QronikaPlus
ბესიკ დონაძე - ბიძინა ივანიშვილი უკან იხევს მხოლოდ მაშინ, როდესაც მასშტაბური პროტესტია

ბესიკ დონაძე - ბიძინა ივანიშვილი უკან იხევს მხოლოდ მაშინ, როდესაც მასშტაბური პროტესტია

2025-10-02 11:59:56

 

ირინა მაკარიძე

 

„ქართული ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პრინციპული ბრძოლა გამოუცხადა კორუფციას. ამას იმეორებენ „ოცნების“ სხვა სახეებიც. მათი თქმით, ევროპაში ერთ-ერთი გამორჩეული ნიშა უნდა დაიკავონ ამ კუთხით. ფაქტობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში ვუყურებთ კორუფციული თემების შესახებ საქმეების გახსნას.

 

ბოლო ასეთი გახმაურებული ამბავია „ბპ ტრანსის“ საქმესზე 5 ადამიანის დაკავება, ხოლო კომპანიის დამფუძნებლისა და 100-პროცენტიანი წილის მფლობელ ბიჭიკო პაიკიძის წინააღმდეგ ორი სხვადასხვა საქმის აღძვრა და დაუსწრებლად ორმაგი პატიმრობის მისჯა. თავის მხრივ, ეს საქმე ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და სუს-ის ყოფილ უფროსს უკავშირდება და პირდაპირ კორელაციაშია შოვის ტრაგედიასა და იქ ათეულობით ადამიანის დაღუპვასთან.

 

ამ და სხვა გახმაურებული საქმეების შესახებ, „ქართული ოცნების“ პირობებში კორუფციის მასშტაბებსა და ბიძინა ივანიშვილის კარზე ძველი და ახალი კლანების ბრძოლაზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება კორუფციის მკვლევარი, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი ბესიკ დონაძე:

 

_ ბიჭიკო პაიკიძეს რა საქმეზეც აღუძრეს ბრალი, ეს არის 2020 წლის ხელშეკრულება, რომელიც დასრულდა 2024 წელს. ანუ ამ ადამიანმა სამ პრემიერს მოპარა ფული. 2020 წელს პრემიერ-მინისტრი იყო გახარია, შემდეგ ღარიბაშვილი _ ხელშეკრულების მიმდინარეობის დროს; ხელშეკრულების ბოლოს, 2024 წელს, პრემიერი უკვე ირაკლი კობახიძეა. ამასთანავე, თუ ჯუანშერ ბურჭულაძეს საკმაოდ მაღალი თანამდებობა ჰქონდა, როდესაც ინფრასტრუქტურის მინისტრი მოდიოდა „მინისტრის საათზე“, ასევე ჯუანშერ ბურჭულაძევ მოდიოდა „მინისტრის საათზე“, მათთვის ერთხელაც არ დაუსვამთ კრიტიკული შეკითხვა. ამას ემატება ის, რომ ჩვენ მიერ, მათ შორის, კონკრეტულად ჩემ მიერ გაჟღერდა სავარაუდოდ კორუფციული ფაქტები, რომელთა შორის დასახელებული იყო ეს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის შესყიდვის საკითხი, ასევე აღნიშნული ხელშეკრულება, რომელზედაც ახლა ედავებიან ბიჭიკო პაიკიძეს. მაშინ ჩვენ „ქართული ოცნებისგან“ ვიღებდით ლანძღვას, რომ ეს იყო ტყუილი, მოგონილი ამბავი, ჩვენ რაღაცას ვუტრირებდით, ეს ჩვენი ფანტაზიის ნაყოფი იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თურმე ყველაფერში მართლები ვყოფილვართ. ასე რომ, კობახიძის ეს ზღაპარი, თითქოს კორუფციას ებრძვის, ასევე ზღაპრად დარჩება. ეს არის ძალადაკარგული კლანის წინააღმდეგ ბრძოლა აღზევებულების მიერ. ანუ ბიძინას კარზე დაწინაურდა კობახიძე-მდინარაძე და დაიწყო ჩაგვრა ძალადაკარგული კლანის. რა თქმა უნდა, ეს ადამიანები, რომლებიც დაჭერილები არიან, ჩემი შეფასებით, კორუმპირებულები არიან და კიდევ უფრო ადრე უნდა დასჯილიყვნენ. თუმცა ახლა მათი დაჭერა განსაზღვრა პოლიტიკურმა ამინდმა. ის, რომ კორუმპირებულია და დასაჭერია, ეს გასაგებია, მაგრამ ეს ყველაფერი რომ ხდება იმიტომ, რომ მას ეს პოლიტიკურად სჭირდება, ეს არის ძალიან ცუდი.  ეს არის მაფიოზურ-კლანური მმართველობა, როდესაც ერთი კლანი მეორე კლანს ჩაგრავს, ორივე კლანის ბოსი ბიძინა ივანიშვილია. არც ერთი ლანძღავს ბიძინა ივანიშვილს და არც _ მეორე. დაჭერილ ჯუანშერ ბურჭულაძესაც კი არაფერი უთქვამს ბიძინა ივანიშვილზე, რადგან იქნებ ამ მილიონ სამასით შემოიფარგლოს ყველაფერი და კიდევ უფრო შორს არ წავიდნენ.

