QronikaPlus
ნიკო მანაგაძე - 4 ოქტომბერი არ არის მხოლოდ „დაკიდებული“ თარიღი, მას აქვს თავისი სტრატეგიაც

ნიკო მანაგაძე - 4 ოქტომბერი არ არის მხოლოდ „დაკიდებული“ თარიღი, მას აქვს თავისი სტრატეგიაც

2025-09-19 07:39:03

გიგა გელხვიიძე

 

ბოლო წლების განმავლობაში „ქართული ოცნება“ სულ უფრო მკაფიოდ გადაიქცა ძალაუფლების უზურპაციისა და რეპრესიული მმართველობის მაგალითად. პარტიამ სრულად მიითვისა სახელმწიფო ინსტიტუტები _ სასამართლო, პროკურატურა, ძალოვანი სტრუქტურები და მედიის ნაწილი _ და ისინი ხელისუფლების შენარჩუნების მთავარ იარაღად აქცია. რეჟიმის პოლიტიკა გამოიხატება როგორც ოპონენტების წინააღმდეგ სისტემურ დევნაში, ისე რიგითი მოქალაქეების პროტესტის ჩახშობასა და მათ დაშინებაში.

 

პოლიტიკური პროცესის საკვანძო ეტაპებს თან ახლდა პროტესტის მასობრივი ტალღები: 2023 წელს რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული დემონსტრაციები, რომლებმაც ქვეყნის ევროპული მომავლის საკითხი მწვავედ დააყენა, ხელისუფლებამ ძალის გამოყენებითა და სასტიკი დარბევების სერიებით უპასუხა მას. მიუხედავად იმისა, რომ კანონის უკან გაწევა დროებით გამარჯვებად ჩაითვალა, მოგვიანებით საზოგადოებამ დაინახა, რომ ეს იყო მხოლოდ დროებითი მანევრი და არა კურსის შეცვლა.

განსაკუთრებული სიმძაფრე რეპრესიებს ბოლო ერთ წელიწადში მიეცა: ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ აღძრული საქმეები, სტუდენტური მოძრაობების აქტივისტების დაკავებები, ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ზეწოლა და პოლიტიკური პატიმრების მზარდი რიცხვი _ ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ ხელისუფლება სულ უფრო მეტად ეყრდნობა შიშის მმართველობას. რეგიონებში „ქართული ოცნება“ აგრძელებს ადმინისტრაციული და ფინანსური ბერკეტების გამოყენებას მოსახლეობის კონტროლისთვის, მაშინ როცა ოპოზიცია ვერ ახერხებს ერთიან სტრატეგიაზე შეთანხმებას და ხშირად საკუთარ რიგებში არსებული კონფლიქტებით ასუსტებს საერთო პროტესტს.

 

ამ და სხვა საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება სტუდენტური მოძრაობა ,,თავისუფლებისთვის“ დამფუძნებელი ნიკო მანაგაძე: 

 

_ ნიკო, ბოლო პერიოდის ქმედებებს თუ გავაანალიზებთ, რა მდგომარეობაში იმყოფება ახლა „ქართული ოცნება“?

