QronikaPlus
გია ხუხაშვილი - მიშას ტიპის ლიდერი გვჭირდება, რომელსაც შეუძლია, ხალხი მასობრივად აიყოლიოს

გია ხუხაშვილი - მიშას ტიპის ლიდერი გვჭირდება, რომელსაც შეუძლია, ხალხი მასობრივად აიყოლიოს

2025-10-02 10:54:05

ირინა მაკარიძე

 

მნიშვნელოვანი პოლიტიკური თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი:

 

_ „ქართული ოცნების“ პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის სიტყვით გამოსვლა გაეროში გახდა არაერთგვაროვანი შეფასებების საგანი, ასევე მან განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ესაუბრა და ის დაჰპირდა, რომ „დაუკავშირდება“. რას იტყვით ამის თაობაზე?

_ არასერიოზული საუბარია. ყაველაშვილი ცდილობს, გაერიოს მარაქაში. იზოლაციის ფონზე უნდა, რომ რაღაც ვირტუალური შთაბეჭდილება შექმნას, თითქოს რაღაცას წარმოადგენს. რეალურად, მისი ფასი ძალიან კარგად იციან ყველგან. ტრამპს რომ საერთოდ არ აინტერესებს და არც იცის, ვინ არის ყაველაშვილი, ეს ხომ ცალკე თემაა. გარდა ამისა, ქვეყანა არის იზოლაციაში და ამ იზოლაციას ყოველდღიურად კიდევ უფრო ამძიმებენ თავისი არაადეკვატური ქმედებებით, ელჩების დაბარებით და ა. შ. რა გითხრათ, ყაველაშვილი, როგორც პრეზიდენტი, საქართველოს ისტორიაში ერთი დიდი გაუგებრობაა თავიდან ბოლომდე.

_ კობახიძესაც გაეცინა, როდესაც ჰკითხეს, თუ როდის ელოდებიან ტრამპის ზარს „ქართულ ოცნებაში“. ეტყობა, თავადაც იმხიარულეს ყაველაშვილის ამ ნათქვამზე. თუმცა ისიც აცხადებს, რომ უნდათ ამერიკასთან ამ „ურთიერთობების გადატვირთვა“, ყველაფრის „ახალი ფურცლიდან დაწყება“. ამის პარალელურად კი ევროპის უძლიერესი სახელმწიფოების, გერმანიისა დიდი ბრიტანეთის, ელჩებს იბარებენ. რას ცდილობს „ოცნება“ და რა ახსნა აქვს მათ ამ ქმედებებს?

_ არაფერი. არ მგონია, რომ მათ თუნდაც ტრამპთან რაღაც „გადატვირთვის“ იმედი ჰქონდეთ, უბრალოდ, „შიდა მოხმარებისთვის“ კეთდება ეს განცხადებები. მშვენივრად ესმით, რომ, რეალურად, ამ პოლიტიკით, რომელიც დასავლეთთან კონფრონტაციულია, ურთიერთობის გამოსწორება არ მოხდება.

„დიფ სტეიტზე“ როდესაც საუბრობენ, რეალურად, ამერიკის „ბოსტანშია“ ქვა ნასროლი. მშვენივრად ესმით, რომ ურთიერთობის გამოსწორება, თუ მინიმალური პირობები არ შესრულდა, რაც დემოკრატიულ მოთხოვნებს უკავშირდება, შეუძლებელია. ცდილობენ, ქვეყნის შიგნით ადამიანებს მაინც რაღაც იმედები ჩაუსახონ. ცხადია, ყალბია ეს იმედები და არანაირი საერთო მას რეალობასთან არ აქვს. მათ უნდათ, რომ საქართველოსგან შექმნან ჩვეულებრივი, პოსტსაბჭოთა, კვაზიდემოკრატიული სახელმწიფო, ესაა მათი ამოცანა. ასეთ სახელმწიფოს თუ ვინმე  ცნობს, კი ბატონო, ამის წინააღმდეგები არ იქნებიან. თვითონ არანაირი ნაბიჯის გადადგმა არ უნდათ. ისინი „გადატვირთვაში“ არ გულისხმობენ საკუთარი მხრიდან კომპრომისებს, ისინი გადატვირთვის წინაპირობად აყენებენ მხოლოდ დასავლეთის მხრიდან კომპრომისებს, მათი მხრიდან დათმობებს. ასეთ პირობებზე, ბუნებრივია, არავინ წამოვა, მით უმეტეს, რომ აბსოლუტურად სკანდალური ფაქტი იყო, როდესაც ელჩები დაიბარეს. დაიბარეს და თან მიუთითეს, ჭკუა ასწავლეს ლამის, დიპლომატი როგორ უნდა იქცეოდეს თურმე, კონვენციებზე დაუწყეს ლაპარაკი. ეს ასწავლეს ამ შეხვედრებზე.

