- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2021-12-23 08:31:59
თამარ როსტიაშვილი
სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი ყოველ ჯერზე სრულდება სკანდალებითა და სასამართლო პროცესებით, რომელსაც განათლების სამინისტრო, რა თქმა უნდა, არ ასაჯაროებს.
ჯერ განვმარტოთ, როგორ მიმდინარეობს თავად ეს პროცესი: გრიფირება ეწოდება სასკოლო სახელმძღვანელოების შერჩევის პროცესს. ამ დროს განათლების სამინისტრო აცხადებს კონკურსს და ქმნის დარგობრივი ექსპერტების ჯგუფს, რომელიც შეარჩევს კონკურსზე შესული სახელმძღვანელოებიდან საუკეთესოს.
გრიფირების პროცესი შედგება ორი ეტაპისგან. პირველ ეტაპზე სახელმძღვანელომ უნდა მოაგროვოს 90%-ზე მეტი ქულა; მეორე ეტაპზე კი სახელმძღვანელოს ავტორები ასწორებენ ექსპერტების მიერ მიცემულ შენიშვნებს, რასაც ავთენტიკურობის დადგენა ეწოდება. პარალელურად წიგნი გადის ტექნიკურ ექსპერტიზას შრიფტის სახეობის, ზომისა და ა. შ. დასარეგულირებლად. თუ სახელმძღვანელომ ყველა ეს ეტაპი გაიარა, მას ენიჭება გრიფი. მაგრამ ეს ყოველთვის არ ნიშნავს, რომ იგი შევა სკოლებში. რატომ? იმიტომ, რომ განათლების სამინისტროს მიერ ახალი ნოუჰაუს მიხედვით იწყება „დახლიდან“ ვაჭრობა _ ვინ მეტ ფასდაკლებას გაუკეთებს.
განათლების სისტემაში აგორებული სკანდალები, გაუხმაურებელი დეტალები, კორუფციული გარიგების სქემები, დიდი ვაჭრობა და სკოლის სახელმძღვანელოებზე 100%-იანი ფასდაკლებები
„ქრონიკა+“-ს ესაუბრება განათლების ექსპერტი, ქიმიის აკადემიური დოქტორი, სასკოლო და დამხმარე სახელმძღვანელოების ავტორი _ ლელა მეტრეველი:
_ დღესდღეობით სახელმძღვანელოების გრიფირება ხდება ისე, რომ ყველა კლასისთვის, რომელშიც ეს საგანი ისწავლება, ცნობილი და დამტკიცებული არ არის საგნობრივი სტანდარტი. მაგალითად, ქიმიის მე-8 კლასის სახელმძღვანელოები საერთოდ დაუმტკიცებელი სტანდარტით დაიწერა, მე-9 კლასის სახელმძღვანელოები კი _ მხოლოდ საბაზო საფეხურის სტანდარტის საფუძველზე. თუმცა სამინისტრო მანამდე საუბრობდა იმაზე, რომ მე-10 კლასიც უნდა დამატებოდა საბაზო საფეხურს და ავტორებიც ამის გათვალისწინებით მუშაობდნენ მე-8 კლასის სახელმძღვანელოზე, მაგრამ ეს არ მოხდა და დღეს საბაზო საფეხური შემოისაზღვრება მე-9 კლასით.
_ ქალბატონო ლელა, ეს ყველაფერი რომ გასაგები იყოს მკითხველისთვის, ავხსნი: საბაზო საფეხურზე ქიმიის სწავლების პროგრამა უნდა გადანაწილებლიყო 8-9-10 კლასებზე, მაგრამ მე-10 კლასი არ დაუმატა სამინისტრომ, ამიტომ სამი წლის პროგრამა ჩაატიეს ორ წელიწადში _ მე-8-9 კლასებში, რამაც სწავლის პროცესი მნიშვნელოვნად გაართულა...
