 პარასკევი, 31 ოქტომბერი, 2025 პარასკევი, 31 ოქტომბერი, 2025
 
             
                        2025-10-31 08:18:05
ირინა მაკარიძე
ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი დავით მჟავანაძე:
_ ბატონო დავით, რას იტყვით „ქართული ოცნების“ რეპრესიებზე?
_ „ქართული ოცნების“ მიზანი ხომ ეს არის, რომ პროტესტი გაქრეს არა მარტო რუსთაველზე, არამედ მთელ საქართველოში და მათ წინააღმდეგ ხმას არავინ იღებდეს. მათი ერთ-ერთი ბოლო გათვლა იყო, რომ 4 ოქტომბერს ეს ყველაფერი უნდა დაესრულებინათ. ერთი მხრივ, არჩევნებზე ლეგიტიმაციის მიღება უნდოდათ და წარმოჩენა ქვეყნის შიგნით და გარეთ, რომ თითქოს ყველაფერი ნორმალურად არის და მათ შორის ოპოზიციის ნაწილის არჩევნებში შეტყუება ამას ემსახურებოდა. მეორე მხრივ, რომ იმ დღეს რაღაცა ტიპის პროვოკაციით მოეხდინათ საპროტესტო მოძრაობის დისკრედიტაცია და ამით ახალი სუნთქვა გახსნოდათ რეპრესიების გასაძლიერებლად. ოღონდ „ოცნებას“ არცერთი არ გამოუვიდა ისე, როგორც უნდოდა. ერთი მხრივ, არჩევნები ვერ შედგა და ფაქტია, რომ არჩევნებზე ოპოზიციური ამომრჩევლის 80 პროცენტზე მეტი არ მივიდა (წინა წელთან შედარებით). „ოცნებამ“ თავისთვის რამდენი დაიწერა, ეს საერთოდ სალაპარაკოც არ არის, რამდენსაც უნდოდა, იმდენს დაიწერდა. მეორე მხრივ, არც ეს პროვოკაცია გამოუვიდა 4 ოქტომბერს ბოლომდე. იყო დიდი მანიფესტაცია, რომელზეც მეც ვიყავი და ჩემი კოალიციაც, იყო ათონელის ინციდენტი, იყო გადაცდომები, რაზეც ისაუბრეს თავად ორგანიზატორებმა, თუმცა ამ აქციას არც შემდგომ დღეებში ჰქონია ძალადობრივი ხასიათი, არანაირი „დამხობა“ არ მომხდარა და არც რეალური მცდელობა ყოფილა. ახლა კი ცდილობს, რომ ეს გამოიყენოს ახალი რეპრესიებისთვის, მაგრამ ძალიან არადამაჯერებელია. ამიტომ გადავიდნენ ამ მასობრივ დაკავებებზე, მაგრამ მგონია, როგორც ჯარიმებმა არ იმუშავა თავის დროზე, ეგონათ, რომ იმუშავებდა და დიდი იმედები დაამყარეს მასზე, ისე არ იმუშავებს ეს. როდესაც პირველ პატიმრობებს მოიხდიან ეს ადამიანები, შემდეგ უკვე რუსთაველზე გასვლის გამო ასეულობით ადამიანი ეყოლებათ ციხეში გასაშვები ნახევარი წლით და ერთი წლით. ეს არ არის ადვილი გასაკეთებელი და ამას ვერ იზამს.
_ რატომ ვერ შეძლებს რეჟიმი ათეულობით ადამიანის ციხეში გაშვებას? რა შეუშლის ხელს?
_ იმიტომ, რომ ეს არანორმალურია. „ოცნება“ როდესაც ასეთ ნაბიჯზე მიდის, ყოველთვის რაღაც ტიპის გამართლებას ეძებს, მის ამომრჩეველსაც ხომ უნდა მოატყუოს პროპაგანდით, რომ რასაც აკეთებს, ეს გამართლებულია? ამდენი ადამიანის გამწარება და ციხეში გაშვება არის ტვირთი, თან იმის ფონზე, რომ თავის მომხრეებსაც დაერია. დაიჭირეს, მაგალითად, ფეხბურთელ ოთარ კაკაბაძის ბიძა, რომელიც ერთი წლის წინ თავის საარჩევნო კლიპში გადაიღეს. დაკავებებია ლილუაშვილისა და ღარიბაშვილის ირგვლივ, თვითონ ღარიბაშვილია ბრალდებული... იმის თქმა მინდა, რომ ვერ გააკეთებს არა იმიტომ, რომ საპოლიციო ძალები არ ჰყავს, ჰყავს და ციხეებში ადგილიც აქვს, მაგრამ ეს იმდენად არანორმალური მდგომარეობაა, კიდევ უფრო ზრდის „ოცნების“ მიმართ გაუცხოების, მიუღებლობის განცდას თავისსავე ამომრჩეველშიც და ამას პოლიტიკური ფასი ექნება.
