QronikaPlus
ირაკლი ნადირაძე - ივანიშვილს ხელიდან გაექცა სიტუაცია

ირაკლი ნადირაძე - ივანიშვილს ხელიდან გაექცა სიტუაცია

2025-10-02 11:08:17

თამუნა მჭედლიშვილი

 

624 მლნ. აშშ დოლარისა და 35 მლნ. ევროს გათეთრების სკანდალური ფაქტი და „ქართული ოცნების“ კორუფციული სქემა _ რატომ ეჭვიანობს ბიძინა ივანიშვილი თავის ყოფილ თანაგუნდელებზე? ჰყავდა თუ არა ერთი ღამით პრემიერი ღარიბაშვილი საგამოძიებო უწყებას დაკავებული და რატომ მოხსნეს სინამდვილეში ოხანაშვილი სუს-ის უფროსის თანამდებობიდან? მოხდება თუ არა 4 ოქტომბრისთვის დაგეგმილი მშვიდობიანი რევოლუცია და როგორი იქნება 5 ოქტომბრის დილა საქართველოში?

 

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ირაკლი ნადირაძე:

 

_ ბატონო ირაკლი, რამდენიმე დღის წინ გააკეთეთ განცხადება, სადაც ყოფილი პრემიერის ერთი ღამით დაკავების შესახებ საუბრობდით საგამოძიებო უწყებების მხრიდან. რის საფუძველზე გააკეთეთ ასეთი შინაარსის განცხადება?

_ დავიწყოთ იმით, რომ ეს იყო ძალიან სკანდალური ბრიფინგი, სადაც გვეუბნებოდნენ, რომ 624 მლნ. აშშ დოლარი და 35 მლნ. ევრო გათეთრდა ამ ქვეყანაში და მიუხედავად იმისა, რომ ეს ასეთი მძიმე ბრალდბა იყო, საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა, რომ ერთ- ერთი რიგითი ე. წ. ვალუტჩიკი, რომელსაც საკუთარი ფართიც კი არ ჰქონდა და 10 კვ. მ. სარდაფი ჰქონდა ნაქირავები, მხოლოდ ის დაიჭირეს. ალბათ არავის წამოგვიდგენია ის, რომ  როდესაც საუბარია ამხელა თანხებზე, დაახლოებით 2 მლრდ, ლარზე, ასეთი დიდი ფული ქვეყანაში საზღვარზე ისე შემოდიოდა, ისე თეთრდებოდა და ისე გადიოდა, რომ ამის საქმის კურსში არ იყო ქვეყნის   საზღვრის პოლიცია, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ეროვნული ბანკი, ფინანსთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური... შესაბამისად, იმთავითვე გაჩნდა ეჭვები, რომ ეს გაკეთდა იმისთვის, რათა გასულიყვნენ მაღალჩინოსანზე, რომელიც იდგა ამ კონკრეტული საქმის უკან. იცით თქვენ, რომ „ქართული ოცნებიდან“ მასობრივად ჟონავს ინფორმაცია და იგივე ლევან ხაბეიშვილთანაც ეს ინფორმაციები აქტიურად მიდიოდა.

_ ამ კონკრეტული ფაქტის  შემთხვევაში პირადად თქვენ მოგაწოდეს ინფორმაცია?

_ დიახ, მე მომაწოდეს  ინფორმაცია, რომ როდესაც ეს ბრიფინგი ჩატარდა, მთელი ის ღამე ჰყავდათ ირაკლი ღარიბაშვილი დაკავებული, თუმცა დილით არ ვიცი რისი, რა  გარიგების საფუძველზე, ის გაათავისუფლეს. ეს ინფორმაცია მაქვს კოკნრეტული წყაროსგან და ლოგიკისგან ნამდვილად შორს არ არის.

_ ამბობენ, რომ ღარიბაშვილს ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის დატოვების უფლებას არ აძლევს, რომ მას პასპორტიც კი აქვს ჩამორთმეული.

