QronikaPlus
„ბუნება მბრძანებელია, მაგრამ ხომ უნდა გქონდეთ ჭკუა, რომ კოტეჯი არ დაუხვედროთ?“

„ბუნება მბრძანებელია, მაგრამ ხომ უნდა გქონდეთ ჭკუა, რომ კოტეჯი არ დაუხვედროთ?“

2023-08-23 06:26:00

გიორგი საკარული

ჩვენ ვართ ჟამთააღმწერელი ქვეყანა ტრაგედიიდან _ ტრაგედიამდე და მოვიშვიშე, რომელიც წაიტირებს, თავში ხელებს წაიშენს ახალი ტრაგედიის მოხდენამდე…
ვერაფერს ვსწავლობთ წარსულის გაკვეთილებიდან, არ ვღებულობთ არავითარ პრევენციულ ზომებს, ვერ ვერკვევით მოსალოდნელ კატაკლიზმებსა და ტრაგედიებში, ვერ უზრუნველვყოფთ ადამიანთა სიცოცხლეებს და ხიფათში დარჩენილების გადასარჩენად რამე ქმედითს კი არ ვაკეთებთ, არამედ თითს ვიშვერთ ოპოზიციისკენ და თერთმეტწლიანი მმართველობის შემდეგ ისევ სხვებს ვადანაშაულებთ.
მოსალოდნელ სტიქიას, რასაკვირველია, თავიდან ვერავინ ავიცილებთ, მაგრამ არაფერს ვაკეთებთ ტრაგედიის პრევენციისთვის.
კიდევ რამდენჯერ უნდა გადაბრუნდეს ურემი? კიდევ რამდენი სიცოცხლე უნდა შეიწიროს სახელმწიფოს გულგრილობამ და ბუნებრივმა კატაკლიზმებმა, რომ სათანადო დასკვნები გამოვიტანოთ და გავიაზროთ სახელმწიფო პოლიტიკა, რათა მოსახლეობას უსაფრთხოების განცდა შევუქმნათ და ნორმალური საყოფაცხოვრები პირობები მივცეთ?

3 აგვისტო საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ტრაგედიების სიაში ჩაიწერება. მდინარე ბუბისწყლის (მდინარე ჭანჭახის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში, მყინვარების ბუბისა და თბილისას ინტენსიურმა დნობამ, ასევე თანმდევმა უხვმა ნალექმა, დინამიკაში მოიყვანა მყარი ნატანი, კერძოდ კლდოვანი მასა და ყინული, რამაც გამოიწვია მეწყრული პროცესები, ნაშალი მასის მდინარეში შერევამ გამოიწვია ღვარცოფი, რაც 8 წუთის შემდეგ უეცრად დაეცა კურორტ შოვის იმ ინფრასტრუქტურას, რომელიც გაშენებული იყო პირდაპირ ბუბისწყლისა და ჭანჭახის შესართავის ჭალაში. ღვარცოფმა სრულიად მოსპო კოტეჯების დასახლება, ბუბისწყალზე გადებული ხიდი დაანგრია, მდინარე ჭანჭახის შესართავამდე ჩაიტანა და კურორტი შოვი გარესამყაროს მოსწყვიტა, დატბორა მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები, გაანადგურა ნათესები და ადგილობრივები მოსავლის გარეშე დატოვა. ზემო რაჭა ამ ხიდის გარეშე უკვე მესამედ დარჩა, თუმცა რეაგირება ადგილობრივ ხელისუფლებას, ისევე როგორც ცენტრალურს, არასდროს ჰქონია, ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობენ ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ სტიქიის ზონაში ან მის მიმდებარე სოფლებში ცხოვრობენ.
მოსახლეობა ყოველ ჯერზე თავისი სახსრებითა და ძალებით უმკლავდებოდა სტიქიურ უბედურებას, თუმცა ამჯერად ხალხი უძლური აღმოჩნდა. უმოქმედო იყო ხელისუფლებაც, რომელმაც დააგვიანა სწრაფი რეაგირება და სტიქიის მეორე დილამდე, ფაქტობრივად, ვერ მოხერხდა მიწაში ცოცხლად ჩატანილი ადამიანების ძებნა-ამოყვანა და გადარჩენა.
