- სამშაბათი, 24 დეკემბერი, 2024
2023-05-15 14:07:02
ირინა მაკარიძე
ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის მიხედვითაც ფულადი გზავნილების ნახევარზე მეტი რუსეთზე მოდის. ამასთან, გასული წლის იმავე პერიოდთან, მარტთან შედარებით, რუსეთიდან გზავნილების მოცულობა 8-ჯერ არის გაზრდილი.
რა კავშირშია ერთმანეთთან ფულადი გზავნილები და ლარის კურსი? ლარის გამყარების მიუხედავად, რატომ იზრდება ფასები და რა პერსპექტივა აქვს საქართველოს ეკონომიკას? _ ამ და სხვა საკითხებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრა ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცეპრეზიდენტი, ნიკა შენგელია:
_ გადარიცხვები რომ ბოლო ერთი წელია, გაიზარდა, ფაქტია. ეს მარტო ჩვენი ემიგრანტების მიერ კი არ ხდება, თანხები ერიცხება რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც, ფაქტობრივად, აქ ცხოვრობენ. სხვათა შორის, ეროვნულმა ბანკმა იმის განმარტებაც გააკეთა, რომ რუსების მიერ დახარჯულ თანხებს საქართველოში ტურისტულ სფეროს აღარ მიაკუთვნებენ, რადგან ეს ხალხი აქ ცხოვრობს, ბიზნესს აკეთებს. ვისაც ბიზნესი არ აქვს, თავიანთი ქვეყნიდან, რუსეთიდან ერიცხებათ საარსებო თანხები. ამიტომ არის ეს გზავნილები გაზრდილი. თუ რუსეთში კიდევ დაიძაბება სიტუაცია და გამოცხადდება მობილიზაცია, არ გამოვრიცხავ, რომ ისევ შემოვიდეს ეს ხალხი და მეტად გაიზარდოს ეს ტრანსფერები.
_ არა მხოლოდ რუსეთიდან, ზოგადად, გაზრდილია გზავნილები, მათ შორის, აშშ-დან და ევროპიდან. რას იტყვით ამის შესახებ და მის წილზე ქართულ ეკონომიკაში?
_ ეს გაზრდილია იმიტომ, რომ ლარი გამყარებულია საკმარისზე მეტად. ჩვენი ემიგრანტები თავიანთ ოჯახის წევრებს ადრე თუ უგზავნიდნენ 200 ევროს, ახლა იმავე საჭიროებისთვის უკვე უგზავნიან 300 და 400 ევროს. ეს გზავნილები ქმნიან ლარზე მოთხოვნას. ლარი სწორედ ამიტომ არის ასე გამყარებული. ძალიან გამყარებულიც კი, მაგრამ მთლად ამასაც ვერ მივაწერთ ამ გამყარებას. აქ გასათვალისწინებელია ის, რომ 2023 წელს სახელმწიფოს დასაფარი აქვს ვალი თავისი პროცენტით, შესაბამისად, ლარის გამყარება აწყობს, რომ ლარში ნაკლები დაუჯდეს საგარეო ვალის ძირი თანხისა და მომსახურების პროცენტის გადახდა.
ეს თანხები, რომელიც შემოდის უცხოეთიდან, ახალისებს ქვეყნის ეკონომიკას, აგენერირებს დახლოებით 20%-მდე. მოთხოვნა არის წახალისებული, ეს იმას ნიშნავს, დღეს თუ რაიმე იყიდება მაღაზიაში და მოხმარებაში მიდის, ძირითადად, ამ თანხებით. გზავნილებია, ჩვენს ეკონომიკას რაც აღვიძებს, თორემ ჩვენი ადგილობრივი წარმოება და მრეწველობა არ გაზრდილა.
_ თქვენ აღნიშნეთ გარკვეული ჯაჭვური კავშირი ლარის კურსსა და გზავნილებს შორის. რაც შეეხება ფასებს, ლარის კურსის გამყარების მიუხედავად, ფასები არ მცირდება. ამის შესახებ რას იტყვით?
_ ფასები არის გაზრდილი, ჩემს პროგნოზებს თუ გადახედავთ, 8 თვის წინ მქონდა მითითებული, რომ აპრილში ინფლაცია იქნება დაწეული. ფასები ძვირია, პროდუქტები იქნება თუ სხვა საქონელი, რომელიც მოსახლეობას სჭირდება. ლარი გამყარებულია და, შესაბამისად, გადმორიცხული დოლარით ან ევროთი აქ ცოტა ლარი მოსდით, ამიტომ უწევთ მეტი უცხოური ვალუტის გადმორიცხვა.
ქვეყნის შიგნით არაფერი საიმედო არ ხდება, მრეწველობა არ გაზრდილა, იზრდება მხოლოდ სამშენებლო სექტორი. ბინებზე არის მოთხოვნა და ესეც, ძირითადად, გამოწვეულია რუსეთიდან და ბელარუსიდან შემოსულების ხარჯზე.
