- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2023-07-19 08:38:59
ირინა მაკარიძე
რატომ იქცა ძალადობა ჩვენი ყოველდღიურობის შემადგენელ ნაწილად? როგორ ახერხებს მმართველი ძალა, რეალური პრობლემებიდან საზოგადოების ყურადღება მიმართოს გამოგონილ საფრთხეებსა და ირაციონალურ შიშებზე? რა მზაკვრული გეგმა ხორციელდება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის წინააღმდეგ და როგორ აქცია ხელისუფლებამ ქვეყანა რუსეთის უკანა ეზოდ? _ ამ და სხვა საჭირბოროტო საკითხებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება პარტია „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი, თაზო დათუნაშვილი.
თაზო დათუნაშვილს პოლიტიკისა და სახელმწიფოს მართვის მეცნიერებები შესწავლილი აქვს სორბონის უნივერსიტეტში, ასევე არის INSEEC Business School-ის კურსდამთავრებული, ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი და ილიას უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. მასთან საუბარს ვიწყებთ სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილად ქვეულ ძალადობაზე, როდესაც ყოველდღიურად თავს ესხმიან პოლიტიკოსებს, მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლებს. მსგავსი ფაქტები გვინახავს წინასაარჩევნო პერიოდში, მაგრამ საკითხავია, რას უკავშირდება ძალადობის ასეთი ესკალაცია ახლა, როდესაც არჩევნებამდე წელიწადზე მეტია დარჩენილი?
_ ეს არის სახელმწიფოს მიერ მართული ძალადობრივი კამპანია მისი მოწინააღმდეგეების მიმართ. ეს არის სიმპტომი, რასაც ახლა ვუყურებთ. ამას აკეთებენ ხელისუფლებები, რომლებიც არიან ძალაუფლების შენარჩუნების უკანასკნელ ფაზაში. სხვა ახსნა არ აქვს ასეთ აღვირახსნილ ძალადობას. არ შეიძლება ლაპარაკი იმაზე, რომ ეს არის აღშფოთებული ხალხი. ესენი არიან მართული ადამიანები. რაც ყველაზე დიდი კატასტროფაა, მოძალადეებს შორის ვხედავთ საკრებულოს მაღლჩინოსნებსა და საჯარო მოხელეებს. ხშირ შემთხვევაში საქმე გვაქვს ძალოვანი უწყების მიერ ორგანიზებულ ოპერაციებთან. არასწორია, რომ საარჩევნო პერიოდში თითქოს „მოსულა“ ეს ამბავი. არა, არ „მოსულა“ ძალადობა, 21-ე საუკუნეში და პოლიტიკურ პროცესში მიუღებელია, რასაც ესენი აკეთებენ. ეს არის უდიდესი უპასუხისმგებლობა საკუთარი საზოგადოებისა და ქვეყნის წინაშე. ადამიანებს კვებავენ ზიზღითა და ირაციონალური შიშებით. ამის უკვე სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანით, ისინი ცდილობენ დათესონ „შიში და რიდი“, რაც დამახასიათებელია ავტოკრატიული რეჟიმებისთვის. ეს არის ხელისუფლება, რომელიც შევიდა იმ ფაზაში, როდესაც მას რეალური ავტოკრატია დასჭირდა ძალაუფლების შესანარჩუნებლად. აღარაფერზე აღარ დგას ეს ხელისუფლება უკვე, დგას ირაციონალურ შიშებზე, კონსპირაციულ თეორიებსა და ამ ძალადობრივ კამპანიაზე, რომლითაც უნდათ დააშინონ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები, თუმცა მთავარი სამიზნე ისინი არ არიან. მთავარი სამიზნე არის საზოგადოება, რომ ადამიანებში დაითესოს ისეთი ნიჰილიზმი და შიში, რომ აღარ იყოს პოლიტიკური აქტივობა. ამ მიზნის მიღწევას ცდილობენ ამ ძალადობრივი კამპანიით, რაც არის წარმოუდგენლად მიუღებელი, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ველოდებით კანდიდატის სტატუსის საკითხის გადაწყვეტას.
