QronikaPlus
მურმან დუმბაძე - ივანიშვილის შემდეგი სამიზნე კობახიძე იქნება

მურმან დუმბაძე - ივანიშვილის შემდეგი სამიზნე კობახიძე იქნება

2025-10-31 09:04:53

 

 

შორენა მარსაგიშვილი

 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მურმან დუმბაძე, რომელიც კარგად იცნობს ბიძინა ივანიშვილს, ამბობს, რომ ის „ქართული ოცნების“ ჩინოსნების განადგურებას გააგრძელებს.

 

რატომ გაანადგურა ივანიშვილმა პოლიტიკურად ღარიბაშვილი? ვინ გაიზიარებს მის ბედს „ქართულ ოცნებაში“? რატომ არის ასეთი აგრესიული ხელისუფლება და გამოიღებს თუ არა შედეგს მისი ქმედებები? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება მურმან დუმბაძე:

 

_ ბატონო მურმან, ივანიშვილის პროკურატურამ ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინა და მას მილიონიანი გირაო შეუფარდა. ღარიბაშვილის კორუმპირებულობის შესახებ ხმები და ფაქტები აქამდეც ვრცელდებოდა, მაგრამ ივანიშვილი არასდროს იმჩნევდა ამას. ახლა რა მოხდა? რატომ დაისაჯა რეალურად ღარიბაშვილი?

_ ეს ღარიბაშვილის პირველი დასჯა არ არის. ღარიბაშვილი ივანიშვილმა პირველად დასაჯა 2015 წელს, როცა პრემიერობიდან გააგდო. იმ პერიოდში ყველა საარჩევნოდ ემზადებოდა, არჩევნები 2016 წელს ჩატარდა. მე „ოცნებდან“ უკვე წამოსული ვიყავი და ბათუმში მცხოვრებ უკრაინელ მილიარდერ ჩერნოვეცკისთან ერთად პარტიის შექმნას ვაპირებდი. ჩერნოვეცკი საქართველოში არ იყო და 2015 წლის დეკემბერში დაბრუნდა. აეროპორტში მას რაღაც ინციდენტი შეემთხვა, რომელთან კავშირშიც იყო ღარიბაშვილის კლანი. ამ ინციდენტის მეორე დღეს ჩერნოვეცკი შეხვდა ბიძინა ივანიშვილს. ჩერნოვეცკიმ პოლიტიკაში ჩართვაზე უარი თქვა. რამდენიმე დღეში ივანიშვილმა ღარიბაშვილი გააგდო პრემიერობიდან. მერე, ეტყობა, დაალაგეს რაღაცები და ისევ დააბრუნა უკან: ჯერ თავდაცვის მინისტრად დანიშნა, შემდეგ კი _ პრემიერად, საიდანაც კიდევ ერთხელ გააგდო.

ირაკლი ღარიბაშვილი „ქართულ ოცნებაში“ ყველაზე რეიტინგული ფიგურა იყო. „ოცნების“ მხარდამჭერებს ის მოსწონდათ. სამაგიეროდ ეს რეიტინგი არ მოსწონდა ბიძინა ივანიშვილს. მას არც ის მოეწონა, ღარიბაშვილმა და მისმა კლანმა დიდი ფულის შოვნა რომ დაიწყეს. ივანიშვილი მასზე ფულიანსა და რეიტინგულს საქართველოში ვერ აიტანს. პრემიერობიდან რომ გაუშვეს მეორედ, ღარიბაშვილი განაწყენდა. სწორედ ამიტომ დატოვა მან პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობა, რომელიც მას პრემიერობის ჩამორთმევის შემდეგ მისცეს. ვერ ვიტყვი, რომ ირაკლი ღარიბაშვილი 4 ოქტომბრის ღონისძიებას მხარს უჭერდა, მაგრამ მას ხელისუფლების შეცვლა ნამდვილად აწყობდა, ის განაწყენებული იყო ივანიშვილზე.

