QronikaPlus
გია ხუხაშვილი: „მაშინ, როდესაც უკრაინა გახდა ცივილიზებული სამყაროს მექა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები იქ არ ჩადიან, კატასტროფაა“

გია ხუხაშვილი: „მაშინ, როდესაც უკრაინა გახდა ცივილიზებული სამყაროს მექა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები იქ არ ჩადიან, კატასტროფაა“

2023-03-12 15:39:59

თამარ სანაძე

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა რუსეთ-უკრაინის ომის წლისთავთან დაკავშირებით ღიად განაცხადეს უარი კიევში მიწვევაზე.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ უკრაინელ კოლეგებთან „ძალიან თბილი“ ურთიერთობები აქვთ, მაგრამ „ბოლო ერთი წლის განმავლობაში მრავალჯერ საქართველო იყო უსამართლო, უსაფუძვლო ბრალდებების ობიექტი“.

უარის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად „ოცნება“ ასახელებს კიევის კრიტიკას საქართველოს მესამე პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილთან მოპყრობის გამო და ასევე იხსენებს „მეორე ფრონტის“ გახსნის მოწოდებების თემასაც.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებას უკრაინის ომის წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებში არც საქართველოში მიუღია მონაწილეობა.
უკრაინაში არც საქართველოს პრეზიდენტი ჩავიდა. სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ სურდა უკრაინის ომის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დასასწრებად კიევში გამგზავრება. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მან დროულად გამოთქვა მზადყოფნა, გამგზავრებულიყო უკრაინაში, მაგრამ მიწვევა არ მიუღია.
„ამ ერთი წლის განმავლობაში ხალხის, პირადად ჩემი, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტის სახელით, სადაც და რა ფორმატშიც ეს შესაძლებელი იყო, უკრაინას გამოვუცხადე საქართველოს ურყევი მხარდაჭერა და ასე გაგრძელდება. ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა თუ არა, მაშინ პრეზიდენტი აუცილებლად უნდა ყოფილიყო კიევში. მე გამოვხატე ამის სურვილი დროულად. სამწუხაროდ, მოწვევა არ მიმიღია“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

