ხუთშაბათი, 02 ოქტომბერი, 2025
2025-10-02 11:49:38
თამარ სანაძე
„ქართული ოცნება“ დასავლელ ელჩებს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევასა და რადიკალიზმის მხარდაჭერაში ადანაშაულებს. 24 სექტემბერს გერმანიის ელჩი, 25 სექტემბერს კი დიდი ბრიტანეთის ელჩი „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. „ოცნება“ მათ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში, ექსტრემიზმისა და რადიკალიზმის მხარდაჭერაში სდებს ბრალს. ელჩები და მათი ქვეყნების მთავრობები ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ და „ოცნების“ დეზინფორმაციასა და აგრესიულ რიტორიკას გმობენ.
ელჩებზე მიმდინარე თავდასხმებზე, 4 ოქტომბერს დაანონსებულ აქციაზე, არჩევნებში ჩართული ოპოზიციის ნაწილის პოზიციასა და სხვა მნიშვნელოვანი თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე თათია ნიკოლაშვილი:
_ სოხუმის დაცემიდან 32 წელი გავიდა. ყველაზე მეტად ეს დღე აჩვვენებს, რას ნიშნავს რუსეთთან პირისპირ ყოფნა. ამ ყველაფრის ფონზე ყაველაშვილს არცერთხელ უხსენებია ოკუპანტი რუსეთი, არაფერი უთქვამს საოკუპაციო ხაზიდან მოსახლეობის გატაცებასა და დევნილების პრობლემებზე. როგორ შეაფასებთ ამ ფაქტს?
_ ჩვენ რეალურად ხელისუფლებაში გვყვანან რუსები, ეს ყოველმა ადამიანმა უნდა დაინახოს, რადგან უკვე ცხადი გახდა ყველაფერი. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლების თითოეული სიტყვა, ნაბიჯი, გადაწყვეტილება ამას ამტკიცებს. დღეს, როდესაც 32 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა სოხუმის ოკუპაცია მოახდინა, არანაირი სურვილი არ აქვთ, რომ რუსეთის საწინააღმდეგოდ ერთი სიტყვაც კი თქვან. მათ ამის უფლება არ გააჩნიათ და ყველაზე დიდი ტრაგედია არის ის, რომ მათ რუსეთისთვის ოკუპანტის წოდების სურვილიც არ აქვთ.
მიხეილ ყაველაშვილის გაეროში გამოსვლის შემდეგ სამმა მაღალი თანამდებობის პირმა სააკაშვილი მოიხსენია პეზიდენტად. იმდენად დიდი შიში აქვთ მისი, რისიც ეშინიათ, ის ეჩვენებათ. თავიდან რაღაც „ჩელენჯი“ მეგონა, მაგრამ მერე მივხვდი მათი სახეების გამომეტყველებით, რომ აგონიაში არიან.
ჩვენ ვიტყვით ხმამაღლა, რომ ჩვენი დიდი სურვილია აფხაზეთის დაბრუნება, ის არის რუსეთის მიერ ოკუპირებული და ძალიან მალე აფხაზეთი და ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნდება.
_ მართალია, ყაველაშვილს გაეროში გამოსვლისას „დიფ სთეითი“ არ უხსენებია, თუმცა კვლავ ომის საფრთხე ახსენა, რომ „ოცნების“ ხელისუფლება ომისგან იცავს ქვეყანას. როდემდე შეიძლება გაგრძელდეს მსგავსი სპეკულაციები? და რას ემსახურება ეს რიტორიკა?
_ ვიღაცამ უნდა ჰკითხოს ეს ამ ხალხს, ასე გამოდის, რომ „დიფ სთეითი“ საკუთარ პარტიაში ჰყავდათ, ალბათ გომელაურიც „დიფ სთეითის“ წარმომადგენელი იყო. პარტიაში ჰყავდათ „დიფ სთეითის“ წარმომადგენლები, მათივე რიტორიკით ასე გამოდის. ხან ერთს ამბობენ, ხან _ მეორეს. იქიდან გამომდინარე, რომ თითქმის მარტო უწევთ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, ხომ უნდა შექმნან მტრის ხატი, ხალხის აღტკინება მოახდინონ, რომ რაღაცას ებრძვიან. ისინი მოქმედებენ რუსული მეთოდებით. არარსებულ პრობლემებს იგონებენ და შემდეგ მუშაობენ მის „მოგვარებაზე“.