_ დიახ, ჩემი ინფორმაციით, ეს ასეა. ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილი მის ყოფილ თანაგუნდელებზე ეჭვიანობს. ახლა ჩვენ ვხედავთ ფაქტობრივად ყოველდღიურ რეჟიმში, ხანდახან დღეში ორჯერ და სამჯერაც კი, თუ როგორ ატარებს სხვადასხვა უწყება ბრიფირნგებს და როგორ იჭერენ იმ ადამიანებს, რომლებიც შემჩნეულები იყვნენ კორუფციაში, ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში, ფლანგვაში, ტენდერებისა და ტენდერების გარეშე ათობით მილიონობით ლარის თანხების მიღებაში. ყველამ კარგად ვიცით, ათობით მლნ. ლარი როგორ და სად მიდიოდა ტენდერების გარეშეც და რიგით ადამიანებზე როგორ ტყდებოდა ეს ჯოხი.

_ რაზე და რატომ ეჭვიანობს ბიძინა ივანიშვილი?

_ ყველამ უკვე კარგად იცის, რომ ბიძინა ეჭვიანობს ორი რამის გამო: ერთი _ მას შემდეგ, რაც ფაქტობრივად დაადეს სანქციები, რის გამოც მისმა მილიარდებმა დაიწყო კლება, მან კონკრეტულ მაღალჩინოსნებს მოსთხოვა, რომ მიეტანათ უკან მოპარული მილიონები. ისედაც მიჰქონდათ და ამაში ყველა დარწმუნებული ვართ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მისი ნებართვის გარეშე კიდევ დამატებით იპარავდნენ ასობით მილიონს, დოლარსა და ევროს. და ეს ხდებოდა ისე, რომ ბიძინა არ იყო საქმის კურსში! ამიტომ, ერთი მხრივ, მან დაუთვალა მათ ეს თანხები, ახლა კი აიძულებს, უკლებლივ ყველა დოლარი და ცენტი მასთან უკან მივიდეს.

_ ივანიშვილის ეჭვიანობის მეორე მიზეზი რა არის?

_ მეორე მხრივ, მას ეჭვი შეეპარა ყოფილი თანაგუნდელების პოლიტიკურ ერთგულებაში. ბიძინას  ეჭვი აქვს, რომ ის ინფორმაციები, რომლებიც გამოედინება „ქართული ოცნებიდან“, სწორედ მათგან მოდის და თან რამდენიმესგან  ერთად, ამიტომ იგი ამით ორ კურდღელს იჭერს. 

_ რას გულისხმობთ?

_ არავის გვაქვს იმისი ილუზია, რომ ბიძინა ივანიშვილი რეალურად ებრძვის კორუფციას. ის ასე უყურებს ამ საკითხს, _ თქვენ არავინ არ იყავით, მოვედი ბიძინა ივანიშვილი, მოგაგებინეთ არჩევნები 2012 წელს, რაც რუსული სპეცოპერაცია იყო, რა თქმა უნდა. მაგრამ... გაგხადეთ კაცები, გაშოვნინეთ მილიონები და მილიარდები ლამის... და ახლა, როდესაც მე დამადეს სანქციები, როდესაც ფულს მაკლებენ, თქვენ ეს ფული უნდა მომიტანოთ _ „ობშიაკივით“, ბოდიში ჟარგონისთვის, საერთო ყულაბასავით. თუმცა აღმოაჩინა, რომ მას რაზეც ჰქონდა თანხმობები მიცემული, იქნებოდა ეს ქოლცენტრები, ფულის გათეთრება, წამლის ბიზნესი, ნავთობის ბიზნესი, ხორბლის ბიზნესი, რუსეთთან ვაჭრობა თუ სხვა, ამის ზევით, ბიძინასგან დამოუკიდებლად, ეს გაყოყოჩებული, უწიგნური ბიჭები, მათ შორის, არაფრისგან შექმნილი ადამიანები, შოულობდნენ მის გარეშე დამატებით ძალიან დიდ თანხებს, რის გამოც განსაკუთრებით გაბრაზებულია ივანიშვილი. შესაბამისად, მათ ყველა თეთრი მიაქვთ უკან.