_ რას იტყვით კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით ხელისუფლების ნაბიჯებზე? როგორ ფიქრობთ, უნდა თუ არა რეალურად ხელისუფლებას კანდიდატის სტატუსის მიღება?
_ იმ მომენტიდან, როდესაც საქართველომ შეიტანა განაცხადი კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ყველა პოლიტიკურ მოვლენას, თითოეულ ნაბიჯს, რომელსაც ხელისუფლება და მისი კონკრეტული წარმომადგენლები დგამენ, აქვს მნიშვნელობა სტატუსის მიღებასთან მიმართებით. რა თქმა უნდა, ამ ტიპის ნაბიჯებს, რომელსაც ხელისუფლება დგამს, აქვს ნეგატიური გავლენა კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხზე. „ლელოში“ ვამბობდით, რომ საქართველომ სტატუსი უნდა მიიღოს უპირობოდ. პირობები ამ სტატუსის მიღების პროცესში გაჩნდა მარტო იმიტომ, რომ „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში. ის ქმედებები, როტორიკა, დამოკიდებულება, რომელიც აქვს „ქართულ ოცნებას“, შეიძლება იყოს განმსაზღვრელი იმისა, თუ რატომ შეიძლება მოგვცენ ან არ მოგვცენ სტატუსი. ოპოზიციის როლი არის მინიმალური. ოპოზიციამ თავისი როლი შეასრულა იმით, რომ პარლამენტში ცდილობდა, საგნობრივი დისკუსია ეწარმოებინა ევრორეკომენდაციების ამ 12 პუნქტის შესახებ, თუმცა ოპოზიციას, ფაქტობრივად, ნულოვანი გავლენა აქვს პროცესზე. ეს თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია საქართველოს მთავრობისა და მმართველი გუნდის კეთილ ნებაზე, მოიქცეს სწორად. სამწუხაროდ, დღევანდელ დღემდე არცერთი სწორი ნაბიჯი ამ მიმართულებით არ გადადგმულა. ამ მოსაზრებას ამაგრებს ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ნათქვამი, რომ მხოლოდ 3 პუნქტი გვაქვს შესრულებული.
_ დიახ, თუმცა ევროკომისარმა ვარჰეიმ განაცხადა, რომ 3 რეკომენდაცია გვაქვს შესრულებული, „ქართული ოცნება“ და მისი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თითქმის ყველა რეკომენდაცია შესრულებულია. რასთან გვაქვს საქმე?
_ ეს არის უტიფარი ქმედება, ამას საერთაშორისო პოლიტიკაში ჰქვია „გრომიკოს დოქტრინა“, _ ასეთი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო საბჭოთა კავშირში. დოქტრინის არსი გახლავთ ის, რომ საწინააღმდეგო მხარეს მოლაპარაკების დროს უტიფრად უთხრა მაქსიმალური სიგიჟე, ისეთი სიგიჟე, რისი განხორციელებაც შეუძლებელია. ამას აკეთებს „ქართული ოცნება“, სიგიჟეს თესავს. ის თესავს „ბაბილონის გოდოლის“ პრინციპს, როდესაც სიტყვებს შინაარსი ეკარგებათ და არ გადმოსცემენ აზრს. „3 თქვეს მათ? ჩვენ ვიტყვით 12-ს“, რა მნიშვნელობა აქვს? კობახიძეს შეუძლია თქვას, რომ მან 12-დან 16 შეასრულა. საზოგადოების ამ დონის უპატივცემულობაზე ვლაპარაკობთ, სიმართლის ამ დონეზე გაუფასურებას ვხედავთ, ეს არის აბსურდი. უბრალოდ, ამ აბსურდს არავინ იჯერებს არც ქვეყნის შიგნით და არც _ გარეთ. ქვეყნის შიგნით საზოგადოების 85%-ზე მეტი ამბობს, რომ ის არის ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მომხრე. ქვეყნის გარეთ ყველა გვეუბნება, რომ არავის თქვენი ტყუილების არ სჯერა. გაგახსენებთ ევროპარლამენტში საქართველო-ევროკავშირის მეგობრობის ჯგუფის ბოლო საკომიტეტო მოსმენას, სადაც პირდაპირ გვითხრეს: „გეყოფათ ტყუილები, ამ ტყუილების არავის სჯერა“. ეს უთხრეს პირდაპირ საქართველოს წარმომადგენლებს. ამ ვითარებაში ვართ, _ მმართველი პარტია საზოგადოებას ყოველდღე ატყუებს.