კასპში რომ მამაკაცების ერთმანეთზე დაქორწინების პრობლემა იდგა და ამაზე საუბრობდნენ, ასევე ქმნიან სხვა პრობლემებსაც. ამის ფონზე კი ქვეყანაში არსებული რეალურად რთული ვითარება შეუმჩნეველი ხდება. პრობლემაა ის, რომ საქართველო სადაცაა გაქრება საერთოდ, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო და გახდება რუსეთის გუბერნია. ეს ზღვარი რომ არ დაინახონ ადამიანებმა, პროპაგანდისტულად მუშაობენ იმ თემებზე და იმ საკითხებზე, რომლებიც საერთოდ არ არსებობს.
_ თქვენი აზრი მინდა მოვისმინო კობახიძის განცხადებაზე, რაც ეხება პარტიების აკრძალვას. ეს ყველაფერი სისრულეში მოვა საკონსტიტუციო სასამართლოს დახმარებით, რომელსაც ოქტომბერში მიმართავენ. რა პროცესების მომსწრე შეიძლება გავხდეთ? დაჭერების შემდეგ პარტიების აკრძალვა რამდენად რეალურად გეჩვენებათ?
_ ეს ადამიანები, რაც ხელისუფლებაში არიან, მათი მთავარი მიზანია, რომ გააქრონ „ნაციონალური მოძრაობა“. 13 წელია, უკვე ისინი ამას ამბობენ, მაგრამ ვერსად გაგვაქრეს და ვერ აგვკრძალეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პარტიის ლიდერები ციხეში არიან გამოკეტილები, ვერაფერს დაგვაკლებენ.
ხაბეიშვილმა ამ ბოლო რამდენიმე თვეში ბევრი რამ გააკეთა, ჩამოშალა „ქოცები“ და იმედი გააჩინა, ეს მუხტი არსად წავა და „ქოცებს“ ამის იმედი ტყუილად არ უნდა ჰქონდეთ. „ქართული ოცნების“ მიზანია, გააუდაბურონ, მიწასთან გაასწორონ და დაასამარონ ყველაფერი. არანაირი ოპოზიცია არ უნდა არსებობდეს, ხმის ამომღები არ უნდა დარჩეს. თუ ვინმე გაბედავს და ხმას აიმაღლებს, აუცილებლად უნდა ელოდოს, რომ ან დააპატიმრებენ, ან სცემენ, სადარბაზოსთან დახვდებიან და დააშინებენ, მაგრამ არავინ შეშინდება. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ან ისტორია არ აქვთ წაკითხული, ან არაფერი სმენიათ, როგორია ჩვენი ისტორიული ხასიათი, _ შეუპოვრობა და ვაჟკაცობა! მათ არ იციან, რა ძალა აქვს ქართველი ხალხის გაერთიანებას, რომელსაც აუცილებლად ნახავენ 4 ოქტომბერს, როგორც ლევან ხაბეიშვილმა დააანონსა. ეს არის ქართველი ხალხის გამარჯვების დღე, აუცილებლად ახდება ხაბეიშვილის მშვიდობიანი რევოლუციის დაპირება.
_ ბოლო პერიოდში ლევან ხაბეიშვილი იყო ძალიან აქტიური, მუხტიც გააჩინა საზოგადოებაში, ამის შემდეგ ის დაიჭირეს, დაიწყო საკნიდან წერილების გავრცელება და ესეც აუკრძალეს. რასთან გვაქვს საქმე და რატომ მიიღეს ხაბეიშვილთან დაკავშირებით ასეთი გადაწყვეტილებები?