ადგილობრივი მარიტა გუტაშვილი ჯერ კიდევ სამი წლის წინათ იმ უბეუდრების შესახებ წერდა, რომელიც რაჭასა და მის მიმდებარე სოფლებს დაატყდა თავს. ისტორია კვლავ განმეორდა, ამჯერად ბევრი მსხვერპლით. სირაქლემის პოზაში მყოფ ხელისუფლებას კი პასუხები არ გააჩნია.
„რამდენიმე წლის წინათ, უხვი ნალექის გამო, კურორტ შოვში მდინარე ბუმბურას (იგივე ბუბა, _ რედ.) ადიდების შედეგად დაზიანდა კურორტის მთავარი გზა, მდინარემ კალაპოტი გაარღვია. მაშინაც საშიში სიტუაცია იყო (შედარებით უფრო მსუბუქი, მალე ვუშველეთ ჩვენივე ძალებით). იმ დროს მიუხედავად იმისა, რომ ონის რაიონულმა გამგეობამ ძალიან კარგად იცოდა არსებული მდგომარეობის შესახებ, მხოლოდ ამოსვლით, ნახვით, ფოტოების გადაღებითა და მწუხარების გამოხატვით შემოიფარგლა. დიდი მადლობა!
ჩვენი ხელით, გელა გუტაშვილის სპეცტექნიკით, გავამაგრეთ მდინარის კალაპოტი და გადავარჩინეთ მთლიანად წალეკვას შოვი. ნორმალურად შეფასებული მდგომარეობის ფონზე, უნდა გაეკეთებინათ მობრძანებულ „ექსპერტებს“ ჯებირები, გაემაგრებინათ კალაპოტი, მაგრამ არავინ შეწუხებულა არსებული პრობლემით.
გავიდა რამდენიმე წელი… ჩვენ ისევ აქ ვართ. დღესაც იგივე ხდება, რაც მაშინ, უარესიც. მიწასთან გასწორდა მთელი კურორტი, ცარიელი ხელებით ვეღარ ვშველით. ვიცი, ყველას თავისი გასაჭირი აქვს და მთლიანად რაჭისთვის გათენდა ის დილა, რისიც გვეშინოდა… მაგრამ… სანამ მთელ რაჭას არ წაიღებს, რამე არ უნდა მოვიმოქმედოთ? მდინარეს ჯებირები არ გავუკეთოთ და ჰესები ვაშენოთ? მარტო შოვი არა, ასეთ დღეშია გონა, ღები, ჭიორა, გლოლა, უწერა; ასეთ დღეშია ნაკიეთი და ალბათ კიდევ ბევრი ადგილი, რაც მე ჯერ არ ვიცი კიდევ. ახლა გვიანია… საკმაოდ გვიანი… და რომც გინდოდეთ, არ ვიცი საერთოდ, დაგრჩათ თუ არა შესაძლებლობა, რომ დაგვეხმაროთ, მოგვაქციოთ ცოტა მეტი ყურადღება…“, _ წერს ადგილობრივი მარიტა გუტაშვილი.
3 აგვისტოს, სტიქიური კატასტროფის ადგილას, საიდანაც დამსვენებლები დახმარებას ითხოვდნენ, ვერტმფრენი პირველი შეტყობინებიდან 3 საათში ჩაფრინდა. საბჭოთა წარმოების MИ-8 არა სამაშველო სამსახურს, არამედ სასაზღვრო პოლიციას ეკუთვნის.
სტიქიის პირველ დღეს დაგვიანებით მისულმა ვერტმფრენმა, ორი რეისისა და 70 კაცის ევაკუაციის შემდეგ, დაღამებისთანავე შეწყვიტა მუშაობა მეორე დილამდე. ღამით ათობით ადამიანი, მათ შორის, ბავშვები ღია ცის ქვეშ დახმარების გარეშე დარჩნენ. ოფიციალური განმარტებით, ვერტმფრენმა სამაშველო სამუშაოების გაგრძელება ღამის ხედვის სისტემის არქონის გამო ვერ შეძლო.