უკრაინაში გამგზავრებაზე საქართველოს ხელისუფლების მტკიცე უარზე, სალომე ზურაბიშვილის უკრაინაში წასვლის სურვილსა და ბოლო დროს ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა გაზეთ „ქრონიკა+“-თან ვრცლად ისაუბრა:
_ ბატონო გია, გმადლობთ იტერვიუსთვის. პირველ რიგში, დავიწყოთ ირაკლი კობახიძის განცხადებით, _ მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მათ პარტიაში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მაღალჩინოსნის, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილის ჩანერგილი „ოპოზიციონერი“ „აგენტები“ იყვნენო. მან ამ კონტექსტში თქვენც გახსენათ. მართალია, უკვე გამოეხმაურეთ მის ამ განცხადებას, მაგრამ როგორ ფიქრობთ, კიდევ რას უნდა ველოდეთ მისგან? იქნება მსგავსი ბრალდებები თუნდაც სხვა ადამიანების მისამართით?
_ გასაგებია, რომ ამ პერსონაჟს საერთოდ სერიოზული პრობლემები აქვს, მაგრამ ეს არის უბრალოდ სიტყვის მასალად გამოყენებული და მეტი არაფერი. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ირაკლი კობახიძის ნათქვამ ამ აბსურდზე კომენტარის გაკეთებაც კი საკუთარი თავის შეურაცხყოფაა. ის იმ პერიოდში საერთოდ არ იყო „ქართულ ოცნებაში“, როცა მე იქიდან წამოვედი და არც მიზეზები იცის, ბუნებრივია, და არც სხვა რამე, მაგრამ ენას ძვალი არ აქვს. ყოველთვის ასეთი იყო ირაკლი კობახიძე. რაღაც სისულელეს ჩაუდებენ პირში, მორიგ ცილისწამებას და როგორც ცნობილი პოლიტიკური სოციოპათი, გამოდის და ნებისმიერ ბოდვას დააბრეხვებს. მას ამის არანაირი პრობლემა არ აქვს. არც ვბრაზდები მასზე, იმიტომ რომ ამას აზრი არ აქვს. ის შებრალებას უფრო იმსახურებს, ვიდრე გაბრაზებას.
რა თქმა უნდა, მას შეუძლია, ნებისმიერი რაღაც დააბრალოს ნებისმიერ ადამიანს, რადგან მას არ აქვს არც მორალური, არც ეთიკური, აბსოლუტურად არანაირი მუხრუჭი, მისთვის წითელი ხაზები არ არსებობს. შესაბამისად, მას შეუძლია, ნებისმიერი სისულელე ნებისმიერ ადამიანზე ნებისმიერ დროს თქვას ისე, რომ ნერვი არ აუტოკდეს. სწორედ ამას გეუბნებით, რომ პოლიტიკური სოციოპათია, რაც მათთვის დამახასიათებელია.
_ გიორგი გახარია ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრად იმყოფებოდა. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილს პარანოიკი უწოდა, ასევე თქვა, რომ ივანიშვილი არსად წავა, მან პასუხი უნდა აგოს ყველაფერზე. გიორგი გახარიამ ისიც აღნიშნა, რომ მე ვერ დამაკავებენო. რა კოზირი შეიძლება ჰგონდეს გიორგი გახარიას, რომ ასეთი თავდაჯერებულია?
_ როცა საქმის აღძვრასა და პასუხისგებაზე ვსაუბრობთ, საქმის აღძვრა სწორ ადგილზე ხომ არ ხდება, რაღაც მიზეზი ხომ უნდა იყოს? რას გულისხმობს ის, როცა ამბობს, რომ მე ვერანაირად ვერ დამაკავებენო, არ ვიცი, მაგრამ რაღაც მიზეზი ხომ უნდა იყოს, თუნდაც ფორმალური? რას გულისხმობს ის, როცა ამბობს, რომ ვერ დამაკავებენო, არ ვიცი, მაგრამ რაღაც მიზეზის გარეშე ხომ ვერ დააკავებენ? ის საკუთარ თავში დარწმუნებულია და ამიტომ ამბობს ასე. რაც შეეხება იმას, რომ გახარიამ პარანოიკი უწოდა ივანიშვილს, აქ ეს როგორც სამედიცინო ტერმინი, ისე არ არის გამოყენებული, არამედ იგულისხმება, როგორც პოლიტიკური ტერმინი. თუ გავითვალისწინებთ იმ მოვლენას, რომ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები მუდმივად ბანკთან რაღაც ტრანზაქციების პრობლემები ლამის მსოფლიო პოლიტიკის საგნად აქციეს, ამას ჰქვია პარანოია. პარანოიკი არის ადამიანი, რომელიც ავითარებს უსაფუძვლო შეთქმულების თეორიებს. შეიძლება ამ კონტექსტში თქვა, შეიძლება სხვა კონტექსტშიც თქვა. თუმცა როცა პოლიტიკურ პარანოიაზეა საუბარი ბიძინა ივანიშვილთან მიმართებით, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იმ გზავნილებიდან გამომდინარე, რაც ჩვენ გვესმის მისი სპიკერებისგან თუ ადვოკატებისგან.
_ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ღიად თქვეს უარი კიევში მიწვევაზე რუსეთის ომის წლისთავთან დაკავშირებით. ისინი 24 თებერვალს არ ჩავიდნენ უკრაინაში. რა მესიჯია საქართველოს ხელისუფლების უარი უკრაინის რადას მიწვევაზე?
_ ეს არის ძალიან მძიმე გზავნილი. საქართველო, მაშინ როდესაც უკრაინა გახდა მთელი მსოფლიოს პოლიტიკის, მთელი ცივილიზებული სამყაროს მექა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდეტიც კი, მიუხედავად ძალიან დიდი დისკომფორტისა და უსაფრთხოების სერიოზული რისკებისა, იქ ჩადის და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, ქართველი პარლამენტარები იქ არ ჩადიან, ეს კატასტროფაა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ, საქართველო მიცურავს დინების საწინააღმდეგოდ და ეს ქვეყნისთვის ძალიან მძიმე შედეგების მომტანია. კამათიც ხდება მეგობრებს შორის, ყველაფერიც ხდება, მაგრამ როდესაც შენს მეგობარს უჭირს და ის არის ომში, რაც არ უნდა ნაწყენი იყო მასზე, მაინც უნდა ეცადო, ეს გაუგებრობა ამოწურო, ჩახვიდე, აუხსნა, მოეფერო, მაგრამ არ აქვთ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს ამდენი ღირსება, კაცობა და, შესაბამისად, როგორც მხდალი, უღირსი ადამიანები ისე იქცევიან. ეშინიათ კიდეც, სათქმელი არაფერი აქვთ. რომ ჩავიდნენ, რა? რა უნდა გააკეთონ? ეშინიათ, იქ ვინმე არ დაუპირისპირდეს და როგორც მხდალი ადამიანები, ისე იქცევიან. ისინი ხომ სახელმწიფოზე არ ფიქრობენ, ისინი ფიქრობენ საკუთარ ტყავზე, _ მე არაფერი მომივა, იქ რომ ჩავიდე? აი, ამ ლოგიკით აზროვნებენ და სწორედ ასეთი ადამიანები მართავენ დღეს ამ ქვეყანას.
_ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ სურდა უკრაინის ომის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დასასწრებად კიევში გამგზავრება, მაგრამ ის არ მიიწვიეს.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მან დროულად გამოთქვა მზადყოფნა, გამგზავრებულიყო უკრაინაში, მაგრამ მიწვევა არ მიუღია. როგორ ფიქრობთ, რატომ არ გამოუგზავნეს მოსაწვევი საქართველოს პრეზიდენტს?
_ როდესაც ქვეყანა არის ომში, მისგან რაღაც მოწვევებს ელოდო, ეს საერთოდ რატომ უნდა იყოს საჭირო და რა ტონია, მართლა ვერ გავიგე. ჩასვლა გინდა? გააკეთე განაცხადი და ჩადი, რა! რა მოწვევას ელოდები? თქვენ რა გგონიათ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი რომ ჩავიდა უკრაინაში, რამე მოწვევა გაუგზავნეს და იმიტომ ჩავიდა? ასე არ ხდება, ქვეყანა ომშია ეს უნდა გაითვალისწინონ. საყვედურები, გაბუტვები და ასეთი დამოკიდებულებები რა საშინელებაა, რა ტონია ურთიერთობაში საერთოდ?! გაუგებარია. ჩასვლა გინდა? _ წადი! უთხრეს ვინმეს, რომ არ ჩამოხვიდეო? წასვლა გინდა? _ წადი, რა პრობლემაა!
_ რას იტყვით 24 თებერვლის აქციაზე?