_ არა, მე-10 კლასი და მისთვის განკუთვნილი მასალა 2020 წელს სტანდარტიდან, უბრალოდ, გაქრა. მაინც სკოლის პროგრამაში ქიმიას ეთმობა 70 საათით ნაკლები დრო ანუ ერთი კლასით ნაკლები, ვიდრე ფიზიკას ანდა ბიოლოგიას. ეს მოხდა იმიტომ, რომ საბაზო საფეხურის სტანდარტის პროექტით, ქიმიის შესწავლა უნდა დაწყებულიყო მე-7 კლასიდან, მაგრამ შემდეგ გაურკვეველი მიზეზებით ქიმიას ჩამოსცილდა მე-7 კლასის საათები და დაემატა ფიზიკას. ამის გამო მე-8 კლასის მასალა ქიმიაში არის იმდენად გადატვირთული, რომ აბსოლუტურად ყველა მასწავლებელი ამბობს, ვერ ვასწრებთ მე-8 კლასის პოგრამის გავლასო. ჩვენი მოსაზრებით, სამინისტროში უნდა გადახედონ მე-8-9 კლასების სტანდარტებს, დაემატოს ქიმიას საათები და გრიფირების კონკურსი გამოაცხადონ ხელახლა. ზაფხულში მასწავლებლებმა ამ და სხვა საკითხების შესახებ ღია წერილი გავუგზავნეთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გამოცდების ეროვნულ ცენტრს, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტსა და ა. შ. განცხადებას ხელს აწერდა ასობით მასწავლებელი. ჩვენი შეხედულება გაიზიარა თსუ-მ. ამ ყველაფერს მოჰყვა მხოლოდ ერთი კარგი შედეგი _ უმაღლეს სასწავლებლებში მისაღებ გამოცდებზე ქიმია დაამატეს.
_ ქიმიის ფაკულტეტზე, აბა, როგორ ხვდებოდნენ?
_ მათემატიკით, ისევე როგორც ფიზიკის ფაკულტეტზე. თსუ-ს აკადემიური პერსონალისა და ჩვენი მიმართვის შემდეგ კი ჩასაბარებელ საგნებს ასარჩევად დაემატა ქიმია და ფიზიკა, თორემ აბსურდში ვიყავით, რომ მათემატიკით ხვდებოდა აბიტურიენტი ქიმიის ფაკულტეტზე და პირველ კურსზე ლექტორი ასწავლიდა ქიმიური ფორმულების წერას. აი, ამ ყველაფრის პარალელურად სამინისტროს სკოლებში საშუალო საფეხურზე შემოაქვს ევროპული დონის სტანდარტი, რომელიც ითვალისწინებს, პირიქით, უმაღლესის ბაკალავრიატის პროგრამის დანერგვას სკოლებში.
_ რაღაც სტანდარტი ხომ არსებობს?
_ ჩვენ, ავტორებმა, არაერთხელ მივწერეთ განათლების სამინისტროს, რომ მოეწოდებინა ჩვენთვის ყველა კლასის სტანდარტი, რათა მასალა სრულყოფილად გაგვენაწილებინა. თავის დროზე, არაფერი მიგვიღია. მხოლოდ 2021 წლის ოქტომბერში საკონსულტაციო შეხვედრები გამართეს დარგის სპეციალისტებთან განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული სტანდარტების პროექტის განხილვის მიზნით. თან ეს უკანასკნელი საშუალო საფეხურისთვის იყო განკუთვნილი _ ანუ მე-10 და მე-11 კლასებისთვის.
_ ანუ უკვე გაწერილი სტანდარტების მაგივრად მხოლოდ მისი პროექტი შემოგთავაზეს?
_ ასეც უნდა იყოს, პროექტი განხილული უნდა იქნას, მაგრამ ყველა კლასისთვის ერთდროულად და არა _ ნაწყვეტ-ნაწყვეტ. ამჯერად შემოგვთავაზეს საშუალო საფეხურის სტანდარტის ორი პროექტი. ერთი ეხებოდა ინტეგრირებულ, ხოლო მეორე _ გაძლიერებულ სწავლებას. ბუნებისმეტყველების ინტეგრირებული პროექტი ითვალისწინებდა ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიისა და ფიზიკური გეოგრაფიის ერთდროულ სწავლებას. თან ეს იყო სავალდებულო კურსი, რომელსაც წინ უძღოდა გარდამავალი ეტაპი. შეხვედრაზე გვითხრეს, რომ ახლავე კი არ დაინერგებოდა ინტეგრირებული კურსი, არამედ გარკვეული პერიოდის შემდეგ. იქ მყოფთაგან არავინ _ არც ფიზიკოსი, არც გეოგრაფი, არც ქიმიკოსი და ბიოლოგი არ დათანხმდა ამ ინტეგრირებული კურსის შემოტანას საქართველოს სკოლებში.
_ რატომ?