_ ყოფილ თანაგუნდელებს კარგი დღე ნამდვილად არ გაუთენდათ, მაგრამ „ოცნების“ არც მოქმედ თანაგუნდელებს უდგათ მზიანი დღეები. ვგულისხმობ მაღალჩინოსნების რამდენიმე თვეში თანამდებობებიდან განთავისუფლებებს.

_ სამთავრობო ცვლილებები ალბათ კიდევ გაგრძელდება, ამაზეც დავწერე პოსტი, ავხსენი, თუ რატომ მოხსნეს ოხანაშვილი პოსტიდან. აქამდე, 2012 წლის შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყველა უფროსს ე. წ. კრებსები, ეს იქნებოდა აგენტების მიერ მოტანილი ინფორმაცია, ჩანაწერები თუ ა. შ. პირდაპირ ხვდებოდა ბიძინა ივანიშვილთან მიუხედავად იმისა, რომ ის პრემიერი აღარ იყო მთელი ეს წლები. სუს-ის უფროსი პირდაპირ ექვემდებარებოდა ბიძინა ივანიშვილს და ყველა კრებსი ხვდებოდა მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილთან. თუმცა მას შემდეგ, რაც ანრი ოხანაშვილი დანიშნეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად, აღმოჩნდა, რომ ეს ინფორმაციები ხვდებოდა არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილთან.

_ ვინ იყო პირი, რომელთანაც ოხანაშვილს საიდუმლო ინფორმაციები მიჰქონდა?

_ ინფორმაცია მომაწოდეს, რომ ხშირი იყო შემთხვევები, როცა ინფორმაცია ჯერ კობახიძესთან მიდიოდა, „იფილტრებოდა“ და მხოლოდ ამის შემდეგ ხვდებოდა ბიძინა ივანიშვილთან, რაზედაც, ბუნებრივია, ბიძინა ივანიშვილი გაბრაზდა. ასეთ ამბავს არ აპატიებდა არც ოხანაშვილს და, რა თქმა უნდა, არც კობახიძეს, რომლის მოხსნაც, პრაქტიკულად, გადაწყვეტილი აქვს ბიძინას. 4 ოქტომბერს თუ გადარჩა და ვერ უნდა გადარჩეს და ვერც გადარჩება ის მშვიდობიან რევოლუციას და მშვიდობიან დამხობას, მას უნდა, რომ კობახიძე ქალი პრემიერით ჩაანაცვლოს. ერთ-ერთი მთავარი პეტენზია ოხანაშვილთან ჰქონდა ბიძინას _ მას ბაჩიაშვილი სჭირდებიოდა არა ციხეში, არამედ მისი ბიტკოინების პაროლებისთვის, რომლის გამოტანა, გაშიფვრა და მიტანა ბიძინა ივანიშვილისთვის მან ვერ უზრუნველყო.

_ მილიონერი ქოცები, რომლებიც მაღალჩინოსნების მეგობრები ან ნათესავები არიან და ტენდერებში, რატომღაც, მუდმივად მწვანე ჰქონდათ ანთებული, უცხოეთში გარბიან. დაჭერების ეშინიათ? „ოცნებამ“ დაუნდობელი ბრძოლა დაიწყო კორუფციის წინააღმდეგ? დავიჯეროთ?

_ ეს არის მაფიოზური სახელმწიფო, კორუფციული პირამიდა, რომლის სათავეშიც ბიძინა ივანიშვილი დგას, ამიტომ ეს ყველაფერი არის ერთი დიდი ფარსი. როდესაც გველაპარაკებიან  კორუფციის წინააღმდეგ  ბრძოლაზე, სინამდვილეში ეს არის შიდა კლანური ბრძოლა. ეს არის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან თანხების მასობრივი ამოღება.