დიდი ბოდიში, მაგრამ დიპლომატები მოქმედებენ და განცხადებებს აკეთებენ იმ ვალდებულებების ჩარჩოში, რაც აქვს საქართველოს აღებული ევროპულ თუ ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე.  ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება იქნება თუ სხვა ნებისმიერი შეთანხმებები, საქართველოს აქვს აღებული ვალდებულებები ადამიანის უფლებებთან, დემოკრატიზაციასთან დაკავშირებით, უმცირესობასთან დამოკიდებულებაში... ეს შავით თეთრზე საქართველოს მიერ ხელმოწერილი ვალდებულებებია. თუ დასავლეთი რამეზე საუბრობს, ის, რომ პოლიტპატიმრები არ უნდა გყავდეს ქვეყანაში, მართლმსაჯულება უნდა იყოს არა პოლიტიზებული, არამედ კანონს უნდა ემსახურებოდეს, _ ეს ვალდებულებები ჩვენს ქვეყანას აქვს აღებული. როდესაც ეს არ სრულდება, ბუნებრივია, ნებისმიერი დიპლომატი ვალდებულია, თავისი ქვეყნიდან აქვს მიღებული შესაბამისი მანდატი, რომ ამაზე ისაუბროს. ამ ფარგლებიდან არც ერთი დიპლომატი არ გასულა. ის შეთქმულების თეორიები, რომ თურმე რაღაც ძალადობას ხელს უწყობენ, ეს წმინდა წყლის ცილისწამებაა. ბუნებრივია, ამაზე პასუხი იქნება კიდევ უფრო მკაცრი. სხვა საკითხია, რატომ იქცევა ჩვენი ხელისუფლება ისე, რომ ეს ურთიერთობა კიდევ უფრო დამძიმდეს? ვფიქრობ, რომ ეს არ არის ჩვენი ხელისუფლების არჩევანი. ეს არის კრემლის არჩევანი და ისინი აძალებენ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ისეთი რამეები აკეთონ, რომ საბოლოოდ ჩატეხონ ხიდები დასავლეთსა და საქართველოს შორის. ერეკლე მეორის ძეგლის დადგმა ამ კონტექსტში უნდა მოვიაზროთ. ერეკლე მეფის ძეგლის დადგმა ამ ისტორიულ მომენტში არის „ტრაქტატი 2-ზე“ ხელის მოწერის შემზადება. აქედან გამომდინარე, ყველაფერი ცხადზე უცხადესია. ფაქტობრივად, ჩვენ ნელა, მაგრამ მეთოდურად ვბრუნდებით რუსეთის იმპერიაში. ეს არის ამ ხელისუფლების ნებაყოფლობითი თუ იძულებითი, მაგრამ მაინც არჩევანი. ეს ჩანს ძალიან გამჭვირვალედ, ვინც ოდნავ მაინც უყურებს მოვლენების განვითარების დინამიკას.

_ თქვენს ლოგიკას თუ გავყვებით, და ხშირად საუბრობთ ამაზე, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბიძინა ივანიშვილი მძევალია სიტუაციის და რაც ხდება, არ არის მისი სურვილი.

