QronikaPlus
საბა ბუაძე - მკაფიო პოლიტიკური ალტერნატივის გარეშე ვერ მოვახერხებთ ივანიშვილის ხელისუფლების ცვლილებას

საბა ბუაძე - მკაფიო პოლიტიკური ალტერნატივის გარეშე ვერ მოვახერხებთ ივანიშვილის ხელისუფლების ცვლილებას

2025-10-02 11:53:42

თამუნა მჭედლიშვილი

 

რა მიზეზით დატოვა პარტია „ლელო“ საბა ბუაძემ და რჩება თუ არა იგი პოლიტიკაში? როგორი ან რომელი ახალი ძალა ჩაანაცვლებს ქართულ პოლიტიკაში გაბატონებულ ისტერიას? კორუფციასთან ბრძოლა _ სინამდვილე თუ გამარჯვებული პოლიტიკური კლანის შურისძიება დამარცხებულ პოლიტიკურ კლანზე? _ ამ და სხვა საინტერესო თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება პოლიტიკოსი, თბილისის 2020-2024 წლების მოწვევის საკრებულოს დეპუტატი საბა ბუაძე:

 

_ საბა, გამარჯობა. თქვენ 5 ივლისს დატოვეთ „ლელოში“ პარტიული თანამდებობა, ხოლო როდესაც საპატიმროდან გამოვიდნენ ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე, სრულად დატოვეთ პარტია ლელო. რა გახდა თქვენი წამოსვლის მიზეზი?

_ მე 5 ივლისსავე განვმარტე პოზიცია იმის შესახებ, თუ რამ გამოიწვია „ლელოდან“ ჩემი წამოსვლა. ეს არის კონკრეტულად ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებული საკითხი. მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ ადგილობრივ არჩევნებში ასეთი ფორმით მონაწილეობა შეცდომაა, ვინაიდან მგონია, რომ „ქართულ ოცნებას“ ეს დაეხმარება ამ კრიზისის დაღწევის ილუზიის შექმნისთვის. შესაბამისად, დიდი შეცდომა მგონია იმ ნაბიჯის გადადგმა, რომელიც ხელისუფლებას ამ კრიზისიდან გამოსვლის შესაძლებლობას უქმნის. ამიტომ დავტოვე პარტია. ეს პოზიცია მქონდა დიდი ხნის განმავლობაში _ შიგნით ყველამ იცოდა ჩემი პოზიციის შესახებ, მათ შორის, პოლიტსაბჭოს სხდომაზე განვაცხადე, რომ ამ პოზიციის გამზიარებელი ვერ გავხდებოდი. აქედან გამომდინარე, უკვე 13 სექტემბერს, როდესაც მამუკამ და ბადრიმ დატოვეს ციხე, მე სრულად დავტოვე „ლელო“, იქამდეც დავტოვე, თუმცა ფორმალურად.

_ დატოვეთ „ლელო“, მაგრამ რჩებით პოლიტიკაში... თქვენსავე ციტატით გკითხავთ, _ დაიწყეთ თანამოაზრეების ძებნა იმისთვის, რომ ერთად შექმნათ ისეთი ალტერნატივა, რომელიც ქართულ პოლიტიკაში გაბატონებულ ისტერიას საღი აზრით ჩაანაცვლებს? შემოიკრიბეთ თანამოაზრეები უკვე? გამოიკვეთა მონახაზები ამ მიმართულებით, თუ ჯერ ისევ პროცესში ხართ?

_ თავიდანვე განვაცხადე, რომ პოლიტიკაში ვრჩები და აქტიურად ვაპირებ გავაგრძელო პოლიტიკური საქმიანობა, რათა მთავარი დავაბრუნოთ პოლიტიკურ პროცესში. ეს არის ნდობა. ნდობა და ნდობის დეფიციტი არის ის, რაც ხელს უშლის ზოგადად ალტერნატივის ჩამოყალიბებას და აქედან გამომდინარე, ვაგრძელებ საქმიანობას იმისთვის, რომ თანამოაზრეებთან ერთად შევქმნა ახალი პოლიტიკური პლატფორმა, რომელიც სწორედ ამ პრინციპებზე იქნება დაფუძნებული. ეს არის გულწრფელობა, თანმიმდევრულობა,  კეთილსინდისიერება, რათა პრაგმატულად ჩავანაცვლოთ საღი აზრით ის ისტერია, რომელიც გაბატონებულია ქართულ პოლიტიკაში.