ზუსტად ერთი წლის წინ, შარშან 28 ივლისს, გუდაურში სამაშველო ოპერაციას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა _ ამ დღეს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა. ვერტმფრენები ვერ გამოიყენა სახელმწიფომ ვერც 2015 წელს თბილისში, ვერის ხეობაში ღვარცოფული წყალმოვარდნისას. 2017 წელს კი, ბორჯომის ხეობაში ხანძრების ჩასაქრობად, მეზობელი ქვეყნების დახმარება დაჭირდა.
2023 წლის 4 აგვისტოს რაჭაში, სტიქიის ზონაში ჩასული პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ამ თემაზე ჟურნალისტების კითხვამ გააღიზიანა.
„ასეთი რთული მდგომარეობა გვაქვს და თქვენ ათმაგად ზაფრავთ ხალხს. სამარცხვინო სპეკულაციები უნდა დაასრულოთ“, _ თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა და ისევ მედიას შეაწმინდა ხელი.
მან უტეხად განაცხადა, რომ სხვა ქვეყნებისთვის დახმარების თხოვნის საჭიროება არ არსებობდა და შოვში სამაშველო ოპერაცია კარგად მიდიოდა, მაშინ როდესაც უკვე ქვეყანაში 7 გარადცვლილი დაფიქსირდა, 30-მდე ადამიანი კი დაკარგულად ითვლებოდა.
რით „ამაყობს“ პრემიერი ღარიბაშვილი?
გამეორება ცოდნის დედააო, ამბობენ და პრემიერ ღარიბაშვილს კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ, რომ საგანგებო სიტუაციების სამსახურს საკუთარი ვერტმფრენები არ ჰყავს. შოვში, სტიქიის ზონაში, მოქალაქეების ევაკუაცია სასაზღვრო პოლიციის საბჭოთა წარმოების ორი MИ-8-ით მიმდინარეობდა. ამ ვერტმფრენებით დაფრინავენ საქართველოს მთავრობის წევრები ქვეყნის შიგნით და სასაზღვრო ავიაცია მათ იყენებს საზღვრის კონტროლის, მესაზღვრეების ტრანსპორტირებისა და მომარაგებისას.
სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება _ ამავე ვერტმფრენებს იყენებენ ხანძრების ჩასაქრობად, წყალდიდობებისას ან სხვა სტიქიური უბედურებების ზონებიდან მოსახლეობის გამოსაყვანად. საქართველოში ამ ტიპის ორმა ვერტმფრენმა უკვე განიცადა ბოლო წლებში კატასტროფა: ერთმა 2022 წლის ივლისში გუდაურში და მეორემ 2017 წელს ბორჯომთან, ხანძრის ჩაქრობის ოპერაციისას.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს და პრემიერს საზეპიროდ უნდა ჰქონდეს, რომ საქართველოს ამ დროისთვის არ გააჩნია არცერთი სამაშველო ვერტმფრენი, რომელიც უშუალოდ მსგავსი სტიქიური უბედურების დროს იქნება გამოყენებული.
სამაშველო ვერტმფრენების შეძენა იაფი ნამდვილად არ ჯდება, თუმცა ხელისუფლებამ, რომელსაც ნამდვილად არ ემღერება და ეცეკვება, მთელი საგაზაფხულო პერიოდი ვარკვლავების ტური დაგეგმა. კერძოდ, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილის აშენებულ „ბლექ სი არენაზე“ აგვისტოში დაგეგმილი - The Killers-ისა და Imagine Dragons-ის კონცერტები სახელმწიფო ბიუჯეტს 70 მილიონი ლარი უჯდება. ამ ფულით საქართველოს თავისუფლად შეეძლო, ყველაზე ცოტა, ერთი სამაშველო ვერტმფრენის შეძენა.
საქართველოს მთავრობას, ყოველ ჯერზე, როცა სამაშველო ვერტმფრენის საჭიროებაზე მიდგება საქმე, ახსენებენ მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით 2010 წელს „სამხედრო დანიშნულებით“ ნაყიდ სუპერ პუმებს, რომელიც, მოქმედი ხელისუფლების მტკიცებით, სამაშველო ოპერაციისთვის გამოუსადეგარი ფუფუნების საგანია _ ეს სუპერ პუმები წლების განმავლობაში უფუნქციოდ ირიცხება სახელმწიფოს ბალანსზე.