_ რა თქმა უნდა, ეს კარგი ცხოვრებიდან არ მოდის. მას უნდა, რომ ძალაუფლებას ფლობდეს მუდმივად. მუდმივად ძალაუფლების ფლობა შეუსაბამოა დასავლურ დემოკრატიასთან, ეს არის მისი ერთ-ერთი მოტივაცია და ამიტომ, ფაქტობრივად, ის იძულებულია, მისი მსოფლმხედველობითი არჩევანია, რომ სახელმწიფოს მმართველობის რუსული მოდელი ჩამოაყალიბოს. მეორე: ივანიშვილმა უკვე უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ აიღო ისეთი ვალდებულებები რუსეთთან, რომლისგანაც ვეღარ თავისუფლდება. იმპერიის ბუნება ასეთია, როდესაც შენ ლოიალობას უცხადებ, ის არ ფიქრობს, რომ ეს რა კარგი ბიჭი ყოფილა და ახლა ამას მოვეფერებიო. ის როგორც დათვი ამას გითვლის სისუსტედ და კიდევ უფრო გემრიელად ჩაგახრამუნებს. საბოლოო ჯამში, ასე აღმოჩნდა მძევალი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსეთი მას როდესმე ენდობა. რა თქმა უნდა, არა! იციან, რომ ბიძინა გადამგდებია, თუ შანსი მიეცა, რუსეთსაც გადააგდებს. ამიტომ მუდმივად ჰყავთ წნეხის ქვეშ, მუდმივად აიძულებენ, სულ უფრო გაუარესდეს დასავლეთთან ურთიერთობა, რომ უკან გამოხედვაც ვეღარ გაბედოს. ამიტომ ასეა, ბარტყების გადაგდების პროცესშია ახლა ბიძინა.

_ გკითხავთ ამ ანტიკორუფციული კამპანიის შესახებ, _ ბოლო პერიოდია ვუყურებთ დაკავებების სერიას: დააკავეს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, კომპანია „ბპ ტრანსის“ წარმომადგენლები, რომლებიც, თავის მხრივ, კვეთაში არიან ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და სუს-ის ყოფილ უფროსთან. რას იტყვით ამ ხმაურიანი დაკავებების შესახებ?

_ თქვენ სწორად აღნიშნეთ, ეს არ არის კორუფციასთან ბრძოლა, ეს არის ერთგვარი კამპანია, რომელსაც აქვს ორი ამოცანა: 1. სალაროს შევსება და გაშვებული ჩინოვნიკების გაპარსვა, რომლებიც მიშვებული ჰყავდათ ფულის საკეთებლად. ახლა მათ ფული უნდა მოატანინონ, რომ სალარო შეავსონ. ბიძინაც „შეიფერთხა“ და ახლა მასაც სჭირდება შემოსავლები; 2. ეს არის ილუზიის შექმნა, თითქოს კორუფციას ებრძვიან. ეს ბანალური მოტივები აქვს  ხელისუფალს, თორემ სისტემურად არაფერი იცვლება, რადგან არსებულ მანკიერ სისტემაში კორუფცია არის მმართველობის განუყოფელი ნაწილი. კორუფციისგან ვერ თავისუფლდება ამ ტიპის სიტემები. რატომ? _ იმიტომ, რომ მანკიერ სისტემას სჭირდება მუდმივად კვება. გასაგებია, რომ ბიძინა არ არის განწყობილი, თავისი ფული უხადოს ამ ხალხს. შესაბამისად, ამ ხალხს რაღაც დიაპაზონი უნდა მისცე, რომ თვითონ ჭამონ. ხელისუფლებაში ყოფნა ჩვენს სისტემაში ხომ ყველაზე კარგი ბიზნესია _ მოდიან ხელისუფლებაში და მერე მდიდრდებიან. ამაზე დგას სისტემა _ სისტემის მდგრადობა კორუფციის გარეშე შეუძლებელია. შეიძლება ვინმესთვის საინტერესო იყოს, ღარიბაშვილს დაიჭერენ თუ არ დაიჭერენ. ამით არაფერი შეიცვლება, სისტემა როგორც იყო კორუფციული, ისეთივე დარჩება. ეს არ არის კორუფციასთან ბრძოლა, ეს არის კამპანია, რომელსაც აქვს თავისი პოლიტიკური და ფინანსური ინტერესები.

_ რა შეუძლიათ ამის წინააღმდეგ საქართველოს მოქალაქეებს, სამოქალაქო ორგანიზაციებს, პარტიებს?

