- სამშაბათი, 24 დეკემბერი, 2024
2023-04-02 17:30:31
გიორგი საკარული
პარტია „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს მდივანი და საკრებულოს წევრი, საბა ბუაძე, მიიჩნევს, რომ დედაქალაქის მერი, კახა კალაძე, მთლიანად კორუფციაშია ჩაბმული და მისი ერთადერთი ამოცანა პარტიის ინტერესების გატარებაა და არა პრობლემების მოგვარება.
სად ხედავს პრობლემასა და გამოსავალს? როგორია ახალგაზრდა პოლიტიკოსის სტრატეგია? ამ და სხვა საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება საბა ბუაძე:
_ ბატონო საბა, სანამ პრობლემებზე ვილაპარაკებთ, იქამდე გადავხედე თქვენს ბიოგრაფიას, რომელიც საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება. უცხოეთში ცხოვრობდით, ნიდერლანდებში მიიღეთ იურიდიული განათლება, შემდეგ ნიუ-იორკში იურიდიულ კომპანიაში მუშაობდით. საინტერესოა, მაშინ, როდესაც ასეთი წარმატებული კარიერა გაქვთ ქვეყნის გარეთ, რატომ გადაწყვიტეთ საქართველოში ჩამოსვლა და იმ დიდ ორომტრიალში ჩაბმა, რასაც ქართული პოლიტიკა ჰქვია?
_ საქართველოში ჩემი ჩამოსვლა, ძირითადად, განაპირობა იმან, რომ ის ცოდნა და გამოცდილება, რაც მქონდა მიღებული, გამომეყენებინა იმისთვის, რომ სასარგებლო და გამოსადეგარი ყოფილიყო ჩემი ქვეყნისთვის. ჩვენ მაინც ცვლილებების ეპოქაში ვცხოვრობთ და უნიკალური შანსი გვაქვს, ქვეყნისთვის გავაკეთოთ რაღაც ისეთი, რომ საქართველოს კარგ გზაზე შემოტრიალებას შევუწყოთ ხელი. ამ მიზნით დავბრუნდი სამშობლოში. ჩემი პირველი სამსახური მთავრობის ადმინისტრაციას უკავშირდება. პრინციპში, ამ პერიოდმა პირველად დამანახვა ის ძალიან ბევრი პრობლემა, რომლის წინაშეც საქართველო დგას. პოლიტიკის მიმართ ინტერესი ყოველთვის მქონდა, ძალიან აქტიურად ვადევნებდი თვალს. უფრო მეტად 2007 წლის 7 ნოემბერს დავინტერესდი, მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, პირველად მოვხვდი საპროტესტო აქციაზე. მოგეხსენებათ, როგორც დამთავრდა ეს ყველაფერი, მიტინგი დაარბიეს, ამან რაღაც შეუქცევადი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია პროცესში და მას შემდეგ ყოევლთვის აქტიურად ვადევნებდი თვალყურს პოლიტიკურ ქარტეხილებს, საპროტესტო აქციებშიც ვმონაწილეობდი. ჩემი პროფესიის მიმართ ინტერესი, გარკვეულწილად, ამან გამოიწვია.
მე იურისტი ვარ, კონკრეტულად ჩემი ვიწრო სფეროა ადამიანის უფლებები, საჯარო სამართალი. შესაბამისად, ამის მიხედვით მივიღე გადაწყვეტილება. როდესაც აქ ჩამოვედი, მივხვდი, რომ საჯარო სამსახური საქართველოში არ იყო ის ადგილი, სადაც დიდი ცვლილებები შეგეძლო მოგეხდინა, ამიტომ გადავედი სამოქალაქო ორგანიზაციაში, არასამთავრობო სექტორში, სადაც გავატარე ჩემი, ჯერჯერობით, ხანმოკლე კარიერის დიდი ნაწილი. 6 წელი ვიმუშავე, აქედან 5 წელი ვიყავი ანტიკორუფციული მიმართულებით. პრინციპში, ჩემი საჯარო აქტიურობა ამ პერიოდიდან დაიწყო. კორუფციას ვიკვლევდი. ცხადია, კორუფციის საკითხებზე ახლაც აქტიურად ვმუშაობ. შემდეგ სახელმწიფო სამსახური და „აიტიეფაი“ იყო განმსაზღვრელი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში.
