდეგობები არსებობს, მაგრამ ეს რუსეთისთვის არანაირი დაბრკოლება და ხელის შემშლელი ფაქტორი არ არის. თუ მოინდომებენ, რუსები მაგათ 5 წუთში მოუღებენ ბოლოს და ამისთვის არანაირი კადიროველები არ სჭირდებათ. რუსების მიმართ აფხაზებს ნამდვილად აქვთ უკმაყოფილება. ისინი რიგ საკითხებზე პროტესტსაც გამოხატავენ. მაგრამ პროტესტს, მაქსიმუმ, 1500-2000 კაცი გამოხატავს. დანარჩენი ხმას არ იღებს.
_ 1500-2000 კაცის პროტესტმა რა შედეგი უნდა მოიტანოს?
_ მათ პროტესტს არანაირი შედეგი არ ექნება, მაგრამ აფხაზეთში 2000 კაცი რომ გამოვა რაღაცა საკითხის გასაპროტესტებლად, ეს პატარა ამბავი არ არის. აფხაზები, სულ რაღაც, 40000 არიან.
_ აფხაზები გარდა იმისა, რომ რუსების წინააღმდეგ გამოდიან, უკმაყოფილონი არიან თავიანთი ხელისუფლებითაც. განსაკუთრებულად ე. წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას აკრიტიკებენ.
_ ძალიან დიდი უკმაყოფილებაა ასლან ბჟანიას მიმართ. ამას ღიად აფიქსირებენ, მაგრამ არანაირი შედეგი ამას არ მოსდევს, ასლან ბჟანიას გარდა ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მიმართაცაა უკმაყოფილება, რაც იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ვინმე იქ პროქართულად არის განწყობილი. აფხაზებს, რატომღაც, ჰგონიათ, რომ მართლა დამოუკიდებლები არიან. ვიღაცები ფიქრობენ, რომ ხელისუფლებაში თავად თუ მოვლენ, რუსეთისგან დამოუკიდებელ პოლიტიკას გაატარებენ, რაც გამორიცხულია. რუსებს აფხაზები წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ, ამათ გულუბრყვილობაზე, უბრალოდ, მეცინება.
_ ჩვენ აფხაზების უკმაყოფილებაზე ვისაუბრეთ და რუსებიც უკმაყოფილონი არიან აფხაზებით.
_ რუსები სერიოზულად უკმაყოფილონი არიან აფხაზებით. ძალიან გააბრაზეს ისინი აფხაზებმა. რუსეთი რომ არა, აფხაზეთი დამოუკიდებელი არ იქნება, რასაც აფახაზები არ ითვალისწინებენ და ამის გამო მოსკოვი უკმაყოფილოა. გაბრაზდნენ, რომ არ დაუთმეს ბიჭვინთა.
_ არ დაუთმეს, მაგრამ რუსები ისევ ცდილობენ მის ხელში ჩაგდებას. დეკემბრის ბოლოს შესაძლოა, ბიჭვინთა მათი გახდეს.
_ რუსები ამაზე უარს არ იტყვიან. მათ მყარად აქვთ გადაწყვეტილი, ხელში ჩაიგდონ ბიჭვინთა. 28 დეკემბერს ამ საკითხის განხილვაა პარლამენტში. გასული წლის ინავარში მიღწეული შეთანხმების რატიფიცირება უნდა მოხდეს. აფხაზეთში პროტესტი მატულობს. ღიად აფიქსირებენ აფხაზები ანტირუსულ განწყობებს, რაც რუსების უკმაყოფილებას იწვევს.
_ რუსები აფხაზებს უკრაინის ომში ნაკლებად ჩართულობის გამოც საყვედურობენ. ოკუპირებული ცხინვალიდან წასული მებრძოლები ძალიან აქტიურობენ და ბევრი მათგანი დაიღუპა კიდევაც. აფხაზები, ფაქტობრივად, არ ჩანან. არც იბრძვიან, არც იღუპებიან.
_ აფხაზები ამ ომში მართლა ძალიან პასიურობენ. რაღაც ბატალიონია წასული იქ, „პიატნაშკა“ ჰქვია. ახრა ავიძბა მეთაურობს მათ. ბატალიონს აფხაზური ჰქვია, არადა, აფხაზური სულაც არ არის. იქ, სულ რაღაც, 20 აფხაზი მებრძოლია. 20-მა კაცმა რა უნდა იბრძოლოს?
_ მარტო 20 აფხაზი იბრძვის რუსეთისთვის? მეტი არ წასულა ომში?