ტრაგედიიდან სამი დღის თავზე, 7 აგვისტოს, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ პირველადი დასკვნა გამოაქვეყნა სტიქიის გამომწვევ მიზეზებზე. დოკუმენტის არსი ის გახლავთ, რომ ხელისუფლებას არაფრის გაკეთება არ შეეძლო სტიქიის პროგნოზირებისა და ასეთი მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად.
„სტიქიის დროს 5 პროცესის თანხვედრა მოხდა. კერძოდ, მყინვარების _ ბუბისა და თბილისას ინტენსიურმა დნობამ და თანმდევმა ნალექმა დინამიკაში მოიყვანა ხეობაში არსებული მყარი ნატანი, განვითარდა აქტიური გვერდითი ეროზიული პროცესები და ასევე ნაპირების გარეცხვა, ე. წ. სანაპირო მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, რაც შემდგომ გადაიზარდა ღვარცოფში“, _ წერს გარემოს ეროვნული სააგენტო.
სააგენტოსვე სპეციალისტები, ონის მუნიციპალიტეტში განვითარებული სტიქიური გეოლოგიური და ჰიდროლოგიური პროცესების ადგილზე შეისწავლის მიზნით, სტიქიის ადგილზე რჩებიან _ გეოლოგებმა და ჰიდროლოგებმა რამდენჯერმე დაათვალიერეს ტერიტორია და ჩაატარეს ინსტრუმენტული მონიტორინგი. მათი თქმით, მდ. ბუბისწყალი არ ხასიათდებოდა ღვარცოფული მოვლენებით; მასშტაბური ღვარცოფის გავლას ამ ტერიტორიაზე ადგილი არ ჰქონია. თუმცა სტიქიის დროს 5 პროცესი დაემთხვა ერთმანეთს, რამაც გამოიწვია აღნიშნული შედეგი.
რაც შეეხება გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ დასკვნებს, გეოლოგიის დეპარტამენტის მიერ ყოველწლიურად მზადდება საინფორმაციო გეოლოგიური ბიულეტენი, სადაც აღწერილია ქვეყნის მასშტაბით გეოლოგიური საფრთხეების შესახებ არსებული მდგომარეობა საანგარიშო წელს და პროგნოზი შემდგომი წლისთვის. 2022 წლის ბიულეტენში საუბარია მდ. დღვიორაზე, რომელიც არის მდ. ჭანჭახის მარცხენა შენაკადი, სადაც ხშირია ღვარცოფული ნაკადების გავლა.
ეს ლოკაცია 1,5 კილომეტრით ქვემოთ მდებარეობს სტიქიის ზონიდან მდინარის დინების მიმართულებით. მდ. დღვიორას ხეობა სულ სხვა მორფოლოგიურ და გეოლოგიურ პირობებშია ჩამოყალიბებული.
გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების მიერ დამუშავებული ინფორმაციის შედეგად ცნობილია, რომ მდ. ბუბისწყალზე (ჭანჭახის მარჯვენა შენაკადი) ასეთი დიდი მასშტაბის ღვარცოფი წარსულში არასდროს ყოფილა; შოვში ასეთ მოვლენა არ დაფიქსირებულა. განსხვავებით სოფ. გლოლის მიმდებარე ლოკაციისგან, მდ. ჭანჭახის მარცხენა შენაკად დღვიორასგან, სადაც ღვარცოფული პროცესების აქტიურობა ხშირია. სწორედ აღნიშნულ ლოკაციაზე ღვარცოფის საშიშროების შესახებ არის ინფორმაცია მოცემული გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ ყოველწლიურ გეოლოგიურ ბიულეტენში და არა მდ. ბუბისწყალზე (ჭანჭახის მარჯვენა შენაკადი), _ ნათქვამია ინფორმაციაში.

