ხუთშაბათი, 02 ოქტომბერი, 2025
2025-10-02 10:59:27
გიგა გელხვიიძე
საქართველოში პოლიტიკური პროცესები კვლავ კრიტიკულ ფაზაში შედის. ოპოზიციური სპექტრი 4 ოქტომბრისთვის ემზადება. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ამ დღეს თვითმმართველობის არჩევნებად წარმოგვიდგენს, ოპოზიციის ნაწილი ამას არა დემოკრატიულ პროცესად, არამედ მორიგ სპეცოპერაციად მიიჩნევს.
ენმ-ს ლიდერები ამ დღეს რეჟიმის დასასრულის რეალურ შესაძლებლობად მიიჩნევენ. მათი თქმით, „ქართული ოცნება“ 13-წლიანი მმართველობის მანძილზე არასოდეს ყოფილა ისეთი სუსტი, როგორც ახლა, შიდა დაპირისპირებების, კორუფციული სკანდალებისა და საზოგადოების უკმაყოფილების ფონზე. ხელისუფლების პასუხი ოპოზიციურ მობილიზაციაზე კი კვლავინდებურად ძალადობითა და რეპრესიებით გამოიხატება _ ამის მაგალითად ისინი ლევან ხაბეიშვილის დაკავებას ასახელებენ, რომელიც, მათი თქმით, საზოგადოებაში რევოლუციური ცვლილებების რწმენას ამყარებდა.
ამ და სხვა საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-მა ინტერვიუ ჩაწერა ენმ-ის ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელ ანა წითლიძესთან:
_ ქალბატონო ანა, რა პროცესები მიმდინარეობს ახლა ოპოზიციურ ფლანგზე? რას ხედავს ამომრჩეველი, ევროპულად განწყობილი საზოგადოება?
_ მე მაინც იმაზე გავაკეთებდი აქცენტს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მაინც არის 4 ოქტომბერი. სამწუხაროა, ე. წ. ოპოზიციურმა პარტიებმა „ლელომ“ და გახარიამ მიიღეს მცდარი გადაწყვეტილება და შევიდნენ ე. წ. არჩევნებში, რეალურად სპეცოპერაციაში, რადგან არანაირი არჩევნები ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს, ეს ჩვენმა პარტნიორებმა და განსაკუთრებით ბოლო საპარლამენტო არჩევნებმა კარგად დაგვანახა. მაგრამ მათი გადაწყვეტილება არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილის პირის მობანის სპეცოპერაციაში მიიღონ მონაწილეობა. დარწმუნებული ვარ,
„ლელო“ და გახარია პასუხს აგებენ პოლიტიკურ წრეებსა და ამომრჩეველში. რეალობა არის ის, რომ არანაირი არჩევნები ამ ქვეყანაში არ არსებობს, მით უფრო არ არსებობს რანაირი თვითმმართველობის არჩევნები და საარჩევნო უბნები, არსებობს ერთადერთი, _ ეს არის მშვიდობიანი პროტესტი, ამიტომაც ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს მოქალაქეებს, რომ არავინ მივიდეს ოთხში ე. წ. საარჩევნო უბნებთან. თუ რეჟიმის ცვლილება გინდათ, უნდა მოხვიდეთ რუსთაველზე 16:00 საათზე.
ჩვენ ვნახეთ ამ ერთი წლის განმავლობაში, რომ ძალიან ბევრი მიამიტობის ეტაპი გამოიარა საზოგადოებამ. რეჟიმმა ყველაფერი სათავისოდ გამოიყენა. ამ ქვეყანას არცერთი დასაკარგი დღე არ აქვს, ამიტომ მნიშვნელოვანია მოვახდინოთ ორგანიზება და ოთხ ოქტომბერს რეჟიმი დასრულდება _ ეს ყველაფერი დამოკიდებული არის საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე.
_ რა არის 4 ოქტომბრის მთავარი გზავნილი?
_ ძალიან ხშირად ვამბობ ამას და გავიმეორებ: პირველი ის, რომ 4 ოქტომბერი არის პაატა ბურჭულაძისა და „რუსთაველის გამზირის“ ინიციატივა და მათი დაორგანიზებული.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პირველივე დღეს მხარი დავუჭირეთ ამას. ლევან ხაბეიშვილი იყო ერთ-ერთი მთავარი, რომელმაც ეს პროცესი და პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და ის რეჟიმმა დააკავა მხოლოდ იმიტომ, რომ მას შეეშინდა ლევანის მართალი სიტყვის. ის პირდაპირ ამჟღავნებდა, რაც „ქართულ ოცნებაში“ ხდებოდა. ამით მან საქართველოს მოსახლეობას დაანახა რეჟიმის მთავარი სისუსტე და მეორე ის, რომ მან გააჩინა რევოლუციური ცვლილებების რწმენა. ლევან ხაბეიშვილის დაკავებით რეჟიმმა აღიარა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, რისიც მას ეშინია, ეს არის საქართველოს მოქალაქეები ქუჩაში და მათი მშვიდობიანი წინააღმდეგობა.