_ ყველამ კარგად ვიცით, რომ ლევან ხაბეიშვილი არის დაკავებული სიტყვის გამო, მის ბრალს ვერავინ მისცემს სამართლებრივ შეფასებას. ხაბეიშვილს 2 ბრალი აქვს წარდგენილი: ერთი არის ის, რომ ქრთამს ჰპირდებოდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრმლებსო. პრაქტიკაში არ არსებობს მსგავსი რამ, რომ ადამიანი ქრთამის დაპირებას საჯაროდ გასცემდეს. ის ამბობდა, რომ ეს იქნებოდა ჯილდო მას შემდეგ, რაც ხელისუფლება მშვიდობიანად შეიცვლებოდა, გდდ-ს თანამშრომლები მიიღებდნენ ჯილდოს იმისთვის, რომ ქართველ ხალხზე არ აეწიათ ხელი. ლევან ხაბეიშვილს რომ პირდაპირ ეთერში გაუსწორდნენ და მთელმა საქართველომ ნახა, რაც გააკეთა გდდ-ს მაშინდელმა ხელმძღვანელმა ხარებამ, ხაბეიშვილმა თქვა, რომ აი, ასე რომ არ მოიქცევით, დაგაჯილდოვებთ, როგორც კი ხელისუფლება ოფიციალურად შეიცვლებაო. მერე ბრალი არის ის, რომ მშიდობიან დამხობას აანონსებდაო. ამ სიტყვებს მე, მაგალითად ყოველდღე ვიმეორებ, იმეორებენ ჩემი თანაგუნდელები, პაატა ბურჭულაძე, მსახიობები, აქციის მონაწილეები და არავინ დაუკავებიათ. ეს არ არის ისეთი ტერმინი, რომლის თქმის გამოც ოდესმე საქმე აღძრულა. არ არსებობს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პრეცენდენტი, როდესაც სიტყვის, დაპირების, პოლიტიკური განცხადების გამო ადამიანი დაეკავებინოთ. შესაბამისად, ამ ყველაფრით ივანიშვილმა აღიარა მარცხი როგორც თავად ხაბეიშვილთან, ისე ქართველ ხალხთან, იმიტომ რომ ის, ფაქტობრივად, ბრძოლის ველიდან გაიქცა. ამას ადასტურებს ის, რომ დაატყვევა ლევან ხაბეიშვილი და მეორედ დადასტურდა იმით, რომ ფაქტობრივად ამ ადამიანს პირი ამოუკერეს, აუკრძალეს ნებისმიერი სახის კონტაქტი, სატელეფონო თუ წერილობითი. ის წარმოუდგენელ იზოლაციაშია, დღემდე არ აქვს ტელევიზორი, რადიო, საათიც კი არ აქვს. იმდენად შეშინებულია ივანიშვილი, რომ სახე დაკარგა. რის გამო უნდა მოექცე ასე ადამიანს, თუ მისი ძალიან არ გეშინია? ბიძინა ივანიშვილმა ამით შიში აღიარა, პოლიტიკოსს რომ პოლიტიკური განცხადების, სიტყვის გამო ატყვევებ, ამით აღიარებ მარცხს. ივანიშვილმა ხაბეიშვილი ქართველ ფაშინიანად გამოაცხადა. როგორც მაშინ გახდა ფაშინიანი რევოლუციის ლიდერი, ფაქტობრივად ასეა ახლა ხაბეიშვილთან დაკავშირებით.
ხაბეიშვილი ყოველთვის აბობდა, რომ მას არ სურდა ლიდერობა, მაგრამ არავინ გამოჩნდა, ვინც აიღებდა პასუხისმგებლობას და შემდეგ თვითონ გამოიკვეთა. ივანიშვილმა საერთოდ გამოკვეთა და დაადასტურა მისი დაჭერით, რომ ლევან ხაბეიშვილი მართლაც მშვიდობიანი რევოლუციის ლიდერია. ხაბეიშვილმა ყველაფერი დატოვა იმისთვის, რომ 4 ოქტომბერს სისრულეში მოვიყვანოთ ის ყველაფერი, რაზედაც აქამდე თავად საუბრობდა. ამიტომ 4 ოქტომბერს აუცილებლად მოხდება მშვიდობიანი რევოლუცია და ეს რუს-ქოცები დაეხსნებიან ქვეყანას.
_ ერთ კვირაზე ნაკლები დარჩა 4 ოქტომბრამდე, ხალხი მასშტაბური აქციისთვის ემზადება. ოპოზიციის მეორე ნაწილი, ვინც არჩევნებში მონაწილეობს, როგორც ვიცით, აპირებს აქციაზე მოსვლას: დღე არჩევნებზე, საღამოს რუსთაველზეო. თქვენ როგორ შეაფასებთ მათ ამ პოზიციას?
_ ეს არ არის ნორმალური, ეს არ არის სწორი, ორივე მხარეს დგომა არ გამოვა. არჩევნებში მონაწილეობით ისინი დათანხმდნენ ყოფილიყვნენ ივანიშვილის სპეცოპერაციის ნაწილი. ადამიანმა თავზე გადაგვახია ყველაფერი წინა არჩევნებზე და საბოლოოდ მივედით იქამდე, რომ ერთად დავდექით ის ადამიანები, რომლებმაც არ აღიარეს არჩევნები, თან ამას ვუმტკიცებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, გავაცანით ყველაფერი, როგორ გაყალბდა და ხელისუფლებას ლეგიტიმაცია არ აქვს. ახლა კი ოპოზიციის ერთმა ნაწილმა გადაწყვიტა არჩევნებში შესვლა და ამით აღიარეს „ოცნების“ ხელისუფლების ლეგიტიმაცია.