_ საქართველოში არ არიან მასწავლებლები, რომლებიც შეძლებენ გაერთიანებულად ოთხი საგნის სწავლებას. დაპირება, რომ მათ გადაამზადებენ, ანდა მომავალში მოამზადებენ ასეთ კადრებს, არარეალურად მეჩვენება, რადგან ამ სფეროში თითო საგნის კვალიფიციური სპეციალისტების მოძებნაც კი ჭირს. გარდა ამისა, დარწმუნებული ვარ, რომ არ მოიძებნებიან ავტორები, რომლებიც გაუმკლავდებიან ინტეგრირებული კურსის შექმნას.
_ და თუ გაერთიანდება ცალკეული საგნების ოთხი მასწავლებელი, მაშინ?
_ მაშინ ეს ინტეგრირებული კურსი კი არ იქნება, არამედ ცალკეული საგნების მექანიკური ნარევი. რაც მთავარია, ზემოხსენებული ინტეგრირებული კურსი არაფერს მოუტანს მოსწავლეებს. ამით მათი საგნობრივი ცოდნა არ გაღრმავდება და ისიც დაავიწყდებათ, რას შეისწავლის ცალ-ცალკე ეს ოთხი დისციპლინა. არც ის არის გამორიცხული, რომ მოსწავლეს, რომელმაც აირჩია სავალდებულო ინტეგრირებული კურსი, რაღაც ეტაპზე მოუნდეს ამათგან რომელიმე ერთი ან ორი საგნის გაძლიერებული შესწავლა. ამ შემთხვევაში, როგორც გვითხრეს, ის უნდა დაეწიოს პროგრამას. ეს ადვილი სათქმელია, მაგრამ ძნელი განსახორციელებელი. მოკლედ, მთლიანად ეს პროექტი იყო ნაჩქარევი და მოუმზადებელი. ჩვენს არგუმენტზე, რომ ინტეგრირებული სწავლების სპეციალისტები არ გვყავს, სამინისტროს პასუხი სწორედ ის იყო, რომ საწყის ეტაპზე სხვადასხვა საგნის მასწავლებლები ცალ-ცალკე შევლენ მოსწავლეებთანო.
_ თუ ცალ-ცალკე შევლენ, მაშინ რანაირი ინტეგრირება გამოდის?
_ თან თვითონვე არ დაუმალავთ ის ფაქტი, რომ ამგვარი ინტეგრირების პრაქტიკა მსოფლიოში არ არსებობს და პირველად ჩვენ ვნერგავთო. ლაპარაკია საკმაოდ ხანგრძლივ გარდამავალ პერიოდზე, რომლის გავლის შემდეგ არავინ იცის, რა იქნება. შეიძლება, მოვიდეს სხვა და თქვას, რომ ეს არ ვარგა და ახლა ახალი რეფორმა უნდა დავიწყოთო. რატომ, როდესაც არსებობს სწავლების გამოცდილი მოდელები და უკეთესია, ისინი გავაუმჯობესოთ. ყველაფრის ინტეგრირება და ერთდროულად ინტეგრირებულ საგნებს შორის წონასწორობის დაცვა შეუძლებელია.
_ გაძლიერებულ კურსზეც იგივე მიდგომა ჰქონდა განათლების სამინისტროს?
_ იქ კიდევ უფრო დიდი აბსურდი დაგვხვდა. გაძლიერებული კურსი, იცით როგორ წარმოადგინეს? _ ცალკე ქიმია, ცალკე ფიზიკა და ცალკე ბიოლოგია, მაგრამ გახადეს არჩევითი. ანუ მოსწავლეს შეეძლო აერჩია, ანდა უარი ეთქვა ამ გაძლიერებულ კურსზე. ჩვენ ვუთხარით, რომ გაძლიერებულ კურსს ძალიან ცოტა მოსწავლე აირჩევდა. მათ უმრავლესობას ფიზიკისა და ქიმიის ჩვეულებრივი კურსი უჭირთ და გაძლიერებულ კურსს, სადაც ლამის უნივერსიტეტის ბაკალავრიატის პროგრამაა შეტანილი, ცხადია, არავინ აირჩევს.
_ მაგრამ ხომ შეიძლება, აირჩიონ?
_ თუ აირჩევს, მაშინ ძალიან მცირე რაოდენობა. პრობლემები გაჩნდება მცირეკონტინგენტიან სკოლებში. 2-3 მოწაფისთვის შევა კი მასწავლებელი კლასში და მას ამისთვის ხელფასს გადაუხდიან? განათლების სამინისტროს რეფორმების ჯგუფის პასუხი იყო, რომ ასეთ მოსწავლეებს ისინი ერთად შეკრებდნენ და ავტობუსებით გადაიყვანდნენ სხვა სკოლაში მხოლოდ ამ კურსისთვის ან მიმართავდნენ ონლაინ სწავლებას. თანაც, ისიც გვითხრეს, რომ გაძლიერებულ კურსში შეუძლია, მხოლოდ ორი საგანი აირჩიოს მოსწავლემ, რომ ძალიან არ გადაიტვირთოსო.