_ რაც შეეხება „ბპ ტრანსის“ საქმეს, ეს დაკავშირებულია შოვის ტრაგედიასთან, რომელიც შემდეგ მოხდა, 2023 წელს. როგორც გაირკვა, მას მანამდე უნდა ჩაეტარებინა იქ სამუშაოები, რომელიც არაჯეროვნად შეასრულა, რაზედაც მაშინაც საუბრობდნენ შოვის ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრები. რას იტყვით ამის შესახებ?

_ აღნიშნული ტენდერი, რომელიც „ბპ ტრანსმა“ მოიგო, იყო რამდენიმეწლიანი კონტრაქტი, ეს იყო მოცულობითი, ანუ სადმე თუ რამე სტიქია მოხდებოდა, უნდა მიეხედა. რაც შეეხება ონთან მიმართებით, შოვის ტრაგედიამდე იყო კიდევ ერთი სტიქია ონში და მის შემდეგ უნდა ჩაეტარებინა სამუშაოები ბიჭიკო პაიკიძის კომპანიას. ძალიან მნიშვნელოვანია ამ საქმეში  დასახელებული „ეგის ინტერნეიშენალის“ როლი. ეს იყო კომპანია, რომლის მეშვეობითაც პაიკიძე თაღლითურად იპარავდა ბიუჯეტიდან ფულს. ეს კომპანია აძლევდა „ფორმა-2“-ს, რაც ნიშნავს მიღება-ჩაბარების აქტს, ამის საფუძველზე გაიცემოდა შემდეგ ბიუჯეტიდან ფული. ეს ნიშნავს იმას, რომ ბიჭიკო პაიკიძე უხარისხოდ ახორციელებდა ხელშეკრულებით და ტენდერის პირობებით გათვალისწინებულ სამუშაოებს, „ეგის ინტერნეიშენალი“ კი ეთანხმებოდა ყველაფერში. აუცილებლად საპოვნელია ყველა ის ობიექტი, რომელიც ჩიაბარა „ეგის ინტერნეიშენალმა“. გადასამოწმერბელია ყველა ის ობიექტი, რომელიც ახლა ხორციელდება „ბ.პ. ტრანსის“ მიერ. რადგან გამორიცხულია, რომ ბიჭიკო პაიკიძე ერთი ობიექტიდან იპარავდა ფულს და მეორე ობიექტზე მუშაობდა პირნათლად, ან იგივე „ეგის ინტერნეიშენალი“. ეს არის ძალიან დიდი, სისტემური პრობლემა და ის არ ეხება მხოლოდ ქუთაისი-ალპანის გზას ან მხოლოდ ონის არეალში სტიქიის ზიანის შედეგების აღმოფხვრას. წარმოიდგინეთ, „ეგის ინტერნეიშენალს“ 45 მილიონის ობიექტები აქვს აღებული და, თანხობრივად, კიდევ უფრო მეტი ობიექტი აქვს ჩაბარებული, ხოლო „ბ.პ. ტრანსს“ 23 მილიონი ლარის მიმდინარე ხელშეკრულებები აქვს. ეს არის ძალიან სერიოზულად გამოსაძიებელი, რადგან ადამიანების სიცოცხლეა დამოკიდებული მათ მიერ შესრულებულ სამუშაოებზე. ისინი აშენებდნენ გაბიონებს, აწარმოებდნენ ნაპირგასამაგრ სამუშაოებს და თუ ეს სამუშაოები ხარისხიანად არ შესრულდა, იტბორება სოფლები, ქალაქები, რასაც მოჰყვება ძალიან ცუდი შედეგები. ასე რომ, მათ მიერ ფულის მოპარვა პირდაპირ აისახება ჩვენს სიცოცხლესა და ცხოვრების ხარისხზე.

