QronikaPlus
„საქართველოდან იწყება ყველაფერი, თუკი რამ საუკეთესოა ჩემში“!

„საქართველოდან იწყება ყველაფერი, თუკი რამ საუკეთესოა ჩემში“!

2023-12-28 07:11:34

მიხეილ ხაჩიძე

იომ-ქიფურის ომის მონაწილე, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, მწერალი და პუბლიცისტი, აბრაამ სეფიაშვილი, დღეს შტატებში ცხოვრობს. მისი შვილიშვილი, 20 წლის შილო, ღაზის სექტორში წინა ხაზებზე იბრძვის ტერორისტების წინააღმდეგ. თითქოს ისტორია ერთგვარად მეორდება. ისიც ბაბუასავით თავისი სურვილით წავიდა ომში. ქართველ-ებრაელთან ინტერვიუ ონლაინ ჩავწერეთ, ვისაუბრეთ ომზე, მიმდინარე მოვლენებზე, ქართულ-ებრაულ მეგობრობასა და ურთიერთობებზე.

საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, მწერალი და პუბლიცისტი, აბრაამ სეფიაშვილი, სოფელ კულაშში დაიბადა და გაიზარდა. პროფესიით ინჟინერია. არის გაზეთ „ალია საქართველოდან“ დამაარსებელი ისრაელში, მისი უცვლელი გამომცემელი და მთავარი რედაქტორი 45 წლის განმავლობაში. გაზეთის ბოლო ნომერი ისრაელში 2017 წელს გამოვიდა. ამასთან, ქართველი-ებრაელი არის აშდოდისა და ბათ-იამის მუნიციპალიტეტების გამგეობის წევრი და მერის მოადგილე; ისრაელ-საქართველოს მეგობრობის რუსთაველის სახელობის საზოგადოების დამაარსებელი და თავმჯდომარე; საქართველოდან გამოსულ ებრაელთა მსოფლიო ფედერაციის თავმჯდომარე; ისრაელის ქართველ ებრაელ მწერალთა გაერთიანების თავმჯდომარე, პოლიტიკური მოძრაობა „ალია და ახალგაზრდების“ დამაარსებელი ისრაელში და მისი თავმჯდომარე… დაწერა და გამოსცა 2 ათეულზე მეტი წიგნი. დაჯილდოებულია ისრაელის სახელმწიფოს აღდგენიდან 50 წლის საიუბილეო ოქროს წიგნში შეყვანით და საქართველოს სახელმწიფო საპატიო სიგელით.
აბრაამ სეფიაშვილის პატივსაცემად ისრაელში ქართულ ენაზე დაიწერა და გამოიცა 600-გვერდიანი წიგნი „ცხოვრება კაცისა“; 2020 წლის იანვარში საქართველოს მწერალთა კავშირის ოქროს ფონდის გადაწყვეტილებით აბრაამ საპირს მიენიჭა „კულტურის ამაგდარის“ წოდება; 2020 წელს, როგორც მთავარი რედაქტორი, სათავეში ჩაუდგა ტიტანური შრომის, „ქართველ ებრაელთა ენციკლოპედიის“ ვებგვერდის შექმნას ოთხ (ქართულ-რუსულ-ივრითულ-ინგლისურ) ენებზე და მის გავრცელებას საზოგადოებრივ ქსელებში. ვებგვერდი უკვე დიდი ხანია, ფუნქციონირებს.
აბრაამ სეფიაშვილი დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს ოჯახთან ერთად, მისი 20 წლის შვილიშვილი კი ღაზის სექტორში ტერორისტების წინააღმდეგ წინა ხაზებზე იბრძვის. თავად იომ ქიფურის ომის მონაწილეა.