_ ავტობუსების თემა ამიხსენით, გადაყვანა რა საჭიროა _ სკოლის მასწავლებელი ვერ ასწავლის გაძლიერებულ კურსს?
_ ჯერ ერთი, გადამზადების გარეშე ვერ ასწავლის. მეორეც, რამდენიმე სკოლის მოსწავლეების შეერთება ჩასატარებელი საათების რაოდენობას შეამცირებს, შესაბამისად, გაცემულ ხელფასსაც. აქ ისევ ინტეგრირებულ კურსამდე მივდივართ: გარდა იმისა, რომ თითქმის შეუძლებელია ოთხი საგნის ინტეგრაცია, თან მასწავლებლებს უმცირდებათ საათები, მაგალითად, თუ სათითაოდ ქიმიაში, ფიზიკასა და ბიოლოგიაში ორ-ორი საათია გამოყოფლი, ინტეგრირებული კურსის შემთხვევაში იქნება კვირაში ოთხი საათი ყველა საგანში ერთად. ითქვა, რომ ეს დანაკლისი ანაზღაურდება გაძლიერებული კურსის ხარჯზე, მაგრამ როგორ ანაზღაურდება, თუ ეს კურსი არავინ აირჩია? გაძლიერებულ კურსთან კავშირში ჩნდება კიდევ ერთი შეზღუდვა: შეიძლება, მოსწავლეს მოსწონს ოთხივე საგანი: ფიზიკა, ქიმია, გეოგრაფია და ბიოლოგია, მაგრამ მათ ყველას გაძლიერებულად ვერ ისწავლის, რადგან მხოლოდ ორის არჩევის უფლება აქვს. ბევრი რომ აღარ გაგიგრძელოთ, ყველაფრის გაანალიზების შემდეგ სამინისტროს ქიმიის ექსპერტებთან შევჯერდით, რომ ზოგადი განათლების რეფორმების ჯგუფამდე მიეტანათ ქიმიკოსების ორი წინადადება: 1) ინტეგრირებულ სტანდარტს არ ვემხრობით და 2) ქიმიის გაძლიერებული შესწავლისთვის განკუთვნილი სტანდარტი შეათანხმონ უნივერსიტეტებთან.
_ აბა, რას ემხრობით სანაცვლოდ?
_ რომ გაკეთდეს ორი დონის სახელმძღვანელო _ ერთი ცოტა მსუბუქი და ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო და მეორე შედარებით გაღრმავებული სწავლების, თუმცა არა ისეთი, როგორიც სამინისტრომ შემოგვთავაზა. ჩვენი წინადადებები გადაეცა ზოგადი განათლების რეფორმების ჯგუფს, პლუს პირადად მე ცალკე მივწერე წერილი.
_ შედეგი რა მოყვა?
_ რამდენიმე დღეში განათლების სამინისტრომ მოაწყო შეხვედრა სახელმძღვანელოების გამომცემლებთან. შეხვედრაზე ითქვა, რომ კონკურსს გამოაცხადებენ არა ინტეგრირებულ სახელმძღვანელოზე, არამედ მხოლოდ მის კონცეფციაზე.
_ ე. თქვენი შეხედულებები გაითვალისწინეს?
_ ბოლომდე არა, მხოლოდ ნაწილობრივ იყო გათვალისწინებული, იმიტომ რომ ინტეგრირებულ კურსზე უარი არ თქვეს. ითქვა ისიც, რომ კონკურსს გამოაცხადებენ გაძლიერებულ კურსზე.
_ როგორც ვიცი, რაც ერთი და არც მეორე არ გამოცხადებულა...
_ კონკურსი უნდა გამოცხადებულიყო ოქტომბრის ბოლოს, მაგრამ დღემდე არაფერი ისმის. მერე ჩვენ გავიგეთ, რომ ინტეგრირებაზე საერთოდ უარი თქვა სამინისტომ. მომავალში რა იქნება, არ ვიცი, მაგრამ ამასობაში დრო ხომ მიდის და მერე აღმოჩნდება, რომ ავტორები ვერ ჩაეტევიან ვადაში.