ვინც დასთანხმდა თანხების მიტანას უსიტყვოდ, მორჩილებით, ყველანაირი ვაჭრობის გარეშე, ის ადამიანები რჩებიან თანამდებობებზე, აგრძელებენ ფულის მოპარვას ბიუჯეტის ხარჯზე ან ბიუჯეტს მიღმა, შავი ბიზნესებისა და შავი ეკონომიკის მეშვეობით. ხოლო ვინც შეეწინააღმდეგა, ვინც ფული მოუტეხა, ისინი იმყოფებიან დიდ განსაცდელში, რადგან მათ გარემოცვას იჭერენ და პირადად მათაც საფრთხე ემუქრებათ. ერთადერთს იმას ფიქრობენ, რომ არჩევნებამდე ყველას დაჭერა არ იქნება მათთვის სასურველი, იგივე ღარიბაშვილის. ფიქრობენ, რომ „ქართულ ოცნებაში“ მას ჰყავს ელექტორატი და ამ ე. წ. არჩევნების წინ, თუნდაც ის რამდენიმე ათასი ხმა „ოცნებამ“ რომ არ დაკარგოს. იგივეა გომელაურთან მიმართებითაც,  ქარსელაძე იქნება, თუ აზარაშვილი.

_ მათ არჩევნების შემდეგ დაიჭერენ?

_ მათთვის ბიძინა ივანიშვილს განაჩენი გამოტანოლი აქვს. სასამართლო რომ არ არსებობს ამ ქვეყანაში და რომ არ სჭირდება ბიძინა ივანიშვილის ამ სასამართლოს ჩატარება, ესეც ყველამ იცის. დღეების საკითხია, ვის როდის დაიჭერს. 

_ რიჟვაძის საქმე ჩაფარცხეს, საგამოძიებო მოქმედებები გააჩერეს, ფაქტია. ამ 624 მლნ. აშშ დოლარის გათეთრების ამბავზეც აღარაფერს საუბრობენ.

_ ფაქტია, რომ 624 მლნ. დოლარი და 35 მლნ. ევროს საქმე იმდენად სკანდალური, მასშტაბური და რეზონანსული ჩანდა ბრიფინგიდან, რომ ეს არ შეიძლებოდა ერთ რიგით „ვალუტჩიკზე“ გადატეხილიყო. როდესაც საუბარია ამხელა თანხის შემოტანაზე ქვეყანაში, მინიმუმ დაკითხვაზე უნდა ყოფილიყო დაბარებული მთელი ის სასაზღვრო განყოფილება, რა პერიოდშიც ეს ხდებოდა. თანაც განგრძობად დანაშაულზე იყო საუბარი. ეს არ იყო ერთჯერადად შემოტანილი ფულის გათეთრების საქმე. ეს ნიშნავს, რომ თვეებისა და წლების განმავლობაში შემოდიოდა თანხა და ვერავინ ნახა?! ვერც სასაზღვროს უფროსმა, ვერც ცვლის უფროსმა, ვერც რიგითმა მესაზღვრემ? ყველა ეს ადამიანი, კონკრეტული თარიღებით, ვინ როდესაც იყო მორიგე, მინიმუმ უნდა დაკითხულიყო. ფულის გათეთრებაზე როცა ვსაუბრობთ, ამხელა ფული თუ თეთრდებოდა, მინიმუმ ეროვნულ ბანკს უნდა შეემჩნია ეს ტრანზაქციები, არა?! შსს, რომელიც აკონტროლებს ასევე სასაზღვრო პოლიციას, უნდა ყოფილიყო საქმის კურსში, ასევე სუს-ი რისთვის არის?

_ რეალურად რასთან გვაქვს საქმე?