და მაინც, შეიძლებოდა თუ არა ტრაგედიის თავიდან აცილება, რომ ყოფილიყო დროული რეაგირება? რამდენად საჭიროა, რომ ყველა მუნიციპალიტეტში მუშაობდეს გეოლოგიური სამსახური? რა საფრთხეებს უნდა ველოდოთ კიდევ და სად?
ამ და სხვა საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ის კითხვებს პასუხობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორი, თეა გოდოლაძე:

_ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ადგილობრივი ლოკალური მოსახლეობა ყველაზე კარგად იცნობს გარემოს. შოვი სოფელი არასოდეს ყოფილა. სოფლებში ხალხს ისეთ ადგილებში ჰქონდა შერჩეული ლოკაციები, სადაც იცოდნენ, რომ მაქსიმალურად დაცული იყვნენ ბუნებრივი კატასტროფებისგან, _ ეს არის ისტორიული მეხსიერება, რომელიც მოსახლეობას აქვს. მათ ჭალაში (წყლის ნაპირი, ვაკე ადგილი _ ტყიანი ან უტყეო _ მდინარის პირას, _ რედ.) რომ აეშენებინათ, ვთქვათ, 200 წლის წინათ სახლები, წაიღებდა მდინარე.
ახლა როცა განვითარდა მეცნიერება, ტექნოლოგიები, არსებობს მონიტორინგის სისტემები და როდესაც გეოლოგიურად ასეთ მძიმე ქვეყანაში ვცხოვრობთ, აუცილებელია ინფრასტრუქტურის განვითარების სპეციალური პოლიტიკა, _ კოტეჯებისა და კორპუსების ჩადგმა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჭალაში, ეს ყველაფერი ბუნებრივ საფრთხესთან არის დაკავშირებული, ამიტომ პირველი, ვინც ამაზე გადაწყვეტილებას იღებს, არის ყოველთვის გეოლოგი. იგი არის ამ საკითხის უფროსი და არა _ სხვა.
ეს არის ჩვენს ქვეყანაში პრობლემა, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ თითზე ჩამოსათვლელები დავრჩით გეოლოგები. ფაქტობრივად, რეგიონული გეოლოგიური ორგანიზაციები არ არსებობს, შესაბამისად, ამ ყველაფერს თავისი შედეგი აქვს და დადგა კიდეც. ახალგაზრდობა მიდის, ვერ ვაჩერებთ იმიტომ, რომ ანაზღაურება, პერსპექტივა სჭირდება და რთულია ეს ჩვენთვისაც.
რაც შეეხება ამ ტრაგედიას, მეც დავწერე და ვწერ ამის შესახებ, რომ პირველად არ ხდება ეს! ხომ გახსოვთ, რა ხდებოდა 7-10 წლის წინათ?! ხომ ნახეთ, რა მოხდა 2014 წელს, 2015-ში, 2017-ში, 2018-ში, 2020-ში?! ყოველ წელს რაღაც ხდება. განსაკუთრებით გასათვალისწინებელია მყინვარების დნობა და ამ ხეობებიდან გამომავალი მდინარეები ყველა რომ ღვარცოფულია, მით უმეტეს, გლობალური დათბობის პირბებში, რად უნდა ამას მეცნიერება?!!
ვიმეორებ: ყველა მყინვარული მდინარე ოდესღაც ღვარცოფული ხდება, განსაკუთრებით, როცა ვართ გლობალური დათბობის ერაში. ამიტომაც ამ ქვეყანას უნდა ჰქონდეს ძალიან გამართული მონიტორინგის სისტემები, უნდა მუშაობდნენ ბრიგადები ყველა მიმართულებით და უნდა ჰყავდეს ძალიან კვალიფიციური კადრები. ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა იცოდეს, რომ მეცნიერია აქ უფროსი და არა ხელისუფლება, ჩვენთან კი პირიქით არის.
მონიტორინგის სისტემების პირობებშიც კი შეიძლება მოხდეს შეცდომა, შეიძლება ვერ გავაანალიზოთ სწორად სიტუაცია, ამისთვის არის საჭირო რეაგირების სისტემები. როცა კატასტროფა ხდება, საჭიროა გამართული რეაგირების სისტემა, რომ რაც შეიძლება მეტი სიცოცხლე გადავარჩინოთ.