_ თქვენ ისაუბრეთ 4 ოქტომბერზე ისე, თითქოს უკვე რაღაც გარკვეულია. ახსენეთ „ათონელის ინციდენტი“, თქვით, რომ თითქოს რაღაც ახსნეს ორგანიზატორებმა, თუმცა არაფერი გარკვეული არ არის. საზოგადოება მეტ სიცხადეს ითხოვს ამ საკითხზე. თქვენი კოალიციის პოზიცია ცნობილია, რომ არ იყავით ორგანიზატორები და განსხვავებული პოზიცია გქონდათ, მაგრამ რას ფიქრობთ ამ საკითხის შესახებ, რა მოხდა რეალურად?
_ ჩემი აზრით, არანაირი გეგმა იმ დღეს არ არსებობდა, ეს იყო ცოტა ფორტუნაზე გათვლილი, ცოტა რაღაც ინფორმაციაზე დაყრდნობით მოლოდინების შექმნა იმ იმედით, რომ ხალხი მოვა და ავტომატურად მოხდება მერე რაღაცები თვითდინებით. იმდენად აბსურდული, რბილად რომ ვთქვათ, მიამიტური გათვლა იყო, რომ თავიდანვე ჩანდა, ეს იყო ცრუ მოლოდინების შექმნა. ამაში მეტი სინათლის შემოტანა ნამდვილად საჭიროა, მაგრამ ეს შეუძლია მარტო იმ ხალხს, ვინც იყო ორგანიზატორი.
_ ისინი დაკავებულები არიან მიმოწერისა და პაემნების უფლების გარეშე.
_ ჩემი აზრით, ადვოკატებს შეუძლიათ დააბარონ, როგორც, ვთქვათ, ამას ხაბეიშვილი აკეთებს. ისინი პოლიტიკური პატიმრები არიან ცალსახად, ბიძინას პატიმრები არიან, როგორც ყველა სხვა დანარჩენი, მაგრამ თუ მათ რაღაც სიკეთე უნდათ შემოიტანონ ამ პროცესში, ჯობია, რომ ნათელი მოჰფინონ ამ ამბავს, რამდენადაც შეუძლიათ. ჩვენ მეტი პასუხი ამაზე არ გვაქვს, ჩვენ კი არა, ხალხი ორგანიზატორობას იბრალებდა და ისინი ამბობენ, არაფერი ვიცოდითო. თუ არაფერი იცოდნენ, როგორც ახლა ამბობენ, სჯობდა, მაშინაც გაჩუმებულიყვნენ და ცრუ მოლოდინები არ შეექმნათ ადამიანებისთვის. ეს კიდევ უფრო მეტად მიმტკიცებს რწმენას, რომ არავითარი გეგმა არ არსებობდა. ნებისმიერ შემთხვევაში, „ოცნებასაც“ არ გამოუვიდა, რაც უნდოდა, _ 60 კაცი რომ ჰყავს დაჭერილი ღობის ნჯღრევის გამო, ეს არასერიოზულია. მესმის, რომ ამას აძლევენ სახელმწიფო გადატრიალების ელფერს, მაგრამ არავითარი გადატრიალება ეს არ იყო, ღობის გადატრიალება იყო მხოლოდ.
_ „ოცნებას“ თავი ისე უჭირავს, რომ არც ხალხის აზრი აინტერესებს და არც _ საერთაშორისო პარტნიორების. რა აიძულებს მას, რომ რეპრესიები შეაჩეროს?