ღარიბაშვილს ახალი პარტიის შესაქმნელად ყველა რესურსი ჰქონდა, ბევრი ფული იშოვა და რეიტინგიც არ აკლდა. ეს ივანიშვილის გეგმებში არ შედიოდა. ამიტომაც მოხდა ის, რაც მოხდა. ივანიშვილმა ისე გააფარჩაკა და გაანულა ღარიბაშვილი, რომ ის ვერასოდეს დაბრუნდება პოლიტიკაში და ვერც რაიმე თანამდებობას დაიკავებს.

_ ამით დასრულდება ყოფილ მაღალჩინოსნებთან ბრძოლა თუ გააგრძელებს ივანიშვილი?

_ ეს ბრძოლა გრძელდება. დარეულია ყოფილ ძალოვნებს.  ფედერაციის პრეზიდენტებსაც კი მიადგა. ეს მოსალოდნელიც იყო. მე ის უფრო გამიკვირდებოდა, სხვანაირად რომ წასულიყო საქმე.

_ რატომ იქნებოდა გასაკვირი, სხვანაირად რომ წასულიყო საქმე?

_ იმიტომ, რომ ეს ხელისუფლება კრიზისშია და კრიზისის დროს ასეთი რაღაცები ჩვეულებრივი მოვლენაა.

_ დიდი ხანია გვესმის, რომ „ქართული ოცნება“ კრიზისშია, მაგრამ რაღაც არ ჩანს, რომ კრიზისია.

_ ამაზე მეტად როგორ უნდა გამოჩნდეს? „ქართული ოცნება“ უკვე იმდენად დიდი ხანია, რაც ხელისუფლებაში იმყოფება, რომ შეუძლებელია, კრიზისი არ დადგომოდა. როგორც მძიმე ავადმყოფებს უდგებათ ხოლმე კრიზისული პერიოდი, ასეთი პერიოდი უდგას „ქართულ ოცნებას“ და ეს მათი მარცხით დასრულდება. ოღონდ მანამდე ბევრ ხმაურიან დაჭერასა და სკანდალურ ამბავს ვნახავთ. აგონიასა და კრიზისულ პერიოდში მყოფი ივანიშვილის ხელისუფლება ამ გზით შეეცდება, რომ ძალაუფლება ცოტა ხნით კიდევ შეინარჩუნოს.

_ თქვენ ამას კრიზისსა და აგონიას უწოდებთ, მაგრამ თავად ხელისუფლება ამ ყველაფერს კორუფციასთან ბრძოლას ეძახის და იგივეს იმეორებენ „ოცნების“ მომხრეები.

_ კორუფციასთან ბრძოლა რომ ყოფილიყო, ივანიშვილი ამ ხალხს მაშინვე გაუშვებდა, როცა პირველად მოპარეს ბიუჯეტს ფული, მაგრამ მან თავისი ხალხი მიუშვა. თუმცა მერე როცა ნახა, რომ მათ იმაზე მეტი იშოვეს, რაც მისთვის სახიფათო იყო, ადგა და ზოგი დაიჭირა, ზოგი სახლში გაუშვა. ივანიშვილი და მისი ხელისუფლება არიან აგონიაში. ეს ყველა იმ ხელისუფალის სენია, რომელიც დიდი ხანი რჩება ქვეყნის სათავეში და ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს უკანონო გზებით და არასწორად. ასე რომ, ახლა უკვე მისიანებს დაერევა ივანიშვილი.

_ მისიანებში ვის გულისხმობთ, ვინც ხელისუფლებაში აღარ არის, თუ მოქმედ ჩინოსნებს?