_ თქვენ გქონდათ კითხვა სუს-ის უფროს მამუკა მდინარაძესთან, თუ როგორ მოახერხა ბიჭიკო პაიკიძემ ქვეყნის დატოვება. ამ კითხვას, პრაქტიკულად, პასუხი გასცა ადვოკატმა, როდესაც განაცხადა, რომ პაიკიძე ონკოლოგიური პაციენტია და პერიოდულად გადის ქვეყნიდან სამკურნალოდ. გაეცა თუ არა ამით თქვენს კითხვას პასუხი?

_ არანაირად! ადვოკატ ირმა ჭკადუას ამ განცხადებამ კიდევ უფრო მეტი ბუნდოვანება შემოიტანა. არ ვიცი, რამდენად სიმართლეს საუბრობს პაიკიძის ადვოკატი, რადგან ეს დასკვნა არავის გვაქვს ნანახი. არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ აღუნიშნავს მსგავსი რამ. თუ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის ცნობილი იყო, რომ ბიჭიკო პაიკიძე სამკურნალოდ დადიოდა თურქეთში, მაშინ სუს-ი ვალდებული იყო, მისთვის თვალყური ედევნებინა, ეს ადამიანი რომ არ გაქცეულიყო და დამალულიყო. ადვოკატის ეს განცხადება გათვლილია ადამიანების ემოციებზე. ის რომ ავად არის და მემკვიდრეობით ერგო ეს დაავადება, როგორც ადვოკატმა აღნიშნა, უფლებას აძლევს, 4 მილიონი მოიპაროს? ეს უფრო მანიპულაციური განცხადება იყო. დაველოდოთ, რას შემოგვთავაზებს მამუკა მდინარაძე. ის, რომ გამოძიება ობიექტურად ჩატარდება და რასაც სუს-ი იტყვის, ჩვენთვის იქნება სანდო, ეს, უბრალოდ, გამორიცხულია. მაგრამ ის, რომ ბიჭიკო პაიკიძეს ფული აქვს მოპარული ბიუჯეტიდან, ამას ჩვენ ვამბობდით მდინარაძეზე ადრე, მაშინ როდესაც ჩვენ მდინარაძე გვეუბნებოდა, რომ თქვენ ტყუიხართ ამ ამბავშიო. ახლა თვითონ დარწმუნდა. 

_ პაიკიძეს კიდევ ერთი ბრალი წარუდგინეს, ხოლო მეორე პირი, თურქეთის მოქალაქე დააკავეს. რას იტყვით ამ მეორე საქმესთან დაკავშირებით?