ამინდის პროგნოზიც კი, რომელიც ძალიან გამართულია ამ კუთხით, 90-95%-იანი სიზუსტე აქვს. ამინდის პროგნოზი მსოფლიო ქსელია, მონიტორინგია და ყველგან შეგიძლიათ ეს ინფორმაცია ნახოთ, მაგრამ აქაც კი ალბათობა ცდომილებისა არის. ამიტომ მთელი ჯაჭვია სისტემის, სადაც ყველაფერი უნდა გვქონდეს გამართული, დაწყებული მონიტორინგიდან, კადრიდან, დამთავრებული რეაგირების სისტემებამდე. შიშველი ხელებით ბრძოლა არც მაშველს შეუძლია და არც _ მე.
_ შეიძლებოდა თუ არა ამ ტრაგედიის თავიდან აცილება, რომ ყოფილიყო დროული რეაგირება?
_ პირველ რიგში, როდესაც მოდის მეწყერი, თავიდან ვერ აიცილებ. ბუნება მბრძანებელია… მაგრამ ჭკუა ხომ უნდა გქონდეს, რომ კოტეჯი არ დაუხვედრო? ამიტომ აცილება შეიძლებოდა! რა უნდოდა იქ კოტეჯებს?!! შოვი არის ორი ღვარცოფული მდინარის შესართავი.
_ ანუ ეს კოტეჯები გეოლოგიურად გაუმართლებელ ადგილას იყო, ხომ? ამას ხელისუფლება უარყოფს.
_ რა არის აქ უარსაყოფი? რა იცის ხელისუფლებამ? ეს ვიცით ჩვენ, პროფესიონალებმა და ამ პროფესიის წარმომადგენლებმა. ზოგი ამბობს, ბიძგი იყოო. რა იცის, ბიძგი იყო თუ არა, მე არაფერი დამიფიქსირებია, აქ არავითარი მონაცემი არ მაქვს და ის რატომ ავრცელებს ჭორს?
_ ამბობენ, თითქოს, კალაპოტი იყო შეცვლილი სანსეტ შოვის მიმართ 60-იან წლებშიო. ამაზე რას იტყვით?
_ რაღაც მითია ამ ქვეყანაში, რომ კომუნისტების დროს ყველაფერი კარგად იცოდნენ. არ სცოდნიათ ყველაფერი. ახლა მეტი მონაცემია, ტექნოლოგიებია, უფრო მეტი ვიცით. 100 წლის წინათ ტექტონიკა რომ იყო, საერთოდ არ იცოდნენ. გეოლოგია ხომ ჯანელიძემ შემოიტანა და განავითარა საქართველოს გეოლოგიური სკოლა, თორემ ძალიან ცოტა იცოდნენ. ამიტომ უმნიშვნელოვანესია, რომ მითებს არ ავყვეთ ხოლმე. კალაპოტი რანაირად შევუცვალეთ? ეს ძალიან მძიმე პროცესია! ვერ ვიგებ, რანირად უნდა შეუცვალო კალაპოტი ღვარცოფულ მდინარეს, კალაპოტის შეცვლა არის ძალიან დიდი და, ხშირ შემთხვევაში, გაუმართლებელი პროექტი.
_ რამდენად საჭიროა, რომ ყველა მუნიციპალიტეტში იყოს გეოლოგიური სამსახური?
_ აბსოლუტურად ყველგან უნდა იყოს გეოლოგიური სამსახური. ჩვენ რატომ უნდა ჩავდიოდეთ აქედან, ყველა ვიცნობთ ერთმანეთს, ჩემი თანამშრომლები ვინც არიან, 80 წელი აქვთ საშუალო ასაკი. სკოლებია განსავითარებელი, ინვესტიციაა ჩასადები, განათლებამდე მიდიხარ. სულს ვუბერავ ამათ, ვინც გავზარდე, მთელი ცხოვრება შევალიე და მგონია, რაღაცა გავაკეთე-მეთქი. ამ ახალგაზრდების იმედზე ვართ, მაგრამ ხელი თუ არ შეუწყვე, თუ არავინ დამეხმარა, რომ ესენი დავაკავო აქ, რა გამოვა? იცით, რა კარგი სპეციალისტები არიან.