_ თქვენ თქვით, რომ „ქართული ოცნების“ ტყუილების არავის სჯერა. მაშინ რით ინარჩუნებს თავისი მომხრეების მხარდაჭერას, თუ მისი პროპაგანდა არ მოქმედებს?
_ პოლიტიკური ანალიზი რომ გავაკეთოთ, მათ 2020 წლის არჩევნები გააყალბეს და ამ არჩევნების ლეგიტიმაციის პრობლემა არსებობდა, მაგრამ მათ თავისი გარკვეული ამომრჩეველი მაინც ჰყავდათ და ამ ამომრჩევლის დიდი ნაწილი იყო პროევროპული. მათ საარჩევნო კამპანიას რომ გადავხედოთ, აცხადებდნენ, რომ „ევროკავშირი ჩვენი გზა არის“, ჯერ კიდევ არ ავლენდნენ თავის პრორუსობას. დღეს ის ხალხი დაკარგეს, იმიტომ რომ ამ ომის პირობებში მათ მოუწიათ კრისტალიზება და რუსეთის მხარეს დადგომა, რადგან ისინი არ არიან თავისუფლები თავის ქმედებებში და დადგნენ რუსეთის მხარეს, სამწუხაროდ, ამ ქვეყნისთვის. ამიტომ თავისი მხარდამჭერების დიდი ნაწილი დაკარგეს. ახლა ისინი ცდილობენ კაპიტალიზებას სხვა მხარდამჭერებზე, რომლებიც აქამდე მიშვებული ჰყავდათ რადიკალურ, პრორუს პარტიებზე. „ოცნება“ ახლა მათზე აკეთებს სწორებას _ ყველაზე შავრაზმულ, შავ-ბნელ ელექტორატზე. ეს არის 8-10 პროცენტი, შეიძლება ცოტა მეტიც, რომელიც შეიძლება პრორუსულად იყოს განწყობილი, იმ 85-90 პროცენტის საპირწონედ, რომელიც ევროინტერგრაციის მომხრეა. ამ შავბნელ ელექტორატზე აკეთებს ახლა გათვლას „ქართული ოცნება“. იციან, რომ ლეგიტიმაცია დაკარგული აქვთ, ამიტომ ცდილობენ, შიში დათესონ საზოგადოებაში. მათ სხვა მხარდაჭერის მოლოდინი აღარ აქვთ, რადგან ვეღარ თამაშობენ ამ ვითომ ევროპელებს, პროქართველებს და ვითომ სწორ პატრიოტებს, ამიტომ მუშაობენ აგრესიულად განწყობილ ხალხზე, რომ მათით შექმნან ილუზია, თითქოს ისინი კიდევ უფრო ბევრნი არიან.
_ რაც შეეხება „ქართული ოცნების“ ჰომოფობიურ კამპანიას, უკვე წიგნებისა და გამომცემლობის წინააღმდეგ დაიწყეს ბრძოლა, ამაზე რას იტყვით?