_ ეს არის ორი განსხვავებული მიმართულება: პირველი არის სუს-ის მიმართულება, რომელიც თაღლითობას იძიებს, ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით ფულის მითვისებას, ხოლო მეორე არის გადასახადების დამალვის საქმე, რომელიც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოიძია. როგორც ჩანს, როდესაც ბიჭიკო პაიკიძის გაწირვა გადაწყდა, ყველა უწყებამ, ვის რისი უფლებამოსილებაც ჰქონდა, ყველამ დაიწყო გამოძიება. გაირკვა, რომ ეს ადამიანი ორი მიმართულებით იპარავდა ფულს ბიუჯეტიდან: 1. თაღლითურად ითვისებდა გარკვეულ თანხას და 2. იმ თანხებს, რასაც სახელმწიფო აძლევდა და გადასახადები უნდა გადაეხადა, არც იმ გადასახადებს იხდიდა. დაუჯერებელია, რომ ერთმა ბიჭიკო პაიკიძემ ამდენი შეძლო „მწვანე შუქის ანთების“ გარეშე. თუ ეს ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მაშინ რას აკეთებს ეს სამსახურები?! რისთვის ვიხდით ამდენ მილიონებს?! რისთვის ვუხდით ამ ადამიანებს ხელფასებს, ვუფინანსებთ მანქანების მომსახურებას, კაბინეტებს ვურემონტებთ, ყავასაც და წყალსაც ჩვენი ფულით ყიდულობენ, პრემიებს, ჯილდოებს იღებენ, საწვავი, მძღოლი... არ ვიცი, ამხელა სახელმწიფო აპარატს ვინახავთ და მას ისე მოპარა ბიჭიკო პაიკიძემ 6 მილიონი, რომ ვერავინ გაიგო?! წარმოგიდგენიათ, ეს რა კატასტროფაა?! რა ქვეყანაში ვცხოვრობთ?!

_ 2021 წელს „ფლანგვის დეტექტორის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ: „2017-2020 წლებში ბიჭიკო პაიკიძესთან დაკავშირებულმა ორმა კომპანიამ – „ჯორჯიან ენერჯიმ“ და „ბიპი ტრანსმა“ _ ჯამურად 29 მილიონი ლარის ტენდერები მოიგეს. ბიჭიკო პაიკიძის შვილის ერთი ნათლია სუს-ის მოქმედი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილია, ხოლო მეორე – სუს-ის უფროსის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი, წარმოშობით ვანელები. 2016 წელს ბიჭიკო პაიკიძემ და მისი ერთ-ერთი კომპანიის დირექტორმა „ქართულ ოცნებას“ ჯამურად 72.000 ლარი შესწირეს. 2014 წელს პაიკიძის კომპანია „ჯორჯიან ენერჯი“ ღMG Gოლდ-ის ქვეკონტრაქტორი იყო, რომელსაც კულტურის სამინისტრომ საყდრისის ძეგლის აფეთქების უფლება მისცა“. საუბარია, რომ ბიჭიკო პაიკიძე არის გრიგოლ ლილუაშვილის ახლობელი. ამბობენ, რომ ის იყო ლილუაშვილის „კასირი“, ამის შესახებ რას იტყვით? 