_ ყოველთვის ვცდილობდი, რომ არ შემექმნა ადამიანებისთვის ცრუ მოლოდინები და ვღიზიანდებოდი, როცა მესმოდა კონკრეტული ოპოზიციონერებისგან მსგავსი ფრაზები: „რეჟიმი ჩამოშლის პირასაა“, „ივანიშვილი შუშის ფეხებზე დგას“ და ა. შ., თუმცა დღევანდელი მოცემულობით, მიუხედავად იმისა, რომ ძალაუფლების უზურპაციისა და სრული კონსოლიდაციის პროცესი გაატარა ამ ქვეყანას, მთელ სახელმწიფო სისტემასა და ყველა ინსტიტუციას, დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ არასდროს ჰქონია ასეთი განგრძობითად კრიტიკული მდგომარეობა ძალაუფლების შიგნით, როგორც დღეს. პატარაა ეს ქვეყანა და მარტივად გამოდის ინფორმაციები, გარდა იმისა, რომ სპეციალური წყაროებიც არსებობენ, რომლებიც ყვებიან ამის შესახებ. იმგვარ დღეში არიან ამ ქვეყნის ყოფილი პოლიტიკური ლიდერები, რომ მხოლოდ მტერს უსურვებენ თავიანთ მდგომარეობას _ ეს ჩემი სიტყვები არ არის, მაგალითად, ლილუაშვილმა მართლა ასე მიმართა ერთ მის ახლობელს. თან ფულის მიტანაც ძალიან ეჩქარება ივანიშვილს და ყოფილი „თანაგუნდელებისგან“ იმის ამოღება, რა დანაკარგიც სანქციებისა და გარე წნეხის შედეგად განიცადა და თან მუდმივ შიშებშია, ეს ხალხი ისე არ აუმხედრდეს, რომ ყველაფერი ჩამოუშალოს ერთი ხელის მოსმით. ამ პროცესში გაუჩნდა სწორედ ხაბეიშვილთან მათი კავშირების მიმართ პანიკური ეჭვები და ვხედავთ, საბოლოო ჯამში, რა სურათიც მივიღეთ. ამ და ბევრ ფაქტორზე დაყრდნობით ვამტკიცებთ სწორედ, რომ 4 ოქტომბერს ხალხის მტკიცედ დგომის შემთხვევაში, აბსოლუტურად რეალისტურია, ამ ბოროტი მოხუცის რეჟიმს ერთი კრა და ეგრევე ჩამოშალო.

_ პოლიტიკური ჭიდილი ოპოზიციურ ფლანგზე _ რა ზიანი მოაქვს საერთო პროტესტისთვის ერთმანეთის საწინააღმდეგო განცხადებების კეთებას და განუწყვეტელ კრიტიკას?

_ სამწუხაროა, რომ ქვეყნისთვის ამ კრიტიკულ მომენტში ზოგიერთი ოპოზიციონერი იცლის პირადი ეგოების კულტივაციისთვის და ამას აყენებს სიტუაციურად წინა პლანზე.

ადამიანებს სჭირდებათ მტკიცედ ერთად მდგომი დემოკრატიული ოპოზიციური ძალები, რაც, თავის მხრივ, გარკვეული ძალის გამოსხივებისა და იმედის გენერირების წყაროა, თუმცა ფაქტია, რომ ვერ ხერხდება ეს ერთიანი სახით, განსხვავებული სამოქმედო სტრატეგიებისა თუ მოუზომელი ამბიციების ფონზე. ამიტომ პოლიტიკური ხაზი სულ სხვა მიმართულებით მიდის   ავტომატურად და ადამიანებს უწევთ დაეყრდნონ არა ოპოზიციურ და პარტიულ

სტრუქტურებს, არამედ სხვაგვარ წამოწყებებს, რომელიც რაღაც პერსპექტივას აჩვენებს, მათ შორის, ვგულისხმობ 4 ოქტომბრის ინიციატივას და წამოწყებას არაპარტიული ჯგუფების/აქტორების მხრიდან. ინიციატივის აღება სწორედ ამიტომ უწევთ სხვა ტიპის სუბიექტებს, რომელთა მიმართაც, სხვათა შორის, უფრო მეტი ნდობა და იმედი ჩნდება, ვიდრე გაუგებარ რელსებზე მდგომი ოპოზიციური სპექტრისადმი.

_ ახალგაზრდებში ნიჰილიზმი გამეფდა, თუ რატომ ვეღარ ვხედავთ დღეს მათ ისეთი სიხშირით პროტესტზე, როგორც ეს იყო მაგალითად, რუსული კანონის მიღების დროს?