_ ერთადერთი, ეს სისტემა უნდა დაინგრეს და ნორმალური სისტემა აშენდეს. ქვეყანაში ხელისუფლებაც რომ შეიცვალოს, თუ ეს მანკიერი მენტალიტეტი არ შეიცვალა, არაფერი შეიცვლება.

_ როგორც ხედავთ ამ ცვლილების გზას?

_ ამ ყველაფრის შეცვლა შეუძლია მხოლოდ ხალხს, მაგრამ ხალხი თავისით ვერ იმოქმედებს, მას სჭირდება ლიდერი სამოქალაქო საზოგადოებისა და პარტიების სახით, რომელიც ხალხს წაიყვანს სწორი გზით. ეს რომ მოხდეს, ხალხი უნდა ენდობოდეს ამ ლიდერებს, უნდა ჰქონდეს რწმენა, რომ მათ პირობებში უკეთესი მომავალი იქნება, ეს მანკიერებები აღმოიფხვრება. სამწუხაროდ, ხალხი ამ ჩვენს სამოქალაქო ლიდერებსა და პარტიულ ლიდერებს არ აღიარებს თავის ლიდერად, არ ენდობა, არ აქვს იმედი, რომ ისინი რამეს შეცვლიან უკეთესობისკენ და ეს არის. ამიტომ მათ, პირველ რიგში, ხალხის ნდობა უნდა დაიბრუნონ.

_ თქვენთვის ხალხის ნდობის გამოხატულება არ არის ქუჩაში ათიათასობით ადამიანის გამოსვლა?

_ არა, ჩვენ გვყავს ახლა ძალიან დიდი არმია ხალხის სახით, რომელსაც არ ჰყავს ლიდერი. არც პარტიებს აღიარებს ეს ხალხი, ეს ხომ ვიცით. ჩვენ გვყავს ძალიან დიდი არმია, ძალიან მოტივირებული ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლაში, რომელიც გმირულად იქცევა, მაგრამ არ გვყავს სარდალი. თქვენ გაგიგიათ სადმე ომი, რომელიც არმიას მოუგია სარდლის გარეშე?! ჩვენ სარდლობის პრობლემა გვაქვს. უზარმაზარი ენერგიაა დაგროვებული, მაგრამ ამ ენერგიის წარმმართველი არ გვყავს. კი, 4 ოქტომბერს ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს ქუჩაში, მაგრამ ვინ არის, ვინც იღებს პასუხისმგებლობას?..

_ „რუსთაველის გამზირი“ არის ორგანიზაცია, რომელიც გახლავთ ამ პროცესის ორგანიზატორი.

_ პაატა ბუჭულაძის მიმართ ძალიან დიდი პატივისცემის მიუხედავად, ის ვერ არის ნაციონალური მასშტაბის ლიდერი. ვერც ბურჭულაძე და ვერც ხაბეიშვილი ვერ გახდებიან ამ ყველაფრის ლიდერები. ხაბეიშვილს მეტი რომ ემუშავა, შეიძლებოდა გამხდარიყო, მაგრამ ახლა ის განარიდეს ამ პროცესებს და ციხიდან წერილებით სარდლობა გაგიგიათ სადმე?! მიშას ტიპის ლიდერი გვჭირდება, რომელსაც შეუძლია ხალხის მასობრივად აყოლიება. რევოლუცია ხდება მაშინ, როდესაც საზოგადოების 70 პროცენტი გიჭერს მხარს და მოგყვება, სხვა სიტუაციაში რევოლუცია არ ხდება. არათუ ერთი ლიდერი არ არის, არიან მიკროლიდერები, რომლებიც ერთმანეთის ლანძღვაში ათენებენ და აღამებენ. ამ სიტუაციაში ვიღაც რომ გპირდება, 4 ოქტომბერს დავიწყებ და დავამთავრებო, ეს პროვოკაციას უფრო ჰგავს, ვიდრე რაღაც რეალურს. ჩვენ ასეთი „ზეიმებიც“ ბევრი გვინახავს, მაგრამ იმედგაცრუებულებიც ვყოფილვართ.

გაზიარება