_ ეს აქცია ჩვენთვის ყველასთვის სასიხარულოა. ამ აქციით დასტურდება, რომ ქართველი ხალხი საკუთარ თავისუფლებას არ დათმობს, თავის განვითარების ვექტორს არ შეცვლის და ქართველი ხალხი რუსეთის იმპერიაში არ დაბრუნდება, როგორც ამას
სახელისუფლებო სპიკერები ღიად თუ ფარულად პროპაგანდირებენ. ეს რა თქმა უნდა ძალიან კარგი და მისასალმებელია. რაც შეეხება პერმანენტულ აქციებს, ამის არ მჯერა, რადგან ასეთ აქციებს სჭირდება ძალიან დიდი რესურსები და ხალხის ნდობა. ამ აქციების ორგანიზატორებმა არ უნდა ჩათვალონ, რომ ხალხი მათ დაძახებულზე გამოვიდა და ხალხი მათ თვლის ავტორიტეტებად. ხალხი გამოვიდა უკრაინის მხარდასაჭერად და არა ამ ლიდერების დაძახილზე. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ეს პერმანენტული აქციები მანამდე, სანამ ხალხის ნდობას არ დაიბრუნებენ კონკრეტული პოლიტიკური ლიდერები, უპერსპექტივო პროექტია. რა მოთხოვნებით იწყებენ პერმანენტულ აქციებს? და რა უნდა გააკეთონ? მათ არ ენდობა ხალხი, მათ არ აქვთ ხალხის ნდობა. 24 თებერვალს აქციაზე ხალხი არც ვაშაძესთან და არც ზურა ჯაფარიძესთან არ მისულა. კი ბატონო, მათ აიღეს სწორი თემა, უკრაინის მხარდაჭერა და ხალხმა თავის მორალურ ვალდებულებად მიიჩნია, უკრაინისთვის დაეჭირა მხარი. პოლიტიკოსები თვითონ უნდა მივიდნენ ხალხთან, იმიტომ რომ ხალხს ემსახურებიან და უნდა აგრძნობინონ მათ, რომ მარტო სურვილი კი არა, უნარიც აქვთ, რომ უკეთესი მომავალი მოუტანონ ამ ქვეყანას. პირველ რიგში, დაკარგული ნდობა უნდა დაიბრუნონ. ეს სამუშაო უნდა შეასრულონ. მუდმივად აქეთ რომ ეძახიან ან ტელევიზორებიდან მოძღვრავენ, ასე არ გამოვა, თვითონ უდა მივიდნენ ხალხთან, მათი პრობლემები გაიზიარონ და მათ პრობლემებზე ილაპარაკონ, ხალხს ძალიან ბევრი პრობლემა აქვს.
პოლიტიკოსების მიმართ საზოგადოებას ნდობა თეორიულად, რა თქმა უნდა, დაუბრუნდება, მაგრამ ამას სჭირდება პოზიტიური დღის წესრიგი, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ხალხთან მისვლა, რკინის ქალამნები უნდა ეცვათ და ხალხთან უნდა დადიოდნენ, ელაპარაკებოდნენ, არწმუნებდნენ მათ, რომ შეუძლიათ უკეთესი მომავლისკენ გზის გახსნა, რომ იციან, ეს როგორ გააკეთონ, თვალებში ჩახედონ, მოეფერონ, პრობლემები გაიზიარონ, თანაზიარნი გახდნენ მათი პრობლემების. ხალხისთვის მარტო მიხეილ სააკაშვილის გამოშვება არ არის პრობლემა. ხალხს უამრავი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემა აქვს, რის გადაწყვეტასაც ისინი ყოველდღიურად ცდილობენ, რაღაცა უნდა შესთავაზონ პოლიტიკოსებმა მათ, უნდა ანუგეშონ, რაღაც გზა აჩვენონ, მომავლის იმედი გაუჩინონ, დაკარგული იმედი დაუბრუნონ. ამას სჭირდება მუშაობა, პირდაპირი კომუნიკაცია ხალხთან, მათთან მისვლა, პოლიტიკოსების დაძახება და დამოძღვრა კი არა, ისინი დღეს არავის ლიდერები არ არიან, იმიტომ რომ არაფერს ეყრდნობიან. ლიდერი ვინ არის? _ ვინც ეყრდნობა ხალხის მხარდაჭერას. ხალხის მხარდაჭერა მათ არ აქვთ და რის ლიდერები არიან? თვითონ დაირქვეს, რომ ლიდერები არიან. ლიდერი არის ხალხის, მეტ-ნაკლებად, სერიოზული მასის მხარდაჭერით ხდება ადამიანი ლიდერი და არა ისე, რომ თვითონ დაირქვა ლიდერი. ეს პოლიტიკოსები ლიდერები გახდებიან მას შემდეგ, რაც კვლევაში გაიზომებიან და აღმოჩნდება, რომ მათ ხალხის მეტ-ნაკლებად ნორმალური რაოდენობა უჭერს მხარს. ერთი პროცენტის ზღვარზე რომ არის პარტია, იმის ლიდერს რატომ უნდა ერქვას ლიდერი?

გაზიარება