დიახ, როგორც თქვენ აღნიშნეთ, მე, საქართველოში ჩამოსვლამდე, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვმუშაობდი, ნიუ-იორკში, ერთ-ერთ იურიდიულ კომპანიაში. იქ ნამდვილად ფასდაუდებელი გამოცდილება მივიღე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ჩემს ცხოვრებაში, თუმცა მივხვდი, რომ ეს არ არის უმთავრესი. კარგი სამსახური, რა თქმა უნდა, კომფორტია, თუმცა თუ არ გაქვს შესაძლებლობა იმისა, რომ გააკეთო უფრო მნიშვნელოვანი, რომელიც სხვებს სიკეთეს მოუტანს და ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის, ვფიქრობ, უფრო წინ უნდა გაიხედო. ხალხის სამსახურში ყოფნა მართლა დიდი პატივია. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე პოლიტიკურ სფეროში გააქტიურება.
_ რატომ „ლელო“?
_ „ლელოსკენ“ ჩემი უშუალოდ ასეთი გადამწყვეტი ნაბიჯი განაპირობა 2019 წლის 20-მა ივნისმა („გავრილოვის ღამე“). ამან დააჩქარა პოლიტიკაში ჩემი მოსვლის პროცესი. მივხვდი, რომ ხელისუფლება ქვეყანას მიათრევდა სავალალო, საგანგაშო მიმართულებით. გადავწყვიტე, პოლიტიკურ პროცესში გავაქტიურებულიყავი. ეს დრო ზუსტად დაემთხვა იმ პერიოდს, როცა მამუკა ხაზარაძემ გააკეთა განცხადება. ჩვენ მაშინ არ ვიცნობდით ერთმანეთს, თუმცა ყველას, ვინც იმ დროს „ლელოში“ და „ლელოს“ შესაქმნელად შევიკრიბეთ, გვსურდა, რაღაც ახალი, ალტერნატიული, დამოუკდებელი პარტიის შექმნაში მიგვეღო მონაწილეობა _ ზუსტად ასეთი იყო „ლელო“, არც ქოცური და არც ნაცური წარმოშობის პოლიტიკური ძალა. ეს არის განსხვავებული, დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა და ზუსტად ასეთ გაერთიანებაში წარმომედგინა საკუთარი თავი. ლელო იყო ის დიდი სიახლე, რომელიც იმ დროის პოლიტიკურ პერიოდში იქმნებოდა, ვითარდებოდა, შენდებოდა და ამ ყველაფრის შექმნაში მეც ვმონაწილეობდი.
_ საუბრის დასაწყისში აღნიშნეთ, რომ ძირითადად კორუფციული საქმეებით დაინტერესდით. პრინციპში, დღესაც ამ მიმართულებით გიწევთ მუშაობა თბილისის საკრებულოში. საკმაოდ ხმაურიანი გამოსვლებით გამოირჩევით, აკრიტიკებთ მერის გადაწყვეტილებებს. რას მიიჩნევთ ქალაქის მმართველობაში მთავარ პრობლემად?
_ მოგეხსენებათ, თბილისში არსებული ყველა მწვავე და მნიშვნელოვანი პრობლემა დედაქალაქის მუნიციპალიტეტში წყდება და სამწუხაროდ, კალაძის პოლიტიკური მემკვიდრეობის ყველაზე მთავარი საკითხი და პრობლემა არის კორუფცია. ხედავთ, თუ როგორ მიმდინარეობს პარტიული და პოლიტიკური ნიშნით სხვადასხვა პრეფერენციის მინიჭება, მშენებლობის ნებართვების გაცემა და ამ ყველაფრის ავანგარდში დგას კახი კალაძე. უდიდესი პრობლემაა, როდესაც განვითარებას აფერხებს კორუფცია და არაკვალიფიცური მართვა, სადაც პარტიული ინტერესი უფრო ჭარბობს, ვიდრე _ დედაქალაქის.
_ მახსოვს, თქვენ დედაქალაქის მერს დაუპირისპირდით ავარიული სახლების რეაბილიტაციის საკითხის შესახებ და ის დეველოპერების ინტერესების ლობირებაში დაადანაშაულეთ. რა პრობლემას ხედავთ ამ მიმართულებით?