_ რა ვადაზეა საუბარი?
_ სახელმძღვანელოების დასაწერად და შემდეგ მისი გრიფირებისთვის ერთი და იგივე ვადაა _ 4-4 თვე. ამ დროს რომელს უფრო მეტი დრო უნდა _ წიგნის წაკითხვას თუ დაწერას? ამის დიფერენცირება აუცილებელია და დაწერაზე ბევრად მეტი დრო არის გამოსაყოფი. რაც უფრო იქით გადავიწევთ და დაგვიანდება კონკურსის გამოცხადება, მით უფრო ნაკლები დარჩება დასაწერად და განსახილველად.
_ ჰო, მაგრამ, საბოლოო ჯამში, არც ინტეგრირებული სწავლების კონცეფციაზე და არც გაძლიერებულ სახელმძღვანელოზე არ ცხადდება კონკურსი?
_ არა, შეიძლება, ორივეზე უარი თქვან საბოლოოდ, რადგან, მაგალითად, გაძლიერებული კურსი ბავშვს სკოლაში რომ ასწავლო, ფაქტობრივად, უნივერსიტეტის ლექტორი უნდა იყო.
_ სახელმძღვანელოების გრიფირებაზე გადავიდეთ...
_ სკოლის სახელმძღვანელოსთვის გრიფის მინიჭების მეორე ეტაპზე რომ გადახვიდე, ქულობრივი ბარიერი არის 90%-ზე მეტი. ეს ძალიან მაღალი ბარიერია, რადგან საგნობრივი ექსპერტების ჯგუფს ყოველთვის შეუძლია, დაწეროს 10 ქულიდან 9, რაც ძალიან ნოყიერი ნიადაგია კორუფციული გარიგებებისთვის. ხშირად მომხდარა, რომ ცუდ სახელმძღვანელოს ჰქონია მაღალი ქულები და კარგს _ დაბალი. მით უმეტეს, თუ საგნობრივი შეფასების ორი ჯგუფია შექმნილი, რომელიც სხვადასხვა სახელმძღვანელოებზე მუშაობს. ვთქვათ, ერთი უფრო მკაცრია, მეორე _ ნაკლებად. ასე მოხდა, მაგალითად, მე-8 კლასის ფიზიკის სახელმძღვანელოს გრიფირების შემთხვევაში. ერთმა ჯგუფმა დაწერა სულ 100 ქულები, მეორემ დაბალი ქულები... მართალია, მერე გაასაჩივრეს და ყველას აუწიეს, მაგრამ საბოლოოდ მივიღეთ ის, რომ ხუთი 100-ქულიანი სახელმძღვანელო იყო გრიფირებული ფიზიკაში, ქიმიაში კი _ მხოლოდ ერთი. მეორე ფაქტორი, რომელიც ძალიან არაობიექტურად მიმაჩნია, ეს არის ის, რომ გამომცემლობებს გრიფირებისას დალუქული კონვერტით მიაქვთ წინადადება ფასდაკლების შესახებ.
_ რა ფასდაკლება, ტენდერია?
_ არა. ფასდაკლება ნიშნავს შემდეგს: რომ განათლების სამინისტრო გრიფირებულ სახელმძღვანელოში იხდის 4 ლარს ერთ ეგზემპლარში. აქედან იქვითება საშემოსვლოს 20%, დანარჩენი რჩება გამომცემლობას, რომელიც ფარავს მაკეტის მომზადების თანხას, საავტორო ჰონორარს და ა. შ. მაგრამ, როდესაც სამზე მეტი წიგნი იღებს გრიფს, სახელმწიფო უკვე ფასდაკლების მიხედვით ირჩევს მხოლოდ სამს და შეაქვს სკოლებში. ანუ ეს სამი სახელმძღვანელო შეირჩევა არა მხოლოდ ქულებით, არამედ იმის მიხედვითაც, თუ რომლის გამომცემელმა მეტი ფასდაკლება შესთავაზა სამინისტროს. ყოფილა შემთხვევები, რომ 100-ქულიანი წიგნები დარჩენილა საჯარო სკოლების გარეთ და შესულა ბევრად დაბალქულიანი, იმიტომ რომ მისმა გამომცემელმა დიდი ფასდაკლება გაუკეთა განათლების სამინისტროს.
_ დიდი ფასდაკლება რამდენია _ 4 ლარის მაგივრად 2-3 ლარი?