_ ვფიქრობ, ხელოვნურად იყო შექმნილი ეს აჟიოტაჟი და შესაბამისად, რეალურად ვისი დაჭერაც უნდოდათ, აი, იმ მთელი ჯაჭვის, არ დაიჭირეს. ჩაიფარცხა ისე, რომ რეალური დამნაშავეები არ არიან გამოვლენილები.

_ რეალური დამნაშავეები გარბიან ქვეყნიდან?

_ რეალურად გაიქცნენ. ვერავინ დამაჯერებს, რომ საქმეების შესახებ, რა ბრალდებებიც გაჟღერდა კორუფციაზე, ამასთან დაკავშირებით არ მიდიოდა რამდენიმე თვე გამოძიება, არ იცოდნენ ადამიანები როდის და როგორ გადაადგილდებოდნენ, აპირებდნენ თუ არა ქვეყნის დატოვებას, სად მიდიოდნენ და ა. შ. ან მიზანმიმართულად გააპარეს ან შეთანხმება მოხდა. წავიდნენ, დაინახეთ, რომ საქმე შეკერილია, მაგრამ არ გიჭერთ, რადგან მირჩევნია, ფული მოიტანოთ! აი, ეს არის მთავარი მესიჯი.

_ მაინც, რა ხდება ბიძინა ივანიშვილის თავს?

_ ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილს ხელიდან გაექცა სიტუაცია. ფაქტია, რომ მისმა ხელდასხმულმა ბიჭებმა იშოვეს ძალიან დიდი ფული, ძალიან დიდი შავი ფული, ლაპარაკია ასობით მლნობით დოლარზე, ლარზე, რომელიც ალბათ ქვეყნის გარეთ აქვთ გატანილი ან კრიპტოვალუტაში აქვთ ან  უძრავ-მოძრავი ქონება აქვთ ამ შავი ფულით შეძენილი.

აი, კალაძის მაგალითი რომ მოვიტანოთ, კალაძის მიერ კადიროველების ჩამოყვანა არის მესიჯი ბიძინა ივანიშვილისთვის _ მე ვარ კორუფციაში, მაგრამ ხელს ვერ დამადებ, რადგან კადიროველები და შავბნელი ხალხი მიმაგრებს ზურგს.

იგივე თორნიკე რიჟვაძე  დაიბარეს საქმის გასარჩევად, ფაქტია, ეს ადამიანი გადარჩა. სთხოვდნენ ძალიან დიდ თანხას, ახლა კი ვეღარაფერს უკეთებენ, რადგან რიჟვაძე ემუქრება, _  კიდევ ერთხელ თუ შემეხებით, დამკითხავთ, ჩემს ოჯახს თუ შეეხებით, მოვყვები ყველაფერს. იგივე ხდება ღარიბაშვილის თავსაც. თუ ვინმემ იცის კორუფციული სქემები, ქონებების მიტაცება, ბიუჯეტის დატაცება, ღარიბაშვილმა იცის! ამიტომაც  უვლიან შორიდან. სუს-ის უფროსს ლილუაშვილს, დარწმუნებული იყავით, რომ უამრავი კადრი ექნება როგორც პირადი ცხოვრების ამსახველი, ასევე მათი კორუფციული სქემების შესახებ. აი, ქალი ქალია, კაცი კაციაო, შეიძლება ეგ თემებიც სადმე ფლეშ-მეხსიერებაზეა შემონახული. ამიტომ მასაც პირდაპირ ვერ ეხებიან. გომელაური ბიძინას პირადი მცველი იყო და იმაზე მეტი იცის ბიძინა ივანიშვილის პირადი ცხოვრების შესახებ, ვიდრე ვინმემ უნდა იცოდეს. ამიტომ, ერთი მხრივ, სპეცსამსახურების ენაზე რომ ვთქვათ, ბიძინა ატარებს ახლა ე. წ. ოპერატიულ ექსპერიმენტს, ძველი ტერმინია და ჯერ კიდევ „კგბ“-დან მოდის, ახლაც იყენებენ სუს-ში ამ ტერმინს, _ უჭერს და უპატიმრებს ასეთ ადამიანებს გარემოცვას. აკვირდება, როგორ იქცევიან მაღალჩინოსნები, რომელთა დაჭერაც უნდათ _ ვინ ვისთან რეკავს, ვინ რას აკეთებს, ვინ როგორ იქცევა, რომ იქნება გაარკვიოს რეალურად, ერთი მხრივ, სად არის ფული გადამალული და მეორე, ვინ არის წამსვლელი იმაზე, რომ მოაღოს პირი და ყველას ყველაფერი მოუყვეს. აქვე გეტყვით, რომ ბიძინას განსაკუთრებული შიში აქვს 4 ოქტომბრის იმიტომ, რომ 4 ოქტომბრამდე ამ ინფორმაციების გახეთქვა და გაჟღერება ივანიშვილისთვის, რომელსაც ისედაც უმძიმესი კრიტიკული ვითარება აქვს და 4-ში განწირულია მშვიდობიანი დამხობისთვის, ფიქრობს, რომ საბოლოოდ ერთ პროცენტსაც არ დაუტოვებს შანსს, რომ დარჩეს ხელისუფლებაში.