_ მათი ახლო ნათესაური და ახლო კავშირი პაიკიძესაც და ლილუაშვილსაც ორივეს დადასტურებული აქვს. არც ერთი უარყოფს არც ნათესაურ კავშირს და ამის გარდა ახლობლობას, _ ერთი ქალაქიდან, ერთი სოფლიდან, ნათელმირონები და ძალიან ახლო მეგობრები არიან. დიდი ალბათობა არსებობს, რომ ეს ადამიანი მოქმედებდა ლილუაშვილის თანხმობით. თუ ვნახავთ ბიჭიკო პაიკიძის ბიოგრაფიას, მკაფიოდ ჩანს, როგორც კი ლილუაშვილი წინაურდება ბიძინას კარზე, პაიკიძის ფინანსური მდგომარეობაც უმჯობესდება. როგორც ის მიდის ზევით, ისე მიდის პაიკიძის შემოსავლები მაღლა. „ქართული ოცნების“ სიაშიც ხომ ლილუაშვილის დამსახურებით მოხვდა. საჯარო სამსახურებში მის მიმართ როგორი მოწიწება იქნებოდა, ხომ წარმოდგენილი გაქვთ? ლილუაშვილს, როდესაც ის თანამდებობაზე იყო, განუზომელი უფლებამოსილება ჰქონდა. ამ ადამიანს შეეძლო ნებისმიერი თანამდებობის პირის დაკავება საკუთარ კაბინეტში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს განუზომელი უფლებამოსილება აქვს, თვითონ ლილუაშვილიც განუზომელ უფლებამოსილებას ფლობდა. ეს იყო ადამიანი, რომელიც ბიძინას გარდა არ აღიარებდა არც ერთ თანამდებობის პირს. ასე რომ, ასეთი ადამიანის ნათესაური კავშირის გამოყენება სავსებით შესაძლებელია. ფაქტია, რომ ამ ადამიანმა შეძლო ის, რომ ბიუჯეტიდან წაიღო 6 მილიონი ლარი, ოღონდ ჯერჯერობით ბიჭიკო პაიკიძის საქმიანობიდან მხოლოდ ერთი ხელშეკრულება შემოწმდა.

_ არის თუ არა მოსალოდნელი, საგამოძიებო მოქმედებები გაგრძელდეს, თუნდაც ირაკლი ქარსელაძის, გრიგოლ ლილუაშვილის მიმართულებით? არის თუ არა ეს ფულის ამოღების გზა ყოფილი მაღალჩინოსნებისგან?

_ ამ ანტიკორუფციულ ისტერიას, რომელიც ახლა დაიწყო კობახიძემ, აქვს გარკვეული მიზეზი: ბიძინა ივანიშვილი სჯის იმ ადამიანს, ვინც მას ფულს მოპარავს. ბიუჯეტიდან რომ იპარავს, იმას არ სჯის. ბიუჯეტიდან იპარავენ უკვე 13 წელია, მაგრამ ჯერ არავინ დასჯილა. რა თქმა უნდა, აქ რაღაც შიდაკულუარული გარჩევებია, მას მოყვა ეს დაჭერები, შესაბამისად, კულუარებში როგორც დალაგდება სიტუაცია, ისე გაგრძელდება პროცესები. თუ დარჩა ეს სტატუს კვო, რომ ერთმანეთში ნაჩხუბრები არიან, ერთმანეთს არ ელაპარაკებიან და ერთი კლანი მეორე კლანს ებრძვის, ეს თუ არ დალაგდა ბიძინა ივანიშვილთან, რა თქმა უნდა, კობახიძე და მდინარაძე გააგრძელებენ იმ ადამიანების დაჭერას, რომლებზედაც მიუთითებს ბიძინა ივანიშვილი. ვერც მდინარაძე გადაწყვეტს, ვინ დაიჭიროს და ვერც ინფრასტრუქტურის მინისტრი სოხაძე გადაწყვეტს, რომელი საქმე გააგზავნოს სუს-ში. რომელსაც ეტყვიან, იმას გააგზავნის.

_ ასტრონომიულ ციფრებზე, მილიარდებზე არის საუბარი, როგორია თქვენი შეფასებით, „ქართული ოცნების“ კორუფციის მასშტაბი?

_ რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, 13 მილიარდი ლარის გამარტივებული კონტრაქტები გააფორმა კომპანიებთან და 50 მილიარდი ლარის ღირებულების ტენდერი აქვთ ჩატარებული. წარმოიდგინეთ, ამ მოცულობაში, მხოლოდ და მხოლოდ, ორი ხელშეკრულება გამოიძია სუს-მა, ეს არის თავდაცვის სამინისტროს მიერ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიული აპარატის შეძენა და მეორე _ ალპანა-მამისონის უღელტეხილზე სტიქიასთან დაკავშირებული სამუშაობი. ჯერ ეს ორი ხელშეკრულება გამოიძიეს და გაირკვა, რომ 6 მილიონი ლარი არის მოპარული. თქვენ წარმოიდგინეთ, რა იქნება სხვა ხელშეკრულებებში, თუ ამას გამოიძიებს ვინმე?! გამოიძიებს აუცილებლად მომდევნო ხელისუფლება, ვინც იქნება. წარმოგიდგენიათ, 63 მილიარდი ლარიდან რამდენი აქვთ მოპარული?!

_ ამაზე დგას ზუსტად „ქართული ოცნება“, ამ ფულს ადა ამ კორუფციულ სქემებზე.

_ დიახ, ზოგადად, ივანიშვილი აყალიბებს ავტოკრატიულ-დიქტატორულ, ოლიგარქიული რეჟიმების ნაზავს. ასეთი რეჟიმების ძირითადი დასაყრდენი არის კორუფცია და კორუმპირებული ჩინოვნიკები. ისინი ფულს იპარავენ ბიუჯეტიდან და ხელისმომწერები არიან ყველაფერზე. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკას თუ დავუკვირდებით, ის მისთვის საჭირო პოლიტიკურ საქმეებს ძალით არ აკეთებინებს არავის. ამ ყველაფერში ფულს იხდის, ოღონდ ბიუჯეტის ფულს. საშუალებას აძლევს, რომ ბიუჯეტიდან მოიპაროს. სამწუხაროდ, საქართველოში აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანები, და არც თუ ისე ცოტა, რომლებმაც ხელი მოაწერეს იმაზე, რომ ბიუჯეტიდან ფული მოიპარონ და ქვეყნისთვის საზიანო პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღონ. ოღონდ ამ ყველაფერს ეს ადამიანები ნებით აკეთებენ და ამაში იღებენ გასამრჯელოს _ ეს არის როგორც ბიუჯეტიდან ფულის წაღება, ასევე სახელმწიფო პროგრამებიდან: „აწარმოე საქართველოში“, „დანერგე მომავალი“ და ა. შ. ასევე ლიცენზიების მიღება, მაგ.: წიაღისეულის ლიცენზია და კიდევ სხვადასხვა, სამშენებლო ნებართვები, აუქციონებიდან მიწის ნაკვეთებისა და შენობა-ნაგებობის ყიდვა. ანუ, პრაქტიკულად, ამ ადამიანებმა ის დოვლათი, რაც ეკუთვნოდა ქართველ ხალხს, წაიღეს და დაინაწილეს, კონკრეტულმა თანამდებობის პირებმა, სულ რამდენიმე ასეულმა ადამიანმა. ძალიან ნათელი მაგალითია, ჭიკაიძე რომ იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომ მოვიდა ეს ადამიანი, არაფერი ჰქონდა და ერთი წელიც არ ყოფილა თანამდებობაზე, შემდეგ აღმოჩნდა, რომ უკვე ძალიან დიდ ქონებას ფლობს, _ ღვინის მარნები, სახლი ბათუმში, ერთი სახლი, მეორე სახლი... ჩვენ ასეთი ძალიან ბევრი თანამდებობის პირი ვნახეთ, თვითონ პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილიც. რომ გაიძახის, შეძლებული ოჯახი მყავდაო, თუ ჩავხედავთ მის პირველ დეკლარაციას, საერთოდ არ ეტყობა, რომ შეძლებული ოჯახიდან იყო, არც მის შემოსავლებს და არც მის ქონებას. ჩახედეთ ახლა მის დეკლარაციას, როდესაც წელიწადში 150 ათას ლარს ჩუქნის მამამისი. 2012-ში რატომ არ ჩუქნიდა 150 ათას ლარს?