_ ოღონდ მათი წიგნები შევიდეს სკოლებში და ზოგმა გამომცემელმა 100%-იანი ფასდაკლება გააკეთა.
_ 100%-იანი რას ნიშნავს, საერთოდ უარი თქვა თანხის აღებაზე?
_ დიახ. აბსურდამდე მიდის საქმე. სახელმძღვანელოს ხარისხი როგორ შეიძლება, ფასზე იყოს დამოკიდებული?
_ გამომცემლობის ინტერესი მაშინ რა არის _ იმ 4 ლარს თუ არ იღებს და სახელმძღვანელოს უფასოდ გადასცემს სამინისტროს, საიდან აქვს შემოსავალი?
_ ალბათ, კერძო სკოლებიდან... სხვა არაფერი მომდის თავში. სახელმწიფო სკოლებისთვის სახელმძღვანელოები ისედაც უფასოა, რაც მე არასწორად მიმაჩნია. დღეს განათლების სამინისტროს შეთავსებული აქვს წიგნის დისტრიბუტორის ფუნქცია. მიაქვს გამომცემლობიდან მზა ფაილები, თვითონ ბეჭდავს და ა. შ. ეს 2012 წელს დაიწყო, როდესაც განათლების სამინისტრომ გამომცემლობებსა და ავტორებს ჩამოართვა ეს უფლება და სახელმწიფომ თვითონ დაიწყო სახელმძღვანელოების გავრცელება. ამას, თავის მხრივ, ბევრი გაუგებრობა მოჰყვა. თან, აქამდე საზღვარგარეთის სტამბასთან დებდნენ ხელშეკრულებას, შარშან და შარშანწინ ქართულ სტამბებთან დადეს, მაგრამ პრობლემები შეექმნათ.
_ რა პრობლემები?
_ ვერ დაბეჭდეს დროზე ეს წიგნები და დიდი დეფიციტი შეიქმნა ბაზარზე სასწავლო წლის დასაწყისში.
_ რატომ თვლით, რომ ყველას არ სჭირდება უფასო სახელმძღვანელო?
_ ვისაც არ აქვს წიგნის შეძენის შესაძლებლობა, მათთვის უნდა არსებობდეს პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო სახელმძღვანელოებს დაარიგებს უფასოდ. მაგრამ ყველა ოჯახს არ სჭირდება ეს შეღავათი. მით უმეტეს, რომ ბევრი მაინც ყიდულობს სახელმძღვანელოებს, იმიტომ, რომ არ უნდათ სხვის მიერ გამოყენებული, დაჩხაპნილი და გაცვეთილი წიგნი.
_ ქალბატონო ლელა, რა არის გამოსავალი, რა უნდა გააკეთოს განათლების სამინისტრომ?
_ საგნობრივი ექსპერტების შერჩევის პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე. საზოგადოებამ უნდა იცოდეს მათი ბიოგრაფიული მონაცემები, რათა არ დაიბადოს კითხვები, რა დამსახურებისთვის შეაერჩიეს ისინი ექსპერტებად. ასევე ავტორების, რეცენზენტთა ჯგუფის ან კონკურენტი გამომცემლობის მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში, გასაჯაროვდეს საავტორო ჯგუფებისა და რეცენზენტების შეხვედრების აუდიო-ვიდეოჩანაწერები. ზედმეტი გვგონია იმის აღნიშვნა, რომ ეს ჩანაწერები მისაწვდომი უნდა იყოს შეხვედრის მონაწილე ავტორთათვის, თანაც, _ მოთხოვნისთანავე. კარგი იქნებოდა, გრიფირების უკანასკნელი და სხვა კონკურსების მიმდინარეობისას საგნობრივ რეცენზენტთა და სააპელაციო კომისიის მუშაობის პრაქტიკა გამოყენებულ იქნას სასწავლო მასალად მომავალი კონკურსებისთვის რეცენზენტთა მოსამზადებლად. ამ დროს გამოჩნდებოდა წინა წლებში ჩატარებული სამუშაოების ნაკლიცა და ღირსებაც. მაგალითად, შეიძლება ავიღოთ გრიფმინიჭებული და გრიფმიუნიჭებელი სახელმძღვანელოები და რეცენზენტობის კანდიდატებს კონკრეტულ მაგალითებზე ვაჩვენოთ, რატომ არის ისინი გრიფმინიჭებული ან გრიფმიუნიჭებელი. კიდევ ის, რომ გამომცემლობას/ავტორს უნდა ეძლეოდეს სააპელაციო კომისიის გადაწყვეტილების სასამართლოში დაუყოვნებლივ გასაჩივრების უფლება და არა მხოლოდ გრიფის არმინიჭების შესახებ მინისტრის ბრძანების გამოსვლის შემდეგ. გრიფირების ყოველი კონკურსის დასრულებისას სამინისტრომ უნდა შეისწავლოს და გაასაჯაროოს ამ პროცესის ნაკლოვანებები. ყველაზე მთავარი კი ის გახლავთ, რომ მაგალითად, მომავალ ქიმიკოსს სჭირდება არა მხოლოდ ქიმიის, არამედ ფიზიკის, მათემატიკისა და სხვ. საფუძვლიანი ცოდნა. ამ დროს სამინისტრო აცხადებს, რომ მოსწავლეს უფლება აქვს, აირჩიოს მხოლოდ ორი გაძლიერებული კურსი. ამასთან, არსებობენ ისეთი მოსწავლეებიც, რომლებიც ყველა საგანს თანაბრად სწავლობენ. მათ საშუალება უნდა მიეცეთ, სკოლაში სასურველი განათლება მიიღონ.