_ თავს ასე გვაჩვენებენ, რომ არავის აზრი არ აინტერესებთ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ანალიზი გავაკეთოთ, რამდენად მოწყვლადები არიან ხალხის რეაქციისა თუ დასავლელი პარტნიორების მიმართ. მაგალითად, სანქცირებული ჩინოვნიკების 90 პროცენტი სახლში გაუშვეს. ასევე მუდმივად ცდილობენ, რამე კონფერენციაზე მოხვდნენ, ამერიკაში ჩავიდნენ, რომ იქ ხელი ვიღაცას ჩამოართვან, მუდმივად არიან ამ მცდელობაში. ეს ასე არ არის, რომ არავის აზრი არ აინტერესებთ, ნამდვილად აინტერესებთ, მაგრამ ვერაფრით გაარღვიეს ეს იზოლაცია. ბიძინა ივანიშვილის მიზანია, რომ აქაურობა გადააქციოს რაღაც ბელარუსის ტიპის სახელმწიფოდ, სადაც იტყვის, რომ ახლა ყველა ციხეშია, ყველაფერი გამქრალია, მე ვარ და მე მელაპარაკეთ. ეს არის, რაც მას წარმოუდგენია, მაგრამ ამაში მას ხელს უშლის ბევრი რამე, უპირველესად ის, რომ ქართველი ხალხი არ არის ისეთი ხალხი, რომელსაც უბრალოდ გამოკეტავ ციხეებში და შენ წინააღმდეგ ხმას აღარავინ გაიღებს. არც რესურსებით ისეთი მდიდარი ქვეყანა ვართ, რომ ნავთობი შესთავაზოს ვინმეს ან ურანი და ამით ივაჭროს დასავლეთთან; „აბრეშუმის გზამაც“, მგონი, გვერდი აგვიარა. ეგეც რომ არ იყოს, სანდო პარტნიორი თუ არ ხარ, არავინ გაგიკარებს, არც ჩინელი და არც ამერიკელი. გასაგებია, რომ დიდი ამბები მიმდინარეობს მსოფლიოში და ივანიშვილისთვის ჯერ ვერავინ მოიცალა, მაგრამ უსასრულოდაც ვერ გაგრძელდება ასე.
_ გახარიას პარტია აცხადებს, რომ ბიოკოტმა „ოცნება“ უფრო გააძლიერა, ვიდრე დაასუსტა და ამიტომ გადაწყვიტეს პარლამენტში შესვლა, ამაზე რას იტყვით?
_ ესენი საერთოდ გავიდნენ ლოგიკური აზროვნების საზღვრებიდან, როგორც ახლა გახარიას ერთ-ერთმა დეპუტატმა საოცარი ინტერვიუ მისცა, _ ახლა ჩვენ ამ პარლამენტში კი შევდივართ, მაგრამ „ოცნებას“ ლეგიტიმაციას არ ვაძლევთო, ჩვენ 12 კაცი ვიქნებით მარტო ლეგიტიმურები პარლამენტში, დანარჩენი არალეგიტიმურები იქნებიანო, ცირკია... ოპოზიციის ბოიკოტი იყო ივანიშვილისთვის უფრო დიდი პრობლემა, ვიდრე პარლამენტში შესვლა იქნებოდა. ივანიშვილის გეგმებში არანაირად არ ჯდება იზოლაცია, პირიქით, იმას ამბობდა, რომ 20 იანვარს მოვა ტრამპი და ყველაფერი დალაგდებაო. ათასნაირ მოლოდინს ქმნიდნენ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ვერაფერი განახორციელეს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ აქ ოპოზიცია და კრიტიკული ჯგუფები არ ეგუებიან მისი თამაშის წესებს. გვესმის, რომ რისკი დიდია, ურესურსოდ ვართ, ბევრი პრობლემაა, დაჭერილი არიან ადამიანები, ჩვენი კოალიციიდან თითქმის ყველა დაჭერილია, მე ვარ მგონი დარჩენილი მარტო, მაგრამ ეს არის გზა, ეს არის ის, რაც მას ყველაზე მეტად აწუხებს, თორემ პარლამენტსა და საკრებულოებში ყოფნით მას ხელს ვეღარ შევუშლით, პირიქით, იგივეს იზამდა, რასაც ახლა აკეთებს და ამაზე ზედ მოგვიწევდა ლეგიტიმაციის მიცემა.
_ რაც ხდება ახლა „ოცნების“ შიგნით, თქვენი აზრით, იგი სუსტდება, თუ ძლიერდება?