_ თავიდანვე წინააღმდეგი ვიყავი ამ ტიპის რუტინული საპროტესტო პროცესის, რაც ხელს უშლის მუხტის დაგროვებას საზოგადოებაში, რაღაც მუდმივ ბოლის გამოშვების სივრცეს ქმნის და არ ტოვებს შესაძლებლობას, სადღაც აკუმულირდეს ბრაზი, რომელიც იფეთქებს ხოლმე, როგორც წესი, კრიტიკულ მომენტებში. იმან, რომ პროცესი ასე გაიწელა და უმისამართოდ წავიდა, ჰორიზონტზე ადამიანებმა ვერაფერი დაინახეს, უამრავმა მათგანმა დაკარგა რწმენა, რომ აქედან რაიმე გამოვიდოდა და თითქოს ბედს შეეგუა, სანამ რაიმე ხელშესახებ პოტენციალს არ დაინახავდა. ახალგაზრდა ადამიანს განსაკუთრებით აქვს ეს რუტინის მიმართ მიუღებლობა და სწრაფი შედეგების დადგომის მოთხოვნილება, სხვა შემთხვევაში ვერ ხედავს საკუთარ ფიზიკურ როლს პროცესში. იმპულსურობაც დამახასიათებელია ადამიანებისთვის, როცა მხოლოდ იმ მომენტში რეაგირებენ, მართლა კატაკლიზმას რომ წააწყდება. ხომ გესმის, შეუძლებელია, თვეები ისეირნოს უწყვეტად ათიათასობით კაცმა. აბსოლუტურად ლოგიკურია, სადამდეც მოვედით და კიდევ ბევრი ახალგაზრდა შერჩა ამ პროცესს, მერწმუნე, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო ასეთ მოცემულობაში. თუმცა როგორც კი გაჩნდება მომენტუმის განცდა, იქვე ამოიწურება ყველა შეკითხვა იმასთან მიმართებით, თუ სად არიან ახალგაზრდები.

_ ვინაიდან რუსულ კანონს შევეხეთ, იქნა თუ არა დაშვებული შეცდომა პროტესტის შეწყვეტით მაშინ, როდესაც კანონი უკან გაიწვიეს?

_ ეს 2023 წელი იყო, ამ მძიმე საპროტესტო ციკლის პირველი ცხელი ფაზა, როცა არ არსებობდა შესაბამისი გამოცდილება და განჭვრეტის უნარი არც ოპოზიციაში და არც საზოგადოებაში, რომელიც მაშინ ბრძოლის წინა ხაზზე დადგა. ეს შუალედური გამარჯვება მაშინ საკმარისად ჩათვალა ბევრმა, რადგან ვიწრო პრიზმაში დავინახეთ პრობლემა, რომელსაც ამ კანონის შემოგდება აჩვენებდა და ვერ გავიაზრეთ ბოლომდე, რომ ეს რაღაც დიდი ფაზლის ნაწილი იყო, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოში მომდევნო პერიოდის განმავლობაში ავტორიტარიზმის მკაფიოდ გაფორმებას. მაშინ არ იყო განწყობის დონეზე დაკვეთა, რომ რეჟიმს, რომელიც დღეს ამგვარი ფორმით ჩამოყალიბდა, უნდა დავპირისპირებოდით ხისტი ფორმით და ბოლომდე. გასულ  გაზაფხულზე (მეორედ შემობრუნებისას) უკვე უფრო ცხადი გახდა, რა მიზნების მქონე ძალასთან გვქონდა საქმე და რომ აუცილებლად, ყველა შემთხვევაში უნდა მოგვეშორებინა ესენი ძალაუფლებიდან, მაგრამ მაშინ ჰორიზონტზე 26 ოქტომბრის არჩევნები მოჩანდა და ჩაითვალა, რომ ეს საპროტესტო განწყობები საარჩევნო ურნებთან გააკეთებდა თავის გასაკეთებელს და ასე დაესმებოდა წერტილი იმ ბოროტი მოხუცის დიქტატორულ ამბიციებს, თუმცა აქაც მიამიტები აღმოვჩნდით, რომ რაიმეს დათმობდა მეტ-ნაკლებად  დემოკრატიული არჩევნების გზით. ახლა, როცა რევოლუციასა და მშვიდობიან დამხობაზეა საუბარი, სწორედ ამ გააზრებამ მოიტანა ეს განწყობა, რომ მოქალაქეს მხოლოდ ეს ინსტრუმენტიღა შერჩა ხელთ, რადგან აიწყო სრული სურათი, რეალურად რა ძალასთან გვაქვს საქმე და როგორ შეიძლება სძლიო მას.