ეს არის ივანიშვილისთვის ამ რუსული სპეცოპერაციის გათეთრება.
ხალხს თავი, სიცოცხლე, ჯანმრთელობა გადადებული გვაქვს იმისთვის, რომ ბრძოლა ბოლომდე მივიყვანოთ, გვჭირდება საერთაშორისო პარტნიორების დახმარება. სწორედ საერთაშორისო დონეზეა ძალიან ცუდი ჟესტი „ლელოს“ მხრიდან არჩევნებში მონაწილეობა. გახარიას და მის პარტიას არასოდეს მივიჩნევდი ოპოზიციად.
„ლელო“ აკეთებს ძალიან ცუდს იმ მხრივ, რომ თუკი ის ჩვენთან ერთად არწმუნებდა საერთაშორისო პარტნიორებს, რომ არჩევნები გაყალბდა და არ შეიძლებოდა მათი ლეგიტიმაცია, რომ უნდა დაესანქცირებინათ ეს ხელისუფლება და ივანიშვილი, პირიქით გააკეთა, _ ივანიშვილის თამაშში ჩაერთო.
გაჩნდებოდა შეკითხვები და ეჭვები საერთაშორისო კუთხით, თუ არჩევნებში შედიხარ, რატომ გვთხოვ დასანქცირებას? ეს ძალიან ცუდი ფაქტია.
_ რატომ არის გადამწყვეტი 4 ოქტომბერი და რა მოლოდინი უნდა ჰქოდეს საზოგადოებას ამ დღესთან დაკავშირებით?
_ 4 ოქტომბერი არის გამარჯვების დღე, ასე რომ, თითოეული ქართველის ვალი არის, ერთად დავდგეთ.
სწორედ ახლაა გარდამტეხი ბრძოლა, ეს ყველაფერი ახლა თუ არ მოხდა და შედეგს ვერ მივაღწიეთ, მერე უკვე დამთავრებულია. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ჩვენი მომავლის, შვილების, იმის დასაცავად, რაც ყველაზე მეტად გვიყვარს.
ერთად უნდა დავდგეთ სამშობლოსთვის, რომ არ დავკარგოთ ქვეყანა ან ემიგრაციაში გაქცევა არ მოგვიწიოს.
„ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ სიგიჟეებს თუ შევეგუებთ, თუ ვერაფერს შევცვლით მერე უკვე ხმა აღარავის ექნება ამოსაღები. ვინც ხმას აიმაღლებს, ყველას დაიჭერენ.
4 ოქტომბერი არ არის პარტიების დღე, ეს არის საქართველოს დღე. მე წარმოვადგენ ენმ-ს და ვარ პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, მაგრამ რუსთავეზე ვიდგები, როგორც რიგითი მოქალაქე. არანაირი პარტია არ არის იმაზე დიდი და აღმატებული, ვიდრე ჩვენი ქვეყანა. ჩვენ გვაქვს დასაცავი საქართველოს 5-ჯვრიანი დროშა და ყველანი ერთმანეთის გვერდით უნდა დავდგეთ.
_ „ქართულმა ოცნებამ“ დასავლელი ელჩები ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევასა და რადიკალიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულა. ბრიტანეთისა და გერმანიის ელჩების საგარეო უწყებაში დაბარება დიპლომატიური სანქციის ფორმად შეფასდა. როგორ შეიძლება ეს ფაქტი და ზოგადად ელჩებზე ამგვარი შეტევა იყოს აღქმული საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან?
_ ისინი არა მარტო ამ მომენტში აზიანებენ ყველაფერს შინ თუ გარეთ, „ოცნება“ მოქმედებს გამიზნულად. ეს კარგა ხნის წინ დაიწყო და დიდი ხანია თვალს ვადევნებთ ელჩებზე თავდასხმებს.
ის შრომა, ჯაფა რაც აქამდე იყო გაწეული, რომ ჩვენ ვყოფილიყავით ევროპული ირიენტირის მქონე ქვეყანა, ქართველმა ხალხმა რომ მოიპოა კადიდატის სტატუსი, ამ ყველაფერს ანადგურებენ და წყალში ყრიან.