_ რატომ დააკავეს ლევან ხაბეიშვილი სწორედ იმ მიზეზით, რომლითაც დააკავეს?

_ ყველა ამ ფატზე (ჩვენ კორუფციაზე ვსაუბრობთ ახლა), წლები საუბრობდა ლევან ხაბეიშვილი. ამიტომაც გახდნენ ისინი იძულებულები, რომ ლევანი დაეკავებინათ აბსურდული და გამოგონილი მიზეზით.

_ მას საპატიმროში აკრძალული აქვს პაემანით და ტელეფონით სარგებლობა.

_ არათუ პაემანი და ტელეფონით სარგებლობა, არამედ ელემენტარული წერილის, მიმოწერის უფლებაც კი არ აქვს, არც ტელევიზორი აქვს საკანში. 4 ოქტომბრის მუხტი პაატა ბურჭულაძესთან და რუსთაველის გამზირის საზოგადოებასთან ერთად სწორედ ლევან ხაბეიშვილმა შექმნა! ამიტომ ფიქრობენ, რომ ეს ადამიანი იყო საშიში „ქართული ოცნების“ რეჟიმისთვის.

_ თუ ვერ მოხდა ხავერდოვანი რევოლუცია 4 ოქტომბერს, რა იქნება? 

_ ეს რევოლუციური განწყობა, საერთო საპროტესტო მუხტი, 300 დღეზე მეტია დაწყებულია. ადამიანები უწყვეტად აპროტესტებენ ბიძინა ივანიშვილის რუსულ რეჟიმს, რადგან ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილება ოფიციალურად გამოაცხადეს კობახიძის პირით, მაშინ როდესაც უარი თქვეს ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ეს დუღილი მუდმივად იყო. უბრალოდ, ამ დუღილის  კულმინაცია იქნება 4 ოქტომბერი, რომლის უკანაც დგას ყველა ის რიგითი ადამიანი. არც ერთი პროცენტით არ გვეპარება ეჭვი, რომ 5 ოქტომბერს რუსი ოლიგარქი ივანიშვილი არ რჩება ხელისუფლებაში. ამას არ ვუშვებთ არცერთი წამით. იქნება ხალხის საჭირო რაოდენობა, იქნება მიღებული ქმედითი კონკრეტული გადაწყვეტილებები. შეიძლება, 4 ოქტომბრამდეც არ დაგვჭირდეს მისვლა. ფაქტია ერთი რამ: 5-ში საქართველოში უნდა გათენდეს მშვიდობიანი დილა ახალი რწმენით, ახალი იმედით, ახალი ენერგიით უნდა დაიწყოს ქვეყანამ განვითარება და სწრაფი სვლა ევროპისკენ.  

გაზიარება