_ არაერთხელ გვისაუბრია ამ საკითხზე, თუმცა კვლავ უნდა შევეხო მას, _ როდესაც სინდისის პატიმრების მშობლები რეგიონებში დადიან, მათ არ აღიქვამენ პოლიტიკოსებად და ადამიანები უსმენენ და დადებითი განწყობებით ხვდებიან შედარებით, ვიდრე პოლიტიკოსებს. რა ვერ ისწავლა ოპოზიციამ ამ წლების მანძილზე რეგიონებთან მიმართებით?

_ პოლიტპატიმრების საკითხს 41-ის ამომრჩევლების ნაწილიც კი წმინდა ჰუმანიტარულ, ადამიანურ თემად უყურებს და რთულია ემოციურ დონეზე არ გაიზიარო ის ტკივილი, რომელსაც მისი მშობელი დაატარებს და ასხივებს. ბუნებრივია, რომ პოლიტიკოსს ასე არავინ დახვდება, მისი როლი და სახე ბევრად განსხვავებულია, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ისიც იდენტურ პრობლემებზე ესაუბრებოდეს ხალხს. მძიმე რეპუტაციული მდგომარეობა ან იმედგაცრუებაც კი (რომელიც პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მოსდევს) თავის როლს ასრულებს. რეგიონებს სპეციფიკური მიდგომა სჭირდებათ და მათთან სალაპარაკო ენა ვერ შეისწავლა ოპოზიციამ, განსხვავებით „ოცნებისგან“, რომელმაც ზუსტად იცის, როგორ უნდა „მოედოს“ რეგიონის მოსახლეობას თავისი ქცევით, იმიჯით, გზავნილებით და თუნდაც პროპაგანდით. ჩვენ გვყავს „ელიტური“ ოპოზიცია, რომელიც ვაკეს (ფიგურალურად ამ გაგებით) იშვიათად სცდება, უჭირს და უმძიმს გასცდეს და ზედმეტად პროვინციული გამოვლინებების მქონე ხელისუფლება. ამიტომ ეს თვალსაზრისი ზუსტად აისახება არჩევნების შედეგებზეც ოლქების, ქვეყნის ტერიტორიული ერთეულების მიხედვით.

_ მალე ერთი წელი შესრულდება, რაც რუსთაველზე და საქართველოში ზოგადად არ განელებულა პროტესტის (ვგულისხმობ იმას, რომ ყოველდღიური აქციებია) _ ამ დროის მანძილზე კვლავ ვერ ვხედავთ ლიდერს, რომელიც შეძლებს პროტესტის გაძღოლას. ეს როგორ აისახა მთლიანობაში პროტესტზე თქვენი გადმოსახედიდან?

_ ლიდერი, რომელშიც ყველა საჭირო მახასიათებელია თავმოყრილი, დღევანდელ ოპოზიციურ სპექტრში შეუძლებელია იპოვო, მაგრამ ვინც იმედის გამოსხივება და მასების აყოლიება შეძლო თავისი პათოსით და ხედვით, ნამდვილად აღმოვაჩინეთ _ ხაბეიშვილს ვგულისხმობ, რომლის როგორც პოლიტიკური, ისე პიროვნული იდენტობის მიმართ შეიძლება  არაერთგვაროვანი დამოკიდებულებები არსებობდეს, მაგრამ სიტუაციურად

ნამდვილად შეძლო მოეპოვებინა ეს როლი ოპოზიციური საზოგადოებისგან.