„ქრონიკა+“-მა ინტერვიუ დისტანციურად ჩაწერა ცნობილ ქართველ-ებრაელთან, აბრაამ სეფიაშვილთან:

_ ბატონო აბრაამ, დავიწყოთ თქვენი შვილიშვილით, მოგვიყევით მასზე…
_ შილო ცოტა რომ წამოიზარდა, როგორც ებრაელ პატრიოტს, იდეა ჰქონდა, ისრაელში დაბრუნებულიყო. ამერიკაში სკოლა დაამთავრა და იმავე დღეს მშობლებს განუცხადა, ისრაელში მივდივარ, მსურს იქ ვისწავლო და ვიცხოვროო. მშობლებმაც ხელი შეუწყვეს, ამერიკიდან ისრაელში სრულიად მარტო წავიდა, სწავლა ებრაულ რელიგიურ უმაღლეს სასწავლებელში დაიწყო. წელიწად-ნახევარი სწავლობდა და შემდეგ განაცხადა, რომ სურვილი ჰქონდა, თავისი ქვეყნის, ისრაელის ჯარში ემსახურა. როგორც ამერიკის მოქალაქე, ვალდებული არ იყო, მაგრამ ყველაფერი გააკეთა და ისრაელის ჯარის ჯარისკაცი გახდა.
_ ომში როდის წავიდა?
_ უკვე მეორე თვეზე მეტია, რაც ისრაელში ომია. დაიწყო თუ არა, მყისვე ჩაერთო… ჩემი შვილიშვილი პარაშუტისტია, ფიზიკურად ძლიერი ბიჭია. ისრაელის წესის მიხედვით, სხვა ქვეყნიდან ახალჩასულებს პირდაპირ წინა ხაზზე არ უშვებენ. ჯარშიც რომ იმსახუროს, ხელს უწყობენ, რაც შეიძლება მეტად დაცული იყოს. შილომ ისურვა, გინდათ თუ არა, წინა ხაზზე უნდა ვიბრძოლოო და სნაიპერი გახდა, თან საუკეთესო. ომშიც უკვე თავი ისახელა… ამჟამად ღაზაშია, წინა ხაზზე იბრძვის. ვამაყობ, რომ როგორც ყველა ებრაელი, ჩემი შვილიშვილი მისი ქვეყნის პატრიოტია.
_ ვიცი, რომ თქვენც ომში იყავით, პარალელის გავლება ხომ არ შეგიძლიათ?
_ ამაში გარკვეულად ჩემი ცხოვრების გამეორებას ვხედავ _ ზუსტად 50 წლის წინ, 1973 წლის 6 ოქტომბერს, მეც ჩემი სურვილით წავედი ქიფურის ომში. როგორც კი ჩავედი ისრაელში 1972 წელს, წელიწადი და სამი თვის ჩასული ვიყავი, როცა ქიფურის ომი დაიწყო და იმ დღესვე მივედი და მოვითხოვე, წავეყვანეთ ომში. მაშინ 30 წლის ვიყავი. არ უნდოდათ ჩემი გაწვევა არაფრის დიდებით, ახალი ჩასული ებრაელი ვიყავი და თან მეკითხებოდნენ, როგორ წაგიყვანოთ ომში, თოფის სროლაც არ იციო. მე ვუთხრი, _ თოფის სროლა კი არა, 3 წელი ვიმსახურე ჯარში საბჭოთა კავშირში და 4 წელი სარეზერვოში. ვიყავი კაპიტანი, საბჭოთა კავშირის ყველა იარაღს იმ დროისას ვიცნობდი. ბოლოს მითხრეს, _ „კალაშნიკოვი“ თუ გიხმარიაო. მე ვუთხრაი, _ მომეცით და 10 წამში დავშლი და ავაწყობ-მეთქი და მომცეს მართლაც და დავუმტკიცე, რომ შემეძლო მისი დაშლა, აწყობა და ხმარება. მერე წამიყვანეს ჯარში. პირველივე დღესვე ვიყავი უკვე სინაის ნახევარკუნძულზე, იქ მივიღე პირველი საომარი ნათლობა და მერე ომის ბოლო წუთამდე ვიყავი წინა ხაზზე, ჩვენმა ნაწილმა მონაწილეობა მიიღო სუეცის არხის გადალახვაში. გადავედით ეგვიპტის ტერიტორიაზე, დავიპყარით აეროპორტი, დავიპყარით ქალაქი სუეცი და იქ შევხვდით ცეცხლის შეწყვეტას. ეს იყო უდიდესი ბრძოლა, ომი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ისრაელის სატანკო ნაწილებმა. ორივე მხარეს ტანკების რაოდენობა იყო ზუსტად ისეთი, როგორც სამამულო ომში 1945 წელს. წარმოიდგინეთ, როგორი ბრძოლა იყო 2 თვის განმავლობაში. ისეთი რამეები ვნახე, ომის შემდეგ 4 წელი ღამეები არ მეძინა, მეჩვენებოდა, მელანდებოდა თუ რა იყო, არ ვიცი, არ შემეძლო ძილიც. ომის დამთავრებიდან 4 წლის შემდეგ წიგნად გამოვეცი „ქიფურის ომი“.