_ ეს ყველაფერი, რასაც ჩვენ გვეუბნებით, მიაწოდეთ სამინისტროს?
_ დიახ და არაერთხელ. როდესაც ჩვენ ამ შენიშვნებს ვაწვდით სამინისტროს, ისინი რაღაცას ითვალისწინებენ, რაღაცას _ არა. მერე, როდესაც მთავრდება გრიფირება, ჩვენ ვხედავთ, რომ ის, რაც არ გაითვალისწინეს, ამას რა შედეგი მოჰყვა. ხომ შეიძლება, მერე მაინც შეფასდეს გრიფირების პროცესის ნაკლოვანებები და შემდგომი გრიფირების დროს შეცდომები აღარ გაიმეორონ? მსგავსი რამ არ ხდება! მაგალითად, ერთ სახელმძღვანელოზე იწერება 4 ექსპერტიდან თითოეულის 20 სხვადასხვა ქულობრივი შეფასება. როგორ ფიქრობთ, ეს ნორმალურია?
_ იმას გულისხმობთ, რომ 4 ექსპერტის შეფასება არ შეიძლება იყოს ობიექტური?
_ რანაირად, როდესაც ქულობრივი განსხვავება მაქსიმუმებსა და მინიმუმებს შორის იწყება 2 ქულიდან და მთავრდება 4 ქულით? პროცენტულად ეს შეადგენს 29%-დან 75%-მდე. აქ შეფასების ცდომილების ძალიან დიდი ამპლიტუდაა. ეს ყველაფერი კი ხდება იმიტომ, რომ შეფასების კრიტერიუმები არ არის გამოკვეთილი _ რას აფასებენ ისინი და როგორ?! სწორედ ამ კრიტერიუმების არარსებობის გამო ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებები იდება. მაგალითად, როდესაც მასწავლებლებს უტარებენ სასერტიფიკაციო გამოცდას, იქ ყველა საკითხს აქვს თავისი შეფასების კრიტერიუმი. ამდენ ჰორიზონტალურ სტრიქონს შეავსებ სწორად, გექნება ეს ქულა და სვეტების სწორად შევსების შემთხვევაში _ ამდენი ქულა. იქ, გინდა-არ გინდა, ობიექტური იქნები. სახელმძღვანელოების შეფასების სისტემაში კი მსგავსი რამ არ არსებობს. ყველაფერი ექსპერტის სუბიექტურ აზრზეა დამოკიდებული. ამიტომ, უნდა იქნას მკაცრად რეგლამენტირებული, რომ 10-ქულიან სისტემაში არ იყოს 4-ქულიანი განსხვავება ექსპერტთა შეფასებებში. ეს დაახლოებით იგივეა, ექვსოსანი და ათოსანი ბავშვი ერთმანეთში რომ აერიოს სხვადასხვა მასწავლებელს. მშობლები ასეთ პედაგოგს ხომ არ დატოვებენ სკოლაში და ჩვენ რატომ უნდა მოვეფეროთ განათლების სამინისტროს მიერ შერჩეულ ექსპერტებს, რომლებიც, კაცმა არ იცის, კიდევ რა ნიშნით არიან შერჩეულები.