მაგრამ, ამავდროულად, ვხედავთ, როგორ მარტივად ანეიტრალებს ნებისმიერი სახის ლიდერს რეჟიმი: გრძელვადიან პროცესში სხვა ტექნიკური საშუალებებით, მოკლევადიანში _ ხელის ერთი მოსმით. ამგვარი რეჟიმების პირობებში, პრაქტიკულად, შეუძლებელია განგრძობით პროცესში ეს „თავი“ არ განეიტრალდეს რაღაც ფორმით. ამიტომაცაა, ალბათ, ქუჩის ბრძოლა ასეთი შეუვალი ამ დროის განმავლობაში, რომ მათ ვერ იპოვეს ის „თავი“, რომლის განეიტრალებითაც მთელ პროცესს ჩაფუშავდნენ. მოკლევადიან პროცესში, 4 ოქტომბრის კონტექსტში, ეს ბევრად ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენს (რაც ლევანს გაუკეთეს) ბრძოლის შესაჩერებლად, რადგან მოტორის მოქოქვა შეძლო, პროცესი დაძრა და დარჩენილი 2-3 კვირის განმავლობაში, ბოლოს და ბოლოს, ინერციით ივლის, სულ რომ არ მივეხმაროთ და ვუბიძგოთ დამატებით. თუმცა ცხადია, ამ სიტუაციური ლიდერს უნდა მივეხმაროთ და ვუბიძგოთ დამატებით. ცხადია, ამ სიტუაციური ლიდერის „გაწევის“ ფონზე პასუხისმგებლობის ზრდაც იგრძნობა, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მივიდეს და უფრო მეტი გავაკეთოთ თითოეულმა ჩვენგანმა ამისთვის.

_ დიდი ალბათობით, ვიზალიბერალიზაციას გააუქმებენ _ გამოიწვევს თუ არა ეს უკმაყოფილებას „ოცნების“ მომხრეთა რიგებში?

_ ევროპასთან უვიზო მიმოსვლის პრივილეგია არის ის ყველაზე მნიშვნელოვანი პრაქტიკული სიკეთე, რასაც ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებენ, „ქოცია“ თუ „ნაცი“, და მისი შეჩერება დაუყოვნებლივ აისახება ადამიანების ცხოვრებაში, განსხვავებით იმისა, რაც აქამდე მოხდა: ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება, დახმარებების შეწყვეტა და ა. შ., რაც ადამიანების ყოველდღიურ პრაქტიკულ რეალობაზე ისეთ ეფექტს და გავლენას ვერ აჩვენებს, ბუნებრივად. შესაბამისად, ეს იქნება უმძიმესი დარტყმის ეფექტის მატარებელი თავად თავიანთ ელექტორალურ რიგებში, „პოლიტიკისგან გამიჯნულ“ ადამიანებში და ა. შ.

მაგრამ ეს ევროკავშირის სამოქმედო სტრატეგიაში იმ ტიპის სათამაშო კარტია, რომელსაც მარტივად და ღრმა დაფიქრების გარეშე ვერ გაისვრიან, თუ დარწმუნებული არ იქნებიან, რომ სწორედ ახლაა ამის დრო. უნდა გვესმოდეს, რომ 4 ოქტომბერს წყდება დიდწილად ეს საკითხიც, აქ, თბილისის ქუჩებში, ჩვენივე მხრიდან, შევინარჩუნებთ თუ არა ამ სიკეთეს, თუ გადავაყოლებთ ივანიშვილის დიქტატორულ ვნებებს და ამბიციებს ამ უმნიშვნელოვანეს მონაპოვარს. ყველას მშვენივრად ესმის, რომ ერთი გარდატეხითაა შესაძლებელი, ეს რისკი სრულად მოიხსნას საქართველოს თავს.

_ ბოლოს გკითხავთ, _ რა მოლოდინები გაქვთ 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციიდან? შეძლებენ ორგანიზატორები ადამიანების დატოვებას რუსთაველზე?