„ნაციონალური მოძრაობა“ 13 წლის განმავლობაში სულ ამას ვამბობდით, რომ ეს რეჟიმი რევოლუციის გარეშე არ წავა, რადგანაც ოლიგარქები და დიქტატორები არჩევნების გზით არ მიდიან, მიდიან მხოლოდ მშვიდობიანი პროტესტით და წინააღმდეგობით, შესაბამისად, მხარს დავუჭერდით ნებისმიერ მსგავსს ინიციატივას ნებისმიერი ადამიანისგან, რომელიც ამას საკუთარ თავზე აიღებდა. შანსი იმისა, რომ რეჟიმი დამთავრდეს 4-ში, ნამდვილად გვაქვს იმ ფაქტორებს გათვალისწინებით, რაც ახლა „ქართულ ოცნებაში“ ხდება, როდესაც ერთმანეთს ჭამენ, ხოცავენ, სიკვდილამდე მიჰყავთ ერთმანეთი. არასოდეს ისეთი სუსტი არ ყოფილა „ქართული ოცნება“ ამ 13 წლის განმავლობაში, როგორიც ახლა. თუ ჩვენ არ გამოვიყენეთ ეს რეალობა და მათ მოახერხეს ამ კრიზისის გადალახვა, მერე უფრო ბევრად მძიმე იქნება ამ ქვეყანაში ცხოვრებაც და ბრძოლაც, როდესაც ამ სპეცოპერაციის (არჩევნები) შემდეგ ბიძინა გამარჯვებას გაიფორმებს. მჯერა, რომ თუ ქუდზე კაცი იქნება რუსთაველზე 4 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, რომ მტკიცედ და ურყევად რეჟიმი დაასრულონ. ცხადია, პოლიტიკოსები ყველა მანდ ვიქნებით საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, თუმცა 4 ოქტომბერს მოქალაქეების სიმრავლეს ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა.
_ რაც უფრო ახლოვდება 4 ოქტომბერი, მით უფრო ხშირად ისმის ხელისუფლების მხრიდან ერთგვარი გაფრთხილებები მუქარის ტონით, რომ თუ 4 ოქტომბერს რაიმე გადაცდომა იქნება, სახელმწიფო იმოქმედებს კანონის ძალით და ა. შ. რას ელოდებით ხელისუფლებისგან 4 ოქტომბერს?
_ 4 ოქტომბერს ადამიანები, რომლებიც რუსთაველზე მოდიან ჩემი ჩათვლით, იქ ვიქნებით ოჯახებით, ბავშვებით, მოვდივართ მშვიდობიანი პროტესტით და თუ ვინმე ამ წლების განმავლობაში არსებული საპროტესტო გამოსვლების დროს ძალადობას იწყებდა, ეს იყო მხოლოდ რეჟიმი. მოქალაქეებს ძალადობა არ დაუწყიათ და კანონი არასოდეს დაურღვევიათ, ამას ყოველთვის აკეთებდა რეჟიმი, როდესაც ჟურნალისტები გუკა როგავა და მაკა ჩიხლაძე ლამის სასიკვდილოდ გაიმეტეს. ასევე ლევან ხაბეიშვილი სასიკვდილოდ გაიმეტეს, წამების კაბინები მოუწყვეს ადამიანებს. ძალადობა ვისაც აწყობს, ეს არის რეჟიმი. რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ თუ იგი ეცდება, ერთი მოქალაქე მაინც დაჩაგროს, როგორც ამას აკეთებდა წინა აქციებზე, მაშინ საქართველოს მოქალაქეების პასუხი უნდა იყოს ამ ერთი მოქალაქის დაცვა. ათასობით საქართველოს მოქალაქეს, რომლებიც იქნებიან ერთ მუშტად შეკრული, ვერ მოერევა რაღაც 4000 და თუნდაც 5000-კაციანი გდდ. გამორიცხულია, რომ ორგანიზებული ხალხის სიმრავლეს და წინააღმდეგობას მოერიოს სისტემა. ჩვენი მთავარი პრობლემა რა იყო ბოლო აქციებზე? არ გვქონდა გამოცდილება, რა რეჟიმს ვებრძოდით და არ ვიცოდით, რომ უნდა დაგვეცვა თავი. საქართველოს მოქალაქეებს კონსტიტუციით აქვთ განსაზღვრული თავდაცვის უფლება, როდესაც აგრესორი თავს გესხმის. ეს უნდა იცოდეს ხელისუფლებამ. ჩვენ არ უნდა მივცეთ ერთი ადამიანის დაკავების უფლებაც კი, თუ ამას გაბედავენ, ცხადია. არ უნდა მივცეთ არც დაკავების დროს ფიზიკურად გასწორების შესაძლებლობა. თუ ამ სულისკვეთებით იქნებიან საქართველოს მოქალაქეები რუსთაველზე, დარწმუნებული ვარ, რეჟიმი ვერაფერს იზამს.