_ საჯაროდ მხილებულები მისიანები აღარ არიან. მისიანები არიან ისინი, რომლებიც ჯერ კიდევ მის გვერდით დგანან. ამ კაცის ბუნებას კარგად ვიცნობ და დარწმუნებული ვარ, რომ ამათაც მალე დაერევა. შეთქმულების თეორიების დიდი მოტრფიალე არ გახლავართ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ის პირი, ვისაც ივანიშვილმა დიდი ფული აშოვნინა, ხელისუფლების შეცვლის მომხრეა. ხელისუფლების შეცვლა მათთვის იქნება წამალი, რადგან ამ სისტემამ საკუთარი შვილების ჭამა დაიწყო და სანამ საკუთარ შვილებს ყველას მიადგება, ურჩევნიათ ხელისუფლება შეიცვალოს.

_ და რა გარანტია აქვთ, რომ მომავალი ხელისუფალი შეარჩენს ამ მოპარულს?

_ შეცვლის შემთხვევაში მოპარულის შენარჩუნების უფრო მეტი შანსი აქვთ. ეს სისტემა კი ისეთია, რომ მათ აუცილებლად შეჭამს. დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილის გარემოცვიდან არავის სძინავს ტკბილად.

_ კობახიძესაც არ სძინავს ტკბილად?

_ რა თქმა უნდა, არა. კობახიძესაც არ ელოდება კარგი დღე. თუმცა ვერავინ გამოთვლის, ვის და როდის მიადგება ივანიშვილი. თუ დავაკვირდებით როგორ ვითარდება მოვლენები, ისრები კობახიძისკენაც წავა. ის იქნება შემდეგი სამიზნე.

_ რატომ? კობახიძე ხომ ივანიშვილის ყველა დავალებას ასრულებს?

_ იმიტომ, რომ ივანიშვილი დაბოღმილი ტიპია. ის არის დასანქცირებული. მას აღარ აქვს ქაღალდი, რომ რკინის კონსტრუქციაში შედოს და იქიდან ფული გამოიტანოს. აკრძალული აქვს მოგზაურობაც კი. სამაგიეროდ, მის მიერ მოყვანილები და აღზევებულები თავისუფლად დანავარდობენ. ასე რომ, ივანიშვილი ყველას მიადგება. მიადგება იმიტომაც, რომ იცის, თავად ვერ გადარჩება და ამ ვერგადარჩენას გაუნაწილებს ყველას. და ეს რომ ასე იქნება, ღრმად ვარ დარწმუნებული.

_ ოპონენტებს რას უზამს?

_ ოპონენტებს უკვე გაუსწორდა. მას უკვე პარანოია აქვს. სასტიკად ეშინია.

_ რაში გამოიხატება ეს პარანოია და შიში?

_ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა რომ უნდა, ეს ნორმალურია? ეს არის პარანოია და შიში. იმდენად შეშინებულია, რომ იმ ადამიანების აკრძალვასაც კი აპირებს, რომლებსაც კონკრეტულ პარტიასთან რაღაც კავშირი ჰქონდათ. შესაძლოა, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი დაიჭიროს კიდევაც. დამტკიცებულია, რომ საქართველოში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი ხმას ან „ნაცებს“ აძლევს, ან ყოფილ „ნაცებს“. აი, ამათი დაჭერაც კი არ არის გამორიცხული.

_ ამდენი ადამიანი რანაირად უნდა დაიჭიროს?

_ ეს ფიზიკურად არ გამოუვა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამაზე ფიქრობს. ძალიან ბევრს დაიჭერს. საქართველოში, სამწუხაროდ, ადამიანებს მასობრივად ადრეც იჭერდნენ. სულ ახლახან იყო 1937 წელი და დღეს ეს დრო დააბრუნა ივანიშვილმა. თუმცა ამ დაჭერებით ვერაფერს მიაღწევს. ის ბოლომდე შევიდა ჭაობში და იქიდან ვეღარ გამოვა. ერთადერთი გამოსავალი არის წასვლა. საქართველოს მოსახლეობამ ისევ უნდა გააკეთოს ის, რასაც აკეთებს.

_ აქციებსა და პროტესტს გულისხმობთ?