ამ პროცესში აქტიურად ვმუშაობ იმისთვის, რომ ვიპოვოთ ერთმანეთი იმ ადამიანებმა, რომლებსაც გვინდა ცვლილებები და მიგვაჩნია, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. სხვა გზა გვჭირდება იმისთვის, რომ მივაღწიოთ ცვლილებებს. ასეთ ადამიანებს ხშირად ვხვდები და ისინი არიან პროტესტშიც და პროტესტმიღმაც, განსაკუთრებით ასეთი ხალხი არის ახალგაზრდა თაობაში. მგონია, რომ ახალგაზრდა თაობის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაწილის პოლიტიკაში შემოდინებისა და პოლიტიკური ველის გაახალგაზრდავების, გაჯანსაღების გარეშე ეს ცვლილებები, სამწუხაროდ, ვერ მოხდება.

_ წარმატებებს გისურვებთ! როგორ შეაფასებთ „ქართული ოცნების“ მხრიდან ბრძოლის გამოცხადებას კორუფციის წინააღმდეგ? რეალურად, რას ან ვის ებრძვის „ოცნება“?

_ ძალიან ცხადია, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა არ მიმდინარეობს, არამედ ეს არის გამარჯვებული პოლიტიკური კლანის შურისძიება დამარცხებულ პოლიტიკურ კლანზე. ეს არის შიდაპარტიული, კლანური დაპირისპირების შედეგი, როდესაც ხდება ამ კორუფციულ საქმეებს იძიებენ. ამ კორუფციული საქმეების გამოძიება ვინმეს რომ სდომოდა, ყველაფერი იდო ზედაპირზე. პირადად მეც და მათ შორის საგამოძიებო მედიაც წლების განმავლობაში ვსაუბრობდით იმაზე, რომ აი, ეს კონკრეტული ადამიანები და კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩართული არის აღვირახსნილ კორუფციულ საქმიანობაში. არაერთხელ მიგვიმართავს პროკურატურისთვის, არაერთი საგამოძიებო სიუჟეტი გასულა, არაერთხელ თავად ბრიფინგების საშუალებით მიმხილებია კორუფცია ინფრასტრუქტურის სამინისტროში, ეკონომიკის სამინისტროში, თბილისის მერიაში, მაგრამ ვხედავთ, რომ ახლა პროცესი დაიწყო მხოლოდ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც აღმოჩნდნენ დამარცხებულ პოლიტიკურ ბანაკში. სახელისუფლებო გუნდში დარჩენილები აგრძელებენ ჩვეულებრივ საქმიანობას, საკუთარ კორუფციულ „მოღვაწეობას“ და ამისი საუკეთესო მაგალითია კახა კალაძე, რომელიც არის „ქართული ოცნების“ კორუფციის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო. შეუძლებელია, საუბრობდე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე და კახა კალაძე იკავებდეს თანამდებობებს და მესამე ვადით იყოს წარდგენილი თბილისის მერობის კანდიდატად. ძალიან კარგად ჩანს, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა კი არ მიდის, არამედ კორუფციას იყენებენ, როგორც საფუძველს, რომ ანგარიში გაუსწორონ საკუთარ და უკვე ყოფილ თანაგუნდელებს.

ვხედავთ, რომ კორუფცია არის ერთ-ერთი მთავარი სვეტი, რაზედაც დგას „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, შესაბამისად, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ეფექტიანი ვერ იქნება მანამ, სანამ „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში. ამიტომ საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ გავათავისუფლოთ ეს ქვეყანა და საჯარო სექტორი იმ ძალისგან, რომელმაც გამოხრა ამ ქვეყნის ბიუჯეტი. დღესაც „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ე. წ. ბიზნესმენები, რომლებიც სხვადასხვა თანამდებობის პირების კავშირებს წარმოადგენენ, ჩვენი საკუთრებიდან, ჩვენი სიკეთეების არაკანონიერი და სრულიად არასწორი გასხვისებიდან და არასწორი ნებართვების გაცემიდან, იღებენ ფულს და აქედან გამომდინარე, სანამ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია, კორუფცია იქნება ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა.

_ კორუფცია ერთია და ამ კორუფციული სქემებიდან გამომდინარე მომხდარი ტრაგედიები _ მეორე. ამ ტრაგედიების პასუხისმგებლობის სხვებზე გადატანის მცდელობა აქვთ ყოველთვის თბილისის მერიის სამსახურების ხელმძღვანელებს და,  განსაკუთრებით, თბილისის მერს. ამ დანაშაულებრივ გულგრილობას გულისხმობდით, ალბათ, როდესაც „ქართული ოცნების“ პოლიტიკის ყველაზე ლაკონიურ შეფასებად სწორედაც რომ დანაშაულებრივი გულგრილობა მოიხსენიეთ...