_ მეტი არ წასულა უკრაინაში, ძალიან პასიურობენ. არ უნდათ აფხაზებს ომი.
_ რუსებსა და აფხაზებს შორის უკმაყოფილების ერთ-ერთი მიზეზი არის ელექტროენერგიის საკითხებიც. აფხაზები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან სხვადასხვა ენერგოობიექტის რუსებზე გასხვისებას.
_ ამ თემაზე სერიოზული უკმაყოფილებაა. ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე სამი ვარდნილჰესია. რუსებს მათი ხელში ჩაგდება უნდათ. 1992-1993 წლების ომის დასრულების შემდეგ აფხაზებმა ეს ჰესები გაძარცვეს, შესაბამისად, ისინი არ მუშაობს. რუსები დაინტერესდნენ ამ ობიექტებით. მათ გარემონტებას აპირებენ. გარემონტების შემდეგ თავად რუსები აამუშვებენ ჰესებს და ისინივე მიჰყიდიან დენს აფხაზებს. აფხაზური ოპოზიცია ამის კატეგორიული წინააღმდეგია და ითხოვს, ეს ჰესები ქართველებს მივცეთო.
_ ქართველებისთვის რატომ გაიმეტეს?
_ აფხაზი ოპოზიციონერები ამბობენ, ქართველები უფასოდ მოგვაწვდიანო დენს.
_ ბევრი წლის განმავლობაში მართლა უფასოდ აწვდიდა თბილისი მათ დენს და მიეჩვივნენ.
_ ამიტომ უნდათ ქართველებისთვის ჰესების გადაცემა. რუსები მათ დენს უფასოდ არ მიაწვდიან. იანვრიდან აფხაზეთში დენის გადასახადი იზრდება, რაც აფხაზების ინტერესებში არ შედის.
_ ზემოთ მითხარით, რომ რუსები 5 წუთში მოუღებენ ბოლოს აფხაზებსო, მაგრამ, ჯეჯერობით, ვერ დაძლიეს მათი პროტესტი. არ სცალიათ ახლა აფხაზებისთვის?
_ რუსებს აფხაზებისთვის და აფხაზეთისთვის სულ სცალიათ. იმიტომ სცალიათ, რომ ეს ტერიტორია უნდათ.
_ დაფინანსების შემცირებაზე რას იტყვით? ოკუპირებული რეგიონის დაფინანსება 450 მილიონი რუბლით შემცირდა, ეს რუსეთისთვის დაწესებული სანქციებით არის გამოწვეული, თუ აფხაზებს ჭკუა უნდა ასწავლონ?
_ ვერ ვიტყვით, რომ რუსებს აფხაზების დასაფინანსებლად ფული აღარ აქვთ. ეს კეთდება იმისთვის, რომ აფხაზებს ჭკუა ასწავლონ. 450 მილიონი რუბლით დაფინანსების შემცირება არის იმ პროტესტის ბრალი, რასაც აფხაზები ბიჭვინთის გასხვისების წინააღმდეგ გამოხატავენ. მოსკოვს ამ ტერიტორიის ხელში ჩაგდება სურს და ამ მიზნის მისაღწევად უკან არაფერზე დაიხევს. აფხაზები რახან იმ ზოლს არ თმობენ, რუსები დაფინანსებას უმცირებენ და ამით აშანტაჟებენ.
_ ოკუპირებულ აფხაზეთში ქართველი დივერსანტების შეჭრის შესახებ ატეხილი ცრუ განგაშიც ამ შანტაჟის ნაწილი იყო, თუ რაიმე სხვა მიზანს ემსახურებოდა?
_ ეს იყო სასაცილო ამბავი, რუსებმა აფხაზები, თავისი ჭკუით, შეაშინეს. ეს ინფორმაცია ნოემბერში გავრცელდა, ზუსტად იმ დღეს ატეხეს განგაში, საქართველოს კანდიდატის სტატუსზე რეკომენდაცია რომ მისცეს. რაღაც ისე წარმოაჩინეს რუსებმა, რომ თითქოს ევროპა იწყებდა ომს აფხაზეთის ტერიტორიაზე.
_ „მოდელირებული ქრონიკის“ ვარიანტი იყო.
_ ასე გამოვიდა. ეს იყო „მოდელირებული ქრონიკის“ ანალოგი სალავიოვისგან, რასაც აფხაზები უნდა შეეშინებინა. ყველაზე საინტერესი ის იყო, რომ აფხაზებმა დასცინეს ამ ინფორმაციას. სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ ის ოპერაცია, რომელიც ადგილობრივმა ძალოვნებმა ქართველი დივერსანტების გამოსავლენად ჩაატარეს.