_ დიახ! ეს არის მტკიცე უარი მის ხელისუფლებას! ხალხი მის ხელისუფლებას ლეგიტიმაციას არ აძლევს. ჩვენი შიდა ბრძოლა უკვე შედეგიანია და ის უნდა გაგრძელდეს.

_ შედეგიანი როგორ არის, როცა ხელისუფლება ვერ იცვლება?

_ სამაგიეროდ, დასავლეთი „ოცნებასა“ და ივანიშვილს მხარს აღარ უჭერს. ეს ქართველი ხალხის დიდი გამარჯვებაა. მართალია, ქვეყანა ერთ ადგილზეა გაჩერებული, მაგრამ მაინც წინ გვაქვს ნაბიჯი გადადგმული.

_ ეს რანაირად?

_ ჩვენ არ ვცნობთ ამ ხელისუფლებას და არ ვეგუებით იმ რეჟიმს, რომელიც ივანიშვილმა ჩამოაყალიბა. ასე რომ, ივანიშვილს მხოლოდ ერთი გამოსავალი აქვს, ის უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან. სხვა გზას მე, უბრალოდ, ვერ ვხედავ.

_ ზემოთ თქვენ ახსენეთ ივანიშვილის შიში და ხალხის დაშინებაზე რას იტყვით? ამ ტერორმა, მგონი, ცოტა შეაშინა ხალხი. თუ თქვენ ასე არ ფიქრობთ?

_ ბუნებრივია, ხალხს ცოტა შეეშინდა, მაგრამ ეს არ არის პარანოიდული შიში, როგორიც ივანიშვილს აქვს. ახალა საქართველოს მოქალაქეები ცოტა ფრთხილობენ პროტესტის გამოხატვისას, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. თან ამ სიფრთხილის გამო ვერავის უსაყვედურებ. არიან ასევე გაბედული ადამიანები, რომლებსაც ვერანაირი ტერორი და ციხე ვერ გააჩერებს. ეს პროტესტი გაგრძელდება. ისიც დანამდვილებით ვიცი, რომ ეს ბუნებრივი შიში სხვა რამეში გადაიზრდება. 

_ სხვა რამეში რას გულისხმობთ? პროტესტის ფორმა შეიცვლება?

_ დიახ. ახლა ხალხი გზას კი აღარ გადაკეტავს, სხვა ფორმას მოიფიქრებს. რა იქნება პროტესტის ახალი ფორმა, ამის წინასწარ თქმა შეუძლებელია. მაგრამ რაღაც ახალს რომ მოიფიქრებენ, ამაში დარწმუნებული ვარ. ამის მაგალითები სულ ახლახან იყო. 13 წელი ვიცხოვრე ასლან აბაშიძის მმართველობაში. მის რეჟიმთან ბრძოლის სხვადასხვა ვერსიას ვიგონებდით. ერთხელ ავდექით და ყველა ორღობესა და მთავარ გზაზე დავაწაერეთ: „ასლან, წადი“. როცა ასლანი გამოდიოდა და მისი სახლის სადარბაზოსთან ეწერა „ასლან, წადი“, ის გიჟდებოდა და ლამის ინფარქტის წინა მდგომარეობამდე მიდიოდა. არ დაიკეტება რუსთაველი? დაიკეტება სხვა რამე. საქართველოს მოქალაქე ამას მოიფიქრებს. ასე რომ, ამ პროცესის გაჩერება უკვე შეუძლებელია. შესაძლოა, ქუჩა იმ წესით ვეღარ გადაიკეტოს, რა წესითაც იკეტებოდა, მაგრამ ივანიშვილს ამით სარგებელი არ ექნება. პროტესტის სხვა ფორმა გაჩნდება. ვერანაირი დრაკონული კანონები ვერ უშველის. ეს ბრძოლა აუცილებლად მივა ბოლომდე, სადაც საქართველო გაიმარჯვებს.