_ ხშირად გვესმის ხელისუფლებისგან, რომ ქვეყანა ჩამოშლილია, ოპოზიციას არ აქვს არანაირი ძალა და ნდობა, თუმცა ამის ფონზე ვიხილეთ ოპოზიციური პარტიების დაკავებული ლიდერები და მათ რიცხვს ახლა მიემატა ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილიც, რომელსაც საკუთარ გამოსვლებში არ ჰქონია რაიმე კანონსაწინააღმდეგო განაცხადები. რა თქვა ხელისუფლებამ ლევან ხაბეიშვილის დაკავებით?
_ ხაბეიშვილის დაკავებით ხელისუფლებამ აღიარა, რომ მას ეშინია რევოლუციური ცვლილების. ასევე ხაბეიშვილი აღმოჩნდა ის ადამიანი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეებს გაუღვიძა რწმენა, რომ მათ 4 ოქტომბერს ხელისუფლების ცვლილება შეუძლიათ მშვიდობიანად. საქართველოს ისტორიაში არ არსებობს ადამიანი, რომელიც საჯარო განცხადების გამო დაეკავებინათ, მით უფრო, ეს განცხადება შემდგომ გავაკეთეთ ყველა მისმა თანამებრძოლმა, თუმცა სუს-მა გვითხრა, რომ ჩვენ გვაინტერესებდა კონკრეტულად ლევან ხაბეიშვილი და არა თქვენო. თუ ლევან ხაბეიშვილს შეუძლია დააშინოს სისტემა, ეს შეუძლია საქართველოს ათასობით მოქალაქეს. ეს მიანიშნებს მხოლოდ რეჟიმის სისუსტეზე, თუ არ ეშინიათ მაშინ აღარ უნდა დაეკავებინათ. 4 ოქტომბერს ყველას აქვს შესაძლებლობა, დაასრულოს რეჟიმი. ეს პროცესი ჭრელია და ყველა სკეპტიკოსის კითხვის მესმის, რა იქნება მერე თუ არ გამოვიდა და ა. შ.
_ საკმაოდ ბევრი იმედგაცრუება ნახა საზოგადოებამ ამ წლების მანძილზე და, შესაბამისად, ასეთი კითხვებიც სწორედ აქედან მოდის.
_ როცა ამ კითხვას ბევრი გულწრფელი ადამიანი სვამს, გასაგებია, მაგრამ პოლიტიკურ სპექტრში ამ კითხვებს პირადი მოტივები აქვს, რადგანაც ბევრისთვის საკუთარი თავი უფრო მნიშვნელოვანია ამ ბრძოლაში, ვიდრე თავად ბრძოლა და რეჟიმის დამარცხება. ამ პროცესში საკუთარი თავის არდანახვით გამოიკვეთა ის, რომ ახლა ჩასაფრებულები არიან და თუ 4-ში არაფერი მოხდება, 5-ში ექნებათ შესაძლებლობა, რომ ეს პროცესი გააკრიტიკონ, რაც არასწორია, რადგანაც ამ ბრძოლაში ვართ ყველანი ერთად და ან გადავრჩებით ბრძოლის დროს, ან დავკარგავთ სამშობლოს. ამიტომ მნიშვნელოვანია, თავიანთი ამბიციები გადადონ. რაც შეეხება იმედგაცრუებას, ჩვენი ყოველდღიური ბრძოლა, მათ შორის, იმედგაცრუებაც არის ამ 13 წლის განმავლობაში, როდესაც იჭერენ და აკავებენ ჩვენს თანამებრძოლებს, როდესაც ნინო დათაშვილი ციხეში ჰყავთ უმძიმესი ჯანმრთელობის მდგომარეობით, როდესაც მზია ამაღლობელი ციხეში ჰყავთ და 60 პოლიტიკური პატიმარი. ყოველდღიურად ვიბრძვით და ენერგიას ვხარჯავთ და რეჟიმი მაინც არის. რა შეიძლება 4-მა ამაზე დიდი იმედგაცრუება მოიტანოს? ასჯერ რომ დაეცე, ასმეერთედ უნდა წამოდგე და გააგრძელო ბრძოლა. არაფრის გაკეთებას და იმის ლოდინს, რომ ივანიშვილი თავისით „მოკვდება“ და რეჟიმი შეიცვლება, ბრძოლა სჯობია. დავუშვათ 1% იმისა, რომ 4-ში არ მოხდება არაფერი, 5-ში ჩვეულებრივ გავაგრძელებთ ბრძოლას. ვერ ვისაუბრებ ორგანიზატორების ნაცვლად, თუმცა აქტიურად ვართ ჩართული და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს რეჟიმი მოშორდეს. მაგრამ თითოეულ ჩვენგანზე არის ეს დამოკიდებული ჩვენი ერთად ბრძოლით. ქუდზე კაცი რუსთაველზე _ 200 000 და მეტი! _ ამას ვერანაირი ძალა ვერ დაუდგება წინ. ისედაც ხომ გაინტერესებთ თქვენც და მეც, რისთვის ვართ ყველანი ერთად მზად ამ ბრძოლაში და რა შეგვიძლია? იმაზე დიდ იმედგაცრუებას ვერ მოიტანს 4 ოქტომბერი, რა იმედგაცრუებაშიც იქნება ეს ქვეყანა, როდესაც 4 ოქტომბერს 20:00 საათზე ბიძინა ივანიშვილი ე. წ. საარჩევნო უბნებს დახურავს და გამოაცხადებს საკუთარ გამარჯვებას, თავის დაწერილ შედეგებს.
_ დაკავებები „ქართულ ოცნებაში“: ყოფილ თანაგუნდელებს, „გაგდებულებს“, როგორც თავად უწოდებენ, ერთი მეორის მიყოლებით აკავებენ და ყველას აქვს ერთი მიმართულების ბრალი, _ ეს არის კორუფცია და ბიუჯეტის კუთვნილი თანხების მითვისება. სად იყვნენ აქამდე? ეს ხომ რეჟიმმა კარგად იცოდა ამ დრომდე და მაშინაც, როდესაც ეს ადამიანები იყვნენ ამ გუნდის წევრები? რა სურს ამით რეჟიმს, რომ დაანახოს მოსახლეობას?
_ 13 წლის განმავლობაში (ეს ძალიან მნიშვნელოვანია გაიგონ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებმა) „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კორუფციულ გარიგებებზე რომ ვყვებოდით ბრიფინგებზე, რომ კორუფციაში არიან ჩაფლულები, მაშინ ამის საპასუხოდ ჩვენზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას არ ერიდებოდნენ. როდესაც ღარიბაშვილი მოდიოდა პარლამენტში და ვესაუბრებოდი მათ კორუფციულ გარიგებებზე, „ქართული ოცნება“ ჩვენ გვადანაშაულებდა ტყუილში და გამოირჩეოდნენ აგრესიით. 13 წლის შემდეგ აღიარეს, რომ აღვირახსნილი კორუფცია არის ქვეყანაში, თანაც კორუფცია არის მერიის რიგითი თანამშრომლების დონეზეც კი, რომლებიც მილიონობით დოლარსა და ევროებს იპარავენ საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე. ახლა აღმოაჩინეს, რომ ადამიანმა, რომელსაც არავინ არ იცობს, მილიონობით დოლარი და ევრო გაათეთრა, აქეთ ქარსელაძეს ედავებიან, ყველა სტრუქტურა არის ჩართული კორუფციაში, მაგრამ ახლა აქ კორუფციასთან ბრძოლა კი არ მიმდინარეობს, არამედ ერთი გუნდი ანაცვლებს მეორეს. თავად კორუმპირებული კობახიძის გუნდი თავიდან ბოლომდე ანაცვლებს ღარიბაშვილის გუნდს, ხოლო ბიძინა ივანიშვილის, რომელიც დასანქცირებულია და გაყინული აქვს მილიარდების ნახევარი, ამ ფონზე აქვს ფსიქოპათიური და პარანოიდული შემოტევები, როგორც სჩვევიათ ოლიგარქებს, რომლებმაც ჩათვალეს, რომ ადამიანებმა მასზე მეტი ფული მოიპარეს, ვინც თავად შექმნა და მისი მონები იყვნენ, ახლა მათგან უნდა ამოიღოს ფული, რომელიც დასანქცირებული აქვს და უნდა ახლა ჩაყაროს თავის შავ ყულაბაში. რეჟიმმა დაიწყო საკუთარი შვილების ჭამა ე. ი. ის გახრწნილია. ეს ინფორმაციები საიდან მოდის? _ „ქართული ოცნების“ ოქმედი წევრებისგან, რომლებიც შიგნით არიან და ხვდებიან, რომ შეიძლება თავადაც იმავე დღეში აღმოჩნდნენ, _ ფსიქოპათი ივანიშვილი ვის მიადგება, კაციშვილმა არ იცის და რაც ახლა ხდება ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტად დამძიმდება.