_ რაც შეეხება თბილისის საკრებულოს მიერ მიღებულ ბოლო გადაწყვეტილებას და იმ დაპირებებს, რომელიც მოვისმინეთ კახა კალაძისგან, ყველაფერი აღმოჩნდა სიცრუე.
_ უფრო რომ განმარტოთ?
_ 2019 წლის 15 თებერვალს კალაძემ დიდი ზარზეიმით ამცნო საზოგადოებას, რომ თბილისში კოეფიციენტის გაყიდვა იკრძალებოდა. ეს, სამწუხაროდ, დიდი ტყუილი აღმოჩნდა, რადგან ვხედავთ, რომ ახლა შეცვალეს ეს გადაწყვეტილება და ავარიული სახლების რეაბილიტაციის საფუძვლით იგი უკვე შესაძლებელი გახდა, გაიზარდა ის ფანჯარა, რომლის მიხედვითაც, კოეფიციენტები იმატებს სხვადასხვა მშენებლობაზე თბილისში. ეს არის ძალიან დიდი საფრთხის შემცვლელი ამბავი, რადგან მსგავსი პრეფერენციები და კოეფიციენტის მატების შესაძლებლობა გვაქვს და ვხედავთ, რომ ამ ინსტრუმენტს იყენებენ ასევე კორუფციული მიზნით _ კოეფიციენტებს უმატებენ სწორედ იმ კომპანიებსა და ადამიანებს, რომლებიც მართველ პარტიასთან ან უშუალოდ კახა კალაძესთან დაახლოებული პირები არიან.
_ დედაქალაში უამრავი პრობლემაა, თუმცა უნდა აღნიშნოს სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელიც სრულიად გაუსაძლისი გახდა: გზების შევიწროება, ტრანსპორტის უკმარისობა, გაქცეული მძღოლები და ა. შ. ჩვენ ვისმენთ უამრავ განცხადებას ოპოზიციის მხრიდან, უკმაყოფილებას, ჩხუბს, მაგრამ რეალურად რა ნაბიჯების გადადგმა ჰმართებს ოპოზიციურ სპექტრს იმისთვის, რომ თვალსაჩინო შედეგს მიაღწიოს და თუნდაც დედაქალაქში არსებული ეს უზარმაზარი პრობლემა მოგვარდეს ან აიძულოთ, რომ მოაგვარონ?
_ პოლიტიკოსის მთავარი ინსტრუმენტი და იარაღი არის საუბარი და კომუნიკაცია. იმისთვის, რომ ცვლილებას შევუწყოთ ხელი, უნდა ვესაუბროთ საზოგადოებას იმ პრობლემების შესახებ, რაც თბილისშია. როდესაც ოპოზიციაში ხარ, საზოგადოებასთან კომუნიკაცია და მისი დარწმუნება არის უმნიშვნელოვანესი. მოსახლეობას უნდა დაანახო, რეალურად რაში მდგომარეობს პრობლემა და ხალხი უნდა გააერთიანო. მუდმივად ვცდილობ, რომ საზოგადოებასთან მქონდეს კომუნიკაცია, ვისაუბრო ტრანსპორტზე, უკანონო მშენებლობებზე და საზოგადოებასთან ურთიერთობის გზით, ხალხს დავანახო, რომ არსებობს უკეთესი ალტერნატივა. ცვლილების შესაძლებლობა არსებობს, ზუსტად ამიტომაც ვლაპარაკობთ ამ პრობლემებზე საზოგადოებასთან, მათ შორის, ვამბობთ ბევრისთვის არაპოპულარულ და მწარე სიმართლეს.
_ რას ამბობთ?