_ „ნაციონალების“ აკრძალვაზე ვისაუბრეთ და და რა ბედი ელის ივანიშვილს? ის ხომ წლები „ნაციონალების“ ქომაგი და მათი მთავარი სპონსორი იყო?

_ ცხადია, იყო. ბოლომდე მათ გვერდით იდგა და აფინანსებდა. ეს ყველამ იცის და მასაც არ დაუმალავს.

_ „ნაციონალები“ რატომ არ ახსენებენ მას ამ ამბავს და რატომ არ ამბობენ, რომ ივანიშვილი მათიანი იყო?

_ „ნაციონალებმა“ არაერთხელ მისაყვედურეს, რომ კატასტროფული შეცდომა დავუშვი, როცა „ქართულ ოცნებაში“ შევედი და ხელისუფლების შეცვლაში მივიღე მონაწილეობა. ვაღიარებ, რომ ეს ჩემი შეცდომა იყო, შეცდომა კი არა ცოტა მეტიც იყო. ამასთან, არგუმენტი მაქვს „ნაციონალების“ წინააღმდეგაც. ივანიშვილი მართალია, წინა ხელისუფლებას არ წარმოადგენდა, მაგრამ მათთან იყო ასოცირებული _ ახლობლობდა ადეიშვილთან და მერაბიშვილთან. პირადად ჩემთან ივანიშვილმა არაერთხელ თქვა, რომ მერაბიშვილი არის კარგი მენეჯერი.

_ ამას საჯაროდაც ხშირად ამბობდა.

_ გიდასტურებთ, რომ საჯაროდაც თქვა. „ნაციონალები“ ახლა იმიტომ დუმან, რომ არ აწყობთ იმის თქმა, რომ ივანიშვილი მათი მხარდამჭერი იყო. „ნაციონალებმა“ შესაძლოა, არც მომავალში თქვან ეს. მაგრამ საქართველოში ყველა მოაზროვნე ადამიანმა იცის, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერი და დამფინანასებელი. ამის   დადასტურება ძალიან ადვილია.

_ რანაირად უნდა მოხდეს ამის დადასტურება, რომ ვინც არ იცის იმათ გაიგონ და დაიჯერონ?

_ ამისთვის მხოლოდ ცესკოს საიტზეა საჭირო შესვლა. იქ ვნახავთ, რა პროცენტებს იღებდა „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი საჩხერის მუნიციპალიტეტსა თუ ჭორვილაში. იქ ივანიშვილის გავლენა დიდი იყო, ახლაც დიდია და მომავალშიც ასე იქნება. 2012 წლამდე საჩხერესა და ჭორვილაში მხოლოდ 5 ნომერი იმარჯვებდა. ამითაც დამტკიცდება, რომ ივანიშვილი „ნაციონალების“ მხურვალე მხარდამჭერი იყო. პირდაპირ გეტყვით, ივანიშვილის მშობლიურ სოფელში ხუთიანის გარდა არცერთი ნომერი არ იხაზებოდა.

_ თქვენ ერთხელ მომიყევით, როგორ გამოგყარეს ჭორვილიდან 2008 წლის არჩევნებზე. მაშინ თქვენ ოპოზიციის მხარდამჭერი იყავით.

_ მაშინ მე რესპუბლიკური პარტიის წევრი ვიყავი. ეს პარტია „ნაციონალებთან“ იყო დაპირისპირებული. 2008 წელს ჭორვილაში არ შეგვიშვეს. იმასაც არ მოვიტყუები, რომ იქ „ტიტუშკები“ დაგვხვდნენ და თავები გაგვიხეთქეს. უბრალოდ, გვირჩიეს, რომ ჭორვილაში არ შევსულიყავით, რადგანაც ვერაფერს გამოვიტანდით. აგვიხსნეს, რომ ამ სოფელში ივანიშვილის მოთხოვნით ხალხი მხოლოდ ხუთიანს ხაზავდა.

იმის დასადასტურებლად, რომ ივანიშვილი „ნაციონალების“ მოხმრე იყო, ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება. ბატონი ბიძინა 2011 წლამდე სააკაშვილის მხურვალე მხარდამჭერი იყო.