_ ცოტა ხნის წინათ გამოქვეყნებულ NDI-ის კვლევებში აღნიშნული იყო, რომ გამოკითხულთა დიდი ნაწილი, მათ შორის, ახალგაზრდები, აპირებენ ემიგრაციაში წასვლას, ხოლო გამოკითხულთაგან ყოველი მეექვსე ფულს იღებს უცხოეთიდან, რას დაუკავშირებთ ამას?
_ დიახ, კვლევამ აჩვენა, რომ ყოველ მეექვსე ადამიანს უნდა უცხოეთში წასვლა, იმიტომ რომ აქ გაუსაძლისი მდგომარეობაა. სამსახურები არ არის ან თუ არის, ხელფასებია დაბალი. ადამიანები ვერ ახერხებენ ოჯახების რჩენას, მოსახლეობა დაუსაქმებელია. 26 ათასი კაცი მარტო მთავრობამ დაასაქმა, მხოლოდ სოციალურად დაუცველები. ეს პროცენტულად შთამბეჭდავი რიცხვია. თუ შევხედავთ მეთოდოლოგიას, ვინ მიიჩნევა დასაქმებულად, გამოდის, რომ ხალხი დასაქმებულია, მაგრამ ასე არ არის. ხალხი მიდის ქვეყნიდან გაჭირვების გამო, რომ ოჯახი გამოკვებოს და ქონება არ დაუყადაღონ ბანკებმა.
_ ამის ფონზე, გვესმის პრემიერის განცხადებები ეკონომიკის უპრეცედენტო ზრდის შესახებ. რამდენად აისახება ეს მოქალაქეების ცხოვრებაზე?
_ ეკონომიკური ზრდა იქნება იმიტომ, რომ ვართ რეგიონში, სადაც სამეზობლოში ომია და, რა თქმა უნდა, გარკვეული საქონელი უფრო მეტი გადის. მაგალითად, ღვინის ექსპორტის მხრივ, საქართველო რუსეთში იტალიის შემდეგ მეორე ადგილზე გავიდა. ქვეყნის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი ხდება რუსეთი. აქ პირველ-მეორე ადგილს ერთმანეთს ეცილება რუსეთი და თურქეთი. ასეულ ათას რუსეთის მოქალაქეზეა ბანკში ანგარიშები გახსნილი, 20 ათასამდე კომპანიაა რეგისტრირებული, ამის ხარჯზე იზრდება ეკონომიკა. ეს არის ციფრი, რითაც თავს იწონებენ, მაგრამ ჩვენს მოსახლეობას როგორც უჭირდა, ისევე უჭირს დღესაც.
_ ამჯერად როგორია თქვენი პროგნოზი, გაგრძელდება ფასების ზრდა?
_ ინფლაციის მაჩვენებელი 5 პროცენტის ფარგლებში დარჩება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქონელსა და მომსახურებაზე ფასები მნიშვნელოვნად დაიკლებს. შეიძლება ზოგიერთზე ოდნავი კორექცია მოხდეს, მაგრამ ბევრზე დარჩება ისევ მაღალი ფასები.
_ რაც შეეხება დოლარის კურსის ვარდნას, ამ მხრივ არასტაბილურობაც მოსახლეობას აზარალებს, რა პროგნოზი გაქვთ?
_ ჩვენი პროგნოზი არის ასეთი: სექტემბრამდე ლარი გააგრძელებს გამყარებას, სექტემბრიდან ოდნავ შეიძლება დაიწყოს ისევ გაუფასურება, ოღონდ არა ისე, რომ 3-მდე ავიდეს, 2,6-ის ფარგლებში შეიძლება დარეგულირდეს.
_ თქვენ ამბობთ, რომ ეს კავშირშია საგარეო ვალის გადახდასთან?
_ რა თქმა უნდა, საგარეო ვალი არის გადასახდელი. წელს მილიარდ 720 მილიონი ლარი უწევს, აქედან 480 მილიონი პროცენტია. რა თქმა უნდა, მთავრობას ურჩევნია, იაფად იყიდოს დოლარი. ეს ხდება იმ მოსახლეობის ხარჯზე, რომელიც თავიანთი ოჯახის წევრებს უგზავნის უცხოურ ვალუტას. ამის გარდა, სავალუტო შემოდინებების გამო ლარზე მოთხოვნილება იზრდება. სხვა რაიმე ფაქტორი ლარის გამყარებისა არ არსებობს.
_ როგორ შეაფასებთ მთავრობის მუშაობას ეკონომიკის მიმართულებით? რა ეკონომიკურ პროექტებს ახორციელებს იგი?
_ არავითარი ეკონომიკური პროექტები მთავრობას არ გააჩნია; არ აქვს სურსათის უსაფრთხოების გაწერილი გეგმა; არ გააჩნია ეკონომიკური განვითარების გეგმა. მთავრობას თუ უნდა, ქვეყანა განვითარდეს, ყველანაირი საფუძველი აქვს იმისა, რომ საპროცენტო განაკვეთი საქართველოში 5%-ზე მეტი არ იყოს. ამას თუ გააკეთებენ, ერთ წელიწადში მოსახლეობისთვის უკვე იქნება საგრძნობი. ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას.