_ შვილიშვილთან ოჯახს კავშირი თუ გაქვთ?
_ ისრაელში არსებული წესის მიხედვით, ჯარისკაცს, რომელიც ჯარშია, უფლება არ აქვს, ტელეფონი გამოიყენოს, გარე სამყაროსთან კავშირი ჰქონდეს, რადგან დღევანდელი ტექნიკის მეშვეობით შეიძლება განსაზღვრონ, სად არის ესა თუ ის პირი. ამდენად, 7 ოქტობრის შემდეგ, რაც ომი დაიწყო, არაფერი ვიცოდით მის შესახებ, როგორ არის, სად არის. სრული ვაკუუმი გვქონდა. გუშინ პირველად დაგვიკავშირდა ტელეფონით, რომ მის პოლკს მისცეს რამდენიმედღიანი დასვენება და სამხედრო ბაზაზეა, ისვენებს.
_ ძალიან რთულია, ალბათ, როგორ სტრესში იქნებოდით მთელი ეს პერიოდი. როგორ უძლებთ ამხელა განსაცდელს?
_ არა მარტო განვიცდიდით, ყოველ წუთს ინფორმაციას ვეძებდით, დედამისი სულ ტირილში იყო. უზომოდ გაგვახარა მისმა ზარმა. იმ დღეს დაველოდებით, სანამ მშვიდობით დაბრუნდება და ყველაფერს მოგვითხრობს. დღეს მთელი ისრაელი განსაცდელშია… როცა სრულიად ერი განიცდის, არა მარტო ისრაელში, არამედ მთელ მსოფლიოში საერთო გაჭირვება უფრო ადვილი ასატანია. ებრაელი ერი გაუძლებს, ებრაელი ერი უკვდავია! ჩვენ საუკუნეების განმავლობაში ათასნაირ ტანჯვა-წამებას გავუძელით. ამასაც გავუძლებთ, ყველაფერი კარგად იქნება! ისრაელი ბოლო წლებში ერთ-ერთ ზესახელმწიფოდ გადაიქცა. ათმილიონიანი ქვეყანა რომ სამასმილიონიანს სჯობნიდეს, ეს მართლაც დიდი მიღწევაა და ისრაელმა ამას მიაღწია. ისრაელმა მიაღწია განვითარების უმაღლეს დონეს და მსოფლიოს იმდენად დიდი სიკეთე მოუტანა, არ შეიძლება ასეთი ერი დაიღუპოს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ისრაელი გაიმარჯვებს! ის მტრები, რომლებიც ჩვენ ირგვლივ არიან და ყველანაირად ცდილობენ ჩვენს ზღვაში გადაყრას, მიზანს ვერ მიაღწევენ. ღმერთმა ნუ ქნას და თუ ისრაელი ისეთ მდგომარეობამდე მივიდა, გამოსავალი არ ჩანდეს და იღუპებოდეს, ამ ქვეყანამ ისეთი იარაღი შექმნა, რომლითაც ყველა მტერს მიწაში ჩაიყვანს და ვერავინ ეღირსება ისრაელზე გამარჯვებას! ერთხელ მოხდა ასეთი რამ მეორე მსოფლიო ომში და აღარ განმეორდება! ისრაელი არ დამარცხდება! ჩვენ გვაქვს ასეთი იარაღი, მაგრამ მას „განსაცდელის ჟამის“ იარაღი (იგულისხმება ატომური იარაღი, _ რედ.) ჰქვია და არასოდეს გამოვიყენებთ, თუ იმ წერტილამდე არ მივედით, როცა გამოსავალი აღარ იქნება.
_ საქართველოზე რას იტყვით? რას ნიშნავს თქვენთვის საქართველო?