სწორედ ეს არის ჩვენი ყველზე დიდი კოზირი და შესაძლებლობა, მობილიზების შედეგად ეს გახრწნილი სისტემა დავამარცხოთ.
_ მოსახლეობას აქვს ასეთი განცდა, რომც შეიცვალოს ხელისუფლება, ადამიანები ისევ დაპორტირდებიან ახალ სახელისუფლებო გუნდში, როგორც ეს მოხდა 2012 წლის შემდგომ და ენმ-ს ყოფილი წარმომადგენლები ვიხილეთ „ქართულ ოცნებაში“. რას ეუბნებით ამ ადამიანებს და რით შეიძლება ამის დაბალანსება, რომ ეს მოლოდინები გაუქრეს მათ?
_ რევოლუციური ცვლილები მოიტანს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, ეს არის შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომ თავად აირჩიონ ის ხელისუფლება, რომელსაც მსგავსი საკითხების გადაწყვეტის მანდატს მიანიჭებენ. არასწორია, რომ ყოფილი „ნაცები“ არიან ქოცები. ეს ადამიანები არანაირი „ნაცები“ არ არიან, ესენი ჩვეულებრივი კონფორმისტები და ბიუროკრატები არიან. ენმ-ში არიან ის ადამიანები, რომლებიც 13 წელია იბრძვიან ღირებულებების გამო. ეს კონფორმისტები მხოლოდ ჩვენი პრობლემა კი არა არის, ეს არის ზოგადი პრობლემა, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ სამართლიანი სახელმწიფოს ასაშენებლად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ დანაშაულებრივ პროცესებში, პასუხი უნდა აგონ კანონის წინაშე და ეს უნდა მოხდეს თავისუფალი და სამართლიანი სასამართლოს პირობებში. თავისუფალი სასამართლო არის მნიშვნელოვანი ფაქტორი ძლიერი სახელმწიფოსთვის და თუ რაიმე იყო შეცდომა, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, იყო თავისუფალი სასამართლოს არარსებობა. ეს კიდევ უფრო გააუარესა „ქართულმა ოცნებამ“. ასეთი არჩევნების შედეგად არჩეული ხელისუფლება შექმნის თავისუფალ და სამართლიან გარემოს.
_ როგორ შეაფასებდით ყაველაშვილის გამოსვლას გაეროში?
_ ყაველაშვილი არავინ არის ამ პროცესში, თოჯინაა ივანიშვილის. რეალურად, ბიძინა ივანიშვილი საუბრობდა გაეროს ტრიბუნიდან და არა ყაველაშვილი. აბა, შეადარეთ, რა სტანდარტი იყო მიხეილ სააკაშვილის გაეროში გამოსვლის დროს, რა აქცენტები ჰქონდა და რა აქცენტები იყო ახლა და მიხვდებით, რომ 13 წლის განმავლობაში ამ ქვეყანამ რეგრესი განიცადა ყველაფერში. რუსეთი ხსენება არ ყოფილა ამ ტექსტში და რაღაც გლობალურ პრობლემაზე სცადა საუბარი, ისიც არასწორად. ის, რაც ილაპარაკა ყაველაშვილმა, არის იმის გაგრძელება, რა ფორმითაც აზროვნებს ბიძინა ივანიშვილი _ შეთქმულების თეორიები. ყაველაშვილს არ ჰქონია არცერთი სახელმწიფოებრივი აქცენტი და არ უსაუბრია არცერთ იმ ძირეულ პრობლემაზე, რომელიც არსებობს, არც რუსულ ოკუპაციაზე, არც გაერთიანებაზე, არც იმაზე, თუნდაც რაც საგარეო კუთხით შეძლო „ქართულმა ოცნებამ“.