_ შედეგი რა მოიტანა?
_ არაფერი. აფხაზების შეშინება უნდოდათ, მაგრამ იმათ მაგრა დასცინეს ქართველი დივერსანტების შესახებ გავრცელებულ ამბავს.
_ ქართველების აღარ ეშინიათ?
_ ეს ინფორმაცია არ მიიღეს სერიოზულად, თორემ კარგად იციან, რომ რუსების გარეშე მათი ე. წ. დამოუკიდებლობა დასრულდება. ქართველების მიმართ აფხაზების დამოკიდებულებაზე კარგად მეტყველებს ერთი კვლევა, რომელიც „აფხაზცენტრმა“ ჩაატარა.
_ აფხაზურია ეს ორგანიზაცია, თუ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეა?
_ იქაურია. მოგეხსენებათ, რომ რუსეთში კვერცხის სერიოზული დეფიციტია და სასწაულად გაიზარდა ამ პროდუქციაზე ფასი. სხვადასხვა ქვეყნიდან შეაქვთ იქ კვერცხი. გაივსო რუსეთი ირანული, თურქული და აზერბაიჯანული კვერცხით. „აფხაზცენტრმა“ მოსახლეობას დაუსვა კითხვა, რომ აფხაზეთშიც თუ შეიქმნება ქათმის კვერცხის დეფიციტი, უნდა შემოვიტანოთ თუ არა ეს პროდუქცია საქართველოდანო? გამოკითხულთა 39%-მა თქვა, რომ შეიძლება, რა მნიშვნელობა აქვს, საიდან შემოვიტანთ კვერცხსო. გამოკითხულთა 26%-მა ასეთი პასუხი გასცა: _ საქართველოდან კვერცხის შემოტანა არ შეიძლება, რადგან ეს მოწინააღმდეგის კვერცხი იქნებაო. 35%-მა ასე თქვა: _ ჩემთვის სულერთია, ბებიაჩემს სახლში ჰყავს ქათამიო. 26% რომ იტყვის, არ მინდა ქართული კვერცხი, რადგან ის მოწინააღმდეგისააო, ეს პატარა ამბავი ნამდვილად არ არის. ეს კარგად მიუთითებს, თუ რა განწყობაა ქართველების მიმართ.
_ იქ, მართალია, ანტირუსული განწყობებია, მაგრამ ანტიქართული პროპაგანდაც გაცილებით კარგად მუშაობს, ამიტომაც ფიქრობს ხალხი ასე.
_ ანტიქართული პროპაგანდა აფხაზეთში ძალიან კარგად მუშაობს, რასაც ჩვენ ვერაფერს ვუპირისპირებთ. საქართველოს მიმართ აფხაზების დამოკიდებულებაზე, ერთი შეხედვით, სახალისო გამოკითხვაც კარგად მეტყველებს.
_ მომავალ წელს პროგნოზირებთ რამე სიახლეს ამ მიმართულებით?
_ ამ მიმართულებით არაფერი შეიცვლება. ანტიქართული პროპაგანდა კიდევ უფრო გაძლიერდება. რუსები შეეცდებიან მიიღონ ის, რაც სურთ.
_ იმ შემთხვევაშიც არ შეიცვლება ვითარება, თუ უკრაინული რაკეტა ჩაოვარდება ოჩამჩირეში? აფხაზებს ამის ძალიან ეშინიათ.
_ არც ამით შეიცვლება რამე. როგორც კი ჩაერთვება ოჩამჩირის ბაზა ომში, დაიბომბება ოჩამჩირე, ანტირუსული განწყობები გაიზრდება, მაგრამ ეს დიდად არ გადატეხავს სიტუაციას. ხალხი აქციასაც გამართავს, მაგრამ მეტი არაფერი იქნება. იმისთვის, რომ რაღაც შეიცვლალოს, ჩვენ აქტიურად უნდა ვიყოთ ჩართულები.
_ რაში უნდა ვიყოთ ჩართულები?
_ რაღაც ძალებთან უნდა ვიყოთ კავშირში, რომელიც დაბომბვის შემთხვევაში რუსული ბაზის წინააღმდეგ პროტესტს გამოხატავს, აქციებს მოაწყობს და დაამხობს ადგილობრივ ხელისუფლებას, გამოსავლის პოვნას საქართველოსთან ერთად შეეცდება. ასეთი ხალხი ჩვენ აფხაზეთში არ გვყავს. ასე რომ, იქ ბევრი არაფერი შეიცვლება.