_ ახალი არაფერია მათ ქცევაში, ეს არის მეთოდები, ტექნიკები, მიდგომები, რომელიც გამოყენებულია, მაგალითად, 10 წლის წინ რუსეთის ფედერაციაში. „ქართული ოცნება“ ქმნის ფსევდორეალობას, კამათები და კონფლიქტები გადმოაქვს, რომელიც ქართულ საზოგადოებაში არ არსებობს. ეს კონფლიქტები არსებობს, მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში და იმ საზოგადოებაში, რასაც „კულტურული ომის“ პრობლემებს ეძახიან ლიბერალიზმსა და კონსერვატორულ ფასეულობებს შორის. ლგბტქ თემის ისეთი მოთხოვნები, რაზეც „ქართული ოცნება“ აპელირებს და რაც საქართველოში არ დგას, არის თავიდან ბოლომდე მოგონილი რეალობა. საქართველოში ამ ტიპის კონფლიქტი ლიბერალიზმსა და კონსერვატულ შეხედულებებს შორის არ არსებობს, ეს არის ტყუილი. საქართველოში არ არსებობს ლგბტქ თემი, რომელსაც აქვს ის მოთხოვნები, რომელზედაც „ოცნება“ ლაპარაკობს. საქართველოში არავინ ამის პროპაგანდას არ აწარმოებს, ეს არის ტყუილი. სისულელეა, შარლ პეროს ზღაპარზე თქვა, რომ ეს არის სექსუალური ტიპის ძალადობის პროპაგანდა, ან თქვა „ჰეპი მილში“ ამოსულ წიგნზე, რომ ეს არის ეროვნული საფრთხე. ეს ხდება იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, სადაც რუსეთის ფედერაციის 7 სამხედრო ბაზა არის განთავრებული და სადაც რეალური მტერი გყავს. მოგონილ საფრთხეებზე საუბრები მიმართულია იქითკენ, რომ ადამიანებში გააღვივონ ირაციონალური შიშები. ისინი ებრძვიან „ქარის წისქვილებს“, არარსებულ ქიმერებს და ამით უნდათ შექმნან ილუზია, რომ არიან რაღაც პოლიტიკურ პროცესში. ეს მიმართულია იმისკენ, რომ საზოგადოების ყურადღება რეალური პრობლემებიდან გადაიტანონ გამოგონილ საფრთხეებზე.
_ რას იტყვით „მეორე ფრონტით“ საზოგადოების დაშინების მცდელობებზე? ჩანს, რომ საზოგადოების რაღაც ნაწილზე ეს მუშაობს...
_ „მეორე ფრონტი“ და „გლობალური ომის პარტია“, რაზედაც „ქართული ოცნება“ და მისი დანაყოფები საუბრობენ, სხვა არაფერია, თუ არა შეთქმულების თეორიები, როგორიცაა, მასონთა შესახებ თუ სხვა კონსპირაციული თეორიები, რასაც სინამდვილესთან არანაირი კავშირი არ აქვს, მაგრამ გამოიყენება გამოგონილი მტრის შექმნით საზოგადოების მანიპულირების მიზნით. ამის მიზანია, რომ ადამიანებმა რეალური პრობლემები არ დაინახონ, არამედ გამოგონილ საკითხებზე კონცენტრირდნენ. ისინი მოქმედებენ ადამიანის ინსტინქტებზე, პირველად შიშებზე. რა თქმა უნდა, ომი არავის უნდა. თქვენ სწორად აღნიშნეთ, ეს პროპაგანდა მუშაობს, მაგრამ პასუხისმგებლიანმა პოლიტიკურმა ძალამ ადამიანის პირველად შიშებზე ზემოქმედება არ უნდა იკადროს. ადამიანებს პროპაგანდისტული მანქანით თუ ტვინი გამოუჭედე, რომ ჩემს მოწინააღმდეგეს ომი უნდა, ჩვენ მშვიდობა გვინდა, ეს კი იმუშავებს, ეს არის ძველი პროპაგანდისტული ხერხები. მაგრამ ასეთი ტყუილის კადრება დაუშვებელია, არ შეიძლება მოწინააღმდეგეს ეს დააბრალო.
_ რას იტყვით რეალურ საფრთხეებზე? ვხედავთ, რომ იზრდება ოკუპანტ და აგრესორ რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობა, რა საფრთეებს უქმნის ეს საქართველოს?
