QronikaPlus
სერგო ჩიხლაძე: „2024 წლის არჩევნებში „ქართული ოცნება“ დამარცხდება“

სერგო ჩიხლაძე: „2024 წლის არჩევნებში „ქართული ოცნება“ დამარცხდება“

2023-11-15 07:11:00

გიორგი საკარული
დიდი ბრძოლის, აქციების დარბევის, ხალხის დაშავების, შეურაცხყოფისა და ხელისუფლების უნიათობის მიუხედავად, ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაცია გაუწია. ხელისუფლებას წინ ელოდება მომდევნო გამოცდა და რეკომენდაციების პირნათლად შესრულება, რაშიც ოპოზიციას ეჭვი ეპარება.

ევროკომისიის დასკვნის შემდგომ ცნობილი ხდება ოთხი ვალდებულება, რომლის შესრულებაც აუცილებელია იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებას ლოგიკური გაგრძელება მოჰყვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირმა საქართველოს შეიძლება კარი სამუდამოდ დაუხუროს.
ვალდებულებების ნაწილში მოხვდა კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიაც, რომელიც, „ქართული ოცნების“ ლიდერების თქმით, სწორედ ევროპული სტანდარტებით მოქმედებს.
ვალდებულებები ასე გამოიყურება:

  1. ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასა და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა;
  2. საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ევროკავშირთან დაახლოება;
  3. ქვეყანაში ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გაუმჯობესება _ ცესკოსთან ერთად ჩამონათვალს დაემატებიან ეროვნული ბანკი და კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია;
  4. სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა _ განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.
    ევროკავშირის კარი გასულ წელს სანახევროდ კიდევ სამი სახელმწიფოსთვის გაიღო, ესენი არიან: ბოსნია-ჰერცოგოვინა, უკრაინა და მოლდოვა. როგორც იცით, გასულ წელს კანდიდატის სტატუსი საქართველოსაც უნდა მიეღო, მაგრამ სტატუსის ნაცვლად, თორმეტპუნქტიანი გეგმა და დაპირება მივიღეთ. ევროკავშირმა გვითხრა, რეკომენდაციები შეასრულეთ და წლის ბოლოს საქართველოს ამბავს კიდევ ერთხელ მოვუბრუნდებითო. ამ ამბის შემდეგ დიდი ხანი გავიდა და ამ დრომდე რეკომენდაციების გარკვეული ნაწილი შესრულდა, ზოგიერთი კი ჯერაც შეუსრულებელია.

რაზე ნერვიულობს ხელისუფლება და რა გამოწვევები ელოდება წინ? რა გზავნილი ჰქონდა საქართველოს მესამე პრეზიდენტს ვაშინგტონში? რას გააკეთებს ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში 2024 წლის არჩევნებისთვის? როგორია ოპოზიციისა და ხელისუფლების განწყობა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით?
ამ და სხვა საინტერესო დეტალების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი და პოლიტიკური საბჭოს წევრი, სერგო ჩიხლაძე:

_ ბატონო სერგო, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი გულისხმობს, რომ რაც უფრო ახლოს მიდიხარ წევრობასთან, მეტია ვალდებულება, რომელიც ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს. როგორ ფიქრობთ, რამდენად შეძლებს ამ ვალდებულებების შესრულებას მმართველი გუნდი და აიღებს თუ არა ის საკუთარ თავზე ამ დიდ პასუხისმგებლობას?
_ ეს არის უზარმაზარი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნისა და თითოეული ჩვენგანის ევროკავშირისკენ გზაზე, ეს არის საწყისი ეტაპი, რომლის გარეშე ეს პროცესი არ დაიძვრებოდა. როგორც სკოლას ვერ დამთავრებ, თუ პირველ კლასში არ შეხვალ, ასე არის სტატუსის მიღებაც. ასე რომ, ეს არის ძალიან დიდი გარღვევა და დეკემბერში, დიდი ალბათობით, სტატუსი დადასტურებული იქნება უკვე ოფიციალურად. ჩვენ ძალიან ვღელავდით, თუ როგორი იქნებოდა ფორმულირება, რადგან თუ აქ მკაფიო მოწოდება და რეკომენდაცია არ გაკეთდებოდა, რომ სტატუსი მიეცით, შეიძლება სათუო ყოფილიყო დეკემბრის გადაწყვეტილება, მაგრამ ამ გადაწყვეტილების შედეგად 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, 14-15 დეკემბერს 27 ქვეყანა დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს. ამ სტატუსს უკან ვერავინ და ვერაფერი წაიღებს და ეს არის ძალიან დიდი ნახტომი ჩვენი დასავლური განვითარებისთვის.
რაც შეეხება ვალდებულებებს, რა თქმა უნდა, ეს არ არის მხოლოდ ის, რომ დიპლომი მივიღე და ჩამოვკიდე კედელზე, ამას აქვს გაგრძელება. ეს არის ვალდებულებები, რეფორმები, რადგან სტატუსის შემდეგი ნაბიჯია მოლაპარაკებების გამართვა, რაც ახლა უკრაინასა და მოლდოვას ელოდება, ანუ სამოქმედო გეგმა. ამისთვის საჭიროა იმ 9 ვალდებულების შესრულება, რომელიც ევროკომისიამ მოაყოლა. ახალი ვალდებულებების შესრულება ძალიან მნიშვნელოვანია: ეს არის სამართლიანი არჩევნების ჩატარება, ანტიევროპული, ანტიამერიკული თავდასხმები და პროპაგანდა ხელისუფლების მხრიდან უნდა შეწყდეს, სასამართლო რეფორმა და ბევრი სხვა, რაც უნდა შესრულდეს. „ქართულ ოცნებას“ რეფორმების შესასრულებლად 11 წელი ჰქონდა წინ და არაფერი გაუკეთებია, შემდეგ წელიწად-ნახევარი ჰქონდა და ყოველ ფეხის ნაბიჯზე დაზიანების მეტი არაფერი გაუკეთებია, ამიტომ ისეთი გულუბრყვილოც არ ვარ და არც მაქვს იმის მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“ მომდევნო რამდენიმე თვის ან ერთი წლის განმავლობაში რამეს გააკეთებს, მაგრამ ამისთვის არის ბერკეტი, 2024 წლის არჩევნებში „ქართული ოცნება“ დამარცხდება და კოალიციური, დასავლური, დემოკრატიული ძალები გადაიბარებს ხელისუფლებას _ ეს მოხდება საკმაოდ სწრაფად. მთავარია, რომ ახლა ამ სტატუსს უკან ვერავინ ვეღარ წაიღებს და დანარჩენი ჩვენზეა დამოკიდებული, რომ ეს ერთი წელიწადი მუდმივ წნეხში იყოს ხელისუფლება, ეს ერთი წელი ამ სტატუსის სადარაჯოზე ვიდგეთ დემოკრატიული ძალები, ოპოზიცია იქნება ეს, კრიტიკული მედია, თუ მოქალაქეები, რომ ნაკლები დაზიანების უფლება მივცეთ „ქართულ ოცნებას“ და 2024 წელს უნდა მოვემზადოთ, რომ „ოცნება“ არანაირ რეფორმას არ ჩაატარებს.
_ და ამ ყველაფრის ფონზე რატომ ხართ დარწმუნებული, რომ ამ სტატუსს უკან ვერავინ წაიღებს?
_ არ არსებობს ასეთი პრეცედენტი, რომ სტატუსი მოგეცი და წაგართვი. თურქეთი ძალიან ავტორიტარულ გზას დაადგა, მაგრამ არავის წაურთმევია ეს სტატუსი, 25 წელია აქვს და აქვს.
_ ასეთ ქონას რა აზრი აქვს, თუ მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ გადაიდგა იმისთვის, რომ ქვეყანა ევროკავშირში შევიდეს?
_ მაგას ვამბობ, დიპლომს რომ აიღებ, ხომ ვეღარვინ წაგართმევს, ასეა სტატუსის შემთხვევაშიც. ეს იქნება ჩაბეტონებული.
_ და ქვეყნისთვის რა მნიშვნელობა აქვს ასეთ დიპლომს ან სტატუსს, თუ თაროზე შემოიდება, რომელსაც ვერ გამოვიყენებთ, ისევე როგორც თურქეთმა ვერ გამოიყენა ეს შანსი, ჯერ კიდევ, 99-იანი წლიდან?