_ რატომ არის გეოლოგია არაპრიორიტეტული პროფესია, როცა მათი დასკვნებით ხორციელდება კონკრეტული მშენებლობა?
_ არ ვიცი, ჰკითხეთ. არ გვაქვს საშუალებაო, გეტყვიან. 600 000 ჩამოგვაჭრეს, რანაირად ვიარსებოთ?
_ რა საფრთხეებს უნდა ველოდოთ და სად?
_ საფრთხე ყოველთვის იქნება, არ არსებობს ადგილი, რომ საფრთხე არ იყოს. ქვეყანა გვაქვს ასეთი. კახეთს თავისი პრობლემები აქვს, თუშეთს _ თავისი პრობლემები, თბილისში თავისი პრობლემებია, ქუთაისს, რაჭას, ლეჩხუმს, სვანეთს, აჭარას, მაღალმთიან რეგიონებს _ თავისი.
_ გლობალურ დათბობას რომ აბრალებენ, რამდენად მართალია?
_ რა თქმა უნდა, ღვარცოფების, ღვარცოფული წვიმების გახშირება გლობალური დათბობის ბრალია. თქეში არის პირველი მანიშნებელი გლობალური დათბობისა, _ მყინვარები დნება.
_ „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელმა, ნინო გუჯარაიძემ, ფეისბუკზე დაწერა, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ამზადებს საინფორმაციო-გეოლოგიურ ბიულეტენს, სადაც აღწერილია სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი შემდეგი წლისთვის. 2021 წლის ბიულეტენში, მაგალითად, პირდაპირ წერია, რომ ღვარცოფული პროცესი საშიშროებას უქმნის ცენტრალურ საავტომობილო გზას და შოვის ინფრასტრუქტურულ ობიექტებს. 2022 წლის იგივე ინფორმაცია ხელმიუწვდომელია. ეს ცნობა არ არის საკმარისი სიფრთხილისთვის? რას გვეუბნება ასეთი დასკვნები?
_ ეს არის დანაკვირვებზე დაფუძნებული, მაგრამ დაკვირვება რამდენი ხნისაა, მაქსიმუმ, 100 წლის. თუმცა 200 წლის წინათ შეიძლებოდა ყოფილიყო წყალდიდობა და არ ვიცოდეთ. ამიტომ ზოგადად უნდა ასახო, რადგან ოდესღაც შეიძლება იყოს საშიში. მდინარის ჭალას ნუ ეხებით! შენაკადებს ნუ ეხებით! ჩემი სოფელი კორინთი კალაპოტში არ არის ჩაშენებული, იმიტომაც გადარჩა. მდინარეები გაცილებით საშიშები და ვერაგები არიან. იორის ხეობას რომ არ მოერიდები და რიონს რომ არ მოერიდები! და მანდ მიდგამდნენ 100-მეტრიან კაშხალს.

„ქრონიკა+“ ასევე დაუკავშირდა მმართველი გუნდის რამდენიმე წარმომადგენელს. ზოგიერთმა მათგანმა სართოდ არ გვიპასუხა, ნაწილმა კი თემის გაგებისთანავე საუბარი არ ისურვა და ტელეფონი გაგვითიშა. კითხვები, ტრადიციულად, ბევრია, პასუხები _ არა. მმართველი გუნდი რჩება გადაბრალებისა და თითის სხვისკენ გაშვერის რეჟიმში.
ცნობისთვის: შოვში 3 აგვისტოს ჩამოწვა მეწყერი.
12 აგვისტოს მონაცემებით, შოვში, სტიქიის ზონაში, ნაპოვნია ღვარცოფის შედეგად დაღუპული 24 ადამიანის ცხედარი. მათი ნაწილი ამოიცნეს.
ოფიციალური უწყებების ცნობით, მაშველები აგრძელებენ დაკარგულად მიჩნეული კიდევ 9 ადამიანის ძებნას, მათ შორის არიან ბავშვებიც. სტიქიის ზონიდან სულ 210 ადამიანია გამოყვანილი.
საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

გაზიარება