ზოგიერთ ავტორს გასაჩივრებული აქვს თავისი სახელმძღვანელოებისთვის გრიფის არმინიჭება სასამართლოში. ამიტომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ გრიფირების პროცესის დასრულების შემდეგ განათლების სანისტრომ უნდა შეისწავლოს, გააანალიზოს და გაასაჯაროოს ამ პროცესის ყველა ნაკლოვანება. თუ მომავალ ექსპერტებს არ ვასწავლით წინა ექსპერტების მიერ დაშვებული შეცდომების მაგალითზე, არ შევა ქართულ სკოლებში ხარისხიანი სახელმძღვანელოები.
_ რის მიხედვით არჩევს განათლების სამინისტრო ექსპერტებს?
_ როგორც თავად ამბობენ, ითვალისწინებენ მათ გამოცდილებას, რეპუტაციასა და ა. შ., მაგრამ ეჭვი მეპარება, ვინაიდან ეს პროცესი გამჭვირვალე არ არის. მაშინ როგორ ხვდებიან კომისიაში სულ ერთმანეთის ნაცნობები, თანამშრომლები, მეგობრები, ახლობლები და ა.შ?
_ დარგობრივ ექსპერტებში ფსიქოლოგიც შედის და ფიზიკის ანდა მათემატიკის სახელმძღვანელოს შეფასებისას მას რა როლი ეკისრება?
_ რომ სახელმძღვანელოში არ იყოს ძალადობისკენ მოწოდება, შოვინისტური ანდა მოსწავლის დამსტრესავი ელემენტები და ა. შ. სხვა საკითხია, რომ ფსიქოლოგმა არ უნდა შეაფასოს, ავტორმა ავთენტიკურად ჩაასწორა თუ არა შენიშვნები, მაგალითად, მათემატიკაში. რა იცის მან? არადა, ხმის უფლებით სარგებლობს ავთენტიკურობის დადგენისას. ფუნქციური დატვირთვის მიხედვით უნდა მოქმედებდნენ ექსპერტები, რაც სრულად დარღვეულია. კიდევ უფრო მძიმე მომენტია, როდესაც განათლების სამინისტრო არ ასაჯაროებს შეფასების შედეგებს, მოთხოვნის შემთხვევაშიც კი კონკურენტ ავტორებს არ გადასცემს მათ. ეს იქით იყოს და ავტორებს საკუთარი სახელმძღვანელოს ექსპერტიზის ვიდეო ჩანაწერებსაც არ აძლევს. ამას ისინი პერსონალურ ინფორმაციას ეძახიან. მაგრამ, როდესაც თვითონ მიდიან სასამართლოში, მაშინ ინფორმაცია აღარ არის პერსონალური.
_ სამინისტრო სასამართლოში ხშირად დადის?
_ მე თვითონ რამდენიმე ასეთ პროცესს შევესწარი. საქმე ისაა, რომ სასამართლომდე გასავლელი პროცესი მოსაწესრიგებელია. კერძოდ, გრიფირების ელექტრონული სისტემა იმდენად ცუდად არის მოწყობილი, რომ რაც არ არის საჩივარი, იმასაც საჩივარს უწოდებენ. დავუშვათ, მე გეკითხებით თქვენ: „თამარ, ვერ გავიგე თქვენი შეკითხვა და თუ შეიძლება, გამიმეორეთ?“ აი, ამას განათლების სამინისტრო ეძახის საჩივარს! შემდეგ სახელმძღვანელოს ავტორის საჩივარი მიდის ე. წ. მოსაზრებების განმხილველ კომისიაში, რომელიც იგივე სააპელაციო კომისიაა. სწორედ აქ ხდება ყველაზე საოცარი რამ! განხილვას ესწრება ის, ვინც დაწერა რეცენზია, მაგრამ არ ესწრება ავტორი, ვინც დასვა კითხვა, მათი გაგებით კი, დაწერა საჩივარი. თანაც, ამ სააპელაციო კომისიაში არ შედიან საგნის სპეციალისტები, რომლებიც მიხვდებიან, თუ რატომ დასვა ავტორმა შეკითხვა ან სწორად გაასაჩივრა თუ არა ის, რაც მართლა გაასაჩივრა.
_ ქალბატონო ლელა, ეს ყველაფერი, რაც ჩამოთვალეთ, იმის შესახებ სასამართლოსთვის მიმართვა არ უცდიათ სახელმძღვანელოების ავტორებს?
_ ბევრჯერ, მაგრამ სასამართლოსთვის უმეტესწილად სახელმწიფოა მართალი და ზოგჯერ სამინისტრო დასჯის მეთოდებსაც მიმართავს მოსარჩელეებთან კავშირში.