_ ვგულისხმობ იმას, რომ ეს პროცედურა გახსნილია და ამას უკან ვეღარავინ წაიღებს. ამიტომ ამას გაგრძელება და განვითარება უნდა, თორემ ჩვენც გავჩერდებით ერთ ადგილას. თუ რეფორმები არ მოყვა ამას, ჩვენ წინ ვერ წავალთ. მნიშვნელოვანია, მომდევნო ერთი წელი უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ დემოკრატიული და ნამდვილად თავისუფალი არჩევნები ჩავატაროთ, მეორე მხრივ, არ დაზიანდეს ეს მიღწეული პროგრესი და, ასე თუ ისე, შენარჩუნდეს და სხვა შემთხვევაში ვინც იქნება ხელისუფლებაში, დემოკრატიული კოალიცია, ის გააგრძელებს რეფორმებს. „ქართული ოცნება“ რომ ევროკავშირში ვერ შეგვიყვანს და დემოკრატიული არ გახდება, რომ რუსეთზე უარს არ იტყვის, ამაში ხომ ეჭვი არ გვეპარება? ამიტომ უნდა ვიყოთ ფხიზლად. ეს სტატუსიც იმ აქტივობების დამსახურებაა, რაც ჩვენ ვანახეთ თუნდაც გასული წლის განმავლობაში, ივლისის დიდი აქციები და მოთხოვნები, 7-8 მარტის აქციები…
_ თქვენ ამბობთ, რომ სტატუსი მოქალაქეებისა და იმ აქტივობების დამსახურებაა, რომელიც გასულ წელს იყო აქციების სახით და ა. შ., მაგრამ სხვანაირად ფიქრობს პრემიერი ღარიბაშვილი, რომელმაც მადლობები გადაუხადა კონკრეტულ პირებს და ასევე ბიძინა ივანიშვილის დამსახურებებზეც ისაუბრა. მის სიტყვებს ვციტირებ: „არც პრეზიდენტს და არც ოპოზიციას არაფერი გაუკეთებიათ ევროინტეგრაციის გზაზე, ანუ ამ სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით“, _ როგორ შეაფასებდით ღარიბაშვილის ამ განცხადებას?
_ ისევ და ისევ ვიხილეთ ოლიგარქის მორჩილი ხელისბჭის, პატარა კაცის განცხადებები, იმიტომ, რომ ამ დღესაც კი, თუ დააკვირდით, პრემიერს კმაყოფილება და სიამოვნება არ ეწერა სახეზე. ყველა ზეიმობდა სტატუსს: ხალხი, ოპოზიცია, პრეზიდენტი, ჩვენი მეგობრები დასავლეთში და „ქართულ ოცნებასა“ და ღარიბაშვილს ჩამოსტიროდა სახე. ჩვენ, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ვამბობთ, რომ ეს არის ხალხის დამსახურება, ეს არის მედიის დამსახურება, ეს არის მთავრობისადმი ყველა კრიტიკულად განწყობილი ადამიანის დამსახურება და თურმე ერთადერთი, ვინც ამბობს, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება არის ეს ყველაფერი, არის ირაკლი ღარიბაშვილი. ხელის ბიჭი აქებს ყოველთვის თავის პატრონს. კალაძის სიტყვებით რომ ვთქვათ, ბატონი ღარიბაშვილი ყოველთვის აცდენილია რეალობას.
_ ის, რომ ღარიბაშვილს არ გაუხარდა სტატუსის მიღება, ამაზე საუბრობს მთლიანი ოპოზიციური სპექტრი და, მათ შორის, ახლა თქვენც აღნიშნეთ. რატომ გგონიათ, რომ არ გაუხარდა ღარიბაშვილს ან მმართველ გუნდს სტატუსი, რადგან ეს ყველაფერი ხომ მათი მმართველობის პერიოდში მოხდა? და თუ გავითვალისწინებთ, რომ წინ არჩვენები გველის, ამას მათ ერთ დიდ პლუსში ჩაუთვლის ხალხი?
_ ის, რომ არ გაუხარდათ, ამისთვის მიზეზი ნამდვილად აქვთ, იმიტომ, რომ სტატუსი ნიშნავს კიდევ უფრო მეტ ვალდებულებას და კიდევ უფრო მეტ ზედამხედველობას ევოკავშირისა და ზოგადად დასავლეთის მხრიდან. ფაქტობრივად, ჯერ ოფიციალურად არც გაფორმებულა სტატუსი, მაგრამ უკვე მოჰყვა ამ ყველაფერს ვალდებულება, რომ სამართლიანი არჩვენები უნდა ჩაატარო, ასევე ანტიდასავლური კამპანია უნდა შეწყვიტო და სხვა ბევრი რამ. ეს წნეხი და მეტი ზედამხედველობა „ქართულ ოცნებას“ თავისთავად არ გაუხარდებოდა. ისინი ემზადებიან გაყალბებისთვის, ავტორიტარული რეჟიმის გასამყარებად და არა დემოკრატიული ტრანსფორმირებისთვის. სტატუსი არის ვალდებულებები, ზედამხედველობა, მეტი „წნეხი“ ევროკავშირისგან და მეტი ანგარიშვალდებულება როგორც ევროკავშირთან ისე დასავლეთთან _ ეს ნამდვილად არ უხარია „ქართულ ოცნებას“, ამიტომაც ჩამოსტირით სახეები. შეიძლება რუსეთიდან უკვე საყვედურიც უთხრეს ბიძინა ივანიშვილსა და მის ხელისბიჭებს, რომ ამდენი მავნებლობის მიუხედავად, მაინც მივიღეთ სტატუსი, მაგრამ მათ ერთი რამ ავიწყდებათ, რომ ეს არის მთლიანად ქართველი ხალხის გამარჯვება.
_ თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ უცხოელი დამკვირვებლები მომავალ არჩევნებს დააკვირდებიან და მთავარი გზავნილია, რომ გაყალბების არცერთ შემთხვევას აღარ შეეგუება აშშ. რას გულისხმობთ, რას გააკეთებს აშშ ამ შემთხვევაში და როგორი იქნება მათი რეაქცია და პასუხი?
_ შეერთებულ შტატებში ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო 2024 წლის არჩევნები და დაპირება, რომ შეერთებული შტატები ადრეული ეტაპიდანვე, ანუ თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში, გამოაგზავნის ძალიან ბევრ დამკვირვებელს გრძელვადიანი მისიით, ასევე ევროკავშირიდანაც იქნებიან. მთავარი დაპირება შეერთებული შტატების არის ის, რომ თუ იქნება დარღვევები ან გაყალბება, ამ არჩევნებს არ აღიარებს არც აშშ და არც საერთაშორისო თანამეგობრობა. ეს არის ის დამატებითი წნეხი, რომელსაც „ქართული ოცნება“ განიცდის და ამით ნამდვილად არ არიან ბედნიერები.
_ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე პირდაპირ ეთერში თქვა, რომ ჩემი თხოვნით წავიდნენ „სტრატეგია აღმაშენებელი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ამერიკაშიო. თუ ჰქონდა საქართველოს მესამე პრეზიდენტს კონკრეტული გზავნილი კონკრეტულ პიროვნებასთან ან პიროვნებებთან და რა იყო ეს?
_ იცით, რომ შეზღუდულია პრეზიდენტ სააკაშვილთან კონტაქტი, თუმცა ადვოკატების საშუალებით ხდება გარკვეული აზრთა გაცვლა-გამოცვლა. მინდა ვთქვა, რომ მას არცერთ წერილსა თუ გზავნილში თავის შესახებ არ დაუყენებია საკითხი, რომ ჩემზე ილაპარაკეთ, განთავისუფლებაზე ან შეწყალებაზე, ამიტომ დიდ პატივს ვცემ ასეთ გადაწყვეტილებას _ ის საკუთარ თავზე არ დაკონკრეტდა და მისი მთავარი გზავნილი ამერიკის ხელისულებასთან იყო, დახმარება საქართველოს სახელმწიფოს, დახმარება რეფორმებში, შემდეგ არჩევნებში და მეტი წნეხი ხელისუფლებაზე. ეს იყო უფრო სახელმწიფოებრივი მიდგომა, რაც ძალიან დასაფასებელია და ამიტომაც არის მიხეილ სააკაშვილი დიდი რანგის პოლიტიკოსი. მას არ ჰქონია პიროვნული თხოვნები თავის თავთან დაკავშირებით.
_ საკმაოდ დიდი ხანი დაყავით ვაშინგტოში, სადაც ხვდებოდით მაღალი რანგის პოლიტიკოსებს. კიდევ რა საკითხები განიხილეთ მათთან და, ზოგადად, რას აპირებს ოპოზიცია? რა სამოქმედო გეგმები გაქვთ „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად?
_ რაც შეეხება ჩვენი კოალიციის გეგმებს, ეს არის ორი ძირითადი ხაზი: ის ყველაფერი, რაც იქნება მიმართული ევროინტეგრაციისკენ, ნატოსთან მიმართებით, ვიყოთ აქტიურები ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ და მოსახლეობას დავანახვოთ ის საფრთხეები, რაც შეიძლება მოჰყვეს რუსული ხაზისკენ გადახრას, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს და მეორე: უამრავ კვლევას ვატარებთ, რომ მთავარი, რაც აწუხებს მოსახლეობას რეგიონებში, როგორ ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს. კამპანიის მეორე ხაზი ამაზე იქნება აგებული: სოციალური საჭიროებები, განათლების პრობლემა, დასაქმება, ინვესტიციები, ადამიანის უფლებების პრობლემები და ა. შ. ამაზე გვექნება ძალიან სიღრმისეული და მიზანმიმართული კამპანიები, რომელიც მალე დაიწყება ჩვენი კოალიციის სახელით. ეს ჩვენს პარტნიორებსაც გავაცანით და გარდა ამისა, შეერთებულ შტატებში ვისაუბრეთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საგანმანათლებლო ორმხრივი პროგრამები, ვიზების გაიოლების, სტუდენტებისთვის პირდაპირი ფრენების პერსპექტივები და მთავარი არის ის, რომ ამ ყველაფრისთვის შეერთებული შტატები მზად არის. პატრიოტული ხელისუფლება რომ ჰყავდეს საქართველოს, თავისუფლად შეიძლებოდა, დღესვე დაწყებულიყო ამ ყველაფერზე მოლაპარაკებები, თუმცა, სამწუხაროდ, გვყავს ასეთი ხელისუფლება. ისევ და ისევ, 2024 წლის ოქტომბერში შეგვიძლია ყველაფრის შეცვლა.

გაზიარება