_ კორუფცია მხოლოდ ჩვენი ფულის მოპარვა კი არ არის, მხოლოდ ამ თვალსაზრისით კი არ წარმოადგენს პრობლემას, კორუფცია პრობლემას წარმოადგენს, პირველ რიგში, ეკონომიკური განვითარების კუთხით, იმიტომ რომ იქ, სადაც ასეთი მაღალი დონის კორუფციაა და ასეთი მასშტაბური კორუფცია, არ ხორციელდება ინვესტიციები, არ არის ინვესტორების ნდობა. ეს, პირველ რიგში, ეკონომიკურ განვითარებას აზიანებს, მაგრამ, ამავდროულად, აბსოლუტურად ყველა სფეროზე აისახება, რადგან ცუდად გაკეთებული საქმე არის ხშირად საფრთხის შემცველი საზოგადოებისთვის, როგორც ეს ვაკის პარკის ტრაგედიის მაგალითზე ვნახეთ: პირდაპირ კორუფციაში არაერთგზის მხილებულ კომპანიას აძლევდნენ ათეულობით მილიონი ლარის ტენდერებს და შემდეგ მათი ერთობლივი, ამ დანაშაულებრივი გულგრილობისა და კორუფციით გამოწვეული უპასუხისმგებლობის შედეგად გარდაიცვალა ახალგაზრდა გოგო. კორუფციის ასეთი ხილული შემთხვევები უამრავი გვაქვს. ამიტომ არის კორუფცია სახიფათო მოვლენა, რადგან მას შეუძლია გაანადგუროს ჩვენი საზოგადოებრივი ქსოვილის აბსოლუტურად ყველა ნაწილი, რაც, სამწუხაროდ, არაერთხელ გვინახავს. ის, რომ „ქართულ ოცნებას“ არანაირი ნება არ გააჩნია კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად და პირიქით, თავად არის ამ კორუფციის ერთ-ერთი მთავარი სულისჩამდგმელი, ეს ძალიან კარგად ჩანს ჩვენს ყოველდღიურობაში. მაგალითისთვის, ახლად რეაბილიტირებული გზა მისი გახსნიდან ორი დღის შემდეგ ინგრევა; ავლაბრის გარემონტებულ მეტროში გახსნიდან ერთი კვირის თავზე ჭერიდან წყალი ჩადის და უამრავი მაგალითია.

_ როგორია 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თქვენი პროგნოზი?

_ მთავარი, რაც ცვლილებებს აბრკოლებს ჩვენს ქვეყანაში,  არის ალტერნატივის არარსებობა. იქამდე, სანამ არ იარსებებს მკაფიო პოლიტიკური ალტერნატივა, ვერ მოვახერხებთ ივანიშვილის ხელისუფლების ცვლილებას. იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს მკაფიო ალტერნატივა, უნდა დავძლიოთ ის ნდობის კრიზისი, რომელიც არის ოპოზიციურ პოლიტიკურ ველზე. ამის გარეშე ვერანაირი ცვლილება ვერ მოხდება. ვერც რევოლუცია, ვერც საარჩევნო ცვლილება და ვერანაირი ცვლელებასთან დაკავშირებული პროცესი ვერ იქნება წარმატებული, თუ აქეთ მხარეს არ იქნება მკაფიო ალტერნატივა, აღჭურვილი საზოგადოების ნდობით. რამდენადაც არ უნდა გვინდოდეს, რომ 4 ოქტომბერს ვიზეიმოთ გამარჯვება, უბრალოდ არარეალურად მესახება, რომ ასე მოხდეს, სწორედ იმ ფაქტორებიდან გამომდინარე, რაც ჩამოვთვალე. ცხდია, მეც იმ ადამიანებს შორის ვარ, რომლებსაც ეს ცვლილება მრავალი წელია უნდათ, მაგრამ ვერ მოხდება, თუ აქეთ არ იქნება ნდობა და სოლიდური ალტერნატივა მმართველი ძალისა. ალტერნატივა კი ვერ ჩამოყალიბდება გულწრფელობის, თანამიმდევრულობის, პროფესიონალიზმის გარეშე. სწორედ ამის მშენებლობით უნდა დავკავდეთ.

 

გაზიარება