_ საქართველო ქვეყანაა, სადაც დავიბადე… „სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ და მისროლია ისარი…“ ჩემი სამშობლოა და სამშობლოზე კითხვა შეიძლება?! _ აქ დავიბადე, გავიზარდე, ფეხი ავიდგი… აქედან იწყება ყველაფერი, თუკი რამ საუკეთესოა ჩემში! შემდეგ წავედი ჩემს ისტორიულ სამშობლო ისრაელში… ისრაელის პატრიოტი გახლავართ დაბადებიდან დღემდე… მთელი ჩემი სიცოცხლის განმავლობაში ყველაფერი გავაკეთე, რომ საქართველო მსოფლიოსთვის შემეყვარებინა. ოთხ ენაზე ვლაპარაკობ, ამჟამად ამერიკაში ვცხოვრობ და აქაც ყველაფერს ვაკეთებ, რომ საქართველო ყველას უყვარდეს. ვერ წარმოიდგენთ, რამდენი ადამიანი დავაინტერესე, რომ ტურისტულად წამოსულიყო და საქართველო ენახა. შვილიშვილები მყავდა საქართველოში ექვსი წლის წინათ და ამის შესახებ არის ჩემი წიგნი თავიდან ბოლომდე. ყველას ვუამბობ იმ სიკეთეზე, რაც ამ ქვეყანას, ამ ერს აქვს…
_ თქვენმა შთამომავლებმა იციან ქართული თქვენსავით სრულყოფილად?
_ ჩემი შვილიშვილები ქართულად საუბრობენ, შეიძლება ჩემსავით კარგად ვერა, მაგრამ ქართული იციან და ყველაფერი ესმით, შეიძლება რაღაცაზე ინგლისურად ან ებრაულად გიპასუხონ, მაგრამ მთავარია, ქართულად ყველაფერს იგებენ… მეტსაც გეტყვით: მთელი ჩვენი ცხოვრება და დღესაც ქართულად ვცხოვრობთ: სახლში ქართულად ვსაუბრობთ, ქართულ საჭმელებს ვამზადებთ… შორეულ ამერიკაში ძალიან ბევრი ამერიკელი „გავაქართველეთ“.
_ ქართულ-ებრაულ ურთიერთობებში თქვენი წვლილის შესახებაც რომ გვიამბოთ.
_ 18-წლიანი პაუზის შემდეგ ისრაელიდან საქართველოში პირველად 1989 წელს ჩამოვედი. ისრაელის პირველ ოფიციალურ ჟურნალისტურ დელეგაციას ვხელმძღვანელობდი. ჯერ მოსკოვში ვიყავით, შემდეგ საქართველოში. 18 დღის განმავლობაში მოვიარეთ მთელი ქვეყანა, გვქონდა შეხვედრები თბილისიდან დაყწებული, ბათუმით, ქუთაისით დამთავრებული, ასევე რაჭა და მთელი ქვეყანა მოვიარეთ. დიდებული დრო ვატარეთ. პირველმა არხმა გადაიღო ჩვენი ვიზიტის 4-საათიანი მასალა. 21 კასეტაზეა ყოველივე ჩაწერილი. ეს იყო ჩემი პირველი ჩამოსვლა 18-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოში. მაშინ ჯერ კიდევ КГБ იყო, სასწაული ამბავი მოხდა, იმ წელს მიგვიღეს როგორც სასურველი სტუმრები და გაგვაცილეს, როგორც საბჭოთა კავშირის მტრები, ისეთი ცვლილება მოხდა იმ წელს.
გეტყვით იმასაც, რომ 1976 წელს ისარელში 4 წლის ჩასული ვიყავი, დავაარსე ისრაელ-საქართველოს მეგობრობის რუსთაველის საზოგადოება. ამ საზოგადოებამ დიდი წვლილი შეიტანა ქართველი და ებრალი ხალხების დამეგობრების საკითხში. ნამდვილი მეგობრობა სწორედ რუსთაველის საზოგადოების ჩამოყალიბების შემდეგ დაიწყო. ჩემი ყველაზე ძვირფასი მეგობარი იყო რეზო ამაშუკელი, გარდა ამისა, ვმეგობრობდი რეზო თაბუკაშვილთან და მის მეუღლესთან. ამ საკითხებზე ბევრი მასალა მაქვს გამოქვეყნებული წიგნშიც და ენციკლოპედიაშიც. რეზო თაბუკაშვილი ძალიან დიდი პიროვნება იყო, მან ბევრი რამ გააკეთა საქართველოსთვის.

გაზიარება