_ ბანკების მიმართ არის ხშირად პრეტენზიები საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით. რამდენად არის ბანკების წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები საფუძვლიანი?
_ საბანკო კარტელის მოგება იზრდება. საბანკო ოლიგოპოლიური სისტემა რის გამო შეამცირებს თავის მოგებას, როდესაც მას კონკურენტი საფონდო ბირჟის სახით არ ჰყავს? საფონდო ბირჟების რეგულაცია აბარია ეროვნულ ბანკს. ვერსად, ვერცერთ განვითარებულ ქვეყანაში ვერ ვნახავთ, რომ საფონდო ბირჟის, ფასიანი ქაღალდების რეგულაციები შედიოდეს ეროვნული ბანკის ფუნქციებში. რა თქმა უნდა, ის არ განავითარებს საფონდო ბაზარს. ამიტომ რჩება ერთპიროვნული ლიდერი. თუ ვინმეს უნდა ფული ბიზნესისთვის, უნდა მიმართოს ბანკს. ამიტომაა, რომ საბანკო სექტორი ყოველთვის დიდ მოგებაზეა და ეს ყველაფერი ხდება ხალხის ხარჯზე. სამწუხაროდ, ამას მთავრობა არ ეწინააღმდეგება.
_ უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებით რას იტყვით?
_ ჩვენს ემიგრანტებს ტრანზაქციების სახით გაცილებით მეტი ფული აქვთ გადმორიცხული ქვეყანაში, ვიდრე, ვთქვათ, 2000 წლიდან ინვესტიცია არის შემოსული საერთოდ საქართველოში.
_ რატომ არ შემოდის ინვესტიციები ქვეყანაში?
_ სხვადასხვა მიზეზების გამო: ჯერ ერთი, სასამართლოში დიდი პრობლემაა, რაც არის ქვეყანაში ინვესტორის შემოსვლის მთავარი შემაფერხებელი. გარდა ამისა, რეგიონში ომია, რაც აფრთხობს ინვესტორებს. სერიოზული ინვესტორი ასეთ ვითარებაში შემოსვლას არ იჩქარებს.
_ სად ხედავთ გამოსავალს ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად?
_ ბოლო 10 წლის განმავლობაში მილიარდობით დოლარია გადახდილი სურსათის შეძენაში. ქვეყანა არ ფიქრობს იმაზე, რომ იმპორტშემცველი პროდუქციის წარმოებას მიაქციოს ყურადღება. საქართველოში იმპორტით შემოტანილი აგრარული პროდუქცია იყიდება 200 და 500-პროცენტიანი დარიცხვებით, ეს არის მთელი უბედურება. როდესაც შეიძლება საკვები პროდუქტების 70% აწარმოო, 80% არ უნდა შემოგქონდეს. რაც შეგიძლია, უნდა გააკეთო. ამდენი მიწა მოუხნავია, ტექნიკა არასაკმარისია, ესაა პრობლემა. ბოლოს და ბოლოს, ხახვი მაინც ვერ უნდა მოვიყვანოთ?
_ ალბათ, ეს უნდა გააკეთოს მეწარმემ. ხელისუფლების პასუხისმგებლობას აქ სად ხედავთ?
_ მეწარმე ვერაფერს გააკეთებს, თუ იქნება ასეთი მაღალი საპროცენტო განაკვეთი, ფულზე მისაწვდომობა არის შეზღუდული. ფულზე მისაწვდომობა შესაძლებელია მხოლოდ ნეპოტიზმის კუთხით. თუ გყავთ პატრონი, მაშინ მიიღებთ დაფინანსებას, ეს იქნება „აწარმოე საქართველოში“ თუ შეღავათიანი კრედიტი.
შეიძლება, ეკონომიკური განვითარების ციფრი დაჯდეს 10-9 ან 8%, მაგრამ მოსახლეობა ამას ვერ იგრძნობს. ეკონომიკურ ზრდას მოსახლეობა იგრძნობს, თუ საპროცენტო განაკვეთი განახევრდება, მინიმუმ, საბანკო სექტორის მხრიდან.
_ საბანკო სექტორი ამბობს, რომ ეს მათზე არ არის დამოკიდებული და ამას ბაზარი არეგულირებს…
_ დამთავრდა ეგ დრო, როცა ბაზარი არეგულირებდა, სხვა დრო მოდის, სხვა ეკონომიკა მოდის, სავალუტო კავშირები იქმნება, სავალუტო ზონები იქმნება… ამაზე 2019 წელს ვსაუბრობდით, მაგრამ ჩვენ არავინ გვაქცევს ყურადღებას. აკეთებენ ისე, როგორც იციან და რაც იციან და კი ვართ უკაპიტნო გემივით, ხან იქით მივეხეთქებით, ხან აქეთ _ ასეა ჩვენი ეკონომიკა.