ივანიშვილის წყალობით დღეს საქართველოში ძალიან რთული ვითარებაა. ივანიშვილმა გახლიჩა ხალხი ორ ნაწილად.  საქართველოს პარლამენტმა რატიფიცირება უნდა გაუკეთოს საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებას, თუკი ის „ნაციონალურ მოძრაობას“ აკრძალავს. საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნებიდან“ შევიდა ახალგაზრდა ბიჭი გვარად ფაღავა. ის გახლავთ ბათუმელი, რომელმაც კენჭი უნდა უყაროს „ნაციონალური მოძრაობის“ გაუქმებას. მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ამ ფაღავას დედა 2008 წლიდან 2012 წლამდე იყო მაღალი თანამდებობის პირი. ის გახლდათ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“. ივანიშვილმა მოახერხა ის, რომ შვილმა უნდა გააუქმოს დედა. წარმოგიდგენიათ, რა დონემდე მიიყვანა ქვეყანა?  როცა ადამიანი ასეთ რამეს აკეთებს, იმის ადგილი პოლიტიკაში არ არის. საქართველოს მოქალაქე ბევრ რამეზე უნდა დაფიქრდეს.

_ ფაქტობრივად, პავლიკ მოროზოვები გამოიყვანა. ფაღავას გარდა სხვა დეპუტატების მშობლებიც იყვნენ დაკავშირებული „ნაციონალებთან“.

_ ჯერჯერობთ პავლიკ მოროზოვები სახეზე არიან. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შვილი დედას გააუქმებს. ისტორია მეორდება: პავლიკ მოროზოვები ცხოვრობდნენ იმ დროში, ცხოვრობენ ახლაც და, სამწუხაროდ, მომავალშიც იცხოვრებენ.

_ პარტიების გაუქმების შემდეგ რა მოხდება?

_ არაფერიც არ მოხდება!

_ სულ არაფერი არ მოხდება?

_ სულ არაფერი! იქნება საკანონდებლო დონეზე გაუქმებული, მაგრამ ვერ გააუქმებს ტვინში და აქ მთავარი არის ტვინი. მოქალაქეებს ხომ ვერ გააუქმებს და ვერც ამ პარტიების მხარდამჭერებს დახვრეტს. იმდენად მცირე რესურსი აქვთ, რომ სტალინურ რეპრესიებს ვერ განახორციელებს.

_ 1937 წელი კი დადგა და რანაირად არის მცირე რესურსი?

_ დაკავებების მხრივ დადგა, თორემ დახვრეტებსა და სიკვდილით დასჯას ვერ აღადგენს. ეს ძალიან გაუჭირდება. აკრძალული პარტიები კი გადავლენ იატაკქვეშეთში.

_ იქიდან რა უნდა გააკეთონ?

_ ბრძოლას გააგრძელებენ.

_ შედეგი იქნება?

_ რა თქმა უნდა. სულ რამდენიმე თვეა საჭირო ბრძოლა.  წლები ეს ხელისუფლება ვერ დარჩება.

_ რატომ ვერ დარჩება?

_ შეუძლებელია, რომ ისინი კიდევ დარჩნენ. ასეთი რეპრესიების მიუხედავად, ივანიშვილი ძალაუფლებას დიდხანს ვეღარ შეინარჩუნებს. კანონების გამკაცრება განპირობებულია ივანიშვილის ფობიებით და შიშებით და უკიდურესი პარანოიით. ეს პარანოია დასრულდება ქართველი ხალხის გამარჯვებით და ამაში ღრმად ვარ დარწნუნებულია.

_ ოპტიმიზმს არ კარგავთ?

_ არცერთი წამით! ისეთი თავდადებული ადამიანები იბრძვიან, რომ შეუძლებელია, ამ ხალხმა არ გაიმარჯვოს.

 

გაზიარება