_ რეალურად, ამას სუს-ის ანგარიშიც არ უნდა, ჩვენ ამას ვხედავთ ყველაფერში. ვხედავთ, რომ ნატოს მიმართულებით განვითარება შეჩერდა, არავითარი რეფორმა აღარ მიმდინარეობს. პირიქით, ვხედავთ, რომ ხდება რუსეთის, როგორც მტრის ნიველირება, მისი ამოღება საერთოდ სახელმწიფოებრივი ნარატივიდან. პირდაპირ თქვა ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, აბსოლუტურად მოგონილი დოქტრინა შემოიტანა _ „სტრატეგიული მოთმინების“. ასეთი რამ არ არსებობს, ეს ისეთივე მოგონილი ტერმინია, როგორც, მაგალითად, „ლიბერალური ფაშიზმი“. ცდილობენ, საზოგადოებაში გააქარწყლონ რუსული საფრთხის შეგრძება, ეკონომიკა ამისთვის არის იდეალური გზა. ადამიანების ჯიბეს თუ შეეხები, იმ ქვეყანაში, სადაც გაჭირვებაა, განსაკუთრებით მძიმე სოციალური ფონია, ხალხი ჯიბეზე იფიქრებს. თანაც უკრაინაში, რუსეთის ომიდან გამომდინარე, ეს მოცემულობა მივიღეთ, რომ რუსეთი საქართველოს იყენებს თავის უკანა ეზოდ, რომ გვერდი აუაროს სანქციებს. ამასთან, იმ პროდუქტს, რომელსაც სხვაგან ვეღარ ყიდის, ცდილობს აქ მოახდინოს რეალიზაცია, და რაც ყველაზე მთავარია, ცდილობს, საქართველო ეკონომიკურად მიიბას. დღეს არის უკვე ეს ვითარება და საქართველო არის ეკონომიკურად დამოკიდებული რუსეთზე. რუსეთს შეუძლია ეს გავლენა გამოიყენოს და 2 კვირაში მოახდინოს დესტაბილიზაცია და სიტუაციის ესკალაცია ქვეყანაში. ამის მარტივ მაგალითს გეტყვით, მაგალითად, საქართველოში გამოყენებული საწვავის 85% შემოდის რუსეთის ფედერაციიდან. რუსეთის ფედერაციამ რომ შეწყვიტოს საწვავის მიწოდება რაღაც მიზეზით და ეს არაერთხელ გაუკეთებია, 2006 წელს გაზისა და დენის მაგალითი გავიხსენოთ, საქართველოს მთავრობა ერთ თვეში ვერ მოიძიებს ალტერნატიულ ბაზრებს და შეიძლება საწვავის პრობლემა გაჩნდეს. ასე, 75-80 პროცენტით ვართ დამოკიდებული რუსეთიდან შემოსულ ხორბლის ფქვილზე, რუსეთმა რომ შეწყვიტოს ხორბლის ფქვილის შემოდინება, საქართველოს მთავრობას ძალიან გაუჭირდება, ამ მასშტაბით სწრაფად აღადგინოს სხვა ქვეყნებიდან თავისი რეზერვები. ასეთი სფეროები ბევრია. ესაა სფეროები, რომლითაც რუსეთი ხდის ქვეყანას მასზე დამოკიდებულს. არგუმენტები, რომ წინა მთავრობამ სტრატეგიული ობიექტები მიჰყიდა, არ არის რელევანტური. დღეს პრობლემა გვაქვს, რომ ისევ ვხვდებით რუსეთზე დამოკიდებულები. ის, რომ რუსეთზე დამოკიდებულება კლებულობდა, ეს იყო ბოლო 15 წლის ტენდენცია, სხვათა შორის, მათი ხელისუფლების პირობებშიც ეს ტენდენცია გრძელდებოდა. ეს იყო სწორი ტენდენცია, საქართველო არ უნდა იყოს რუსეთზე დამოკიდებული. ახლა ხდება ნიველირება რუსეთთან აქტიური კონფლიქტის, ამას მოჰყვება დანაშაული. ამის რეალური ფაქტები არ გვაქვს არც თქვენ, მედიას და არც ჩვენ, პოლიტიკოსებს, მაგრამ ვხედავთ, როგორ იზრდება ისეთი პროდუქციის გატანა რუსეთში, რომელიც აქამდე არ გადიოდა, როგორიცაა, მაგალითად, ავტომობილების რეექსპორტი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და სხვა.
_ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ არის მოთხოვნა ავიამიმოსვლის სიხშირის უპრეცედენტოდ გაზრდაზე, _ ამის შესახებ რას იტყვით?
_ მინდა, დააკვირდეთ რიცხვს, რუსეთი საქართველოსთან კვირაში 284 რეისს ითხოვს. ეს 300-მდე რეისი ნიშნავს, რომ საქართველო გახდა რუსეთის შიდა აეროპორტი, საბჭოთა კავშირის დროსაც კი არ ყოფილა ამდენი რეისი რუსეთის ფედერაციასთან, ეს პირდაპირი დემოგრაფიული ექსპანსიაა. ასეთ ზრდას ერთადერთი რამე გაამართლებდა, _ ტურისტული ნაკადის ზრდა, მაგრამ ტურისტული ნაკადი არ არის მზარდი, ის დაუბრუნდა პანდემიამდელ ნორმას და მას არ სჭირდებოდა 300-მდე რეისი რუსეთიდან. რაც გაიაშვილმა გააკეთა, მოსკოვი-თბილისი-ნიცა, ასეთი რეისი დაინიშნა, ანტისახელმწიფოებრივია. უდიდესი დისკომფორტი ჰქონდათ რუს მილიონერებს, რომლებიც თავიანთი ვილებიდან მარტივად ვერ მიდიოდნენ საფრანგეთში, ახლა მარტივად წავლენ საქართველოს გავლით. ამისთვის გამოიყენება ეს ფრენები და კიდევ დემოგრაფიული ექსპანსიისთვის. 10 ათასი რუსი ცხოვრობს ამ ქვეყანაში, უნდათ კიდევ მეტი ცხოვრობდეს, ამიტომ ჩელიაბინსკიდანაც კი პირდაპირი რეისი ექნებათ. მეორე _ რაც ამ სამოქალაქო გადაზიდვის მიღმა არის, 284 რეისი ნიშნავს 284 სატვირთო თვითმფრინავს, რომელიც საქართველოში შემოვა და გავა ისე, რომ ისინი მინიმალური გაკონტროლდება. საბაჟო ტერმინალებზე აქტიური კონტროლია და იქ სანქცირებული ტვირთი ძნელად გასაძრომია. ამის შესაძლებლობა იზრდება ერთი-ორად, როცა საჰაერო გადაზიდვებზეა ლაპარაკი, თუნდაც ის ელექტეროჩიპები ბევრად უფრო მარტივად გადაიტანონ და ბევრად უფრო მყისიერად და სწრაფად მოხვდეს რუსეთში. ამიტომ ეს ფრენები ძალიან დიდი საფრთხეა სტრატეგიული, პოლიტიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით.
_ ქვეყნის პრემიერი ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის შესახებ ლაპარაკობს და როგორც პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას მან განაცხადა, ამისთვის შერჩეული აქვთ ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ადგილი, ამის შესახებ რას იტყვით?