_ ვამბობ, რომ სატრანსპორტო პოლიტიკის კონცეფცია, რომლითაც ეს რეფორმა უნდა განხორციელდეს, არის სწორი. საზოგადოებრივი ტრანსპორტი არის ჩვენი სატრანსპორტო სისტემის ხერხემალი და მის განვითარებაზე უნდა ვიზრუნოთ, თუმცა ვხედავთ, თუ როგორ კატასტროფულად ახორციელებს მერია ამ ყველაფერს. 18-მეტრიანი ავტობუსები, ფაქტობრივად, 3-წლიანი დაპირების მიუხედავად, წელსაც არ იქნება შემოყვანილი და ბევრი პრობლემა მოუგვარებელი დარჩება. ამიტომ ხალხს უნდა ველაპარკოთ იმაზე, თუ რა არის სწორი და რა _ არასწორი. უნდა გამოვიყენოთ მხილების ძალა, ეს მნიშვნელოვანია, _ როცა კონკრეტულ პრობლემას ამხელ, ეს თავისთავად ქმნის გარკვეულ წნეხს მთავრობაზე და ამ ხელისუფლებისთვის კონკრეტული ფასი ჯდება. ცხადია, ოპოზიციისთვის კონკრეტული ცვლილებების მიღება რთულია, თუმცა, საბოლოო ჯამში, ჩვენი ამოცანა არის ყველა არასწორი და ქალაქისთვის საზიანო გადაწყვეტილება ამ ხელისუფლებას დაუჯდეს კონკრეტული პოლიტიკური ფასი.
_ თუმცა ხალხმა ძალიან კარგად იცის პრობლემები, რადგან ეს მათი ყოველდღიურობაა. ამ ყველაფრის მიუხედავად, რატომ დუმს საზოგდოება?
_ საზოგადოება არ დუმს. საზოგადოებამ ძალიან კარგად აჩვენა, რომ მას აქვს თვითორგანიზების უნიკალური უნარი და ეს ყველაზე კარგად გამოჩნდა 7-9 მარტის აქციებზე. პოლიტიკოსებისა და მედიის როლი არის უმნიშნველოვანესი, რადგან ჩვენ ხალხამდე უნდა მივიტანოთ ის საკითხები, რომელიც მას აწუხებს. ხალხის საკითხები უნდა დავაბრუნოთ პოლიტიკურ პროცესში. ეს ელექტორატს დაუბრუნებს პოლიტიკური პროცესის მიმართ ნდობას. დღეს თუ რამე შეძლო ამ ხელისუფლებამ, არის პოლიტიკური პროცესის მიმართ უნდობლობის გაღრმავება და, სამწუხაროდ, ჩვენი შეცდომებით, ოპოზიციამაც შევუწყვეთ ხელი.
ხალხმა აჩვენა ძალიან მნიშვნელოვანი რამ: ქართველი ხალხი ევროპული მომავლით ვაჭრობას არ შეეგუება და გულგრილად არ შეხედავს ამ ყველაფერს, განსაკუთრებით ახალგაზრდობა _ ის მზად არის, ევროპული მომავლის დასაცავად გამოვიდეს ქუჩაში. ჩვენ პროცესებმა გვაჩვენა, რომ ამ ხელისუფლების პირობებში არათუ კანდიდატის სტატუსის მისაღებად არავინ იმუშავებს, არამედ ეს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს კანდიდატის სტატუსის საბოტაჟისთვის. პოლიტიკური პროცესის ლოგიკას რომ მივყვეთ, უნდა ვესაუბროთ ხალხს, რამდენად მნიშვნელოვანი ეტაპია ახლა ჩვენთვის ეს და უნდა ავუხსნათ, რომ ეს ხელისუფლება არ გააკეთებს არაფერს კანდიდატის სტატუსისთვის, პირიქით, ის აფერხებს ევროპული პერსპექტივის მიღებას.
_ დაბოლოს, დაანონსებულ 9 აპრილის აქციას თუ შეუერთდებით?
_ არა, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია და „ლელო“ არ მონაწილეობს „ნაცმოძრაობის“ მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში. შესაბამისად, ჩვენ არ ვიქნებით 9 აპრილის აქციაზე.
_ რატომ? ამ აქციაზე ხომ მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ არ იქნება?
_ პოლიტიკური პროცესის დამაზიანებელი მგონია, თუკი ეროვნულ თარიღებს კონკრეტული ვიწრო პარტიები გამოიყენებენ. 9 აპრილი არის ჩვენი თავისუფლებისთვის ბრძოლის უმნიშვნელოვანესი სიმბოლო და ერთი პარტიის მიერ ამ თარიღის არსის დავიწროება დიდი შეცდომაა.