_ მინდა გკითხოთ ფულის გათეთრების საქმესთან დაკავშირებით: დააკავეს სავალუტო ჯიხურის მეპატრონე 49 წლის კახა კოტორაშვილი, რომელსაც ბრალი წაუყენეს 665 მილიონი აშშ დოლარის გათეთრებაში. ამ საქმის შესახებ სხვა პირების გამოვლენა არ გაგრძელებულა. რას იტყვით ამ საქმეზე და რამდენად რეალურია, რომ მხოლოდ ერთ ან ორ ადამიანს გაეთეთრებინა ეს ფული?

_ პროკურატურის ამ განცხადებამაც ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა. ვინ იყო ეს კახა კოტორაშვილი ასეთი ადამიანი, რომელმაც 54 მილიარდი რუბლი გადაახურდავა? როგორ მოხვდა 54 მილიარდი რუბლი საქართველოში ისე, რომ ეს არ დადეკლარირდა? ანუ ეს არის შავი ფული, რომელიც შემოიტანეს, როგორც პროკურატურა მიუთითებს, აზერბაიჯანის საზღვრიდან. წარმოიდგინეთ, რომ ეს ფული ვიღაც ადამიანებმა შეიტანეს რუსეთიდან აზერბაიჯანში და იქიდან _ საქართველოში, ანუ 4 გამშვები პუნქტი გამოატარეს და ეს მოახერხა ერთმა ვალუტის გადამცვლელმა კახამ? ეს არის ძალიან სკანდალური ამბავი. აღსანიშნავია, რომ ეს არის ტრანსნაციონალური დანაშაული და საქართველოს ხელისუფლებას ვალდებულება აქვს, ამის შესახებ აცნობოს ინტერპოლს. არსად განცხადებაში ნახსენები არ არის, რომ ეს აცნობეს ინტერპოლს. ასევე ჩვენ ვთანამშრომლობთ ევროპოლთან. როდესაც ასეთი დანაშაულია, სასურველია ევროპოლი ჩართო „ფულის გათეთრების“ საქმეში. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს საქმე, მასში ჩართულია მინიმუმ სამი ქვეყანა. ეს ფული გადახურდავდა და რუსეთში გავიდა, რაც ძალიან ცუდი ფაქტია. იმ დროს რუსეთში დოლარი უჭირდათ და აღმოჩნდა, რომ საქართველო გახდა ის ქვეყანა, რომელმაც დაიწყო რუსეთში დოლარების გატანა. ეს დოლარები ამოვიდა საქართველოს ეკონომიკიდან. ძალიან საგანგაშო ფაქტია. ხოლო შემდეგ 665 მილიონი აშშ დოლარი სად წავიდა, ბოლომდე დადგენილი არ არის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია 54 მილიარდი რუბლი სად წავიდა? ბანკებში შეიტანა? ეს კატასტროფაა.

_ ქვეყანაში შექმნილი ამ კატასტროფული ვითარებიდან გამოსავალს სა ხედავთ?

_ ქართველი ამომრჩეველი უნდა დაბრუნდეს პოლიტიკაში. თუ  ხელისუფლებას ძალა არ აჩვენა ქართველმა ამომრჩეველმა, რომ ჩვენ ვწყვეტთ, ვინ იქნებით მანდ, ისე არაფერი შეიცვლება. 24 მილიარდი აქვს ახლა ჩვენგან შეგროვებული მთავრობას და ამით გვირტყამს მერე, _ ანუ ხალხს უხდის, რომ მერე ჩვენ გვცემოს. ბიძინა ივანიშვილი უკან იხევს მხოლოდ მაშინ, როდესაც მასშტაბური პროტესტია. ამიტომ ძალიან ბევრი ადამიანი უნდა ვიყოთ ქუჩაში 4 ოქტომბერს და შემდეგ ქართველი ხალხი გადაწყვეტს, რა მოხდება.

 

გაზიარება