_ ვაზიანის აეროდრომი, ვაზიანის სამხედრო ბაზა, ეს არის სტრატეგიული ობიექტი, რომლის დემილიტარიზებას, ანუ სამხედრო ობიექტის სტატუსის მოხსნას რუსეთის ფედერაცია ითხოვს საქართველოს დამოუკიდებლობის მიღების დღიდან. იმ დროიდან აბსოლუტურად ყველა მოლაპარაკების დროს რუსეთთან ისმის ეს საკითხი. რატომ? იმიტომ, რომ ვაზიანი არის სტრატეგიული სიმაღლე თბილისისა და მთელი აღმოსავლეთი საქართველოს დაცვის. ვაზიანი არის დღეს უკვე სამხედრო პოლიგონი, რომელზედაც რამდენიმე მილიარდია დახარჯული, რომელზედაც მიდიოდა ნატო-ს წვრთნები, რომელიც დღეს უკვე აღარ არის. დაბოლოს, ვაზიანის სამხედრო ბაზაზე განლაგებულია მე-5 ბრიგადა, ყველაზე ბრძოლისუნარიანი სამხედრო-სახმელეთო ძალები საქართველოს ტერიტორიაზე, აგრეთვე სამხედრო შენაერთი, რომელიც პასუხისმგებელია თბილისის დაცვაზე. ამ ბრიგადის დისლკოკაციის ადგილის გაუქმება ნიშნავს, რომ საქართველოს ყველაზე ბრძოლისუნარიანი ბრიგადა ან უნდა დაშალონ, ან გადაიყვანონ სხვა ტერიტორიაზე, რაც ასევე, ფაქტობრივად, ნიშნავს მის დაშლას. შესაბამისად, ეს არის პირდაპირი დარტყმა საქართველოს თავდაცვისუნარიანობასა და ეროვნულ ინტერესებზე. ეს პოლიგონი არის სატანკო-საარტილერიო დანიშნულების და შეუძლებელია, რომ არტილერიის ბატალიონი და საერთაშოროსო აეროპორტი იყოს ერთმანეთის გვერდიგვერდ განთავსებული. მინისტრმა თქვა ან აბსოლუტური სისულელე, რომლის შესახებაც არაფერი სმენია, ან მოიტყუა. უფრო მგონია, რომ ის უვიციცაა და თან მატყუარაც. ამ აეროდრომის გადაკეთება ნიშნავს ამ ქვეყნისა და სახელმწიფოს ღალატს. თბილისს არ აქვს მოთხოვნილება ვაზიანში არავითარი სამოქალაქო აეროპორტის. თბილისის საერთაშორისო აეროპორტს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, რომ იქ გაათმაგდეს ტვირთბრუნვა და მოქალაქეების გადაყვანა. ამდენად, ვაზიანის აეროდრომის გაუქმება არის საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ სვლა. სამხედრო ბაზები რომ გაჰყავდათ, რუსები მაშინაც ითხოვდნენ ვაზიანის სამხედრო ინფრასტრუქტურის გაუქმებას. ამას ასრულებს ახლა ეს ხელისუფლება და ამიტომ ვამბობთ, რომ ისინი არიან მოღალატეები და ღალატობენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.
_ როგორც ვხედავთ, ხელისუფლება ამზადებს პროპაგანდის ახალ ხაზს რუსეთთან „დათბობის პოლიტიკით“ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების შესახებ, ამაზე რას იტყვით?
_ ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის. ისინი რაღაც დაახლოებაზე ლაპარაკობენ, ამ დროს უკანონო ბორდერიზაცია გრძელდება, დემარკაციის ხაზის გადმოწევა, ადამიანების გატაცება გრძელდება. ისე ჩადიან რუსი მაღალჩინოსნები ოკუპირებულ რეგიონებში, საქართველო საპროტესტო ნოტასაც კი აღარ გზავნის. ოფიციალურ თბილისს ერთი ნაბიჯიც კი არ გადაუდგამს კონფლიქტის მოგვარებისკენ, არაფერი აქვთ გაკეთებული ამ კონფლიქტის მოგვარების მკვდარი წერტილიდან დასაძრავად. შესაბამისად, მათგან რაიმე პრობლემის გადაჭრაზე საუბარი სასაცილოა.
_ თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზა? _ რა თქმა უნდა, კონფლიქტი უნდა მოგვარდეს მშვიდობიანად, მაგრამ არ ვამბობ, რომ ეს არის ერთადერთი გზა. გეოპოლიტიკური ვითარების შესაბამისად უნდა მოგვარდეს ეს კონფლიქტი. ეს კონფლიქტი შეუძლებელია მოგვარდეს ნატო-ს, შეერთებული შტატებისა და ამ დასავლური „ქოლგის“ დახმარების გარეშე. ეს არის ცალსახა. საქართველო მარტო ამ კონფლიქტს ვერ მოაგვარებს, იმიტომ რომ მისი მოწინააღმდეგე არის რუსეთი.