_ ივანიშვილს შეიძლება ახლა ჰგონია, რომ ყველა საეჭვო პირს მოიშორებს და მხოლოდ ამ ერთგულ, ყურმოჭრილ მონებს დატოვებს და ამით მისი ძალაუფლების ვერტიკალი გაძლიერებული იქნება, მაგრამ ეს ასე არ მუშაობს. მას შეიძლება ბევრი გამოცდილება აქვს ბიზნესში, მაგრამ პოლიტიკაში, მე მგონი, იმდენი ცოდნა არ აქვს, რომ მაგას ხვდებოდეს, რომ ის რასაც აკეთებს ხელისუფლებაში მოსვლიდან 13 წლის თავზე, მას უფრო ასუსტებს, ვიდრე აძლიერებს. მისი ძალაუფლება ამდენ ხანს ემყარებოდა ამ კლანების დაბალანსებას, სხვადასხვა გავლენის ჯგუფის არსებობას. რამდენიმე მიზეზი არის, რატომაც ახლა ის ამას შვრება. ერთი: ეს არის ფულის დეფიციტი, დასავლეთში გაყინულია მისი აქტივები, ვინაიდან ის ამერიკის ხაზინის მიერ არის სანქცირებული. დონალდ ტრამპს მისთვის სანქციები არ მოუხსნია, ვიღაცებს მოუხსნა, მაგრამ ივანიშვილს დაუტოვა, რადგან არ არის ის სანდო ამერიკელებისთვის. ჩვენ გვავიწყდება, რომ ძალიან დიდი ფული მას გაჩერებული აქვს, მათ შორის, უძრავ-მოძრავი ქონებაც, რაც იქაა. ამიტომ აქ, ქვეყნის შიგნით, რაღაც ფულის აკუმულირება სჭირდება. თან ეს ხალხი, ვისაც დაერია, ისეთი ხალხი არის, ვინც ბევრი ფული იშოვა.
_ რატომ „გაწირა“, თქვენი აზრით, ეს ადამიანები?
_ ერთი ის, რომ ამ ხალხმა ბევრი ფული იშოვა და მისთვის საფრთხეს წარმოადგენს, რადგან ვისაც ფული აქვს, მასზე დამოკიდებული აღარაა და მას აღარ ენდობა; მეორე ის, რომ სანქცირებული არ არიან ეს ადამიანები, არც ღარიბაშვილი და არც ლილუაშვილი და ალბათ ეჭვიანობს, რომ ეს ხალხი რაღაცებს ხლართავს მის ზურგს უკან. მესამე ისიც ემატება, რომ კობახიძე და მისი კლანი „ყურში უზის“ ივანიშვილს და ეუბნება, რომ აი, ისინი არიან შენი მტრები, იმათ უნდათ შენი ჩამომხობა და აგერ მე ვარ, შეგისრულებ ყველა სურვილსო. ამიტომაც აკეთებს იმას, რასაც აკეთებს, ეს ასუსტებს, რა თქმა უნდა, როგორ შეიძლება, ეს აძლიერებდეს? მდინარაძესა და კობახიძეზე დაყრდნობილი დიქტატურა როგორ შეიძლება უფრო ძლიერი იყოს, ვიდრე აქამდე იყო?
_ მზია ამაღლობელსა და ბელორუსს ჟურნალისტს ერთად მიანიჭეს სახაროვის პრემია, ამაზე რას იტყვით?
_ ეს არის აღიარება ყველაზე დიდი ევროპული ინსტიტუტის მიერ, რომ ბელარუსსა და საქართველოში ერთი ტიპის რეჟიმებია, რომლებიც თანაბრად მიუღებელია მათთვის. გასაგებია, რომ ჯერ ივანიშვილს არ მიუღწევია ბელარუსის ავტოკრატიის ხარისხისთვის, მაგრამ აქეთკენ მიდის. შეუძლებელია, რომ ივანიშვილმა ამ გზით სიარული გააგრძელოს და ის ვინმესთვის მისაღები გახდეს ევროკავშირში ან ამერიკის შეერთებულ შტატებში. მზია ამაღლობელისთვის სახაროვის პრემიის მინიჭება ივანიშვილისთვის ამ იზოლაციის გარღვევას კიდევ უფრო შეუძლებელს გახდის.