ეს ყოველივე ცხადია, რუსეთის დავალება და დაკვეთაა. რუსეთს არ სურს, რომ ჩვენ ვიყოთ ევროპის ნაწილი, დამოუკიდებელი ქვეყანა. მათ სურთ, რომ ვიყოთ სრულ იზოლაციაში, სადაც რუსეთი აფათურებს ხელებს და წყვეტს, როგორი უნდა იყოს საქართველო.
„ქართულ ოცნებას“ არ სურს ქვეყნის განვითარება და ნათელი მომავალი. გამოსავალი 4 ოქტომბერი და ქართველი ხალხის ერთიანობაა.
_ თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელიც გამუდმებით ხვდება ხალხს. რა განწყობებია საზოგადოებაში?
_ თითქმის ნახევარი დასავლეთ საქართველო მოვიარეთ, პაატა ბურჭულაძის „რუსთაველის გამზირის“ ინიციატივაზე ვსაუბრობთ, ვარიგებთ მოსაწვევებს. მე პირადად გურიაში ასეთი დადებითი განწყობა ცვლილებებისადმი არ მახსოვს. ხალხს ცვლილება სურს.
ყველაფერი მოვიარეთ და ვიყავით შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქცია გავმართეთ. მის ეზოსთან გავაკარით რევოლუციური ბანერები. იქ ძალიან დაბნეული დაცვა დადიოდა. ხმის ამომღები არავინ იყო. ხალხი გამარჯვების განწყობითაა და 4-ში რუსთაველის გამზირზე ძალიან ბევრნი ვიქნებით.
_ ექპერტები ამბობენ, რომ ასეთ ცუდ ვითარებაში საქართველო არასოდეს ყოფილა. მათ ინტერვიუებს თუ მოვისმენთ, დიდ იმედებს ვერ ამყარებენ ქვეყანაში ვითარების შეცვლასთან დაკავშირებით. თქვენ როგორ შეაფასებთ ამ დამოკიდებულებებს?
_ სამწუხაროდ, ასეა, ქვეყნის კურსი და ვექტორი სრულიად შეცვალა რუსულმა ოცნებამ. ამ ყველაფერზე მუშაობენ და აგრძელებენ რუსეთისკენ სიარულს დიდი მონდომებით. სხვა გამოსავალი გარდა ერთიანობისა არ მესახება. 90-იან წლებზე უკან წავედით და თუ არაფერი შეიცვალა, კიდევ უფრო ცუდად იქნება საქმე. თუ არ გავერდიანდით კიდევ უფრო მძიმე სურათს მივიღებთ.
რისთვის და რატომ გვინდა ევროპული ოჯახის ნაწილი გავხდეთ? გარდა იმისა, რომ ეს კონსტიტუციაში გვიწერია, რომელსაც თავად ქოცები არღვევენ, ევროპა ჩვენი ნათელი მომავალია. იქ ნებისმიერი ადამიანი ღირსეულად ცხოვრობს, ღირსეული პენსია აქვს და ჩვეთან რომ გატყავებულები არიან პენსიონერები ლიბერთი ბანკის მიერ, კაბალურ პირობებში რომ აძლევენ სესხებს და საჭმლის ფულადაც არ ჰყოფნით, წამალზე საერთოდ ზედმეტია საუბარი, ეს რომ იყოს მოგვარებული, კეთილდღეობა რომ გვსურს, პენსიონერს ღირსეული პენსია და ნორმალური პირობები ჰქონდეს, ამისთვის ვიბრძვით.
ესენი კი ვექტორის ცვლილებით ცდილობენ, რომ დაგვაშორონ იმას, რასაც მოაქვს კეთილდღეობა. ხალხს შთააგონებენ სიგიჟეებს, რომ თურმე როგორი გარყვნილებაა იქ და როგორი კარგია რუსეთი, რომლის პირისპირ არაეთხელ დარჩენილა ჩვენი ქვეყანა, არაერთხელ მოუტანია ბოროტება რუსეთს ჩვენთვის, დღემდე გრძელდება ოკუპაცია, გატაცებები. ასეთ რეალობაში „ოცნებას“ საწინააღმდეგო სიტყვას ვერ დააცდენინებ რუსეთზე. სამაგიეროდ ლანძღავენ ჩვენს პარტნიორებს, რომლებისგანაც ყველაზე დიდ დახმარებასა და სიკეთეებს ვიღებთ.