_ ზოგადად, ამ შემოდგომას ვხედავ, როგორც უკანასკნელ შესაძლებლობას ამ ბოროტების დამარცხების გზაზე, რადგან არაერთი წყაროდან მოდის ინფორმაცია, რომ თუკი ივანიშვილი გაზაფხულამდე მივა, გაზაფხულზე ჩანიშნავს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს (ცხადია, საკუთარი პირობებით), რაც ამგვარად მოსუფთავებული თუ ქაოსური პოლიტიკური ველის პირობებში ნიშნავს ერთს: ცხადია, „ლელო“ და გახარია ისევ შევლენ არჩევნებში და ამჯერად უყოყმანოდ მიღებულ მანდატებსაც აიღებენ, მრავალპარტიული პარლამენტი შედგება, რეჟიმის ლეგიტიმაციის პრობლემა ამ მხრივ მოიხსნება და საკონსტიტუციო უმრავლესობასაც აბსოლუტურად თავისუფლად დაიწერს ივანიშვილი. ეს ნიშნავს ყველაფრის დასასრულს, მისი რეჟიმის ჩაბეტონებას (თუ რაღაც ნაღმი არ გაუსკდა მომდევნო პერიოდში ფეხებქვეშ) და ნამდვილი სისტემური ოპოზიციის ჩამოყალიბებას, მათ შორის. ამიტომ გაზაფხულამდე არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივიდეს საქმე. სწორედ ამ გააზრებით ვთვლი, რომ 4 ოქტომბერი არის საუკეთესოდ შერჩეული თარიღი (სტრატეგიულადაც, სხვა ფაქტორების გათვალისწინებით), რომ გენერალური ბრძოლა გავმართოთ. ეს არ უნდა გაიწელოს დიდხანს, რადგან ყოველი დამატებითი დღით ასეთ პროცესში მხოლოდ რეჟიმი ძლიერდება და აქეთა მხარე სუსტდება, რეჟიმისთვისაა ეს ამოსასუნთქად და წელში გასამართად ფორა, ამიტომ ამის საშუალება არ უნდა მივცეთ.

ეს არ არის უბრალოდ „დაკიდებული“ თარიღი. ამ მოვლენას აქვს თავისი სტრატეგიაც, გეგმაც, კონკრეტული წინარე და უმნიშვნელოვანესი სამუშაოც, რომელიც ლევანმა გაწია ამ დროის განმავლობაში და დანამდვილებით უამრავი სიურპრიზი ელოდება იმ დიქტატორული ვნების მქონე ბოროტ მოხუცს, ისევე როგორც საზოგადოებას.

ხაზგასმით მინდა ვთქვა _ ეს არ არის საპროტესტო აქცია, ეს არის ქართული საზოგადოების მხრიდან რეჟიმის მშვიდობიანი დამხობის აქტის დღე. არც პროტესტს ვაპირებთ და არც თხოვნებს _ ჩვენ საკუთარ გასაკეთებელს აბსოლუტურად წყნარად გავაკეთებთ. მანამდე უამრავ სისაძაგლეს ვიხილავთ რეჟიმის მხრიდან, დადგმულ პროპაგანდისტულ ზღაპრებს და დამატებით დაკავებებსაც, მაგრამ არ არსებობს, რაიმე რაოდენობის დაკავებით წინ გადაუდგნენ იმას, რაც უცილობლად უახლოვდებათ ქართველი ხალხისგან და რისთვისაც, პრაქტიკულად, ყველაფერი მზადაა ჩვენი მხრიდან.

გაცხადებულია, რომ არავინ აპირებს გამარჯვების გაფორმების გარეშე სადმე წასვლას. მთავარია, ყველამ ვირწმუნოთ საკუთარი ძალის, გადავდოთ ეს განწყობა სხვებსაც და უპრეცედენტო რაოდენობის ადამიანი დადგეს ამ დღეს ქუჩაში. მერწმუნეთ, ყველაფერი გამოსვლადია და გამარჯვება პირდაპირი მნიშვნელობით ხელის ერთ გაწვდენაზეა. ჩვენს შემართებაზე და სიმრავლეზე იქნება ყველაფერი დამოკიდებული. ამ დღის ორგანიზატორი იქნება ხალხი, მხოლოდ სტრატეგოსებისა და გიდის ფუნქციას იკისრებენ კონკრეტული ადამიანები, რომ გამარჯვების წერტილამდე რაც შეიძლება უმტკივნეულოდ მივიდეთ.

გაზიარება